მთავარი,რეკლამა,სიახლეები

როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ ქალაქის დაგეგმვაში

10.04.2019 • 2267
როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ ქალაქის დაგეგმვაში

ბათუმს განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმა ამ დრომდე არ აქვს, გენერალური გეგმის არარსებობის პირობებში კი ქალაქმშენებლობის პროცესი ძირითადად მშენებელთა  ინტერესების კარნახით მიმდინარეობს.

ქალაქი არის რესურსი, რომლის სიკეთეებიც თანასწორად უნდა გაინაწილოს ქალაქმაც და იმ ინვესტორებმაც, რომელთაც ქალაქში დაგეგმილი სამშენებლო პროექტების განხორციელება სურთ, რადგან ურბანული ცხოვრების წესი სწორედ ქალაქის რესურსის თანასწორად გადანაწილებას მოითხოვს.

თუ თქვენ ბათუმში ცხოვრობთ და არ მოგწონთ როგორ ვითარდება ქალაქი, გაწუხებთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ქაოსური მშენებლობები, გამწვანებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ნაკლებობა და ა.შ., შეგიძლიათ ბათუმის საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიმართოთ, რომ თქვენი, ერთი მოქალაქის ხმა, უკეთ იქნეს გაგონილი და გათვალისწინებული.

ბათუმის საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას განიხილოს და დღის წესრიგში შეიტანოს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, პრობლემური საკითხი. საბჭო პლატფორმაა ყველასთვის, ვისაც სათქმელი აქვს: მოქალაქეებს, მენაშენეებს, მერიას, თვითმმართველობას თუ სამეცნიერო წრეებს.  

მოქალაქეთა ჩართულობა რომ აუცილებელია, ამას ხაზი გაესვა ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ NDI-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზეც, რომელსაც ბათუმის საკრებულოს, მერიის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ასევე, სხვადასხვა დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ბათუმის ურბანული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ორი ძირითადი საკითხი:

  • მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა ურბანული საკითხების გადაწყვეტის პროცესში
  • სამშენებლო პროცესზე ზედამხედველობის მექანიზმის გაძლიერება

სწორედ ამის გამო ბათუმის ურბანული განაშენიანების პროცესი ქაოტურად ვითარდება, რის შედეგსაც მეტნაკლებად ყველა ბათუმელი გრძნობს: ზოგიერთ სახლში მზის შუქი და ჰაერი აღარ შედის,  მაღალსართულიანი მშენებლობების გამო, ზოგიერთ უბანს სკვერი და ბაღი არ აქვს… ამ პროცესში ყველა მხარეს პრეტენზიები აქვს: მენაშენეებს, მოქალაქეებს, თვითმმართველობასა და მერიასაც კი. უსისტემო ურბანული პროცესები ყველას აზარალებს, ყველას შეეხება, ამიტომაცაა აუცილებელი კონკრეტულ წესებზე შეთანხმება. სწორედ ამ შეთანხმების მისაღწევად არის საჭირო საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო.

„ხშირად არ ვიცით ვის მივმართოთ და სად ვისაუბროთ ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ. მრჩეველთა საბჭო ის ადგილია, სადაც ყველას ლეგიტიმურად გვაქვს პრობლემური საკითხების წამოჭრის უფლება“ – ამბობს ირმა ზოიძე, საგამოძიებო სტუდია REC -ის დირექტორი. მისივე თქმით, მთავარია ყველა მოქალაქემ, დაინტერესებულმა პირმა გააცნობიეროს, რომ ცვლილებები თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, ამიტომაც საჭიროა მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და ვისაუბროთ.

“სტუდია REC”-ის კვლევა,საზოგადოების დამოკიდებულება ურბანული პროცესების მიმართ.

„თუ სახლის წინ სკვერს გვინგრევენ, კაზინოს გვიშენებენ და მიგვაჩნია, რომ სკვერი უფრო გჭირდება, ამის თქმის ლეგიტიმაცია გვაქვს, არ უნდა ველოდოთ, რომ ხელისუფლება ეტყვის ჩვენს სათქმელს დეველოპერს. პროცესში ჩვენვე უნდა ვიყოთ ჩართულები მაქსიმალურად. სწორედ ამას უზრუნველყოფს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. დღის წესრიგში დაყენებული საკითხების განსახილველად კი საბჭო საკრებულოს, მერიას, საკრებულოს კომისიებს მიმართავს“ – ამბობს ირმა ზოიძე.

მისივე თქმით, საკრებულოს სამოქალაქო  მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში ჩაერთვებიან ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო და აკადემიური წრეები. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში აცხადებს, რომ ის მზადაა არა მხოლოდ ადამიანური რესურსი, არამედ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და კვლევითი ლაბორატორიებიც ჩართოს ურბანული პოლიტიკის განსაზღვრაში.

ქალაქის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურება გულისხმობს საჯარო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობასაც. საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია ონლაინ პლატფორმა marte.ge – ზე მოუყაროს თავი ქალაქში მიმდინარე მშენებლობების შესახებ საჯარო დოკუმენტებს, მენაშენეს მხრიდან მერიაში შეტანილი განაცხადიდან დაწყებული მშენებლობაზე გაცემულ ნებართვების ჩათვლით, რითაც უზრუნველყოფილი იქნება დოკუმენტების საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უფლება.

მრჩეველთა საბჭოს ინტერნეტ პლატფორმა marte.ge გულისხმობს ბიუჯეტის ცვლილებებთან დაკავშირებულ და სხვა ტიპის საჯარო დოკუმენტების ხელმისაწვდომობასაც, თუმცა საბჭოსთვის ასევე პრიორიტეტულია ქალაქის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებული მასალების მაქსიმალური საჯაროობა.

ვისგანაა დაკომპლექტებული საკრებულოს მრჩეველთა საბჭო, როგორ მუშაობს და არიან თუ არა მისი წევრები მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი პირები? ამ კითხვებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი და საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სპიკერი თეონა დიასამიძე პასუხობს:

„საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭო აერთიანებს ბათუმის ცამეტი ტერიტორიული ერთეულის, ცამეტი უბნის ამდენივე დარბაზის ხელმძღვანელებს, რომლებიც მოსახლეობაში მაღალი ნდობით სარგებლობენ. (დარბაზები აერთიანებს ამხანაგობებსაც) დარბაზში ყველას შეუძლია მოსაზრებების დაფიქსირება და პრობლემების წამოჭრა.

საკრებულოს მრჩეველთა საბჭოში წარმოდგენილია ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის ორი წარმომადგენელი, ორი ჟურნალისტი და ბიზნესის ორი წარმომადგენელი – სულ 19 წევრი. ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც აქვს კითხვები, პრეტენზიები და მოსაზრებები ქალაქში მიმდინარე მშენებლობების, ურბანული განვითარების შესახებ, შეუძლია ასევე მოგვწეროს პლატფორმაზეmarte.ge, რის შემდეგაც საბჭო საკითხებს საკრებულოს, კომიტეტების სხდომებზე გაიტანს. საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობა ეჭვს არ იწვევს, რადგან ისინი საკუთარ ტერიტორიულ ერთეულებში ხალხის მიერ არიან არჩეულები“ – ამბობს თეონა დიასამიძე.

თუ კი  მრჩეველთა საბჭოს ვებგვერდს – marte.ge – გაეცნობით, ნახავთ, რომ საბჭოს  თქვენი იდეები და ინიციატივები ელექტრონულადაც შეგიძლიათ მიაწოდოთ. საბჭო თქვენს იდეას, ბათუმის საკრებულოს, მერიას და მათთან არსებულ საბჭოებს წარუდგენს.

ბათუმის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემების გადასაჭრელად არასამთავრობო ორგანიზაცია Studio Rec – მა კვლევის შედეგად სპეციალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებიც შეიმუშავა.

Studio Rec – ის რეკომენდაციები მოიცავს ქალაქის გენერალური გეგმის აუცილებლობის, საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზების ეფექტურად გამოყენების, ზონირებასთან დაკავშირებული საკითხების მაქსიმალურ გამჭვირვალობასთან და ქალაქმშენებლობის სხვა საკითხებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს.

[checklist]

  • Studio Rec – ის ურბანულ თემატიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

[/checklist]

ბათუმში მიმდინარე ურბანული პროცესებით დაინტერესებული პირებისთვის 16 აპრილს იმართება NDI-ის შემაჯამებელი შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით.

პანელდისკუსიის მთავარი თემა იქნება გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ბათუმის ურბანული პოლიტიკის განვითარებაში.

შეხვედრა გაიმართება 16 აპრილს, 11 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. (მის: ნინოშვილის/რუსთაველის ქ. #35/32)

“სტუდია REC”-ის კვლევა,საზოგადოების დამოკიდებულება ურბანული პროცესების მიმართ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: