ბათუმში ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა, ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა ეს ინფორმაცია სასწრაფო დახმარების სამსახურში და შსს-ში არ დაგვიდასტურეს.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მათ კლინიკაში ერთი დაშავებული გადაიყვანეს.

„30 წლამდე ქალბატონი გულმკერდისა და კიდურების დაზიანებით გადაყვანილი იქნა ჩვენ მიერ კლინიკაში. ჩვენ მისვლამდე თუ ვინმე წაიყვანეს, ინფორმაცია არ გვაქვს.“ – გვითხრეს სასწრაფოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ფაქტზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით:

„ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ“.

ბათუმის სტადიონს მოედნის საფარის დასაგებად ამზადებენ

ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე მოედნის საფარის დაგების წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. შპს „სტადიონის“ ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში გრძელდება სადრენაჟე სისტემის მოწყობისა და შიდა სარემონტო სამუშაოები.

ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა, ვადამდე გაცილებით ადრე, 2020 წლის თებერვალში დასრულდეს.

ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონი / შპს „სტადიონის“ ფოტოები

საფეხბურთო სტადიონს კომპანია „ანაგი“ აშენებს [პირველი ეტაპი]. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის [სტადიონის მშენებლობის დასრულების] სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერშიც. შესაბამისად, „ანაგთან“ ხელშეკრულება დღგ-ს ჩათვლით, ჯამში 141 869 522 ლარზეა გაფორმებული.

ამ თემაზე:

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადაზე 7 თვით ადრე დასრულდეს

უმაღლესი საბჭო ახალი შენობის რემონტისთვის 133 000 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

აჭარის უმაღლესი საბჭო ბათუმში, ლუკა ასათიანის 37-ში მდებარე ახალი ადმინისტრაციული შენობის შიდა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ტენდერის გარეშე გეგმავს. სარემონტო სამუშაოებისთვის, რომელიც „თანამშრომელთა სათანადო სამუშაო პირობების შექმნის უზრუნველყოფისთვის“ არის საჭირო, საბჭო მინიმუმ 133 068 ლარს დახარჯავს.

„შესყიდვის განუხორციელებლობა ზიანს აყენებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, კერძოდ, საკანონმდებლო საქმიანობის სრულყოფილ და შეუფერხებელ განხორციელებას, აგრეთვე მოქალაქეთა მიღების პროცესს და მათი ინტერესების გათვალისწინებას“, – მიიჩნევენ უმაღლეს საბჭოში.

„გადაუდებელი ვითარების დადგომა განპირობებულია უმაღლესი საბჭოს ახალ შენობაში, რეგლამენტით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნისა და საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელების სრულყოფის აუცილებლობიდან და ამისათვის შესაბამისი სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე, რადგანაც შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში, წვიმის შედეგად ჩამოედინება წყალი, რამაც გამოიწვია შიგა ინტერიერისა და კედლების დაზიანება, ამდენად, აუცილებელია მცირე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება და მისი უმაღლესი საბჭოს მოთხოვნის შესაბამისად მოწყობა“, – აღნიშნულია უმაღლესი საბჭოს განაცხადში.

უმაღლესი საბჭოს განმარტებით, „აღნიშნული შესყიდვის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო, ვინაიდან უმაღლესი საბჭოს დაბა ჩაქვიდან ბათუმში გადასვლა გადაწყდა და შენობა უმაღლეს საბჭოს გადაეცა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში [19.08.19 წ], რის შემდეგაც გარკვეული დრო დასჭირდა აუცილებლად შესასრულებელი სამუშაოების განსაზღვრას და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მომზადებას“.

უმაღლესი საბჭოს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის მიხედვით, მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარებას უმაღლეს საბჭოს სამი კომპანია სხვადასხვა ფასად სთავაზობს: 147 617 ლარად, 143 990 ლარად და 133 068 ლარად. უმაღლესი საბჭო, შესყიდვების სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში, ხელშეკრულებას უმცირესი შემოთავაზების მქონე კომპანიასთან გააფორმებს. საბჭოს გათვლებით, სამუშაოები 55 დღეში დასრულდება ხელშეკრულების გაფორმებიდან.

აჭარის უმაღლესი საბჭო ჩაქვიდან ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტის ყოფილ შენობაში გადადის. ეს შენობა [ყოფილი პირველი საავადმყოფო], რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თავის დროზე მთლიანად გაარემონტეს და იქ სასწავლო უნივერსიტეტი განთავსდა. შენობის რემონტში, ექვსი წლის წინ, 6,4 მილიონი ლარი დაიხარჯა. დღეს კი შენობაში თითქმის ყველა მხრიდან ჩადის წყალი, ამორტიზებულია კედლები და იატაკი. დაზიანებულია მინის კარები.

რემონტისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის შედგენის პარალელურად, უმაღლესი საბჭო საკუთარი ძალებით გარკვეულ სამუშაოებს შენობაში ატარებდა – ინტერნეტის ქსელის, ელექტროობის და სხვა სამუშაოებს.

ერთი თვის წინ „ბათუმელებს“ უმაღლეს საბჭოში უთხრეს, რომ უმაღლესი საბჭოს წევრები, მათ შორის საბჭოს თავმჯდომარეც, თავიანთ კაბინეტებში სამღებრო სამუშაოებს საკუთარი ხარჯებით ჩაატარებენ.

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს

განიხილება გასხვისებაც და იჯარაც – ჯაბა ფუტკარაძე უმაღლესი საბჭოს შენობაზე ჩაქვში

დღეს ბათუმში სამ ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

ბათუმის წყლის ინფორმაციით, დღეს, 7 ოქტომბერს, 22:00 საათიდან 8 ოქტომბრის 03:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება:

[crosslist]

  • პუშკინის ქუჩას
  • ლუკა ასათიანის ქუჩას
  • ვაჟა-ფშაველას ქუჩას

[/crosslist]

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ახალი აბონენტის დაერთებაა.

სამშაბათს, 8 ოქტომბერს კი, ღამის 2 საათიდან 9 ოქტომბრის დილის 6 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ათ ქუჩას ბათუმში.

გაიგეთ უფრო მეტი:

რუსთაველი, გორგილაძე, ფიროსმანი – ბათუმის 10 ქუჩაზე 8 ოქტომბერს წყალი შეწყდება

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი პროკურორებს სასამართლოში უჩივის

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი ნინო ბასილაძე აჭარის პროკურატურას, ასევე გენერალურ პროკურატურას სასამართლოში უჩივის. ნინო ბასილაძე მიიჩნევს, რომ უსამართლოდ შეაფასეს, როგორც საჯარო მოხელე და ეს მას შემდეგ მოხდა, როცა კანონით გათვალისწინებული უფასო დეკრეტული შვებულებით სარგებლობა ითხოვა. რამდენიმე დღის წინ ამ საქმის განხილვაზე უარი თქვა მოსამართლე კობა გოცირიძემ და საქმე თბილისის სასამართლოს გადაუგზავნა.

ნინო ბასილაძე 2011 წლიდან მუშაობდა აჭარის პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის პოზიციაზე. მან ეს სამსახური 2019 წლის მაისში დატოვა. პროკურატურიდან წამოსული თანამშრომლის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს.

„2018 წელს ფასიანი დეკრეტული შვებულების 6 თვე როცა გავიდა, გადავწყვიტე, უფასო დეკრეტულითაც მესარგებლა, ისევ 6 თვით… თავდაპირველად მეგონა, რომ მხოლოდ განცხადების დაწერა იქნებოდა საკმარისი, მაგრამ მითხრეს, რომ ნათია სონღულაშვილს უნდა შევხვედროდი. ამ დროს უკვე ის აჭარის პროკურორი იყო. ქალბატონმა ნათიამ მითხრა, რომ მოსაფიქრებლად დრო სჭირდებოდა… საბოლოოდ, უფასო დეკრეტული შვებულებიდან მხოლოდ სამი თვით სარგებლობის უფლება მომცეს,“ – გვიყვება პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, ნინო ბასილაძე.

კანონით განსაზღვრული დეკრეტული შვებულებით რომ ვერ ისარგებლა, ეს ნინო ბასილაძეს აღარ გაუპროტესტებია. ამბობს, რომ დეკრეტული შვებულებიდან სამსახურში დაბრუნების შემდეგ ხელმძღვანელების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება იგრძნო. 2018 წლის 14 დეკემბერს ნინო ბასილაძეს ბათუმის რაიონულმა პროკურორმა, გიორგი ბახტაძემ, რომელიც მისი უშუალოდ ხელმძღვანელი იყო, საჯარო მოხელის პროფესიული შეფასება გააცნო [2018 წლიდან საჯარო მოხელეები წელიწადში ერთხელ ფასდებიან პროფესიული ნიშნით].

„ნინო ბასილაძე შეაფასეს დამაკმაყოფილებელი – 1,9 ქულით – მაქსიმალური ხუთი ქულიდან… პროკურატურა, სადაც ადამიანის უფლებებს განსაკუთრებით უნდა იცავდნენ, ისე შეაფასეს საჯარო მოხელე, რომ არც კანონით სავალდებულო გასაუბრება ჩაუტარეს და არც დასაბუთება წარმოუდგენია ვინმეს, კონკრეტულად რის საფუძველზე დაიმსახურა მან ეს შეფასება.

მნიშვნელოვანია, რომ ამ სამსახურში ადგენდნენ ყოველთვიურ რეიტინგებს, მაგალითად, ვის რამდენი კონსულტაცია ჰქონდა, შეხვედრა. ნინოს დაბალი რეიტინგი ჰქონდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის წინა თვეებში დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა,“ – აღნიშნავს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.

რადგან ნინო ბასილაძე დაბალ შეფასებას არ დაეთანხმა, პროკურატურაში გასაუბრება დანიშნეს.

„გასაუბრებას ესწრებოდნენ პროკურორები – გიორგი ბახტაძე და ნათია სონღულაშვილი, ასევე მთავარი პროკურატურიდან კადრების სამსახურის უფროსი… გიორგი ბახტაძეს ჰქონდა არგუმენტები, რომ ურთიერთობაში არ ვარ პოზიტიური, არ ვპასუხობ ტელეფონს, რასაც ვაკეთებ, მაძალებენ და ისე ვაკეთებ… მოვითხოვე, კონკრეტული ფაქტების დასახელება, რაც ვერ დამისახელეს,“ – აღნიშნავს ნინო ბასილაძე „ბათუმელებთან“.

პროკურორებთან გამართული ეს შეხვედრა ნინო ბასილაძემ საკუთარი ტელეფონით ჩაიწერა, თუმცა ამ ჩანაწერის მტკიცებულებად დაშვებაზე მოსამართლე კობა გოცირიძემ უკვე უარი თქვა. მოსამართლემ ასევე დაუშვებლად მიიჩნია მოწმის სახით პროკურორ გიორგი ბახტაძის გამოკითხვა.

„დაუსაბუთებლად მივიღეთ ეს უარი. მოსამართლემ თქვა, რომ საუბრის ჩაწერას ნებართვა სჭირდებოდა, მაგრამ ეს არ იყო სატელეფონო საუბარი, რომ ნინო ბასილაძეს ვინმე გაეფრთხილებინა. ეს იყო ოფიციალური სხდომა… ამ ჩანაწერიდან ჩანს, რომ კონკრეტული დასაბუთება არ არსებობს, რის გამო დაუწერეს დაბალი შეფასება საჯარო მოხელეს. ამ ჩანაწერში პროკურორი გიორგი ბახტაძე ასევე ამბობს, რომ გულმოწყალების გამო დაუწერა 1,9 ქულა. ეს კანონი არ შეიძლება გამოიყენოს ვინმემ არასასურველი საჯარო მოხელის მოსაშორებლად. საჯარო მოხელის შეფასება არ უნდა იყოს დამოკიდებული უფროსის გულმოწყალებაზე, არც სუბიექტურ შეფასებებზე.

მოსამართლემ ასევე უარი გვითხრა პროკურორის გამოკითხვაზე. კობა გოცირიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ სასამართლო ხელახლა ვერ შეაფასებს საჯარო მოხელეს. სასამართლოსგან, ბუნებრივია, ამას არავინ ითხოვს და საჯარო მოხელის შეფასება, ამ შემთხვევაში, პროკურატურის დისკრეციული უფლებამოსილებაა, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად კანონიერი იყო საჯარო მოხელის შეფასება,“ – გვითხრა ანა ბერძენიშვილმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა.

სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ნინო ბასილაძემ მიმართა გენერალურ პროკურატურასაც. შალვა თადუმაძის ხელმოწერით ახალი ბრძანება ნინო ბასილაძის შეფასების შესახებ 2019 წლის 23 აპრილს გამოიცა. ბრძანებაში წერია, რომ შეფასების ქულა უცვლელი უნდა დარჩეს.

„ეს ის შალვა თადუმაძეა, რომელსაც დღეს სურს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა, ამ ბრძანებაში კი, არაფერია ნათქვამი, რატომ უნდა დარჩეს ქულა უცვლელი. საერთოდ არ ჩანს, ვინმემ იმსჯელა თუ არა კონკრეტული საჯარო მოხელის შეფასებაზე. ეს კანონის უხეში დარღვევაა,“ – მიიჩნევს ანა ბერძენიშვილი.

გენერალური პროკურორის ამ რეაქციის შემდეგ ნინო ბასილაძემ საკუთარი სურვილით დატოვა პროკურატურა.

„იქ ვეღარ შევძლებდი მუშაობას… გადავწყვიტე, სასამართლოსთვის მიმემართა და მივმართე კიდეც. თუკი დაკმაყოფილდება სარჩელი, ჩემი მიზანი აღარაა ისევ პროკურატურაში დაბრუნება. ჩემთვის ახლა პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი შეფასება,“ – დასძენს ნინო ბასილაძე.

ამ საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება, რადგან წინა პროცესზე მოსამართლე კობა გოცირიძემ აჭარის პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე თბილისს გადასცა იმ მოტივით, რომ ერთ-ერთი მოპასუხე გენერალური პროკურატურაა, ხოლო ეს უწყება თბილისში მდებარეობს.

ანა ბერძენიშვილი: „ეს გაუგონარი ამბავია. კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ მოსარჩელე აკეთებს არჩევანს, როცა მას ორი მოპასუხე ჰყავს.“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აჭარის ტელევიზიის ბორდის კონკურსის შეჩერებაზე სასამართლოში სარჩელი შევიდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმ საკონკურსო კომისიის გაუქმებას ითხოვს, რომელიც პირველ ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ჩამოაყალიბა და რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის წევრების კანდიდატები უნდა შეარჩიოს. დეპუტატებმა, რომლებიც უმაღლეს საბჭოში ამ პარტიას წარმოადგენენ, სარჩელით უკვე მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

„დავით გაბაიძეს არ გაუვლია ჩვენთან კონსულტაცია… რეგლამენტი მას ავალდებულებს, ყველა ფრაქციასთან კონსულტაციას. სატელეფონო საუბარი იყო ფრაქციის ხელმძღვანელთან წინა დღით, ღამის 12 საათზე, მაგრამ შეხვედრა არ ყოფილა. ეს არ იყო კონსულტაცია,“ – ამბობს ასმათ დიასამიძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

კომისიას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ამ საკონკურსო კომისიამ უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტი, ამჯერად მინიმუმ 12 კანდიდატი.

თუ სასამართლო საკონკურსო კომისიის მუშაობას შეაჩერებს, დავით გაბაიძემ კომისია ხელახლა უნდა დააკომპლექტოს. შესაბამისად, მას ახალი ხუთდღიანი ვადა მიეცემა მის ჩამოსაყალიბებლად. ამ პერიოდში შესაძლებელია „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს წევრობის უფლებამოსილება შეუწყდეთ: ნატა იმედაიშვილს და გიორგი ირემაძეს – 17 ოქტომბრიდან, ხოლოდ ბეჟან გობაძეს და ირაკლი დარცმელიძეს – 5 ნოემბრიდან. მრჩეველთა საბჭოში რჩება ერთი წევრი – გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც 2018 წლის პირველ ნოემბერს აირჩია უმაღლესმა საბჭომ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „აჭარის ტელევიზიის“ თემაზე კიდევ ერთი სარჩელია წარმოებაში. ამ შემთხთვევაში ტელევიზიის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი – გიორგი კოხრეიძე დავობს მრჩეველთა საბჭოს წინააღმდეგ. მან საბჭოს სხდომაზე, რომელსაც 4 წევრი ესწრებოდა,  2 ხმა მიიღო და მიიჩნევს, რომ არჩეული დირექტორი თვითონაა. მოსამართლე გიორგი გოცირიძემ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და „აჭარის ტელევიზიაში“ დირექტორობის შერჩევის კონკურსი შეჩერებულია.

იცის თუ არა მეპატრონემ, რომ მიწა არქეოლოგიური დაცვის ზონაში იყიდა – „ბათომის“ მიმართვა მთავრობას

საზოგადოება „ბათომი“ მაღალი თანამდებობის პირებს მიმართავს. ორგანიზაციას აინტერესებს, რას უპირებს ახალი მესაკუთრე ციხისძირში, „პეტრას“ ციხის მიმდებარე მიწის ნაკვეთს, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიძინა. ასევე თუ გააფრთხილეს ქონების შემძენი, რომ გაყიდული ტერიტორია მდებარეობს არქეოლოგიური დაცვის ზონაში.

„ბათომის“ წერილის ადრესატები არიან: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურ დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი, ზაურ ახვლედიანი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, მირიან ქათამაძე.

ორგანიზაციის მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მოგახსენებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. ციხისძირში, მდებარეობს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი – პეტრა-ციხისძირი, რომლის ისტორია ცნობილია VI-IX სს. ბიზანტიური წერილობითი წყაროებიდან. ეს წყაროები მოგვითხრობენ პეტრას, როგორც ისტორიული ლაზიკის სტრატეგიული მნიშვნელობის ციხე-ქალაქისა და საეპისკოპოსო ცენტრის შესახებ.

პეტრას აკროპოლისის ნაშთები გამოვლენილია ციხისძირში, ზღვის ნაპირას აღმართულ ორ ბორცვზე, რომლისგანაც შემორჩენილია საფორტიფიკაციო ნაგებობები კარიბჭეებით და კოშკებით, სამნავიანი ბაზილიკის, დარბაზული ეკლესიის, ადრებიზანტიური და ოსმალური პერიოდის აბანოებისა და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების (ცისტერნები) ნაშთები და შესაბამისი ეპოქების არქეოლოგიური არტეფაქტები.

ციხისძირის არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლის არეალი არ შემოიფარგლება ციხის ტერიტორიით, არამედ მოიცავს გაცილებით ვრცელ ტერიტორიას, რაც დასტურდება ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონისა და განსხვავებული ხასიათის არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენებით, მაგალითად, ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით, საავტომობილო გზის გასწვრივ, გამოვლენილია ციხისძირის უძველესი ნამოსახლარი, რომელიც შეიცავს კულტურულ ფენებს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან ადრეშუასაუკუნეების ჩათვლით.

არქეოლოგიური აღმოჩენებით განსაკუთრებით მდიდარია ციხის ჩრდილოეთით მდებარე სანაპირო ზოლი (ყოფილი სანერგე მეურნეობის, დღეს საპატრიარქოს კუთვნილი ტერიტორია), სადაც აღმოჩენილია ახ.წ. IV საუკუნის ორი აბანო, ადრებიზანტიური ხანის სასახლე-ვილა, ახ.წ. VI-VII საუკუნეების დარბაზული ეკლესია, ქრისტიანული სამარხები და ადრეანტიკური-ადრეშუასაუკუნეების ხანის (ძვ.წ. V –ახ.წ. VI სს.)  ვრცელი სამაროვანი და წინარეანტიკური ხანის, ე.წ. დიუნური ნამოსახლარის ნაშთები (ეს ძეგლები გამოქვეყნებულია, თუმცა გამომზეურებული არქიტექტურული ძეგლების მდგომარეობა, მოუვლელობის გამო, კატასტროფულად სავალალოა).

გარდა ზემოაღნიშნულისა, ციხისძირის მიდამოები და ბობოყვათის სანაპირო ზოლი ცნობილია შემთხვევითი აღმოჩენებითაც (რომაულწარწერიანი აგური, ერმიტაჟში დაცული მდიდრული ნივთების კოლექცია, მათ შორის ლუციუს ვერუსის გამოსახულებიანი ოქროს აგრაფი; სხვადასხვა ეპოქის (რომაული, ბიზანტიური, პართული, სასანური, არაბული, მონღოლური, ოსმალური) მონეტებისა და ბიზანტიური ტყვიის საბეჭდავების მდიდარი კოლექცია.

ამდენად, ციხისძირის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის არეალი  გაცილებით ვრცელია, ვიდრე ის ტერიტორია, სადაც დღეს აკროპოლისის ციხის ნანგრევებია შემორჩენილი.

ციხისძირის აკროპოლისის ძეგლები 2007 წლიდან არქეოლოგიური დაცვის ზონაშია მოქცეული. 2015–2018 წლებში შემუშავდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის სქემა და ციხისძირ-ჩაქვის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლებიც დამტკიცებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ და კარგადაა ცნობილი ეკონომიკის სამინისტროსთვის.

ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ორივე ზემოხსენებულ დოკუმენტში ციხის ჩრდილოეთით მდებარე ზღვის სანაპირო  ზოლი შეყვანილია არქეოლოგიური დაცვის ზონაში.

მედიასაშუალებებით, კერძოდ, კი გაზეთ „ბათუმელების“ ინფორმაციით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორია გაიყიდა.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, გაყიდული ტერიტორია მოიცავს არქეოლოგიური დაცვის ზონას, რომელსაც ძალიან მაღალი სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პოტენციალი აქვს – ამ ადგილებში ხშირია მონეტების აღმოჩენის ფაქტები, ასევე, ძალიან დიდია ალბათობა, ადრეანტიკური–ელინისტური ხანის სამაროვნის აღმოჩენისა (მისი სამხრეთი საზღვარი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი), არ არის გამორიცხული პეტრას დროინდელი ნაგებობების აღმოჩენაც.

გარდა ამისა, არქეოლოგიურ დაცვის ზონაზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები (საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007, კარი 1, თავი 8, მუხლი 34, 35, 36, 40), რომელიც მკაცრად განსაზღვრავს ზონის ფარგლებში დაშვებულ აქტივობებს – იქნება ეს მშენებლობა თუ ტერიტორიის ათვისების სხვა ფორმები.

ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გაგვიჩნდა კითხვები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია არქეოლოგიური ძეგლის არსებული და შემდგომი სტატუსის დასადგენად, კერძოდ კი:

  • არის თუ არა ინფორმირებული აღნიშნული ტერიტორიის ახალი მეპატრონე, რომ არქეოლოგიური დაცვის ზონის ქვეშ მყოფ მიწის ნაკვეთს ფლობს?
  • როგორ გეგმავს ტერიტორიის მეპატრონე აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოყენებას – როგორ აპირებს ის ნაკვეთის ათვისებას?
  • არის თუ არა ინფორმირებული მიწის მეპატრონე, რომ ნებისმიერი ტიპის მშენებლობის დაწყებამდე, კანონით გათვალისწინებული ვალდებულება აქვს, რათა სრულად დააფინანსოს მოცემული ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა?
  • არის თუ არა ინფორმირებული ტერიტორიის მეპატრონე, რომ ნაგებობების ან მაღალი სამეცნიერო და კულტურული მნიშვნელობის მქონე ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელი იქნება მათი შენარჩუნება და კონსერვაცია?
  • გვაინტერესებს იმ არქეოლოგიური ობიექტების მდგომარეობა, მათი მოვლა-პატრონობისა და მომავალი შესწავლის საკითხი, რომლებიც საპატრიარქოს კუთვნილ ტერიტორიაზეა მოქცეული.

ძალიან გთხოვთ, ჩვენს კითხვებზე გაგვცეთ წერილობითი პასუხი.

ასევე, ძალიან სასურველია, მოეწყოს საჯარო შეხვედრა ახალ მეპატრონესთან, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე დაესწრება და ჩვენს კითხვებზე პასუხებს მოვისმენთ, რათა მეპატრონემ მოგვცეს გარანტიები, რომ აღნიშნული ტერიტორია დაცული იქნება საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობისა და კონვენციების მიხედვით“.

 

როდის გაკეთდება მახინჯაურის გვირაბთან მოსაბრუნებელი გზა

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ავტომანქანების მოსაბრუნებელი კვანძის მშენებლობა განახლდა, თუმცა მისი დასრულების ვადა შესაძლოა ისევ გადაიწიოს. გვირაბის გამოსასვლელიდან გზის სავალ ნაწილზე, მახინჯაურის მხარეს, უსაფრთხოების მიზნით გაკეთდა დამცავი ღობე. მოსაბრუნებელ კვანძს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზა“ აშენებს. ხელშეკრულება 3 789 999 ლარზეა გაფორმებული. გზის ამ მონაკვეთს, რომელიც მესამე წელია ვერ აშენდა, ერთადერთი დანიშნულება ექნება – მახინჯაურიდან გასულ ავტომანქანას გვირაბთან შეეძლება უკან მობრუნება.

უსაფრთხოების ღობე მახინჯაურის გვირაბთან / 07.10.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „გზას“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 22 მარტს გაფორმდა. ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები 2019 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ტურისტულ სეზონზე მათ არ მისცეს სამუშაოების ჩატარების უფლება და სამუშაოები სექტემბრის ბოლოს განაახლეს.

„თუ ხელშემშლელი ფაქტორები [ამინდი და სხვა გაუთვალისწინებელი რამ] არ იქნება, შესაძლოა ორ თვეშიც დავასრულოთ მშენებლობა, თუმცა დიდი ალბათობით, ეს დრო გადაიწევს. დრო იმასაც დასჭირდა, რომ პროექტში შევიდა ცვლილებები,“ – გვითხრა კომპანიის დირექტორმა მალხაზ დუმბაძემ.

შესყიდვების პორტალის დღევანდელი მონაცემებით, ხელშეკრულების თანხის 40% [ანუ 1 530 784 ლარი] კომპანიისთვის უკვე გადახდილია.

ავტოტრანსპორტის მოსატრიალებელი კვანძი გვირაბთან მახინჯაურის მხარეს გაკეთდება. „მახინჯაურიდან გასული ავტომანქანა, საჭიროების შემთხვევაში, გვირაბის მისასვლელიდან უკან დაბრუნებას ამ კვანძის საშუალებით შეძლებს. ეს კვანძი უფრო ქალაქში მოძრაობისთვისაა გათვლილი,“ – ამბობენ დეპარტამენტში.

მოსაბრუნებელი გზის მოსაწყობად სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და იმავე წელს უნდა დასრულებულიყო. სამუშაოები დაიწყეს, თუმცა დროულად ვერც გეოლოგიური დასკვნა დაიდო, ვერც პროექტი და არც ის თანხა აღმოჩნდა საკმარისი, რაც კვანძის ასაშენებლად გათვალეს.

გზის გარკვეული ნაწილის მშენებლობაზე და შესაბამის კვლევა-პროექტირებაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2,5 მილიონი ლარი უკვე დახარჯა. მაშინ სამშენებლო სამუშაოები კომპანია „გზამ“ შეასრულა [„გზა“ 2018 წელს გამოცხადებულ ტენდერშიც მონაწილეობდა, თუმცა კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა].

ამ თემაზე:

ივანიშვილის პარკისთვის ხე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის საძირკველთან ამოთხარეს [ფოტოამბავი]

დათვი და ფოცხვერი მტირალას ეროვნულ პარკში [ფოტო]

დათვი და ფოცხვერი მტირალას ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა გადაიღო.

ფოცხვერი მტირალას ეროვნულ პარკში
დათვი მტირალას ეროვნულ პარკში

8 ოქტომბერს ბათუმის ერთ ქუჩაზე გაზი გაითიშება

„სოკარის“ ინფორმაციით, ხვალ, 8 ოქტომბერს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ბათუმში გაზმომარაგება შეუწყდებათ ფარნავაზ მეფის ქუჩის აბონენტებს.

კომპანიის ინფორმაციით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.

„სოკარის“ განცხადებით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

რა ჯილდოები გადასცეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტს

მასწავლებლის 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე გახდა.  მას ათი ათასი ლარი გადაეცემა ჯილდოს სახით, რომელსაც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი გადასცემს.

გარდა ამ პრიზისა, ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე ორი კვირით დიდ ბრიტანეთში, „ბაქსვუდის“ სკოლაში გაემგზავრება სასწავლო ტურით. ეროვნული ჯილდოს მფლობელი ასევე გაემგზავრება დუბაიში, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ცერემონიაზე.

გიორგი ჭაუჭიძეს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ასევე გადასცა ვაუჩერი, რომლის მეშვეობითაც სკოლას ყველა საჭირო წიგნის მიღება შეუძლია.

გიმნაზია „შავნაბადას“ წარმომადგენლებმა ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთს – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურისა და ტექნოლოგიების მასწავლებელს ნათია კურტანიძეს 3 ათასი ლარი გადასცეს ჯილდოს სახით.

სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ სახელით პრიზი გადაეცა ხუთივე ფინალისტს საგანმანათლებლო რესურსების სახით, ხოლო თამუნა ადამიას, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს, ნოუთბუქი გადასცეს.

ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლა „განათლების“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მაია მენაბდეს ქართულ-ამერიკულმა სკოლა „პროგრესმა“ აშშ-ში, კერძოდ სან-ფრანცისკოს ინოვაციურ სკოლაში, ე.წ „სილიკონის ველში“ ვიზიტი დაუფინანსა.

თბილისის სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ გეოგრაფიის მასწავლებელს ქეთინო მერებაშვილს  გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის „მწვანე ჯილდო“, მადლობის სიგელი და ტექნიკის ვაუჩერი გადასცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში უკვე მესამე წელია, რაც ტარდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize-ის ნაწილია.

ამავე თემაზე:

მასწავლებლის 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა

ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტი დატოვა – „სხვის პირად მორალს არც არასდროს შევხებივარ“

ვანო ზარდიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი: 

„2016 წლიდან მქონდა პატივი, ვყოფილიყავი მეცხრე მოწვევის პარლამენტის და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის წევრი, სადაც ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი. საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, რომ სხვადასხვა მხრიდან თითოეული მათგანის მიმართ მუდმივად მიდის ტალახის სროლა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, სხვადასხვა გარემოების გამო, ამ გუნდში მეც აღმოვჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ 2003-2012 წლებში ჩემი ყველაზე დიდი თანამდებობა განყოფილების უფროსობა იყო, მე ამომარჩიეს იმ დროსთან დაკავშირებული შავი პიარის სამიზნედ. ამისდა მიუხედავად, ამ სამწლიანი ბინძური, ნეგატიური კამპანიის ფონზე ვერ მოიძიეს ვერც ერთი ფაქტი, ვერც ერთი მტკიცებულება, რომ რაიმე კანონის საწინააღმდეგო ან რამე ცუდი ჩამედინოს.

სამწუხაროდ, პოლიტიკაში მრავლად აღმოჩნდნენ ასეთი კამპანიის ავტორი ადამიანები – ხალხი, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური მორალი არ გააჩნიათ. სხვის პირად მორალს არც არასდროს შევხებივარ და არც დღეს ვაპირებ ამის გაკეთებას. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ სამ წელზე მეტი ვიმუშავე საქართველოს მთავარი აუდიტორის პირველ მოადგილედ და ყველამ იცის, რომ სერიოზული პოზიტიური შედეგებიც მქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, მაშინ შავი პიარის სამიზნე არ ვიყავი. განტევების ვაცის გამოყვანა ჩემგან მხოლოდ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ განიზრახეს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ბინძური გზებით შეძლეს ჩემი დაკავშირება კონკრეტულ თემებთან თუ გამოგონილ ინტერესებთან.

დღეს, პირველ რიგში, ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები, რომლებსაც ამ ყველაფრის გამო ყოველდღიურად უდიდესი სტრესის გადატანა უწევთ. ღირსება და ადამიანური მხარე ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას. ასევე, ჩემს უკან არის გუნდი, რომელსაც ქვეყნის განვითარებასთან ერთად სიმართლისთვის ბრძოლაც უწევს ყოველდღიურად.

მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩემს მხარესაა, ნამდვილად არ მინდა ვიყო პროვოკაციების წყარო იმ ადამიანების თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას და პოზიტიური პროცესების დაზიანებას ჩემზე შეტევით თუ ტალახის სროლით ცდილობენ. დგება მომენტი, როდესაც ვალდებული ხარ, გაუფრთხილდე საკუთარ ოჯახს და შენს გუნდს. აქამდე მე ვიცხოვრე ისე, რომ არასდროს შემრცხვება სხვისთვის თვალებში ჩახედვის და ასე ვიცხოვრებ მომავალშიც, სხვებს კი მოვუწოდებ, ნაკლები სიძულვილი და მეტი საქმე აკეთონ პოლიტიკაში და გააკეთონ ეს ღირსეულად.

მე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს პარლამენტი და დეპუტატის მანდატი. ამით კიდევ ერთხელ მივანიშნებ საზოგადოებას, რომ თანამდებობა არის მხოლოდ საშუალება გამოადგე შენს ქვეყანას და ემსახურო თითოეულ მოქალაქეს. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვუსურვო მათ წარმატება და მხარდაჭერა გამოვუცხადო ქვეყნის განვითარების საქმეში.“

_____________

წყარო: პირველი არხი

იუნესკოში წარდგენილ მტირალას, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს ექსპერტები სწავლობენ

მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები სწავლობენ. ისინი ადგილზე ეცნობიან კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს.

ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნის შედეგად გადაწყდება, მიიღებენ თუ არა დაცული ტერიტორიების ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები და მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები.

საქართველოში იმყოფება ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) ორი საერთაშორისო ექსპერტი – ენჯი სთრინგერი და ჯოსეფინ ლენგლი, იმყოფებიან ასევე, საერთაშორისო ექსპერტები: ტობიას გარსტეცკი, ჰანს კნაპი და ჰანს ჯუსტენი.

საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიაზე ექსპერტები 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ შეისწავლეს საქართველოს მთავრობის მიერ იუნესკოში 2019 წლის პირველ თებერვალს წარდგენილი დოკუმენტაცია და ახლა ადგილზე გაეცნენ მათ შესაბამისობას.

ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები საქართველოში 4 დაცულ ტერიტორიას სწავლობენ. ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო
ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები საქართველოში 4 დაცულ ტერიტორიას სწავლობენ. ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო
ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები საქართველოში 4 დაცულ ტერიტორიას სწავლობენ. ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

საქართველოს 4 დაცული ტერიტორია იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად 2019 წლის პირველ თებერვალს წარადგინეს. ინიციატივა 2017 წლიდან ხორციელდება გერმანიის მთავრობის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და მიხეილ ზუკოვის ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

Eastern Promotions და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ფესტივალს – Jazz and Wine

19 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate) რიგით მესამე ფესტივალი – „Jazz and Wine“ გაიმართება.

ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას: ოზ ნოის ტრიო ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰესლიპთან ერთად, ბრიტანული ჯგუფი „MF ROBOTS“ და იტალიური ბენდი „Sugerpie & Candymen“.

„Jazz and Wine“-ის ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება – ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციას და ჯაზური მუსიკის ფონზე სტუმრებს საშუალებას მისცემენ სხვადასხვა სახის ღვინო დააგემოვნონ; იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო კი  სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს სტუმრებს.

თიბისი სტატუსი საკუთარ მომხმარებელს ფესტივალზე დასასწრებ ნაკრებს სპეციალური პირობებით სთავაზობს:

[checklist]

  • ნაკრები 2 პერსონაზე – ფესტივალის ბილეთები და განთავსება „რადისონ ქოლექშენში“ 19-20 ოქტომბერს – 900 ლარი.
  • ნაკრები 2 პერსონაზე – ფესტივალის ბილეთები და განთავსება „Park Hotel“-ში 19-20 ოქტომბერს – 500 ლარი.
  • თიბისი სტატუსის მომხმარებლები კონცერტების ბილეთის tkt.ge-ზე შეძენისას 20%-იანი ქეშბექითაც ისარგებლებენ.

[/checklist]

წელს „Jazz & Wine“-ის პარტნიორია ქართული ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“, რომელიც სპეციალურად ფესტივალის სტუმრებისთვის ე.წ. მესამე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში შექმნილი ყველაზე ხმაურიანი პროექტის – ტესლა მოდელ 3 -ის გამოცდას გეგმავს. ელონ მასკის ტესლა მოდელ 3 უკვე აიქარის გაზიარების სერვისშია. „Jazz & Wine“-ის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს, მხოლოდ წინასწარ ჩაწერის შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა გამოსცადოს ელექტრო-მობილი და ნახოს მისი უნიკალური შესაძლებლობები.

ბილეთები შეიძინეთ ონლაინ – TKT.GE-ზე.

ფესტივალის პროგრამა: 19 ოქტომბერი, შაბათი

[checklist]

  • 13:00-15:00 საათი, წინანდლის პარკი – ტესლა მოდელი 3-ის ტესტ-დრაივი;
  • 14:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი – Sugerpie & Candymen-ის კონცერტი, ქართული ღვინის დეგუსტაცია; მაურიციო სიცილიანოს კულინარიული შოუ (იტალია)
  • 19:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი – ოზ ნოის ტრიოს კონცერტი ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰისლიპთან ერთად;
  • 22:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი – MF ROBOTS -ის შოუ

[/checklist]

 

35 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი, მათ შორის ორი პოლიციელია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში მომხდარი 35 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

შს სამინისტროს ცნობით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა.

გარდა ამისა, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები – 1992 წელს დაბადებული მ.ღ. და 1981 წელს დაბადებული დ.მ. ამავე ბრალდებით, ასევე, დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი – 1989 წელს დაბადებული დ.დ., ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული გ.გ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გ.ა.-მ და მისმა თანამზრახველმა – 1983 წელს დაბადებულმა ზ.ჯ.-მ, წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს. მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ გ.გ.-ს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს.

„მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, გ.გ.-მ გლდანში, თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის მამაკაცი – დ.მ. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ., უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ზ.ჯ.-ს და გ.ა.-ს. აღნიშნულმა პირებმა დ.მ. ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. დ.მ.-ს ცხედარი 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა,“ – აღნიშნულია შს სამინსიტროს პრესრელიზში.

უკვე დაკავებულია 5 პირი, ხოლო განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, 143-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს.

_____________________

ფოტო არქივიდან

ფინკა ბანკის ფულადი გზავნილების აქციის დასრულებამდე 3 თვე დარჩა

ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია უკვე მერვე თვეა, რაც მიმდინარეობს. ყველაზე აქტიური მომხმარებლები საჩუქრად სასაუბრო დროსა და დეპოზიტებს იღებენ. აქციის ფარგლებში უკვე 700 მომხმარებელს დაერიცხა 5 ლარიანი სასაუბრო დრო, ხოლო ყველაზე აქტიურ 20 მომხმარებელს ბანკმა 100 ლარიანი დეპოზიტი გადასცა.

აქციის მთავარი პრიზი 500 ლარიანი დეპოზიტია, რომელთა იღბლიანი მფლობელებიც წლის ბოლოს გამოვლინდებიან.

საბოლოო საჩუქარს წლის განმავლობაში 10 ყველაზე აქტიური მომხმარებელი მიიღებს.

მიიღეთ ან გააგზავნეთ თანხა, დასაჩუქრდით ყოველ თვე და გახდით საბოლოო პრიზის 500 ლარიანი დეპოზიტის მფლობელი!

ფინკა ბანკი – მეტი სარგებელი თქვენი მიზნებისათვის.

დამატებითი ინფორმაცია აქციის შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე www.FINCA.ge

როგორი ამინდი იქნება ბათუმში 7-11 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის 21 საათიდან 8 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 21-26 გრადუსი
  • ღამით: 10-15 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10-15 გრადუსი 
  • ღამით: 2-7 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 22 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 9 ოქტომბერს  მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 10-11 ოქტომბერს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“

1:1- ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს შეხვედრა ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგის 30-ე მატჩი ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს შორის ფრედ 1:1  დასრულდა.   გუნდები ერთმანეთს ანგისის საწვრთნელ ბაზაზე დაუპირისპირდნენ.  მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე, თბილისის დინამოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ბათუმის დინამოს თავდამსხმელმა ჯოვინო ფლამარიონმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 1:0 გახდა.

82-ე წუთზე გოლი გავიდა ბათუმის დინამოს კარში. თბილისის დინამოს თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ ანგარიშის  გათანაბრება მოახერხა და ანგარიში გახდა 1:1.

მატჩის შედეგად პირველ ადგილზე ბათუმის დინამო გავიდა, თუმცა ორივე გუნდს 62-62 ქულა აქვს.

 

მატჩის დაწყებამდე ანგისის ბაზაზე ფეიერვერკი გაუშვეს

„დინამო ბათუმი“ მართვაში „ლამინი ჯგუფს“ ოფიციალურად გადაეცა

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმის დინამო მართვაში „ლამინი ჯგუფს“ ოფიციალურად გადაეცა. შესაბამისი ხელშეკრულება დღეს, ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის მატჩის დაწყებამდე გაფორმდა.

ეროვნული ლიგის 30-ე მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“  შორის ბათუმში, ანგისის ბაზაზე, ამ წუთებში [20:37] მიმდინარეობს.

ბათუმის დინამოს „ლამინი ჯგუფისთვის“ გადაცემაზე ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, „ხელი მოეწერა ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიასა და ბათუმის დინამოს სპონსორს შორის, რომელიც მიზნად ისახავს ფეხბურთის განვითარებას აჭარაში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას“.

_ _ _

ბათუმის საკრებულომ „დინამო ბათუმი“ აჭარის მთავრობას მიმდინარე წელს გადასცა. გადაწყვეტილება 2019 წლის 24 მაისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

შპს „დინამო ბათუმის“ 100%-იანი წილის გადაცემა აჭარის მთავრობის მოთხოვნა იყო. ცნობილი იყო, რომ მთავრობა კლუბის პირდაპირი წესით 49-წლიანი მართვის უფლებით გადაცემას შპს „ლამინი ჯგუფისთვის“ აპირებდა.

მოგვიანებით აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან ითხოვდა შპს „დინამო ბათუმის“ კუთვნილი ქონება სარგებლობაში გადასცენ არა შპს Lamini-G-ს, არამედ შპს „ლამინი“-ს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან საკრებულოში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ Lamini-G და „ლამინი“, ორივე არის „ლამინი ჯგუფის“ წევრი კომპანია, თავდაპირველად „დინამოს“ წილების სარგებლობაში მიღებაზე განცხადება Lamini-G-მ წარადგინა და საკრებულომაც მიიღო გადაწყვეტილება წილებისა და ქონების ამ კომპანიაზე გადაცემის შესახებ.

დოკუმენტების მიხედვით, შპს „ლამინი“-ს მესაკუთრე და დირექტორი არჩილ ბერიძეა, შპს Lamini-G-ს მესაკუთრე კი – ქეთინო ბერიძე, ხოლო დირექტორი – არჩილ ბერიძე.

მთავარი ფოტო: მემორანდუმის გაფორმების ცერემონია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტო

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობა „დინამო ბათუმს“ ასხვისებს

ხელვაჩაურის მერიას 2,4-მილიონიანი ტენდერის გამო დავების საბჭოში უჩივლეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სოფელ ახალშენში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის გამო კომპანია „არგუსი“ დავების საბჭოში უჩივის. კომპანია მიიჩნევს, რომ კონკრეტული ტიპის მშენებლობის გამოცდილების მითითება, რაც ტენდერის პირობაშია ასახული, ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას და ახდენს პრეტენდენტთა დისკრიმინაციას. კომპანიას არ ეთანხმება ხელვაჩაურის მერია, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილება კი ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მუნიციპალიტეტის მერიამ ხელახალი ტენდერი 2019 წლის 16 სექტემბერს გამოაცხადა და წინადადებების მიღება დაწყებულია. სატენდერო თანხა 2 474 610 ლარია. ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2017 წელს ხარვეზიანი პროექტით და მეწყერსაშიშ ნაკვეთზე დაიწყო, რის გამოც პროექტი ვერ განხორციელდა. ახალი ნაკვეთი კი იმ ტერიტორიის მომიჯნავედ მდებარეობს, რომელიც მეწყერსაშიშია და სადაც ბაღი უნდა აშენებულიყო.

კომპანია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ ორ მოთხოვნას ასაჩივრებს:

[checklist]

  • პირველი: „… ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების, ან სკოლების, ან ბაგა-ბაღების, ან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 000 000 ლარის ოდენობით“.
  • მეორე: „იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს კერძო პირის/ფირმის მიერ შესრულებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების, ან სკოლების, ან ბაგა-ბაღების, ან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სამუშაოებს, აღნიშნულზე ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) მშენებლობის ნებართვის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბ) დასრულებულ მშენებლობაზე (საბოლოო ექსპლუატაციაში მიღებაზე) გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გ) შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული ფორმა N2-ები და აღნიშნულ ფორმა N2-ებში მითითებულ ფასთა ადეკვატურობის დამადასტურებელი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა…“.

[/checklist]

„ჩამონათვალი არის დისკრიმინაციული და ზღუდავს შესყიდვებში მონაწილეთა რაოდენობას, ამასთან არ არის პროპორციული ამ კონკრეტული შესყიდვის ობიექტის, ვინაიდან ამომწურავადაა ჩამოთვლილი ის ობიექტები, რომელთა მშენებლობის გამოცდილებაც მოეთხოვება პრეტენდენტს. საბავშვო ბაღი მოცემულ შემთხვევაში მიეკუთვნება მესამე კლასის შენობა-ნაგებობას და სატენდერო დოკუმენტაციაში შესაძლებელია მითითებული ყოფილიყო, რომ პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა არანაკლებ მესამე კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის გამოცდილება“, – მიაჩნიათ კომპანიაში.

კომპანია დისკრიმინაციულად და არაპროპორციულად აფასებს კონკრეტულად „საცხოვრებელი სახლის“ მშენებლობის გამოცდილების მოთხოვნას: „მოცემულ შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლის მსგავს შენობა-ნაგებობას წარმოადგენს მაგალითად სასტუმრო, რომლის მშენებლობის გამოცდილებაც პრეტენდენტს, ტენდერის მიხედვით არ ეთვლება გამოცდილებად. ამასთან, საბავშვო ბაღი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება იყოს 3 სართულზე მაღალი [ამ შემთხვევაში მესამე სართულზე დასაშვებია მხოლოდ ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახების განთავსება]. გაურკვეველია რა მიზანს ემსახურება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის გამოცდილების მოთხოვნა“.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ მათთვის გასაგებია, როცა შემსყიდველი პრიორიტეტს ანიჭებს მსგავსი ობიექტების მშენებლობის გამოცდილებას, როგორიცაა მაგალითად სკოლის მშენებლობა, მაგრამ „იმავე დონის სამშენებლო სირთულისა და რეგულაციების მქონედ მივიჩნევთ მაგალითად, ადმინისტრაციული დანიშნულების შენობას (საპატრულო პოლიციისათვის, თუ სახანძრო სამსახურისათვის განკუთვნილი შენობები], ორსართულიან ინდივიდუალური საცხოვრებელ სახლს, სპორტულ კომპლექსს და ა.შ. კონკრეტული ტიპის მშენებლობის გამოცდილების მითითება ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას და ახდენს პრეტენდენტთა დისკრიმინაციას“.

მეორე შემთხვევაში კი, კომპანიის საჩივარში აღნიშნულია, რომ „კონკრეტული მოთხოვნები არ არის წაყენებული სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მიმართ, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პრეტენდენტებს და ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ამ კონკრეტულ ელ.ტენდერში მონაწილეობის მიღებას. როგორც კერძო დაკვეთის შედეგად აშენებულ შენობას სჭირდება ექსპულატაციაში მიღება, ისევე სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე აშენებული შენობა უნდა იქნეს მიღებული ექსპულატაციაში. ამასთან, ექსპულატაციაში მიღება არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშენებლობის განმახორციელებლი პირის მიერ ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე… რამდენიმე წლის წინ შესრულებულ სამუშაოზე, პრეტენდენტს მოეთხოვება გასწიოს დამატებითი ხარჯები და ელ.ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, დაჩქარებული წესით ჩაატაროს ექსპერტიზა შესრულებული სამუშაოების ფასთა ადეკვატურობაზე. ამ დოკუმენტების მოთხოვნა პრეტენდენტს, რომელსაც „კერძო პირის/ფირმის“ დაკვეთით აქვს შესრულებული სამუშაოები, აწვება მძიმე ტვირთად და ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის ელ.ტენდერში მონაწილეობას [ექსპერტიზის დასკვნას სჭირდება გარკვეული დრო, საშუალოდ 1 თვე, რომელიც არასაკმარისია მოცემულ შემთხვევაში – ელ.ტენდერის გამოცხადებიდან – „წინადადების მიღება დასრულებულია“-მდე]“.

კომპანია ითხოვს „შემსყიდველ ორგანიზაციას დაევალოს სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამის პუნქტში მითითებული პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნები შესაბამისობაში მოიყვანოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონთან.“

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისია არ ეთანხმება შპს „არგუსის“ მოსაზრებებს არაპროპორციულ მიდგომასთან დაკავშირებით, ვინაიდან სატენდერო კომისიამ გამოცდილების შესახებ მოთხოვნა განსაზღვრა არა კონკრეტულად ერთი, არამედ რამდენიმე მიმართულებით [საგანმანათლებლო დაწესებულებების, ან სკოლების, ან ბაგა-ბაღების, ან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სამუშაოები]“ – აღნიშნულია ხელვაჩაურის მერიისგან დავების საბჭოში გაგზავნილ წერილში.

რაც შეეხება „კერძო პირის/ფირმის“ დაკვეთით შესრულებული სამუშაოების გამოცდილებას და შესაბამისი დოკუმენტების მოთხოვნას, ამავე წერილში აღნიშნულია, რომ „პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით გაფორმებული ხელშეკრულებების წარმოდგენის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციისთვის თვალნათელია, თუ რა სამუშაოები აქვს შესრულებული პრეტენდენტს წარმოდგენილი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის საფუძველზე – დოკუმენტაცია იტვირთება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში… ხოლო ვინაიდან კერძო პირის/ფირმის მიერ შესრულებულ მშენებლობის სამუშაოებზე პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად ვერ იქნება წარმოდგენილი გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, აქედან გამომდინარე განსაზღვრა სატენდერო კომისიამ შესაბამის დოკუმენტაციაში მითითებულ ფასთა ადეკვატურობის დამადასტურებელი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენა, რათა შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეაფასოს პრეტენდენტის მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოები“.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ აუქციონის გარეშე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის სადავო პუნქტით დადგენილი მოთხოვნები პროპორციულია შესყიდვის ობიექტთან მიმართებაში, არ ზღუდავს კონკურენციას და არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობას, შესაბამისად საჩივარი საფუძველს მოკლებულია და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს“, – აღნიშნულია ხელვაჩაურის მერიისგან დავების საბჭოში გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს მუნიციპალიტეტის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე აწერს.

ვინაიდან დავების საბჭოს გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის, ტენდერი ამ ეტაპზე ჩვეულებრივად გრძელდება, სადაც წინადადებების მიღება 2019 წლის 8 ოქტომბერს დასრულდება.

ბაღის შენობის მშენებლობა კი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 დღეში უნდა დაიწყოს და 2020 წლის 1-ლი სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. თუ სატენდერო პროცედურები დროში გაიწელა [დავის ან სხვა მიზეზით] ბაღის მშენებლობის დასრულების ვადაც შესაბამისად დროში გადაიწევს.

ამ თემაზე:

სუს-ი ხელვაჩაურში ახალშენის კულტურის სახლის საქმეს სწავლობს

 მთავარი ფოტო: ახალშენის ახალი ბაღის პროექტიდან

დინამო VS დინამო – მატჩი 20:00 საათზე დაიწყება

დღეს, 6 ოქტომბერს, საღამოს 8  საათზე, ანგისის საფეხბურთო ბაზაზე დინამო ბათუმი თბილისის დინამოს დაუპირისპირდება. ეროვნული ლიგის 30-ე მატჩი ბათუმელებისათვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.

ორივე გუნდს დღევანდელი მდგომარეობით 29 თამაში აქვს ჩატარებული და თითოეულს 61-61 ქულა აქვს. ორი ლიდერი გუნდის დაპირისპირებას რუმინელი მსაჯები განსჯიან.  მთავარი  მსაჯი მარსელ ბირსანი იქნება.

ბათუმის ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ გულშემატკივრები, რომლებიც ქალაქში საქართველოს და ბათუმის დინამოს დროშებით გადაადგილდებიან.

მატჩს შეგიძლიათ უყუროთ აქ:

დინამო ბთ - დინამო თბ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა საერთაშორისო კონფერენციაზე ერთ-ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გამარჯვებული გახდა ნომინაციაში – „საუკეთესო პრაქტიკა – მოსახლეობის მონაწილეობა პრიორიტეტების განსაზღვრისას“ და საჩუქრად სპეციალური ჯილდო და სერთიფიკატი გადაეცა.

აღნიშნული ნომინაცია გულისხმობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირებისას, მოქალაქეების ჩართულობით პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას და პროექტებისა და პროგრამების მაქსიმალურად მორგებას მოსახლეობაზე.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის რიგით მე-12 საერთაშორისო კონფერენციაზე მუნიციპალიტეტები, გასული წლის გაწეული ფინანსური საქმიანობის მიხედვით დაჯილდოვდნენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

რისთვის სჭირდება იახტკლუბს 1 ჰექტარი ზღვა, რომელიც სახელმწიფომ მიწად დაირეგისტრირა

კომპანია „ბათუმის იახტ კლუბში“, რომელიც სახელმწიფოსგან ზღვის 1 ჰექტარამდე ფართობის 2037 წლამდე სარგებლობაში გადაცემას ითხოვს, აცხადებენ, რომ ეს ტერიტორია მათ იახტების მოძრაობის უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ. ბათუმის იახტკლუბთან ზღვის აკვატორიის ნაწილი, სახელმწიფომ 2019 წელს მიწის ნაკვეთად, სწორედ ამ კომპანიის მიმართვის შემდეგ დაირეგისტრირა.

„სახელმწიფოს მივმართეთ იმიტომ, რომ ეს ტერიტორია ჩვენ გვჭირდებოდა უსაფრთხოებისთვის. მაქ არანაირი მშენებლობა არ იგეგმება. აკვატორიის მაგ ნაწილის გადმოცემა გვინდა იმისთვის, რომ უსაფრთხოების ზომები იქნას მიღებული. მაგ ტერიტორიის მომიჯნავედ, მოგეხსენებათ, არის პორტის ხაზი, სადაც დიდი გემებიც მოძრაობენ და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვეძლოს აქ ზღვაში მოძრაობის კონტროლი – რომელი იახტა შემოვიდეს, რომელი დაელოდოს და ა.შ. ამის დარეგულირებისთვის. შესაბამისად, სასურველი იქნებოდა ეს ტერიტორია ჩვენთვის უბრალოდ გადმოეცათ. ჯერჯერობით ზღვის ამ ნაწილის სარგებლობაში გადმოცემაზე სახელმწიფოსგან საბოლოო პასუხი არ გვაქვს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში მიხეილ ფანჩულიძემ, „ბათუმის იახტ კლუბის“ დირექტორმა.

შპს „ბათუმის იახტ კლუბი“, შპს  „რივიერას“ ქვემოიჯარეა, რომელსაც აჭარის მთავრობის წინაშე ბათუმის იახტკლუბის განვითარების ვალდებულება აქვს აღებული.

„სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ „რივიერას“ კი იახტკლუბის მიმდებარედ სხვა მასშტაბური პროექტის – „რივიერა ბათუმის“ განხორციელება აქვს დაგეგმილი, რომელიც ხელოვნური ყურის შექმნასაც მოიცავს იახტების მისაღებად. ეს პროექტი „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს.

მშენებლობის ნებართვის მისაღებად, როგორც „რივიერაში“ გვითხრეს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთვის ჯერ არ მიუმართავთ. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მშენებლობის ნებართვას „რივიერაზე“ ბათუმის მერია არ გასცემს.

ბათუმის იახტკლუბის პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს. სამინისტროში რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტი შეთანხმებულია. ჩვენ პროექტი ოფიციალურად გამოვითხოვეთ, თუმცა სამინისტრომ მოგვაწოდა ის პროექტი/კონცეფცია, რომელიც კომპანიამ გასულ წელს წარმოადგინა. ანუ, დღეს იახტკლუბის საბოლოო პროექტიც არ არის მზად.

„ამ ორ პროექტს – „რივიერა ბათუმს“ და „იახტკლუბს“ ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ჩვენ მალე დავასრულებთ იახტკლუბის პროექტს და ნებართვისთვის მივმართავთ ბათუმის მერიას – ჩვენი შედარებით მარტივი პროექტია“, – გვითხრა მიხეილ ფანჩულიძემ, რომელიც „ბათუმის იახტ კლუბის“ დირექტორად 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა.

რა თანხა დასჭირდება პროექტის განხორციელებას კომპანიაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ. „დაახლოებით ხარჯთაღრიცხვას როცა გვეტყვის არქიტექტორი შემდეგ გავასაჯაროებთ ღირებულებას, თუმცა მინიმუმ იმ ვალდებულებას, რაც გვაქვს ხელშეკრულებით აღებული, შევასრულებთ, ანუ ეს ინვესტიცია ჩადებული იქნება. იქ სხვა ვალდებულებებიც გვქონდა – გარკვეული სარემონტო სამუშაოები და სხვა. ნელ-ნელა ამ ვალდებულებებს ვასრულებთ“, – ამბობს მიხეილ ფანჩულიძე.

აჭარის მთავრობამ  ბათუმის იახტკლუბი 2017 წელს „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ 1 ლარად  20-წლიანი იჯარით და გარკვეული პირობებით გადასცა. მათ შორის, კომპანია ვალდებულია 2021 წლამდე ეტაპობრივად განახორციელოს 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

შეიცვლება თუ არა იახტკლუბის საბოლოო პროექტი, იმ პროექტთან შედარებით, რომელიც გასულ წელს იყო წარმოდგენილი? – „ბათუმის იახტ კლუბის“ დირექტორი ამბობს: „ოდნავ შეიცვლება, მაგრამ არა მგონია რადიკალურად შეიცვალოს, უბრალოდ დახვეწილი იქნება. ეს იყო მაქსიმუმი-კონცეფცია იმის, რაც მაქ შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. მაქედან, ასე ვთქვათ, რას ვუპასუხებთ ვნახოთ“.

დღემდე არსებული პროექტით [რომელიც არ არის საბოლოო], როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი და რა მშენებლობაა დაგეგმილი ნავსაყუდელთან, შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი
მთავარი ფოტო: ბათუმის იახტკლუბი/ფოტომონტაჟი იახტკლუბის განვითარების კონცეფციიდან. ბათუმის ნავსადგურის შენობიდან მარჯვნივ, ფოტოზე ჩანს შენობა, რომელიც იახტკლუბის განვითარების პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს.

ამავე თემაზე:

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი

ბათუმის მერია წელს 360 თანამშრომელს გადაამზადებს

ბათუმის მუნიციპალიტეტის 360 საჯარო მოხელის კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგების ორგანიზებისთვის ქალაქის მერიას ბიუჯეტში 54 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. მერიის განცხადებით, ტრენინგები ხელს შეუწყობს „თანამშრომლების პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების დახვეწას“. მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული.

ტენდერის პირობის მიხედვით ტრენინგი თემატურად უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს [მოდულებს]:
მუნიციპალური ბიუჯეტი; მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა;
მუნიციპალური ქონების მართვა-განკარგვა;
მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის მეთოდები და საშუალებები;
საჯარო მმართველობის ღიაობა და მოქალაქეთა მონაწილეობა;
შიდა აუდიტი; ადამიანური რესურსების მართვა;
პროექტის ციკლის მართვა; სამხედრო გაწვევის საკითხები;
სახელმწიფო შესყიდვები; მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა;
საქმისწარმოება (ეფექტური მომსახურების ტექნოლოგიები);
ინვესტიციების ხელშეწყობა რეგიონებში (ფონდები, მექანიზნები, ინსტრუმენტები, საერთაშორისო გამოცდილება);
რისკების მართვა; გენდერული თანასწორობა; ტრენერთა ტრენინგი;
მოხელის მენეჯერული უნარები; პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი.

სხვა პირობებთან ერთად, ბათუმის მერიის მოთხოვნაა:

[checklist]

  • „სატრენინგო კურსები ჩატარდეს სასწავლო მიზნების შესაბამისად მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით აღჭურვილ, კეთილმოწყობილ (კონდიცირება, წყალმომარაგება, კომპიუტერული და ტრენინგებისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი, მათ შორის ლეპტოპებით, პროექტორითა და საპროექტო ეკრანით, საპრეზენტაციო დაფით) შენობაში განთავსებულ საკონფერენციო დარბაზში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ამავე შენობაში უნდა მოხერხდეს ლანჩის გამართვა“;
  • „ბათუმის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები სხვადასხვა სფეროში შეიძლება გაგრძელდეს 2019 წლის ბოლომდე, თითოეული მოდულის შესწავლას უნდა დაეთმოს არანაკლებ 2 დღე. დღის განმავლობაში კურსის ხანგრძლივობა 5 საათი (შუალედში შესვენება ლანჩით, 40 წუთის განმავლობაში, ყავა რძით, ჩაი, ნატურალური წვენი, ხაჭაპური, პიცა, ლობიანი, ხილის ასორტი და სხვა. ასევე ტრენინგის მსვლელობის პერიოდში სასმელი წყლით უზრუნველყოფა“;
  • „ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემა, შემსყიდველის [ბათუმის მერიის] სახელით;

[/checklist]

რაც შეეხება ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის გამოცდილებას, მას „უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2016, 2017, 2018) და 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების (ტრენინგი) ჩატარების გამოცდილება. ტენდერით გათვალისწინებული მოდულებიდან პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 (ათი) ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის თემაში ტრენინგის ჩატარების გამოცდილება. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილ იქნეს ცხრილის მიხედვით, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები);

პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ტრენინგების განხორციელების გამოცდილება. წარმოდგენილი უნდა იქნეს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები)“.

პრეტენდენტს ასევე უნდა გააჩნდეს:

„ხარისხის მართვის სისტემის (ხარისხის მენეჯმენტის სისტემის) საერთაშორისო სტანდარტის არანაკლებ ISO 9001:2008 სერტიფიკატი; პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამების: „მოხელის მენეჯერული უნარები“ და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“ აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 13 ოქტომბერს დაიწყება და 15 ოქტომბერს დასრულდება.

თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ეტაპობრივად სწავლების ორგანიზებას მერიას თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს.

ღამით და დილით ბათუმში დროგამოშვებით იწვიმებს – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ოქტომბრის 21 საათიდან 7 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ორშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, ღამით ზოგან 17-22მ/წმ-ში,

ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო;
  • მთიან რაიონებში – ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში. ღამით ზოგან 17-22მ/წმ-ში, ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმა. ელვა-ჭექა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი; დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა ღამით 4-10კმ, დღისით კარგი.
  • ტალღის სიმაღლე ღამით და დილით 15-20დმ (4-5ბალი),დღის მეორე ნახევრიდან 7-12 დმ (2-3 ბალი).
  • ზღვის წყლის ტემპერატურა + 22 გრადუსი.

ბათუმსა და მთლიანად აჭარაში სამშაბათს, 8 ოქტომბერს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს კი, მოსალოდნელია დროგამოშვებით
წვიმა და ელვა-ჭექა.

 

აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად დღეს მორიგი აქცია გაიმართება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხარდასაჭერად დღეს, 6 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ბათუმში,  „აჭარის ტელევიზიის“ შენობის წინ, აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციის ორგანიზატორია მოძრაობა – „ქვეყნის სამსახურში“.

„ჩვენ, მოქალაქეები, ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ უზღუდავს ხელისუფლება კრიტიკულ მედიასაშუალებებსა და კონკრეტულ ჟურნალისტებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორ ცდილობს, ჩაერიოს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების სარედაქციო პოლიტიკაში, რისთვისაც იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს.

მთელი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით, როგორ ხორციელდებოდა ზეწოლა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. დღეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა – ნათია კაპანაძის, მაუწყებლის დირექტორის, იმპიჩმენტის შემდეგ, მრჩეველთა საბჭომ ამ დრომდე ვერ მოახერხა ახალი დირექტორის არჩევა. არსებობს ძალიან დიდი საშიშროება, რომ ახალშერჩეულმა მრჩეველთა საბჭომ ხელისუფლებისთვის მისაღები კანდიდატი დირექტორად აირჩიოს, რითაც საფრთხე დაემუქრება ტელევიზიის, როგორც ხელისუფლების მაკონტროლებლის ფუნქციის, შესრულებას. ჟურნალისტები ვეღარ შეძლებენ დამოუკიდებლად მოქმედებას, ვეღარ შეძლებენ ჩვენი, მოქალაქეებისთვის, პრობლემური საკითხების ობიექტურად და კრიტიკულად გაშუქებასა და ინფორმირებას.

აღნიშნულ საფრთხეებზე მიუთითებენ თავად აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები, რომლებიც საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მხარდაჭერას ითხოვენ. შესაბამისად, მოგიწოდებთ თქვენ, თითოეულ მოქალაქეს, შემოგვიერთდეთ აქციაზე [6 ოქტომბერს] 17:00 საათზე. ერთად დავუჭიროთ მხარი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებს, რათა ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიტყვის თავისუფლება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს და არა ხელისუფლებას!“ – აღნიშნულია მოძრაობის- „ქვეყნის სამსახურში“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

_ _ _

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა 30 სექტემბერს საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს და თქვეს, რომ არსებობს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საფრთხე. „აჭარის ტელევიზიის“ მხარდასაჭერად მოქალაქეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, იმავე დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, პირველ ოქტომბერს, გამოაქვეყნა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების საბოლოო სია. სიაში სულ 23 კანდიდატია.

ამ თემაზე: ვინ არის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობის 23 კანდიდატი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატის, გიორგი კოხრეიძის სარჩელთან დაკავშირებით კი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. სწორედ კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მეოთხე კონკურსი შეაჩერა.

ამ თემაზე: საია: გიორგი კოხრეიძის სარჩელზე სასამართლოს ხარვეზი უნდა დაედგინა

 

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული გ.შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში დააკავეს. პოლიციამ, გ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას, საფრანგეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 262 აბი და 2 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი ნივთმტკიცებად ამოიღო, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

მასწავლებლის 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა. ის მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელია. ეროვნული ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს პრიზის სახით 10 ათასი ლარი გადაეცემა.

გიორგი ჭაუჭიძესთან ერთად ჯილდოს ხუთეულში იყვნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი, თამარ ადამია;

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი, ნათია კურტანიძე;

ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის „განათლებას“, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაია მენაბდე;

სკოლა-ლიცეუმ პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი, ქეთევან მერებაშვილი;

გამარჯვებულმა პედაგოგმა განათლების მინისტრს მარნეულის საჯარო სკოლაში ბავშვებისთვის სტადიონის მოწყობა სთხოვა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი საქართველოში უკვე მესამედ ტარდება. კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, სადაც ეროვნული ჯილდოს მფლობელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა გახდა, 2018 წელს კი – ინგლისური ენის პედაგოგი მანანა კაპეტივაძე.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გაემგზავრება მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ცერემონიაზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა.
დაჯილდოების ცერემონია დღეს, 5 ოქტომბერს, გაიმართა.

 

შტორმში 3 მოზარდის გადარჩენისთვის სტუდენტი სწავლის საფასურისგან გაათავისუფლეს

საზღვაო სასწავლებლის მეორე კურსის სტუდენტს სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდა. 25 წლის მამუკა ხილაძე პლაჟზე შეზლონგების გამქირავებლად მუშაობს, სამუშაო სეზონურია და მისი ხელფასი დღეში 30 ლარია. მამუკა სწავლის საფასურს 2 წლის განმავლობაში ასე იხდიდა, ხანაც ზაფხულობით თურქეთში თხილის საკრეფად დადიოდა, მესამე კურსის გადასახადი კი ვეღარ შეაგროვა.

ოთხსულიან ოჯახში მარტო მამუკა მუშაობს. ყოველდღე სოფელ თხილნარიდან მოდის და ბათუმში ზღვის პირას უკვე 4-5 წელია შეზლონგებს აქირავებს. ამ დროის განმავლობაში მის ჰობად ადამიანების გადარჩენა იქცა. მართალია, მაშველად არ მუშაობს, მაგრამ არაფორმალურად მაინც მაშველია.

„როცა ვინმეს უჭირს და მაშველებს შტორმში შესვლა უწევთ, იციან, რომ მეც მათ შევყვები და ვეიმედები“, – გვეუბნება მამუკა.

წელს, 23 აგვისტოს, ზღვაზე დიდი შტორმი იყო. ამ დღეს მამუკამ 3 მოზარდის სიცოცხლე გადაარჩინა.

„იმ დღეს მაშველები პლაჟზე დადიოდნენ და ხალხს აფრთხილებდნენ, რომ ბანაობა აკრძალული იყო. მაშველები მოშორებით იყვნენ, ბავშვის ყვირილი რომ გავიგონე, ყველაფერი მივატოვე და გამოვიყვანე. ათი წუთიც არ იყო გასული, მამაჩემმა რომ დაიყვირა, მეორეც იხრჩობაო. ძალიან გამიჭირდა გამოყვანა, მაგრამ მეორეც გადავარჩინე, ისიც ბავშვი აღმოჩნდა. დაახლოებით ნახევარ საათში მესამესაც დასჭირდა შველა, იმ დღეს ტალღებს სამი მოზარდის სიცოცხლე გამოვტაცეთ. საერთოდ, ცხოვრებაში ერთადერთი მტერი მყავს – ტალღა. მან ბევრჯერ სცადა ჩემთვის ადამიანი წაერთმია, მაგრამ ამაოდ.

პროფესიონალი მოცურავე არ ვარ. ბევრი ცურავს ჩემზე უკეთ, უბრალოდ, ტალღებში ცურვის წესი ვიცი. ეს მშველის. ტალღა უცებ გღლის და გთიშავს, მერე კი უკან გამოსვლა გიჭირს. როცა ტალღა სიმაღლეში მიდის არ უნდა აყვე,  ქვემოდან უნდა მოექცე და მაღლიდან არ უნდა დაგეცეს. ტალღის სიმძიმე თუ დაგეცა, შეიძლება ადამიანი ადგილზე მოკლას ან სერიოზულად დააზიანოს. დახრჩობაზე რომ არაფერი ვთქვათ“, – ამბობს მამუკა.

არაფორმალურ მაშველს, როგორც თავად ამბობს, ყოველ სეზონზე 5-6 ადამიანის გადარჩენა უწევს. გვეუბნება, რომ როცა სანაპიროზე ვინმეს დახმარება სჭირდება, ასეთ დროს საკუთარ თავზე არასდროს ფიქრობს და ერთადერთი მიზანი აქვს: სიცოცხლე შეუნარჩუნოს მას, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად და გადაუდებლად სჭირდება.

23 აგვისტოს შტორმში სამი მოზარდის გადარჩენისთვის მამუკა ხილაძე საზღვაო სასწავლებლის მესამე კურსის გადასახადისგან გათავისუფლდა და სტუდენტის სტატუსიც აღუდგინეს.

პლაჟზე მამუკა ყველას მაშველი ჰგონია. თუმცა ამბობს, რომ ოფიციალურად ამ ვაკანსიაზე ვერ დასაქმდებოდა, რადგან 550 ლარი, მისი აზრით, სახიფათო სამსახურისთვის ძალიან ცოტაა.

,,როცა ადამიანთა გადარჩენა შენი ოფიციალური სამსახურია, ამისთვის 550 ლარი ძალიან ცოტაა. მაშველად ვერ ვიმუშავებდი. მაინც პლაჟზე ვმუშაობ და თუ ვინმეს დავჭირდები, აქ ვარ. მაშველისთვის ტალღებში ყოველი შესვლა რისკია, თუნდაც მშვიდი ტალღა იყოს. ადამიანების გადასარჩენად ხელფასი არ მჭირდება, ეს ისეც საკუთარ მოვალეობად მიმაჩნია“, – ამბობს მამუკა ხილაძე.

ბათუმის პლაჟზე მის მსგავსად არაერთი სტუდენტი მუშაობს შეზლონგების გამქირავებლად, ვინც სწავლის საფასურს ამ სეზონური სამსახურით აგროვებს.

მამუკა ხილაძე ორი წლის შემდეგ საზღვაო სასწავლებელ „ანრის“ დაასრულებს, გემის მოტორისტის დიპლომს მიიღებს და შორეული ნაოსნობის მეზღვაურობას გეგმავს. მანამდე კი სათვალთვალო კოშკიდან ზღვას გაჰყურებს, რომ არავინ გამორჩეს, ვისაც მისი დახმარება სჭირდება.

ბავშვთა სახეები ხელოვნებაში – გამოფენა ღია სივრცეში

დღეს 5 ოქტომბერს, ბათუმში, ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე სკვერში ხელოვნების მსოფლიო შედევრების რეპროდუქციების ფოტოსესია გაიმართა.

გამოფენა ბათუმში – ბავშვთა სახეები ხელოვნებაში

გამოფენილი იყო ფიროსმანის, რენუარის, მოდილიანის, მონეს და სხვა ცნობილი მხატვრების რეპროდუქციები. გამოფენა, როგორც მხატვარი ნინო ნიჟარაძე გვეუბნება, გაიმართა ევროპული მემკვიდრეობის დღეების ღონისძიებების ფარგლებში.

ფოტოსესიაში მონაწილეობდნენ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები. გამოფენა დღის განმავლობაში გრძელდება და მსურველებს შეუძლიათ ცნობილი ფერწერული ნამუშევრების რეპროდუქციის დათვალიერება.

გამოფენა ბათუმში –  „ბავშვთა სახეები ხელოვნებაში“
გამოფენა ბათუმში

ამავე პროექტის ფარგლებში, ხვალ 6 ოქტომბერს, აქრეოლოგიურ მუზეუმში, უსინათლო ვიზიტორებზე ორიენტირებული სამუზეუმო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

გამოფენა ბათუმში
„ბავშვთა სახეები ხელოვნებაში“.

დიდი ბრიტანეთის სეზონი ბათუმში [ფოტო]

დღეს 5 ოქტომბერს, ბათუმშო ლონდონის სკვერში, „დიდი ბრიტანეთის სეზონი“ დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ბრიტანული დღეები საქართველოს რამდენიემ ქალაქში იმართება, მათ შორის ბათუმში.

დიდი ბრიტანეთის სეზონი ბათუმში
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ბავშვებსა და მოზარდებს კითხვები დაუსვეს დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით. მათ საჩუქრად გადაეცათ სიმბოლიკიანი გულსაბნევები,  გაერთიანებული სამეფოს დროშა, ჩანთები და სხვადასხვა  აქსესუარები.

დიდი ბრიტანეთის სეზონი ბათუმში,
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ ბრიტანეთში არსებულ უნივერსიტეტებზე და განათლების შესაძლებლობაზე.

დიდი ბრიტანეთის სეზონი ბათუმში

ღონისძიებაზე ელოდებიან ბრიტანეთის ელჩს საქართველოში. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ გადაიღონ ელჩთან ფოტოები, ასევე გაუზიარონ თავიათი იდეები, რაც ხელს შეუწყობს ბრიტანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობის გამტკიცებას.

ბავშვები „დიდი ბრიტანეთის სეზონზე“
„დიდი ბრიტანეთის სეზენი საქართველოში“ სამ თვეს გრძელდება

 

სახელმწიფო ელექტროსისტემამ 76 მილიონის ზარალის პირობებში 12 მილიონი პრემიად გასცა – აუდიტი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2014-2017 წლები 76,7 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, თუმცა, ამავე პერიოდში პრემიის სახით 12,1 მილიონი ლარი გასცა. აღნიშნული წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემას ამ პრემიის გაცემის საფუძველი არ ჰქონდა.

„2014-2017 საანგარიშგებო წლები ელექტროსისტემამ დაასრულა ზარალით, რაც ჯამში 76 708 726 ლარს შეადგენს. ასევე, უარყოფითი ფინანსური შედეგებია ოთხივე წლის განმავლობაში, წინა წლის ბოლო 6 თვისა და მიმდინარე წლის პირველი 6 თვის მონაცემების მიხედვითაც. ამრიგად, კომპანიას შინაგანაწესის თანახმად, რომელიც ამავდროულად დასაქმებულთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, არ ჰქონდა ერთდროული პრემიის [საყოველთაო პრემია, რომელიც ერთდროულად გაიცემა ყველა თანამშრომელზე] გაცემის საფუძველი, რამაც 2014-2017 წლებში 12 184 091 ლარი შეადგინა“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტი ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემაში შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ხარვეზებია: „რეაბილიტაციის გეგმის მოთხოვნის მიუხედავად, კომპანიაში არ არის დადგენილი შრომის ანაზღაურების ოდენობები კონკრეტული თანამდებობების მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში ერთსა და
იმავე სტრუქტურულ ერთეულში, იდენტურ პოზიციებზე დასაქმებული პერსონალის შრომის ანაზღაურებებს შორის სხვაობა 100%-ს აჭარბებს. არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სახელფასო პოლიტიკის გამჭვირვალობას და ქმნის შრომის არასამართლიანი ანაზღაურების შესაძლებლობას“.

ამავე ანგარიშით, 2014-2017 წლებში 12 მლნ ლარზე მეტი პრემია გაცემულია კომპანიაში დამტკიცებული პრემირების წესის მოთხოვნების შეუსაბამოდ, რომელიც გულისხმობს პრემიის გაცემის შესაძლებლობას ფინანსური შედეგების (მოგების) გათვალისწინებით: „რამდენადაც კომპანიის წმინდა ფინანსური შედეგები ოთხივე წლის შემთხვევაში უარყოფითია, კომპანიას აღნიშნული პრემიების გაცემის უფლება არ ჰქონდა. რაც შეეხება უშუალოდ მენეჯმენტის პრემირების წესს, რომლის განსაზღვრაც აქციონერის უფლებამოსილებაა, დამტკიცებულია კომპანიის რეაბილიტაციის მმართველის მიერ და არ არის შეთანხმებული აქციონერთან“.

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, სს „საპარტნიორო ფონდის“ [ელექტროსისტემა ამ ფონდში 100% წილითაა წარმოდგენილი] აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებას წარმოადგენს შვილობილი კომპანიების მენეჯმენტის ბონუსების ან/და საბონუსე სისტემის დამტკიცება. ელექტროსისტემაში მოქმედი პრემირების წესი კი გამოიყენება როგორც რიგითი თანამშრომლების, ასევე მენეჯმენტის მიმართ. ელექტროსისტემის მიერ არ არის წარმოდგენილი აქციონერის გადაწყვეტილება დამტკიცებულ პრემირების წესთან დაკავშირებით“.

აუდიტი აცხადებს, რომ „ასევე არ არის მიზანშეწონილი, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის, მმართველთა საბჭოს წევრებისა და მათი თანმხლები პირებისათვის საზღვარგარეთ მივლინების დროს საცხოვრებელი ფართობის ხარჯების ულიმიტოდ გაწევა, რისი შესაძლებლობაც განსაზღვრულია ელექტროსისტემის ბრძანებით“.

„კომპანია ანაზღაურებს თანამშრომელთა მივლინების ადგილზე ტრანსპორტის დაქირავების და როუმინგის ხარჯებს. 2014-2017 წლებში როუმინგული მომსახურებისათვის ელექტროსისტემის მიერ გაწეული ხარჯი შეადგენს 227 199 ლარს. მათ შორის, მხოლოდ რეაბილიტაციის მმართველის როუმინგული მომსახურებისთვის ელექტროსისტემამ გადაიხადა 156 738 ლარი. ყურადღებას იქცევს 2014 წლის აგვისტოში რეაბილიტაციის მმართველის როუმინგულ მომსახურებაში, ხუთ დღეში გადახდილი 29 254 ლარი, რაც შეუსაბამოდ მაღალ, არაგონივრულ ხარჯს წარმოადგენს“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

„ვერ დავრწმუნდით დაახლოებით 800 000 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯის ეკონომიურობაში. მითუმეტეს, კომპანიის 2014-2017 წლების ფინანსური შედეგები არ იძლეოდა აღნიშნული ხარჯების გაწევის შესაძლებლობას, რადგან კომპანიამ ყველა წელი ზარალით დაასრულა“ – აცხადებს აუდიტი.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/396107/

დიდი ბრიტანეთის სეზონი ბათუმში

დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის განსაკუთრებული მეგობრობის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართება, პროექტის – „დიდი ბრიტანეთის სეზონი საქართველოში“ ფარგლებში.

ეს არის საგანგებოდ შედგენილი პროგრამა, რომელიც მოიცავს 60-ზე მეტ ღონისძიებას და ის სამი თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება. ასევე, ქალაქებში, – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. სეზონის განმავლობაში ბრიტანეთის საელჩო იმოგზაურებს საქართველოში, სხვადასხვა ადგილებში.

„დიდი ბრიტანეთის სეზონი საქართველოში“ წარმოაჩენს საუკეთესოს, რაც თანამედროვე, მრავალფეროვანმა ბრიტანეთმა შეიძლება შესთავაზოს საქართველოს სპორტის, კულტურის, განათლებისა და ბიზნესის სფეროში“ – აღნიშნულია პროგრამაში.

ბათუმში ბრიტანეთის სეზონი გაიხსნება ლონდონის პარკში 15:00 საათიდან  და გაგრძელდება 18:00 საათამდე. ღონისძიების ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ბრიტანეთის საგანმანათლებლო პროგრამებს, მონაწილეობა მიიღონ გათამაშებებში და გადაიღოს სამახსოვრო სურათები ბრიტანეთის ელჩთან.

ასევე, გაუზიარონ თავიათი იდეები, თუ როგორაა შესაძლებელი უფრო მტკიცე კავშირების გაბმა ბრიტანელ და ქართველ ხალხს შორის.

 

მთავარი ფოტო: დათო ტრაპაიძე/ლონდონის პარკი ბათუმში

შსს: 3 ნოუთბუქის ქურდობისთვის ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ძ. ქურდობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ანგისისა და ინასარიძის ქუჩებზე მდებარე ორ საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია, საიდანაც 3 ნოუთბუქი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბათუმში მასწავლებლები დააჯილდოვეს

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში, საჯარო და კერძო სკოლების 35 პედაგოგი დააჯილდოვეს. როგორც განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა „ბათუმელებთან“ განაცხადეს, პედაგოგები წინა სასწავლო წელს გაწეული აქტივობების მიხედვით შეირჩა. მასწავლებლებს ფულადი ჯილდო 330 ლარი გადასცეს.

„კომისიამ ყურადღება მიაქცია იმას, თუ რა სტატუსის მქონე იყო მასწავლებელი, მენტორ და წამყვან მასწავლებლებზე შეჩერდა ძირითადად არჩევანი, თუმცა ყურადღება მივაქციეთ იმასაც, რომ შეგვერჩია მასწავლებლები, რომლებიც სხვა მიმართულებითაც არიან აქტიურები. მაგალითად, გვყავს ორი მასწავლებელი, რომელიც ასწავლის აფხაზურ ენას ორ საჯარო სკოლაში, მასწავლებლები, რომლებიც ეროვნული ჯილდოს ათეულში და ხუთეულში მოხვდნენ, შესაბამისად ვცადეთ, ყველა კატეგორია გაგვეთვალისწინებინა“ – ამბობს აჭარის განათლების სამინისტროს, განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნაზიბროლა ბერიძე- გაბაიძე.

მასწავლებლის დღეს, პედაგოგები ბათუმში 330 ლარით დააჯილდოვეს
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძის თქმით, მასწავლებლის ჯილდო იქნება ყოველწლიური და დაფინანსდება პროგრამის – „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ბიუჯეტიდან.

დაჯილდოვებული პედაგოგები შერჩეული იყვნენ როგორც ბათუმის, ასევე მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლებიდან. კერძო სკოლებიდან, სამი პედაგოგი დააჯილდოვეს. აქედან ორი პედაგოგი, საპატრიარქოს დაქვემდებარებულ სკოლებში მუშაობს.

საჯარო სკოლაში აფხაზური ენის სწავლებისთვის დაჯილდოვდა ფერიის საჯარო სკოლის პედაგოგი, ლიანა აიკუცბა

დაჯილდოვება გაიმართა სასტუმრო „შერატონში“, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ასევე პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი.

ჯილდო გადაეცა მასწავლებლის 2019 წლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულში მყოფ, ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის მასწავლებელს მაია მენაბდესაც, რომელიც დღეს თბილისში იმყოფება და მონაწილეობას იღებს მასწავლებლის ეროვნული ჯიულდოს კონკურსში.

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო თანამშრომლებს შრომის უსაფრთხოების კუთხით მოამზადებს

სამი თანამშრომლისთვის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამის შესწავლის მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სატრენინგო მომსახურებას შეისყიდის. მომსახურებაზე, რისთვისაც მაქსიმუმ 3 300 ლარია გათვალისწინებული, სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის პირობის მიხედვით, პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს სატრენინგო მომსახურება – „შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსი“ – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამი თანამშრომლისთვის. ტრენინგის კურსი კი, თითოეული მონაწილისათვის, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 საათს და არაუმეტეს 40 საათს.

ტრენინგის თემები უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში; ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში, შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით სავალდებულო დოკუმენტაცია; საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მართვა, საკონტროლო ღონისძიებები საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით; სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება; პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი; ელექტრო, სახანძრო უსაფრთხოება, სიმაღლეზე მუშაობა, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები; შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფქისოსოციალური ფაქტორები; ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები; პირველადი სამედიცინო დახმარება; დახურულ სივრცეში მუშაობის უსაფრთხოება; ამწის და ამწე მექანიზმების უსაფრთხოება; გარემოს დაცვა; სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის უსაფრთხოება; ჩანგლიანი დამტვირთველის მუშაობის უსაფრთხოება.

მიმწოდებელი ვალდებულია, სწავლების დასრულების შემდეგ, გასცეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები (სერთიფიკატები) აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იმ თანამშრომლებზე, რომლებიც გაივლიან სწავლებას (ტრენინგს). სატრენინგო მომსახურება უნდა განხორციელდეს ბათუმში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში (კონკრეტული გრაფიკი შეთანხმდება სამინისტროსთან).

– – –

მშენებლობებზე დაღუპულთა თუ დაშავებულთა სტატისტიკა ისევ მძიმეა. 2011-2018 წლებში საქართველოში საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა. 2019 წელს სამშენებლო ობიექტებზე 13 მუშა გარდაიცვალა. ერთ-ერთი დაღუპული – 16 წლის მოზარდი იყო.

ბოლო საკანონმდებლო ცვლილება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში სექტემბრიდან ამოქმედდა – შრომის ინსპექციას უკვე გაფრთხილების გარეშე შეუძლია ნებისმიერ ობიექტზე შესვლა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს. რას შეცვლის ახალი ჩანაწერები კანონში და როგორია სახელმწიფოს რეაქცია მძიმე სტატისტიკაზე? – ვრცლად იხილეთ ბმულზე:

შეაჩერებს თუ არა კანონის შეცვლა მუშების დაღუპვის სერიას [ვიდეო]

Exit mobile version