“ერთხელ მაინც დაგველაპარაკეთ?” – მუსლიმების კითხვა მერიას [რეპორტაჟი სასამართლოდან]


ბათუმის მერიის იურისტმა ვახტანგ გედენიძემ სასამართლოს იგივე უთხრა, რაც გუშინ, 9 აპრილს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თქვა – „დიალოგის რესურსი არ ამოწურულაო“. საქმე ეხება ბათუმში მეჩეთის მშენებლობის უფლებას, რაზეც მუსლიმ თემს ყოფილმა მერმა გიორგი ერმაკოვმა უარი უთხრა. მოქმედმა მერმა ლაშა კომახიძემ გასული წლის თებერვალში განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუსლიმებთან დიალოგს გამართავდა, მაგრამ ეს დიალოგი დღემდე არ შემდგარა.

„ამ დავას მერია ვერ გაექცევა. შესაბამისად, გაჭიანურების მიზანი მერიას არ გააჩნია,“ – თქვა ვახტანგ გედენიძემ, ბათუმის მერიის იურისტმა „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“.

მერიის წარმომადგენელს კითხვით მიმართა ნოდარ პაქსაძემ მუსლიმი თემიდან:

„უარი რაც გვითხრა მერიამ, 26 თვე გავიდა. ერთხელ მაინც შეგვხვდით? დაგველაპარაკეთ? ჩვენ უარი გია ერმაკოვმა გვითხრა. ახლა ლაშა კომახიძეა და ისიც წავა. მერე ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი? ვის ველაპარაკოთ? ბატონო მოსამართლევ, ეს საკითხი ჩვენთვის ღირსების საქმეა“.

ამ გამოსვლის შემდეგ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დაასრულა ნახევარსაათიანი მსჯელობა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ. ახლა მან უკვე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და მხარეთა პოზიციებს ისმენს.

ვიდრე მერიის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე მოსამართლე უარს იტყოდა, მან მუსლიმი თემის დამცველ იურისტებს მიმართა:

„ამ დავის უკან დგას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესი და არა მხოლოდ თქვენი, იურისტების წარმატება, რომ საქმე მოგებით დაასრულოთ,” – აღნიშნა მოსამართლემ.

მოსამართლემ და მერიის იურისტმა ასევე გადაწყვიტეს, რომ მშენებლობის ნებართვის პროცედურების განმარტება გაეკეთებინათ დარბაზისთვის.

„გასაჩივრებულია მხოლოდ მშენებლობის პირველი ეტაპის უარი, რაც უკავშირდება მიწის ნაკვეთის სამშენებლო მიზნით გამოყენებას… არსებობს მეორე და მესამე ეტაპი,” – თქვა მოსამართლემ. მან თავისი გამოსვლა იმის ხაზგასმით დაასრულა, რომ სარჩელი რომც დააკმაყოფილოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვა გაცემული იქნება.

სასამართლო განხილვა გრძელდება. მუსლიმი თემის ნაწილი განხილვას ვერ ესწრება, რადგან დარბაზში ყველა ადგილი დაკავებულია.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რატომ არ გაიმართა სასამართლო სხდომა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. სასამართლოს ეს მიდგომა საქმის გაჭიანურებად შეაფასა “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა”.

ბოლო სხდომა „ბათუმში მეჩეთის აშენების საქმეზე“ 2018 წლის 20 თებერვალს გაიმართა. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბათუმის მერიის მიმართვა გახდა, რომლის მიხედვითაც, მერი ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან მოლაპარაკებას გამართავდა. მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა და ამის შესახებ სასამართლოს გასული წლის აპრილში ეცნობა, თუმცა დღემდე სასამართლოს მორიგი სხდომა არ ჩაუნიშნავს.

მუსლიმმა თემმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისს მიმართა, მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ უარი თქვა ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე. სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC-ი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI წარმოადგენენ.

____

მუსლიმები წლებია ითხოვენ ბათუმში მეჩეთის აშენების უფლებას. თავდაპირველად ისინი სახელმწიფოს მიწის გამოყოფას სთხოვდნენ მეჩეთის ასაშენებლად. სახელმწიფომ მათ მიწა არ გამოუყო. შემდეგ, წლების განმავლობაში, მუსლიმი თემი თავად აგროვებდა თანხას და 2017 წელს მიწის ნაკვეთიც შეიძინეს, სადაც მეჩეთის აშენებას გეგმავდნენ, თუმცა მათ სახელმწიფომ მშენებლობის ნებართვაზე უარი უთხრა.

მეჩეთისთვის ნაყიდ ტერიტორიაზე თავად თემმა ფიცრული ააშენა, სადაც უკვე ორი წელია  ლოცულობენ მუსლიმები.

დღემდე ბათუმში ერთი მეჩეთი ფუნქციონირებს. მორწმუნეებს კი, პარასკევის ლოცვის შესრულება ქუჩაში უწევთ.

ბათუმში 38 ათასამდე მუსლიმი ცხოვრობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი