მთავარი,სიახლეები

როგორ დავტოვოთ დაგროვებითი საპენსიო სქემა – მოკლედ

28.03.2019 • 3120
როგორ დავტოვოთ დაგროვებითი საპენსიო სქემა – მოკლედ

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა ნებისმიერ პირს, ვისაც სქემის დატოვების უფლება აქვს, შეუძლია საპენსიო სააგენტოს ოფისში, რომლის მისამართია თბილისი, ყიფშიძის 7ბ.

განცხადების დაწერა ასევე შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში საქართველოს მასშტაბით, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად.

მისამართების ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე: https://ssa.gov.ge/index.php სამუშაო საათებია: 9-დან 18 საათამდე.

  • საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 წლის ან მეტის.
  • საპენსიო სააგენტოს განცხადებით, „მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ განცხადების დაწერა შესაძლებელია სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ. სამი თვის ათვლა კი იწყება იმ თარიღიდან, როდესაც ბუღალტერმა თქვენი პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა და დეკლარაცია დახურა“.

მაგალითად, დასაქმებული, რომელმაც 2019 წლის იანვარში აიღო იანვრის თვის ხელფასი, ბუღალტერი იანვრის თვის დეკლარაციას კანონმდებლობით ხურავს [აბარებს შემოსავლების სამსახურს] მომდევნო თვის, ანუ, თებერვლის 15 რიცხვამდე. შესაბამისად, დასაქმებული სქემაში ჩართულად ითვლება ვთქვათ, 10 თებერვლიდან, თუ დეკლარაცია ბუღალტერმა შემოსავლების სამსახურში გადააგზავნა 10 თებერვალს [ან ნებისმიერი რიცხვიდან, ვთქვათ 11 ან 15 თებერვლიდან, როცა ბუღალტერი აგზავნის დეკლარაციას].

ამიტომ იმ დასაქმებულისთვის სქემაში ჩართვის სამთვიანი პერიოდის ათვლა, რომლის ბუღალტერმაც 10 თებერვალს დახურა დეკლარაცია, იწყება 10 თებერვლიდან და მთავრდება 10 მაისს. ამიტომ, საპენსიო სააგენტოს განმარტებით, ამ დასაქმებულს განცხადების დაწერა სქემიდან გასვლაზე შეუძლია დაწეროს 2019 წლის 11 მაისიდან, მაგრამ აუცილებლად 11 ივლისამდე.

  • დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ განცხადების დასაწერად [სქემის დატოვების თაობაზე] გაქვთ მხოლოდ ორი თვე. თუ ამ ორი თვის განმავლობაში არ დატოვეთ სქემა, რჩებით დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ და ამ სქემიდან ვეღარ გამოხვალთ.

განცხადების დაწერა შეუძლია მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზეც.

  • საპენსიო სააგენტოს განცხადებით, საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვილი თანხა დაუბრუნდებათ შემომტანებს [სახელმწიფოს, დამსაქმებელს, დასაქმებულს].

დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვისა და გასვლის თარიღი, საპენსიო სააგენტოს განცხადებით, შეგიძლიათ შეამოწმოთ ამავე  სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებულ თქვენს პირად პროფილზე. 

პირად პროფილზე შესასვლელად გჭირდებათ მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც ბუღალტრისგან უნდა მიიღოთ. თუ ორი დამსაქმებელი გყავთ, პირად გვერდზე შესასვლელად დაგჭირდებათ ორი პაროლი.

თუმცა, სააგენტოს ვებ გვერდზე ეს მონაცემები ჯერ კიდევ მუშავდება. მაგალითად:

ამ მაგალითის შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე მოქალაქის პირად პროფილზე მითითებულია მხოლოდ გაწევრიანების თარიღი, გასვლის პერიოდი კი არა. სააგენტოს განმარტებით თუ ვიხელმძღვანელებთ, აღნიშნული მოქალაქის სქემიდან გასვლის პერიოდი იქნება 17.05.2019 – 16.07.2019. მხოლოდ ამ პერიოდში შეეძლება ამ მოქალაქეს დაწეროს განცხადება სქემიდან გასვლაზე. ის ვერც 17 მაისამდე დაწერს განცხადებას გასვლაზე და ვერც 17 ივლისის შემდეგ.

ამ თემაზე: როგორ გადაიხდით საპენსიო შენატანს და რა გზით მიიღებთ წვდომას საკუთარ საპენსიო ანგარიშზე

დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასულ მოქალაქეს აქვს საშუალება ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს სქემას, თუმცა ასეთ შემთხვევაში მას სქემის დატოვების უფლება აღარ ექნება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: