კვირის ამბები,მთავარი

სად აპირებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები დასაქმებას

26.10.2016 • 2520
სად აპირებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები დასაქმებას

„რატომაც არა, მაქვს ამბიცია, კი. ორი შემთხვევა ძალიან კარგია – მინისტრი და მოადგილეც,“ – ასე პასუხობს დეპუტატი კაკო ძნელაძე „ბათუმელების“ შეკითხვას: დაპირდნენ თუ არა მას თანამდებობას აჭარის მთავრობაში. დეპუტატები „ოცნებიდან“ საარჩევნო სიებში ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ, ვიდრე ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება, ძველები აჭარის მთავრობაში ხელმძღვანელი პოზიციების დასაკავებლად ემზადებიან.

„იმიტომ უნდა დავსაქმდეთ მთავრობაში, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ. ეს ძალიან გამოგვადგება,“ – ამგვარად დაგვისაბუთა ალეკო ჩიტიშვილმა უმაღლესი საბჭოდან მთავრობაში გადაბარგების აუცილებლობა. ის უმაღლეს საბჭოში თავდაპირველად საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეობდა, გადაყენების შემდეგ კი, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ხელმძღვანელობდა.

ალეკო ჩიტიშვილი თვლის, რომ პარტიამ უნდა დააფასოს ის ადამიანები, ვინც თავიდან მოყვებოდა ამ მოძრაობას და ასეც მოხდება. მან „ბათუმელებს“ დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის აპარატში უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას აპირებს: „ერთ-ერთი ვარიანტი არის ეს, მაგრამ არაფერი გადაწყვეტილი ჯერ არაა… საუბრები ამის შესახებ იყო პარტიის შიგნით. სადაც დავჭირდები პარტიას, იქ ვიქნები. მე, პირადად, ნებისმიერ სამსახურზე თანახმა ვარ“.

ნებისმიერ სამსახურზე არაა თანახმა ანზორ თხილაიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე. ის „თავისუფალ დემოკრატებს“ მას შემდეგ გაემიჯნა, როცა ირაკლი ალასანიამ სახელისუფლო კოალიცია დატოვა: „მეუბნებიან, რომ მთავრობაში ვიქნები სადმე და არ ვიცი ჯერ, სად და როგორ. ჯერჯერობით კონკრეტიკაზე არაა საუბარი, მაგრამ დეპარტამენტზე უფრო დაბალი დონე რომ არ იქნება, ეს ვიცი.“

ის არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსობას აპირებს [სამმართველოს უფროსი აქამდე ვახტანგ წულაძე იყო, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია ბათუმის 68-ე ოლქში].

ანზორ თხილაიშვილმა არც ის გვითხრა, ვინ განიხილავს დეპუტატების მთავრობაში გადანაწილების საქმეს და სად განიხილება ეს თემა. პასუხი მოკლე მივიღეთ: „პარტიის მონახაზია ეს“.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ერთადერთია უმაღლეს საბჭოში, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. სხვა კომისიების თავმჯდომარეები მმართველ გუნდს აღარ წარმოადგენდნენ, შესაბამისად, დანარჩენებზე ზრუნვა „ქართულ ოცნებას“ აღარ მოუწევს.

მთავრობაში გადასასვლელად ემზადება აკაკი ძნელაძეც. იგი ხელმძღვანელობდა ფრაქციას – „ქართული ოცნება – თავისუფლება“. თვლის, რომ ერთი დეპუტატის პირობაზე, ბევრი საქმის გაკეთება შეძლო. მაგალითისთვის დეპუტატს ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია მოჰყავს. ამაყობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დარწმუნება შეძლო მისი ფონდიდან დაფინანსების გამოყოფის აუცილებლობაში: „თეატრი ჩემი ურთიერთობებით გავაკეთე. სხვებსაც ჰქონდათ ურთიერთობა „ქართუ ფონდთან“, მაგრამ მე გავაკეთე…. დავარწმუნე თუნდაც, რომ ამის გაკეთება აუცილებელი იყო“.

თავის გამინისტრების შესაძლებლობას აკაკი ძნელაძე ბიუჯეტის ხარჯზე სხვადასხვა პროექტის განხორციელებით ამართლებს, მათ შორისაა: მცირე თეატრის მოწყობა, საბაევის და მწერალთა სახლების რესტავრაცია, მუსიკალური ფესტივალები და ფრანგულ ჟურნალში აჭარაზე სტატიის გამოქვეყნებაც კი.

„მთავრობაში გადასვლის შესახებ საუბარი მქონდა ყველა დონეზე, მათ შორის ზურაბ პატარაძესთან [აჭარის მთავრობის თავმჯდომარე]. მისგან მივიღე პასუხი, რომ ამ თემაზე შესაძლოა დადებითი პასუხი იყოს… მოდით, ჯერ ყველაფერი დალაგდეს, ჩატარდეს არჩევნები, შეიკრიბოს უმაღლესი საბჭო და შემდეგ ყველაფერი გაირკვევა,“ – ამბობს კაკო ძნელაძე, რომელიც საკუთარ თავს განათლების სამინისტროში ხედავს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, განათლების მინისტრობა სურს ავთანდილ ბერიძესაც, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. მან „ბათუმელებს“ კომენტარზე ამჯერადაც უარი უთხრა.

რამდენად ლოგიკურია ყოფილი დეპუტატების აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაწილება იმ ფონზე, რა სამუშაოც შეასრულა უმაღლესმა საბჭომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და იმის გათვალისწინებით, როცა მმართველმა პარტიამ ვერც ერთი მათგანის საჭიროება ახალ უმაღლეს საბჭოში ვერ დაინახა? – ნათია აფხაზავა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი თვლის, რომ ეს დამოკიდებულება სწორედაც რომ უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს:

„უმაღლესი საბჭოს მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი საზოგადოებაში არის საკმაოდ მაღალი, რადგან ყველასთვის ცხადია, რაც გააკეთა წინა მოწვევის უმაღლესმა საბჭომ. მსგავსი დამოკიდებულება, როცა დეპუტატებს აქვთ გარანტირებული ადგილები, არის ძალიან რეგრესული და საზიანო. ეს მეტყველებს ამომრჩევლის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე. როცა ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში აღარ არიან ეს სახეები და მერე მთავაზობ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიას არ აქვს ლოგიკური განვითარება. როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე მთავრობაში ჩვენ გვჭირდება ახალი სახეები, რადგან რეგიონს საკმაოდ დიდი გამოწვევები აქვს სწორედ იმის გამოც, რაც წინა მოწვევის უმაღლესმა საბჭომ და მთავრობამ ვერ გააკეთა“.

როგორ ინაწილებს თანამდებობებს ახალი შემადგენლობა – კონკრეტიკა ახალი მოწვევის დეპუტატებს ჯერ არ სურთ, თუმცა სურვილების გამხელა არც აქ უჭირთ. აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლადო მგალობლიშვილი, მაგალითად, ადასტურებს, რომ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე განათლების კომისიის თავმჯდომარეობა უნდა, ან უხელმძღვანელებს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიას. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეობაზე არ ამბობს უარს გიორგი რომანაძე, გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე. იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ დავით გაბაიძე განიხილება, რომელიც აჭარის მთავრობის აპარატში იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. „ალბათ, იმიტომ ამბობენ, რომ პროფესიით იურისტი ვარ. ამ თემაზე საუბარი ჯერ არ გვქონია,“ – გვითხრა დავით გაბაიძემ.

ახალი მოწვევის დეპუტატებმა პრაქტიკულად დაგვიდასტურეს, რომ ავთანდილ ბერიძის სავარძელს ნუგზარ სურმანიძე დაიკავებს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი და აჭარის ჩანდაცვის ყოფილი მინისტრი. თავად ნუგზარ სურმანიძემ კი გვითხრა, რომ კონსულტაციები ამ საკითხზე ჯერ არ ჰქონია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: