მთავარი,სიახლეები

„ხანდახან ვეღარ ვგრძნობ, თუ ისევ ცოცხალი ვარ“ – ცხოვრება ქუჩაში

10.04.2019 •
„ხანდახან ვეღარ ვგრძნობ, თუ ისევ ცოცხალი ვარ“ – ცხოვრება ქუჩაში

გორგილაძის ქუჩიდან მელიქიშვილზე როცა შეუხვევთ, ბათუმის კოლონადებთან მისვლამდე, ერთი კაცი შეგხვდებათ, რომელიც ქუჩაში, პირდაპირ ტროტუარზე ცხოვრობს. მერაბ დევაძემ აქ მთელი ზამთარი გაატარა.

მერაბს თან მხოლოდ ქურთუკი აქვს, მუყაოს რამდენიმე ნაჭერი და კიდევ წყლის ბოთლი… ღამით, როცა ტროტუარზე ძილი გაუსაძლისი ხდება, მერაბს მეზობელი კორპუსის სარდაფში შენახული საძილე მატრასი გამოაქვს და ისე იძინებს.

„მეოთხე ზამთარი გავატარე ქუჩაში, ახლა ზაფხული მოვიდა უკვე, რაღა მიჭირს,“ – მითხრა მან და გაღიმება სცადა, როცა ვთხოვე მის შესახებ მოეყოლა. მერაბ დევაძის მონათხრობის მიხედვით, მისი ოჯახი ბანკის ვალის გამო დარჩა ქუჩაში. მას კი ღამის თავშესაფარში წასვლა არ სურს.

„არ შემიძლია, ვერ ვიცხოვრებ თავშესაფარში… რამდენჯერმე წამიყვანეს იქ პოლიციელებმა, მაგრამ არ მინდა. მე ბანკში ფული უნდა შევიტანო… ასე ვერ ვიცხოვრებ… ბანკის ვალს ამ შემოდგომაზე სრულდება და სახლსაც დავიბრუნებ. ჩემი სახლი სარფშია, ეკლესია ხომ იცით? აი, იმის უკანაა. დალუქულია ახლა, იქ შესვლის უფლება არ მაქვს.

ოთხი წლის წინ ავარია მომიხდა თბილისში, ბათუმი-თბილისის ხაზზე ვმუშაობდი… მაშინ ავიღე ბანკიდან სესხი – 25 ათასი დოლარი. მერე გადახდა გამიჭირდა და სახლი დალუქეს.

ორი ბიჭი მყავს. ორივე ნაქირავებშია ახლა. გუშინაც მოვიდნენ აქ ჩემი შვილიშვილები, წამოდი, ბაბუა, წამოდი ჩვენთან, არ გვინდა ჩვენ არაფერიო, მაგრამ როგორ გავყოლოდი? მე არ შემიძლია შვილიშვილების მშიერ თვალებს ვუყურო.

ცოლი წლების წინ მომიკვდა… ახლა ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა.

ხანდახან ძალიან მიჭირს, ვეღარ ვუძლებ, მაგრამ არ მინდა დავნებდე. ხანდახან ვეღარ ვგრძნობ, თუ ვარ ცოცხალი ისევ…

ხალხის ძალიან მადლობელი ვარ, სულ მეხმარებიან… გუშინაც ერთმა კაცმა მანქანიდან დამინახა, გააჩერა, 50 ლარი დამიტოვა. მერე სახაჭაპურეში გადამიყვანა და იქ დატოვა 100 ლარი, ეს კაცი როცა შემოვა, ხაჭაპური აჭამეთო“, – ასრულებს მერაბ დევაძე.

რით უნდა დაეხმაროს ხელისუფლება? – ამ კითხვაზე მერაბს ზუსტი პასუხი არ აქვს. ამბობს, რომ ამ დრომდე მისი საქმე არავის მოუკითხავს.

„ოთხი წელია ქუჩაში ვარ, ხან – სად, ხან – სად. წელს ვარ მელიქიშვილზე… მინდა, რომ ბანკის ვალი დასრულდეს დროულად, ამ კუთხით მინდა დახმარება, ან იქნება მანამდე ბინა მიქირაოს მერიამ,“ – გვითხრა მერაბ დევაძემ.

მერაბ დევაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: