მთავარი,სიახლეები

მუფთის მრჩეველი სამარხზე: „სასაფლაო-მემორიალზე” არ აღიმართოს რელიგიური ატრიბუტიკა

10.04.2019 •
მუფთის მრჩეველი სამარხზე: „სასაფლაო-მემორიალზე” არ აღიმართოს რელიგიური ატრიბუტიკა

დასავლეთ საქართველოს მუფთის მრჩეველი თემურ გორგაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ აჭარაში მცხოვრები მუსლიმები არ დათანხმდებიან მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ნეშტების დნმ-ის ტესტის ჩატარების გარეშე დაკრძალვას. თემურ გორგაძე აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვას გუშინაც გამოეხმაურა და დაწერა: „მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იცოდნენ, რომ ამ სამარხში მუსლიმებიც იქნებოდნენ, საქმის კურსში არ ჩააყენეს არც ერთი მუსლიმური დაწესებულება. (მაგალითად, მუსლიმთა სამმართველო)“.

თემურ გორგაძე თავის ვრცელ წერილში პუნქტობრივად აყალიბებს, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ: „ვაცხადებთ, რომ თუკი ტექნიკური ან სხვა რაიმე მიზეზით, შეუძლებელია ცხედრების იდენტიფიცირება, მაშინ მოხდეს შეთანხმება სავარაუდო მემკვიდრეებთან და შემდეგ გაკეთდეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე “საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა სასაფლაო-მემორიალი“.

ცხედრები დასაფლავდნენ სამოქალაქო წესით და აღნიშნულ “სასაფლაო-მემორიალზე” არ აღიმართოს არც ერთი რელიგიის ატრიბუტიკა და არ ჩატარდეს არც ერთი რელიგიის რიტუალი“.

თემურ გორგაძემ დღეს, 10 აპრილს, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ეს მოთხოვნა არ შეიცვლება. „დნმ-ის გარეშე დაკრძალვა გამორიცხულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგი პროცესები არ წავა“, – ამბობს ის.

მუფთის მრჩევლის თქმით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი არსებობს და ამაზე თანახმა არიან როგორც მუსლიმები, ასევე ქრისტიანები, რომ ჩატარდეს ნეშტების დნმ-ის ანალიზი და დახვრეტილი ადამიანების შთამომავლებს შესაძლებლობა მიეცეთ, თავიანთი წინაპარი ისე დაკრძალონ, როგორც მათ სურთ.

„მე გავარკვიე და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შესაძლებელია დნმ-ის ტესტის ჩატარება. არა მგონია, სახელმწიფო ასეთი სულელი გამოდგეს, რომ ადამიანებს თავიანთი წინაპრების ნეშტი წაართვას. თუ ამას არ გააკეთებენ, ვიცი, რომ კარგი რამ არ მოხდება“, – ამბობს თემურ გორგაძე.

ქართველ მუსლიმთა კავშირმა ხვალ, 11 აპრილს, ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა დააანონსა. განცხადების მიხედვით, ვისაც სურვილი აქვს გამოთქვას მოსაზრება ნეშტების დაკრძალვასთან დაკავშირდებით რა ნაბიჯები უნდა გაიდგას, შეუძლია შეხვედრაზე მივიდეს.

„მე, პირადად, ყველგან მივალ, სადაც საჭიროდ ჩავთვლი. მუსლიმთა სამმართველოში მოდიან ის ადამიანები, ვისაც ბაბუა დაუხვრიტეს 37-იან წლებში, უკვე 50-მდე განცხადებაა შემოსული. ამ ბაზებს იმიტომ ვქმნით, რომ როცა გაირკვევა ნამდვილად არიან თუ არა ის ადამიანები საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილი პირები, შეძლონ თავიანთი წინაპრების ნეშტის დაკრძალვა“, – ამბობს თემურ გორგაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა იცის იმ 600-კაციანი სიის შესახებ, რომელიც  37 წელში დახვრეტილ ადამიანებთან დაკავშირებით ვრცელდება, თემურ გორგაძე ამბობს, რომ ეს სია, სავარაუდოდ, უშიშროების არქივებიდან უნდა იყოს გამოთხოვილი.

„რამაზ სურმანიძეს აქვს თავის ერთ-ერთ წიგნში ეს სია გამოქვეყნებული და როგორც იქ წერია, სია გამოთხოვილია უშიშროების არქივებიდან. მასობრივ სამარხში 150 ადამიანის ნეშტია ნაპოვნი, სია არის უფრო ვრცელი, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი დნმ-ის  გაკეთება, რომ დადგინდეს, ვინ არიან დახვრეტილები და რა პერიოდში“, – ამბობს გორგაძე.

მასობრივი სამარხების შესახებ ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ოფიციალურ ვებგვერდზე 5 აპრილს გავრცელდა. მასობრივ სამარხში 150 ადამიანის ნეშტია ნაპოვნი. არის ვარაუდი, რომ შესაძლებელია ეს ნეშტები  სტალინის რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანებისაა, თუმცა არსებობს სხვა ვერსიებიც. სახელმწიფოს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს, მასობრივ სამარხთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე:

ხელვაჩაურში 1937-1938 წლებში დახვრეტილთა საფლავებს ეძებენ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: