ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 39.79%-ით გაიზარდა, ბათუმში – 2.01%-ით

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 139 955 მგზავრს მოემსახურა.

სააგენტოს ცნობით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 5.40%-ით არის გაზრდილი. დაფიქსირებული მაჩვენებელი დაახლოებით 9-10%-ით ჩამორჩება სააგენტოს საპროგნოზო მონაცემებს მოცემული პერიოდისთვის, რაც, სააგენტოს განცხადებით, 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას უკავშირდება.

მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ასე ნაწილდება:

[checklist]

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ცხრა თვეში 2 971 398 მგზავრს მოემსახურა, რაც 0.68%-ით (20 180 მგზავრით) მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკაზე.
  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 524 068 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 2.01%-ით (10 336 მგზავრით) მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლებზე.
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გადაყვანილ იქნა 629 618 მგზავრი, სულ 179 201 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში. ამ აეროპორტში მგზავრთნაკადი 39.79%-ით გაიზარდა.

[/checklist]

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში 6 497 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 093 მგზავრით, შესაბამისად 20.23%-ით მეტია ვიდრე გასულ ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ ცხრა თვეში 1 519 მგზავრი მიიღო, რაც 193 მგზავრით მეტია (15%) ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მგზავრების რაოდენობა.

სააგენტოს ცნობით, 2019 წლის განვლილი ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში 512 რეისით მეტი განხორციელდა, ვიდრე გასული წლის სამ კვარტალში. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 19 307, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 16 901, ხოლო ჩარტერების  – 2 406. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 2.72%-ს შეადგენს. უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხით. მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 18 507.686 ტონა შეადგინა, რაც 380.08 ტონით, შესაბამისად, 2.01%-ით ნაკლებია, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 13%-ით შემცირდა, რაც ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას უკავშირდება.

რატომ ამოდის ბათუმის „შერატონიდან“ შავი კვამლი

ბათუმის სასტუმრო „შერატონიდან“ შავი კვამლი ამოდის. სახანძრო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს არ არის ხანძარი.

„გაზი რომ არ არის, დიზელზე მუშაობენ. გენერატორის კვამლია“, – ასე ახსნეს შესამჩნევი კვამლი, რომელიც სასტუმროს კოშკიდან ამოდის.

ბათუმს დღეიდან სავარაუდოდ 2 დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

7 ვაკანსია აჭარის განათლების სამინისტროსა და ახალგაზრდულ ცენტრში

აჭარის ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრში  ხუთი ვაკანტური ადგილის შესავსებად კონკურსი გამოაცხადეს, მათ შორის ისევ არ არის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის პოზიცია. ამ თანამდებობაზე დავით მიქელაძე მოვალეობის შემსრულებლად რჩება.

ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე  აჭარის მთავრობას კონკურსი ერთხელ უკვე გამოცხადებული ჰქონდა, თუმცა განათლების ახალი მინისტრის, მაია ხაჯიშვილის დანიშვნის შემდეგ, კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადეს. როგორც  მინისტრმა მოგვიანებით ახსნა, მიზეზი კვალიფიკაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები იყო, მან კონკურსით გათვალისწინებული მოთხოვნები არასაკმარისად მიიჩნია.

ხუთივე თანამდებობაზე საკონკურსო მოთხოვნებშია  უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, ინგლისური ენის ბ1- დონეზე ფლობა და სამუშაო გამოცდილება.

ხუთი საკონკურსო თანამდებობიდან ოთხზე სახელფასო სარგოდ 1400 ლარია მითითებული, გამონაკლისია მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობა, სადაც სახელფასო სარგოს სახით 2300 ლარია მითითებული, ამ შემთხვევაში განსხვავებულია მოთხოვნებიც. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს მუშაობის სამწლიანი გამოცდილება და იურისტის ან ფინანსისტის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.

კონკურსი გამოცხადებულია ასევე ინტელექტუალურ-კულტურული და საერთაშორისო პროექტების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. საკონკურსო მოთხოვნების მიხედვით, ამ თანამდებობის დაკავების მსურველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ერთწლიანი სამუშაო გამოცდილებით.

კონკურსანტი უნდა ფლობდეს ასევე კომპიუტერულ პროგრამებსა და ინგლისურ ენას [ბ1 დონე]. ამ თანამდებობაზე დასაქმებულის ხელფასი 1400 ლარი იქნება.

კონკურსი გამოცხადებულია ასევე შემეცნებითი და გასართობი პროექტების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსის სპეციალისტის თანამდებობაზე, საკონკურსო მოთხოვნები და განსაზღვრული სახელფასო სარგო იდენტურია.

ახალგაზრდულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა ასევე  ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილების  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის [ბუღალტერი] შესარჩევად. ამ შემთხვევაში კონკურსანტი უნდა ფლობდეს ეკონომისტის კვალიფიკაციას. გარდა ამისა, საკონკურსო პირობა 2-წლიან სამუშაო გამოცდილებას ითხოვს. სახელფასო სარგო ამ თანამდებობაზეც იდენტურია.

საკონკურსო პირობები იდენტურია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზეც [საქმისმწარმოებელი].

აჭარის საარქივო სამმართველოში ორ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადებული აქვს აჭარის განათლების სამინისტროსაც. [ ეს უწყება განათლების სამინისტროს ექვემდებარება]

კონკურსი გამოცხადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და დიგიტალიზაციის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა  [რედაქტორი] და დაკომპლექტებისა და დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობებზე. პირველ შემთხვევაში ხელფასი 1500 ლარი, მეორე შემთხვევაში კი – 1400 ლარია.

ახალგაზრდულ ცენტრში სულ 25 შტატია გათვალისწინებული.

 

რიგითი მოქალაქის მოსაზრება

ავტორი: ნათია სირაბიძე

რამდენიმე წლის წინ კუვეიტში ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლება დავაპირე. ჩემმა მეგობარმა, რომელიც იქ ასწავლიდა, მითხრა: ძალიან კარგი პირობებია, მაგრამ ყველაზე დიდ სირთულეს სტუდენტების მოტივირება წარმოადგენსო. რა გინდა უთხრა ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს, რომლებიც მილიარდერები არიან და სკოლაში “ლამბორჯინით” დადიან. ისწავლე, განათლება მიიღე და… რა?

საქართველოში ყველა მეხუთე ბავშვი მშიერი მიდის სკოლაშიო, ერთმა მკვლევარმა თქვა. მასწავლებლები და მშობლები მათ მოტივირებას მომავლის იმედით ახდენენ: ისწავლეთ, იშრომეთ და აუცილებლად გექნებათ წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებაო… რამდენი სტუდენტისთვის მითქვამს, რომ აუცილებლად მიაღწევენ მიზანს თუ ბევრს ისწავლიან, უწყვეტად იზრუნებენ განათლებაზე, ინოვაციურ გზებს/საშუალებებს მოიფიქრებენ, იაზროვნებენ, ეყვარებათ და ეცოდინებათ თავიანთი ქვეყანა და კულტურა.

ის, რაც დღეს ჩვენთან ხდება, ჩანასახშივე კლავს მოტივაციას და ერთადერთ იმედს ტოვებს, აქ თუ არა, უცხოეთში ხომ მაინც დაფასდება ცოდნა. მაშინ, როცა მსოფლიო ჯილდოზე იყო ქართველი მასწავლებელი წარდგენილი და ჩვენი ახალგაზრდა ნიჭიერი გამომგონებლები ნასაში მიდიან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას უპირებენ ადამიანს, რომელსაც უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვს… არ იცნობს საქართველოს კულტურას და ისტორიას. დიპლომი და კარგი ნიშნები არაფერს ნიშნავს ჩემთვის, ბევრი დიპლომიანი სწორხაზოვანი ადამიანი შემხვედრია, მაგრამ შელახულ ავტორიტეტს რა უშველის?

ბუნებრივია, ერთი და ორი ადამიანის ლიტერატურის თუ მითოლოგიის უცოდინრობას ან უდიპლომობას არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა, არაერთ დეპუტატს თუ მაღალჩინოსანს იგივე პრობლემა ექნება, კარგად რომ გამოიკვლიონ. ისიც ფაქტია, ამ კონკრეტულ კანდიდატს ბევრი სხვა პროფესიული ცოდნა და უნარი აქვს, სხვა მხრივ კერძო სექტორშიც ვერ დაიმკვიდრებდა თავს, მაგრამ უავტორიტეტო უვადო მოსამართლე რა იმედს გვიტოვებს?

ალბათ, ბევრს გააზრებული არ აქვს, რას ნიშნავს სასამართლო ხელისუფლება. ყველა ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო ძლიერ და მიუკერძოებელ სასამართლოზე დგას. ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ  სასამართლოში სამართლიანობის აღდგენის შანსი ყოველთვის არის. იმედი მაინც რჩება ხოლმე ბრძოლის და მოქმედების გასაგრძელებლად. სამართლიანობის აღდგენაც პირობითია. მაგალითად, თვალდაკარგული ადამიანი რაც უნდა დაზარალებულად სცნონ და დამნაშავეები დასაჯონ, თვალს ვერავინ დაუბრუნებს. ვერ აღდგება. რეალურად, უფრო მორალური სამართლიანობისთვის ვიბრძვით და როცა ამის იმედიც არ რჩება, ძალიან მძიმეა.

უღირდა კი ბატონ თადუმაძეს თავმოყვარეობის და ავტორიტეტის შელახვად ეს გამოსვლა? თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ იუსტიციის საბჭო ერთხმად (უპირობო გუნდურობის პრინციპით, სადაც განსხვავებული აზრი დანაშაულია) დაუჭერს მხარს მის უვადო მოსამართლეობას. ეს უპირობო გუნდურობაც უცნაურია, როგორ შეიძლება თუნდაც ერთი პარტიის წარმომადგენლებს განსხვავებული აზრი არ ჰქონდეთ? თუნდაც რომელიმე პიროვნებაზე? წარმოუდგენელია რომელიმე ამერიკელ კონგრესმენს უთხრა, შენ რესპუბლიკელი ხარ და ამიტომ ვისაც გეტყვით, უპირობოდ ის უნდა მოიწონოო.

მაშ, რატომ ვთხოვთ ჩვენს შვილებს, სტუდენტებს აზროვნებას? რატომ უნდა ისწავლონ, განათლება მიიღონ, თვალსაწიერი გაიფართოონ, სამყარო შეიმეცნონ, იდეები მოუვიდეთ გონებაში, ახლებურად და განსხვავებულად შეხედონ მოვლენებს? კი ისინი აუცილებლად იპოვნიან სამსახურს და შეიქმნიან კეთილდღეობას, მაგრამ თუ სასამართლოში დასჭირდათ თავის დაცვა, “საჭიროებისამებრ გაცემული” დიპლომიანი ადამიანები გადაწყვეტენ მათ და მათი შვილების ბედს?

რა ვუთხრა ჩემ შვილს? რატომ სწავლობს ასე შორს, ასეთ რთულ პროგრამაზე, რომელიც 90% დაფინანსების შემთხვევაშიც, თითქმის ხელმიუწვდომელია რიგითი მოქალაქესთვის და 5 ადგილას მუშაობას მოითხოვს. უი ხო, მალე ამასაც შემიზღუდავენ და მორჩა. ვეღარც ამდენს ვიმუშავებთ და ვეღარც ხარისხიან განათლებაზე გვექნება პრეტენზია. რა საჭიროა?

როგორ მოვახდინო ახალგაზრდების მოტივირება ქვეყანაში, სადაც ავტორიტეტი თითქმის აღარავის და აღარაფერს შერჩა? სადაც განათლება პრიორიტეტია, მაგრამ განათლებული ადამიანები ნაკლებად. სადაც კანონმდებლობით გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი თანამდებობის პირს, მინისტრს ან საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს სულაც არ მოეთხოვება უმაღლესი განათლება.

ამ ნიჭიერ ბავშვებში როგორ გავაღვივოთ იმედი, რომ დიდი ცვლილებები ელოდებათ, სწორედ მათი ინოვაციურობის, კრეატიულობის, პრაგმატულობის და ფართომასშტაბიანი აზროვნების გვჯერა და სწავლა-განათლება დიდ წარმატებას მოუტანს როგორც მათ, ასევე ქვეყანას.

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, საჯაროობა და გამჭვირვალობა მაინც შემორჩა, საჯარო მოსმენები და თავისუფალი მედია რომ არა, ვერც ვერაფერს გავიგებდით. მაგრამ იქნებ სჯობს არ ვიცოდეთ და ვიყოთ მშვიდად? დავიბრმავოთ თვალი და დავიხშოთ ყური?

ილიას ლელთ ღუნიამ “რაის ვაქნევ ცარიალ მშვიდაბასო”. იქნებ ჩვენ გვაწყობს? უმრავლესობამ გადაწყვიტოს. მე მხოლოდ ერთი რიგითი მოქალაქე ვარ.

 

ავარიის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა, 2 წლის ბავშვი კი მამასთან ერთად კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 9 ოქტომბერს, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა, დაშავებული 2 წლის ბავშვი და მისი მამა კი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე დაახლოებით დღის 4 საათზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადას გოგო ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. კლინიკაში გადაყვანილი მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

ამავე სამსახურის მონაცემებით, ავარიის შედეგად დაშავდა მეორე ავტომანქანის მძღოლიც, თუმცა მან სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი თქვა.

ამბის გაგრძელება

მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

დაპატიმრებაზე პროკურატურის მოთხოვნას სასამართლო ხშირად აკმაყოფილებს – საია

„შეინიშნება პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია და კრიტიკულად მაღალია სასამართლოს მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის დაკმაყოფილების მაჩვენებელი,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაის“ ახალ ანგარიშში, რომელშიც სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებია შეჯამებული გასული წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით. საია-ს იურისტები სასამართლო პროცესებს აკვირდებოდნენ ბათუმში, თბილისში, ქუთაისში, გორსა და თელავში. ეს ორგანიზაცია მსგავს მონიტორინგს 2011 წლიდან ამზადებს.

საია-ს მონიტორინგმა აჩვენა, რომ უმრავლეს შემთხვევაში [83%] სასამართლო არ ამოწმებს დაკავების კანონიერებას.

„სასამართლო მონიტორინგმა აჩვენა, რომ სასამართლო ნაკლები გულმოდგინებით ეკიდება პატიმრობის პერიოდული გადასინჯვის საკითხს და თითქმის ყველა შემთხვევაში უცვლელად ტოვებს პატიმრობას, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე არ ასაბუთებს პატიმრობის ვადის გაგრძელების აუცილებლობას,“ – წერია საია-ს ანგარიშში.

მონიტორინგი შეეხო საპროცესო შეთანხმების ნაწილსაც. საია-ს შეფასებით, სასამართლო იშვიათად მსჯელობს სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობაზე. ეს ის შემთხვევაა, როცა ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს, ურიგდება პროკურატურას და სასამართლო განხილვა წყდება.

„საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე დაკვირვებამ გამოავლინა არაერთი შემთხვევა, როდესაც პროცესები ჭიანურდებოდა, კერძოდ, სხდომები დაგვიანებით იწყებოდა ან, საკმაოდ ხშირად, გახსნისთანავე ხდებოდა მათი გადადება… საანგარიშო პერიოდში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომებზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ მკვეთრად არის გაზრდილი ოჯახური დანაშაულების პროცენტული მაჩვენებელი, რაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დანაშაულის გამოვლენის გაზრდილ რაოდენობაზე მიუთითებს“, – ვკითხულობთ საია-ს ანგარიშში.

საია-ს დასკვნაში საუბარია ნარკოდანაშაულებზეც. ორგანიზაციის შეფასებით, ამ კუთხით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ კანონმდებლობას ხარვეზები აქვს. „აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად დაიხვეწოს ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ნუსხა და დაწესდეს ადეკვატური სასჯელები,“ – წერია საია-ს ანგარიშში.

„სასამართლო პროცესების მონიტორინგი ცხადყოფს, რომ სისხლის სამართალწარმოება ხარვეზებით მიმდინარეობს, თუმცა, გარკვეულ საკითხებში შეინიშნება გაუმჯობესებული მიდგომები,“ – მიიჩნევენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.

 

მოქალაქემ სასამართლოშიც ვერ გაიგო, რატომ არ აძლევს პოლიცია საზღვრის კვეთის უფლებას

„სასამართლომ სამართლებრივ ვაკუუმში მოაქცია ეს ადამიანები, ისინი ამ გადაწყვეტილებას ვერსად გაასაჩივრებენ“, – ასე აფასებს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან მოქალაქე გიგა ბ.-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. გიგა ბ. ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც საზღვრის დატოვების უფლებას არ აძლევენ. მას არც ერთი ოფიციალური უწყება არ ეუბნება, რატომ შეუზღუდეს კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების თავისუფლება.

გიგა ბ. სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეში მოწმეა. აპრილსა და მაისში იგი სარფის საბაჟოს გავლით ქვეყნის დროებით დატოვებას აპირებდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მებაჟეებმა მას უთხრეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთდა და თუ რატომ ჰქონდა შეზღუდვა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეტყოდნენ. „ბათუმელები“ 2019 ივლისში წერდა გიგა ბ.-ს და სხვა პირების შესახებ, რომლებსაც საზღვის კვეთაზე დაუსაბუთებლად უთხრეს უარი.

გიგა ბ.-ს თქმით, მას გამომძიებელმა უჩა კახიძემ უთხრა, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთდა, თუმცა არ აუხსნია რის საფუძველზე.

„შეზღუდული მაქვს თუ არა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა? რის საფუძველზე მეზღუდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა?“ – ამ კითხვებით გიგა ბ.-მ 7 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა პასუხი მას საერთოდ არ მიუღია.

7 ივნისის მიმართვა

 

„გააუქმეთ გამომძიებლის, უჩა კახიძის უკანონო მოქმედება, რომლითაც შეზღუდული მაქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა,“ – დაუწერა წერილში მოქალაქემ აჭარის მთავარ პროკურორს, ნათია სონღულაშვილს 19 ივნისს, თუმცა მოქალაქემ პასუხი ვერც პროკურატურისგან მიიღო.

19 ივნისის მიმართვა

 

მოქალაქეს არც შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა. 10 ივლისს გიგა ბ.-მ წერილით უშუალოდ მაშინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართა.

10 ივლისის მიმართვა

 

საბოლოოდ, მოქალაქე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მივიდა.

2 ოქტომბრის მიმართვა

 

სასამართლომ მოქალაქის საჩივარი არ დააკმაყოფილა და განჩინებაში ჩაუწერა, რომ საჩივარს ვერც გაასაჩივრებს.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე 4 ოქტომბერს მიღებულ განჩინებაში აღნიშნავს, რომ ვერ დასტურდება, გამომძიებელმა მართლა შეუზღუდა თუ არა მოქალაქეს საზღვრის კვეთის უფლება. მოსამართლე ამავე გადაწყვეტილებაში არაფერს ამბობს, რის გარკვევა სცადა თავად სასამართლომ და რა გამოარკვია.

„წარმოდგენილ საჩივარზე თანდართული მასალებით სასამართლოს არ უდასტურდება, რომ გიგა ბ.-ს მიმართ აღნიშნული უფლების განხორციელებაზე დაუწესდა რაიმე სახის შეზღუდვა და გამომძიებელმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. საჩივრის ავტორის მიერ ასეთი სახის გადაწყვეტილება წარმოდგენილი არ არის,“ – აღნიშნულია სასამართლოს განჩინებაში იმის მიუხედავად, რომ გიგა ბ.-მ სასამართლოს ყველა დოკუმენტი წარუდგინა, რითაც მან საჯარო უწყებებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება სცადა.

საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ მოსამართლეს პროკურატურისგან უნდა მოეთხოვა ახსნა – განმარტება.

„საჩივრის ავტორი განმარტავს, თუ რის გამო ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები. სხვა ბერკეტი მოქალაქეს არ ჰქონდა. სასამართლოს სრულყოფილად უნდა გამოეკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება… ველოდი, რომ ამ მიმართულებით ექნებოდა მსჯელობა მოსამართლეს, მაგრამ ეს განჩინებიდან არ ჩანს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე.

4 ოქტომბერი, სასამართლო განჩინება

 

„საჩივრის განხილვით სასამართლო ადგენს, რომ არ არსებობს გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილება, რის საფუძველზე აეკრძალა გიგა ბ.-ს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა და რომლის საფუძველზეც დაირღვა ან დაირღვევა მისი კონსტიტუციური უფლება. მოქალაქე მხოლოდ აღნიშნავს საჩივარში იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო საზღვარზე მისულს არ მისცეს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა იმ მიზეზით, რომ იგი სარგებლობდა მოწმის სტატუსით. რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, გადაწყვეტილება, ქვეყნის დატოვებაზე უარის თქმის თაობაზე, შესაბამისი უფლებამოსილი პირების მხრიდან და საზღვრის კვეთის შეუძლებლობაზე მას არ გადასცემია,“ – წერია განჩინებაში, რომელიც ამ ფრაზით სრულდება: „განჩინება არ საჩივრდება“.

საია-ს იურისტის განმარტებით, ეროვნულ დონეზე ამ გადაწყვეტილებას გიგა ბ. მართლაც ვერსად გაასაჩივრებს. გამოსავალი მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, მიმართავს თუ არა მოქალაქე ევროსასამართლოს იმის გამო, რომ მას მეზობელ ქვეყანაში გადასვლის უფლება არ მისცეს.

 

რა გაკეთდება €60 მილიონი სესხით ბათუმში და როდის დაიწყება თანხის ათვისება

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW]  მიერ ბათუმისთვის გამოყოფილი 60 მილიონი ევროს სესხის ათვისებას 5 წელი დასჭირდება. „ეს დრო, წინასწარი გათვლებით, საჭიროა მთლიანად პროექტის დასრულებისთვის, რაც შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პერიოდსაც მოიცავს,“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

ამ თანხით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ქალაქ ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების: დაბა ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის, კახაბრის, ადლია-აეროპორტის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა ინჯალოს რეზერვუარების მიმდებარედ, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის განვითარება და გაფართოება, ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობისა და მეჯინისწყლის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ პროექტის სრულად განხორციელებისთვის 60 მილიონი ევრო საკმარისი არ იქნება, თუმცა სამუშაოები პრიორიტეტების მიხედვით შესრულდება. პარალელურად, გარკვეულ სამუშაოებს უშუალოდ ქალაქის მერიაც დააფინანსებს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე ბიოგაზის დამჭერი სისტემის მოწყობაც. ჩაქვის სათავეზე კი, ფაქტობრივად, წყლის ახალი გამწმენდი ნაგებობა უნდა აშენდეს. ინჯალოში 10 000 კუბ/მ რეზერვუართან ერთად დამატებით 5 000 კუბ/მ მოცულობის რეზერვუარიც აშენდება. ამ რეზერვუარებიდან კი ხელვაჩაურის ტერიტორიის წყალმომარაგება ბათუმის წყალმომარაგების ქსელისგან დამოუკიდებლად განხორციელდება. წყალმომარაგების ქსელის მოწყობა ხელვაჩაურში უკვე დაწყებულია.

„საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე უკვე მიმდინარეობს კონსულტანტი კომპანიის შერჩევის პროცედურა. ტენდერში მონაწილე 12 უცხოური საკონსულტაციო კომპანიიდან შეირჩევა ჯერ 5 კომპანია, ამ ხუთიდან კი – ერთი, რომელიც შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალარინების ქსელის მოწყობის დეტალურ პროექტს შეიმუშავებს. თუმცა მანამდე უნდა დაიდოს შესაბამისი ხელშეკრულებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ბათუმის მერიას შორის [თანხის გადმოცემაზე], ასევე, KFW-სა და მერიას შორის [განსაკუთრებული ხელშეკრულება, თუ კონკრეტულად რა სამუშაოებს მოხმარდება ეს თანხა]. აქედან გამომდინარე, კონსულტანტი კომპანია დეტალურ პროექტირებაზე მუშაობას საუკეთესო ვარიანტში დაიწყებს ალბათ, 2020 წლის იანვრიდან. უშუალოდ სამუშაოების შესყიდვაზე კი ტენდერს, გეგმით, მომავალი წლის მეოთხე კვარტალში გამოვაცხადებთ, როცა იქნება პროექტი და ხარჯთაღრიცხვა“ – გვითხრა ჯაბა ტუღუშმა, ბათუმის მერის მრჩეველმა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში. მისივე თქმით, პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები რაღაც ეტაპზე პარალელურადაც განხორციელდება.

ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, შემოერთებულ ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის სრულად მოწყობისთვის საჭირო სამუშაოები გეგმით 2021-2022-2023 წლებში, ასევე, 2024 წელშიც გაგრძელდება: „ამ პროექტის განხორციელებით კი ბათუმის [შემოერთებული ტერიტორიების ჩათვლით] წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა – სათავე და გამწმენდი ნაგებობებით – 95 პროცენტით მოწყობილი და რეაბილიტირებული იქნება“.

სესხის ხელშეკრულება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის 2019 წლის 7 ოქტომბერს გაფორმდა.

მთავარი ფოტო: მდინარე მეჯინისწყალი ბათუმსშემოერთებულ ტერიტორიაზე /2018 წ./ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

წელს პირველად ბათუმის სანაპიროზე კანალიზაცია გაუფილტრავად ზღვაში აღარ ჩაედინება

 

ნოემბრის ბოლოს „შუახევიჰესი“ სატესტო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას

„შუახევიჰესი“ სატესტო ოპერირებისთვის ემზადება. კომპანიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია და 2019 წლის ნოემბრის ბოლოს დაგეგმილია 9 მეგავატი სიმძლავრის „სხალთაჰესის“ სატესტო რეჟიმში ოპერირების დაწყება, 2020 წლის დასაწყისში კი – 178 მეგავატი სიმძლავრის „შუახევიჰესის“ ელექტროსადგურის გაშვება 50%-იანი დატვირთვით.

კომპანიის ცნობით, 2020 წლის გაზაფხულზე „შუახევიჰესი“ და „სხალთაჰესი“ სრული დატვირთვით შევა ოპერირებაში.

ოპერირება „შუახევიჰესმა“ 2017 წელს დაიწყო, თუმცა 38 კილომეტრი სიგრძის გვირაბის, ჯამურად 300-მეტრიანი მონაკვეთის რამდენიმე ადგილას დაზიანების გამო ჰესის ოპერირება შეჩერდა.

ჰესის გვირაბი

„ჩატარებული კვლევების თანახმად დადგინდა, რომ გვირაბში წყლის ინტენსივობის შედეგად შემცირებულმა ქანების სიმძლავრემ გამოიწვია დამონტაჟებული საყრდენის გადატვირთვა და შემდგომ გვირაბის დაზიანება. სამშენებლო სამუშაოების განახლებამდე ჩატარდა ყოვლისმომცველი კვლევები, ტესტირებისთვის აღებულ იქნა 1,000-ზე მეტი ქანის ნიმუში, კვლევებზე დაყრდნობით მომზადდა ქანების გამაგრების სტრატეგია ,,ფაზა 2-სთვის“. პროცესში მონაწილეობდნენ ექსპერტები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის: 3G Austria და პროფესორი ლუის დემელო, Zeidler Associates, Lahmeyer (ამჟამად Tractebel), შუახევი ჰესის პროექტის მენეჯერად მოწვეულ იქნა პიტერ პიტსი, გვირაბის მშენებლობის მიმართულებით, ერთერთ საუკეთესო სპეციალისტი მსოფლიოში,“ – აღნიშნულია კომპანიის მიერ მოწოდებულ პრესრელიზში.

„შუახევიჰესის“ პროექტის მფლობელები არიან: ნორვეგიული „ქლინ ენერჯი ინვესტი“, ინდური „ტატა ფაუერი“ და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო
კორპორაცია IFC-ი. „შუახევიჰესი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და IFC-ის მიერ ფინანსდება.

______________________

ფოტოზე: „შუახევიჰესის“ ელექტროსადგური. ფოტო: „შუახევიჰესი“ 

ვრცლად ამ თემაზე: 

„შუახევი ჰესი“ ნოემბერში ამოქმედდება – უსაფრთხოა თუ არა აღდგენილი გვირაბები

 

 

 

ტაქსი „მაქსიმი“ აქციაზე გასული მძღოლების მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს

„მგზავრობების ღირებულება ითვალისწინებს კონკურენციას, მოთხოვნასა და მიწოდებას, ბალანსს მძღოლების მხრიდან შემოსავლის მიღების სურვილსა და მგზავრების ინტერესებს შორის, რომლებისთვისაც მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მისი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ბაზრის მაჩვენებლების ანალიზის შემდეგ,“ – აცხადებენ კომპანია „მაქსიმში“. დღეს, 9 ოქტომბერს, ამ კომპანიაში დასაქმებულმა დაახლოებით 250-მა მძღოლმა მუშაობა შეწყვიტა. მძღოლებმა მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს. მათი აზრით, ზაფხულის პერიოდში გაზრდილი ფასები კომპანიას აღარ უნდა შეეცვალა.

„მაქსიმს“ არ შეუმცირებია ტარიფები. ზაფხულში მგზავრობის ღირებულება ქალაქის ცალკეულ რაიონებში უფრო მაღალი იყო, ახლა კი ფასები დაუბრუნდა სეზონურ ცვლილებებამდე არსებულ დონეს. უცნაურია, რომ მძღოლები აპროტესტებენ იმას, რაც აქამდე აწყობდათ… მათ იციან, რომ ფასების უსაფუძვლო ზრდა შეამცირებს ტაქსის მომსახურების სარგებლობის მსურველთა რაოდენობას, რის გამოც დაზარალდებიან,“ – აღნიშნულია კომპანია „მაქსიმის“ განმარტებაში, რომელიც კომპანიამ „ბათუმელებს“ წერილობით მოაწოდა.

კომპანიის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ მძღოლები თავად ამცირებენ საკუთარ შემოსავლებს, რადგან საპროტესტო აქციაზე გავიდნენ.

„აქციის მონაწილეები თვითონ ამცირებენ თავიანთ შემოსავალს, ვინაიდან ამ დროის განმავლობაში ისინი ბევრი შეკვეთის შესრულებას შეძლებდნენ… „მაქსიმმა“ შესთავაზა პროტესტით გამოსულ მძღოლებს სამუშაო საკითხების მშვიდად განხილვა, თუმცა მათ გადაწყვიტეს ულტიმატუმის ენით მოქმედება. ამ გზით პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ არგუმენტირებული დიალოგისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მივაწვდით ხმას ამ ადამიანებს“, – ამბობს ოფისის ხელმძღვანელი ბათუმში, თემურ ქობულაძე.

„ბათუმელებმა“ სცადა რამდენიმე მძღოლთან დაკავშირება. მათი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, გაგრძელდება თუ არა საპროტესტო აქცია. ისინი მენეჯერებთან შეხვედრას საღამოს აპირებენ. ამ დროისთვის „მაქსიმის“ მძღოლების ნაწილი მუშაობას აგრძელებს.

 

საზეიმო ღონისძიებებისთვის ფულის ხარჯვის მანკიერი პრაქტიკა ბათუმში – „გამჭვირვალობა“

„ყველაზე დიდი თანხა – 697 105 ლარი გამარტივებული შესყიდვების გზით ბათუმის კულტურის ცენტრმა დახარჯა,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ახალ კვლევაში. ორგანიზაციამ ის გამარტივებული შესყიდვები შეისწავლა, რომლითაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმში საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა. კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ საქმე „მანკიერ პრაქტიკასთან“ გვაქვს, რადგან საზეიმო ღონისძიებები წინასწარ განსაზღვრულია და ამ დროს საბიუჯეტო ორგანიზაციებს გამარტივებული შესყიდვა არ უნდა სჭირდებოდეს.

კვლევის მიხედვით, 2017-2019 წლებში ბათუმში საზეიმო ღონისძიებებისთვის 1 მილიონ 493 ათას 385 ლარის სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა, საიდანაც 827 735 ლარი [ჯამური თანხის დაახლოებით 55%] გამარტივებული შესყიდვების გზით გაიხარჯა.

2017-2019 წლებში ბათუმის კულტურის ცენტრმა, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საზეიმო ღონისძიებების მოსაწყობად 33 გამარტივებული შესყიდვა გააფორმეს, რომელთა ჯამური ღირებულება 827 735  ლარი იყო.

„2017-2019 წლებში „ბათუმობისადმი“ მიძღვნილი ყველა ღონისძიება უტენდეროდ ჩატარდა და ჯამში 249 558 ლარის ოდენობის 18 პირდაპირი შესყიდვა გაფორმდა; 26 მაისის ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხის 81% ასევე უტენდეროდ დაიხარჯა. რაც შეეხება ტურისტული სეზონის გახსნას და საახალწლო ღონისძიებებს, აქ გახარჯულ თანხაში გამარტივებული შესყიდვების წილი 46% და 31%-ია,“ – აღნიშნულია კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში ხაზგასმულია ეჭვებიც ინტერესთა კონფლიქტის არსებობაზე.

„გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტორი კომპანიებიდან ერთ-ერთი –  ბათუმის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ანა სიხარულიძის კომპანია „ი(ნ)ვენტ პროდაქშენსია“. 2017 წელს აჭარის კულტურის სამინისტრომ ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებების ორგანიზება სწორედ ამ კომპანიას 105 500 ლარად დაუკვეთა. ჩვენმა ორგანიზაციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტის არსებობაზე ეჭვები მაშინაც გამოთქვა.“ – წერია კვლევაში.

კვლევაში მოხვდა ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ „ჯეო ივენთთან“ გაფორმებული ხელშეკრულებაც 56 980 ლარზე. ეს კომპანია ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი თვით ადრე დაფუძნდა. კვლევის ავტორებმა მერიის აუდიტის სამსახურს ამ კონტრაქტის დაინტერესებისკენ მოუწოდეს.

„მნიშვნელოვანია, არტისტების შერჩევისთვის გამჭვირვალე და განჭვრეტადი კრიტერიუმები ჩამოყალიბდეს, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი კორუფციის რისკები… ამასთან, ხშირად ის კომპანიები, რომლებსაც აღნიშნული ღონისძიებების მოსაწყობად გამარტივებულ შესყიდვებს უფორმებენ, მსგავსი ტიპის მომსახურების მისაღებად გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებშიც უმეტესად უკონკურენტოდ იმარჯვებენ, რაც კულტურის სფეროს ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციის შთაბეჭდილებას ტოვებს,“ – წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში.

 

ანგისის ბაზა აჭარის მთავრობამ „დინამო ბათუმის“ კაპიტალიდან მთლიანად ამოიღო

72 626 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ანგისის ბაზაა განთავსებული და რომელიც შპს „დინამო ბათუმის“ საკუთრებაში იყო, აჭარის მთავრობამ „დინამოს“ კაპიტალიდან მთლიანად ამოიღო და ის აჭარის საკუთრებად დაარეგისტრირა. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, „დინამოს“ მომავალ მმართველს – კომპანია „ლამინს“, ამ ტერიტორიის ნაწილი განსაღვრული ვალდებულებებით უნდა გადაეცეს, დარჩენილი ტერიტორია კი, დაუბრუნდეს ბათუმის მუნიციპალიტეტს.

შესაბამისი მემორანდუმი გაფორმებულია, „დინამო ბათუმის“ 49 წლით გასხვისების პროცედურები კი ჯერ არ დასრულებულა. ამ ეტაპზე „დინამო ბათუმი“ და მთელი ქონება [ანგისის ბაზა] აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და მას რეგიონის მთავრობა განკარგავს.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, შპს „ლამინს“, 72 626 კვ/მ მიწის ნაკვეთის ნაცვლად გადაეცემა 58 613 კვ.მ, თუმცა არა როგორც უშუალოდ „დინამო ბათუმის“ საკუთრება, არამედ როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება.

„უძრავი ქონების დარჩენილი ნაწილი, კერძოდ, 14 013 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით გადაეცეს [დაუბრუნდეს] ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს,“ – აღნიშნულია საკრებულოს განკარგულებაში.

ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის დასაბრუნებელი მიწის ნაკვეთები [1] და „ლამინისთვის“ 49 წლით გადასაცემი ტერიტორია [2] ანგისის ბაზაზე
აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან ჯამში 14 013 კვ/მ ფართობის მიწას 2019 წლის აგვისტოში ითხოვდა.

„აღნიშნული ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განიკარგება სხვა საინვესტიციო პირობების განხორციელების მიზნით“, – აღნიშნული იყო ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ბათუმის საკრებულოში შესულ წერილში. რა „სხვა საინვესტიციო პირობებზე“ იყო საუბარი, სამინისტრო წერილში არ აკონკრეტებდა.

ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტისთვის ჯერ დაბრუნებული არ არის და ის, დღევანდელი მონაცემებით, აჭარის საკუთრებაში რჩება.

შპს „ლამინი“ ლამინი ჯგუფის“ შვილობილი კომპანია და მას „დინამო ბათუმის“ 100% წილი და ანგისის ბაზა 49 წლით სარგებლობაში ვალდებულებებით გადაეცემა.

„ლამინი“ ვალდებული იქნება:

[checklist]

  • ყოველწლიურად გადაიხადოს სარგებლობის საფასური 100 000 ლარი;
  • საფეხბურთო კლუბში ყოველწლიურად განახორციელოს არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიცია თანამშრომელთა გასამრჯელოების, ეკიპირების, მივლინებების, შეკრებების, ფეხბურთელთა მკურნალობის, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ევროტურნირებზე პროფესიული გუნდის მონაწილეობის, ამხანაგური თამაშებისა და სხვა საოპერაციო ხარჯების დაფინანსების მიზნით;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს განვითარების კონცეფცია, რომელიც უნდა მოიცავდეს: ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას, სტადიონებს, ღია ტიპის აუზს, საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმისთვის“ შენობას, საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტს და მოსაცდელ დარბაზს და სხვა.
  • სულ პროექტისთვის განახორციელოს არანაკლებ 9 მილიონი ლარის ინვესტიცია [არ იგულისხმება საფეხბურთო კლუბში ყოველწლიურად არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება].

[/checklist]

საკრებულოს განკარგულებით განსაზღვრული ვალდებულებები [დეტალუირად], რომელიც შპს „ლამინმა“ „დინამოს“ სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უნდა შეასრულოს:

[toggle title=””][/toggle]

 

აჭარის მთავრობამ 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს ანგისის ბაზის ტერიტორია, რომელიც ადრე „დინამო ბათუმის“ კაპიტალში იყო, 5 საკადასტრო ერთეულად დაარეგისტრირა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში: 58 566 კვ/მ ფართობის ნაკვეთი [რომელზეც ტრიბუნა და მოედნებია განთავსებული და რომელიც „ლამინს“ გადაეცემა] და ამ ნაკვეთის მომიჯნავე 3408 კვ/მ, 2 766 კვ/მ, 383 კვ/მ და 7 445 კვ/მ ფართობის ნაკვეთები [რომლებიც ბათუმის მუნიციპალიტეტს უნდა დაუბრუნდეს].

შპს „ლამინი“-ს მესაკუთრე და დირექტორი არჩილ ბერიძეა.

________________________

მთავარი ფოტო: ანგისის ბაზა / „ბათუმელების“ არქივიდან

 

მესტვირეობის ტრადიციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მესტვირეობის ტრადიციას საქართველოში – გუდასტვირის/ჭიბონის დამზადება, ოსტატ-შეგირდობა,
საშემსრულებლო ხელოვნება და მესტვირული პოეზია – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ შესაბამის ბრძანებას ხელი 27 სექტემბერს მოაწერა.

საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში ამჟამად 50 ძეგლია. მათგან ორი – ქართული მრავალხმიანობა და ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია.

________

ფოტოზე: თემურ არძენაძეჭიბონის ოსტატი ქედიდან. კადრი პირველი არხის ვიდეომასალიდან. 

ამავე თემაზე: 

9 ქართული კერძი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან

როგორ აგროვებს 3 ძმა ფულს ჰოლანდიაში საქართველოს მოხუცთა სახლებისთვის 

გიორგი ვენკო 14 წლის მოზარდია, რომელმაც ჰოლანდიაში 40 ათასი ევრო შეაგროვა, ბროწლიანის მოხუცთა და შშმ პირთა სათნოების სახლის დასახმარებლად. შენობას არ ჰქონდა ფანჯრები, სახურავი, წყალი და სარეცხი მანქანა – ამ პრობლემების მოსაგვარებლად ფიქრი გიორგიმ 12 წლიდან დაიწყო, ის ამსტერდამის ინტერნაციონალურ სკოლაში სწავლობს და აქვე დაიწყო პრეზენტაციების მოწყობა საქართველოს შესახებ, დააარსა საქველმოქმედო ფონდი „Help the Republic of Georgia”.

როგორც გიორგის დედა, თიკა სვანიძე-ვენკო ,,ბათუმელებთან“ ამბობს, გიორგის ინიციატივით სკოლა ძალიან დაინტერესდა და ბიჭს ყველა დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდნენ. ამსტერდამში გიორგიმ საქველმოქმედო კონცერტიც ჩაატარა და  საქველმოქმედო ფონდში შეგროვილი თანხით წელს სრულად განახლდა ბროწლიანის სათნოების სახლი.

გიორგის დედის, თიკა სვანაძის თქმით, სათნოების სახლს არ ჰქონდა წყალი, კვირაში ერთხელ მათ 250 ევრო მხოლოდ  წყლის შესაძენად სჭირდებოდათ, ხელით რეცხავდნენ სარეცხს, დაზიანებული იყო შენობის ფანჯრები და სახურავი. შენობის რეაბილიტაციამდე ბროწლიანის სათნოების სახლში მხოლოდ 25 ბენეფიციარი იყო, რეაბილიტაციის შემდეგ კი სახლი 50 ბენეფიციარს დაიტევს.

,,გიორგის ორი ძმა ჰყავს, ლევანი და თემური, ლევანი ცამეტისაა, თემური – თორმეტის. ორივე მოხუცთა სახლებს ეხმარება, ლევანი წნორის მოხუცთა სახლს, თემური კი  – ბოდბისხევისას. გიორგი ბროწლიანის თავშესაფრის მზის ბატარეებით აღჭურვას აპირებს. ამისთვის თანხის შეგროვება უკვე დაწყებული აქვს და პროექტი თებერვალში უნდა დასრულდეს. ასე სათნოების სახლი ელექტროენერგიის ფულს დაზოგავს და სხვა მიზნისთვის გამოიყენებს, გიორგის მიერ შეგროვილი თანხის დარჩენილი ნაწილი კი ბენეფიციარების მედიკამენტებსა და ოპერაციებს მოხმარდება“, – ამბობს ქველმოქმედი მოზარდების დედა, თიკა სვანიძე-ვენკო.

თიკა ჰოლანდიაში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელია, აქვს საკუთარი ტურისტული კომპანია, რომელიც 20 წელია საქართველოს პოპულარიზაციას უწევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც თიკა სვანიძე ამბობს, მისი ბიზნესის მოგების მნიშვნელოვანი ნაწილი საქველმოქმედო საქმიანობას ხმარდება. არის ასევე ქართველ ემიგრანტთა კავშირის დამფუძნებელი, რომლის მიზანიცაა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიმართ ინტერესის გაზრდა და უწყვეტი დისკუსია.

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ ზაფხულს სიღნაღში ჩამოვედით, ჩვენს სოფელ მაშრაანში. მე და ჩემი ძმა აქ ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდით. გიორგის გაუჩნდა სურვილი, საქართველოს რამით დახმარებოდა.

გადავწყვიტეთ ახლომდებარე ადგილებიდან დაგვეწყო პრობლემების მოძიება და ჩვენს სოფელთან ახლოს აღმოვაჩინეთ ბროწლიანის თავშესაფარი. აქაურობამ გიორგი საშინლად დაასევდიანა. ასე დაიწყო ყველაფერი, სარეცხი მანქანები იმავე ზაფხულს შეუძინა სახლს გიორგიმ, მერე კი ფონდი დააარსა და თანხის შეგროვება დაიწყო შენობის რეაბილიტაციისთვის“, – ამბობს თიკა სვანიძე.

გიორგისთან ინტერვიუ საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობის თემაზე გასულ წელს ინდონეზიის ერთ-ერთ ტელევიზიაშიც გავიდა.

,,ჩვენ ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ, ჩემი მეუღლის საქმიანობა მოითხოვდა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გვეცხოვრა: სინგაპურში, ამერიკაში, შვეიცარიასა და ახლა ჰოლანდიაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ ვფიქრობდით საქართველოზე, მის პოპულარიზაციაზე. ჩემმა ტურსააგენტომ, მაგალითად, საქართველოში ჩამოიყვანა პირველი ტურისტები ტაილანდიდან, ინდონეზიიდან სინგაპურიდან, მალაიზიიდან და ბრუნეიდან. საქართველო ჩვენს ოჯახში ყოველთვის მთავარი თემაა, ალბათ ბიჭებსაც ამიტომ გაუჩნდათ ქველმოქმედების სურვილი“, – ამბობს თიკა სვანიძე-ვენკო.

ვენკოების ოჯახი

„მაქსიმის“ 250-მა მძღოლმა ბათუმში მუშაობა შეწყვიტა, ისინი ფასების გაზრდას ითხოვენ

ტაქსის კომპანია „მაქსიმის“ მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. მძღოლები კომპანიის ბათუმის ოფისთან შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ აღარ იმუშავებენ, ვიდრე მგზავრობის ტარიფი არ მოიმატებს.

„ზაფხულში იყო ფასი გაზრდილი დაახლოებით 80 თეთრით, მერე ისევ დააკლეს, არ უნდა დაეკლოთ, რადგან ყველაფერი გაძვირდა, მანქანის მოვლის ხარჯმა მოიმატა, საცობებია… თუკი მგზავრობის ტარიფი მოიმატებს, ჩვენს კონკურენტებზე იაფი გამოვა მაინც „მაქსიმით“ მგზავრობა,“ – გვითხრა აქციის მონაწილე, თენგიზ ხილაძემ. მისი თქმით, მუშაობა დაახლოებით 250-მა მძღოლმა შეწყვიტა, კომპანია კი მუშაობას განაგრძობს.

ტაქსის მძღოლები უკვე შეხვდნენ კომპანიის მენეჯმენტს, თუმცა კონკრეტული პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

კომპანია „მაქსიმის“ ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სატელეფონო კომენტარს არ გააკეთებენ და მათი გადაწყვეტილების შესახებ დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

„მაქსიმის“ მძღოლებმა ანალოგიური მოთხოვნით საპროტესტო აქცია წლის დასაწყისშიც გამართეს.

ამავე თემაზე:

ტაქსი “მაქსიმის” მძღოლების საპროტესტო აქცია ბათუმში

 

დიდი ბრიტანეთის ელჩი: ყველას თანავუგრძნობ, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა 20 ივნისის მოვლენებისას

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი გასულ კვირას ბათუმში იმყოფებოდა. ელჩი ბათუმში დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის განსაკუთრებული მეგობრობის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. „ბათუმელები“ დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობებზე, 2020 წლის არჩევნებზე, „გავრილოვის ღამის“ გამოძიებასა და სხვა თემებზე ესაუბრა.

  • მინდა პირველივე შეკითხვა ბათუმში მიმდინარე  ღონისძიებასთან დაკავშირებით დაგისვათ, ამჟამად ბათუმში მიმდინარეობს ალიანსის საბჭოს შეხვედრა და საინტერესოა თქვენი მოაზრება, ხედავთ თუ არა საქართველოს პროგნოზირებად მომავალში როგორც ნატოს წევრ ქვეყანას ან რა პირობები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ საქართველო იყოს ნატოს წევრი? 

სასიამოვნო იყო აქ, ბათუმში ყოფნა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს  რიგით მეხუთე ვიზიტის დროს საქართველოში. ეს ვიზიტი კიდევ ერთი დემონსტრირებაა ნატოს მხრიდან საქართველოსადმი პარტნიორობისა და მხარდაჭერის.

გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. 2008 წლის შემდეგ ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან და ნატოს მოკავშირეებთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს რეფორმებს თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით.

2019 წელს, უელსის ნატოს სამიტიდან ხუთი წლის თავზე, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ძირითადი პაკეტი, რომელიც მოკავშირეებმა უელსის სამიტზე შესთავაზეს საქართველოს.

რეალურად, ეს არის პარტნიორული შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე ფართო პაკეტი ნატოსა და სხვა ნებისმიერ ქვეყანას შორის და ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ, რომ ჩვენ ვაღიარებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, ნატოს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩართულობით. ჩვენი ყველას საერთო ინტერესია ამ რეგიონის სტაბილურობა.

  • საქართველოს ხელისუფლებას ბოლო წლებში ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ რუსეთთან პოლიტიკის შერბილების გამო. თქვენი დაკვირვებით, აქვს თუ არა შედეგი რუსეთთან შერბილების/დათმობის პოლიტიკას

მე კარგად ვიცი იმ წნეხისა და ზეწოლის შესახებ, რომელსაც ბევრი ქართველი გრძნობს ყოველდღე რუსეთის პოლიტიკის შედეგად. პირველ რიგში,  ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ გამყოფ ხაზებთან, რომელიც კვეთს მთელ საქართველოს  და როგორი, ყოვლად მიუღებელი გავლენა აქვს ამ გაყოფას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ უფლებებზე.

ასევე, ვფიქრობ იმ ასობით ათას ქართველზე, რომლებიც რუსული პოლიტიკის შედეგად ათწლეულებია უკვე საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირებად მიიჩნევიან და ყველა ადამიანზე საქართველოში, რომელთა ცხოვრებაც შეიცვალა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კონფლიქტების შედეგად.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ კონფლიქტების მოგვარებისთვის მოიძებნოს ისეთი გზები, რომლებიც მდგრად შედეგებამდე მიგვიყვანს და რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებთან. გეოგრაფია გეოგრაფიაა, ისტორია – ისტორიაა, რუსეთი საქართველოს მეზობელია და დარჩება საქართველოს მეზობლად. ასე, რომ მესმის, რატომ უწევთ მთავრობებს ეძებონ თანაარსებობის გზები და ამავდროულად, დაიცვან თავიანთი მოქალაქეებისა და ქვეყნების ინტერესები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაძაბულობის  დროს და გასაგებია, თუკი მთავრობა ეძებს ამ დაძაბულობის შემცირების გზებს და ეს გონივრული ქმედებაა. თუმცა ცხადია, ეს არ ნიშნავს კომპრომისს, რომელიც იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობის ხარჯზე. აქვე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა დიდი ბრიტანეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

  •  2016 წელს, არჩევნების წინ, ლიბერალშიგამოქვეყნდა თქვენი წერილი, სადაც წერთ, რომ საქართველოში ყველა, ვისაც ხვდებით, გეუბნებათ, რომ პოლიტიკური პროცესებისა და პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობის ხარისხი თანდათან იზრდება. ახლა გვიახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც წინ უძღოდაგავრილოვის ღამედა აქციების სერია საქართველოს პარლამენტის წინ. როგორ ფიქრობთ, საქართველოში პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობა გაიზარდა თუ შემცირდა

ნება მომეცით ვთქვა სამი რამ. პირველი – მე კვლავ მძაფრად ვგრძნობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რაც გაგვაჩნია,  ეს არის არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება. მიმაჩნია, რომ ეს უფლება ჩვენ გვაკისრებს ვალდებულებასაც და პასუხისმგებლობასაც და რომ ეს ხმა დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ. ეს ეხება როგორც ბრიტანეთს, ისე საქართველოს.

მეორე, რაც მინდა ვთქვა ისაა, რომ, რა თქმა უნდა, მთავარი სხვაობა 2016 წლისა და 2020 წლის არჩევნებს შორის იქნება ძალიან დიდი, ვინაიდან ახლა მიმდინარე ცვლილებებით 2020-ის საპარლამენტო არჩევნები, ახალი, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ამაზე დისკუსიები და მუშაობა მიმდინარეობს და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები 2020-ში ჩატარდეს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის შედეგად. სწორედ ეს შექმნის პირობას, 2020-ის არჩევნების შემდგომი პარლამენტი იყოს აქტიური და პლურალისტური.

ასევე, მოვუწოდებდი თითოეულ პარტიას ყურადღებით მიჰყვნენ ეუთოს რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც გასულ არჩევნებს შემდეგ გამოქვეყნდება და სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება საარჩევნო სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესება. ვფიქრობ, ბრიტანეთშიც და საქართველოშიც, ყველანი ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა არ აღმოვჩნდეთ პერმანენტულ საარჩევნო კამპანიის პირობებში. ეს დიდი ცდუნებაა და მე მესმის. მაგრამ ვისურვებდი, რომ ისევე როგორც ჩემს ქვეყანაში, ასევე საქართველოში, მეტი ყურადღება მიექცეს იმ გამოწვევებს, რომლებიც ახლა დგას და რომელთა გადაჭრაც არ უნდა გადაიდოს 2020-ის არჩევნების შემდეგ.

ჩვენი ყურადღებაც და საქართველოს მთავრობასთან მუშაობაც, იქნება ეს სხვადასხვა რეფორმის თუ პროექტის გარშემო, სწორედ ამისკენ არის მიმართული, რათა მნიშნვნელოვანი საკითხების  არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის  გადადება არ მოხდეს.

  • თბილისში 20 ივნისის აქციას თქვენ ტვიტერზე გამოეხმაურეთ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეთ გამჭვირვალედ წარმართულიყო გამოძიება და ასევე, მხარეებს მოუწოდეთ კომპრომისისკენ. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თუმცა ციხეში რჩება 20 ივნისის ღამეს დაკავებული აქციის მონაწილე, რომელსაც ასევე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს [8ოქტომბერს 20/21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლევან ჯიქური გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს]. თქვენი აზრით, რამდენად გამჭვირვალედ და კომპრომისულად წარიმართა გამოძიება?   

ყველას გულითადად თანავუგრძნობ, ვინც დაშავდა, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა 20 ივნისის მოვლენებისას. თითოეულს სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ვფიქრობ, 20 ივნისის მოვლენები საფუძვლიანად და გამჭვირვალედ უნდა იქნეს გამოძიებული.  როდესაც გამოძიების შედეგებს გავეცნობით და თუ გამოძიება დაადგენს, რომ ცალკეულმა ადამიანებმა კანონს გადააბიჯეს ან დაკისრებული ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულეს, მნიშვნელოვანი იქნება, ამაზე სწორი რეაგირება მოხდეს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან.

კიდევ ორ რამეს დავამატებდი 20 ივნისის შესახებ. პირველი, როგორც ჩემს ტვიტერზე ვთქვი, ქართველებს უფრო მეტი რამ აერთიანებთ, ვიდრე ჰყოფთ და მოხარული ვარ, როგორც საქართველოს მეგობარი, როდესაც ვხედავ, რომ საზოგადოება უყურებს იმას, რაც მათ აერთიანებს, და არა იმას – რაც მას ხლეჩს. ვფიქრობ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ უახლოესი პერიოდისთვის, რომელიც საქართველოს გასავლელი აქვს.

მეორე რამ, რასაც ვიტყოდი, ვფიქრობ ის არის, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა ყველა პარტიიდან მოუსმინონ,  რას ამბობენ საზოგადოების წევრები, ახალგაზრდები, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც ახლა მიიღება, რეალურად მიიღება ახალგაზრდების სახელით, ისევე როგორც საზოგადოების დანარჩენი ნაწილის სახელით. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდები დემოკრატიულად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში იყვნენ წარმოდგენილები და თავს ჩართულად გრძნობდნენ. და ჩვენ, ყველას, გვაკისრია პასაუხისმგებლობა, ხელი შევუწყოთ ამ ჩართულობას. თუ ახალგაზრდები არ იგრძნობენ თავს საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების და სისტემის მონაწილეებად, ვშიშობ, ეს მომავალში დიდ გამოწვევებს წარმოშობს.

  • წელს აღინიშნება დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის განსაკუთრებული მეგობრობის სეზონი სამთვიანი პროგრამით. რა ღონისძიებებს მოიცავს ეს პროგრამა?

მოხარული ვარ, რომ საქართველოში პირველად ვახორციელებთ ამგვარ ფესტივალს. სამი თვის განმავლობაში განვახორციელებთ 60-ზე მეტ ღონისძიებას მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის აჭარაშიც. ვიმედოვნებთ, ხალხი მეტ ახალს გაიგებს დიდი ბრიტანეთის შესახებ, დაწყებული ბრიტანულ მუზეუმში დაცული მე-12 საუკუნის დავით აღმაშენებლის მონეტიდან, 21-საუკუნის უახლესი მუსიკით, თეატრისა და ქორეოგრაფიის ჩათვლით. იმედი მაქვს, ყველა იპოვის რაღაც საინტერესოს ამ ბრიტანულ სეზონზე. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი იყო, ეს სეზონი საქართველოს სხვადასხვა რეგიონამდე მიგვეტანა.

  • 2014 წელს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ჩაეყარა საფუძველიუორდროპის დიალოგისსახელით ცნობილ თანამშრომლობის ფორმატს. რა არის ამ ფორმატის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა და რა სიახლეები იგეგმება სამომავლოდ?

ძალიან ვამაყობ, რომ „უორდროპის დიალოგის“ ფორმატი გვაქვს. მისი არსი უკავშირდება ჩვენი მეგობრობის ფესვებს, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს, როცა ოლივერ უორდროპი აქ, საქართველოში, იმყოფებოდა. თუმცა, რაც განსაკუთრებით მახარებს, ამ ისტორიული მნიშვნელობის ფორმატში ჩვენ ვზრდით და ვავითარებთ უაღრესად თანამედროვე პარტნიორობას განათლების, ბიზნესის, კულტურის, სპორტისა და სხვა მრავალ სფეროში. ურთიერთობა ბრიტანელ და ქართველ ხალხს შორის იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე აქამდე მომხდარა. ასე რომ, როცა თქვენ მეკითხებით მომავლის შესახებ, დარწმუნებული ვარ, რომ უორდროპის დიალოგის ფორმატით გამორჩეული მეგობრობა საქართველოსა და ბრიტანეთს შორს გაგრძელდება საინტერესო და ხშირად მოულოდნელი გზებით.

  • სავიზო პოლიტიკას რომ შევეხოთ, საქართველოში ამბობენ, რომ დიდი ბრიტანეთის ვიზის მიღება ძალიან რთულია. თუ შეგიძლიათ ზოგადი ტენდენციის შესახებ გვითხრათ, მაგალითად, წელიწადში რამდენი ადამიანი მიმართავს ბრიტანეთის საელჩოს ვიზის მისაღებად და აქედან რამდენი იღებს ვიზას?

ეს არის კითხვა, რომელიც ყველა სხვა კითხვაზე უფრო ხშირად დაუსვამთ ჩემთვის და კარგად ვიცი, რომ ხალხს ეს პროცესი რთულად ეჩვენება. მხოლოდ ორ რამეს ვიტყოდი, ერთია ის, რომ ჩვენ ვუსმენთ თქვენს უკუკავშირს და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს პროცესი გახდეს რაც შეიძლება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი. და მეორე – მოხარული ვარ, რომ რეალურად, ბევრი, ათასობით ქართველი სტუმრობს დიდ ბრიტანეთს ყოველწლიურად იქნება ეს სასწავლებლად, ბიზნესვიზიტით თუ უბრალოდ დასათვალიერებლად. მოვუწოდებ ყველას, ეწვიონ დიდ ბრიტანეთს და ასევე ეძებონ ისეთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობები, როგორიცაა ჩივნინგის სტიპენდიების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად საშუალოდ  15-17 ბრწყინვალე ახალგაზრდა ლიდერი და პროფესიონალი ეუფლება სამაგისტრო პროგრამებს დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში.

  • ორ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიიღო, შესაძლებელია თუ არა დადგეს დღის წესრიგში საქართველოს მოქალაქეების დიდ ბრიტანეთში უვიზო მიმოსვლის საკითხი? თქვენი მუშაობის პერიოდში ყოფილა ამაზე მსჯელობა? ან საქართველოს მთავრობას ჰქონია რაიმე ინიციატივა ამ საკითხის განსახილველად?

ეს საკითხი ამჟამად არ განიხილება. თუმცა, როგორც აქამდე ვთქვი, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არსებულმა სისტემამ იმუშაობს ქართველი სტუმრების სასარგებლოდ და განვაგრძობთ მუშაობას, რათა სისტემა გახდეს უფრო ეფექტური, რამდენადაც შესაძლებელია. მოხარული ვარ, რომ ვიზიტორთა რიცხვი ორივე მიმართულებით მნიშვნელოვნად გაზრდილია.

  • დიდ ბრიტანეთში არის დაძმობილებული ქალაქები: თბილისი და ბრიტოლი, ქუთაისი და ნიუპორტი, ახალციხე და ნიუ ქასლი. ჩვენ ახლა ბათუმში ვართ, ამ ქალაქის ისტორიას კავშირი აქვს დიდ ბრიტანეთთან, ვგულისხმობ ბრიტანული ჯარის შემოსვლას ბათუმში მე-20 საუკუნის დასაწყისში. ხომ არ იგეგმება ბათუმის დაძმობილება რომელიმე ქალაქთან

შესანიშნავი იდეაა. ეს ინიციატივები თავად ქალაქებისგან უნდა მოდიოდეს, მაგრამ მოხარული ვიქნებოდი, თუ ბათუმი იპოვის თავის მეგობარ ქალაქს დიდ ბრიტანეთში. თქვენ უკვე გაქვთ ლონდონის სკვერი ბათუმში. ერთ-ერთი ამბავი, რაც განსაკუთრებით მახარებს ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში, ის კავშირებია, რომლებიც საქართველოსა და ბრიტანულ ქალაქებს შორის არსებობს. ვიმედოვნებ, ბათუმიც მალე დაემატება ამ სიას.

_______________

ფოტოზე: ჯასტინ მაკკენზი სმიტი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ერთი ელექტროსამაჯურის შესაძენად 1790 დოლარი იხარჯება – რამდენი სამაჯური აქვს ხელისუფლებას?

რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სამინისტრომ ახალი ელექტროსამაჯურები იყიდა. 80 სამაჯური „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ“ შეიძინა და თითოეულში 1790 ამერიკული დოლარი გადაიხადა. ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მოგვაწოდა. ამ უწყებას ვკითხეთ: რამდენი ელექტრონული სამაჯური აქვს იუსტიციის სამინისტროს და მათგან რამდენია დღეს გამოყენებული.

ელექტრონულ სამაჯურებს 2018 წლის პირველი იანვრიდან იყენებენ. სამაჯურებს მაშინ უკეთებენ მსჯავრდებულებს, როცა მათ სასამართლო სასჯელის სახით შინაპატიმრობას უფარდებს. შინაპატიმრობის დროს მსჯავრდებული თავის სახლში დარჩება, თუმცა მის გადაადგილებას ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით გააკონტროლებენ. შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ასევე ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა. წესების დარღვევის შემთხვევაში, შინაპატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება, ანუ ციხეში სასჯელის რეალურად მოხდით.

ელექტროსამაჯური მოსამართლის გადაწყვეტილებით შეიძლება გაუკეთონ ბრლადებულსაც.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყებას სულ 280 ელექტროსამაჯური აქვს. ამ ეტაპზე ქვეყანაში 150 ადამიანს უკეთია სამაჯური, ანუ ეს პირები შინაპატიმრობაში იმყოფებიან.

იუსტიციის სამინისტრო ელექტრონულ სამაჯურებს ტენდერის გზით არ ყიდულობს და გამარტივებულ შესყიდვას იყენებს.

„ხარისხის გაუარესებისა და აპარატურის შემდგომი ექსპლუატაციის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, შესყიდვა ხორციელდება იმავე მიმწოდებლისგან, რომელიც 2015 წლიდან უზრუნველყოფს ელექტრონული ზედამხედველობის/მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო მოწყობილობების მოწოდებას და ტექნიკურ მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ პრობაციის სააგენტოში არსებულ სერვერზე შეუძლებელია სხვა მწარმოებლის მიერ წარმოებული აპარატურის დაერთება,“ – მოგვწერეს პრობაციის ეროვნული სააგენტოდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, პრობაციის სააგენტო პირდაპირი შესყიდვის გზით ელექტროსამაჯურებს ისრაელში დაფუძნებული კომპანიისგან „Attenti Electronic Monitoring Ltd“-სგან ყიდულობს.

 

„ეს უკავშირდება აპოკალიფსს“ – ციფრული პასპორტების წინააღმდეგ სასამართლო დავა იწყება

„ელექტრონული პირადობის მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უშუალოდ უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას,“ – მიიჩნევენ ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი. ისინი საქართველოს პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ დავობენ საკონსტიტუციო სასამართლოში. სასამართლო დღეს, 9 ოქტომბერს, განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს, უნდა განიხილონ თუ არა ეს სარჩელი არსებითად. 

დავის საგანი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის, ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონია, ასევე იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებები, რომელთა მიხედვითაც პირადობის მოწმობა, ასევე, ბიომეტრიული პასპორტი ელექტრონული ფორმით გაიცემა.

საკონსტიტუციო სასამართლომდე მოსარჩელე ნანა სეფაშვილმა საერთო სასამართლოების სამივე ინსტანცია მოიარა. მას 2016 წელს არაელექტრონული პასპორტის გაცემაზე უარი უთხრეს. სამივე ინსტანციამ ნანა სეფაშვილს უარი უთხრა მოთხოვნაზე, მიეღო არაელექტრონული პასპორტი ან პირადობის მოწმობა.

„დღეისათვის საზოგადოების ნაწილმა თავისი პროტესტი ელექტრონული პირადობის მოწმობის დამკვიდრების წინააღმდეგ გადმოიტანა სასამართლო კედლებში და შეეცადა მართლმსაჯულების დახმარებით გადაეწყვიტა ეს პრობლემა, მაგრამ, სამწუხაროდ, სასამართლოს მიერ კანონისა და კანონქვემდებარე აქტების განმარტების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა გათვალისწინებით იძულებული ვართ, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს,“ – აღნიშნავენ ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი.

„წმინდა კინოტი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ვინაიდან ეს სისტემა ფლობს შესაძლებლობას, მარტივად გადასხვაფერდეს/შეიცვალოს, ვფიქრობთ, რომ ქრისტიანთათვის ხილული საფრთხეა, ძალადობრივად დაირღვეს მათი რელიგიური თავისუფლება, ართმევს რა მათ შესაძლებლობას, თავისუფლად აღიარებდნენ თავიანთ რწმენასა და ქადაგებდნენ ქრისტეს სახარებას.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ აღნიშნული სისტემის გამოყენების ძალაუფლება გადადის გაურკვეველ  ორგანიზაციათა ხელში, რაც სახელმწიფოს ან/და კერძო პირს მიემართება. სიადვილე საშუალებას აძლევს მათ, რომ მათი ხასიათის და მიხედვით მინიჭებულ ბარათში (გარკვეული ინფორმაცია) დაამატონ ან/და გამოაკლონ, ამასთან ერთად არსებობს გაუთვითცნობიერებელ მორწმუნეთა  სახელით ანტიქრისტიანულ სიმბოლოთა გამოყენების ალბათობაც, რის გამოც სთხოვდნენ საბერძნეთის ხელისუფალთ  ელექტრონული სახის „სამოქალაქო პირის ბარათის“ ოფიციალურ დოკუმენტად გამოცემას მსვლელობა არ მისცეს, ხოლო მორწმუნეებს ურჩევენ გამოიყენონ შეთანხმების მიხედვით დადგენილი ხმარებაში არსებული მათი საიდენტიფიკაციო საშუალება“, – აღნიშნულია კონსტიტუციურ სარჩელში.

სარჩელში ხაზგასმულია სინოდის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც „ელექტრონული პირადობის მოწმობა არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, მაგრამ საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით ეთხოვოს მთავრობას ალტერნატიული პირადობის მოწმობის დაშვება“.

 

ლექციაზე GIPA-ს ლექტორი რომაელი მეომრის აღჭურვილობით მივიდა

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი ნიკა ხოფერია, ლექციაზე რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობით მივიდა. ლექციის ამსახველი ფოტოები მან საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ „რომის ისტორია მისი ერთ-ერთი სისუსტეა“.

ლექტორი ასევე წერს, რომ მიმდინარე სემესტრში საქართველოს ისტორიას ასწავლის სტუდენტებს GIPA-ში. „მივადექით პომპეუსის იბერიულ ლაშქრობას და, შესაბამისად, დიდი რომაული ამბებიც გვქონდა დღევანდელ ლექციაზე, რომელიც რომაელების აღმოსავლეთში გამოჩენის და მათი კავკასიის ხალხებთან ურთიერთობების თემას შეეხებოდა.

გვქონდა I-II საუკუნეების რომაული აღჭურვილობის მთავარი ნაწილები (ნატურალური ზომა-წონის), მრავალფეროვანი სლაიდები და სცენები რომაელებზე გადაღებული რამდენიმე ფილმიდან (HBO Rome, Ben-Hur, Centurion), რომელთა ჩასმაც გარკვეული საკითხების უკეთესი აღქმისთვის მივიჩნიე საჭიროდ.

ცოტა რომაული სამაგიდო თამაში Latrunculi-ც ვითამაშეთ.

GIPA-ში მისვლამდე და ეზოში ინტერესიც არანაკლები იყო. მიხარია, რომ სტუდენტებს მოეწონათ“, – წერს ლექტორი.

ნიკა ხოფერია ლექციაზე რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობით
ფოტო: ფეისბუქის გვერდიდან

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სწავლებაში ვიზუალიზაცია და ხშირად იყენებს თუ არა მსგავს მეთოდებს, ნიკა ხოფერია ამბობს, რომ აკადემიურ ლექციას სჭირდება დამატებითი ღონისძიებები, სტუდენტებისთვის უფრო საინტერესო და ადვილად დასამახსოვრებელი რომ გახდეს საჭირო ინფორმაცია.

„შესაძლებლობის ფარგლებში აუცილებელია ვიზუალური მასალა, დოკუმენტური ფილმები, გარკვეული ისტორიული ნივთების რეალური ასლები და ა.შ. ამის შესაძლებლობა, ბუნებრივია, ყოველთვის არ გვეძლევა ლექტორებს, მაგრამ როცა ჩემთვის ხელმისაწვდომია, ვცდილობ, სალექციო პროცესში გამოვიყენო.

ნიკა ხოფერია სტუდენტებთან

ამჯერად ჩვენ რომის იმპერიის აღმოსავლეთში გამოჩენას და კავკასიისადმი მათ ინტერესსა და ლაშქრობებს შევეხეთ. შესაბამისად, ვეცადე რომაელი ლეგიონერის იმ დროის მსოფლიოს საუკეთესო მეომრის აღჭურვილობა, ტაქტიკური უპირატესობა კარგად მეჩვენებინა, რაშიც მეგობარს, მხატვარ ბრუნო ვეფხვაძეს ვთხოვე დახმარება. ის რომაულ აღჭურვილობას ფლობს, რომელსაც ხშირად მის ნახატებზეც ნახავთ. ამას სხვადასხვა ფილმის ეპიზოდები, რუკები და სხვა მასალა დავუმატე და საბოლოოდ, ვფიქრობ, საინტერესო ლექცია მივიღეთ, რომელმაც სტუდენტებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და ამის დამალვა არც უცდიათ.

ამას გარდა, ინსტიტუტში მისვლამდეც უამრავი ადამიანი გახალისდა თბილისის ქუჩებში მძიმედ აღჭურვილი რომაელი ლეგიონერის დანახვით“, – გვეუბნება ნიკა ხოფერია.

ლექტორი ამბობს, რომ მსგავს ღონისძიებებს კიდევ გეგმავს და იმედი აქვს, „ასეთივე საინტერესო გამოვა“.

ნიკა ხოფერია GIPA-ში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე საქართველოს ისტორიას ასწავლის, ასევე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე – „გვიანანტიკური სამხედრო საქმე და ლაზიკის ომი“.

მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმა – უახლოესი დღეების ამინდი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 9 ოქტომბერს, საღამოს საათებში გამოიდარებს და  10 ოქტომბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20-25 გრადუსი
  • ღამით: 10-15 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 8-13 გრადუსი 
  • ღამით: 2-7 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 11 ოქტომბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 12 ოქტომბერს კი – დროგამოშვებით წვიმა.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“

გაზი აჭარაში 10 ოქტომბერს, დილის 6 საათზე გაითიშება

10 ოქტომბრის 06:00 საათიდან 12 ოქტომბრის 12:00 საათამდე აჭარაში  სრულიად ბათუმსა და ხელვაჩაურს, ასევე, ნაწილობრივ ქობულეთს, გაზმომარაგება შეუწყდება.

„სოკარის“ განმარტებით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.

აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად მიეწოდებათ.

„12 ოქტომბრიდან, შაბათიდან, დავიწყებთ გაზის ჩართვას ეტაპობრივად და ორი-სამი დღე დააგვიანდება, რომ მთლიანად დავტვირთოთ რეგიონი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ვახტანგ ბერიშვილმა.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს უხდის  აბონენტებს და მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

მომდევნო ორ წელში აჭარაში კიდევ 7 კაზინო გაიხსნება – შემოსავლები სათამაშო ბიზნესიდან

2019 წელს ქალაქ ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით 24,3 მილიონი ლარი შევიდა [სამი კვარტალის გეგმის თითქმის 100 პროცენტი]. აქედან, უშუალოდ კაზინოს მაგიდებიდან მიღებული შემოსავალი, 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, 9,2 მილიონი ლარია.

სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის მერია წელს, ჯამში, 32 100 000 ლარს ელოდება, თითქმის 4 მილიონი ლარით ნაკლებს, ვიდრე 2018 წელს. გასულ წელს ამ ბიზნესიდან ქალაქის ბიუჯეტში 36,1 მილიონი ლარი შევიდა.

კაზინოებიდან გარკვეული თანხა აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტშიც ირიცხება. 2018 წელს კაზინოებიდან აჭარის ბიუჯეტში 9,7 მილიონი ლარი შევიდა.

„რაც შეეხება 2019 წლის მონაცემებს, გაცნობებთ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სამორინეების შესახებ ინფორმაციას ამუშავებს ყოველი წლის ბოლოს და აქვეყნებს მომდევნო წლის თებერვლის თვეში,“ – მოგვწერეს სამინისტროდან.

2018 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალურ ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 1 970 900 ლარი ჩაირიცხა. 2019 წლის სამი კვარტლის გეგმით კი, გათვალისწინებული იყო 1 411 315 ლარის შემოსავალი, თუმცა ადგილობრივ ბიუჯეტში ამ პერიოდში გაცილებით მეტი – 2 110 115 ლარი შევიდა.

„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 2 სამორინე, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში უშუალოდ შემოსულია ორი სამორინედან,“ – მოგვწერეს ხელვაჩაურის მერიიდან.

რამდენი კაზინო ფუნქციონირებს 2019 წელს ბათუმში? – ჩვენს ამ კითხვაზე ქალაქის მერიამ კონკრეტული პასუხი არ გასცა.

„სათამაშო ბიზნესის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური. შესაბამისად, ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული სამორინე მაგიდების რაოდენობის შესახებ მიმართეთ შემოსავლების სამსახურს. აქვე გაცნობებთ, რომ ბათუმის ტერიტორიაზე ერთ სამორინე მაგიდაზე მოსაკრებლის ოდენობა კვარტალში შეადგენს 24 000 ლარს,“ – მოგვწერეს მერიიდან.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს ბათუმში 10 კაზინო მუშაობდა. შემოსავლების სამსახურის სათამაშო ბიზნესის ნებართვების რეესტრის მიხედვით, ბათუმში დღეს სამორინეს მოწყობის ნებართვას 10 კომპანია ფლობს [ნებართვების ვადაა 2020-2024 წლები].

კაზინო არ არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუმცა, ჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქობულეთში კაზინოს მოწყობის ვალდებულება აქვს ერთ კომპანიას, რომელმაც კაზინო 2021 წლის 15 თებერვლისთვის უნდა აამოქმედოს.

ქობულეთის გარდა, 2020-2021 წლებში, კაზინოს გახსნის ვალდებულება აქვს კიდევ 6 კომპანიას. ექვსივე კომპანიამ კაზინო ბათუმში უნდა გახსნას. ეს ვალდებულება მათ სამინისტროსთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვთ.

ამ ექვსიდან გაურკვეველია ერთი კომპანიის კაზინოს გახსნის ვადა – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „მიმდინარეობს ბათუმის მერიასთან სასამართლო დავა მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს აჭარაში მოქმედ სამორინეებში ვიზიტორების ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა 1 143 300 კაცი. სამორინეების ვიზიტორთა 81%-ს არარეზიდენტი ვიზიტორები [უცხო ქვეყნის მოქალაქეები] წარმოადგენდნენ. სამინისტრო სტატისტიკურ მაჩვენებლებს კაზინოებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე ამუშავებს.

ამ თემაზე:

რატომ იხურება კაზინოები ბათუმში და რა ელის უმუშევრად დარჩენილ 400-მდე თანამშრომელს

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში DAAD-ის წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს

23 ოქტომბერს DAAD-ის წარმომადგენელი საინფორმაციო შეხვედრას გამართავს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის წარმომადგენელი მაქსი ბორნმანი სტუდენტებსა და პერსონალს გააცნობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გრანტებს და სტიპენდიებს სთავაზობს DAAD-ი როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ / ადმიისტრაციულ პერსონალს გერმანიაში სწავლისა თუ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

შეხვედრა, რომელიც ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით საკონფერენციო დარბაზში გაიმართება, 12 საათზე დაიწყება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს. ელ-ფოსტა: international@bntu.edu.ge

DAAD აერთიანებს ადამიანებსა და მეცნიერებას. დაარსდა 1925 წელს ჰაიდელბერგში, სტუდენტების ინიციატივით, დღესდღეობით კი ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფონდს წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფს სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლას. დაარსებიდან დღემდე DAAD-მა ორი მილიონი ადამიანი დააფინანსა გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ DAAD-ის საქმიანობა სცილდება მხოლოდ სტიპენდიების სფეროს: DAAD ხელს უწყობს გერმანული უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციას, აძლიერებს საზღვარგარეთ გერმანისტიკას და გერმანულს, როგორც უცხო ენას, განვითარების ეტაპზე მყოფ ქვეყნებს ეხმარება კონკურენტუნარიანი უმაღლესი სასწავლებლების შექმნაში, იმავდროულად კონსულტაციას უწევს განათლების, მეცნიერებისა და განვითარების პოლიტიკის სფეროს ექსპერტებს.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) საქართველოში 1988 წლიდანაა წარმოდგენილი. ბიუჯეტი სხვადასხვა ფედერალური სამინისტროების, პირველ რიგში კი საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ევროკავშირის სახსრებით ფინანსდება.

აკაკი ძნელაძე და ჯემალ სურმანიძე განათლების მინისტრის მოადგილეებად დანიშნეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“ აკაკი ძნელაძე, აჭარის განათლების კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ის წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფლების“ თავმჯდომარე იყო.

აკაკი ძნელაძე თავის თავს განათლების სამინისტროში ჯერ კიდევ 2016 წელს ხედავდა, როცა მას უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და მისი საჯარო სამსახურებში დასაქმების ვერსიები განიხილებოდა.

ის მაშინ „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ შეიძლებოდა განათლების მინისტრის პოსტიც შეეთავაზებინათ. თუმცა ბოლო პერიოდში ისევ უმაღლესი საბჭოს აპარატში მუშაობდა.

ჯემალ სურმანიძე განათლების სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო.

აჭარის განათლების მინისტრს ახლა უკვე ოთხი მოადგილე ჰყავს.

მთავარი ფოტო: ჯემალ სურმანიძე და აკაკი ძნელაძე

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები ხელვაჩაურის მოსახლეობასთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მახინჯაურისა და ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა.

,,მოვედი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რათა მოვისმინოთ თქვენი პრობლემები და განვსაზღვროთ 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები,’’ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სოფელ მახინჯაურში, განთიადში, კაპრეშუმსა და ორთაბათუმში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, პარლამენტის დეპუტატები: მუხრან ვახტანგაძე და ფატი ხალვაში, აჭარის არ მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა, აჭარის არ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე.

მოსახლეობის მთავარი პრიორიტეტი სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება, გზების მოწესრიგება და მიწის დაკანონების საკითხია.

მთავრობის თავმჯდომარისა და სახელისუფლებო გუნდის შეხვედრები მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ დღეს შარაბიძეების, აჭარისწყლისა და მაჭახლის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასაც.

2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ხელვაჩაურის მერთან ერთად, მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ილია ნაკაშიძემ, პარლამენტის დეპუტატებმა მუხრან ვახტანგაძემ და სვეტლანა კუდბამ, აჭარის არ ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მამუკა თურმანიძემ.

ამ ადმინისტრაციულ ერთეულებშიც მთავარი პრიორიტეტი სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება, გზების მოწესრიგება და მიწის დაკანონების საკითხი იყო.

მოქალაქემ მშენებარე ავტობანის გვირაბი გადაკეტა

„მეორედ გადავკეტე გვირაბი, ყურადღებას არავინ გვაქცევს. თუ ისევ არავინ მოგვხედავს, თავს დავიწვავ“, – ამბობს ბათუმში, მახვილაურში მცხოვრები გიორგი დუმბაძე. მან დღეს ბათუმის შემოვლითი მშენებარე გზის გვირაბი გადაკეტა და მშენებელებს გადაადგილება შეუზღუდა. გიორგი დუმბაძის თქმით, მის საცხოვრებელ სახლს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ავტობანისთვის გვირაბის გაყვანა დაიწყეს.

„სახლი პირდაპირ გვირაბის თავზე დგას… ბოლო დროს შემოდის წყალი, სარდაფი სავსეა წყლით, სახლზე ასევე გაჩენილია ბზარები. კომპანიაში მეუბნებიან, რომ კოსმეტიკურ რემონტს ჩაუტარებენ სახლს, რაც არ მაწყობს,“ – გვითხრა გიორგი დუმბაძემ.

მოქალაქემ გვაჩვენა გეოლოგიის სამსახურის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც „მორფოლოგიურად ტერიტორია წარმოადგენს ძველმეწყრულ ფერდს, სადაც მეწყრული პროცესებისთვის დამახასიათებელი ფორმები ამჟამად სტაბილიზაციას განიცდის.“ ამავე დასკვნის მიხედვით, სახლს „უმნიშვნელო ბზარები“ აქვს და საჭიროა გრუნტის, ასევე, სახურავიდან ჩამომავალი წყლების „უსაფრთხო მიმართულებით გადაყვანა“.

გეოლოგიის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, უკავშირდება თუ არა სახლში გაჩენილი პრობლემები ახალი გზის მშენებლობას და გვირაბის გაყვანას.

„ჩვენ მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც, მაგრამ დასკვნა ჯერ კიდევ არ არის, მაისში მივმართეთ,“ – ამბობს გიორგი დუმბაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანია SMEC-ს, რომელიც ავტობანის გაყვანაზე მუშაობს. კომპანიაში გვითხრეს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ისინი ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ და გზების დეპარტამენტს უნდა მივმართოთ.

„დაზიანება არ არის აშკარა. აფეთქებები იყო დასაშვები ნორმის ფარგლებში, მისი განსახლების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საქართველოს გზების დეპარტამენტის გარემოს და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, მიხეილ უჯმაჯურიძემ. მისი თქმით, მონიტორინგი ამ სახლზე მანამდე დაიწყო, ვიდრე აქტიური მშენებლობა დაიწყებოდა. დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ სახლზე ნიშნულები განათავსეს და ბზარები არ გაფართოებულა.

რატომ არ ტარდება ექსპერტიზა იმისთვის, რომ გამოირიცხოს ავტობანის მშენებლობის კავშირი სახლის დაზიანებასთან?

„ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ… კომპანია მზადაა, კოსმეტიკური რემონტის ხარჯი დააფინანსოს, თუკი ამის მოთხოვნა იქნება,“ – დასძინა მიხეილ უჯმაჯურიძემ.

როცა სოფლის სკოლაში მიდიხარ სამუშაოდ და 16 წელი რჩები – წყვილის გზა ეროვნულ ჯილდომდე

„როცა პირველად წალკაში წავედი, სოფელში ჩასვლისას პირველი რაც გავიფიქრე, იყო ის, რომ რას წაიღებდნენ წლების შემდეგ აქედან ბავშვები. პატარა სოფელია – აიაზმა, აქ ბავშვებისთვის ისტორია და გეოგრაფია უნდა მესწავლებინა. რთული იყო განსხვავებულ კულტურულ თუ კლიმატურ გარემოში ცხოვრება, უცხო ადამიანებთან შეგუება და ერთი გაფიქრება გავიფიქრე კიდეც, რომ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი-მეთქი, თუმცა შემდეგ შემრცხვა ამ ფიქრების. უკან არ დავბრუნდებოდი“, – მასწავლებლის 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე არაქართულენოვან სკოლებში თავის 16-წლიან ისტორიაზე გვიყვება, ადგილზე, სადაც გაიცნო მეუღლე, ნათია ტრაპაიძე, რომელიც ასევე აზერბაიჯანელ და სომეხ  ბავშვებს წლებია ქართულ ენას ასწავლის.

ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი და მისი მეუღლე გვიყვებიან სირთულეებსა და გამოწვევებზე და ამბობენ, რომ მათი ადგილი სწორედ იქ არის, სადაც ახლა არიან. გიორგი და ნათია ამჟამად მარნეულში ცხოვრობენ.

„15 წლის წინ ამ რეგიონებში ბევრად უარესი ინფრასტრუქტურა იყო. სოფელში, სადაც დავდიოდი, რაღაც საოცარი ავტობუსი დადიოდა, რომელიც თბილისიდან სოფელში ჩასვლას ხუთ საათს ანდომებდა. სოფელში არ იყო გზა, დენი, ინტერნეტი. აღმოჩნდა, რომ სკოლაში, სადაც ბავშვებისთვის ისტორია და გეოგრაფია უნდა მესწავლებინა, არც ქართული ენა იცოდნენ.

მაგრამ როცა საქმეს შევუდექი, პრობლემები მოგვარებადი მეჩვენა. დავუახლოვდი ბავშვებს, მასწავლებლებს, მოსახლეობას, ვისწავლე სომხური ენაც. ეს მათთვისაც სასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან ხედავდნენ, რომ მეც ვცდილობდი მათი ენის სწავლას და ეს ერთგვარი სტიმული იყო მათთვის“, – გვიყვება გიორგი ჭაუჭიძე.

ის ამბობს, რომ წლების წინ არაქართულენოვანი სკოლები ერთეული ენთუზიასტების იმედად იყო მიტოვებული, დღეს კი ეს რეალობა მეტ-ნაკლებად შეცვლილია.

„რატომ არ იცოდნენ ბავშვებმა სახელმწიფო ენა? – მსგავს პათეტიკურ კითხვას მეც ვსვამდი ხოლმე, როცა ჭიათურიდან ან თბილისიდან ვუყურებდი ამ საკითხს, მაგრამ როცა ახლოს მიდიხარ, შედიხარ კლასში, ხედავ, რომ სწავლას მოტივაცია, დაინტერესება, გამოწვევა და რესურსები სჭირდება. მესამეკლასელ ბავშვთან პათეტიკა არ მუშაობს“, – ამბობს მასწავლებელი.

გიორგი ჭაუჭიძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემისას

ეროვნული ჯილდოს გადაცემის დღეს გიორგი ჭაუჭიძემ თქვა, რომ განათლების სისტემაში აუცილებელია თავისუფლება. „თქვენც გისურვებთ თავისუფლებას“- უთხრა მან განათლების მინისტრს. გიორგის აზრით, ადამიანისთვის, მოქალაქისთვის თავისუფლება არის ერთ-ერთი მაღალი ღირებულება, რომელსაც არ აქვს დასასრული.

„თავისუფლება არის პროცესი და სვლა თავისუფლებისკენ. თუკი ადამიანი იტყვის, რომ მოიპოვა და მორჩა, ესე იგი, არ ესმის თავისუფლების არსი,“ – ამბობს ის. მისი აზრით, სისტემა უნდა გათავისუფლდეს უცხო სხეულების ჩარევისგან, არაჯანსაღი ინტერესების მქონე ძალებისგან. საილუსტრაციოდ კი მოჰყავს ია კერზაიას საქმე, რომელიც, მისი აზრით, არ გამომდინარეობდა განათლების ინტერესებიდან.

როგორია თქვენს გაკვეთილზე თავისუფლება? – ვკითხეთ მასწავლებელს. გიორგი ამბობს, რომ გაკვეთილზე თავისუფლება არის მაშინ, თუკი ბავშვებს აინტერესებთ ის, რასაც აკეთებენ. „როცა ბავშვს სიამოვნებს სწავლა, ეს არის თავისუფლება. რომ გითხრათ, რომ ყოველთვის ვახერხებ ამას, არა. მაგრამ ვცდილობ და ეს დიდ ძალისხმევად მიჯდება“.

გიორგი ჭაუჭიძის აზრით, ნელ-ნელა დადგება დრო, როცა მასწავლებლები ბავშვებთან შეთანხმდებიან, როგორ ჩაატარონ გაკვეთილები.

გიორგი ჭაუჭიძე გაკვეთილზე

ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა მინისტრს თავისი სკოლის მოსწავლეებისთვის სტადიონის გაკეთება სთხოვა.

„აბა, წარმოიდგინეთ, როგორ თამაშობენ ბავშვები ტალახიან, მოხრეშილ მიწაზე. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მარტო სტადიონი აკლიათ? დარბაზი, პროექტორი, პრინტერი… ეს მაშინ, როცა ტექნოლოგიური საოცრებები გამოდის დღითიდღე“.

წლის ყველაზე წარმატებული ქართველი მასწავლებელი მიიჩნევს, რომ გამოწვევა, რომელიც დღეს განათლების სისტემას აქვს, უფასო სახელმძღვანელოებია. 

„არ მომწონს ეს პოლიტიკა. სახელმძღვანელოები არ უნდა იყოს უფასო. ყველა მშობელმა იცის, რომ მოსწავლის განათლებისთვის წიგნია საჭირო და უნდა იყიდოს. ვისაც არ შეუძლია ყიდვა, მას სახელმწიფომ უნდა შეუძინოს.  დღეს არსებული პოლიტიკის გამო სახელმწიფოს ეს სფერო ტოტალურად მონოპოლიზებული აქვს. ცდილობს, თვითონ შექმნას სახელმძღვანელოები, თვითონ დაბეჭდოს, თვითონ დაარიგოს, რასაც არ ვეთანხმები. ამიტომ ვხვდებით ამ სფეროში არაკომპეტენტურ და არაკვალიფიციურ გადაწყვეტილებებს“, – გვეუბნება ის.

გიორგი ჭაუჭიძის მეუღლე ნათია ტრაპაიძეც მარნეულში, სახლიდან 35 კილომეტრის დაშორებით, სოფელ სადახლოს სკოლაში აზერბაიჯანელ ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის. მეუღლის მსგავსად, თვითონაც წლების წინ დაიწყო რთულ და მძიმე პირობებში მუშაობა. ერთმანეთიც სწორედ აქ გაიცნეს. ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე მეუღლეზე ამბობს, რომ ის მასზე უკეთესი მასწავლებელია.

წყვილი სოფლის მიტოვებას არ აპირებს, რადგან იციან, რომ აქ ისინი სჭირდებათ.

მარნეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები

„პირველად კახეთში, სოფელ კასრიწყალში დავიწყე მუშაობა, რომლის არსებობა მხოლოდ რუკაზე ვიცოდი. სოფელი ვაშლოვანის ნაკრძალის გვერდით, შირაქისა და ელდარის ველებთან მდებარეობს, სადაც მშრალი ჰავა და ცხელი კლიმატია, იშვიათად წვიმს და თოვს. რთული იყო შეგუება, თუმცა ხალხთან ურთიერთობა არ გამჭირვებია, მიუხედავად უგზოობისა და ცუდი პირობებისა“, – გვეუბნება ნათია.

მისთვის ამ გარემოში ცხოვრება სკოლაში მუშაობის სურვილმა განაპირობა. „ქალაქის სკოლებში ვაკანსია არ ცხადდებოდა, „ასწავლე მომავალი საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში მივიღე კონკურსში მონაწილეობა და პირველივე ნაკადში მოვხვდი 2009 წელს. შემდეგ ვმუშაობდი გარდაბანში, ბოლნისში და ახლა ვარ მარნეულში. ბევრი პრობლემაა, თუნდაც სახელმძღვანელოების მხრივ, მაგრამ ვცდილობთ სწავლება საინტერესო გავხადოთ“.

ნათიას თქმით, დღეს მისი მოსწავლეები იმდენად მოტივირებულნი არიან, რომ არდადაგებზეც კი დადიან ქართული ენის კლუბში. „მოჰყავთ ნათესავებიც, ძმები, ბიძაშვილები, იმიტომ, რომ იქ სასიამოვნოა სწავლა“, – ამბობს ნათია ტრაპაიძე.

„მოსწავლეს არ უნდა ეშინოდეს შეცდომების დაშვების და დასჯის. თუ ეს ასეა, იქ  ყველაფერი მთავრდება. ქრება მოსწავლის მოტივაცია, სურვილი, რომ რამე ახალი გააკეთოს, ქართული ენის სიყვარულიც დამთავრდება, ვფიქრობ, აქ. ბავშვები ბედნიერი არიან მაშინ, როცა სიყვარულით სწავლობენ“, – გვეუბნება ის.

ნათიამ თავისი მოსწავლეებისთვის ტელევიზორი იყიდა, რადგან, ამბობს, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ ვიზუალური ეფექტები და უადვილდებათ სწავლა. „როცა სატელევიზიო თამაშებია, ვთქვათ, სიტყვების გამოცნობა, ლექსის დაბოლოება, სიტყვების სწორად მიწერა, ჩასმა,  სურათის აღწერა, ამას დიდ ეკრანზე მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე წიგნში.

მოსწავლეებს ვეუბნები, რომ ქართული ენის სწავლა აუცილებელია, თუ სურთ იცხოვრონ ამ ქვეყანაში, თუ უნდათ წარმატების მიღწევა, თუ უნდათ გამოვიდნენ საკუთარი სოფლიდან, სახლიდან და შეძლონ რეალიზება. თუმცა, ბავშვებისთვის უცილებელია, რომ გაიზარდონ შეგნებული ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში და მჯიღს კი არ დაირტყამენ მკერდზე, არამედ გაიაზრებენ რა არის სწორი გადაწყვეტილება, რა უნდა წაიკითხონ, რა უნდა იცოდნენ, რომ არ მოტყუვდნენ“, – გვეუბნება ნათია.

გიორგი ჭაუჭიძე და ნათია ტრაპაიძე
ფოტო: ფეისბუქის გვერდიდან

მისი თქმით, როცა ბავშვები თვითონ ასუფთავებენ ეზოს და ხედავენ, რომ მათ თვალწინ ვიღაც არხში ყრის ნაგავს, აუცილებლად აქვთ რეაქცია. როცა ხედავენ, რომ რომელიღაც მოსწავლეს პრობლემა აქვს, ურჩევენ, რომ ასეთ დროს დაელაპარაკონ მშობელს, ან მანდატურს „და ეს ეხმარება მათ თავიანთი თავის შეცნობაში, როცა ხედავენ, რომ თანატოლს სწორი რჩევა მისცეს და ამან შედეგი გამოიღო“.

ნათია ამბობს, რომ განათლება, ქართული ენის ცოდნა ეხმარება არაქართულენოვან მოსახლეობას ინტეგრაციაში და სტიგმების დაძლევაში, მეტი ინფორმაციის მიღებაში, არის ცვლილება გენდერულ საკითხებზეც, თუმცა ამ მხრივ კიდევ ბევრია სამუშაო.

„შარშან მყავდა კლასი, საიდანაც 12 გოგო გახდა  სტუდენტი. სტიპენდიანტები არიან და ოჯახები ამით ამაყობენ. თუმცა ისეთ სკოლაშიც ვმუშაობდი, სადაც  მე-9 კლასის ზემოთ არც ერთი გოგო არ სწავლობდა. მასწავლებელი ქალებიც მხოლოდ ეთნიკური ქართველები ვიყავით. სოფელი რაც უფრო მოშორებულია ქალაქს, უფრო ჩაკეტილია. ამიტომ, მხოლოდ გარედან რაიმეს მიწოდება არ არის ეფექტური, თუ შიგნიდანაც არ დააინტერესე.

მე და გიორგის შვილები ჯერ არ გვყავს, მაგრამ როცა გვეყოლება, ისინიც აქ იცხოვრებენ. შეიძლება მუდმივად აქ არ ვიცხოვროთ, მაგრამ უახლოეს მომავალში წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ აქ ვჭირდებით მოსწავლეებს, ვჭირდებით ადგილობრივებს.

ვისწავლე აზერბაიჯანული ენაც, მასწავლებლებს მიჰყავთ აქაური ბავშვები სამეგრელოში, სვანეთში, იმერეთში, რომ ნახონ რა ხდება იქ და ეს არ არის ცოტა. მეც, როცა ოზურგეთში ვცხოვრობდი, ბევრი რამ არ ვიცოდი კახეთზე“.

ნათია ამბობს, რომ ახარებს მეუღლის ჯილდო, რადგან მიაჩნია, რომ მასწავლებლისთვის, ვინც ბევრს გაუძლო, ბევრი იშრომა და რაღაც მაინც შეცვალა, ეს დაფასებაა.

ნობელის პრემია ფიზიკის დარგში „რევოლუციური აღმოჩენისთვის“ სამ მეცნიერს გადაეცემა

დღეს, 8 ოქტომბერს, ნობელის კომიტეტმა დაასახელა სამი მეცნიერი, რომლებიც 2019 წელს ნობელის პრემიას მიიღებენ ფიზიკის დარგში.

ნობელის პრემია გადაეცემა ჯეიმს პიბლსს, 84 წლის ამერიკელ/კანადელ მეცნიერს, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორს – თეორიული აღმოჩენისათვის ფიზიკურ კოსმოლოგიაში, და, ასევე, ნობელის პრემია გადაეცემათ შვეიცარიელ ასტროფიზიკოსებს – მიშელ მაიმორსა და დიდიე კელოს – მზის მსგავსი ვარსკვლავების ირგვლივ ეგზოპლანეტების აღმოჩენისთვის. მათ ჯერ კიდევ 1995 წელს აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა 51 Pegasi b და იქედან მოყოლებული 4 000-ზე მეტი ეგზოპლანეტა იქნა აღმოჩენილი ირმის ნახტომის გალაქტიკაში.

ნობელის კომიტეტის განცხადებით, ამ მეცნიერების აღმოჩენები რევოლუციურია ასტრონომიაში.

ფულადი პრიზის, 9 მილიონი შვედური კრონის [900 000 აშშ დოლარი] ნახევარი გადაეცემა ჯეიმს პიბლსს, ფულადი პრიზის მეორე ნახევარი კი – მიშელ მაიმორსა და დიდიე კელოს.

bbc წერს, რომ სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯეიმს პიბლსმა ხაზი გაუსვა, რომ აღმოჩენაში ბევრ მეცნიერს მიუძღვის წვლილი. მან ახალგაზრდებს, რომლებიც თავიანთი კარიერის მეცნიერებაში გაგრძელებაზე ფიქრობენ, ურჩია გადადგან ეს ნაბიჯი მეცნიერების სიყვარულის გამო.

ბათუმში ადაპტირებული პლაჟი მომავალ სეზონამდე დაიხურა

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან ბათუმის ბულვარის ადაპტირებული პლაჟი ოფიციალურად დაიხურა.

„აღსანიშნავია, რომ გახსნის დღიდან ადაპტირებული პლაჟით დაახლოებით 100-მა ადგილობრივმა და უცხოელმა მომხამრებელმა ისარგებლა,“ – აცხადებს ბულვარის ადმინისტრაცია – „ადაპტირებული პლაჟი მომავალი საზღვაო სეზონის დაწყებისთანავე გააგრძელებს ფუნქციონირებას“.

____________________

მთავარი ფოტო: ადაპტირებული პლაჟი ბათუმში / ბათუმის ბულვარის ფოტო

ამ თემაზე:

შშმ პირები დამოუკიდებლად იბანავებენ ზღვაში – პირველი ადაპტირებული პლაჟი ბულვარში

16 წლის ნიკიტას სარჩელი საკონსტიტუციოში – 18 წლამდე საპროტესტო აქციას ვერ ჩაატარებ

16 წლის ნიკიტა ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებს. სარჩელი უკვე დარეგისტრირდა საკონსტიტუციო სასამართლოში. ნიკიტა „შეკრების და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის იმ ჩანაწერს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც საპროტესტო აქციას ვერ ჩაატარებს პირი, ვისაც 18 წელი ჯერ არ შესრულებია. ნიკიტა ადამია სამოქალაქო აქტივისტის – ნატა ფერაძის შვილია.

ნატა ფერაძის თქმით, მის შვილს არ ჰქონია კონკრეტული შემთხვევა, როცა მან კონკრეტული აქციის გამართვის უფლება ასაკის გამო ვერ მიიღო, თუმცა ამ საკანონმდებლო ჩანაწერის გაპროტესტების სურვილი გაუჩნდა.

ნიკიტას ინტერესებს საია დაიცავს.

სარჩელში, რომლითაც ნიკიტა ადამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, მოყვანილია რამდენიმე ქვეყნის შემთხვევა, სადაც არასრულწლოვნებს შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლება აქვთ. მაგალითად, სომხეთსა და მოლდოვაში 14 წლის ასაკიდან შეიძლება გამართო საპროტესტო აქცია, ფინეთში – 15 წლიდან.

„არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნაც, სადაც აღნიშნულია, რომ 14 წლის ასაკიდან უნდა იყოს შესაძლებელი ამ უფლებით სარგებლობა, ოღონდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში,“ – აღნიშნავს გიორგი გოცირიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. იგი სასამართლოში ნიკიტა ადამიას ინტერესებს იცავს.

სარჩელში მოყვანილია დიდი  ბრიტანეთის შემთხვევაც, როცა გამოკითხვებით 18 წლამდე ახალგაზრდების უმრავლესობა ევროკავშირში დარჩენას ირჩევდა, თუმცა ქვეყნის ბედი ზრდასრულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომლებსაც რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ.

„18 წლამდე პირებიც საზოგადოების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ, რომლებსაც განსაკუთრებული ინტერესები აქვთ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ამას უნდა დაემატოს ისიც, რომ მათი იდეები შესაძლოა არაპოპულარული იყოს ზრდასრული ადამიანებისგან შემდგარი ფენებისთვის, თუმცა ეს არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ მათ საკუთარი იდეების ფართო მასებისთვის გაცნობის შესაძლებლობა წავართვათ, იმგვარი შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზების უფლების ჩამორთმევით, რომელიც მათ იდეებსა და ინტერესებს გამოხატავდა,“ – აღნიშნულია სარჩელში.

მოსარჩელის აზრით, კანონის ეს ჩანაწერი ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციით“ დაცულ შეკრების უფლებას.

„ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება,“ – წერია „საქართველოს კონსტიტუციაში“.

შეკრებისა და მანიფესტაციის წესების დარღვევა ადმინისტრაციული წესით 5 ათასამდე ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ამ კანონის დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც – შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე ვადით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

 

 

 

 

 

 

 

 

ბათუმსა და მთელ აჭარაში გაზი მინიმუმ ორი დღით გაითიშება

აჭარაში გაზი ორი დღით გაითიშება, რეგიონის ჩართვას კი 2-3 დღე დასჭირდება – ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ „სოკარ ჯორჯია გაზში“ დაუდასტურეს.

„10-11 ოქტომბერს, ხუთშაბათს და პარასკევს, გაზის მიწოდება მთლიანად აჭარაში შეწყდება. 12 ოქტომბრიდან, შაბათიდან, დავიწყებთ გაზის ჩართვას ეტაპობრივად და ორი-სამი დღე დააგვიანდება, რომ მთლიანად დავტვირთოთ რეგიონი,“ – გვითხრა „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ვახტანგ ბერიშვილმა.

მისი განმარტებით, გაზის შეწყვეტის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„გვარაში ავარიული მდგომარეობაა და ზამთარს უწყვეტი გაზმომარაგებით რომ შევხვდეთ, ამიტომ შესასრულებელია სამუშაოები. ტურისტული სეზონი დამთავრდა და ახლა ვგეგმავთ სამუშაოებს,“ – ამბობს ვახტანგ ბერიშვილი.

Black Rabbit Foot-ის კონცერტი ახალ სცენაზე – ექსპერიმენტული მუსიკა ბათუმში

12 ოქტომბერს, შაბათს, ბათუმის დრამატულ თეატრში [ახალი სცენა] გაიმართება Black Rabbit Foot-ის კონცერტი.

Black Rabbit Foot-ი არის კომპოზიტორის, მუსიკოსისა და არანჟირების ავტორის Bek Bekson-ის ახალი ექსპერიმენტული პროექტი. კონცერტზე თქვენ ნახავთ Bek Bekson-ის შექმნილ მუსიკალურ ინსტრუმენტს Scythe Harp Bass-ს და ნიღბებს, რომელიც ზღაპრულ სამყაროში გადაგიყვანთ.

პროექტის მონაწილეები არიან: ათინა ჯანუაშვილი, ირაკლი სანადირაძე და გოჩა ყაჭეიშვილი.

დასწრება თავისუფალია. 

დასაწყისი: 20 საათზე. 

მისამართი: ბათუმი, მელაშვილის ქუჩის 32 ა.

კონცერტი მუსიკალური ფესტივალის, Black Sea Sound-ის ფარგლებში იმართება. აღნიშნული ფესტივალი 2014 წელს დაარსდა ბათუმში და მისი მიზანი ქართველი ხელოვანების, განსაკუთრებით კი საავტორო, ექსპერიმენტული მუსიკის წარმომადგენლების მხარდაჭერა და საზოგადოებისთვის მათი შემოქმედების გაცნობაა. Black Sea Sound-ი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: საავტორო, ექსპერიმენტული მუსიკის მხარდაჭერა; განათლება – ვორქშოპები და ტრენინგები და გართობა – კონცერტები ღია ცის ქვეშ და ფერების ფესტივალი.

პროექტის ორგანიზატორია EREDELI, მხარდამჭერი – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

____________

ფოტო: Black Sea Sound

ხულოს სკოლა-პანსიონი, რომელიც ქვემო ვაშლოვანში აშენდება – ესკიზური პროექტი მზადაა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანში დაგეგმილია საჯარო სკოლა-პანსიონის მშენებლობა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების  სააგენტოს მიერ მომზადდა სასწავლებლის შენობის ესკიზური პროექტი, რომელიც, სააგენტოს ინფორმაციით, ტოპოგრაფიული რუკისა და საინჟინრო გეოლოგიის შესაბამისად უნდა მოერგოს საპროექტო ტერიტორიას.

„პროექტის კონკრეტულ ტერიტორიაზე მიბმა გამოიწვევს არქიტექტურული პროექტის გარკვეულ ცვლილებებს. შესაძლებელია შეიცვალოს გარე კიბეების, პანდუსებისა და ცოკოლის სიმაღლე,“ – აცხადებენ სააგენტოში.

სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის საჭირო თანხის დასადგენად სააგენტო ბაზრის კვლევას ატარებს. როცა, ესკიზის მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტაცია მომზადდება, შემდეგ გამოცხადდება ტენდერი პანსიონის მშენებლობაზე.

სკოლა-პანსიონი სოფელ ვაშლოვანში არსებული სკოლის შენობის მიმდებარედ უნდა აშენდეს.

ხულოს სკოლა პანსიონი / ესკიზი
ხულოს სკოლა პანსიონის ესკიზური პროექტის განმარტებითი ბარათიდან
ტერიტორია [მონიშნულია ყვითლად] ხულოს სოფელ ქვემო ვაშლოვანში, სადაც სკოლა პანსიონი უნდა აშენდეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად საიტი შექმნა

ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშესაწყობად ინტერნეტპორტალი შეიქმნა. საიტის – www.georgianseafarers.gov.ge / www.georgianseafarers.ge პრეზენტაცია ბათუმში ხუთ ოქტომბერს გაიმართა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის თქმით, ქართველ მეზღვაურთა მხარდასაჭერად და მათი დასაქმების ხელშესაწყობად წელიწადზე მეტია ამ პროექტზე მუშაობენ. დაინტერესებულ მხარეებს სამუშაო ჯგუფი რამდენჯერმე შეხვდა და გაითვალისწინეს როგორც მეზღვაურების, ისე დამსაქმებლების ინტერესები და მოთხოვნები. გაზიარებულ იქნა საერთაშორისო გამოცდილებაც.

თამარ იოსელიანი
თამარ იოსელიანი

„პორტალი მეზღვაურებს გაუადვილებს სასურველი ვაკანსიების მოძიებას და მისცემს შესაძლებლობას, პირდაპირ კომუნიკაციაზე იყვნენ დამსაქმებლებთან. თავის მხრივ, დამსაქმებლები ერთიან ონლაინპლატფორმაზე განათავსებენ ვაკანსიებს და უფრო მარტივად იპოვნიან სასურველი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრებს,“ – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

სააგენტოს დირექტორის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეზღვაურებს ამ საიტის მეშვეობით ონლაინწვდომა ექნებათ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სერვისებზე, რაც დაზოგავს მათ დროს და გაცილებით უფრო კომფორტულს გახდის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი პირებისათვის სააგენტოს მომსახურების მიღებას.

4 ფოტო, რომლებიც ჟორჟ სიმენონმა გასული საუკუნის 30-იანი წლების ბათუმში გადაიღო

ეს ფოტოები ცნობილმა ბელგიელმა მწერალმა, ჟორჟ სიმენონმა გადაიღო ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში. ფოტოები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, სულხან ღლონტმა გამოაქვეყნა ფეისბუქზე, რომელიც წერს, რომ ამჟამად ბათუმში იმყოფება ჟორჟ სიმენონის შვილი, ჯონ სიმენონი, რომელიც ოჯახის არქივიდან მალე ბათუმის 1930-იანი წლების ფოტოებს გადმოსცემს ქალაქს.

ბათუმი, XX საუკუნის 30-იანი წლები
ბათუმი, XX საუკუნის 30-იანი წლები
ბათუმი, XX საუკუნის 30-იანი წლები
ბათუმი, XX საუკუნის 30-იანი წლები

ჟორჟ სიმენონი ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში იმყოფებოდა. მის რომანში – „ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ [Les Gens d’en Face] ერთ-ერთ ნაწილში მოქმედება ბათუმში ხდება.

წიგნის დაწერამდე რამდენიმე თვით ადრე სიმენონმა საბჭოთა კავშირში იმოგზაურა შავი ზღვის ირგვლივ, რვა დღე დაჰყო ოდესაში და 1933 წლის პირველი ნახევრის უკრაინაში მასობრივი შიმშილობის მომსწრეც იყო. უკრაინიდან სიმენონი ბათუმში ჩამოვიდა და აქედან სტამბოლში გაემგზავრა.

Global Finance-მა თიბისი ყველაზე უსაფრთხო ბანკად დაასახელა საქართველოში

გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-ი მსოფლიოს 110 ქვეყანაში ყველაზე უსაფრთხო ბანკები დაასახელა. საქართველოში ეს ჯილდო თიბისიმ მიიღო.

Global Finance-მა ბანკები შეარჩია უცხოური ვალუტის გრძელვადიანი შეფასების სისტემით Moody’s-ის, Standard & Poor’s– ისა და Fitch–ისგან, ასევე, მსოფლიოს 1000 უმსხვილესი ბანკის მთლიანი აქტივებისგან.

„ბიზნესსაქმიანობა ახლა უფრო გლობალურად არის გადაჯაჭვული, ვიდრე ოდესმე, ეს დიდ და მცირე კორპორაციებს ახალ ბაზრებზე გასვლისკენ უბიძგებს. ჩვენ ვთავაზობთ ამ სიას, რათა კორპორატიულმა ფინანსურმა აღმასრულებლებმა საუკეთესო პარტნიორები იპოვონ თითოეულ ქვეყანაში, სადაც ისინი საქმიანობენ.” – განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

„ჩვენ გვეამაყება, რომ 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ბანკად დაგვასახელეს, ეს არის ჩვენი ძლიერი კაპიტალის და მდგრადი ბიზნეს მოდელის აღიარება. თიბისი ბანკი 25 წელზე მეტია რაც არსებობს და დაარსების დღიდან, ჩვენ სანდო პარტნიორი და საიმედო ფინანსური სერვისების მიმწოდებლები ვართ ჩვენი საცალო მომხმარებლებისთვის და ბიზნეს პარტნიორებისთვის.” – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი Global Finance 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-იანი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. Global Finance-ის მკითხველებს  წარმოადგენენ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჟურნალის ვებ-გვერდზე (GFMag.com) გამოქვეყნებული სტატიები და ანალიტიკური მასალა ასახავს 32-წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე და მკითხველს სთავაზობს მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მონაცემებს 192 ქვეყნის შესახებ. ჟურნალის მთავარი ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, მისი ფილიალები კი წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

Exit mobile version