რუსთაველზე ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ტანსაცმლის მაღაზია „ბრენდ ჰაუსი“ გაქურდეს. შემთხვევა გუშინწინ, 17 იანვარს მოხდა.

„მაღაზიის კარი ჩვეულებრივად დაგვხდა გაღებული, როგორ გახსნეს – არ ვიცი, დაზიანებული არაფერია, მხოლოდ მაგიდის უჯრა იყო ძალით გახსნილი. როცა მაღაზია გახსნეს, ღამის თერთმეტს ოცი წუთი აკლდა, სიგნალიზაცია ჩაირთო, თუმცა დაცვის პოლიციის მოსვლამდე ტანსაცმელი და კასაში დატოვებული ფული უკვე წაღებული იყო,“ – გვიყვება მაღაზიის კონსულტანტი.

მაღაზიიდან დაახლოებით 250 ლარის ღირებულების კაცის ტანსაცმელი და 110 ლარი წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დაკავებული ამ დრომდე არავინაა.

ორი მოქალაქე სარფში საზღვრის გვერდის ავლის დროს დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთის ორი მოქალაქე საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით სარფში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ლოცვა ზღვაზე – ნათლისღება ბათუმში

დღეს, 19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები ნათლისღებას აღნიშნავენ. ბათუმში მრევლმა ნათლისღება ზღვაში შესვლით აღნიშნა. ადამიანები, სიცივის მიუხედავად ზღვაში შევიდნენ და წყალში ჩაყვინთეს. ამ პროცესს “ზღვაში შთაფლვას” უწოდებენ. წესის მიხედვით ზღვაში სამჯერ უნდა ჩაყვინთო.

ნათლისღება ბათუმში 
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები თავდაპირველად ზღვის სანაპიროზე შეიკრიბნენ და ილოცეს. ლოცვის დამთავრების შემდეგ კი ზღვაში  შევიდნენ.

ნათლისღება – ბავშვები ლოცულობენ ზღვის პირას
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ნათლისღება
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ნათლისღება
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ნათლისღება
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ლოცვის შემდეგ მორწმუნეები ზღვაში შევიდნენ
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ნათლისღება ბათუმში
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
წესის მიხედვით მორწმუნეები ზღვაში სამჯერ ყვინთავდნენ
ნათლისღება ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ზღვიდან ამოსულები კი კოცონთან თბებოდნენ
ზღვაში მომლოცველთან უსაფრთხოებას საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახური უზრუნველყოფდა
  ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ნაპირზე კი მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური
ნათლისღება ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ნათლისღება ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ნათლისღება
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

EMC: მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ბათუმის სასამართლო განხილვის ვადას არღვევს

„ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა კვლავ ჭიანურდება, რაც სასამართლო გზით მუსლიმი თემის დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას არსებითად ართულებს,“ – აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის EMC მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მუსლიმმა თემმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისს მიმართა, მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ უარი თქვა ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე. მუსლიმი თემი მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის და დისკრიმინაციულობის კუთხით სასამართლოში დავობს. სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI წარმოადგენენ.

2017 წლის ივნისიდან ამ დრომდე სასამართლომ ამ საქმეზე მხოლოდ ერთი სხდომა გამართა – 2018 წლის 20 თებერვალს. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბათუმის მერიის მიმართვა გახდა, რომლის მიხედვითაც, ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან მოლაპარაკებას გამართავდა. მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა და ამის შესახებ სასამართლოს ეცნობა, თუმცა ამ დრომდე სასამართლოს მორიგი სხდომა არ ჩაუნიშნავს.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი მიუთითებს კანონმდებლობაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო მსგავსი კატეგორიის საქმეს განიხილავს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვეში განიხილავს. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე კი, დავის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5 თვემდე. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის შეტანიდან 20 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი სასამართლო სხდომაა ჩატარებული.

„სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემის  მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ სასამართლო აღნიშნულ საქმეში დავის განხილვის ყველა გონივრულ ვადას არღვევს. ეს გარემოება საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მუსლიმი თემისთვის მეჩეთის მშენებლობის საჭიროების გათვალისწინებით, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისადმი უნდობლობას აღრმავებს,“ – აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ თემაზე:

რატომ ჭიანურდება ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა სასამართლოში

 

შეხვედრა „ბედუინის“ ავტორთან „სანტა ესპერანსაში“

ახალი რომანის „ბედუინის“ ავტორი ნინო ჭიპაშვილი [ნეფერტარი] ბათუმელ მკითხველს დღეს, 19 იანვარს, 18 საათზე შეხვდება. შეხვედრა ბათუმში, წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსაში“ გაიმართება.

„ბედუინი“ რამდენიმე თვის განმავლობაში შედიოდა ბესტსლერების ხუთეულში „სანტა ესპერანსას“ წიგნის მაღაზიებში. ეს არის სათავგადასავლო რომანი, რომელშიც უდაბნოში მარტო დარჩენილი ორი ადამიანის გაუმხელელი სიყვარულის ძალიან საინტერესო ამბავია მოთხრობილი. იგი არაერთ ისტორიულ, გეოლოგიურ-გეოგრაფიულ ცნობასა და ლეგენდას შეიცავს საჰარასა და მის ბინადრებზე.

წიგნის ანოტაციის მიხედვით, „ბედუინი“ სხვა თვალით დაგანახებთ სრულიად უცხოსა და შორეულ სამყაროს და ცვლის დამკვიდრებულ წარმოდგენას „ერთფეროვანი“ და „უსიცოცხლო“ უდაბნოს შესახებ.

წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა” ბათუმში გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩების გადაკვეთაში მდებარეობს [კ. გამსახურდიას 19/მ. კოსტავას 34].

ბათუმის მერიაში გრანირებული კარბამიდი მიიტანეს – დისკუსია ახალი ტერმინალის მშენებლობაზე 

“ჩვენ ძალიან თანამედროვე ტერმინალი უნდა ავაშენოთ… ეს განავითარებს ეკონომიკას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს”, – მიმართა ბათუმის მერიაში შეკრებილებს კომპანია Wondernet Express-ის პროექტის მენეჯერმა, ჯალელ ავეზოვმა. ეს ის კომპანიაა, რომელიც ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს აშენებს.

ახალი ტერმინალის მშენებლობის თემაზე დღეს, 18 იანვარს, ბათუმის მერიაში საჯარო დისკუსია გაიმართა.

კომპანია Wondernet Express-ის ხელმძღვანელმა, გიორგი ზარიძემ პრეზენტაციის დროს თქვა, რომ ახალ ტერმინალს დაახლოებით 80 თანამშრომელი დასჭირდება.

რაც შეეხება ეკონომიკას – კომპანიის ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ყოველწლიურად ნავსადგურის და რკინიგზის შემოსავალი 25 მლნ დოლარით მოიმატებს და, ამას გარდა, გემების მომსახურება გაიზრდება.

დღევანდელ შეხვედრაზე კომპანია “გამა კონსალტინგის” წარმომადგენელმაც ისაუბრა. ამ კომპანიამ გარემოსდაცვითი სკრინინგის ანგარიში მოამზადა.

“აქამდე კარბამიდი ტრადიციულად, ღია წესით გადაიტვირთებოდა. ახლა საუბარია დახურული წესით მის გადატანაზე,” – აღნიშნა ექსპერტმა ჯუღული ახვლედიანმა.

უსაფრთხოების დემონსტრირებისთვის დღევანდელ შეხვედრაზე გრანირებული კარბამიდი მიიტანეს ტერმინალის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა.

რატომაა საჭირო კარბამიდის დახურული წესით გადატანა, ან მიწისქვეშა “ბუნკერები” 6 მეტრის სიღრმეზე, თუ საფრთხე არ არსებობს? – ჯუღული ახვლედიანმა შეკითხვაზე გვიპასუხა, რომ ამ ფორმით მაქსიმალურად გამოირიცხება გარემოს დაბინძურების რისკი.

ექსპერტ ჯუღული ახვლედიანის განმარტებით, ერთადერთი საფრთხე მხოლოდ ატმოსფერული გაფრქვევაა, თუმცა ეს რისკი დაზღვეულია შესაბამისი სავენტილაციო სისტემების მოწყობით.

“მიწისქვეშა ბუნკერების მოწყობის დროს, შესაძლოა, ნავთობით ისტორიულად დაბინძურებული უბნები აღმოჩნდეს, ესეც გათვალისწინებულია…” – დასძინა ჯუღული ახვლედიანმა.

“მარტო კარბამიდის შემოტანა არ იგეგმება. საუბარია ამონიუმ ნიტრატზე, რომელიც იგივე დინამიტია. თქვენ ბათუმს სვამთ ბომბზე. ბათუმი ტურისტული რუკიდანაც გაქრება”, – თქვა შეხვედრაზე ალეკო თევზაძემ. იგი ახალი ტერმინალის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია.

“ჩვენი პროექტი პირდაპირ ურტყამს რუსულ პორტებს…” – ჩაილაპარალა გიორგი ზარიძემ, Wondernet Express-ის გენერალურმა დირექტორმა. თუმცა, ეს პასუხი ალეკო თევზაძეს აღარ მოუსმენია. მან კითხვის დასმის შემდეგ დარბაზი დატოვა – “პასუხი ისედაც ვიციო”.

გიორგი ზარიძის თქმით, საუბარია მხოლოდ კარბამიდის გადაზიდვაზე. იგივეს ირწმუნება ბათუმის მერი. ლაშა კომახიძის თქმით, კომპანიამ მხოლოდ კარბამიდის საწყობის მოწყობის ნებართვის მისაღებად მიმართა მერიას.

“ჩვენ მხოლოდ კარბამიდზე გვქონდა შეკვეთა. ნებართვის გარეშე სხვა ნივთიერებას ვერ შემოიტანენ,” – დასძინა ექსპერტმა ჯუღული ახვლედიანმა, რომელმაც უსაფრთხოების კუთხით დასკვნა დადო.

Wondernet Express-ის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა თანხმობა საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი ჩაერთოს ამ პროცესში. ამ ინიციატივით გიორგი ზარიძეს ბათუმის მცხოვრებმა მაია სურმანიძემ მიმართა, რომელიც ასევე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მონაწილეა.

„მგონი, ბევრ შეკითხვას გაეცა პასუხი,“ – დასძინა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ შეხვედრის დასასრულს.


ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით უკვე გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. ხელშეკრულებას ორი ხელმომწერი ჰყავს, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress-ი.

ვრცლად ამ თემაზე:

ვინ აშენებს ბათუმში ახალ ტერმინალს – პორტში კომპანიას მიწა უკვე გადასცეს

რა ხდება ბათუმში ევროპის მოედანზე – ცრუ განგაში კაცის დაჭრაზე

ბათუმში, ერას მოედანზე ამ წუთებში [17:45] მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. პოლიციაში ცრუ განგაში შევიდა იმის თაობაზე, რომ თითქოს ბათუმის ევროპის მოედანზე კაცი დაჭრეს.

ცრუ განგაშის შესახებ „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში უთხრეს, თუმცა ამ წუთებში პოლიცია მაინც აგრძელებს მოედანზე მყოფი პირების გამოკითხვას.

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ონლაინმაღაზია გაიხსნა

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ონლაინმაღაზია გაიხსნა, სადაც ქართული ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ეკიპირების და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა ონლაინრეჟიმში, ვებგვერდზე – www.funshop.ge  შეუძლიათ.

მაღაზიაში შესაძლებელია ეროვნული ნაკრების სათამაშო და გულშემატკივართა მაისურების, შარვლების, გამოსასვლელი ზედების და სხვა პროდუქციის შეძენა. ონლაინმაღაზიაში ბავშვებისთვის შექმნილი პროდუქციაც არის წარმოდგენილი. უფასო მიტანის სერვისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროდუქციის შეძენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში  არის შესაძლებელი.

ვითიბი ბანკი 2016 წლიდან არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი, ქართული სპორტის მხარდაჭერა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ფედერაციასთან ერთად, გულშემატკივრებისთვის  კიდევ არა ერთი სიახლის შეთავაზება გვაქვს დაგეგმილი. ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტია და შესაბამისად დარწმუნებულები ვართ, რომ ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის ასეთი მაღაზიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია – განაცხადა ვითიბი ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა.

ვითიბი ბანკი  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

ბათუმის ბულვარის დირექტორის ახალი მოადგილეები

„ბათუმელების“ ინფორმაციით ბათუმის ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილე დავით სურგულაძე იქნება. ბულვარის დირექტორის კიდევ ორი მოადგილის თანამდებობებს კი სოფო გუჯაბიძე და  სოფიო ლაზიშვილი დაიკავებენ.

დავით სურგულაძეს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს. ბოლოს კი ლაზიკა კაპიტალში საქმიანობდა.

სოფო გუჯაბიძე ბოლო პერიოდამდე აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ის მთავრობის აპარატში შვებულებიდან აღარ დაბრუნდა.

სოფიო ლაზიშვილის სახელი აქამდე ერთხელ უკვე იყო დაკავშირებული ბათუმის ბულვართან – მისი ხელმოწერა ფიქსირდება იმ სკანდალურ დოკუმენტზე, რომლითაც ბათუმის ბულვარში ეგრეთ წოდებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის ნებართვა გაიცა. მაშინ სოფო ლაზიშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მუშაობდა. ამ პროექტმა 2011 წელს  საზოგადოებაში დიდი პროტესტი გამოიწვია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბულვარის დირექტორის მოადგილეები გამარტივებული კონკურსის წესით შეარჩია.

სიმონ ჯანაშია: უნდა იყოს ხელფასის კატეგორიები და არა სტატუსები

დღეს, 18 იანვარს, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში დაგეგმილ ცვლილებაზე ისაუბრეს.

მინისტრის თქმით, პედაგოგებს სტატუსის ასამაღლებლად აღარ დასჭირდებათ კრედიტქულების დაგროვება და კონკრეტული სტატუსის მისაღებად ისინი გამოცდებს ჩააბარებენ.

თუმცა, პრეზენტაციისას, არც მინისტრს და არც ცენტრის ხელმძღვანელს პასუხი ბევრ კითხვაზე არ გაუციათ.

მაგალითად იმაზე, დარჩება თუ არა კვლავ სქემაში გარედაკვირვება, 2019 წელს სტატუსის გაუმჯობესების მიზნით, კონკრეტულად რა გზის გავლა მოუწევთ პედაგოგებს, რა გამოცდას ჩააბარებენ, რამდენს, შეუნარჩუნდებათ თუ არა პედაგოგებს დღეს არსებული სტატუსები (წამყვანის, უფროსის, მენტორის) თუ თავიდან მოუწევთ სტატუსების მოპოვება, რა ნიშნით მოემატებათ პედაგოგებს ხელფასი და ა.შ.

მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ ამასთან დაკავშირებით პირველ თებერვალს კიდევ იგეგმება პრეზენტაცია და დეტალებზე იქ ისაუბრებენ.

რას ნიშნავს სქემაში განხორციელებული ცვლილება და რას მოუტანს ის განათლების სისტემას? ამ საკითხის შეფასება ვთხოვეთ  განათლების სპეციალისტს სიმონ ჯანაშიას.

მისი აზრით, კრედიტქულების დაგროვების სისტემა აქამდეც გასაუქმებელი იყო, რადგან:

„პირველი იმიტომ, რომ ის გამოცხადებულ მიზნებს ვერ პასუხობდა, – არ ეხმარებოდა მასწავლებლებს განვითარებაში, რადგან მასწავლებლების დიდი ნაწილის უმთავრესი ინტერესი განვითარება კი არა, იმ მოვალეობების შესრულება გახდა, რომელიც მათ შემოსავლის გაზრდაში დაეხმარებოდა.

მეორე, სისტემა იმიტომ იყო გასაუქმებელი, რომ ბევრი რესურსი მიდიოდა პროცედურების დაცვის შემოწმებაზე. სჯობს ეს რესურსები წარიმართოს მასწავლებლის განვითარებასა და ახალი მასწავლებლების მოზიდვაზე.

შემოწმებაზე დახარჯული დიდი ფინანსური რესურსების მიუხედავად, ეფექტი მაინც არ იყო, რადგან მასწავლებლების ნაწილი საკუთარის ნაცვლად სხვის ნაშრომს წარადგენდა“.

სიმონ ჯანაშიას შეფასებით, ამ სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ასევე იყო ის, რომ ხელს უწყობდა არაკომპეტენტური მასწავლებლების სისტემაში ყოფნას. „ამიტომ, ვფიქრობ, რომ სქემა უნდა გაუქმებულიყო.

როგორც მედიაში გაჟღერდა, პრეზენტაციაზე ითქვა, რომ სტატუსის მინიჭება გამოცდების საფუძველზე მოხდება, თითოეული სტატუსის შესაბამისად. რამდენად არის ეს კარგი, დასაფიქრებელია, რადგან ცენტრალიზებული სტატუსები, ჩემი აზრით, არასწორია. უნდა იყოს ხელფასის კატეგორიები და არა სტატუსები,“ – ამბობს სიმონ ჯანაშია.

„ბათუმელების“ კითხვაზე, კონკრეტულად რითი უნდა განისაზღვროს ხელფასის მატება, სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ხელფასის ზრდის ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს პედაგოგის განათლება, გამოცდილება, ფუნქცია (არა მხოლოდ სწავლება, არამედ სხვა მასწავლებლების განვითარება და ა.შ), დადასტურებული კომპეტენცია და სხვა.

„მთავარი და გადამწყვეტი აქ უნდა იყოს ფუნქციები, რომლებიც სკოლაში წყდება. სხვაგვარად, გვექნება ისევ ის სისტემა, სადაც დირექტორი ქირაობს მასწავლებელს, ხოლო სახელმწიფო აწინაურებს მას, რაც უაზრობაა“.

ჯანაშიას აზრით, დღევანდელი სისტემა არის სრულიად ირაციონალური, რადგან „ამ სისტემით წელიწადში, მასწავლებელთა ხელფასის მოსამატებლად დაახლოებით 50 მილიონი ლარი იხარჯებოდა.

თუ პროფესიული განვითარების სქემას ჩავთვლით, როგორც მთავრობის პროგრამას, რომ პროფესიაში მასწავლებლის უნარები და მოტივაცია გაზრდილიყო, მაშინ გამოდის, რომ ბოლო სამ წელიწადში ამ მიზნით დაახლოებით 300 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ თანხით კი უკეთესის გაკეთება შეიძლებოდა“.

სიმონ ჯანაშიას თქმით, ხელფასების მატების მხრივ ევროპის ქვეყნებში განსხვავებული სისტემა მუშაობს, „მაგრამ ამგვარი სქემა სადაც შემოიღეს, ყველგან სერიოზული პრობლემები გაუჩნდათ და მაშინვე გააუქმეს.

ხელფასი, ძირითადად, გამოცდილებით და კვალიფიკაციის მიხედვით განისაზღვრება,“ – გვეუბნება ის. მისი თქმით, ასევე, არის სისტემები, სადაც მასწავლებლის დატვირთვა არ არის მიბმული საათებზე და მასწავლებელი ვალდებულია, სრულ ან ნახევარ განაკვეთზე იმუშაოს.

 

“ბავშვის გაჩენისთვის ქალს არ უნდა აგდებდნენ” – 11 წელი შშმ პირებისა და მარტოხელა დედების გვერდით

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში, სათნოების ქუჩაზე ოთხსართულიანი, ყვითლად შეღებილი შენობა დგას. შენობაში შშმ პირთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრია. დილაობით აქ მიკროავტობუსებს 60-მდე ადამიანი მოჰყავთ, ბავშვები და ზრდასრულები. ზოგიერთ მათგანს ცერებრალური დამბლა აქვს, ზოგიერთს – ღრმა გონებრივი ჩამორჩენა.

ამავე შენობაშია მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფარიც, რომელიც ერთადერთია აჭარაში. აქ, ძირითადად, ის ქალები ცხოვრობენ შვილებთან ერთად, რომელთა დახმარებაზე მამებმა, დედებმა, და-ძმებმა და ნათესავებმა მას შემდეგ თქვეს უარი, როცა ქალმა შვილი გააჩინა. აქ მცხოვრები ქალები მარტოხელა დედები არიან ან ის დედები, რომელთაც წასასვლელი არსად აქვთ.

დღის ცენტრსა და მარტოხელა დედათა თავშესაფარს ნანა საყვარელიძე ხელმძღვანელობს. ის  პროფესიით პედიატრია, წლების წინ მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლში დირექტორად მუშაობდა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამების საჭიროებაზე ჯერ კიდევ მაშინ დაფიქრდა, როცა საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ არსებობდა. მერე საქართველოში ბავშვთა სახლები დაიხურა და ნანა საყვარელიძე იდეის განხორციელებას შეუდგა, სახელმწიფოს თანადაფინანსებით აჭარაში   შშმ პირთა დღის პირველი ცენტრი გახსნა 2007 წელს.

თუმცა ეს მარტივად არ მომხდარა. ცენტრის გახსნას წინ უძღოდა კვლევა 2004-2006 წლებში.

„ეს იყო დიდი კვლევა აჭარის მასშტაბით. აღმოვაჩინეთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უმრავლესობა სახლის გარეთაც არ იყო ნამყოფი. ძირითადად, ჩაკეტილები იყვნენ სახლში, ეშინოდათ გარემოსი და მშობლებს ჰქონდათ უზარმაზარი სტიგმა, არ იყო ელემენტარული ინფორმაციაც კი. 2007 წელს გადავწყვიტეთ გაგვეხსნა დღის ცენტრი შშმ ბავშვებისთვის, სადაც ისინი შეძლებდნენ დღის გატარებას, საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას, ხატვას, სიმღერას, გართობას, გამოვიდოდნენ ჩაკეტილი სივრციდან.“

სამედიცინო ასოციაცია „თანას“, რომელსაც ნანა საყვარელიძე ხელმძღვანელობს, შენობა დღის ცენტრის გასახსნელად არ ჰქონდა, მაგრამ იჯარით მოახერხეს ორსართულიანი სახლის აღება ბათუმის გარეუბანში და იქვე გახსნეს შშმ პირთა დღის პირველი ცენტრი ბათუმში, რითაც ათეულობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვსა და მოზარდს მიეცა სწავლის, ვარჯიშის, მკურნალობისა და გართობის საშუალება მეგობრულ, არასტრესულ გარემოში.

„სულ რვა ბავშვი იყო თავიდან და ზუსტად მახსოვს, როგორ მოვიდნენ პირველად ბავშვები, შეშინებულები, შებოჭილები და რა სწრაფად მოეხსნათ ეს შიში. ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ მოკლე დროში. ინფორმაცია მალე გავრცელდა დღის ცენტრის შესახებ და რვა ბავშვის ნაცვლად უკვე 25 ბავშვი დადიოდა დღის ცენტრში.

ბავშვები აწყობდნენ კონცერტებს, გამოფენებს, ისინი აღარ იყვნენ მხოლოდ სახლში ჩაკეტილები. მშობლებიც ხედავდნენ, როგორ შეიცვალნენ მათი შვილები“, – ყვება ნანა საყვარელიძე.

მიუხედავად სწრაფი და კარგი შედეგისა, ნანა საყვარელიძე ამბობს, რომ ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო:

„ერთხელ შევხვდი ერთი თანამდებობის პირს, რას აკეთებთ დღის ცენტრში, ცეკვავთ და მღერითო – მითხრა. პირველ ეტაპზე ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ბავშვები როგორმე გამოგვეყვანა ოჯახებიდან და მშობლებს ჰქონოდათ ამოსუნთქვის საშუალება. დასავლეთის მაგალითები მიგვანიშნებს, რომ არის კარგი შედეგები ამ მიმართულებით. მალევე დადგა საკითხი არა მხოლოდ ჩართულობის, არამდე ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ამიტომაც გავაკეთეთ რეაბილიტაციის ცენტრიც, სადაც სხვადასხვა სპეციალისტის: ფსიქოლოგის, ნევროპათოლოგის, ლოგოპედის ჩართულობით მუშაობენ ბავშვებთან. გვინდოდა, ეს მომსახურებები მოგვექცია ერთ სივრცეში, რომ მშობელს არ ეწვალა ბავშვის აქეთ-იქეთ ტარებისას.

ვმუშაობთ მშობლებთანაც. ზოგიერთ მათგანს ხელი აქვს ჩაქნეული. რა თქმა უნდა, უყვართ საკუთარი შვილები, მაგრამ ბევრს არ სჯერა, რომ რაიმე გამოვა.

ჩვენთან, ჯგუფებში, ძირითადად არიან ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები და ბავშვები გონებრივი განვითარების ღრმა ჩამორჩენით. ხან მეკითხებიან, არ გიჭირს აქ მუშაობაო?! არადა, იმდენად დადებითი აურა მოდის ამ ბავშვებიდან… სულ პატარა წარმატებასაც გიზიარებენ, გაჩვენებენ – აი, ნახე რა გავაკეთე. ძალიან უყვართ, როცა მათთან ვცეკვავ, ვერთობი, ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს ეს და ასეთ დროს ვფიქრობ, რომ რაღაცას ვაკეთებ, მცირეს, მაგრამ მაინც.“

ამავე თემაზე: გაიცანით ეთო დღის ცენტრიდან 


2013 წელს ხელისუფლებამ სამედიცინო ასოციაცია „თანას“ ათი წლის ვადით გადასცა შენობა, სადაც „თანამ“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი. შენობის გარემონტებასა და კეთილმოწყობაში „თანას“ თურქეთის განვითარების სააგენტო „თიკა“ დაეხმარა.

ახლა დღის ცენტრში დღის ორი ცენტრია, ბავშვებისა და უფროსებისთვის. თითოეულ დღის ცენტრში 30 ბენეფიციარია. დღის ცენტრის ბენეფიციარები დილას სახლიდან ცენტრამდე მიკროავტობუსით მოჰყავთ, საღამოს კი ისევ სახლში მიჰყავთ. 18 წლამდე შშმ პირთათვის სარეაბილიტაციო პროგრამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს,  პროგრამას 18 წელს გადაცილებული ასაკის ბენეფიციარებისთვის კი – ბათუმის მერია.

„18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ძირითადად, მძიმე გონებრივი ჩამორჩენის მქონე პირები არიან. ვასწავლით სახლის დალაგებას, სუფრის გაწყობას, მარტივი საკვების მომზადებას… ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანი უნდა რეალიზდეს, თავის თავს მოუაროს, ფულის ნიშანი იცოდეს, შეეძლოს მაღაზიაში წასვლა, პროდუქტის შეძენა…“ – ამბობს ნანა საყვარელიძე.

ერთ ბენეფიციარზე სახელმწიფო დაფინანსება დღის ცენტრში 11 ლარია. ამ თანხაში შედის ტრანსპორტირების, ორჯერადი კვების, სპეციალისტების მუშაობისა და კომუნალური გადასახადების ხარჯები.

„ცხადია, ყველა ხარჯი ვერ იფარება ამ პროგრამით, ჩვენ გვაქვს სხვა პროგრამებიც, რომელთა დახმარებითაც ვცდილობთ ბიუჯეტის შევსებას. კარგი პერსონალი გვყავს. ვთვლი, რომ მათი ანაზღაურება დღესაც ცოტაა, მაგრამ ჩვენ ამ თანხიდან რომ გადავიხადოთ მათი ხელფასებისთვის, ბავშვებისთვის თანხა აღარ დარჩება. სამწუხაროდ, ბევრი ორგანიზაცია საქართველოში ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და დაიხურა“, – ამბობს ნანა საყვარელიძე.

“შემოდგომის ზეიმი” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ “თანაში” 

შეიცვალა თუ არა საზოგადოების დამოკიდებულება 2007 წლიდან დღემდე? – კითხვაზე ნანა საყვარელიძე პასუხობს, რომ ცვლილებები არის, თუმცა არა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს:

„ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, განსაკუთრებით სკოლებში, მშობლებთან… არ შეიძლება მშობელმა უარი თქვას იმაზე, რომ მის შვილთან კლასში იჯდეს შშმ ბავშვი. მერე არის საზოგადოების დამოკიდებულება – „ვაიმე რა ცოდოა“. ცოდოა იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვქმნით პირობებს, სადაც მას თავისუფლად შეეძლება ცხოვრება.

შვედეთში ვიყავით სტუმრად ქალთან, რომელიც კუნძულზე მარტო ცხოვრობდა და აბსოლუტურად უვლიდა საკუთარ თავს, მიუხედავად მძიმე ფიზიკური შეზღუდულობისა, იმიტომ რომ გამოყენებული იყო ტექნოლოგიები. კვირაში ერთხელ მიდიოდა ექთანი და ნახულობდა, რაიმე ხომ არ სჭირდებოდა. რამდენიმე დღის წინ ვნახე ვიდეო, ვიტირე. იაპონიაში კაფეში რობოტები ემსახურებიან სტუმრებს და ამ რობოტებს თვალებით, მზერით მართავენ შშმ პირები სახლიდან, მუშაობენ, ანაზღაურებას იღებენ.

ყველა ადამიანს სჭირდება იყოს ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თავი იგრძნოს საზოგადოების წევრად, იყოს რეალიზებული, საჭირო, სასარგებლო. ეს შესაძლებელია, არ არის ძალიან ძვირი, რომ ადამიანებს ხელი შუვუწყოთ, დავასაქმოთ, მაგრამ არა ქაღალდზე, როგორც ხშირად ხდება ჩვენთან.

ჩვენთან სტრატეგია არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ მხოლოდ ქაღალდზე. იგივე კანონი, რომელიც გამოვიდა ადაპტირების შესახებ, არსებობს, მაგრამ არ სრულდება. ძველი შენობების ადაპტირება და გადაკეთება რომ ძნელია, გასაგებია, მაგრამ როცა ახალი შენდება, ხომ შეიძლება იყოს ადაპტირებული? არ უნდა იბარებდნენ არაადაპტირებულ შენობებს. იგივე ავტობუსების თემა – კარგია, როცა ავტობუსი ადაპტირებულია, მაგრამ გაჩერებაა არაადაპტირებული. ასეთი რამ სტიგმას კი არ ებრძვის, პირიქით, აძლიერებს.

გავიაროთ და ვნახოთ, რამდენი ქუჩაა ადაპტირებული ბათუმში?! ბაგრატიონი ხომ ახლა გაკეთდა, სადმე არის პანდუსი? ჩვენ ყველა მოვხუცდებით, პანდუსი არ არის მხოლოდ შშმ პირებისთვის, ესაა მოხუცებისთვის, დედებისთვის, რომელთაც ჩვილი ბავშვი გადაჰყავთ ეტლით, ეს მთავრობამ უნდა გაისიგრძეგანოს და საზოგადოებამაც – ეს ჩვენი ქვეყანაა ხომ?!“

სათნოების ქუჩაზე მდებარე შენობაში, დღის ცენტრის გარდა, დედათა და ბავშვთა თავშესაფარიცაა, სადაც ახლა 10 დედა და 12 ბავშვი ცხოვრობს. თავიდან თავშესაფარი  მხოლოდ მარტოხელა დედებისა და მათი შვილებისათვის იყო, თუმცა წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა გააფართოვა.

ამავე თემაზე: ვის შეეძლება დედების თავშესაფრით სარგებლობა აჭარაში – პროგრამა ფართოვდება

ჩვენი მიზანია ქალებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ დარჩნენ ოჯახის მხარდაჭერის გარეშე, რომ შვილი გააჩინეს ან არ გააჩნიათ შემოსავალი და თავშესაფარი, მივცეთ განათლება ან მოვუძებნოთ სამსახური. თუ ბავშვი უკვე ერთი წლისაა და დედას სურს დასაქმება, ბავშვი რჩება აღმზრდელთან და დედა გადის სამსახურში, მათ აქვთ თავშესაფარი, კვება, აუცილებელი ნივთები. ახლა ვიწყებთ თურქული ენის კურსს, რადგან არის ამის მოთხოვნა ბაზარზე.

მე ყველა მათგანის ოჯახის წევრს ვხვდები. იმაზე გვიწევს საუბარი, რომ ქალმა თუ ბავშვი გააჩინა, ამისთვის სახლიდან გასაგდები არ არის. რომ ქალი, რომელსაც ჰყავს დედა [თუმცა დედები ხშირად ასეთ დროს ოჯახის წნეხის ქვეშ არიან], მამა, ძმები, დები, ქუჩაში რჩებიან იმის გამო, რომ შვილი გააჩინეს.“

თავშესაფარში მცხოვრებ ქალებს მუშაობის დაწყების შემდეგ შეუძლიათ ბინა იქირაონ ან შეიძინონ და თავშესაფარი დატოვონ, თუმცა ეს ასე არ ხდება. ერთი ადამიანის ანაზღაურებით ბინის დაქირავების ან ყიდვის შესაძლებლობა და იმავე დროს ყველა საჭირო ხარჯის დაფარვა რთულია, ამიტომაც ქალებს თავშესაფრის დატოვება უჭირთ. ნანა საყვარელიძე ამბობს, რომ ამ საკითხის ადვოკატირება აუცილებელია:

„მოტივირებულ მშობელს, რომელიც მუშაობს, დაინტერესებულია თავშესაფრიდან გასვლით,  სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. ბათუმის მერია ახორციელებს ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამას [ე.წ. იაფი სახლი], ჩვენი რეკომენდაციით მინდა ჩართონ რამდენიმე მშობელი ამ პროგრამაში. ტყუილად ჩვენ არავის მივცემთ რეკომენდაციას. ამჟამად ჩვენთან, თავშესაფარში ცხოვრობს ქალი, რომელიც ორ ადგილას მუშაობს და შეძლებს პროგრამის ფარგლებში ბინისათვის თანხის გადახდას, მაგრამ ჩვეულებრივ პირობებში მსგავსი, მოტივირებული მშობლები ბინის ყიდვას ვერ შეძლებენ და ეს ძალიან ცუდია, რადგან თუ ადამიანი ფიქრობს – რაც არ უნდა ვიმუშაო, ბინას მაინც ვერ ვიყიდი, ის თავს ჩიხში გრძნობს, მისი მოტივაცია მაღალი ვერ იქნება. წელიწადში ერთ-ორი ბინა ასეთი ქალებისთვის რომ იყოს გათვალისწინებული, ეს იქნება დიდი სტიმული მათთვის და სახელმწიფოც მოიხსნის ტვირთს. მაინც სტიგმა აქვთ ადამიანებს, რომ თავშესაფარში ცხოვრობენ. როცა ადამიანს უნდა თავად შეინახოს საკუთარი თავი, მუშაობს, ყველაფერს აკეთებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, სახელმწიფო მას უნდა დაეხმაროს ამაში.“

ამავე თემაზე: დედები თავშესაფრიდან

იანვრის პირველ ნახევარში დღის ცენტრში არდადეგებია. ნანა საყვარელიძე ამბობს, რომ ეს პერიოდი დღის ცენტრის ბენეფიციარებს არ უყვართ, რადგან ერთმანეთს ვერ ნახულობენ და, ძირითადად, სახლში უწევთ ყოფნა.

„საუკეთესო შემთხვევაში მინდა ათი წლის შემდეგ ამ ბავშვებს შეეძლოთ დამოუკიდებლად გადაადგილება, დამოუკიდებლად ცხოვრება, რომ არ იყოს მათი მარტო დარჩენის, არარეალიზებულობის შიში. თუ ჩვენ გვინდა გავხდეთ განვითარებული მსოფლიოს ნაწილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე უნდა ვიზრუნოთ. სხვა გამოსავალი არ არსებობს“, – ამბობს ნანა საყვარელიძე.

რას შეუმოწმებენ თქვენს ავტომანქანას ტექდათვალიერების ცენტრში [ვიდეო]

ავტომანქანის ტექნიკური დათვალიერება ბანკომატთან მომსახურების საფასურის გადახდით იწყება. ავტომანქანის რეგისტრაციის შემდეგ, მძღოლი ცენტრის შემინული კედლის მიღმა რჩება და იქედან აკვირდება, როგორ ამოწმებენ ავტომობილს ინსპექტორები და კომპიუტერული მოწყობილობები.

ბათუმში ტექნიკური ინსპექტორების გავლა სულ ოთხ ცენტრშია შესაძლებელი. ჩვენ ერთ-ერთ ცენტრში – შპს „გივა“-ში გავეცანით ინსპექტირების პროცედურას.

თავდაპირველად მფლობელის გარეშე დარჩენილ ავტომანქანას ინსპექტორი ვიზუალურად აკვირდება. „პლანშეტში ვინიშნავ, აქვს თუ არა ავტომობილს შესამჩნევი დაზიანება, მაგალითად, საქარე მინის, საბურავების და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ავტომანქანა მთავარ კომპიუტერულ მოწყობილობასთან გადადის“, – გვიხსნის ინსპექტორი ირაკლი ტაკიძე.

ვიზუალური დათვალიერების გარდა მოწმდება მონაცემების შესაბამისობა ავტომანქანის ტექნიკურ პასპორტთან.

რას გულისხმობს ავტომანქანების ტექდათვალიერება

პირველად თქვენს ავტომანქანას გამონაბოლქვს შეუმოწმებენ. „კომპიუტერული მოწყობილობა აჩვენებს, რამდენად შეესაბამება გამონაბოლქვი დადგენილ სტანდარტს. მთავარია, მომწამვლავი ნივთიერების ემისია არ დაფიქსირდეს,“ – ამბობს გიორგი კალანდარიშვილი, „გივას“ ინსპექტორი.

გამონაბოლქვის შემოწმების შემდეგ, ავტომანქანას სხვა ინსპექტორი ასევე კომპიუტერული მოწყობილობით სამუხრუჭე სისტემას უმოწმებს, შემდეგ – რხევის დეტექტორის დრო დგება. ინსპექტორი ვიზუალურად, სპეციალური თხრილიდან ათვალიერებს ავტომანქანის სავალ ნაწილსაც.

ფინალური ეტაპი ფარების შემოწმებაა. სპეციალური მოწყობილობა ფარების გამართულობას ადგენს.

„საბოლოოდ მონაცემები ერთიან ბაზაში იყრის თავს. თუკი ყველაფერი წესრიგშია, ტექნიკური დათვალიერება ჩაბარებულად ითვლება, თუ არა, მაშინ მფლობელს ერთი თვე ეძლევა პრობლემის მოსაგვარებლად,“- გვიხსნის ინსპექტირების ცენტრის ხარისხის მენეჯერი, თემურ ფაღავა.

რა გამორიცხავს „ჩაწყობას“? – ინსპექტირების ცენტრში გვითხრეს, რომ მათაც სმენიათ ფულით საქმის ჩაწყობის შესახებ, თუმცა ამას გამორიცხავენ.

„ამ პროცესს აკვირდება ოთხი ვიდეოთვალი. მონაცემები იგზავნება ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრში, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები,“ – ამბობს თემურ ფაღავა.

ტექნიკური დათვალიერების მიუკერძოებლად ჩატარების კიდევ ერთ არგუმენტად ცენტრში კომპიუტერული სისტემა დაგვისახელეს. თუმცა, როგორც ვნახეთ, რამდენიმე ეტაპზე ავტომანქანის შეფასება მხოლოდ ინსპექტორის კეთილსინდისიერ შეფასებაზეა დამოკიდებული.

„გამოდის, რომ ადამიანმა რამდენიმე ინსპექტორი უნდა მოისყიდოს. აქ ყველა ეტაპს თავისი ინსპექტორი ჰყავს. გამორიცხული არაფერია, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება,“ – გვითხრა თემურ ფაღავამ.

ინსპექტირების ცენტრ „გივაში“ დღეში დაახლოებით 100 ავტომანქანა მოწმდება. ცენტრის რეგისტრატურაში გვითხრეს, რომ ინსპექტირებაზე მისული ავტომანქანების უმრავლესობა გამოცდას წარმატებით აბარებს.

„ისე არ მოდიან, თუკი ავტომანქანა გაუმართავია. იციან, რომ ტყუილად ფული უნდა დახარჯონ,“ – დასძინეს ინსპექტორებმა.

მსუბუქი ავტომანქანების შემოწმება 60 ლარი ღირს, ავტომანქანები კი, რომელთა ტვირთამწეობაც სამტონა-ნახევარზე მეტია – 100 ლარი;  დიდი სამგზავრო ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები – 100 ლარი; მისაბმელიანი მანქანები – 60 ლარი.

თუკი ავტომანქანა ინსპექტირებას ვერ გაივლის, მას ერთთვიანი გამოსასწორებელი ვადის გასვლის შემდეგ ამავე ფასში შეუძლია შემოწმების ხელახლა გავლა.

„დაახლოებით 300-400 ლარი დამიჯდა ავტომანქანის შეკეთება საიმისოდ, რომ ინსპექტირება გამევლო. ხარჯია, მაგრამ საჭიროა,“ – გვითხრა რეგისტრატურაში მყოფმა ერთ-ერთმა მძღოლმა, ლაშა ლობჯანიძემ.

ზოგიერთმა მძღოლებმა გვითხრა ისიც, რომ ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნა სამართლიანია, მაგრამ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, გზების ხარისხს უნდა მიხედოს.

ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო პირველი იანვრიდან გახდა. ათვლის წერტილი ავტომობილის საქართველოში რეგისტრაციის თარიღია. მაგალითად, თუ თქვენ ავტომანქანა ორი წლის წინ – 15 აგვისტოს დაარეგისტრირეთ, კანონმდებლობით მიხედვით, 15 აგვისტომდე ვალდებული ხართ ტექნიკური შემოწმება გაიაროთ. თუ შემოწმებას თავს აარიდებთ, ან მას ვერ გაივლით, თქვენი მანქანის ნომერი ერთიან ბაზაში გამოჩნდება და მას ქუჩებში პატრულ-ინსპექტორების გარდა, ე.წ. „ჭკვიანი ვიდეოკამერები“ დააფიქსირებენ. ჯარიმა – 50 ლარია.

 

ამინდის პროგნოზი: ბათუმში 22 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

დღეს, 18 იანვარს, დღის მეორე ნახევარში ბათუმში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, ჰაერის ტემპერატურა 6-11 გრადუსი სითბო.

18 იანვრის 21 საათიდან 19 იანვრის 21 საათამდე კი აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 0-5, დღისით  6-11 გრადუსი სითბო, მაღალმთიან რაიონებში ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 0-5  გრადუსი ყინვა.

ზღვაზე იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი, მაქსიმუმ 11 მ/წმ-ში, ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე 7-12 დმ. [2-3 ბალი], ზღვის წყლის ტემპერატურა 8.5 გრადუსი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 20 და 21 იანვარს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

 

ქობულეთის ზღვისპირა პარკის მოსაწყობად ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს, ამჯერად 2,9 მილიონი ლარით

ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 2 929 454 ლარია, რაც პირველი ტენდერთან შედარებით 82 ათასამდე ლარით ნაკლებია. პირველად გამოცხადებული ტენდერი ქობულეთის სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. კომისიას წინა ტენდერში ერთ-ერთმა კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოშიც უჩივლა.

ამჯერად, ახალი ტენდერი მუნიციპალიტეტმა 2019 წლის 17 იანვარს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს შეწყდება.

ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 300 დღეში კი, პარკის მოწყობა უნდა დასრულდეს. პარკი იმ პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, რაც სატენდერო დოკუმენტებს თან ახლავს.

ტენდერის პირობით, ამჯერადაც შესაძლებელია ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, 2019 წლის 01 ივლისიდან 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, შეჩერდეს სამუშაოების მიმდინარეობა [გარკვეული ეტაპები] და გაგრძელდეს ტურისტული სეზონის დასრულებისთანავე.

ქობულეთის სანაპირო ზოლში, მდინარე აჭყვიდან სატუმრო „ჯორჯია პალასამდე“, 850 მეტრზე, ზღვისპირა პარკის მოსაწყობად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასულ წელს 3 მილიონ 11 ათას 440 ლარი გამოიყო და ტენდერიც გამოცხადდა.

ამ ტენდერში შესყიდვის პროცედურები შეჩერდა, ვინაიდან სატენდერო კომისიას ტენდერში მონაწილე ერთ-ერთმა კომპანიამ დავების საბჭოში უჩივლა.

დავების საბჭომ მომჩივანი კომპანიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სატენდერო კომისიამ კი ტენდერში მონაწილე სამ კომპანიას მისცა დისკვალიფიკაცია, 2018 წლის 18 დეკემბერს კი, ტენდერი საერთოდ შეწყვიტა.

ტენდერის შეწყვეტის ოქმში ვკითხულობთ, რომ ქობულეთის სანაპირო ზოლში ნაპირდამცავი საფეხურებიანი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა განაპირობა ზღვისპირა პარკის საპროექტო დოკუმენტაციის გადახედვა და ტენდერის პირობებში ცვლილებების შეტანა, რაც მიმდინარე ტენდერის პირობებში შეუძლებელი იყო.

განათლების სამინისტრო: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა უქმდება

საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა უქმდება. „პედაგოგებს ხელი უნდა შევუწყოთ საკლასო ოთახში შემოქმედებითობისთვის და არა შევუშალოთ“, – განაცხადა მინისტრმა დღეს, 18 იანვარს, განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებების პრეზენტაციისას.

პრესრელიზში, რომელიც „ბათუმელებს“ სამინისტროს პრესსამსახურმა მოაწოდა, ნათქვამია, რომ პედაგოგები სტატუსის შესანარჩუნებლად კრედიტქულებს აღარ დააგროვებენ.

„ჩვენი პრიორიტეტი და ორიენტირი მოსწავლე, მისი განვითარება და პედაგოგია, რომელიც ამას უზრუნველყოფს. არსებული სქემა კი ამის საშუალებას და შედეგს არ იძლევა, ის დღეს მხოლოდ ხელის შემშლელი ფაქტორია.

მასწავლებლები გათავისუფლდებიან ბიუროკრატიისგან და შეექმნებათ საშუალება, მეტი შემოქმედებითობისთვის. რამდენად კარგია მასწავლებელი, უნდა ჩანდეს გაკვეთილზე და არა ქაღალდებში“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, ცვლილება ეტაპობრივად განხორციელდება, რათა არ მოხდეს პროცესის რღვევა მათთვის, ვინც უკვე ჩართულია სქემაში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უქმდება თვითშეფასების კითხვარიც, რომელიც ნებაყოფლობითი გახდება.

„ბათუმელების“ კითხვაზე, – როგორ მოხდება კარიერულ სქემაში პედაგოგების წინსვლა, თუკი კრედიტქულების დაგროვების სქემა აღარ იქნება? ამ კითხვაზე სამინისტროში ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ.

სამინისტროში ვერც იმას აზუსტებენ, სავალდებულო გახდება თუ არა საგნობრივი გამოცდები პედაგოგებისთვის.

დეტალურ ინფორმაციას „ბათუმელები“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოგაწვდით.

მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროსგან გამოგზავნილი დოკუმენტი

21 იანვარს სწავლა განახლდება – როგორ დავიცვათ ბავშვები გრიპისა და წითელას ვირუსისგან

საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება. H1N1 ვირუსის გავრცელების გამო სწავლა განათლების სამინისტრომ ერთი კვირით გადადო და ნაცვლად 15 იანვრისა, სწავლა 21 იანვარს განახლდება.

დღეს, 18 იანვარს, საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაციები დაუგზავნა, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სწავლის დაწყების დროს.

სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, რომ სასწავლო პროცესის დაწყებამდე შენობები სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშაონ.

„ამასთან, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სისტემატურად დაიცვან სრული სისუფთავე, დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი“, – ნათქვამია სამინისტროს რეკომენდაციაში.

სამინისტრო სკოლებს ასევე ურჩევს, რომ უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან აცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის თქმით, გრიპის ვირუსის ან გაციების ნიშნების შემთხვევაში მოსწავლე აუცილებლად უნდა დარჩეს სახლში, თვითიზოლაციაში და იმკურნალოს, „პირბადით მისი სკოლაში მისვლა დაუშვებელია“.

დღეს ასევე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მოსახლეობას წითელას ვირუსთან დაკავშირებით მისცა რეკომენდაციები.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ დროისთვის წითელას ვირუსის 335 შემთხვევაა გამოვლენილი 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში.

მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი არ არის გეგმიურად აცრილი ბავშვობაში წითელაზე ან არ ახსოვს, აიცრა თუ არა, ვაქცინაცია არის აუცილებელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რისკჯგუფებში შედიან ასევე 0-დან ერთ წლამდე ბავშვები.

„ბავშვი წითელას საწინააღმდეგო აცრაზე იცრება 1 წლის და 5 წლის ასაკში. თუ ბავშვი არ არის ამ პერიოდში აცრილი, მისი აცრა აუცილებელია. [ასევე, 20-იდან 40 წლამდე მოქალაქეები, ვისაც არ აქვს აცრა ჩატარებული. ორსულობის დროს წითელაზე აცრა არ შეიძლება. წითელა 90 პროცენტის შემთხვევაში არის გადამდები, მაგრამ, ვისაც უკვე გადატანილი აქვს, მას ხელმეორედ აღარ ემართება“].

ამირან გამყრელიძის თქმით, წითელა აუცრელობის შემთხვევაში იწვევს სერიოზულ გართულებებს, ფილტვების ანთებას, სიყრუეს, ოტიტს, ენცეფალიტს და ა.შ. „გასულ წელს წითელას ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა, სამივე იყო აუცრელი“, – აცხადებს ის.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გრიპის ვირუსისგან გასხვავებით, აცრის გარდა წითელასგან თავდაცვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

რუსუდან შავიშვილის თქმით, წითელას მიმღები არის პირი, ვისაც არ გადაუტანია წითელა და არ ჩამოუყალიბდა მყარი იმუნიტეტი, ვირუსი უვითარდება ადამიანს, ვისაც აქვს არასრულად ჩატარებული აცრა ან აუცრელია.

„ყველა ბაღსა და სკოლაში მოსიარულე ბავშვი და მშობელი ვალდებული იყო სასწავლო დაწესებულებაში წარედგინა აცრის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტი. ახლა ამ სტატუსებს ამოწმებს სკოლა და თუკი რომელიმე ბავშვს აცრა არ აქვს, აფრთხილებს ბავშვებს“.

შავიშვილის თქმით, თუ აღმოჩნდა ბავშვი, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით ან საერთოდ არ აქვს ჩატარებული აცრა, ის არის მიმღებელი: „ასეთი ბავშვების პერსონალური სიები იქმნება. საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს შესაბამისი რეკომენდაცია-მოთხოვნა აქვს მიწოდებული, მოიკვლიონ ასეთი ბავშვები, ვაქცინაცია რომ ჩაუტარდეთ“.

როგორც დავით სერგეენკო აცხადებს, წითელას ვირუსის გამო სასწავლო პროცესის გადადებაზე რეკომენდაცია არ არის. „თუმცა, დღის ბოლოს გვექნება განათლების სამინისტროსთან შემაჯამებელი კონსულტაცია“, – განაცხადა მან.

„ნეპტუნის“ რეაბილიტაციისთვის 102 ათასამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმში, რუსთაველის გამზირზე, სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარედ არსებული შადრევნის [ნეპტუნი] სარეაბილიტაციოდ ქალაქის ბიუჯეტიდან 102 618 ლარია გამოყოფილი. შადრევნის რეაბილიტაციისთვის და იქვე ტერიტორიის მოსაწყობად საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის პირობების მიხედვით ჩასატარებელი იქნება სადემონტაჟო სამუშაოები; ასევე აუზის ჰიდროიზოლაციის მოწყობა, შადრევნის ტუმბოს სამონტაჟო კვანძისა და ტუმბოს მონტაჟი, დეკორატიული ფილებისა და მწვანე კორდის მოწყობა, ასევე ელექტროსამონტაჟო სამუშაოები.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს შეწყდება. შადრევნის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა დასრულდეს. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა ორი წელია.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გაფანტული სკლეროზის მკურნალობას დააფინანსებს

„ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ საპილოტე პროგრამის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, წელს პირველად, გაფანტული სკლეროზის მაღალეფექტური მედიკამენტით  მკურნალობას დააფინანსებს.

„ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით, მედიკამენტები დაუფინანსდებათ სამედიცინო დაწესებულების ან სააფთიაქო კომპანიების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შემდეგი პროპორციებით:

70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტების – 100 %-ით; 70 001-დან 100 000 ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტების – 90 %-ით; 100 001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებს და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს – 80 %-ით; სხვა დანარჩენ პაციენტს – 70% -ით. წლიური ლიმიტი ერთ პაციენტზე შეადგენს 25 000 ლარს. პროგრამაში ჩაერთვებიან მხოლოდ აჭარის ტერიტორიაზე დარეგისტრირებული პაციენტები.

სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს პროგრამაში ჩაერთვება 10 ბენეფიციარი.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო „შერატონში“ კონფერენცია გაიმართა თემაზე: „გაფანტული სკლეროზის ტრანსფორმაცია – დღეს ეს შესაძლებელია“.  შეხვედრა აჭარის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ გახსნა, სადაც  გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ახალი მეთოდები, ფიზიკური უნარშეზღუდულობის შეფასება გაფანტული სკლეროზის დროს და სხვა საკითხები განიხილეს. შეხვედრას ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს გაფანტული სკლეროზის ექსპერტთა ჯგუფის წევრები.

რასისტული ტვიტის გამო AFD-პოლიტიკოსი ბორის ბეკერის შვილს 15 ათას ევროს გადაუხდის

გერმანიის ნეონაცისტური პარტიის – AFD [ალტერნატივა გერმანიისთვის] წევრი, იენს მაიერი ბერლინის სასამართლომ გაამტყუნა – ის ჩოგბურთის ვარსკვლავის, ბორის ბეკერის შვილს მორალური კომპენსაციის სახით 15 ათასი ევროს გადაუხდის. პოლიტიკოსი ირწმუნებოდა, რომ რასისტული ტვიტი მას არ გამოუქვეყნებია, მაგრამ ამ არგუმენტმა სასამართლოში ვერ უშველა.

საქმე იმაშია, რომ 2018 წლის 2 იანვარს, მაიერის ტვიტერის ანგარიშზე გამოქვეყნდა ტვიტი, რომელშიც ბორის ბეკერის შვილი ნოა ბეკერი მოხსენიებული იყო, როგორც „პატარა ნახევრად ზანგი“. მართალია, ტვიტი გამოქვეყნებიდან მოკლე დროში წაიშალა და მაიერმა ასევე განაცხადა, რომ ეს ტვიტი მას არ დაუწერია, მაგრამ ნოა ბეიკერმა სასამართლოში სარჩელი მაინც შეიტანა.

პოლიტიკოსს, როგორც ტვიტერის ანგარიშის მესაკუთრეს, ნოა ბეკერმა თავდაპირველად შესთავაზა 7 500 ევროს გადახდა საქველმოქმედო ორგანიზაციაში, კონფლიქტის ამოწურვის პირობით, მაგრამ AfD პოლიტიკოსმა არჩია მის შეთავაზებას არ გამოხმაურებოდა. გერმანული მედიის შეფასებით, ეს იყო ერთგვარი პროვოკაცია, რის გამოც ნოა ბეკერმა სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მიმართა.

AfD პოლიტიკოსის რასისტულ გამოხტომას ნოა ბეკერის მიმართ, გერმანული მედია მთელი წლის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა.

მთავარი ფოტოა: იენს მაიერი და ნოა ბეკერი

სტუდენტთა მობილობა გამოცხადდა

2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრის მობილობისათვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც  პირველი თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მობილობის მსურველი სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე – www.students.eqe.ge.

მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს (SMS).

მობილობის საფასური 40 ლარია, სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ქულას) წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან.

მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

მობილობაში მონაწილეობას იღებს 45 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

სულ გამოცხადებულია 7790 ვაკანტური ადგილი.

დაწესებულებები, რომლებიც 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაში არ მონაწილეობენ:

  1. შპს – ევროპის უნივერსიტეტი
  2. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
  3. შპს – უმაღლესი სასწავლებელი “ჯორჯია”
  4. შპს – პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
  5. შპს – სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი
  6. შპს – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  7. სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
  8. ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი”
  9. სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
  10. შპს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი

ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო რვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 6 თებერვალს და დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლოდაწესებულებას.

ცენტრი მობილობით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ღია კარის დღეებს 21 და 30 იანვარს 11:00 საათზე. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე www.eqe.ge.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ცენტრის ცხელი ხაზის მომსახურებით – ტელ.: (+99532) 2 200 220.

ან/და ელ. ფოსტით: mobility@eqe.ge

მილიონიანი საინვესტიციო პროექტები კურორტ გოდერძიზე

კომპანია „ამბასადორ-ბათუმი“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო პროექტის განხორციელებაზე გაურიგდა. შეთანხმება 85-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს. ხელშეკრულების მიხედვით, რომელსაც 2018 წლის ივნისში მოეწერა ხელი, კომპანიამ კურორტზე 2 676 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი 42 816 ლარად და ათი მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების  პირობით იყიდა. ნაკისრი ვალდებულების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე „ამბასადორ ბათუმმა“ არანაკლებ 85-ნომრიანი სასტუმრო ორ წელსა და ორ თვეში უნდა ააშენოს.

„ამბასადორ ბათუმის“ დამფუძნებელს, ალექსანდრე ფრიდს, ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ის საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად რუსეთის მოქალაქეც არის. ამ დროისთვის კომპანიის დირექტორი და ორმოცდაათი პროცენტის მფლობელი, ასევე რუსეთის მოქალაქე [ორმაგი მოქალაქეობა] ელგუჯა ქებურიაა.

კურორტზე კიდევ ერთი ასნომრიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს კომპანია „დალ კაპიტალიც“. გასულ წელს მთავრობასთან დადებული შეთანხმებით, კომპანიამ კურორტ „გოდერძიზე“ 2 739 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 27 390 ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით შეისყიდა. კომპანიამ ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის გარდა ე.წ. პიაცა უნდა მოაწყოს. სასტუმრო უნდა მოიცავდეს აპარტამენტებს, კაფე-რესტორანსა და სხვა გასართობ სივრცეებს.

კომპანიამ აღებული ვალდებულებები 2023 წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს, რაც შენობის ექსპლუატაციაში შეყვანასაც გულისხმობს. ამ ყველაფერში კომპანიამ ჯამში ექვსმილიონიანი  ინვესტიცია უნდა განახორციელოს. კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი დალი კაიშაურია, დირექტორი კი – გიორგი ვარშანიძე.

კურორტზე შეძენილ მიწის ნაკვეთზე სამი მილიონ 400 000 ლარის ინვესტიციის ფარგლებში სამოცდაათნომრიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს კომპანია „ელტური- 2008“. კომპანიამ 2117 კვადრატული მეტრი ფართობი კურორტზე 33 872 ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით იყიდა.  სასტუმროს მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში შეყვანა კომპანიამ სამ წელში უნდა დაასრულოს. კომპანიის 20%-ის მფლობელი და დირექტორი ბიზნესმენი ჯუმბერ ზოიძეა, კომპანიის 80 პროცენტს კი მისი ოჯახის წევრი ინგა დავითაძე ფლობს.

აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების თანახმად, სამოცნომრიან სასტუმროს ააშენებს კომპანია „პრემიერ ჰოტელ გრუპი“. კომპანიამ 2508 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი 40 128 ლარად და ორი მილიონ 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით იყიდა. კომპანიის მფლობელი და დირექტორი გიორგი ლომთაძეა.

სავარაუდოდ ამ კომპანიებიდან არცერთს არ აქვს ვებგვერდი ინტერნეტ სივრცეში სადაც მათი გამოცდილების შსახებ ინფორმაცია იქნებოდა განთავსებული, რადგან ისინი ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება.

კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარეობს.

ამავე თემაზე:

ზურაბ პატარაძემ ბიზნესმენებს ქონება პირდაპირ გადასცა, მათ შორის თავის მეგობარს

ბარცხანის ხიდზე რეაბილიტაციის დროს ავტომანქანები ერთ ზოლში იმოძრავებენ

ბათუმის მერია 2019 წელს ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. პირობებში აღნიშნულია, რომ ხიდზე მოძრაობის მთლიანად ჩაკეტვა არ იგეგმება. ხიდის რეაბილიტაცია 2019 წლის 21 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება კი იმ ხელშეკრულების გაფორმებაზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც კეთილმოწყობის სამმართველო ტენდერში გამარჯვებულთან გააფორმებს. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის პირველ თებერვალს დაიწყება და 6 თებერვალს დასრულდება. სატენდერო თანხა 778 140 ლარია.

„ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რაც ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ვერ ხერხდება რეაბილიტაციის მიმდინარეობისას ხიდის მთლიანი ჩაკეტვა და მთელი მოძრაობის სხვა მიმართულებით გადართვა.

ამის გამო გათვალისწინებულია, რომ ხიდზე გაშვებული იქნას ერთზოლიანი მოძრაობის ნაკადი. ამის პარალელურად ხიდის სავალი ნაწილის ნახევარსა და ხიდის მთელ სიგრძეზე უნდა წარიმართოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს: ხიდზე ტროტუარების, მოაჯირების სავალი ნაწილის ასფალტ-ბეტონის ფენილის აღება-გასუფთავებას და შემდგომ ხიდზე ჰიდროსაიზოლაციო ფენის, სადეფორმაციო ნაკერების, ტროტუარების, მოაჯირებისა და ასფალტბეტონის ფენის ახლიდან მოწყობას.

აღნიშნული სამუშაოების დამთავრების შემდეგ უნდა ჩაიკეტოს ხიდის მეორე ნახევარი და მოძრაობა გადართული უნდა იქნას რეაბილიტაციაჩატარებულ სავალ ნაწილზე, ხოლო მეორე ნაწილზე შესაბამისად ჩატარდეს იგივე სამუშაოები,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტებში.

სატენდერო განაცხადში ასევე აღნიშნულია, რომ „ხიდის არსებული მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ძალზე კვალიფიციურობას მოითხოვს. რაც იმას ნიშნავს, რომ ხიდზე მშენებლობის პროცესში მარტო უსაფრთხოების ზომების დაცვა არ არის საკმარისი [ეს ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია], საჭიროა სამუშაოების ჩატარების მკვეთრად გამოხატული თანმიმდევრობა, რომ მთლიანობაში ნაგებობაზე შესრულებული სამუშაოები კვალიფიციურად იქნას ჩატარებული“.

საგარანტიო პერიოდი შეადგენს 36 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან; საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში კი მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

ბარცხანის [რკინიგზაზე გადასასვლელი] ხიდის სიგრძე 366,3 მეტრია.

ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა სკოლაში – სპეცმასწავლებლის ხედვები

ლალი ჯაფარიძე, ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი, ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგი

ბავშვები შეიძლება იყვნენ განსხვავებულები მრავალი მიზეზის გამო. ეს განსხვავებული ნიშნები მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სოციალური, კულტურული, რელიგიური და ეკონომიკური მდგომარეობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიძნელეები. განსხვავებულობა ხშირად არის ერთ-ერთი პირდაპირი თუ არაპირდაპირი წინაპირობა იმ სიძნელეებისა, რომლებსაც ბავშვები აწყდებიან სწავლის დროს. ამ სიძნელეების მთავარ განმაპირობებელ მიზეზს წარმოადგენს გარემო, სწავლების არადამაკმაყოფილებელი მეთოდები და მიდგომა.

ინკლუზიური განათლების პროცესში აუცილებელია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება-განვითარება.

ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვას სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად.

სპეცმასწავლებლის როლი სკოლებში
  • ინკლუზიური  განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას. ამიტომ ინკლუზიური განათლებას დღეს მოიხსენიებენ, როგორც განათლებას ყველასთვის.
  • საქართველოში დღეს ინკლუზიური განათლების პრაქტიკაში დანერგვის თვალსაზრისით საინფორმაციო ვაკუუმია, სპეცმასწავლებელმა ეს ვაკუუმი უნდა შეავსოს.
  • ამ საინფორმაციო ვაკუუმის გადალახვის გზაზე გადადგმული ერთ ერთი პირველი ნაბიჯია ბერიტ ჯონსენისა და მარიამ სკორტენის წიგნის “გზა ინკლუზიისკენ” ქართული თარგმანი.
  • არ შეიძლება სპეცმასწავლებელი იქცეს რეპეტიტორად, ის სსსმ მოსწავლეებთან მუშაობს მხოლოდ ბაზისური აკადემიური უნარების განმტკიცებაზე.
  • სპეცმასწავლებელის არის ჩვეულებრივი მასწავლებელი, რომელიც მუშაობს სრული დატვირთვით და ეს არის 18 საგაკვეთილო პროცესი კვირაში.
ნუ მიბაძავთ სხვებს, იპოვეთ საკუთარი თავი

დღეს საზოგადოების ცნობიერების დონე მნიშვნელოვნადაა ამაღლებული და ის სტერეოტიპები, რომ შშმ ან სსსმ ბავშვი ვერ ისწავლის და ვერ მიაღწევს წარმატებებს  ან ისინი საშიში არიან საზოგადოებისათვის, აღარ არსებობს.

წლების წინ კი არც ამდენი საშუალება იყო და თითქმის უმეტეს ოჯახებში მალავდნენ, რომ შშმ ბავშვი ჰყავდათ. სამწუხაროდ, არის ერთეული შემთხვევები დღესაც… ამიტომაცაა, რომ არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა ზუსტად რამდენი შშმ პირია საქართველოში.

ცხოვრება ბავშვთა სახლში…

„როცა ბედი ლიმონს გჩუქნით, შეეცადეთ მისგან ლიმონათი გააკეთოთ”, – დეილ კარნეგის ეს სიტყვები გამახსენდა, როდესაც ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს ვესტუმრეთ. ამ სახლში ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე ცხოვრობს.

ბევრ ოჯახს შეშურდება ისეთი ერთსულოვნება, ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა, რაც იქ ვნახე…

ყველაზე მეტად კი იმ ამბავმა დამაფიქრა, როცა გავიგე, რომ ეს ბავშვები ამ სახლში 18 წლამდე შეძლებენ ცხოვრებას, შემდეგ  კი უნდა დატოვონ სახლი და დამოუკიდებლად გააგრძელონ ცხოვრება… დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო შემდგომშიც იზრუნებს მათზე და ბედის ანაბარა, ქუჩში არ დატოვებს ამ ბავშვებს.

სმენის არმქონე ბავშვების განათლება
  • ჩვენს ირგვლის იბადებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სმენასთან დაკავშირებული პრობელემები. ზოგს ნაწილობრივ არ აქვს სმენა და ზოგი სმენის არმქონეა.
  • ისინი ადამინები არიან და ჩვენ ისევე უნდა გვესმოდეს მათი საუბარი, როგორც ახლა გვესმის ერთმანეთის.
  • მათთან ურთიერთობისათვის აუცილებელია, კომუნიკაციის დონეზე მაინც, ვისწავლოთ ჟესტური ენა.
  • მე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება და თავისუფალ სივრცეში ვსწავლობ ჟესტურ ენას.
  • პალინა ჯაღათშვილი სმენის არმქონე ბავშვთა და მოზარდთა პრობლემებზე მუშაობს, მას ჰყავს სურდო თარჯიმანი მზია მელაძე.
იარლიყები და სტერეოტიპები, ტერმინების სწორი ფორმით გამოყენება

სამწუხაროდ, არსებობს ტერმინები, რომლებიც სამედიცინო ტერმინებში დარჩენილია, მაგრამ სოციალურ კონტექსტში არ ვხმარობთ. ამიტომ შშმ პირებთან ურთიერთობის და მიმართვის დროს აუცილებელი გამოვიყენოთ სწორი ფორმები:

  • უნარშეზღუდული/ინვალიდი – შეზღუდუდლი შესაძლებლობის მქონე
  • ყრუ/ყრუ-მუნჯი – სმედაქვეითებული/სმენის არმქონე
  • ეტლს მიჯაჭვული – ეტლით მოსარგებლე
  • ბრმა – უსინათლო/მცირემხედველი
ლალი ჯაფარიძე თავის მოსწავლეებთან ერთად

 

 

 

 

რამდენად საშიშ ნივთიერებებს გადაიტანენ ტერმინალიდან – ქიმიკოსები VS მოწინააღმდეგეები

„უსაფრთხოებას სად იცავენ? – იქ, სადაც საფრთხეა და რატომ უნდა შევიქმნათ საფრთხე ბათუმის მოსახლეობამ? გვარწმუნებენ, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება, მაგრამ ჩვენ არც ერთი უსაფრთხოების ზომა საქართველოში ჯერ დაცული არ გვინახავს“, – ამბობს ალექსანდრე თევზაძე, რომელიც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს. სპეციალისტებისა და ხელისუფლების შეფასების მიუხედავად, რომ ბათუმის ახალი ტერმინალი ყველა სტანდარტით აშენდება, ეს ჯგუფი 20 იანვარს საპროტესტო აქციას მაინც გეგმავს, ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ.

აზოტის მინერალური სასუქები: კარბამიდი; ამიაკის სელიტრა; ამონიუმის სულფატი; კიროვან-ამიაკური სელიტრა; ასეთი სასუქების განსაკუთრებული სახეობები. ფოსფატის სასუქები: მონოამონიუმსულფატი; ფოსფატის დიამონიუმი; ამო და ნიტრო ფოსფატების სხვადასხვა სახეობები; სამმაგი სუპერფოსფატი; ცალკეული სუპერფოსფატი. ნედლეული: ოგირდი; გრანულირებული გოგირდი; არაგრანულირებული გოგირდი ან კოშტისებრი გოგირდი ბიგ-ბეგებში; ფოსფორიტები – ეს იმ ტვირთების ჩამონათვალია, რომელთა გადატანაც ბათუმის პორტთან გაფორმებული ხელშეკრულებით დასაშვები იქნება იმ ტერმინალიდან, რომელიც პორტში უნდა აშენდეს.

„ყველა ჩამოთვლილთაგანი არის სასუქი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის გასანოყიერებლად და მცენარის საკვებად. მე არა ვარ გადაზიდვების სპეციალისტი, მაგრამ შემიძლია აღვნიშნო, რომ ნებისმიერი სასუქის გადაზიდვა შესაძლებელია, თუ დაცული იქნება შეფუთვის, შენახვის და გადაზიდვის პირობები, როგორც ამას ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტები“, – ამბობს ნინო კიკნაძე, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ქიმიკოსი.

მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიურ საშუალებათა რეგისტრაციისა და კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის, დავით სარჯველაძის თქმით, ზემოთ აღნიშნულ სასუქებზე კონკრეტულად რომ ისაუბრო, საჭიროა იცოდე მათი ზუსტი სახელწოდება, სავაჭრო დასახელება, თითოეულის შემცველობა და ა.შ. სწორედ ამ ნიშანთვისებების მიხედვით შეიძლება ითქვას, თუ რომელი სასუქის შემოტანაა დაშვებული საქართველოში და რომლის არა. ამასთან, საქართველოში სასუქების შემოტანას, ტრანსპორტირებას თუ შენახვას შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები არეგულირებს, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნას დაცული.

ერთ-ერთი ასეთი რეგლამენტის მიხედვით: „განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ამონიუმის გვარჯილის [იგივე ამონიუმის ნიტრატი, ამონიუმის სულფატი – ავტ.], როგორც ფეთქებადი ნივთიერების, შენახვა. იგი უნდა ინახებოდეს სხვა სასუქებისაგან განცალკავებულად, ხანძრის გამომწვევ ყველა ფაქტორისაგან იზოლირებულად. სასუქების სათავსოს აუცილებლად უნდა გააჩნდეს ხაძარსაწინააღმდეგო ინვენტარი, ხოლო მომუშავე პირებს პირადი ჰიგიენის და პირველადი დახმარების საშუალებები“.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ალექსანდრე თევზაძე მიიჩნევს, რომ ტერმინალში ამ ნივთიერებების დასაწყობებით ბათუმი ტექნოგენური კატასტროფის მუდმივი საფრთხის ქვეშ იქნება: „ამის საფუძველს ჩვენ გვაძლევს ის ნივთიერებები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია გადაადგილდება ჩვენი პორტის საშუალებით. მთავრობა ამბობს, რომ საფრთხის შემცველი ნივთიერებები არ არის ბათუმის პორტში, თუმცა უკვე არსებობს ეს ნივთიერებები აქ. ახლა უკვე გაიზრდება ამ ტვირთების რაოდენობა, გაიზრდება საფრთხეები. ეს ნივთიერებები, მაგალითად, ამონიუმის ნიტრატი მიიჩნევა იგივე ტროტილად მისი ფეთქებადი თვისებიდან გამომდინარე… არის კარბამიდზე მოთხოვნა, რომელიც არის შედარებით უსაფრთხო, მაგრამ ვერავინ გააკონტროლებს. სახელმწიფოს არ მივყვებით ტყუილში, რომ აქ მხოლოდ კარბამიდი დასაწყობდება, ესეც დამღუპველი იქნება ტურისტული ბაზრისთვის, ესეც კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. რადიაქტიული იქნება, ორგანული იქნება, რაშიც ფულს გადაიხდიან, იმას გადაიტანს ეს კომპანია“.

პორტი, როგორც ქალაქის შემადგენელი ნაწილი, როგორც ალექსანდრე თევზაძე ამბობს, უნდა დარჩეს, თუმცა, მისი აზრით, სასურველია ბათუმი გარდაიქმნას მწვანე, ეკოლოგიური ტურისტული მიმართულების ქალაქად: „ჩვენ არ შეიძლება ორივე გზას დავადგეთ – ტურიზმიც განვავითაროთ და ქიმიური ინდუსტრიაც ერთ ქალაქში. ეს ერთმანეთს უშლის ხელს. ამიტომ, ჩვენ გვაინტერესებს, რომელ გზაზე გვაყენებს მთავრობა, მაგრამ ეს უკვე გარკვეულია და ამას ვეწინააღმდეგებით. ვაპროტესტებთ არა პორტს და გადაზიდვებს, არამედ იმ გზას, რომელზეც უკვე დაგვაყენეს“.

ბათუმის პორტიდან მთელი არსებობის განმავლობაში ნავთობი გადააქვთ. შესაბამისად, ალექსანდრე თევზაძეს ვკითხეთ, ნავთობის გადაზიდვა უფრო საშიშია თუ სასუქების? მისი აზრით, „ყველაზე დიდი შეცდომაა შევადაროთ ნავთობი და ამონიუმის ნიტრატი“.

„ამონიუმის გვარჯილას [იგივე ამონიუმის ნიტრატის] დეტონირება წარმოუდგენელია ცეცხლის წყაროს გარეშე“, – განაცხადა „ბათუმელებთან“  სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიურ საშუალებათა რეგისტრაციისა და კონტროლის სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა დავით სარჯველაძემ: „ამონიუმის გვარჯილას აწარმოებს „რუსთავის აზოტი“ და გადის კიდეც ექსპორტზე, ბათუმშიც არის მაღაზიები, სადაც ამ სასუქს ერთი წელი და მეტი ხნითაც კი ინახავენ. მზის სხივების ზემოქმედებითაც არ ფეთქდება. მთავარია, ცეცხლის წყაროსთან არ იყოს ახლოს. ზოგადად, ამონიუმის გვარჯილას თუ ნებისმიერ სასუქს ახლავს თავისი ინსტრუქცია/წესი შენახვის, ტრანსპორტირების და გამოყენების, რაც მკაცრად უნდა იქნას დაცული და ამ შემთხვევაში ის სრულიად უსაფრთხოა“.

„უბრალოდ, საშიში არის ძალიან… შარდოვანას [იგივე კარბამიდი – ავტ.] გავიტანთ და უსაფრთხოაო. კი, მაგრამ, სუნი აქვს მაგას, ქალაქს რაღაც ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს. სამუშაო ადგილები არ არის, არაფერი არ არის, უბრალო მოქალაქეები ტურისტული ბიზნესით ირჩენენ თავს. ქალაქი რომ აყროლდება ამ შარდოვანას სუნით ვინ შემოვა? გვეუბნებიან, რომ დავიცავთ უსაფრთხოების ზომებსო მაგრამ იაპონიაში ვერ იცავენ ამ ზომებს ბოლომდე და ბათუმში რას დაიცავენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ მერაბ ბლადაძემ, რომელიც დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და აქამდეც მონაწილეობდა ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო აქციაში. მერაბ ბლადაძე მალე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდება „პატრიოტთა ალიანსიდან“ – ის ამ ორგანოში ჩაანაცვლებს ზაზა ოქუაშვილს, რომელსაც უფლებამოსილებას უახლეს მომავალში შეუწყვეტს უმაღლესი საბჭო.

„ხელისუფლებამ ამას წინათ ჩაატარა პრეზენტაცია აბსოლუტურად ჩუმად და მე ხელისუფლებას ვურჩევდი, უფრო მეტად გამოვიდნენ ხალხთან დიალოგში და არა ვიღაცის დაკვეთები შეასრულონ. ახლა კიდევ ამბობენ, ვიღაცის დაკვეთით მოქმედებს ეს ჯგუფიო, ყველაფერი არის სიცრუე და უბრალოდ გულსატკენია, როცა დაკვეთა კი არა, ბათუმელების ჯანმრთელობაზე და გადარჩენაზეა საუბარი. 2 მილიონი დოლარი რომ მიიღოს პორტმა წელიწადში, ამისთვის ამხელა კატასტროფის წინაშე დადგეს უნდა ქალაქი და დავთმოთ უნდა იმისთვის, რომ ყაზახმა და ვიღაც ქართველმა ბიზნესმენებმა, ვისაც აქვს ინტერესი, ფული იშოვოს?“ – აცხადებს მერაბ ბლადაძე. – „ჩემი პირადი აზრია, რომ სადაც 20 მილიონს დებენ, დაამატონ 100 ათასი – 200 ათასი დოლარი და მოაშორონ პორტს ეს ტერმინალი. ბიზნესის წინააღმდეგი კი არ ვართ“.

ალექსანდრე თევზაძეს ვკითხეთ – რაში ხედავს გამოსავალს. „რაში ვხედავ გამოსავალს ახლა ვერ გეტყვით. 20 იანვარს გავარკვევთ ალბათ“, – გვითხრა მან.

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კი ირწმუნებიან, რომ ეს არ არის გამოუვალი მდგომარეობა, რადგან ახალი ტერმინალით მხოლოდ უსაფრთხო ტვირთების გადატანა იქნება დასაშვები.

ლაშა კომახიძის მოსაზრებას გაეცანით აქ.

ბათუმის მერი: ბათუმის პორტში საშიში ნივთიერებების ადგილი არ არის

თორინკე რიჟვაძის განმარტებას გაეცანით აქ.

მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის ხელშეკრულება 1 კაცის პროტესტის ფონზე გაფორმდა

 

ბათუმის 23-ე სკოლის ახალი შენობისთვის 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯება – ტენდერი

მახვილაურის დასახლებაში ბათუმის 23-ე საჯარო სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 3 938 080 ლარია. მშენებლობა 2019 წელს უნდა დაიწყოს და 2021 წელს დასრულდეს.

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის პირველ თებერვალს დაიწყება და 6 თებერვალს შეწყდება.

სკოლის ახალი შენობა იმ პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს, რომელიც თან ახლავს სატენდერო დოკუმენტაციას.

ბათუმის 23-ე საჯარო სკოლის ესკიზი

 

22 წლის პრობაციონერი, რომელსაც საკუთარი ბიზნესი აქვს

თითქოს არაფერია უცნაური იმაში, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლასა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან ახლოს ჩვეულებრივი საცხობია, მაგრამ ეს საცხობი იმითაა გამორჩეული, რომ 22 წლის პრობაციონერის, აკაკი ბუკიას პირველი მცირე ბიზნესია. საცხობის გამართვაში მას „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი“ დაეხმარა. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს.

აკაკი ახლა სტუდენტია, სამომავლოდ სურს საკუთარი სამშენებლო კომპანია დააარსოს და მისი პროფესიაც ამ გეგმებს უკავშირდება, სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლობს, თან ერთ-ერთი კომპანიის კონსულტანტად მუშაობს.

პრობაციონერად გაუგებრობის გამო იქცა. მეგობრებთან ერთად კლუბში ყოფნისას ნასვამს დაცვის თანამშრომლებთან მოუხდა უთანხმოება.

აკაკი ამბობს, რომ ხშირად პრობაციონერებსა და ყოფილ მსჯავრდებულებზე საზოგადოებას მცდარი შეხედულებები აქვს.

„თავად არ მიგრძვნია ეს – მხიარული და კომუნიკაბელური ვარ. თუმცა სხვებისგან ხშირად მსმენია.

ხშირად, როცა პრობაციონერობის, ნასამართლობის გამო დასაქმებაზე უარს ეუბნებიან ადამიანებს, ყველაფრის იმედი ეწურებათ და ძიების გაგრძელების ხალისიც ეკარგებათ, ასეთი ბევრი მინახავს.

თუ აქტიურობ და საქმეს აკეთებ სტერეოტიპები ვერ შეგაჩერებს, მაგრამ ყველა ხომ არ არის ემოციურად და ფსიქოლოგიურად ძლიერი“, – ამბობს აკაკი.

საცხობის გახსნის იდეა რომ გაუჩნდა, აკაკი სამეგრელოში „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პარტნიორ ორგანიზაციას – ,,ფონდ თანაზიარს“ დაუკავშირდა. პროექტი დაწერა და „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაში“ ჩაერთო. გრანტით საცხობისთვის საჭირო დანადგარები შეიძინა. 22 წლის პრობაციონერი ამბობს, რომ მცირე ბიზნესმა გაამართლა და ნელ-ნელა მოგებაც მოაქვს.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი არაერთ ბენეფიციარს დაეხმარა მცირე ბიზნესის დაწყებაში. აკაკი ფიქრობს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ ფინანსურ ხელშეწყობას, არამედ მორალურ მხარდაჭერას, გამხნევებას, რაც ყოფილ მსჯავრდებულებს მოქმედებისა და აქტიურობისკენ უბიძგებს:

„ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური, მორალური მხარდაჭერა, რადგან მსჯავრდებულებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ სასჯელი უკვე მოიხადეს, ხშირად საზოგადოების სრულფასოვან წევრად არ აღიქვამენ. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი გეხმარება გააცნობიერო, რომ საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი ხარ და არაფრით გამოირჩევი სხვებისგან. მთავარია, სხვისმა აზრმა შენ შესახებ არ შეგაშინოს, კომუნიკაბელური იყო და საზოგადოებასთან, ადამიანებთან კონტაქტი არ შეწყვიტო, არ ჩაიკეტო,“ – ამბობს აკაკი.


    ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:
  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
     იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
  •  ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი, ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

სამეგრელოშიფონდ თანაზიარს / ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ წითელას საწინააღმდეგო აცრა – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად მიმართონ ოჯახის ექიმებს – ამის შესახებ დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში  წითელას მიმართ ეპიდდაძაბული სიტუაცია  ფიქსირდება:

„ქვეყნის მასშტაბით ზედამხედველობა დამყარებული იყო წითელას 2 278 საეჭვო შემთხვევაზე, მათ შორის აჭარის რეგიონში 322 შემთხვევაზე.  დაავადებიანობის მაღალი მაჩვენებლები განსაკუთრებით აჭარაში დარეგისტრირდა 2018 წლის იანვარ-მაისის პერიოდში. მიმდინარე თვეში აღირიცხა დაავადების ორი საეჭვო შემთხვევა.“

სამინისტროს  განმარტებით, ვაქცინაცია 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ტარდება აცრის სტატუსის გათვალისწინებით, ხოლო 15 წლის ზემოთ – სტატუსის მიუხედავად. ვაქცინაცია ნებისმიერი ასაკის პირისთვის უფასოა.

წითელას საწინააღმდეგო აცრას ექვემდებარებიან რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები – სამედიცინო პერსონალი, დაავადებულთან კონტაქტში მყოფი და იმუნიტეტის არმქონე პირები.

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანის ცხვირ-ხახის სეკრეტთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით და გამოირჩევა მაღალი გადამდებლობით.

კლინიკურად წითელა ხასიათდება ცხელებით,  გამონაყრით და სიმპტომებით ზედა სასუნთქი გზების მხრივ [ხველება, რინიტი ან კონიუნქტივიტი] და სერიოზულ გართულებებს იწვევს. ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს ვაქცინაცია ჩაუტარდათ ერთი წლის ბავშვების 95%-ს და 5 წლის ბავშვების 91%-ს.

ბათუმის სასამართლოში 2018 წელს საქმეების ნახევარზე მეტი საპროცესო შეთანხმებით დასრულდა

2018 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1124 სისხლის სამართლის საქმე დაასრულა, მათგან 631 შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სასამართლომ არსებითად 481 საქმე განიხილა, 12 საქმეზე – საქმის წარმოება შეწყდა. სასამართლოში შესული კიდევ 10 საქმე წინასწარ გამოძიებაში დაბრუნდა.

სტატისტიკურ მონაცემებს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს.

გასულ წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 29 საქმეზე მიიღო სრულად გამამართლებელი განაჩენი, 12 საქმეზე კი – ნაწილობრივ გამამართლებელი.

548-დან 280 ადმინისტრაციული საქმის დასრულება მოახერხა სასამართლომ 2018 წელს. ამავე წელს სასამართლოში 5384 სამოქალაქო საქმე შევიდა, 5575 საქმის განხილვა კი – დასრულდა.

„ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც განხილულ სამოქალაქო საქმეთა რაოდენობა აღემატება შემოსულ საქმეთა რაოდენობას, რაც საქმეთა სიმრავლის და მოსამართლეთა დატვირთულობის გათვალისწინებით საქმეთა ნაკადის მართვის დადებითი მაჩვენებელია,“ – აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

 

 

სოფლის ექიმები აჭარაში დანამატს წელსაც მიიღებენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმები და ექთნები სახელფასო დანამატს 2019 წელსაც მიიღებენ. პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის 300 ლარი, ხოლო ბარში დასაქმებულთათვის – 150 ლარია გათვალისწინებული. ჯამში დანამატს 107 ექიმი მიიღებს.

სამინისტროს განმარტებით, პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება, ასევე, სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა.

 2018 წლიდან პროგრამაში ჩაერთნენ პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებიც . მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა შრომის ანაზღურება 150 ლარით, ბარში დასაქმებულების კი, 100 ლარით გაიზარდა. პროგრამის ფარგლებში, დამატებით ანაზღაურებას 110 ექთანი მიიღებს.

გასულ წელთან შედარებით არ გაზრდილა პროგრამის ბიუჯეტი. 2018 წელს პროგრამისთვის 429 600 ლარი დაიხარჯა და წელსაც იგივე თანხა გაითვალისწინეს.

500 ლარით დაჯარიმდებით, თუკი საპენსიო შენატანს თავს აარიდებთ

500 ლარით დაჯარიმდება ის, ვინც ახალი სქემის პირობებში საპენსიო შენატანს თავს აარიდებს. ჯარიმა დამსაქმებელს ეხება, ასევე, თვითდასაქმებულს, რომელიც პირველი იანვრიდან ვალდებულია საპენსიო შენატანი შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხოს. ჯარიმა დასაქმებულ პირებს არ შეეხებათ.

„სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირები,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისივე თქმით, ამ უწყების თანამშრომლებმა უნდა გამოავლინონ სამართალდარღვევის ფაქტები.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის ანალოგიური წესით დაჯარიმდება თვითდასაქმებულიც.

საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილია. სარჩელით გასაჩივრებულია საპენსიო შენატანისთვის ჯარიმის დაკისრებაც.

ამ თემაზე:

თავად გამოთვალეთ, რამდენი გექნებათ პენსია ახალი სქემის პირობებში – საპროგნოზო მთვლელი

მიხეილ ბატიაშვილი: დღეს სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს

საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს 16 იანვარს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დღეს არსებული განათლების სისტემა ისეთ ადამიანებს უშვებს, რომლებსაც შრომის ბაზარზე დასაქმება არ შეუძლიათ.

„სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ შრომით ბაზარზე ადგილის დამკვიდრება,“-განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, ეს მოდელი შეიცვლება. „უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალი მოდელი ამას უზრუნველყოფს,  მოხდება სწორი მიდგომების წახალისება როგორც უმაღლესი, ასევე, პროფესიული განათლების მიმართულებით და ეს გულისხმობს არა ზედაპირულ განცხადებებს, არამედ კონკრეტული შედეგების დადგომას უსწრაფეს რეჟიმში,“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრი ამბობს, რომ უმაღლესი განათლება უნდა გახდეს „ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი“, თუმცა დეტალებს ჯერჯერობით არ ახმაურებს.

მისი განცხადებით, დაგეგმილი ცვლილების შესახებ საზოგადოება ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებს.

„ექსპერტთა ჩართულობით შემუშავებული განათლების რეფორმის ათი პაკეტი ყველა მიმართულებას მოიცავს, რომლის მიზანს განათლების ხარისხის ამაღლება წარმოადგენს,“- განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ მოსალოდნელ ცვლილებაზე, თუმცა კონკრეტული დეტალები არც ამ შემთხვევაში გაუჟღერებია.

მინისტრი შეეხო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის საკითხსაც. მისი თქმით, სკოლებში ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით ბიუჯეტი გასამმაგდა.

ბათუმის საკრებულო ომბუდსმენის რეკომენდაციას სასამართლო დავის შემდეგ განიხილავს

ბათუმის საკრებულო სახალხო დამცველის რეკომენდაციის განხილვას ჯერ არ აპირებს. სახალხო დამცველმა უკანონოდ მიიჩნია საკრებულოს ის დადგენილება, რომლითაც მწვანე კონცხზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა გახდა შესაძლებელი. ომბუდსმენმა საკრებულოს დადგენილების ბათილად ცნობისკენ და საკითხის ხელახლა შესწავლისკენ მოუწოდა.

„როგორც ცნობილია, სასამართლოს მიმართა სარჩელით „ბათომმა“ [არასამთავრობო ორგანიზაცია -ავტ]. სახალხო დამცველის რეკომენდაციას ჩვენ განვიხილავთ სასამართლო დავის დასრულების შემდეგ,“ – გვითხრა ბათუმის საკრებულოს იურისტმა, სულიკო შვენთიძემ.

საკრებულოს იურისტის განმარტებით, საკრებულოს უფლება არ აქვს სასამართლო დავის დასრულებამდე სადავო საკითხზე განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს.

რას ფიქრობენ საკრებულოში სახალხო დამცველის კრიტიკულ შეფასებაზე? – სულიკო შვენთიძე ამბობს, რომ რეკომენდაციის შინაარსობრივ მხარეზე საკრებულოში ჯერ არ უმსჯელიათ.

სახალხო დამცველმა მწვანე კონცხის მშენებლობის საკითხზე რეკომენდაციით მიმართა ბათუმის მერიასაც. აპირებს თუ არა მერია სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულებას, უცნობია, რადგან მერიაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

სახალხო დამცველმა ამ საკითხზე თავისი რეკომენდაციით ბათუმის მერიას და საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბერს მიმართა.

 

კაზინო „ინტურისტის“ 200-მდე თანამშრომელი ხელფასს ითხოვს

ბათუმში კაზინო „ინტურისტის“ თანამშრომლები თვე-ნახევრის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ. ისინი ამ წუთებშიც [15:00] სასტუმროს ფოიეში არიან შეკრებილები და კაზინოს მფლობელებისგან კონკრეტულ პასუხს ელიან.

კაზინო „ინტურისტმა“ მუშაობა 2019 წლის 5 იანვარს შეწყვიტა. როგორც აქ დასაქმებული პირები აცხადებენ, კაზინოს მუშაობის შეჩერების შესახებ მათ ინფორმაცია არ მიუღიათ.

„არავის გავუფრთხილებივართ, რომ კაზინო მუშაობას აჩერებდა. ასე მოულოდნელად დახურეს. დღემდე პასუხს არ გვეუბნებიან, არავინ კონტაქტზე არ გამოდის. როგორც ახლა გავიგეთ, ლიცენზიის ვადა გაუვიდა კაზინოს, მანამდე არაფერი არ უთქვამთ,“- გვითხრა ვიტალი დუმბაძემ.

კაზინო „ინტურისტის“ 200-მდე თანამშრომელი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვს.
ფოტო: ლელა დუმბაძის

კაზინოს კიდევ ერთი თანამშრომელი, მაია ჩაჩავა, რომელიც რვა წელია, რაც აქ არის დასაქმებული, ამბობს, რომ კაზინოს შესაძლო დახურვაზე ინფორმაცია არავის მიუწოდებია.

„რემონტია და მალე გაიხსნებაო გვითხრეს. ველოდებით ხელფასს. ჯერ სამ დღეში იქნებაო, შემდეგ – ხუთ დღეშიო. ახლა გვეუბნებიან, 15 დღეშიო. თვე-ნახევრის ხელფასი მაქვს მე ასაღები“.

კაზინოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ კაზინოს დახურვის შესახებ ისინი ხელმძღვანელობას არ გაუფრთხილებია.

როგორც აქ მომუშავე პირები გვეუბნებიან, კაზინო „ინტურისტში“ სულ ცოტა 200 ადამიანია დასაქმებული.

ლელა ქათამაძეც შვიდი წელია, რაც კაზინოში მუშაობს. ის ამბობს, რომ არც ლიცენზიის ვადის გასვლაზე და არც ხელფასების დაგვიანებაზე ახალ წლამდე საუბარი არ ყოფილა.

როგორც ლელა ქათამაძემ გვითხრა: „3 იანვარს ვმუშაობდი ღამის ცვლაში, ერთ-ერთმა მენეჯერმა გვითხრა, რომ რაღაც სამუშაოები იწყებაო, დილის 6 საათზე წავედით სახლში, დაგირეკავთო და მოგვატყუეს.“

სასტუმრო და კაზინო „ინტურისტი“ კომპანია „მეტროს“ საკუთრებაა. კომპანიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს,  რომ თანამშრომლების სახელფასო დავალიანება თვის ბოლომდე დაიფარება.

კაზინო „ინტურისტის“ თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ

„დავალიანებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა კომპანია „ლიბერთი კაზინოს“ წარმომადგენელმა და ითქვა, რომ თვის ბოლომდე მოხდება არსებული სახელფასო დავალიანების გასტუმრება.

განაახლებს თუ არა კაზინო მუშაობას და რომელი კომპანია შემოვა, ეს იქნება „ლიბერთი კაზინო“ თუ სხვა, ეს საკითხი ჯერ მოლაპარაკების პროცესშია. თვის ბოლოს ეს საკითხიც იქნება ცნობილი, “- ამბობს კომპანია „მეტროს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი, გიორგი სირაძე.

კაზინოს თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ ბანკებში სესხები აქვთ აღებული და, შესაბამისად, მათი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება.

კაზინოს თანამშრომლებმა პირველი აქცია 4 იანვარს გამართეს.

 

რა დაწერა მოქალაქემ დაგროვებითი პენსიის წინააღმდეგ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელში

„სახელმწიფო ადამიანების ნაცვლად წყვეტს, რა არის მათთვის უკეთესი. სახელმწიფო გვიწყვეტს, რომ ჩვენთვის უკეთესია დანაზოგის შექმნა და ამასთანავე, იძულებით გვრთავს დანაზოგის შექმნის მისივე შემუშავებულ კონკრეტულ წესრიგში. აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების დაცული სფეროს შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ლეგიტიმური საჯარო მიზნის არსებობის შემთხევაში,“ – მიიჩნევს ედუარდ მარიკაშვილი. იგი პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგროვებითი პენსიის ახალ წესს ასაჩივრებს. ედუარდ მარიკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თანამშრომელია. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტი გიორგი მშვენიერაძე დაიცავს.

დავის საგანი 2018 წლის 21 ივლისს მიღებული კანონია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, რომლის მიხედვითაც 40 წლამდე ადამიანი ვალდებულია საპენსიო შენატანი გადაიხადოს საპენსიო ასაკის მიღწევამდე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს არ აქვს ლეგიტიმური მიზანი, ამ ფორმით ჩაერიოს ადამიანების საკუთრების უფლებაში.

მოსარჩელე ერთ-ერთ მთავარ აქცენტს საპენსიო შენატანის სავალდებულოობაზე აკეთებს. „კანონმდებელს არც კი უნდა დაუშვას, რომ მოსახლეობის სკეპტიკური დამოკიდებულება საკუთრების მისი ნების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს მიერ იძულებითი წესით განკარგვასთან დაკავშირებით, შესაძლოა ლეგიტიმური იყოს და რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში, გადაწყვიტონ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

საკონსტიტუციო სარჩელში განხილულია სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაც, სადაც საპენსიო ფონდის მოცულობის ნაწილი დაიკარგა.

„საპენსიო ფონდების მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად შეირყა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, როდესაც აღმოჩნდა, რომ საპენსიო სისტემა შემოსავლების გარანტირებას ვერ ახდენს. ირლანდიამ 2008 წელს საპენსიო ფონდის მოცულობის 40% დაკარგა. ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს ფინანსური ვარდნები უფრო რადიკალურია…“ – ვკითხულობთ სარჩელში. 

სარჩელში განხილულია ისიც, რომ ლარის დანაზოგის გაზრდით ეკონომიკის დედოლარიზაციას შეეწყობა ხელი, თუმცა ეს ხელისუფლების ვალდებულებაა. „სახელმწიფოს მხრიდან ამ მიზნების მისაღწევად თანხის იძულებითი წესით შეგროვება არაკონსტიტუციურია,“ – დასძენს ედუარდ მარიკაშვილი.

მოსარჩელე ეხება სოციალური პასუხისმგებლობის საკითხსაც, სხვადასხვა ქვეყნის მოდელს, სადაც პენსიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სიღარიბის შემცირებაა და არა მხოლოდ დანაზოგის გაკეთება.

„როგორც საპენსიო სისტემების ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, მის მთავარ მიზანს ეფექტური სოციალური დაცვის არსებობა და სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, შემოთავაზებული საპენსიო დაგროვებითი სისტემა არ მოიცავს სოციალური პასუხისმგებლობის ელემენტს და არ ანაწილებს ფინანსურ რესურსს შედარებით მდიდარსა და ღარიბს შორის. როგორც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ განმარტებით ბარათშია მითითებული, ინდივიდუალური საპენსიო დანამატის დაგროვების მიზანია შესაძლებლობა მისცეს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი,“ – აღნიშნულია სარჩელში.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 11 იანვარს დარეგისტრირდა. ჯერ უცნობია, როდის დაიწყება სარჩელის განხილვა საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ.

ამ თემაზე:

თავად გამოთვალეთ, რამდენი გექნებათ პენსია ახალი სქემის პირობებში – საპროგნოზო მთვლელი

 

 

 

 

სახალხო დამცველი: მწვანე კონცხის მშენებლობაზე საკრებულოს დადგენილება უკანონოა

სახალხო დამცველმა უკანონოდ მიიჩნია ბათუმის საკრებულოს დადგენილება, რომლითაც მწვანე კონცხზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობისთვის განაშენიანების გენერალური გეგმა დამტკიცდა.

საუბარია მწვანე კონცხზე კომპანია „ელიტ კონსტრაქშენ გრუპის“ მშენებლობაზე, რასაც ბათუმში მცხოვრები ადამიანები ბოლო პერიოდში აქტიურად აპროტესტებენ. ამ მშენებლობის წინააღმდეგ და რეკრეაციული ზონის გადასარჩენად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოსაც მიმართეს.

2018 წლის 28 სექტემბერს ბათუმის საკრებულომ მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთს გაუუქმა საკურორტო-სარეკრეაციო ზონის სტატუსი და საზოგადოებრივ-საქმიან ზონად აქცია. ამავე გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხზე ასაშენებელი სასტუმროს სართულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 28-ს.

სახალხო დამცველი უკანონოდ მიიჩნევს ბათუმის საკრებულოს დადგენილებას. „ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ მითითებული გადაწყვეტილება მიღებული იყო საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევის გარეშე და ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოქმედ რეგულაციებს, რის გამოც არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი,“ – მიიჩნევს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი ბათუმის მერიასაც მიმართავს – „მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთის თაობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იხელმძღვანელოს სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნების კანონისმიერი საჯარო ინტერესებისა და რეკომენდაციაში ასახული და მოქმედი სტანდარტების შესაბამისად“.

ომბუდსმენი საკრებულოს და ბათუმის მერიასაც „ორჰუსის კონვენციას“ ახსენებს, რომლის მიხედვითაც, „სარეკრეაციო ტერიტორიასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე დაინტერესებული საზოგადოების სათანადო და გასაგები ფორმით ინფორმირება და გადაწყვეტილებების მიღების ადრეულ ეტაპზევე მათი ჩართულობა უნდა მოხდეს“.

 

 

 

ძლიერი ქარის შემდეგ შსს-მ 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება

ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავებისა და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ოფიციალური მონაცემებით, ბათუმში 4 ადამიანი დაშავდა და ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, დაზიანდა 13 ავტომანქანა.

ამ დრომდე ბათუმში რამდენიმე ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთია გადაკეტილი, რადგან სამაშველო სამსახური ქუჩებს დაზიანებული ხეებისგან ათავისუფლებს. სამაშველო სამსახურში დღეს, 16 იანვარს, ბათუმიდან 40 შეტყობინება შევიდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ სამაშველო, პრევენციულ და საგამოძიებო ღონისძიებებს,“- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მოქალაქეების დაშავების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. გამოძიება დაწყებულია 124-ე მუხლითაც, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან ნაკლებად მძიმე, გაუფრთხილებლობით დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

ავტომობილების დაზიანების ფაქტზე კი, გამოძიება სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

 

Exit mobile version