მთავარი,სიახლეები

ენმ ბათუმის მერიის შპს-ებში ნეპოტიზმზე საუბრობს და ინფორმაციას ითხოვს

11.04.2019 • 1176
ენმ ბათუმის მერიის შპს-ებში ნეპოტიზმზე საუბრობს და ინფორმაციას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში მერიის შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირთა სიას ითხოვს. ენმ-ის რამდენიმე წარმომადგენელმა წუხელ [10 აპრილი] მერიაში გაათია ღამე, პროტესტის ნიშნად. ბათუმის საკრებულოს წევრის, როინ ზოიძის თქმით, მერიის შენობაში დარჩენას იქამდე აპირებენ, სანამ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიიღებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეჭვობს, რომ სიების გასაჯაროების შემთხვევაში ცხადი გახდება, რომ მერიაში ნეპოტიზმს აქვს ადგილი და სწორედ ამიტომაც არ აძლევენ მათ მერიის ააიპებსა და შპს-ებში დასაქმებულთა სიებს. მერია კი აცხადებს, რომ ენმ-მ საჯარო ინფორმაცია უკვე მიიღო, დანარჩენი კი პერსონალური ინფორმაციაა.

„ვალდებული არიან დამფუძნებელ ორგანიზაციას მიაწოდონ ინფორმაცია, მათ შორის თანაშმრომლების, რომ გავერკვიოთ, არის თუ არა ამ კომპანიებში ნეპოტიზმი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ლაშა კომახიძის, სულიკო თებიძის [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე] ნათესავები არიან ამ კომპანიებში დანიშნულები მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე, სწორედ ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რა ნიშნით შეირჩა ეს ხალხი და გადავამოწმოთ, რეალობას შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია. სწორედ ამიტომ უნდა მოგვცენ ინფორმაცია.

ისინი აპელირებენ – საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება არ გვაქვსო. ხაზგასმით ვამბობ, ჩვენ არ ვითხოვთ საჯარო ინფორმაციას, ჩვენ ვართ ამ შპს-ების დამფუძნებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად, ყველა კომპანიის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია თავის დამფუძებელთან, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ მირდატ ქამადაძემ, ბათუმის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ბათუმის მერიას 12 ა(ა)იპ-ი და 11 შპს აქვს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში უკვე წლებია აყენებს საკითხს მუნიციპალური ორიგანიზაციების არაგამჭვირვალე საქმიანობაზე. ყველაზე ხშირად ამ მიმართულებით ისინი შპს „ბათუმის წყალზე“ ამახვილებენ ყურადღებას. „ბათუმის წყალი“ კი აცხადებს, რომ  საკრებულოს ფრაქციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. 

„ბათუმის წლის“ ინფორმაციით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, შპს „ბათუმის წყალს“ 2019 წელს ორჯერ მიმართა. პირველ შემთხვევაში მოთხოვნილი იყო შპს „ბათუმის წყლის“ 2018-2019 წლების ბიზნესგეგმა და 2019 წლის შესყიდვების გეგმა. 

კომპანიის ინფორმაციით, მოთხოვნისამებრ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია ბიზნეს და შესყიდვების გეგმის შესახებ. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, მაშინ კომპანიამ განმარტა, რომ შპს „ბათუმის წყლის“ მიერ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არაერთხელ წერილობითი სახით მიეწოდა ინფორმაცია, რომ შპს „ბათუმის წყალი“ დაფუძნებულია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ.

„კომპანია მოქმედებს თვითანაზღაურებისა და თვითდაფინანსების პრინციპით, იგი არ ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან პირდაპირი დაფინანსების წესით. შესაბამისად, კომპანია არ წარმოადგენს არც საჯარო დაწესებულებას და არც ადმინისტრაციულ ორგანოს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების სფერო, მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის ნაწილში შპს „ბათუმის წყალთან“ მიმართებაში არ ვრცელდება.
გარდა ამისა, მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს პირად მონაცემებს, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას“, – აცხადებს „ბათუმის წყალი“. 

ამავე თემაზე: 

„ბათუმის წყალი“ საკრებულოს ენმ-ის ფრაქციას პასუხობს

„თუ არ არის ნეპოტიზმი, მაშინ მოგვაწოდონ თანამშრომელთა სია“ – ენმ „ბათუმის წყალზე“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: