მთავარი,სიახლეები

ნეშტების საქმეზე სამთავრობო კომისია შეიქმნება ეპარქიისა და სამუფთოს ჩართულობით – რიჟვაძე

11.04.2019 • 1250
ნეშტების საქმეზე სამთავრობო კომისია შეიქმნება ეპარქიისა და სამუფთოს ჩართულობით – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში სამარხში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად სპეციალური სამთავრობო კომისია იქმნება. როგორც რიჟვაძე აცხადებს, სამთავრობო კომისიას აჭარის მთავრობა ქმნის. რიჟვაძის თქმით, კომისიაში წარმოდგენილნი იქნებიან სამუფთო სამმართველოს და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენლები.

„მე მქონდა ძალიან აქტიური კონსულტაცია როგორც ეპარქიასთან, მეუფესთან, ასევე სამუფთო სამმართველოსთან და მივიღე გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც დეტალურად შეისწავლის აღნიშნულ საკითხს. ამ ადამიანებს მიეგება სათანადო პატივი და სამოქალაქო წესით ვაპირებთ, რომ ის პატივი, რომელიც ამ ადამიანებს უნდა მიეგოს, მივაგოთ.

სამთავრობო კომისიაში იქნებიან ეპარქიისა და სამუფთოს წარმომადგენლები, მაგრამ  კოორდინაციას გაუწევს მთავრობის აპარატი და ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას, რომ პროცესები წარიმართოს კანონმდებლობის და ყველას პატივისცემის შესაბამისად“.

თორნიკე რიჟვაძემ არც ის გამორიცხა, რომ კომისიაში შესაძლოა ექსპერტებიც მიიწვიონ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 აპრილს გამოაქვეყნა 2017 წელს აღმოჩენილი სამარხიდან ამოღებული ნეშტების ფოტოები. ეპარქიის განცხადებით, ეს არის სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა საერთო სამარხი. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ ფოტოებთან ერთად განაცხადა, რომ ნაპოვნია 150 ნეშტი.

ეპარქიის განცხადებამ, რომ ნეშტების დაკრძალვას აპირებს 21 აპრილს, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოქალაქეები ითხოვენ, ნეშტები სათანადო შესწავლის გარეშე არ დაკრძალონ.

მუსლიმი თემი აცხადებს, რომ არ შეიძლება ნეშტების დაკრძალვა ქრისტიანული წესით, რადგანაც სამარხში სავარაუდოდ მუსლიმების ნეშტებიც უნდა იყოს.

საბჭოთა კვლევის ლაბორატორიამ გუშინ სახელმწიფოს მიმართა, რომ „ექსპერტებს მიეცეთ საშუალება, შეისწავლონ ნეშტები“.

სახელმწიფო ინსტიტუტები დღემდე აცხადებდნენ, რომ არ აპირებდნენ ამ პროცესში ჩართვას.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: