მთავარი,სიახლეები

ბათუმში ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა მაისში დაიწყება

11.04.2019
ბათუმში ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა მაისში დაიწყება

„მინდა მოგილოცოთ, ნამდვილად მოსალოცი ამბავი არის. ჩვენს რეგიონში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღარ გვქონდეს ჩაწოლილი პროექტები. 2009 წელს არის დაწყებული ეს პროექტი. კატეგორიულად მიუღებელია ათი წლის მანძილზე ვერ ვახერხებდეთ პროექტების განხორციელებას,“ – ამ სიტყვებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის მცხოვრებლებს ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა დღეს მიულოცა.

აჭარაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყარის მშენებლობისთვის 7 მილიონი ევრო დაიხარჯება. პროექტის ხელშეკრულებას ხელი დღეს, 11 აპრილს, საზეიმოდ მოეწერა.

ახალ ნაგავსაყარს ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია “გოგსენ ინსაათი“ ააშენებს.

როგორც „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ხალვაში „ბათუმელებთან“ ამბობს, უშუალოდ მშენებლობის პროცესი მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან დაიწყება.

„რეალურად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ხვალ [12 აპრილს] ინჟინრები ჩამოვლენ, ადგილზე გაეცნობიან მდგომარეობას და დაიწყება ე.წ. მობილიზაციის პერიოდი, რომელიც უნდა გაგრძელდეს ორი თვე. მაისის ბოლოს ჩვენ უნდა დავიწყოთ მშენებლობა,“ – ამბობს გიორგი ხალვაში.

ხელშეკრულების მიხედვით, „გოგსენ ინსაათს“ ნაგავსაყარის ასაშენებლად 18 თვე აქვს.

პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონი ევროა, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) იაფი სესხის ფარგლებში გამოყოფს, ხოლო 4 მილიონ ევროს გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) გამოყოფს.

ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს.

მშენებლობის პარალელურად ნარჩენების მართვის ობიექტის ექსპლოატაციისთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტების დანადგარ-მოწყობილობებს შეიძენენ.

 

„ჰიგიენა 2009“-დან 5 მილიონის მითვისების შემდეგ დირექტორი მეორედ შეცვალეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: