მთავარი,სიახლეები

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელები თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

03.10.2018 • 5614
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელები თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დღეს, 3 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის [თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით] სამშენებლო კომპანია ,,სვეტის“ ხელმძღვანელი პირები გ.ჯ. და თ. ჯ. დააკავეს. 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  ბრალდებულებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. სწორედ ამ მიზნით, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მიერ 2016 წლის დასაწყისში დაანონსდა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება ისე, რომ კომპანიას მშენებლობის შესაბამისი ნებართვები არ ჰქონდა მიღებული. დიდი ოდენობით თანხის მოსაზიდად, ჩატარდა აქტიური სარეკლამო კამპანიაც, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით, რითაც მოხდა ბინის შეძენით დაინტერესებული როგორც ადგილობრივი ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მოზიდვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გ.ჯ. და თ.ჯ. მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიების პროცესში 5 000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მათ შორის ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 2000-ზე მეტი მენაშენე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირი. ამოღებულია დეველოპერულ კომპანია „სვეტთან“ კავშირში მყოფი ორგანიზაციების: შპს „სვეტი დეველოპმენტის“, შპს „სვეტის“, შპს „სვეტი ჯგუფის“, შპს „სვეტი ნუცუბიძის“ და შპს „ვანკონსტრაქშენის“ საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია, რომლებზეც დაინიშნა თემატური შემოწმება და რევიზია. პარალელურად, კომპანიების მიერ ქალაქ თბილისში (მირცხულავას ქუჩა N9/11, ჭყონდიდელის ქუჩა N22, ნუცუბიძის ქუჩა N125, წერეთლის გამზ. N27) და ქალაქ ბათუმში (თამარ მეფის ქუჩა N1) მშენებარე ობიექტებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით, დაინიშნა და ამჟამადაც მიმდინარეობს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზები.

შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ ყველა მენაშენე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიადგათ მატერიალური ზიანი, ცნობილ იქნებიან დაზარალებულებად.

ამავე თემაზე:

კომპანია „სვეტის“ საქმეზე გამოძიება გრძელდება, დაკავებული არავინაა – საგამოძიებო

„ორბმა“ თამარის დასახლებაში „კაისა“ და ზღვისპირა ტერიტორია იყიდა

_______________

მთავარი ფოტო: „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ შეჩერებული მშენებლობა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: