განათლება,მთავარი,სიახლეები

როცა სოფლის სკოლაში მიდიხარ სამუშაოდ და 16 წელი რჩები – წყვილის გზა ეროვნულ ჯილდომდე

08.10.2019 • 4268
როცა სოფლის სკოლაში მიდიხარ სამუშაოდ და 16 წელი რჩები – წყვილის გზა ეროვნულ ჯილდომდე

„როცა პირველად წალკაში წავედი, სოფელში ჩასვლისას პირველი რაც გავიფიქრე, იყო ის, რომ რას წაიღებდნენ წლების შემდეგ აქედან ბავშვები. პატარა სოფელია – აიაზმა, აქ ბავშვებისთვის ისტორია და გეოგრაფია უნდა მესწავლებინა. რთული იყო განსხვავებულ კულტურულ თუ კლიმატურ გარემოში ცხოვრება, უცხო ადამიანებთან შეგუება და ერთი გაფიქრება გავიფიქრე კიდეც, რომ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი-მეთქი, თუმცა შემდეგ შემრცხვა ამ ფიქრების. უკან არ დავბრუნდებოდი“, – მასწავლებლის 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე არაქართულენოვან სკოლებში თავის 16-წლიან ისტორიაზე გვიყვება, ადგილზე, სადაც გაიცნო მეუღლე, ნათია ტრაპაიძე, რომელიც ასევე აზერბაიჯანელ და სომეხ  ბავშვებს წლებია ქართულ ენას ასწავლის.

ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი და მისი მეუღლე გვიყვებიან სირთულეებსა და გამოწვევებზე და ამბობენ, რომ მათი ადგილი სწორედ იქ არის, სადაც ახლა არიან. გიორგი და ნათია ამჟამად მარნეულში ცხოვრობენ.

„15 წლის წინ ამ რეგიონებში ბევრად უარესი ინფრასტრუქტურა იყო. სოფელში, სადაც დავდიოდი, რაღაც საოცარი ავტობუსი დადიოდა, რომელიც თბილისიდან სოფელში ჩასვლას ხუთ საათს ანდომებდა. სოფელში არ იყო გზა, დენი, ინტერნეტი. აღმოჩნდა, რომ სკოლაში, სადაც ბავშვებისთვის ისტორია და გეოგრაფია უნდა მესწავლებინა, არც ქართული ენა იცოდნენ.

მაგრამ როცა საქმეს შევუდექი, პრობლემები მოგვარებადი მეჩვენა. დავუახლოვდი ბავშვებს, მასწავლებლებს, მოსახლეობას, ვისწავლე სომხური ენაც. ეს მათთვისაც სასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან ხედავდნენ, რომ მეც ვცდილობდი მათი ენის სწავლას და ეს ერთგვარი სტიმული იყო მათთვის“, – გვიყვება გიორგი ჭაუჭიძე.

ის ამბობს, რომ წლების წინ არაქართულენოვანი სკოლები ერთეული ენთუზიასტების იმედად იყო მიტოვებული, დღეს კი ეს რეალობა მეტ-ნაკლებად შეცვლილია.

„რატომ არ იცოდნენ ბავშვებმა სახელმწიფო ენა? – მსგავს პათეტიკურ კითხვას მეც ვსვამდი ხოლმე, როცა ჭიათურიდან ან თბილისიდან ვუყურებდი ამ საკითხს, მაგრამ როცა ახლოს მიდიხარ, შედიხარ კლასში, ხედავ, რომ სწავლას მოტივაცია, დაინტერესება, გამოწვევა და რესურსები სჭირდება. მესამეკლასელ ბავშვთან პათეტიკა არ მუშაობს“, – ამბობს მასწავლებელი.

გიორგი ჭაუჭიძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემისას

ეროვნული ჯილდოს გადაცემის დღეს გიორგი ჭაუჭიძემ თქვა, რომ განათლების სისტემაში აუცილებელია თავისუფლება. „თქვენც გისურვებთ თავისუფლებას“- უთხრა მან განათლების მინისტრს. გიორგის აზრით, ადამიანისთვის, მოქალაქისთვის თავისუფლება არის ერთ-ერთი მაღალი ღირებულება, რომელსაც არ აქვს დასასრული.

„თავისუფლება არის პროცესი და სვლა თავისუფლებისკენ. თუკი ადამიანი იტყვის, რომ მოიპოვა და მორჩა, ესე იგი, არ ესმის თავისუფლების არსი,“ – ამბობს ის. მისი აზრით, სისტემა უნდა გათავისუფლდეს უცხო სხეულების ჩარევისგან, არაჯანსაღი ინტერესების მქონე ძალებისგან. საილუსტრაციოდ კი მოჰყავს ია კერზაიას საქმე, რომელიც, მისი აზრით, არ გამომდინარეობდა განათლების ინტერესებიდან.

როგორია თქვენს გაკვეთილზე თავისუფლება? – ვკითხეთ მასწავლებელს. გიორგი ამბობს, რომ გაკვეთილზე თავისუფლება არის მაშინ, თუკი ბავშვებს აინტერესებთ ის, რასაც აკეთებენ. „როცა ბავშვს სიამოვნებს სწავლა, ეს არის თავისუფლება. რომ გითხრათ, რომ ყოველთვის ვახერხებ ამას, არა. მაგრამ ვცდილობ და ეს დიდ ძალისხმევად მიჯდება“.

გიორგი ჭაუჭიძის აზრით, ნელ-ნელა დადგება დრო, როცა მასწავლებლები ბავშვებთან შეთანხმდებიან, როგორ ჩაატარონ გაკვეთილები.

გიორგი ჭაუჭიძე გაკვეთილზე

ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა მინისტრს თავისი სკოლის მოსწავლეებისთვის სტადიონის გაკეთება სთხოვა.

„აბა, წარმოიდგინეთ, როგორ თამაშობენ ბავშვები ტალახიან, მოხრეშილ მიწაზე. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მარტო სტადიონი აკლიათ? დარბაზი, პროექტორი, პრინტერი… ეს მაშინ, როცა ტექნოლოგიური საოცრებები გამოდის დღითიდღე“.

წლის ყველაზე წარმატებული ქართველი მასწავლებელი მიიჩნევს, რომ გამოწვევა, რომელიც დღეს განათლების სისტემას აქვს, უფასო სახელმძღვანელოებია. 

„არ მომწონს ეს პოლიტიკა. სახელმძღვანელოები არ უნდა იყოს უფასო. ყველა მშობელმა იცის, რომ მოსწავლის განათლებისთვის წიგნია საჭირო და უნდა იყიდოს. ვისაც არ შეუძლია ყიდვა, მას სახელმწიფომ უნდა შეუძინოს.  დღეს არსებული პოლიტიკის გამო სახელმწიფოს ეს სფერო ტოტალურად მონოპოლიზებული აქვს. ცდილობს, თვითონ შექმნას სახელმძღვანელოები, თვითონ დაბეჭდოს, თვითონ დაარიგოს, რასაც არ ვეთანხმები. ამიტომ ვხვდებით ამ სფეროში არაკომპეტენტურ და არაკვალიფიციურ გადაწყვეტილებებს“, – გვეუბნება ის.

გიორგი ჭაუჭიძის მეუღლე ნათია ტრაპაიძეც მარნეულში, სახლიდან 35 კილომეტრის დაშორებით, სოფელ სადახლოს სკოლაში აზერბაიჯანელ ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის. მეუღლის მსგავსად, თვითონაც წლების წინ დაიწყო რთულ და მძიმე პირობებში მუშაობა. ერთმანეთიც სწორედ აქ გაიცნეს. ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე მეუღლეზე ამბობს, რომ ის მასზე უკეთესი მასწავლებელია.

წყვილი სოფლის მიტოვებას არ აპირებს, რადგან იციან, რომ აქ ისინი სჭირდებათ.

მარნეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები

„პირველად კახეთში, სოფელ კასრიწყალში დავიწყე მუშაობა, რომლის არსებობა მხოლოდ რუკაზე ვიცოდი. სოფელი ვაშლოვანის ნაკრძალის გვერდით, შირაქისა და ელდარის ველებთან მდებარეობს, სადაც მშრალი ჰავა და ცხელი კლიმატია, იშვიათად წვიმს და თოვს. რთული იყო შეგუება, თუმცა ხალხთან ურთიერთობა არ გამჭირვებია, მიუხედავად უგზოობისა და ცუდი პირობებისა“, – გვეუბნება ნათია.

მისთვის ამ გარემოში ცხოვრება სკოლაში მუშაობის სურვილმა განაპირობა. „ქალაქის სკოლებში ვაკანსია არ ცხადდებოდა, „ასწავლე მომავალი საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში მივიღე კონკურსში მონაწილეობა და პირველივე ნაკადში მოვხვდი 2009 წელს. შემდეგ ვმუშაობდი გარდაბანში, ბოლნისში და ახლა ვარ მარნეულში. ბევრი პრობლემაა, თუნდაც სახელმძღვანელოების მხრივ, მაგრამ ვცდილობთ სწავლება საინტერესო გავხადოთ“.

ნათიას თქმით, დღეს მისი მოსწავლეები იმდენად მოტივირებულნი არიან, რომ არდადაგებზეც კი დადიან ქართული ენის კლუბში. „მოჰყავთ ნათესავებიც, ძმები, ბიძაშვილები, იმიტომ, რომ იქ სასიამოვნოა სწავლა“, – ამბობს ნათია ტრაპაიძე.

„მოსწავლეს არ უნდა ეშინოდეს შეცდომების დაშვების და დასჯის. თუ ეს ასეა, იქ  ყველაფერი მთავრდება. ქრება მოსწავლის მოტივაცია, სურვილი, რომ რამე ახალი გააკეთოს, ქართული ენის სიყვარულიც დამთავრდება, ვფიქრობ, აქ. ბავშვები ბედნიერი არიან მაშინ, როცა სიყვარულით სწავლობენ“, – გვეუბნება ის.

ნათიამ თავისი მოსწავლეებისთვის ტელევიზორი იყიდა, რადგან, ამბობს, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ ვიზუალური ეფექტები და უადვილდებათ სწავლა. „როცა სატელევიზიო თამაშებია, ვთქვათ, სიტყვების გამოცნობა, ლექსის დაბოლოება, სიტყვების სწორად მიწერა, ჩასმა,  სურათის აღწერა, ამას დიდ ეკრანზე მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე წიგნში.

მოსწავლეებს ვეუბნები, რომ ქართული ენის სწავლა აუცილებელია, თუ სურთ იცხოვრონ ამ ქვეყანაში, თუ უნდათ წარმატების მიღწევა, თუ უნდათ გამოვიდნენ საკუთარი სოფლიდან, სახლიდან და შეძლონ რეალიზება. თუმცა, ბავშვებისთვის უცილებელია, რომ გაიზარდონ შეგნებული ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში და მჯიღს კი არ დაირტყამენ მკერდზე, არამედ გაიაზრებენ რა არის სწორი გადაწყვეტილება, რა უნდა წაიკითხონ, რა უნდა იცოდნენ, რომ არ მოტყუვდნენ“, – გვეუბნება ნათია.

გიორგი ჭაუჭიძე და ნათია ტრაპაიძე
ფოტო: ფეისბუქის გვერდიდან

მისი თქმით, როცა ბავშვები თვითონ ასუფთავებენ ეზოს და ხედავენ, რომ მათ თვალწინ ვიღაც არხში ყრის ნაგავს, აუცილებლად აქვთ რეაქცია. როცა ხედავენ, რომ რომელიღაც მოსწავლეს პრობლემა აქვს, ურჩევენ, რომ ასეთ დროს დაელაპარაკონ მშობელს, ან მანდატურს „და ეს ეხმარება მათ თავიანთი თავის შეცნობაში, როცა ხედავენ, რომ თანატოლს სწორი რჩევა მისცეს და ამან შედეგი გამოიღო“.

ნათია ამბობს, რომ განათლება, ქართული ენის ცოდნა ეხმარება არაქართულენოვან მოსახლეობას ინტეგრაციაში და სტიგმების დაძლევაში, მეტი ინფორმაციის მიღებაში, არის ცვლილება გენდერულ საკითხებზეც, თუმცა ამ მხრივ კიდევ ბევრია სამუშაო.

„შარშან მყავდა კლასი, საიდანაც 12 გოგო გახდა  სტუდენტი. სტიპენდიანტები არიან და ოჯახები ამით ამაყობენ. თუმცა ისეთ სკოლაშიც ვმუშაობდი, სადაც  მე-9 კლასის ზემოთ არც ერთი გოგო არ სწავლობდა. მასწავლებელი ქალებიც მხოლოდ ეთნიკური ქართველები ვიყავით. სოფელი რაც უფრო მოშორებულია ქალაქს, უფრო ჩაკეტილია. ამიტომ, მხოლოდ გარედან რაიმეს მიწოდება არ არის ეფექტური, თუ შიგნიდანაც არ დააინტერესე.

მე და გიორგის შვილები ჯერ არ გვყავს, მაგრამ როცა გვეყოლება, ისინიც აქ იცხოვრებენ. შეიძლება მუდმივად აქ არ ვიცხოვროთ, მაგრამ უახლოეს მომავალში წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ აქ ვჭირდებით მოსწავლეებს, ვჭირდებით ადგილობრივებს.

ვისწავლე აზერბაიჯანული ენაც, მასწავლებლებს მიჰყავთ აქაური ბავშვები სამეგრელოში, სვანეთში, იმერეთში, რომ ნახონ რა ხდება იქ და ეს არ არის ცოტა. მეც, როცა ოზურგეთში ვცხოვრობდი, ბევრი რამ არ ვიცოდი კახეთზე“.

ნათია ამბობს, რომ ახარებს მეუღლის ჯილდო, რადგან მიაჩნია, რომ მასწავლებლისთვის, ვინც ბევრს გაუძლო, ბევრი იშრომა და რაღაც მაინც შეცვალა, ეს დაფასებაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: