სიახლეები

ხელვაჩაურში 1937-1938 წლებში დახვრეტილთა საფლავებს ეძებენ

10.06.2015 • 2333
ხელვაჩაურში 1937-1938 წლებში დახვრეტილთა საფლავებს ეძებენ
  •  ბატონო რამაზ, რატომ დადგა დღის წესრიგში ამ კომისიის შექმნის აუცილებლობა?

ამ საფლავების მოძიების ინტერესი ხალხში ყოველთვის არსებობდა. საბჭოთა პერიოდში ბუნებრივია ამას არავინ აქცევდა ყურადღებას და მიჩქმალული იყო. დამოუკიდებლობის შემდეგ კი, ხალხში ისევ გაჩნდა ამ საკითხის მიმართ ინტერესი. გამსახურდიას ხელისუფლების დროს მე უზენაესი საბჭოს წევრი ვიყავი და დახვრეტილი პირების შესახებ საარქივო დოკუმენტების მოძიება დავიწყე.

  •  რა ცნობები არსებობს რეჟიმის მიერ დახვრეტილი პირების შესახებ?

საარქივო მასალების მიხედვით, ბათუმში 760 ადამიანია დახვრეტილი. მათ შორის, 12 ქალია. მასალების მიხედვით უცხოელებიც არიან დახვრეტილი, ისინი, ვინც თურქეთიდან იყვნენ გადმოსულები. სიები ორ ნაწილად დავყე, პირველი ნაწილი „ბათუმელებში“ გამოვაქვეყნე და ვითხოვე, რომ ამ ადამიანების შესახებ ვისაც რა ცნობა ჰქონდა, მოეწოდებინა. მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა, მოგვაწოდეს ფოტომასალებიც. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, მაშინ ერთი პატარა წიგნი გამოვეცი.

  • დაახლოებით რომელ ადგილებზეა საუბარი, სადაც ფიქრობთ, რომ დახვრტილთა საფლავები აღმოჩნდება?

ერთი-ორი ადგილის შესახებ მეც მაქვს ინფორმაცია, არის საუბარი ადლიაზე, ფერიასა და ჭოროხის სანაპიროზეც არსებობს ინფორმაცია. ერთ-ერთ სავარაუდო ადგილად ე.წ. `სალიბაურის სამთავრობო სახლის~ მიმდებარე ტერიტორიაც სახელდება. ამ ადგილების შესახებ ინფორმაციას საბჭოთა ხელისუფლება ასაიდუმლოებდა, თუმცა გარკვეული ინფორმაცია დოკუმენტებში და ხალხში მაინც შემორჩენილია.

  • როგორ მოხდება ამ პირების იდენტიფიცირება, ხომ შეიძლება იმ ადგილებში სხვა ადამიანებიც ყოფილიყო დაკრძალული?

ეს ადგილები საარქივო მასალებშია მითითებული. გარდა ამისა, ხალხს აქვს ინფორმაცია, თუ სად ყრიდნენ დახვრეტილ ადამიანებს. აქ საეჭვო არაფერია. საბჭოთა პერიოდში არსებობდა ჯგუფი, რომელსაც კვალმაძიებლებს ეძახდნენ და ჩვენც მათ მსგავსად გადავწყვიტეთ, რომ მოგვეძია მათი საფლავები.

  • დნმ-ს დადგენა საჭირო არ იქნება? ამ დონეზე თუ აპირებთ შესწავლას?

ეს ძალიან რთული სამუშაო იქნება, არა მგონია ამას გავწვდეთ. ამ ადამიანების შთამომავლები თუ ისურვებენ, მათ შეუძლიათ დნმ-ის ანალიზი გააკეთონ. კომისია რამდენიმე დღეა რაც ამოქმედდა, ამიტომ ბევრი დეტალი დასაზუსტებელია. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ იქ ნამდვილად იმ ადამიანების ნაშთები აღმოჩნდება.

  •  კომისიაში რამდენი ადამიანია და რა მეთოდოლოგიით აპირებთ მუშაობას?

ექვსი ადამიანია ჯგუფში. ინიციატივა ხელვაჩაურის გამგეობის თანამშრომელს ზურაბ ზაქარაძეს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ჯუმბერ ვარდმანიძეს ეკუთვნის. ამ დროისთვის კომისიის წევრები ენთუზიამზე მუშაობენ, ჯერ მხოლოდ პირველი სხდომა იყო და დეტალები ბოლომდე არ განხილულა. მუშაობის პროცესში ალბათ უფრო გამოჩნდება, რა როგორ უნდა გაკეთდეს. ძიების პროცესში თუ გამოჩნდება დაფინანსების აუცილებლობა, ალბათ საკრებულო გამოყოფს საჭირო თანხას.

  •  რა იქნება ამ საფლავების აღმოჩენის შემდეგ?

გვინდა, რომ უდანაშაულოდ დახვრეტილი ადამიანების ნაშთები ერთ ადგილზე გადავასვენოთ და იქ მემორიალი დავდგათ, სადაც ამ ადამიანების სახელი და გვარები იქნება ამოტვიფრული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: