მთავარი,სიახლეები

მერი მუსლიმებს არ შეხვედრია, მაგრამ ამბობს, რომ დიალოგი არ ამოწურულა – რას ფიქრობენ მუსლიმები

09.04.2019 • 1050
მერი მუსლიმებს არ შეხვედრია, მაგრამ ამბობს, რომ დიალოგი არ ამოწურულა – რას ფიქრობენ მუსლიმები

„ჩვენთვის ბუნდოვანია ბათუმის მერის გაცხადება. მუსლიმი თემი სასამართლო პროცესის დაჩქარებას და გააქტიურებას ითხოვს. თემის პოზიცია სკეპტიკურია ბათუმის მერის მორიგ დაპირებაზე,“ – ამბობს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია „ტოლერანტობის ინსტიტუტთან“ ერთად მუსლიმი თემის ინტერესს იცავს სასამართლოში. სასამართლოში ხვალ განახლდება დავა ახალი მეჩეთის მშენებლობაზე.

„ყველა მხარე ვიბრძვით იმისათვის, რომ საბოლოოდ მიღებული იყოს გადაწყვეტილება, რომლითაც ყველა კმაყოფილი იქნება. ჩვენ ვითვალისწინებთ ყველაფერს, ვითვალისწინებთ საკითხის, როგორც შინაარსობრივ ნაწილს, ასევე ტექნიკურსაც. ხვალ არის სასამართლო პროცესი, რომელზეც ჩვენ გამოვალთ ინიციატივით სხდომა გადადოს. ვინაიდან ვფიქრობთ, რომ დიალოგი ამოწურული არ არის. შესაძლოა ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მივიწევთ წინ… ვფიქრობ, რომ კიდევ გვაქვს დიალოგის რესურსი,“ – განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ „აჭარის ტელევიზიასთან“.

რას გულისხმობდა ბათუმის მერი იმაში, რომ „დიალოგის რესურსი“ არსებობს და თუ არსებობს ეს რესურსი, რატომ არ გამოიყენა იგი მერმა გასული წლის მარტიდან დღემდე? – ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ მერიის პრესცენტრს მიმართა, სადაც გვითხრეს, რომ მერი დამატებით არაფერს განმარტავს.

თამთა მიქელაძე მარტივ მოცემულობაზე ამახვილებს ყურადღებას – გასული წლის მარტიდან ამ დრომდე მერია მუსლიმ თემს არ შეხვედრია.

„მოლაპარაკების პირობები ადრეც იყო უსამართლო – მერი ითხოვდა თვითორგანიზებით შეძენილი მიწის ნაკვეთი მუსლიმ თემს გადაეცა სამუფთოსთვის, რაც თავისთავად დისკრიმინაციული შინაარსის მოთხოვნაა. ჩვენ მოვითხოვთ სასამართლო პროცესის გააქტიურებას და თუ ამის პარალელურად მერს ექნება კონკრეტული შემოთავაზებები, მუსლიმი თემი ამას განიხილავს. მერიას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ კონკრეტული და რეალისტური მოლაპარაკებები დაეწყო… “ – ამბობს თამთა მიქელაძე.

ამავე დროს, თამთა მიქელაძე მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს იმას, რომ მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის ადგილას ლოცვის შესაძლებლობა აქვს და ამაში თემს ხელი არ ეშლება. „მაგრამ საბოლოოდ მუსლიმ თემს მხარდაჭერა ახალი მეჩეთის აგებაში სჭირდება,“ – დასძენს თამთა მიქელაძე.

ბოლო სხდომა „ბათუმში მეჩეთის აშენების საქმეზე“ 2018 წლის 20 თებერვალს გაიმართა. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბათუმის მერიის მიმართვა გახდა, რომლის მიხედვითაც, მერი ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან მოლაპარაკებას გამართავდა. მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა და ამის შესახებ სასამართლოს გასული წლის აპრილში ეცნობა, თუმცა ამ დრომდე სასამართლოს მორიგი სხდომა არ ჩაუნიშნავს. მუსლიმმა თემმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისს მიმართა, მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ უარი თქვა ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: