მთავარი,სიახლეები

ისტორიკოსი: სამარხი შეიძლება არა რეპრესირებულების, არამედ თურქი ჯარისკაცების იყოს

05.04.2019 • 5420
ისტორიკოსი: სამარხი შეიძლება არა რეპრესირებულების, არამედ თურქი ჯარისკაცების იყოს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ დღეს, 5 აპრილს, ფეისბუქზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანების ნეშტებს 21 აპრილს დაკრძალავენ. ინფორმაციას თან ერთვის ფოტომასალაც. ნეშტები რამდენიმე თვის წინაა ნაპოვნი, თუმცა ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გათხრებში არ ყოფილან ჩართული არქეოლოგები, ასევე უცნობია, რა კვლევები ჩაატარა ეპარქიამ სამარხის შესასწავლად.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება, მათ შორის: ჩატარდა თუ არა კვლევები, ვინ იმუშავა ამ კვლევებზე და სამარხში ნამდვილად არის თუ არა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ნეშტები.

„არ გამოირიცხება ეჭვი, რომ ეს შესაძლოა არ იყოს რეპრესირებულ ადამიანთა ნეშტები. მსგავსი სამარხების შესწავლა უკიდურესი პროფესიონალიზმის საკითხია, სადაც ხდება სამარხების შესწავლა, გახსნა ხდება ძალიან ფრთხილად, ხდება ამ არქეოლოგიური ზონის შესწავლა, ფიქსაცია, ყველა დადგენილი წესითა და სტანდარტით, თანამედროვე პირობებში 3D სკანირებასაც აკეთებენ ამ ზონების, შემდეგ ხდება ოფიციალური, სამედიცინო-კრიმინალისტური ექსპერტიზა, ხდება შესწავლა, რა იყო გარდაცვალების მიზეზი, თუ ეს ცეცხლსასროლი ჭრილობაა – კონკრეტულად რა დაზიანებები აღინიშნება, ხდება ბალისტიკური ანალიზი და მერე ამ ყველაფრის შედარება იმ ცოდნასთან, რაც მეტ-ნაკლებად ამ სფეროში გარკვეული ადამიანებისთვის ცნობილია, თუ როგორ ხდებოდა, რა წესების და მიდგომების გამოყენებით მასობრივი დახვრეტები ამ პერიოდში“,  – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ირაკლი ხვადაგიანი

მისი თქმით, ეპარქიის მიერ გავრცელებული ფოტომასალაც ბადებს კითხვებს:

„რა თქმა უნდა, ყველა მასალა არ არის წარმოდგენილი, მაგრამ იმ სურათებზე, რასაც ვხედავთ, სულ ორ-სამ ადამიანს თუ აღენიშნება გარკვეული კვალი თავის ქალაზე, მაშინ, როცა ეს მკაცრად მოწესრიგებული საკითხი იყო რეპრესიული მანქანის მხრიდან, დახვრეტა ხდებოდა არა მსხვილი კალიბრის, არამედ რევოლვერის ტიპის, წვრილკალიბრიანი იარაღით, კეფაში გასროლით, ანუ ეს უნდა ყოფილიყო სიკვდილის შემცველი ჭრილობა. ეს არა მხოლოდ საბჭოთა პრაქტიკის ნაწილია, ასე ხდებოდა ყველგან, სადაც ამ ტიპის ტოტალიტარული რეჟიმი იყო, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ეს ერთგვარი, საერთო პრაქტიკაა.

ამასთან გასათვალისწინებელია, იყო თუ არა რაიმე ნივთები დაფიქსირებული ამ ადამიანების ნაშთებთან. ჩვენს შემთხვევაში, მით უმეტეს 20-30-იან წლებში, მსხვერპლთა აბსოლუტურ უმრავლესობას ყოველგვარი პირადი ნივთი და ტანსაცმელი ჩამორთმეული ჰქონდა დახვრეტის მომენტში, ანუ მხოლოდ საცვლების ამარა, ხელშეკრულებს ხვრეტდნენ, ეს აუცილებელი პირობა იყო, რომ მსხვერპლს არ გაეწია წინააღმდეგობა, და, რა თქმა უნდა, თუ კი რაიმე ნივთები აღმოჩნდა მათთან, ამ ნივთებსაც სჭირდება შესაბამისი ანალიზი. ნაშთებიდან აუცილებელია დნმ-ის ანალიზის აღება, მისი შენახვა, დაფიქსირება, რომ შემდეგ მოხდეს მისი გამოყენება და შედარება, წესით ეს უნდა ხდებოდეს.“

ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ კითხვები ჩნდება იმ ადგილთან დაკავშირებითაც, სადაც სამარხი იქნა აღმოჩენილი.

„ვიცით, რომ ეს ზონა, ბათუმის მისადგომები, იყო აქტიური საბრძოლო მოქმედებების ველი მინიმუმ ორჯერ მეოცე საუკუნეში – 1919 და 1921 წელს. სავსებით არ შეიძლება გამორიცხვა, თუ კი დასკვნა საწინააღმდეგოს არ ამბობს [თუ ასეთი დასკვნა არსებობს], რომ საქმე გვქონდეს ბრძოლაში რომელიმე მხრიდან დაღუპული ჯარისკაცების სამარხთან, უფრო სავარაუდოა ოსმალური და თურქული არმიის ჯარისკაცების საძმო სამარხთან გვქონდეს საქმე.

კვლევაა საჭირო, სადაც ეს ნაშთები იქნა ნაპოვნი, რას წარმოადგენდა ეს ტერიტორია იმ დროს, როდესაც ვვარაუდობთ, რომ ხდებოდა მასობრივი დახვრეტები, რადგან ესეც გარკვეულწილად გვკარნახობს იმ ლოგიკას, რომ საბჭოთა რეპრესიების მანქანა ასე ნაუცბათევად შერჩეულ ტერიტორიაზე მსგავს საქმიანობას არ ახორციელებდა, ამას სპეციალური ზონები სჭირდებოდა და,  შესაბამისად, ესეც გამოსაკვლევია და ბევრ რამეზე შეიძლება მიუთითებდეს.

ეს არის მთელი რიგი კითხვებისა, რომელიც გაჩნდა. თუ კი დადასტურდება, რომ ეს ის არის, რაც გვგონია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომ პირველად მოხდა მსხვერპლთა მასობრივი სამარხის იდენტიფიკაცია და მით უმეტეს, თუ ეს დადასტურებულია, ასე ნაჩქარევად ამ ნაშთების ისევ დაკრძალვა, კვლევის გარეშე, არ მგონია გამართლებული ნაბიჯი“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

იგი აღნიშნავს, რომ ეკლესიას აუცილებლად უნდა აინტერესებდეს ეს თემები, მაგრამ საკითხის შესწავლაში სპეციალისტები უნდა ჩართულიყვნენ.

„უკანასკნელ ეტაპზე საჯაროვდება ინფორმაცია ამის შესახებ, რომ ნაპოვნია სამარხი და მოხდება დაკრძალვა, ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის გარეშე. არც ვიცით ჩატარდა თუ არა, ან ვინ ჩაატარა არქეოლოგიური, სამედიცინო, კრიმინალისტიკური ექსპერტიზა, რამდენად კომპეტენტური ჯგუფები მონაწილეობდნენ ამაში და რატომ გახდა ბოლო, უკანასკნელ ეტაპზე ეს ინფორმაცია საჯარო, მაშინ როცა სამუშაოს დაწყების მომენტშიც კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს ინფორმაცია ყოფილიყო ღია და ხელმისაწვდომი – ყველა დაინტერესებულ ჯგუფს ჰქონოდა საშუალება დაკვირვებოდა პროცესს და თავისი კონტრიბუცია შეეტანა ამ საქმეში.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ აჭარაში, როცა ვლაპარაკობთ დიდ ტერორსა და რეპრესიებზე, 20-30-40-იანი წლების ბოლომდეც კი და უკანასკნელ ხანებამდეც, ძირითადად, მუსლიმები ცხოვრობდნენ,  ასე რომ თუ კი მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს პოზიცია, რომ გარდაცვლილების პატივისცემაა საჭირო და ის ამას აკეთებს, ზრუნავს ნაშთების პატივისცემაზე, რატომ უნდა იყოს ამ პროცესიდან გათიშული მუსლიმი თემი.

არ ვიცით რა ფორმა ექნება დაკრძალვას, ეს იქნება სამოქალაქო ცერემონია თუ რელიგიური. თუ რელიგიური იქნება, ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა, ერთის მხრივ მისასალმებელია, თუ კი მართლმადიდებლური ეკლესია ამბობს, რომ ილოცებს და პატივს მიაგებს მსხვერპლს, განურჩევლად მათი რწმენისა და თუ კი მას ასეთი პოზიცია აქვს, მაშინ თავისთავად გზა უნდა გაუხსნას სხვა კონფესიის წარმომადგენლებსაც, რომ მათ სიმბოლურად, რელიგიურად, მსხვერპლის პატივისცემა შეძლონ“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ბათუმში დიდი ტერორის დროს დახვრეტილთა საფლავებს 2014 წლიდან ეძებენ. 2015 წელს საგანგებო კომისიაც კი შეიქმნა, რომელსაც ამ თემაზე უნდა ემუშავა, თუმცა საბოლოოდ ამ საკითხში ჩართული მხოლოდ ეპარქია აღმოჩნდა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის  განცხადებით, ადგილი, სადაც სამარხები აღმოჩნდა, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში, დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე და სწორედ აქ გაითხარა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო. ეპარქიის განცხადებით, ნეშტების ამოსვენება „შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით“ მოხდა.

________

მთავარ ფოტოზე: საფლავი. ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, FB

გადაბეჭდვის წესი


ასევე: