ბათუმში შს სამინისტროს 88 თანამშრომლისთვის 2 კორპუსი შენდება

ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, რომლებიც სამინისტროს 88 თანამშრომლის ოჯახზეა გათვლილი – ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირზე, რომელსაც სამინისტროს აჭარის რეგიონის დანაყოფებისა და პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხუთ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში აშენებს 10 კორპუსს 400 თანამშრომლისთვის. მშენებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები ჯამში 33 465 912 ლარზეა გაფორმებული.

მშენებლობის ღირებულების 40%-ს, ანუ 13 386 364 ლარს შსს გადაიხდის, ხოლო 60%-ს, ანუ 20 079 547 ლარს – ბინის მომავალი მესაკუთრე, პროექტში ჩართული სამინისტროს თანამშრომელი.

აღნიშნულ ქალაქებში პროექტში ჩართული შსს-ს თითოეული თანამშრომელი 77 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე საცხოვრებელ ბინას ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით მიიღებს. მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულდეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბინის მომავალი მესაკუთრე, საქართველოს ქალაქების მიხედვით, საცხოვრებელ ბინაში გადაიხდის: ბათუმში – 45 517 ლარს, ზუგდიდში – 49 350 ლარს, ქუთაისში – 45 590 ლარს, თბილისში – 49 909 ლარს, რუსთავში – 49 530 ლარს.

კორპუსები ბათუმში, ადლიის ქუჩის N112-ში შენდება.

სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „პროექტში გამარჯვებული თანამშრომელი ბინის საფასურს საკუთარი სახსრებით ან შეღავათიანი იპოთეკური სესხით ფარავს… პროექტში გამარჯვებულებს შესაძლებლობა აქვთ, გადასახდელი თანხის სრულ ოდენობაზე გააკეთონ განაცხადი ნებისმიერ ბანკში“.

შსს-ს თანამშრომლებისთვის საცხოვრებელ კორპუსებს ბათუმში კომპანია „აიდურგეო“ აშენებს. ხელშეკრულება 6 497 839.98 ლარზეა გაფორმებული.

ვრცლად ამ თემაზე: 

თანხის 2/3-ს თანამშრომლები გადაიხდიან – შსს-ს განმარტება კორპუსების მშენებლობაზე

მე-16 საჯარო სკოლის ტერიტორიის გეოლოგიური და შენობის კონსტრუქციული კვლევა ჩატარდება

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის ტერიტორიის გეოლოგიური და შენობის კონსტრუქციული კვლევის ჩატარება, როგორც აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, შენობის დაგეგმილ რეაბილიტაციას უკავშირდება.

„გადაწყვეტილი გვაქვს ამ სკოლის რეაბილიტაცია. რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტის შეძენამდე კი აუცილებელია, როგორც სკოლის ტერიტორიის გეოლოგიური, ასევე შენობის კონსტრუქციული კვლევა. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე შევისყიდით პროექტს, ხოლო სკოლის რეაბილიტაციისთვის თანხა, სავარაუდოდ, 2021 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული“ – გვითხრეს სამინისტროში.

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა / 5.10.2019

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე, მე-16 საჯარო სკოლის ტერიტორიისა და შენობის კვლევა უფასოდ უნდა ჩაატაროს იმ ტენდერში გამარჯვებულმა, რომელი ტენდერიც სამინისტრომ სხვადასხვა სკოლების სარეაბილიტაციო პროექტების შესაძენად გამოაცხადა. მე-16 საჯარო სკოლის კვლევა ამ ტენდერის დამატებითი და აუცილებელი პირობაა.

ამ სკოლების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:

მე-16 საჯარო სკოლის ტერიტორიის გეოლოგიური და შენობის კონსტრუქციული კვლევა ჩატარდება

 

„ვხედავ სურებს, ვხედავ დაფნარს“ – დიდი ბრიტანეთის ელჩის ტვიტი გურიიდან

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი ტვიტერზე გალაკტიონ ტაბიძის ლექსიდან აქვეყნებს ნაწყვეტს:

“ვხედავ სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს,

ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.”

ელჩი გურიაში კამპანიის – „დიდი ბრიტანეთი – საქართველოს“ ფარგლებში იმყოფება.

დიდი ბრიტანეთის სეზონი საქართველოში ეძღვნება ორ ქვეყანას შორის მეგობრობას და 2019 წლის შემოდგომაზე სამთვიანი სეზონით აღინიშნება. სეზონი 60-ზე მეტ ღონისძიებას მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

გურიაში, სოფელ ნასაკირალში, 4 ოქტომბერს „მოძრავი საელჩო“ იყო წარმოდგენილი.

ჯასტინ მაკკენზი სმიტი დიდი ბრიტანეთის ელჩია საქართველოში 2016 წლიდან. ელჩი საუბრობს ქართულ ენაზე. წელს იგი კამპანიას – „გაატარე ზაფხული საქართველოში შეუერთდა და სვანეთში მოგზაორობის ფოტოები გამოაქვეყნა ტვიტერზე ჰეშთეგით- #SpendYourSummerInGeorgia. 

_________________

ფოტოზე: ჯასტინ მაკკენზი სმიტი. ფოტო ფეისბუქის პირადი გვერდიდან.

ბიზნესმენმა სარფში სახელმწიფო მიწა დაიკავა და სასტუმროს უკანონოდ აშენებს

ექიმი და სამედიცინო ბიზნესით დაკავებული დიმიტრი ტვილდიანი, სარფში 3008 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, სასტუმრო-კომპლექსს უკანონოდ აშენებს. სწორედ ეს მიწის ნაკვეთი გამოიტანა სახელმწიფომ ახლახანს აუქციონზე გასაყიდად. სავარაუდოდ მიწის ნაკვეთს სწორედ დიმიტრი ტვილდიანი იყიდის. მშენებლობაზე, როგორც ხელვაჩაურის, ასევე ბათუმის მერიას ნებართვა არ გაუცია, თუმცა უკანონო მშენებლობისთვის მშენებელი არც დაუჯარიმებია.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე მიწის ნაკვეთს უკანონოდ მშენებარე ნაგებობასთან ერთად ყიდის. გასაყიდი მიწის მისამართად მითითებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი სარფი. თუმცა, ხელვაჩაურის მერიაში გვითხრეს, რომ მიწის ნაკვეთი ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის.

„აუქციონზე გამოტანილი ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არ შედის. მშენებლობის ნებართვა, მაგ ნაკვეთზე ჩვენი მუნიციპალიტეტის მიერ, ბუნებრივია, გაცემული არ არის, ამიტომ მიმდინარე მშენებლობაზეც რეაგირება ჩვენს კომპეტენციაში არ შედის,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ქურიძემ.

„ბათუმელებმა“ ნებართვის საკითხი გადაამოწმა ბათუმის მერიაშიც, სადაც ასევე განაცხადეს, რომ ნებართვა არ გაუციათ.

„რამდენადაც ვიცით, გასაყიდ მიწაზე მიმდინარე მშენებლობა უკანონოა და მას, სავარაუდოდ, მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრე აწარმოებს, თუმცა, დეტალებზე შესაბამის მუნიციპალიტეტს უნდა დაუკავშირდეთ. ჩვენ არც მშენებლობაზე და არც დემონტაჟზე ნებართვას არ გავცემთ. დღეს ეს მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაა და მას სააგენტო აუქციონზე ყიდის,“ – გვითხრეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, იმ ნომერზე, რომელიც აუქციონის გვერდზეა მითითებული.

 

აუქციონზე გამოტანილი მიწის ნაკვეთი მშენებარე ობიექტით / ფოტო ელექტრონული აუქციონის ვებგვერდიდან

აუქციონზე გამოტანილ 3008 კვადრატულ მეტრ ფართობის მიწის ნაკვეთს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 246 ათას ლარად ყიდის. ვაჭრობის ბიჯი 2 ათასი ლარია [დაახლოებით 82 ლარი 1 კვ/მ]. ამ ნაკვეთს, დიდი ალბათობით, მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრე დიმიტრი ტვილდიანი შეისყიდის, რომელიც აუქციონზე გამოტანილ ნაკვეთზე სასტუმროს უკვე აშენებს. აუქციონი დაწყებულია და ის 7 ოქტომბერს დასრულდება.

საქმე იმაშია, რომ დიმიტრი ტვილდიანი უკანონოდ დაკავებული სახელმწიფო მიწის გვერდით სარფში ფლობს საკუთრებას, სადაც მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს [პირველ სართულზე პარკინგი, მეორე სართულის ნაწილი – კაფე, მესამე სართული – სასტუმრო]. მან თავის დროზე ეს მშენებლობაც  უნებართვოდ დაიწყო, 200 ლარით დააჯარიმეს და მშენებლობის ნებართვაც ამის შემდეგ მისცეს.

„ნებართვა გაცემულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე ნაკვეთზე. დაირღვა თუ არა პროექტი, ამას ალბათ ჩვენი ზედამხედველობის სამსახური გადაამოწმებს. პროექტში რაიმე ცვლილებისთვის ჩვენთვის ჯერ არ მოუმართავთ. თუ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, შესაძლოა ახალი ნებართვის გაცემა გახდეს საჭირო,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსმა ზეინაბ კაკაბაძემ.

„თუ მშენებლობის ნებართვა გაცემულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მშენებლობა გაგრძელდა, ვთქვათ, ბათუმის ტერიტორიაზე, მაშინ დარღვეულია პროექტი და რეაგირებაც ხელვაჩაურის მერიამ უნდა მოახდინოს. რაც შეეხება ქალაქის ტერიტორია არის თუ არა, საკადასტრო მონაცემებით ქალაქია, თუმცა, მაინც გადავამოწმებთ,“ – გვითხრა ირაკლი მოქიამ, ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დიმიტრი ტვილდიანმა სარფში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 2 670 არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, რაზედაც  მშენებლობის ნებართვაა გაცემული, 2017 წლის მარტში დაირეგისტრირა.

ამის შემდეგ დიმიტრი ტვილდიანმა იქვე კიდევ 1 639 კვ/მ მიწა კერძო პირისგან შეიძინა, ხოლო 1 819 კვ/მ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა კი, 2018 წელს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ უპირობო აუქციონზე იყიდა.

მარცხენა ფოტო: დიმიტრი ტვილდიანის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები სარფში [ღია ყვითელი ფერით] და სახელმწიფო საკუთრება [მუქი ყვითელი ფერით], რომელიც აუქციონზე იყიდება და სადაც უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს. / წყარო: საჯარო რეესტრი;
მარჯვენა ფოტო: იგივე ტერიტორია, სადაც სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. თანამგზავრის ფოტო, რომელიც 2019 წლის მაისშია გადაღებული / წყარო: Google.

აუქციონის პირობაში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ „საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი განთავსებულია ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონაში (ლსზ)“. საქართველოს კანონმდებლობით კი „ლანდშაფტური-სარეკრეაციო ზონა წარმოადგენს დასახლების (ადმინისტრაციულ) საზღვრებში ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად“.

თუ ამჯერადაც დიმიტრი ტვილდიანი შეიძენს აუქციონზე გამოტანილ მიწის ნაკვეთს [ასეთი რამ უკვე მოხდა, როცა 1819 კვ/მ მიწა გამოიტანა სახელმწიფომ აუქციონზე], საქმე პარადოქსამდე მივა – აღმოჩნდება, რომ ერთი მუნიციპალიტეტის [ხელვჩაურის] მიერ გაცემული ნებართვით, შენობა ორი მუნიციპალიტეტის [ხელვაჩაურის და ბათუმის] ტერიტორიაზე შენდება. ანუ, ბათუმისა და ხელვაჩაურის საზღვარი ამ შენობაში გავა [ფაქტობრივად ეს საზღვარი დღეს მშენებარე ობიექტზე ისედაც გადის].

ასეთი რამ კი, როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, შეუძლებელია, ამიტომ გამოსავალი იქნება მუნიციპალიტეტებს შორის ადმინისტრაციული საზღვრისა და პროექტის ცვლილება.

შესაბამისად, თუ აუქციონზე გამოტანილ ნაკვეთს ტვილდიანი იყიდის [ამ ნაკვეთზე სასტუმროს უკანონოდ სწორედ ის აშენებს] ამას შესაძლოა ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა მოჰყვეს.

ამ თემაზე:

ექიმი, რომელიც სასტუმროს უკანონოდ აშენებს, 200 ლარით დააჯარიმეს და მშენებლობის ნებართვა მისცეს

რუსთაველი, გორგილაძე, ფიროსმანი – ბათუმის 10 ქუჩაზე 8 ოქტომბერს წყალი შეწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სამშაბათს, 8 ოქტომბერს, ღამის 2 საათიდან 9 ოქტომბრის დილის 6 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება:

[crosslist]

  • ჟიული შარტავას ქუჩას
  • შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას – ხახუტაიშვილის ქუჩიდან ნურეთინ ჩარმითლის ქუჩამდე
  • ტბელ აბუსერისძის ქუჩას – გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე
  • ჯავახიშვილის ქუჩას – შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ტბელ აბუსერისძის ქუჩამდე
  • გრიბოედოვის ქუჩას – რუსთაველის ქუჩიდან ტბელ აბუსერისძის ქუჩამდე
  • ფოროსმანის ქუჩას
  • ზურაბ გორგილაძის ქუჩას – შარტავას ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე
  • ვახტანგ გორგასლის ქუჩას – ჯავახიშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე
  • ნურეთინ ჩარმითლის ქუჩას
  • რუსთაველის ქუჩას – ჯავახიშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე

[/crosslist]

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ,  სარემონტო სამუშაოების გამო, შესაძლოა წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

„გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“.

75 წლის კაცის მოგებული საქმე ხელვაჩაურის მიწის კომისიამ სასამართლოში გაასაჩივრა

ხელვაჩაურის მიწის კომისიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქმე, რომელიც 75 წლის იუსუფ წულუკიძესთან წააგო. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქის სარჩელი დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მიწის კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა.

იუსუფ წულუკიძე მამაპაპისეული მიწის აღიარებას წლების განმავლობაში ითხოვს და მიწის კომისიამ მას უარი უთხრა იმ მოტივით, რომ მიწა, სადაც იუსუფ წულუკიძე ახლა მარტო ცხოვრობს, სახელმწიფოს საკუთრებაა. იმის გამო, რომ იუსუფ წულუკიძეს საკუთრება ამ დრომდე არ ჰქონდა, მის საცხოვრებელ სახლში არც გაზია და არც წყალი. სასამართლომ ხელვაჩაურის მიწის კომისია დაავალდებულა, ხელახლა შეისწავლოს „იუსუფ წულუკიძის საქმე“.

„ჩვენ ვალდებული ვიყავით, გაგვესაჩივრებია ეს გადაწყვეტილება,“ – გვიპასუხა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარემ, თემურ ხალვაშმა. მას ვკითხეთ, რატომ ჩათვალა საჭიროდ კომისიამ ისევ ედავა სასამართლოში მოხუცის წინააღმდეგ. კომისიის თავმჯდომარეს ვთხოვეთ დაესახელებინა სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იყო კომისია ვალდებული ედავა მოხუცის წინააღმდეგ.

„ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ დაიცვას მის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი. ჩვენ ვალდებული ვიყავით, დაგვეცვა ეს გადაწყვეტილება,“ – გვითხრა თემურ ხალვაშმა.

„არც ერთი კანონი არ ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ გაასაჩივროს მის საწინააღმდეგოდ გამოტანილი გადაწყვეტილება,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში იუსუფ წულუკიძის ინტერესებს იცავს.

ანა ბერძენიშვილი „გონიოს მიწების საქმეს“ იხსენებს, სადაც გონიოლებმა მოიგეს საქმე ბათუმის მერიის საკუთრების კომისიის წინააღმდეგ, მაგრამ კომისიას გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

„მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, 15 წელია ბატონი იუსუფი ითხოვს საკუთრების აღიარებას… ცნობილია, ასევე საქმეების გადატვირთულობა სასამართლოებში. კომისიას რომ არ გაესაჩივრებია ეს გადაწყვეტილება, ახლა კომისიას უკვე ნამსჯელი ექნებოდა იუსუფ წულუკიძის საქმეზე,“ – გვითხრა ანა ბერძენიშვილმა.

ხელვაჩაურის მიწის კომისიის თავმჯდომარის, თემურ ხალვაშის ლოგიკით, იუსუფ წულუკიძე მორალურად მართალია, კანონით – არა.

„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მორალური თვალსაზრისით, შესაძლებელია, მართებულია ეს პიროვნება და ვთქვათ, მართალიც არის. კანონიერი თვალსაზრისით, მუნიციპალიტეტის კომისია მართალია, რადგან კანონი ჩვენ არ გვაძლევს საშუალებას, ვინმეს დავურეგისტრიროთ სახელმწიფო ქონება, თან ეს იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი, სამხედრო ობიექტი იყო ადრე,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თემურ ხალვაშმა.

სააპელაციო სასამართლოში უკვე გაიმართა „იუსუფ წულუკიძის საქმის“ განხილვა. სასამართლო გადაწყვეტილებას 22 ოქტომბერს გამოაცხადებს.

იუსუფ წულუკიძე ხელვაჩაურში, სოფელ მაჭახლისპირში 674 და 2500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთების საკუთრებაში აღიარებას ითხოვდა. ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე იუსუფის წინაპრების ძველი სახლი იდგა, რაც დაინგრა. იუსუფმა მიწის ამ ნაკვეთზე ხეხილის ბაღი გააშენა და დღემდე სარგებლობს. სახლის დანგრევის შემდეგ, ანუ 1997 წლიდან, იუსუფ წულუკიძემ  იქვე არსებული ძველი სასადილოს შენობაში დაიწყო ცხოვრება. ეს შენობა მან თვითნებურად დაიკავა. იუსუფ წულუკიძეს მეუღლე გასულ წელს გარდაეცვალა, შვილი – პატიმარია.

 

რა შეჭამოს თხამ? – პრობლემა, რომელსაც ხელისუფლება არ იმჩნევს

ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში მცხოვრები თამაზ ცინცაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც თხები ჰყავს და პრობლემა შეექმნა მას შემდეგ, რაც თხებს ვეღარ აძოვებს იმ ტერიტორიაზე, რომელიც „მაჭახელას ეროვნულ პარკად“ გამოცხადდა. პრობლემის მოგვარებაზე არავინ ზრუნავს. კირნათში 6 ოჯახს დაახლოებით 200 სული თხა ჰყავს. მათ გაზაფხულზე თხები ჯავახეთში გადაჰყავთ, შემოდგომაზე – უკან ბრუნდებიან.

„200 კილომეტრი ფეხით უკვე გამოვიარე და გუშინ დავბრუნდი სახლში… თუ საძოვრით ვერ ვისარგებლებ, როგორ შევძლებ თხების შენახვას? ბალახი ძვირია,“ – გვიყვება თამაზ ცინცაძე. მწყემსების პრობლემაზე „ბათუმელები“ წელს აგვისტოშიც წერდა.

მაჭახლის ხეობის ნაწილის ეროვნულ პარკად გამოცხადება მოსწონს თამაზ ცინცაძესაც, თუმცა, მისი აზრით, ხელისუფლებამ გამოსავალი იმ ადამიანებსაც უნდა შესთავაზოს, ვისაც თხები ან საქონელი ჰყავს.

„ახლა ვარიდებთ პარკის ტერიტორიას თხებს. გვითხრეს, რომ დაგვაჯარიმებენ, თუ პარკის ტერიტორიაზე შევა თხა… გაზაფხულამდე ჯავახეთში ვერ წავალთ, არ ვიცი, რით შევინახოთ თხა,“ – გვიყვება თამაზ ცინცაძე.

პრობლემის შესახებ ინფორმირებულია სოფელ კირნათის რწმუნებული ხასან კახაბერიძე. ის ამბობს, რომ რამდენიმე დღეში ეცოდინება, რა გამოსავალს შესთავაზებს ადგილობრივი მთავრობა თხების მესაკუთრეებს.

„პრობლემა არ არსებობს. ჩვენ დაველაპარაკეთ ეროვნული პარკის ადმინისტრაციას და გარკვეული რეგულაციების დაცვის შემთხვევაში, თხების იქ შეყვანა შესაძლებელი იქნება,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. მან ვერ დაგვიკონკრეტა, რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ მწყემსებს. ხელვაჩაურის მერმა ასევე თქვა, რომ შეთანხმება ამ ეტაპზე წერილობით არ გაფორმებულა.

„პარკის ტერიტორიაზე თხების ძოვება დაუშვებელია. მსგავსი შეთანხმება არ არსებობს,“ – ამბობს მაჭახელას ეროვნული პარკის დირექტორი, გიორგი ქურიძე. მისი თქმით, შეთანხმება მხოლოდ თხის გავლას შეეხება პარკის ტერიტორიაზე და არა ხანგრძლივად გაჩერებას და ძოვებას.

„საქონლის შემთხვევაში შესაძლებელია ტრადიციულ ზონაში ძოვება, აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ მკაცრი დაცვის ზონაში. ეს ზონები გამიჯნულია. რაც შეეხება წვრილფეხა პირუტყვს და კონკრეტულად თხას, ცნობილია, რომ ის მავნებელია… თხამ სადაც გაიარა, არცერთმა მცენარემ აღარ გაიხარა,“ – გვითხრა გიორგი ქურიძემ.

გიორგი ქურიძის თქმით, პარკის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან წვრილფეხა საქონლის ძოვებისთვის ამ დრომდე არავინ დაუჯარიმებიათ. ჯარიმა დაზიანების შესაბამისად 50 ლარიდან იწყება.

რა გამოსავალს სთავაზობს ადგილობრივი ხელისუფლება თხის მესაკუთრეებს? – პასუხი ვერ მივიღეთ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ მათ ამ თემის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

 

 

თალაკვაძე: ოკუპაცია არ არის ის, რაც უკვე მოხდა, ოკუპაცია გრძელდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, დღეს, 4 ოქტომბერს, ბათუმში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარტნიორ მხარესთან ისაუბრეს იმ პროგრესსა და ვალდებულებებზე, რომელიც საქართველოს აქვს ნატოსთან ინტეგრაციის ფარგლებში.

„ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება და პარლამენტი ოპოზიციის ჩართულობით ახორციელებს. ეს არის საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო რეფორმა. ასევე, ეკონომიკური, განათლების რეფორმები და ინფრასტრუქტურის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები,“ – ამბობს თალაკვაძე.

მის თქმით, დემოკრატიის ეს დონე მოითხოვს უფრო ძლიერ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას პარტნიორების მხრიდან:

„სწორედ ამაზე ვესაუბრე ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი, მათ შორის ეკონომიკური მხარდაჭერა ესაჭიროება დღეს და ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია“.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო ოკუპაციაზე.

„ყველა ხედავს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ეს არ არის ის, რაც უკვე მოხდა, არამედ ოკუპაცია გრძელდება და რეალურ საფრთხეებს უქმნის ჩვენს მიღწევებს დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში.

ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლიანი და პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, დღეს საქართველო არის ძალიან ახლოს ნატოს წევრობასთან და ასევე, მნიშვნელოვანია პროგრესი, რომელიც ჩვენ წევრობის მისაღწევად ამ პროცესში შევქმენით ნატოსგან და პარტნიორებთან ერთად,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან კომენტარი გააკეთა „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან გააქტიურებულ ანტიდასავლურ აქტივობებზეც და განაცხადა, რომ საქართველოს მიზანი არის გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ეს წერია კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში.

„ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ერთი წლის წინ და ეს მიზანი ასახულია ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტში. ასევე, არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველოში საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა აქვს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც თავის პროგრამაში და საგარეო პოლიტიკაში  მყარად აქვთ მოცემული ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანი და ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

თუ ჩვენს საზოგადოებაში რჩებიან ისეთი მოქალაქეები, ვისთვისაც ჯერ კიდევ კარგად არ არის გასაგები და ნაკლები ინფორმაცია აქვს რას ნიშნავს ნატო, ევროკავშირი და ჩვენი თანამშრომლობა აშშ-სთან, ჩვენი მოვალეობაა, მათ შორის მედიისაც, რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ამ მოქალაქეებთან და ავუხსნათ, მივცეთ მეტი ინფორმაცია, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, დღესდღეობით საქართველოს არჩევანი არის ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია, „ეს პოლიტიკური კურსი ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ შეიცვლება,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცების საკითხი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო

ბათუმის მერიაში ისევ ვერ ასახელებენ კონკრეტულ ვადას, თუ როდის განაახლებენ  ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცების პროცედურებს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები კომპანია  „გეოგრაფიკს“ კონსულტაციების გავლის მიზნით ორჯერ შეხვდნენ და ისევ გეგმავენ შეხვედრას.

„გეოგრაფიკთან“ ერთად მერიის სპეციალისტები ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასთან დაკავშირებით, ამავე კომპანიის მიერ ისტორიული ბათუმის  უკვე დადგენილი საზღვრების გადახედვას გეგმავენ. გარდა ამისა, როგორც მერი ამბობდა, უნდა გაიარონ კიდევ რამდენიმე საკითხი დოკუმენტების დასაკორექტირებლად.

ბათუმის მერიის მიერ თვითნებურად დაკორექტირებული ეს დოკუმენტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 2019 წლის 15 თებერვალს გაფართოებულ სხდომაზე განიხილა და დაიწუნა. ამის მიზეზად კი უკვე დადგენილი საზღვრებიდან ბათუმის კონცხისა და ბულვარის ტერიტორიის ამოღება დაასახელეს. მერიას კი მისცეს რეკომენდაცია სააგენტოსთვის „გეოგრაფიკის“ მიერ დადგენილი საზღვრების პირველადი დოკუმენტი წარედგინა.

სწორედ ამის შემდეგ მერიაში გადაწყვიტეს, რომ დოკუმენტების განახლებაზე უნდა იმუშაონ.

როდის შედგება მერიასა და „გეოგრაფიკს“ შორის მორიგი შეხვედრა, დაზუსტებით ჯერ ესეც არ ვიცით. შესაბამისად, ბათუმში ძეგლების დამცველები საფუძვლიანად ვარაუდობენ, რომ ბათუმის დამცავი ზონების დამტკიცება 2019 წელს ვერ მოხერხდება. მომავალ წელს კი, სავარაუდოდ, მერია დოკუმენტის განახლებაზე ტენდერს გამოაცხადებს, რაც პროცედურულად ისედაც ითვალისწინებს გარკვეულ ვადას.

ვიდრე მერია გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს, ძეგლების დამცველები შიშობენ, რომ ბათუმის ისტორიულ ზონაში კიდევ ბევრი ქუჩა დაკარგავს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელ ინფრასტრუქტურას, რადგან მშენებლების ინტერესი სწორედ ამ ტერიტორიის მიმართ არის მაღალი და ისინი აქ ნებართვის მისაღებად კანონდარღვევასაც არ ერიდებიან. უნებართვო მშენებლობების თუ დემონტაჟის წინააღმდეგ ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილების ძალისხმევა რომ არ არის საკმარისი, ეს ბათუმში ბევრჯერ გამოჩნდა.

დამცავი ზონების დამტკიცების გარეშე ისტორიული ბათუმის იერსახის რღვევის რისკები რომ მაღალია, ამ მოსაზრებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოშიც ეთანხმებიან:

„ზონების დამტკიცება, რომ რთული პროცესია და დროში იწელება ამას ვეთანხმები. თუმცა, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით იმასაც, რომ ამ საკითხის გაჭიანურება გარკვეულ რისკებს შეიცავს. რისკის ქვეშ დგება მემკვიდრეობის თვალსაზრისით სენსიტიური ადგილები, რადგან სხვა სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს კულტურული მემკვიდრეობისთვის, გარდა ამ ზონების დადგენისა“, – ამბობს სააგენტოს სპეციალისტი მანანა ვარძელაშვილი.

„ანრის“ პირველკურსელებმა მეზღვაურის ფიცი დადეს

დღეს ბათუმის უმაღლეს საინჟინრო საზღვაო სასწავლებელ „ანრიში“ პირველკურსელთა ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

ფიცის დადების ცერემონიალი „ანრიში“
ფიცის დადების ცერემონიალი „ანრიში“

32-მა პირველკურსელმა საზეიმოდ დადო მეზღვაურის ფიცი. ცერემონიას ესწრებოდნენ სტუდენტების მშობლები, განათლების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და ბათუმის მერიის წარმომადგენლები.

ფიცის დადების ცერემონიალი „ანრიში“
ფიცის დადების ცერემონიალი „ანრიში“
ფიცის დადების ცერემონიალი „ანრიში“
ფიცის დადების ცერემონიალი „ანრიში“

ფიცის დადების დროს „ანრის“ ადმისტრაციის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი სტუდენტი – მამუკა ხილაძე, ზღვაზე შტორმის დროს სამი მოზარდის გადარჩენისთვი 1 წლის გადასახადისაგან გათავისუფლდა.

ფიცის დადების ცერემონიალი „ანრიში“
ფიცის დადების ცერემონიალი „ანრიში“

ჰააგის უძველესი ეკლესიის სამრეკლოდან გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ აჟღერდა

ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში, წმ. იაკობის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან დღეს, 4 ოქტომბერს, „ყვითელი ფოთლები“ და მელოდია ფილმ „შერეკილებიდან“ აჟღერდა – ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში.

„საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში ღრმა მწუხარებას გამოხატავს დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალების გამო“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ვიდეო თან ახლავს.

კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა 2 ოქტომბერს.

____________

ფოტოზე: გია ყანჩელი. ფოტო: „ბათუმელები/მანანა ქველიაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილი: მინდა, ასდღიანი დუმილი დავარღვიო

ზაქარია ქუცნაშვილი, ყოფილი პარლამენტარი: 

„მინდა, ასდღიანი დუმილი დავარღვიო. პარლამენტის გადაწყვეტილებას ველოდებოდი, რომ ჩემთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა. მხოლოდ ამის შენდეგ ჩავთვალე საჭიროდ სიმართლის თქმა.

გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვა და სხდომის რუსულად წაყვანა ეს ჩემთვის დისკომფორტის შემქმნელი იყო. აქ ჩვენი შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ ვერ დავუშვით შეთანხმებული დღის წესრიგიდან გადახვევის შემთხვევა. სხდომა უნდა გაეხსნა და წაეყვანა გენერალურ მდივანს.

კობახიძეს არ მგონია, სცოდნოდა, რომ მის სავარძელს გავრილოვი დაიკავებდა. ოპოზიციის გაღიზიანების მიზეზი ეს შემთხვევა იყო. როცა მიზეზი დილით ამოწურულია და შენ პარლამენტზე შტურმს ღამის 10:00 საათზე იწყებ, როცა რუსული დელეგაცია არათუ პარლამენტში, არამედ საქართველოშიც აღარ იმყოფება, მაშინ ეს არის საბაბი და არა მიზეზი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ოპოზიცია პატიოსნად არ იქცეოდა და იყენებდა საზოგადოების გულწრფელ ემოციას პოლიტიკური მიზნებისთვის, ძალაუფლება რამენაირად ხელში ჩაეგდო.

ის, რაც 20 ივნისს მოხდა, ამას ქაჯობა ვუწოდე. როცა ერთადერთი ინსტრუმენტი საერთაშორისო დიპლომატია და საერთაშორისო ფორუმები გაქვს საქართველოს ინტერესების გასატანად და იმას ნაცვლად გამოყენებისა არბევ, მიუხედავად იმისა, რომ სულ მარტო დავრჩე საკუთარი სინდისის წინაშე ამ პოზიციას არ შევიცვლი. პასუხი იმ ქაჯებს უნდა მოსთხოვო, ვინც ეს ძალადობა წამოიწყო.

ეროვნული მასშტაბის ბულინგი 100 დღე ვითმინე“.

________________

წყარო: პირველი არხი 

ბოკერია: რაზეც ინაშვილმა ნატოს საბჭოსთან შეხვედრაზე ისაუბრა, ეს არის პუტინის პროპაგანდა

ბათუმში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იმართება ნატოსა და საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის. დღეს, 4 ოქტომბერს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები საქართველოს პარლამენტის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ პარლამენტის წევრმა, „ევროპული საქართველს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ  შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ირმა ინაშვილის ამ შეხვედრაზე ყოფნა პარადოქსია, მაგრამ სასარგებლო, რადგან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უნდა ენახათ, რასთან გვაქვს საქმე და უშუალოდ ენახათ, რას ნიშნავს რუსული პროპაგანდა, რომ ეს რეალურია, რადგან რაც ინაშვილმა ისაუბრა, ეს არის პუტინის პროპაგანდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ინაშვილის მიერ წამოწეული ნეიტრალიტეტის თემა სხვა არაფერია თუ არა პუტინის პროპაგანდა:

„ნეიტრალიტეტი ნიშნავს რუსეთის გავლენის სფეროში დარჩენას. ჩვენმა პარტნიორებმა ასევე იციან, რომ  ეს პარტია არის არა ერთი მარგინალური პარტია, არამედ ივანიშვილის პარტნიორი პარტია, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დანაყოფი, ამიტომ ეს გზავნილი არის სასარგებლო იმ მხრივ, რომ ეს ყველამ დაინახოს“.

გიგა ბოკერიას თქმით, „ევროპული საქართველოს“ და ქართული საზოგადოების გზავნილი არის ორი:

„პირველი გზავნილია ის, რომ არსებობს საფრთხე ჩვენი სუვერენიტეტის და თავისუფლების და ეს არის რუსეთი, პუტინის რუსეთის მოქმედებები და საჭიროებაა, რომ თავისუფალმა სამყარომ, ჩვენმა მოკავშირეებმა, რომლებიც მხარს გვიჭერენ, უფრო კოორდინირებული და სტრატეგიული წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას საქართველოში, უკრაინაში და მსოფლიოში.

მეორე გზავნილი ეს არის ის საფრთხეები, რაც გველის ქვეყნის შიგნით არჩევნების წინ, ივანიშვილის რეჟიმის მიერ გადადგმული ძალიან სარისკო ნაბიჯების გამო, ძალადობა, არმიუღებლობა შესაძლო მარცხის. ჩვენმა მოკავშირეებმა ეს უნდა იცოდნენ. ამ ორ საკითხზე იყო შეხვედრის დროს დისკუსია.

ჩვენი მოკავშირეების გზავნილი არის მარტივი, – დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ მთავრობები აგებენ არჩევნებს და მერე ეგუებიან ამ შედეგს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე – რა შეიძლება იყოს ნატო-საქართველოს ურთიერთობის ახალი ეტაპი, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ, პირველ რიგში, აუცილებელია მუშაობა აშშ-ში, შემდეგ კი კოალიციების შეკვრა იმ მოკავშირეებს შორის, ვისაც უფრო მხარდამჭერი პოზიცია აქვს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე.

„არგუმენტი, რომელიც ზოგიერთ სკეპტიკოსს აქვს, რომ ნატოში გაწევრიანება ნიშნავს რუსეთთან ომს, ეს გავანეიტრალოთ და სწორედ ამის არგუმენტია ის, რომ მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ ეს დაშლა კი არ არის ქვეყნის, არამედ გამთლიანების გზა. მაგრამ ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ საკითხებით სერიოზულად დაკავდება“, – ამბობს გიგა ბოკერია.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში დღეს ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერის შეხვედრა.

____

დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ბათუმში მიმდინარე შეხვედრას დაესწრო. მან მედიას უთხრა, თუ რის თქმას აპირებდა ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის – რომ  საქართველოს მოსახლეობის განწყობა ნატოსთან დაკავშირებით არის შეცვლილი და, მაგალითად, ბათუმში მცხოვრები 53 130 მოქალაქე მხარს უჭერს ქვეყნის სამხედრო მიუმხრობლობას.

ამავე თემაზე:

პატრიოტთა ალიანსის გამოკითხვა – კვლევა თუ პოლიტიკური მანიპულაცია?

 

ფოთის ყოფილი პროკურორი, რომლის მანქანაც დაცხრილეს, ბათუმში მოსამართლედ დანიშნეს  

„მე მივაწოდე ინფორმაცია პროკურატურას ამ ფაქტის შესახებ, გამოძიება დასრულებული არ არის… ეს უკავშირდებოდა ჩემს საპროკურორო საქმიანობას,“ – გვიპასუხა მასამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დღეს, 4 ოქტომბერს, ერთ-ერთი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. ალექსანდრე გოგუაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ – 18 სექტემბრიდან გაამწესა.

მოსამართლედ გამწესებული ალექსანდრე გოგუაძე 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ფოთის მთავარ პროკურორად მუშაობდა. 2016 წლის იანვარში პროკურორის ავტომანქანას, რომლითაც ალექსანდრე გოგუაძე გრიგოლეთში მიდიოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი ტყვია ესროლეს. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში ალექსანდრე გოგუაძის შვილი ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე დღეში კი, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.  „ბათუმელებმა“ სწორედ ამ საქმეების შესახებ ჰკითხა მოსამართლეს სხდომის დასრულების შემდეგ. ალექსანდრე გოგუაძემ გვიპასუხა, რომ არც ერთი საქმის გამოძიება დასრულებული არ არის და მისი პროკურატურიდან წასვლა ამას არ უკავშირდება.

„არა, მე ჩემი განცხადებით წამოვედი. ამის შემდეგ მე თბილისის პროკურატურაში ვმუშაობდი, განყოფილების პროკურორი ვიყავი… შვილის ქურდობის ბრალდებაც ჩემს საქმეს უკავშირდება. გაგრძელება იყო იმის, რაც მოხდა. მე მივაწოდე ვერსია პროკურატურას, მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – გვიპასუხა ალექსანდრე გოგუაძემ.

ფოთის პროკურორობის შემდეგ ალექსანდრე გოგუაძე 2016 წლის თებერვლიდან მაისამდე პერიოდში მუშაობდა თბილისის პროკურატურაში შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის თანამდებობაზე. პროკურატურის სისტემიდან წამოსვლის შემდეგ, 2016 წელს, ალექსანდრე გოგუაძე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატში მუშაობდა. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ალექსანდრე გოგუაძე სენაკის სასამართლოს მაგისტრი მოსამართლე იყო აბაშის მუნიციპალიტეტში.

ალექსანდრე გოგუაძე ფოთში მოსამართლედაც მუშაობდა 1999 წლიდან 2009 წლამდე. მანამდე იგი ასევე პროკურატურის სისტემაში იყო დასაქმებული.

რა ვერსია მიაწოდა პროკურატურას ალექსანდრე გოგუაძემ ავტომანქანის დაცხრილვის შესახებ მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ პროკურორად მუშაობდა? – მოსამართლეს ესეც ვკითხეთ, მაგრამ მან ამ შეკითხვაზე არ გვიპასუხა.

„მგონი, საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ გამოგივიდათ… სხვა პროცესს ვიწყებთ,“ – გვითხრა ალექსანდრე გოგუაძემ.

 

 

ალექს ჩიღვინაძე: ბოშები ჩაკარგული არიან უთანასწორო საზოგადოებაში გაჩენილ უფსკრულში

ალექს ჩიღვინაძე, მწერალი

ბოშები არათუ საკმარისად ინტეგრირებული, მგონი, ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია და მათ ცხოვრებაზე ბუნდოვანი წარმოდგენები გვაქვს. 

მე, პირადად, არ გამიგია, რომ ქართული სახელმწიფო რამეს აკეთებდეს არათუ ბოშათა პრობლემების მოსაგვარებლად, ზოგადად, ნებისმიერი უმცირესობისა და მარგინალიზებული ჯგუფისთვის. სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო დაკავებულია დღესასწაულების გამოგონებით, ამ დღესასწაულების აღსანიშნავი ზეიმების ორგანიზებით და არაფერს აკეთებს იმ უფსკრულის ამოსავსებად, რომელიც ჩვენს უთანასწორო საზოგადოებაში არის გაჩენილი და ამ უფსკრულში, რა თქმა უნდა, ბოშები საერთოდ ჩაკარგულები არიან.

სტერეოტიპები არსებობს, თუმცა როგორც კი პრობლემას ვაღიარებთ და მათ მოსაგვარებლად ნაბიჯებს გადავდგამთ, ეს სტერეოტიპები გზადაგზა ჩაიკარგება და გაცვდება.

როგორც კი ელემენტარულ პირობებს შევუქმნით ბოშებს, როგორც კი ექნებათ სწავლისა და განვითარების საშუალება, ისინი თვითონვე დაამსხვრევენ მათ გარშემო არსებულ  სტერეოტიპებს.

სამინისტრო ბათუმსა და აჭარაში 16 სკოლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტს შეისყიდის

ბათუმსა და აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე 16 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას აჭარის განათლების სამინისტრო ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო თანხა მაქსიმუმ 136 ათასი ლარია.

ტენდერი გამოცხადებულია, რომლის პირობების მიხედვით სხვადასხვა სკოლაში დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაო, მათ შორის ნაწილობრივი და სრული რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია. ბათუმში კი მე-4 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის აშენებაა დაგეგმილი, რომლის პროექტიც უნდა მომზადდეს.

ახალი შენობის არქიტექტურა უნდა იყოს არასტანდარტული, თანამედროვე სტილის, რაც უნდა შეთანხმდეს სამინისტროსთან. პროექტები უნდა ითვალისწინებდეს ასევე ადაპტირებას (პანდუსი, სველი წერტილები და სხვა). რაც შეეხება ლიფტს, პროექტში ის გათვალისწინებული უნდა იქნას სამინისტროს მითითებით მიმწოდებელთან კონსულტაციების შემდეგ.

იმ შემთხვევაში, თუ გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მშენებლობის/რეკონსტრუქციის განხორციელება დაუშვებელია, მაშინ მიმწოდებელს აუნაზღაურდება პროექტის შესყიდვის ღირებულების 10%.

შენობების ფასადები უნდა შეიფუთოს თუნუქით ან/და სხვა მასალებით, შემსყიდველთან შეთანხმებით. ამასთან ფასადი არ უნდა იყოს ერთფეროვანი, რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც სხვადასხვა ფერი, ასევე კონსტრუქციები.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 21 ოქტომბერს დაიწყება და 24 ოქტომბერს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა პროექტები სამინისტროს ხელშეკრულების დადებიდან ხუთი თვის განმავლობაში უნდა მიაწოდოს. ტენდერი დამატებით პირობებსაც ითვალისწინებს.

სკოლების ჩამონათვალი და სამუშაოები, რომლებსაც უნდა მოიცავდეს პროექტი [ასევე პროექტის მაქსიმალური ღირებულება]:

საჯარო სკოლა სამუშაოები, რაც უნდა აისახოს პროექტში მაქსიმალური ღირებულება ლარში
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარას საჯარო სკოლა გათბობის სისტემის რეაბილიტაცია და სხვა სამუშაოები 3 000
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანას საჯარო სკოლა პირველი სართულის რეაბილიტაცია 3 000
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლა სახურავის რეაბილიტაცია, იატაკები და სხვა სამუშაოები, ეზოს კეთილმოწყობა, სანიაღვრე სისტემა 5 000
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლა სპორტდარბაზის რეაბილიტაცია, ღია მოედნის მოწყობა და სხვა სამუშაოები 3 000
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა შენობის რეაბილიტაცია, სპორტული დარბაზის მშენებლობა, ღია მოედნის მოწყობა, ეზოს კეთილმოწყობა (იმ შემთხვევაში, ობიექტური მზეზების გამო სპორტული დარბაზის პროექტირება ვერ განხორციელდება, მაშინ ანაზრაურდება პროექტის ღირებულების 30%) 25 000
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხის საჯარო სკოლა შენობის რეკონსტრუცია, გამაგრებითი სამუშაოები და რეაბილიტაცია, ეზოს კეთილმოწყობა 12 000
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლა შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა 4 000
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა (საბაზო კორპუსიც) ძირითადი შენობის გარე რეაბილიტაცია, მიერთებული კორპუსის სრული რეაბილიტაცია, ეზოს კეთილმოწყობა 12 000
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლა შენობის სრული რეაბილიტაცია, ეზოს კეთილმოწყობა 7 000
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლა ღია მოედნის მოწყობა და სხვა სამუშაოები 3 000
ქობულეთის N1 საჯარო სკოლა სახურავის ნაწილობრივი რეაბილიტაცია (რემონტი), შიდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია 5 000
ქობულეთის N3 საჯარო სკოლა სპორტული და სააქტო დარბაზების რეაბილიტაცია 4 000
ქობულეთის N5 საჯარო სკოლა შენობის სრული შიდა რეაბილიტაცია 6 000
ქალაქ ბათუმის N4 საჯარო სკოლა არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია, ახალი კორპუსის მშენებლობა (3 ან 4 სართულიანი შენობა, სააქტო და სპორტ დარბაზებით, შენობის გაბარიტები განისაზვროს სამშენებლო ნორმების შესაბამისად), ტერიტორიის კეთილმოწყობა 32 000
ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა სახურავის, ფასადის და ეზოს რეაბილიტაცია და სხვა შიდა სამუშაოები 5 000
ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლა შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია (სახურავი, ფასადი) და სხვა შიდა სამუშაოები, ღია მოედანი 7 000
მთავარი ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარას საჯარო სკოლის შენობა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულმა ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე, მე-16 საჯარო სკოლის ტერიტორიისა და შენობის კვლევა უფასოდ უნდა ჩაატაროს. მე-16 საჯარო სკოლის კვლევა ამ ტენდერის დამატებითი და აუცილებელი პირობაა.

ამ თემაზე:

სამინისტრო ბათუმსა და აჭარაში 16 სკოლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტს შეისყიდის

ძველ ბათუმში სახლების დანგრევას აქციით გააპროტესტებენ

დღეს, 4 ოქტომბერს, 19 საათზე, ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კუთხეში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის მიზანი ამავე მისამართზე ორი ისტორიული სახლის გადაარჩენაა, რომელთა დანგრევას და მათ ნაცვლად სასტუმროს მშენებლობას კომპანია „პროგრეს სიტი“ გეგმავს. კომპანიას შესაბამისი ნებართვები მიღებული აქვს. ამ ქუჩას შენარჩუნებული აქვს განაშენიანების ძველი იერსახე.

სპეციალურ მიმართავას აქციასთან დაკავშირებით ორგანიზაცია „ბათომი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„ბათუმის მერია ძველი ბათუმის განადგურებაში არნახულ მასშტაბებს აღწევს. ამჯერად, ჟორდანიას და მაზნიაშვილის ქუჩებზე, ძველი ბათუმის გულში, ერთდროულად რამდენიმე ისტორიული სახლის დანგრევის მის ადგილას მრავალსართულიანი კორპუსის ჩადგმის ნებართვა გასცა. ვიკრიბებით ბათუმის მერიისგან ბათუმის დასაცავად.“

შპს „პროგრეს სიტიმ“ სახლების დემონტაჟისთვის მათი შემოღობვა უკვე დაიწყო. უახლოეს დღეებში გეგმავს დემონტაჟის სამუშაოების დაწყებასაც. მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიას უარი უთხრეს, თუმცა „პროგრეს სიტიმ“ სასამართლოს მიმართა და პროცესი მოიგო, რადგან სამშენებლო ნებართვის მისაღებად პირველი ორი ეტაპი ადრე ჰქონდა შეთანხმებული.

როდის და ვინ გასცა მშენებლობაზე ნებართვა ამ თემაზე წაიკითხეთ აქ:

ვიდრე ბათუმის მერი დაპირებას შეასრულებს, ძველ ბათუმში კიდევ 2 სახლს ანგრევენ

თბილი ამინდი და დროგამოშვებით წვიმა ბათუმში – შაბათ-კვირის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 4 ოქტომბრის 21 საათიდან 5 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმში, ასევე აჭარის ზღვისპირა ზოლსა და მთებში   მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 12-17 გრადუსი, დღისით 25-30 გრადუსი სითბო;
  • მთიან რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში. უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა – კარგი. ტალღის სიმაღლე: 5-10 დმ (2-3 ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა: +22 გრადუსი.

კვირას, 6 ოქტომბერს, ასევე, მომდევნო დღეს, 7 ოქტომბერს, აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა.

პატრიოტთა ალიანსის გამოკითხვა – კვლევა თუ პოლიტიკური მანიპულაცია?

  • გსურთ თუ არა საქართველომ გამოაცხადოს სამხედრო მიუმხრობლობა?
  • მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკით?
  • გსურთ თუ არა საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად?

პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ამბობს, რომ ეს სამი შეკითხვა ბათუმში 77 ათას ადამიანს დაუსვა, ანუ მინიმუმ ყოველ მეორე ბათუმელს.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, ბათუმში 143 925 ამომრჩეველია. გამოდის, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმის მოსახლეობის ნახევარზე მეტი გამოკითხა.

„პატრიოტთა ალიანსმა“, კვლევის დამაჯერებლობისთვის, ბრიფინგი, რომელზეც გამოკითხვის შედეგები წარმოადგინა, ქაღალდის შევსებული ანკეტების ფონზე გამართა.

პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ მათ მიერ გამოკითხულთა 69 პროცენტი, ანუ 53 130 ბათუმელი, მხარს უჭერს საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობას; 75 პროცენტი, 57 750 ბათუმელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია დიალოგით რუსეთთან, გამოკითხულთა 64 პროცენტი, ანუ 49 380 ბათუმელი კი თვლის, რომ „სააკაშვილი-ბოკერიას მმართველობა“ რეჟიმად უნდა გამოცხადდეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ კვლევას რომ ვენდოთ, გამოდის, რომ ბათუმში მხოლოდ 66 925 ადამიანი არ გამოუკითხავთ, სავარაუდოდ, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები, რომელთა საერთო რაოდენობა ბოლო, საპრეზიდენტო არჩევნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მინიმუმ 34 656 ადამიანია [ზუსტად ამდენმა ამომრჩეველმა მისცა ხმა ბათუმში პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მეორე ტურში] და, ასევე, „40 000 თურქი“, რომლებიც, პარტიის ლიდერის, დავით თარხან-მოურავის 2016 წლის განცხადების თანახმად – „ბათუმში ცხოვრობენ“.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „აჭარაში 40 000 თურქის ცხოვრების“ თემას „ალიანსი“ ერთ-ერთ შემაშფოთებელ გარემოებად ასახელებდა. პარტიაში ამბობდნენ, რომ პარტიის კვლევებს ეყრდნობოდნენ და არ სჯეროდათ ოფიციალური სტატისტიკის, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეობა 2005-დან 2016 წლამდე თურქეთის მხოლოდ 5 802 მოქალაქეს მიენიჭა და მათგან უშუალოდ ბათუმში რეგისტრირებული 1252 პირი იყო.

პარტიის ლიდერებს 2 ოქტომბერს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე არ უთქვამთ კონკრეტულად რა მეთოდოლოგიით გამოკითხეს ადამიანები, თუმცა აღნიშნეს, რომ „კარდაკარ იარეს“ და კითხვარში მითითებულია ადამიანების საკონტაქტო ინფორმაცია და საცხოვრებელი მისამართები.

„პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებით, კვლევაში 1082 მოხალისე ინტერვიუერი მონაწილეობდა, რომელთაც 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გამოკითხეს ბათუმელები. „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებით გამოკითხვა ინტერვიუერებმა უფასოდ ჩაატარეს.

  • რამდენად სარწმუნოა „პატრიოტთა ალიანსის“ კვლევა?

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ პროექტების კოორდინატორი, სოციოლოგი ოჩი კონცელიძე ამბობს, რომ პარტიის მიერ წარმოდგენილ კვლევასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არსებობს, მათ შორის: რამდენად კვალიფიციურები იყვნენ პირები, რომელთაც გამოკითხვა ჩაატარეს, რა მეთოდით შეარჩიეს რესპოდენტები და ა.შ.

„77 000 ათასი რესპოდენტი რომ გამოკითხო, ამას სჭირდება ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრი. ინტერვიუერებს უნდა ჰქონოდათ შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია, რომ ყველა სტანდარტის დაცვით გამოეკითხათ რესპოდენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ 1082 ადამიანს უნდა სცოდნოდა სოციოლოგიური კვლევის სპეციფიკა, მათ შორის, ეთიკური ნორმები, ის, რომ ნეიტრალობა უნდა შეინარჩუნოს კვლევის დროს, არ დასვას მიმართულების მიმცემი შეკითხვები და ა.შ. ეს არის მინიმალური ცოდნა, რაც სჭირდება ინტერვიუერს. 1082 ინტერვიუერის დატრენინგება როდის მოხდა, როგორ, ვინ ჩაუტარა მათ ტრენინგი, არ ვიცი. საუბარია ინტერვიუერების უზარმაზარ რაოდენობაზე, რომელიც საქართველოში არც ერთ კვლევით კომპანიას არ ჰყავს“, – ამბობს ოჩი კონცელიძე.

„პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ კვლევა კარდაკარის პრინციპით და ასევე, სატელეფონო გამოკითხვით ჩატარდა, რაც, სოციოლოგის განმარტებით, დაუშვებელია რაოდენობრივი კვლევის დროს.

„ეს არის მეთოდების აღრევა, რაც არ შეიძლება. არ შეიძლება თან სატელეფონო გამოკითხვა იყოს, თან – კარდაკარ, შემდეგ მიღებული მონაცემები შეაჯამო და გამოიყვანო შედეგი. კვლევაში გამოყენებული უნდა იყოს ერთი მეთოდი, რომ სტანდარტი იყოს დაცული.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რა მეთოდით შეარჩიეს რესპოდენტები. იმისთვის, რომ სანდო იყოს მიღებული მონაცემები, ამას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი შერჩევის სქემის მომზადება. რაოდენობრივ კვლევაში დაუშვებელია ვინც გინდა ის გამოკითხო. მაგალითად, მომინდა ჩემი სამეზობლო გამოვკითხო, ან უბანი, ამით ვერ ვიტყვი, რომ კვლევა ჩატარდა, რადგან შერჩევას აქვს თავისი მეთოდი. ამ წესების დაცვა რაოდენობრივ კვლევებში არის აუცილებელი და უპირობო“, – ამბობს ოჩი კონცელიძე.

სოციოლოგი ასევე დასძენს, რომ კვლევისას კითხვები არ უნდა იყოს დამაბნეველი:

„აქ კითხვარში რასაც ვხედავთ, დასმულია კითხვები, თან მოტანილია რაღაც დებულებები და თან სავარაუდო პასუხები. რაც შეიძლება გამჭვირვალე და მარტივი უნდა იყოს რაოდენობრივ კვლევაში კითხვები“.

რაც შეეხება გამოკითხულთა რაოდენობას, ოჩი კონცელიძე ამბობს, რომ არ არსებობს კვლევა, რომლის ფარგლებში შეიძლება გამოკითხო ნახევარი ქალაქი.

„არავინ არ ატარებს ასეთ კვლევას. ეს აბსურდია, რადგან შესაძლებელია ბათუმის მასშტაბით 800 რესპოდენტი გამოკითხო და 3-პროცენტიანი ცდომილებით მიიღო შედეგი. საჭიროება არ არსებობს, რომ ამ რაოდენობის რესპოდენტი გამოიკითხოს. აქ უკვე პოლიტიკური მანიპულაციის ამბავია, რომ აი, 800 კი არ გამოვკითხეთ, ნახევარი ბათუმი გამოვკითხეთ და ნახევარი ბათუმი ფიქრობს ასე. ეს პოლიტიკური აქცენტია“, – ამბობს სოციოლოგი.

  • რა არის „პატრიოტთა ალიანსის“ კვლევის მიზანი?

2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ საყოველთაო გამოკითხვას ბათუმის შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით გააგრძელებენ, შემდეგი ქალაქები იქნება ქუთაისი და ზუგდიდი, ხოლო 2020 წლის გაზაფხულზე უკვე თბილისს გამოკითხავენ. ამის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით გეგმავს შესვლას.

კვლევის პრეზენტაცია ბათუმში ნატოს საბჭოს დელეგაციის ვიზიტის წინა დღეს გაიმართა. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ კვლევის კითხვები რუსი პოლიტტექნოლოგების მიერაა დაწერილი.

„ჩემი აზრით, ეს კითხვარი შედგენილია პირდაპირ მოსკოვში. ეს არ არის ახალი. მსგავსი ტექნოლოგიებით იმუშავა რუსეთმა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ბალტიისპირეთში ცდილობდა შეეჩერებინა ევროინტეგრაცია, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუ ქუთელიამ.

პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე ამბობს, ძალიან გადაჭარბებულია „პატრიოტთა ალიანსის“ გამოკითხვას კვლევა ვუწოდოთ:

„რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსის პოზიციას ამ საკითხებზე, ეს ახალი არ არის, უბრალოდ მათ სურთ ძირი გამოუთხარონ ძირითად ქვაკუთხედებს, რაზეც დღეს ჩვენი საგარეო პოლიტიკა დგას და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ოპონენტების ჩამოცილების მცდელობაა. საქართველოში თუ პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვა დაიწყება, ბუნებრივია, ეს ქვეყანას გადაუკეტავს დემოკრატიული განვითარების გზას და გაუფუჭებს ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან. ეს არის ამოცანა, „პატრიოტთა ალიანსს“ უნდა რაღაცების გაფუჭება და ამის მცდელობაა ის, რასაც ახლა აკეთებენ“.

ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ ეს აქტივობა შესაძლოა უკავშირდებოდეს 2020 წლის არჩევნებსაც:

„საარჩევნო კამპანიის ნაწილიც არის ნაწილობრივ, რომ აჩვენონ, თითქოს მათ პოზიციებს იზიარებს ბევრი ადამიანი. თუმცა ამას კვლევას ვერ ვუწოდებთ. თქმა არ ნიშნავს ფაქტს“.

 

როგორ იქცა რამდენიმე უნებართვო მშენებლობიდან მხოლოდ ერთი „მერიის პრესტიჟის“ საქმედ

„ეს არის თავხედობა, უნდა მოხდეს დემონტაჟი, ეს მერიის პრესტიჟის საქმეა“ – ასე გამოეხმაურა ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში რვასართულიანი შენობის უნებართვო მშენებლობას. ამ დრომდე არც მირიან მეტრეველს და არც მერიის სხვა თანამდებობის პირს ასე ცალსახად არ უთქვამს, რომ უკანონოდ აშენებული კორპუსი უნდა დაინგრეს.

ბათუმში უკანონო მშენებლობის დაწყებისთვის გაფრთხილება-დაჯარიმების მიუხედავად, მშენებლობის ჯიუტად გაგრძელების ფაქტები მირიან მეტრეველისთვის გასაკვირი ამბავი არ უნდა იყოს. მშენებლებს კი ამ მშენებლობების კანონის ჩარჩოში მოქცევის იმედი ლეგიტიმურად რომ აქვთ, არც ესაა მისთვის უცხო –  უკანონოდ აშენებული პროექტების მომავალში შეთანხმება-დაკანონების ფაქტები ბათუმში მრავლად იყო.

მსგავსი ფაქტების – უნებართვოდ აშენებულის დაკანონებაზე განმარტებებისას, მერიაში ყოველთვის კანონს იშველიებდნენ და ამბობდნენ, რომ „ამას კანონი უშვებს“.

თავდადებულის #48ა-ში მიმდინარე მშენებლობის შესახებ ბათუმის მერიის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილებაში განმარტეს, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედეს – მშენებლობის დამკვეთი თამარ როყვა ორჯერ გააფრთხილეს და დააჯარიმეს, შემდეგ კი საქმე აღსრულებას გადასცეს მშენებლობის იძულებით შეჩერების მოთხოვნით.

თითქოს აქ დასრულდა მერიის პასუხისმგებლობაც.

თამარ როყვას კი, რომელსაც „ბათუმელები“ ტელეფონით ესაუბრა, ჰქონდა განცდა, რომ უკვე აშენებული ფართობის კანონის ჩარჩოში მოქცევას შეძლებდა, ანუ აპირებდა იმ გზის გავლას, რაც სხვა უკანონო მენაშენეებმა წარმატებით გაიარეს და სასურველი ნებართვაც მიიღეს. თუმცა ამჯერად  მერიის რეაქცია განსხვავებული იყო.

„აღსრულებას გადავეცით, ამ დროისთვის თვითონ დაიწყო დემონტაჟი, შემდეგ ჩვენც ჩავერთვებით, გავიღებთ ხარჯებს მუშახელის დაქირავებისთვის, შემდეგ ამ თანხის ამოღებაზე ვუჩივლებთ მშენებელს რეგრესის წესით“, – გვითხრა ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ირაკლი მოქიამ.

ამ დრომდე უკანონოდ აშენებული სართულების დემონტაჟზე აღსრულება რომ ვერ ხერხდება, ამაზე მერმა, ლაშა კომახიძემ თავად ისაუბრა ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე. მან ამ პრობლემის მოსაგვარებლად უმაღლეს საბჭოსაც კი მიმართა, შესაბამისი კანონპროექტის შემუშავების თხოვნით. ეს იდეა იდეად დარჩა.

მერი ლაშა კომახიძე ამტკიცებდა, რომ მანკიერი მემკვიდრეობა, უკანონოდ აშენებული 9000 კვადრატული მეტრი ქალაქში [რაც მას დახვდა] მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო და ამ მიდგომას ის აუცილებლად დაუპირისპირდებოდა. მერი მშენებლების გასაგონად ამბობდა, რომ არ დასთანხმდებოდა უკანონოდ აშენებული ერთი კვადრატული მეტრის დაკანონებასაც კი, თუმცა ეს ასე არ მომხდარა. მანკიერი ტრადიცია ტრადიციად დარჩა:

მაგალითად, ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვა მისცა და კ2 კოეფიციენტიც 5,0-მდე გაუზარდა შპს „ძმების სახლს“, რომელმაც ბათუმის ცენტრში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე დაგეგმილი მრავალბინიანი სახლის ორი სართული უნებართვოდ ააშენა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, ისევე როგორც ბევრ სხვაზე მერიაში გვითხრეს, რომ შპს „ძმების სახლი“ უკანონო მშენებლობისთვის 3000 ლარით დააჯარიმეს და მშენებლობის შეჩერება მოსთხოვეს, თუმცა კომპანიამ მითითება არ შეასრულა, რისთვისაც კიდევ 1000 ლარით დააჯარიმეს.

2019 წლის აპრილში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ისე იმსჯელა შპს „ძმების სახლის“ სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, არავის უხსენებია დასამტკიცებელი პროექტის ორი სართული უკვე აშენებული რომ იყო. კომპანიამ დაჯარიმების შემდეგ ნებართვის მიღებამდე კიდევ ერთი სართული ააშენა.

ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობის შესახებ იცოდა, თუმცა მშენებლობა მაინც დასრულდა ვაჟა-ფშაველას #17-ში, მრავალბინიან სახლში, სადაც ბინის მესაკუთრემ აივანი ამოაშენა. 

ცნობილი იყო ასევე უნებართვო მშენებლობის შესახებ გონიოში – საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ოდიაშარიას პარტნიორის დავით ცერცვაძის კომპანიამ გონიოში მშენებლობა უნებართვოდ დაიწყო, თუმცა მას არაფერი მოუშლია. მან მოგვიანებით მშენებლობის ნებართვაც მიიღო.

თავდადებულის #48ა-ში, ვიდრე რვა სართულამდე მივიდოდა საქმე, მშენებლობის დამკვეთი თამარ როყვა მერიის ზედამხეველობის განყოფილების თანამშრომლებს ორჯერ დაუჯარიმებიათ უკანონო მშენებლობისთვის, შემდეგ მშენებლობის არშეჩერებისთვის, ამის შემდეგ კი მერიამ საქმე აღსრულებას გადასცა მშენებლობის იძულებით შეჩერების მოთხოვნით, როგორც სხვები. თუმცა, ამ შეთხვევაში საქმე 4000 ლარად ვერ მოგვარდა – 8 სართულის დაფიქსირების შემდეგ მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეაქცია აღმოჩნდა უფრო მწვავე, ვიდრე სხვა შემთხვევებში.

რატომ არ გადასცა აღსრულებას მერიამ საქმე მაშინ, როცა ამ მისამართზე გაფრთხილების მიუხედავად მეორე, ან მესამე სართულის მშენებლობა დაიწყო? – ირაკლი მოქია განმარტავს, რომ ზედამხედველობის სამსახურმა კანონით დადგენილ პროცედურის მიხედვით იმოქმედა, ჯერ გააფრთხილა, შემდეგ დააჯარიმა, შემდეგ ისევ დააჯარიმა. მშენებელი კი არ შეჩერდა და მოკლე დროში მშენებლობა რვა სართულამდე გაზარდა.

მოქიამ გვითხრა, რომ ის შერჩევით მიდგომად ვერ  შეაფასებს ფაქტს, როცა ერთ კომპანიას, რომელმაც უკანონოდ დაიწყო მშენებლობა, დააჯარიმეს და შემდეგ ნებართვა მისცეს, მეორეს კი აშენებულის დანგრევით ემუქრებიან. არც იმ მოსაზრებას ეთანხმება, რომ უკანონობის 4000-ლარიანი ჯარიმით მოგვარების ფაქტებმა წაახალისა სხვები კანონის დარღვევისკენ და ამაში თავისი წილი პასუხიმგებლობა მერიას ეკისრება.

ამ საკითხებზე დღეს კომენტარი მერსაც ვთხოვეთ, თუმცა მან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. უარი გვითხრა მირიან მეტრეველმაც.

მოქიას განმარტებით კი, აქ მშენებლობის მასშტაბშიც არის საქმე და იმ შემთხვევაში, თუ თამარ როყვა დადგენილი პროცედურით გააკეთებდა ყველაფერს, მას შესაძლოა მიეღო ნებართვა ოთხსართულიანი სახლის მშენებლობაზე, რაზეც მერიაში შეტანილი ჰქონდა კიდეც განაცხადი. 8 სართულზე კი, რაც მას უკვე აშენებული აქვს კარკასის სახით, ის ნებართვას ვერ მიიღებდა.

 

ანა დოლიძე: სამწუხაროდ, მურუსიძე-ჩინჩალაძის ფასს საქართველო ნატოს წინაშეც გადაიხდის

„ბოლო წლების განმავლობაში მე ძალიან მწვავედ ვსვამდი სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის საკითხებს. დიდი ხანია შეიმჩნევა ნიშნები, რომ პროკურატურა და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ახორციელებენ პოლიტიკურ დავალებებს.

ბოლო დროს ეუთოს, ევროსაბჭოს და ახლა უკვე NATO-ს წინაშე დადგება ეს საკითხი. ჩვენ ვისმენთ და ვიგებთ ძალიან გამძაფრებულ ინტერესს და კითხვის ნიშნებს სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით. მურუსიძე-ჩინჩალაძის კოლექტიური ფენომენი უკვე აღარ არის იუსტიციის საბჭოს ან საქართველოს კუთვნილება, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებსაც როგორც სამხედრო საკითხები ადარდებთ, ასევე ადარდებთ დემოკრატიის საკითხებიც და, ბუნებრივია, დაინტერესდებიან მართლმსაჯულება არის თუ არა ქვეყანაში დამოუკიდებელი და ჩემგან რასაც მოისმენენ, გასაგებია.

სამწუხაროა ის არის, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის ფასს, საქართველოს მოსახლეობა და საქართველო, როგორც სახელმწიფო, ამჯერად უკვე ნატოს წინაშე გადაიხდის“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, დღეს 3 ოქტომბერს ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრის წინ.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში წელს მეხუთედ იმართება.

ამავე დღეს ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან ახალი მოძრაობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მოძრაობას ძალიან მალე იხილავს საზოგადოება.

„მე როგორც ადრე ვმუშაობდი საზოგადოებრივი აქტიურობისთვის, ამას ნახავთ უფრო ფართო მასშტაბით და ნახავთ იმ გუნდს, რომელიც იქნება ჩემთან ერთად“, – განაცხადა მან.

ანა დოლიძის თქმით, მოძრაობა ახალ ფართომასშტაბიან ეტაპზე გადავა: „ყველა ადამიანთან, ვისთანაც შევთანხმდები სამომავლო ხედვის პრინციპებზე, ჩემი კარი მათთვის ღიაა, თუ რა თქმა უნდა, მათ ასევე ექნებათ შესაბამისი კომპეტენცია თავისი დადასტურებული საქმიანობით.

ბევრი საჯარო და არასაჯარო ფიგურა შეიძლება იხილოთ ამ მოძრაობაში. არ გამოვრიცხავ პოლიტიკურ გეგმებს, თუმცა ამ ეტაპზე გადავდივარ საზოგადოებრივი საქმიანობის ახალ, უფრო აქტიურ ეტაპზე“.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში იმყოფება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თავმჯდომარეობით.

3-4 ოქტომბერს ჩრდილოატლანტიკური კომიტეტი, ასევე, თავის მხრივ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე გაიმართება შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

თეონა აქუბარდია: აუცილებელია ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტების განახლება

„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” თანადამფუძნებელმა თეონა აქუბარდიამ დღეს, 3 ოქტომბერს, ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საბჭოსთან შეხვედრისას ის აპირებს ისაუბრობს ქვეყნის პოლიტიკისა და საგარეო უსაფრთხოების მიმართულებაზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც მომდინარეობს რუსული ოკუპაციიდან და რუსული ჰიბრიდული ომიდან.

„ამავდროულად უნდა ვისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ნატოს მოთხოვნები, იქნება ეს თავდაცვის თუ უსაფრთხოების სექტორის რეფორმა და ა.შ

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს მკაფიო უსაფრთხოების პოლიტიკა, მათ შორის ნატოში ინტეგრაციის გზაზე. აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ აუცილებელია სტრატეგიული დოკუმენტების განახლება ქვეყნის მთავრობის მხრიდან, ამავდროულად, ის თავდაცვის რეფორმები, რომლებიც წარმატებით მიმდინარეობს ქვეყანაში ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე, არის ერთ-ერთი წინაპირობა იმის, რომ ვეძებოთ ის დამატებითი შესაძლებლობები, რომლებიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ დააჩქაროს ნატოში ინტეგრაცია,“ – ამბობს თეონა აქუბარდია.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ეს დამატებითი შესაძლებლობა არის თუ არა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის რასმუსენის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ღირს ამ საკითხის განხილვაც:

„ეს საკითხი არ გაჟღერებულა პირველად და ამაზე ადრეც საუბრობდნენ  ექსპერტები, თუმცა საქართველოს მთავრობა, როგორც ჩანს, არ აპირებს ამ თემით დაინტერესებას, რადგან ეს საკითხი ისე წარმოაჩინა, თითქოს საქართველოს ნატოში ამ ფორმულირებით ინტეგრაციის სანაცვლოდ, ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმა უწევდეს, რაც, ბუნებრივია, არ არის სწორი.

საქართველომ ყველა გზა უნდა გამოძებნოს იმისთვის, რომ ის წუხილები, რომლებიც არსებობს ნატოსკენ მიმავალ გზაზე გამოაცალოს რუსეთს. თუმცა ამ საკითხზე უნდა მოხდეს საზოგადოების შეთანხმება.“

თეონა აქუბარდიას თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეხედოს იმ რეალობას, რაც ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართულებით ხდება, „იმას, რასაც აკეთებს „პატრიოტთა ალიანსი“ , რომელიც ცდილობს მანიპულატორული კვლევებით წავიდეს კონსტიტუციის წინააღმდეგ და შექმნას ანტიდასავლური განწყობები. ამიტომ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უნდა გააძლიეროს თავისი სტრატეგიული კომუნიკაცია მოქალაქეებთან, რომ ამ ანტიდასავლურმა განწყობებმა გავლენა არ იქონიოს საზოგადოებაზე“.

აქუბარდიას თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს თავისი გზა ნატოსკენ  და „როცა იქნება შესაძლებლობის  ფანჯარა ღია, საქართველო მზად იყოს ნატოს წევრობისთვის“.

ამავე თემაზე:

გახარია ნატოს საბჭოს შეხვედრაზე: საქართველოს წევრობას ნატოში მხარს უჭერს მოქალაქეების 71%-ზე მეტი

ახალი ბულვარის პლაჟისთვის ხრეშს ბათუმის კონცხიდან მილებით გადაქაჩავენ

ბათუმის კონცხის მიმდებარე პლაჟიდან ქვიშა-ხრეშის გადატანა ახალი ბულვარისკენ სპეციალური მილებით განხორციელდება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს.

ბათუმის კონცხთან ნატანის ამოღება და ადლია-აეროპორტის მიმდებარედ ჩაყრა ბათუმის სანაპირო დაცვის პროექტითაა გათვალისწინებული. ხრეშის სპეციალური მოწყობილობით გადაქაჩვა, კონცხიდან ადლიისკენ, 2019 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან უნდა დაიწყოს. ამ გზით პლაჟი უნდა გაფართოვდეს და შენარჩუნდეს იმ კედლის გასწვრივ, რომელიც ნაპირის დაცვის მიზნით აშენდა.

ეს კედელი რკინა-ბეტონითა და ქვის ლოდებითაა მოწყობილი, აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში მდებარე პირსამდე. აქ პლაჟის შესანარჩუნებლად კი, პროექტით, ყოველწლიურად, 20 000 კუბური მეტრი ხრეშის ხელოვნურად შეტანა იქნება აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბათუმი პლაჟის გარეშე დარჩება და მეტიც, გაგრძელდება ნაპირის წარეცხვა.

„ხრეშის ამოღება მოხდება ბათუმის კონცხთან, სადაც ის ჭარბი რაოდენობითაა. ამით ორი საქმე გაკეთდება: პირველი – ახალ ბულვარში გაფართოვდება პლაჟი და მეორე – ბათუმის კონცხი განიტვირთება ზედმეტი ნატანისგან. კონცხთან არის საკმაოდ დიდი საფრთხე, რომ პლაჟი, ისე როგორც 1999 წელს, კვლავ ჩაიქცეს ზღვის კანიონში. განტვირთვა სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ ასეთი რამ არ მოხდეს.

ხრეშის გადასატანად მცურავ საშუალებებს არ გამოვიყენებთ. როგორც პროექტშია გათვალისწინებული, ხრეშს გადავიტანთ მილებით – სპეციალური მოწყობილობა შეიწოვს ხრეშს და მილებით გადაიქაჩება. ეს მოწყობილობა ჩამოტანილი გვაქვს და დასაწყობებულია სანაპიროსთან, აეროპორტის მიმდებარედ“, – გვითრა რეზო გიგილაშვილმა, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მენეჯერმა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

პლაჟი ბათუმის კონცხთან / 2019 წლის სექტემბერი / ფოტო: „ბათუმელები“

როდის დაიწყება და რა მოცულობის ხრეშის გადატანა იგეგმება? – რეზო გიგილაშვილის თქმით, გადატანის დაწყება დაგეგმილია ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, თუმცა, ფონდში ამ დღეებში ელოდებიან წერილს კონტრაქტორი ინჟინრისგან, სადაც იქნება გაწერილი გადასატანი ხრეშის მოცულობა, დრო და სხვა დეტალები. „როცა ამ დოკუმენტებს მივიღებთ კონტრაქტორისგან, ამის შემდეგ მივმართავთ ბათუმის მერიას და შევთანხმდებით დეტალებზე“, – ამბობს გიგილაშვილი.

ბათუმში დასაწყობებული მილები. ამ მილებით და სპეციალური ტუმბოებით ბათუმის კონცხიდან ახალ ბულვარში ხრეშს გადაქაჩავენ.

ბათუმში ნაპირდაცვის პროექტი, რომელიც 2 კილომეტრამდე დამცავი კედლის – ქვანაყარი ბერმის აშენებას და სხვა სამუშაოებს ითვალისწინებს, აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით დაფინანსდა. მას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოებს კი ჰოლანდიური კომპანია STRUIJK GROUP-ი ასრულებს, რომელთანაც კონტრაქტი 30 მილიონამდე ლარზეა გაფორმებული. პროექტი, რომლითაც მშენებლობა მიმდინარეობს, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ შექმნა.

„2019 წლის ნოემბრის ბოლოს არის დაგეგმილი პროექტის დასრულება, თუმცა განხორციელების ეტაპზე პროექტში შევიდა ცვლილებები. ახალი ბულვარი დაანგრია ზღვამ, რომელიც არ შედიოდა თავიდან პროექტში, გადავაკეთეთ პროექტი, ამიტომ გამორიცხული არ არის 2-3 თვით გავუგრძელოთ კომპანიას დასრულების ვადა. შესაძლოა 2020 წლის თებერვალში დასრულდეს. წერილში, რომელიც კონტრაქტორისგან უნდა მივიღოთ, ალბათ იქნება მოთხოვნა შესაძლო ვადის გაგრძელებაზე“, – გვითხრა რეზო გიგილაშვილმა.

პროექტში თავდაპირველად ფეხით მოსიარულეთათვის პლაჟზე გადასასვლელი ხიდების აშენებაც იყო დაგეგმილი, თუმცა ხიდების ნაცვლად რკინა-ბეტონის ჩასასვლელი კიბეები გაკეთდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ამავე პროექტის მიხედვით, ბათუმის პლაჟები რომ შენარჩუნდეს, ზღვაში ნატანის ხელოვნურად შეტანა ყოველწლიურად იქნება აუცილებელი.

„ნაპირს, ბულვარს კი დაიცავს ნაგებობა, რომელიც აშენდა, მაგრამ პლაჟს არ დაიცავს და თუ პლაჟი უნდა ბათუმს, ის უნდა კვებოს ხელოვნურად სპეციალური ფრაქციის/ხრეშის ჩაყრით“, – ამბობს რეზო გიგილაშვილი.

ნაპირდაცვის სამუშაოების [ქვის ლოდების დალაგება, რკინა-ბეტონის ჯებირი] პარალელურად დაწყებულია პრომინადის მოწყობაც. პლაჟის გასწვრივ თავის დროზე მოწყობილი სასეირნო ბილიკი აქ შტორმების დროს ზღვამ დაანგრია და ნაწილობრივ მიიტაცა.

ამ დროისთვის არ არის დათვლილი და შესწავლილი ბათუმის კონცხთან რა ოდენობის ხრეშია თავმოყრილი [და აქედან რამდენია, ვთქვათ, ჭარბი, რამდენის აღება შეიძლება, როგორ იმოქმედებს ეს უშუალოდ კონცხზე და.ა.შ.]. არც ისაა გამოკვლეული რა პერიოდით იქნება კონცხზე თავმოყრილი ნატანი საკმარისი პლაჟების შესანარჩუნებლად. ამასთან, გარკვეული არ არის, პროექტის დასრულების შემდგომ ვინ გადაიტანს ნატანს კონცხიდან ადლიისკენ ან ვინ შეიტანს ხელოვნურად – ანუ, ვინ აიღებს პლაჟების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას.

მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ პროექტი არ მოიცავდა ბათუმის კონცხს, პროექტის მიზანი იყო ეროზიის შეჩერება ახალ ბულვართან, შესაბამისად, კონცხი არ შეუსწავლიათ. 

„ჩვენ დღემდე მთის კარიერებიდან 126 000 კუბური მეტრი მასალა ჩავყარეთ საპროექტო ტერიტორიაზე და პლაჟები შეიქმნა, თუმცა ნაწილი მაინც წაირეცხა. ეს ნატანი კი ბათუმის კონცხთან იყრის თავს. ამაში სიახლე არაფერია, ამ ადგილიდან ჯერ კიდევ „საქნაპირდაცვა“ ახორციელებდა ჭარბი ნატანის ამოღებას და კონცხის განტვირთვას. ჩვენ პროექტის ფარგლებში ირიბად ვეხებით ბათუმის კონცხს და იქედან ავიღებთ იმ ოდენობის ნატანს, რაც სანაპიროს დამცავი ნაგებობის გასწვრივ პლაჟისთვის იქნება საჭირო იმ ნიშნულამდე, რაც გათვალისწინებულია პროექტით“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ფონდში ისიც გვითხრეს, რომ იყო მიმოწერა აჭარის მთავრობასთან და ბათუმის მერიასთან იმის შესახებ, თუ ვინ აიღებს პასუხისმგებლობას შემდგომში მოვლა-პატრონობაზე, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მათთვის უცნობია.

„ზოგადად, როცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება რაიმე პროექტი, მისი მოვლა-პატრონობის ვალდებულებაც ამ მუნიციპალიტეტზე გადადის“, – გვითხრეს ფონდში.

არის თუ არა შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული და გათვალისწინებული იქნება თუ არა ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტში პლაჟის ამ მონაკვეთის მოვლისთვის თანხა? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ადმინისტრაციას ოფიციალური წერილით უნდა მივმართოთ. 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით , პროექტი ჯერ კიდევ ხორციელდება, შემდგომში მოვლა-პატრონობის საკითხი კი, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი, მოგვიანებით გადაწყდება.

პლაჟი ბათუმის კონცხთან / 2019 წლის სექტემბერი / ფოტო: „ბათუმელები“

1999 წლის 14 იანვარს, წყნარ ამინდში ბათუმის კონცხთან მოწყდა 100 მეტრი სიგანისა და 200 მეტრი სიგრძის პლაჟი. ამასთან, წერილში, რომლითაც სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიის ხელმძღვანელს რამდენიმე დღის წინ მიმართა, ნათქვამია, რომ ბათუმში და კონკრეტულად ბათუმის კონცხის გარშემო, მიმდინარეობს სანაპირო ზოლის წარეცხვის პროცესი, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა კლიმატის ცვლილების პროცესებით, აგრეთვე მდინარე ჭოროხიდან ნატანის ჩამოტანის შეჩერებით. ორგანიზაციები სათანადო კვლევების გარეშე პროექტ „რივიერა ბათუმის“ განხორციელებას აპროტესტებენ, რომელიც „სრულად ცვლის სანაპირო ზოლს“ . წერილში აღნიშნულია იმ ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ, რაც, ორგანიზაციების განცხადებით, შავი ზღვის სანაპიროს პროექტ „რივიერა ბათუმის“ განხორციელების შემთხვევაში ემუქრება.

ბათუმის სანაპიროს წარეცხვის პროცესი, სხვა ფაქტორებთან ერთად, საგრძნობლად გაააქტიურა მდინარე ჭოროხსა და აჭარისწყალზე ჰესების აშენებამ, ასევე ჭოროხის დელტადან ინერტული მასალის ამოღებამ მშენებლობისთვის. აღნიშნულის გამო ჭოროხს ზღვაში ვეღარ შემოაქვს ის მასალა, რაც აუცილებელია პლაჟების შენარჩუნებისთვის.

პლაჟების ხელოვნურად კვებისთვის მთის კარიერები განიხილება. გეოლოგ ტარიელ ტუსკიას თქმით, „პლაჟებზე არსებული ქვიშა-ხრეში დამუშავებულია ბუნებრივად მდინარის კალაპოტსა და ზღვაში და გლუვი ზედაპირი აქვს. კარიერზე მოპოვებული ლოდებიც ისეთ ფრაქციებად უნდა დაქუცმაცდეს, რომ ის ბუნებრივად დამუშავებულ ფრაქციებთან მიახლოებული იყოს. მსხვილი ფრაქცია და ნატეხები კი პლაჟისთვის გამოუსადეგარი იქნება“.

პროექტი, რომლის მიხედვითაც ბათუმში ნაპირდამცავი კედელი შენდება, თავის დროზე ქართველმა სპეციალისტებმა დაიწუნეს. ტარიელ ტუსკია დღესაც აცხადებს, რომ მართალია ლოდების ჩაწყობის მეთოდმა გაამართლა მეზობელ თურქეთში, თუმცა ვერ ამართლებს აჭარის სანაპიროზე: „გონიოდან დაწყებული, სანაპიროზე, სადაც დიდი ლოდი ჩაიდო ყველა ჩაიძირა ზღვაში. თურქეთში სანაპიროსთან კლდოვანი ქანები გამოდის და ეს ლოდები ამ ქანებზე დევს. შესაბამისად, მას ზღვა ძირს ვერ ურეცხავს [ასეთი ქანები გამოდის სარფში და კვარიათშიც]. ბათუმის სანაპირო კი ნატანი მასალითაა აგებული და ამ ლოდების ქვეშ არის ხრეში. დეტალურად არ ვიცნობ პროექტს, რა ტექნოლოგიით ჩააწყვეს, თუმცა ეს ლოდები თუ ხრეშზე დევს, მას წლების განმავლობაში ზღვა ძირს გამოურეცხავს და კონსტრუქციას დაშლის. ასე ხდებოდა აქამდე“.

ქართველი მეცნიერების ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას პროექტის მიმართ არც მუნიციპალური განვითარების ფონდში გამორიცხავენ, სადაც აცხადებენ, რომ სწორედ მათ ჰქონდათ აღებული პასუხისმგებლობა განეხორციელებინათ პროექტი, რომელიც ნაპირის, ბულვარის წარეცხვას შეაჩერებდა.

„ამასთან, იქ აშენდა არაერთი დიდი სასტუმრო და ტურისტებს რომ პლაჟი იქვე ჰქონოდათ, გადაწყდა პროექტის განხორციელება იმ ფორმით, რა ფორმითაც ის ახლა მიმდინარეობს. ჩვენ უცხოელი კონსულტანტებიც მაგისთვის მოვიწვიეთ, რომ აქ სხვადასხვა მოსაზრება იყო. უცხოელებმა გააკეთეს მათემათიკური მოდელირება, რასაც დავეყრდენით ჩვენ, ჩვენი პატივცემული მეცნიერების ნაწილმა კი ეს მეთოდი ვერ გაიგეს“, – გვითხრეს ფონდში.

ქართველი სპეციალისტები სამუშაოების დაწყებამდე ასევე ამბობდნენ, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ ზღვა უკვე ძველი ბულვარის ტერიტორიის წარეცხვას დაიწყებს.

ამ თემაზე ვრცლად:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

შეამოწმე, როგორ გესმის ყანჩელის | ტესტი

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი გუშინ, 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გააკეთე ტესტი და კიდევ ერთხელ გადაავლე თვალი მაესტროს შემოქმედებას.

 

ბათუმში სექსუალური შევიწროების 4 შემთხვევიდან 2 ლიფტში მოხდა

მას შემდეგ, რაც სექსუალური შევიწროება დასჯადი გახდა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 4 საქმე განიხილა ამ მუხლით. სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციული წესით დასჯადი 2019 წლის 3 მაისს გახდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული 4 საქმიდან, 2 შემთხვევაში სექსუალური შევიწროება ლიფტში მოხდა. კიდევ ერთ შემთხვევაში ქალს საჯაროდ შუა თითს უჩვენებდნენ, ბოლო შემთხვევაში კი „ფეისბუქით“ გაუგზავნეს სექსუალური შინაარსის შეტყობინებები და ფოტოები.

ლიფტში ჩადენილი სექსუალური შევიწროების ფაქტებიდან ერთ-ერთი რესტორნის ლიფტში მოხდა.

„რესტორან ს.-ს ლიფტში განახორციელა თ.კ.-ს მიმართ არასასურველი ხასიათის ქცევა. კერძოდ: აკოცა ყელზე, ხელით შეეხო ტანსაცმლის გარეთა ზედაპირიდან მკერდზე, რამაც თ.კ.ს შეუქმნა ღირსების შელახვისა და შეუარცხმყოფელი გარემო“, – აღწერილია სასამართლოს დადგენილებაში. ამ შემთხვევაში მოსამართლე კობა გოცირიძემ სამართალდამრღვევი 300 ლარით დააჯარიმა.

სამართალდამრღვევად მიიჩნია მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ და ასევე 300 ლარით დააჯარიმა სხვა პირი, რომელსაც საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში დაუდგინეს სექსუალური შევიწროება.

„რაც შემდეგში გამოიხატა: 2019 წლის 21 მაისს, ქ. ბათუმში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ლიფტში დ.ა.-მ განახორციელა სექსუალური  ხასიათის ქცევა, რაც გამოიხატა მ.ლ.-სთვის საჯდომზე ხელით შეხებაში,“ – წერია დადგენილებაში.

მოსამართლე კობა გოცირიძე სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა იმ კაცის მიმართ, რომელიც ქალს ქუჩაში შუა თითს აჩვენებდა. მოსამართლე ირმა ტოგონიძემ კი 300 ლარით დააჯარიმა კაცი, რომელიც ქალს ფეისბუქით „შეურაცმყოფელ შეტყობინებებს და ფოტოებს უგზავნიდა“

ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, „სექსუალური შევიწროება“ გულისხმობს „საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველ სექსუალური ხასიათის ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს, ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს“.

მუხლი მოიცავს სექსუალური შევიწროების განმარტებასაც – „სექსუალური ხასიათის ქცევად“ მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.

რაც შეეხება სანქციებს – სექსუალური შევიწროების მუხლი ძირითადად ჯარიმას ითვალისწინებს. პირველ შემთხვევაში, ჯარიმა 300 ლარია, განმეორების შემთხვევაში – 500 ლარი, ან გამასწორებელი სამუშაოები ერთ თვემდე ვადით. ადამიანი 500-დან 800-მდე ლარით დაჯარიმდება, თუკი მას სექსუალური შევიწროების ფაქტს დაუდასტურებენ არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ.

ამ თემაზე:

„ხელს არავის არ ვაფარებთ“ – საკრებულო სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორზე

გესმის კედელი? – როგორია მათი გამოცდილება, ვინც სამყაროს გამოსახულების გარეშე შეიცნობს

ავტორი: ლაშა (Fox)ცერცვაძე, ნინო ლომაძე

ვიდეო: ლაშა (Fox) ცერცვაძე

ვებ-დეველოპერი: დავით მაკარიძე

გამოქვეყნდა: ინდიგო

აბლეფსია ბერძნული სიტყვაა და ცალ ან ორივე თვალში მხედველობის დაკარგვას ნიშნავს. მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი მცირემხედველია, 36 მილიონი კი – უსინათლო. რას იმახსოვრებს ხელები, ფეხისგული და კანი?

საქართველოში ზუსტად არ იციან, რამდენი ადამიანი ცხოვრობს აბლეფსიით. 202-ე სკოლა ჯერჯერობით ერთადერთი ადგილია, სადაც მცირემხედველი და უსინათლო ბავშვები სპეციალური პროგრამით სწავლობენ. ეს ერთადერთი სკოლა – თბილისშია. ამიტომ, ვინც დედაქალაქიდან შორს ცხოვრობს, ბავშვის სპეციალურ სკოლაში მისაყვანად თბილისში გადმოსახლება უწევს, ან ბავშვები სკოლის დასრულებამდე პანსიონში რჩებიან და შინ არდადეგებზე ბრუნდებიან.

მასალის ორიგინალი ვერსია იხილეთ აქ
202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების ფოტო-დღიურები
202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების
ფოტო-დღიურები

პანსიონში ახლა თექვსმეტი ბავშვი ცხოვრობს. ადგილები ორჯერ მეტსაც ეყოფა, ბოლომდე არასდროს ივსება ხოლმე. სკოლაში 46 მოსწავლე სწავლობს. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ ხვედელიძე ამბობს, რომ სკოლა-პანსიონში თანამშრომლების დამატება სჭირდებათ. არ ჰყოფნით ფსიქოლოგები, ოკუპაციური თერაპევტი, სპეცმასწავლებლები და მასალები. მალე ილევა თიხა, ქაღალდი და სხვა ხელგარჯილობის მასალა. ბავშვები სპორტულ დარბაზს, ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიებს, სასწავლო მასალებსა და ექსკურსიებს ელოდებიან. წელიწადში ორჯერ ახერხებენ ხოლმე გასვლას.

202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების ფოტო-დღიურები
202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების
ფოტო-დღიურები

გამყოლი – გზის მცველია: ის უცნობ სივრცეში გზის გაგნებაში გეხმარება – ვის ანდობდი შენს გზას?

სივრცეში უსაფრთხოდ რომ ვიმოძრაოთ, უნდა გვესმოდეს ერთმანეთის და გვესმოდეს საგნებიც. უცნობ გარემოში, სიმაღლეში რამეს თავით რომ არ დავეჯახოთ, ხელი შუბლიდან ოდნავ მოშორებით დავიჭიროთ, ასე თავს წინაღობისგან ვიცავთ. თუკი რამე დაგვივარდება, პირდაპირ არ ვხრით თავს და არ ვჯდებით, ასე შეიძლება თავით რამეს დავეჯახოთ. ძირს ნივთის აღება თუ გვჭირდება, ტანს წინ არ ვხრით და ბუქნზე ვჯდებით. ჩვენ გარშემო იატაკზე, ხელებით ვცდილობთ ნივთის მოძებნას.

202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების ფოტო-დღიურები
202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების
ფოტო-დღიურები

სიარულისას შეგვიძლია, კედლებსაც გავყვეთ. ხელისგულით, თითების ბალიშებით კედელთან შეხებას უნდა მოვერიდოთ. ხელისგული ფაქიზია და იოლად ზიანდება. კედელზე ხელის ზურგი გავასრიალოთ, თან მოვხაროთ თითები ისე, რომ წინაღობას თუ შევხვდებით, თითის წვერები არ დაგვიზიანდეს.

გზის რელიეფს ფეხითაც აღვიქვამთ. ამიტომ ტროტუარზე, წესით, სხვადასხვაგვარ რელიეფურ კიდეს აგებენ, რომ მცირემხედველი და უსინათლო იოლად მიხვდეს, სად მთავრდება ქუჩა, ან სად არის გადასასვლელი, სად – ავტობუსის და მეტროს გაჩერებები. ასეთი რელიეფური გზები ქალაქებში მხოლოდ რამდენიმე წერტილზე შეგხვდებათ. რამდენიმე მეტროსადგურზეც.

202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების ფოტო-დღიურები
202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების
ფოტო-დღიურები

იშვიათად გვხვდება ტექსტილური შუქნიშნები. ცოტა ხნის წინ, 202-ე საჯარო სკოლასთანაც იყო ასეთი, რომელიც მოსახლეობის თხოვნით გააუქმეს – ხმაური დაძინებაში გვიშლის ხელსო, მეზობლებმა იჩივლეს. სკოლასთან ყველაზე ახლო გადასასვლელზე ტექსტილური შუქნიშანი დღეს მოხსნილია.

საქართველოშიც არიან გამყოლები, ვინც მცირემხედველებს და უსინათლოებს მეგზურობას უწევენ. გადაუდებელი საჭიროებისას მათთან სახლში მიდიან. საქართველოში მხოლოდ ხუთი გამყოლია.

202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების ფოტო-დღიურები
202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების
ფოტო-დღიურები

თეთრი არ არის ყველაზე ნათელი ფერი. ყველაზე ნათელი ყვითელია

ქალაქებში გადაადგილება თანაბრად უსაფრთხო რომ იყოს ყველასათვის, ქუჩებში ყვითელი მიმანიშნებლები უნდა გვხვდებოდეს და გზის გაგნებაში გვეხმარებოდეს.
გამყოლს მკლავზე ჰკიდებთ ხელს.

ერთი ნაბიჯით უკან დგებით. ნახევარი ნაბიჯით განზე, მისი სხეულიდან. გამყოლი ასასვლელი საფეხურის მოახლოებას, მხრის ზემოთ აზიდვით განიშნებთ. საფეხურის დასრულებისას მხარს ქვემოთ დაუშვებს. რელიეფის ცვლილებას შეჩერებით განიშნებთ.

202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების ფოტო-დღიურები
202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების
ფოტო-დღიურები

გამყოლს მკლავზე ჰკიდებთ ხელს

ერთი ნაბიჯით უკან დგებით. ნახევარი ნაბიჯით განზე, მისი სხეულიდან. გამყოლი ასასვლელი საფეხურის მოახლოებას, მხრის ზემოთ აზიდვით განიშნებთ. საფეხურის დასრულებისას მხარს ქვემოთ დაუშვებს. რელიეფის ცვლილებას შეჩერებით განიშნებთ.

ასე მიდიხართ

202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების ფოტო-დღიურები
202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების
ფოტო-დღიურები
202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების ფოტო-დღიურები
202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების
ფოტო-დღიურები
202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების ფოტო-დღიურები
202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების
ფოტო-დღიურები
202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების ფოტო-დღიურები
202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველი სკოლა-პანსიონის მოსწავლეების
ფოტო-დღიურები

ავტორი: ლაშა (Fox)ცერცვაძე, ნინო ლომაძე

ვიდეო: ლაშა (Fox) ცერცვაძე

ვებ-დეველოპერი: დავით მაკარიძე

განსაკუთრებული მადლობა: 202-ე საჯარო უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა სკოლა–პანსიონის ყველა თანამშრომელს, მანდატურებს, აღმზრდელებს, თაკო ბაქრაძეს, ლეილა ბირკაძეს. განსაკუთრებული მადლობა ზურა ჭანტურიას, დათო ბიბილეიშვილს, კლუბს „მტკვარზე“, თომა სუხაშვილს, კესო კობიძეს, გიორგი მაჭარაშვილს, სოფო ჩხეიძეს, მაკო აბესაძეს, გიორგი მამაგულაშვილს.

 

ნატოს გენმდივნის მოადგილე: მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული რეგიონებიდან

ამ წუთებში ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა იმართება. რამდენიმე წუთის წინ ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა გახსნა.

მისასალმებელ სიტყვაში როუზ გოტმიოლერმა თქვა: “ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში შეაქვს. ბოლო წლებში ნატოს ლიდერებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას რუსეთის მისამართით, რომ გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული რეგიონებიდან, პატივი სცეს საქართველოს სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მიმდინარე ვიზიტი გახლავთ ძალისხმევა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ საქართველოსთან  ჩვენი თანამშრომლობა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, შავი ზღვა იყოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყარო ყველასთვის რეგიონში”.

როუზ გოტმიოლერმა გიორგი გახარიასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ  ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე, ასევე – რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს შემდგომი ნაბიჯები, როგორ უნდა გაძლიერდეს პრაქტიკული თანამშრომლობა და პარტნიორობა შავი ზღვის რეგიონში.

ბათუმში მყოფ ნატოს დელეგაციას ხელმძღვანელობს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თავმჯდომარეობით.

3-4 ოქტომბერს ჩრდილოატლანტიკური კომიტეტი, ასევე, თავის მხრივ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე გაიმართება შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

გახარიას გამოსვლა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე:

გახარია ნატოს საბჭოს შეხვედრაზე: საქართველოს წევრობას ნატოში მხარს უჭერს მოქალაქეების 71%-ზე მეტი

პოლიციელებს ხელფასი მინიმუმ 125 ლარით გაეზრდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ხელფასი არანაკლებ 125 ლარით გაეზრდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ცვლილება მომავალი წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, კონკრეტულად ვის რამდენით გაუზრდიან ხელფასს. ცნობილია, რომ ხელფასი ამ უწყებაში შემავალი ყველა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს მოემატებათ.

გახარია ნატოს საბჭოს შეხვედრაზე: საქართველოს წევრობას ნატოში მხარს უჭერს მოქალაქეების 71%-ზე მეტი

ამ წუთებში ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა იმართება. რამდენიმე წუთის წინ ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის გამოსვლის შემდეგ, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა გიორგი გახარია, რომელმაც მადლობა გადაუხადა ნატოს წევრ ქვეყნებს იმისთვის, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.

“ეს გახლავთ მე-5 სტუმრობა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსი საქართველოში, რაც პირდაპირ მიუთითებს ნატოს მიერ საქართველოს მხარდაჭერას, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით გიხდით მადლობას. მინდა ასევე თითოეულ ნატოს წევრს გადავუხადო მადლობა, რამეთუ ნატოსთან მტკიცე ურთიერთობა არის საფუძველი საქართველოს საგარეო პოლიტიკის და მისი უსაფრთხოების. ეს ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ბათუმში, არის სიმბოლური, რამეთუ სულ ახლა ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი  სივრცე, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას.

ყველას გვესმის, რომ უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ჩრდილოატლანტიკური სივრცის გარანტია და მას შემდგომ, რაც ანექსირებული ყირიმის შემდგომ მოხდა რუსეთის გაძლიერება შავი ზღვის სივრცეში, რა თქმა  უნდა, ნატოს წარმომადგენლობა შავ ზღვაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

2002 წელს საქართველომ მიმართა ნატოს წევრობის თხოვნით და მას შემდგომ ქვეყანამ გამოიარა ბევრი განსაცდელი, თუმცა ასევე აჩვენა ძალიან სერიოზული წინსვლა. ეს წინსვლა კიდევ ერთხელ დადასტურდა ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე, როდესაც საქართველომ მიიღო დაპირება წევრი ქვეყნებისგან, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი. ეს დაპირება ამოძრავებს თითოეულ ქართველ მოქალაქეს. საქართველოს წევრობას ნატოში დღეს მხარს უჭერს მოქალაქეების 71%-ზე მეტი, რაც დიდ სიმტკიცეს მატებს ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას.

წელს ნატო აღნიშნავს 70 წლისთავს და ეს კიდევ ერთხელ უდნა იქნეს დადასტურებული, ამ წლისთავის ფარგლებში ნატოს ღია კარის პოლიტიკა, ღია კარის პოლიტიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა წლების განმავლობაში, რომ თავად არის უსაფრთხოების გარანტი ბევრ რეგიონში და, რა თქმა უნდა, შესძენს იმედს მცირე ერებს, როგორიც არის საქართველო. დღეს ჩვენ აქ გვყავს სტუმრად ჩრდილოეთმაკედონიის წარმომადგენელი, რომელმაც კარგი შრომა, მძიმე გზა გაიარა და სულ მალე გახდება 21-ე წევრი და ეს არის კიდევ ერთი იმედი საქართველოსთვის, რომ მის მიღწევებს როგორც დემოკრატიზაციის, ასევე სამხედრო თანამშრომლობის და ასევე, მისი თავსებადობის ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდის შესაბამისი პოლიტიკური დაფასება  და შეფასება მოხდება პროგნოზირებად მომავალში”.

ბათუმში მყოფ ნატოს დელეგაციას ხელმძღვანელობს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით.

3-4 ოქტომბერს ჩრდილოატლანტიკური კომიტეტი, ასევე, თავის მხრივ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე გაიმართება შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

 

ვინ აღმოფხვრის დისკრიმინაციას, თუკი მერია მეჩეთის აშენებაზე ისევ უარს იტყვის?

„რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მერია ისევ უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე? გამოვა, რომ მერია ისევ დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას მიიღებს და სასამართლო ვერ ჩაერევა მერიის დისკრეციულ უფლებამოსილებაში,“ – ამბობს ანზორ ხატიაშვილი, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტი. ეს ორგანიზაცია და „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ. იურისტები უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე აკეთებენ აქცენტს, რომლის მიხედვით დისკრიმინაციის დადგენის შემდეგ სასამართლომ დისკრიმინაციაში მხილებულ ორგანოს დაავალა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

მუსლიმი თემის სარჩელი ბათუმის მერიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 30 სექტემბერს ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის გადაწყვეტილებები, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. სარჩელის კიდევ ერთი მოთხოვნა მერიის დავალდებულება იყო – გაეცა მშენებლობის პირველი ეტაპის ნებართვა, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ „ნებართვის გაცემა მერიის დისკრეციული უფლებამოსილებაა და სასამართლო მერიის ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს“.

„ლოგიკას მოკლებულია, ისევ დისკრიმინაციის ჩამდენს დაუბრუნო საქმე ხელახლა შესაფასებლად. ასეთი შემთხვევა არსებითად უნდა გადაწყდეს სასამართლოს მხრიდან,“ – მიიჩნევს იურისტი ანზორ ხატიაშვილი.

რა წერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში?

საქმე შრომით დავას ეხება. თბილისის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომელი თბილისის მერიის წინააღმდეგ დავობდა. ის 2014 წელს გაათავისუფლეს სამსახურიდან. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სამსახურიდან გაუშვეს არა რეორგანიზაციის გამო, რაც ოფიციალურ მიზეზად ჩაუწერეს გათავისუფლების ბრძანებაში, არამედ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის გამო. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად თბილისის მერიაში კადრების რაოდენობა არ შემცირებულა და პირიქით – გაიზარდა. სასამართლომ დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა და ბათილად მიიჩნია გათავისუფლების შესახებ ბრძანება. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მსგავსად, უარი თქვეს დაევალდებულებინათ თბილისის მერია, მიეღო მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება.

„საფუძველს არის მოკლებული სასკ-ის 32.4 მუხლზე დაყრდნობით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში. უზენაესმა სასამართლომ ამ შემთხვევაში დავა არსებითად გადაწყვიტა და თბილისის მერიას დაავალა, სამსახურში აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო.

იურისტი ანზორ ხატიაშვილი ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს განმარტების იმ ნაწილზე, სადაც წერია, რომ თუკი სასამართლო საკითხს ისევ ადმინისტრაციულ ორგანოს უბრუნებს, უნდა მიუთითოს კონკრეტული გარემოებები, რომლის გამოკვლევაც უნდა მოხდეს.

„დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებას ავტომატურად მოჰყვება დისკრიმინაციის შედეგის აღმოფხვრა. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, საქმის სხვა გარემოებებს, რომელთა გამოსაკვლევად სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სასამართლომ დავის გადაუწყვეტლად საქმე დაუბრუნა ადმინისტრაციას, მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის არ ექნებათ არსებითი მნიშვნელობა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა არ უთითებს კონკრეტულ გარემოებებს, რომლებიც უნდა იქნეს გამოკვლეული ადმინისტრაციის მიერ, განჩინება არ შეიცავს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო შესაძლებელი სააპელაციო სასამართლოსათვის, როგორც ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხების დამდგენი სასამართლოსათვის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

„მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემაც ბათუმის მერიას ზოგადი მითითება მისცა, საკითხი ხელახლა შეესწავლა. მას არ მიუთითებია, კონკრეტულად რა უნდა გამოიკვლიოს. სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია დაუბრუნოს საქმე ხელახლა გამოსაკვლევად, როცა მისი შესაძლებლობის ფარგლებს სცილდება კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა ან შეფასება. სასამართლომ მეჩეთის შემთხვევაში გამოიკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება და მას არსებითად უნდა გადაეწყვიტა დავა,“ – გვითხრა TDI-ის იურისტმა, ანზორ ხატიაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოდ შესასრულებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოებისთვის, მაგრამ შრომითი დავა, რაზეც გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო, შრომის კანონმდებლობას ეხება და არა კონკრეტულ დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამის მიუხედავად, მუსლიმი თემის დამცველი იურისტები ფიქრობენ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაეთვალისწინებინა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს, როცა ის პრეცედენტულ გადაწყვეტილებას იღებდა.

მუსლიმ თემს ჯერ არ გადაუწყვეტია, გაასაჩივრებს თუ არა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებას.

„მე პირადად ვფიქრობ, რომ უნდა გასაჩივრდეს, რადგან, ზოგადად, დისკრიმინაციის დადგენა მნიშვნელოვანია, მაგრამ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება არ იყო შედეგზე ორიენტირებული… ეს მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო პრაქტიკისთვისაც,“ – დასძინა ანზორ ხატიაშვილმა.

მუსლიმ თემს მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უარი ბათუმის ყოფილმა მერმა გიორგი ერმაკოვმა უთხრა. თუმცა, ცნობილია დღეს მოქმედი მერის შეხედულებაც ამ საკითხზე – ლაშა კომახიძე ითხოვს, რომ მუსლიმმა თემმა მეჩეთის აშენების მიზნით შეძენილი მიწის ნაკვეთი მუსლიმთა სამმართველოს გადასცეს. ამას მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი არ აპირებს, რადგან მიაჩნიათ, რომ მუსლიმთა სამმართველო ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს.

გაეცანით ლაშა კომახიძის პოზიციას ამ საკითხზე:

ლაშა კომახიძე: მეჩეთის მშენებლობის მსურველებმა მიწა მუსლიმთა სამმართველოს უნდა გადასცენ

 

ვიდრე ბათუმის მერი დაპირებას შეასრულებს, ძველ ბათუმში კიდევ 2 სახლს ანგრევენ

ვიდრე ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაპირებას შეასრულებს და ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცების საკითხს ბოლომდე მიიყვანს, ძველ ბათუმში კიდევ ორ სახლს ანგრევენ. შპს „პროგრეს სიტიმ“ სახლების დემონტაჟის დასაწყებად მათი შემოღობვა უკვე დაიწყო. უახლოეს დღეებში დაიწყებენ დემონტაჟის სამუშაოებსაც. მერიაში აცხადებენ, რომ უარი უთხრეს, თუმცა კომპანიამ სასამართლოს მიმართა და პროცესი მოიგო, რადგან სამშენებლო ნებართვის მისაღებად პირველი ორი ეტაპი ადრე ჰქონდა შეთანხმებული.

მაზნიაშვილისა და ჟორდანიას ქუჩების კვეთაში ორი სახლის დანგრევასა და ახალი 15 მეტრი სიმაღლის სასტუმროს მშენებლობაზე ახალი პროექტი ჯერ ზონალურმა საბჭომ შეითანხმა იმავე მიზეზით: „სასამართლომ დაგვავალდებულა“, შემდეგ კი ნებართვა მერიამ გასცა.

რატომ დაავალა სასამართლომ ბათუმის მერიას, რომ მისცეს თანხმობა კომპანია „პროგრეს სიტის“ 15 მეტრი სიმაღლის მშენებლობაზე და რატომ გავრცელდა ეს გადაწყვეტილება ავტომატურად კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოზე? – ვინ მიიღო ამ ორი სახლის დანგრევის გადაწყვეტილება და როდის? – ამ კითხვებზე პასუხი ასეთია:

თავდაპირველად „პროგრეს სიტიმ“ ბათუმის მერიას სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე 2017 წლის დასაწყისში მიმართა. გამომდინარე იქედან, რომ კომპანია მშენებლობას ძეგლის დაცვის ზონაში ითხოვდა, მერიამ ის განსახილველად კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს გადაუგზავნა. ზონალურმა საბჭომ პროექტი 2017 წლის 12 ოქტომბერს განიხილა და თანხმობა მისცა. ამ დროს სააგენტოს და, შესაბამისად, ზონალურ საბჭოსაც ლაშა ასლანიშვილი ხელმძღვანელობდა. მართალია, ის წინააღმდეგი იყო ამ სიმაღლის მშენებლობაზე ნებართვა გაეცა, თუმცა საკითხი მაინც კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა:

ამონარიდი ზონალური საბჭოს სხდომის ოქმიდან

ამის შემდეგ პროექტი მერიას [დადებითი რეკომენდაციით] დაუბრუნდა. ამ დროს მერს ლაშა კომახიძეს უკვე გაცხადებული, ხოლო საკრებულოს დადგენილი ჰქონდა 12-მეტრიანი შეზღუდვა ძველ ბათუმში და კომპანიას უარი უთხრა იმ მოტივით, რომ პროექტი დადგენილზე მაღალი იყო.

კომპანიამ სასამართლოს მიმართა, რომელმაც მერიას განუმარტა, რომ ზონალურმა საბჭომ პროექტი შეათანხმა მაშინ, როცა 15 მეტრი სიმაღლე ძველ ბათუმში დაშვებული იყო და ახალი შეზღუდვა მასზე ვერ გავრცელდებოდა.

ზონალური საბჭოს დღეს მოქმედი წევრებიდან პროექტის შეთანხმებაზე ხმა წინააღმდეგ მხოლოდ გაიოზ ფარცხალაძემ მისცა. საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, მან პროექტის არქიტექტურული სტილის დახვეწა მოითხოვა.

შპს „პროგრეს სიტი“ 2017 წელს არის დაფუძნებული. კომპანიის 70% თემურ ბიწაძეს, შპს „ალიანსის“ დამფუძნებლის – გია ბიწაძის შვილს ეკუთვნის, დარჩენილი 30% კი ზურაბ ინაიშვილის საკუთრებაა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს კომპანიამ 2017 წელს პროექტის ეს ორი ვარიანტი  წარუდგინა

აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 24 ფაქტი დაფიქსირდა

აჭარაში სექტემბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 24 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი – 97 ფაქტი კახეთში დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი 261 შემთხვევიდან 13 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 653 მ3მდე ხე-ტყე. ასევე დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 21 ფაქტი, მათ შორის, ორი – თბილისის ტერიტორიაზე. ასევე, ამოღებულია 21 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი

 

 

„ეს ვიზიტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრება არის შეუქცევადი პროცესი“

დღეს, 3 ოქტომბერს, ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრებიან. ალიანსის დელეგაციას როუზ გოტმიოლერი ხელმძღვანელობს, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის შეფასებით, ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

„ვიზიტი უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ უკვე მეხუთედ იმართება საქართველოში, რაც ხაზს უსვამს ნატოს საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და გაღრმავებას. ჩვენთვის, როგორც ალიანსის ყველაზე გამორჩეული ასპირანტი ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი და ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერის გზავნილი,“ – ამბობს ვახტანგ მახარობლიშვილი.

მისი განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭო არის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ალიანსში, ამიტომ ის ადგილზე გაეცნობა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და პროცესებს:

„სიმბოლურია, რომ ვიზიტი ხორციელდება ბათუმში, გამომდინარე იქედან, რომ ქართული მხარე ერთი წელია მუშაობს და კონსულტაციებს ატარებს ალიანსთან და მის წევრ ქვეყნებთან იმისთვის, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში გაძლიერდეს ეს თანამშრომლობა“.

ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რა შედეგების მომტანი იქნება ლონდონში დაგეგმილი ალიანსის ლიდერთა შეხვედრა, „თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ ამ შეხვედრაზე საქართველო იქნება დღის წესრიგში,“ – განაცხადა მან.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრება არის შეუქცევადი პროცესი.

______________________________

მთავარ ფოტოზე: ვახტანგ მახარობლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

„ეს ვიზიტი პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია“ – ნატოს საბჭოს დელეგაცია ბათუმშია

დღეს, 3 ოქტომბერს, ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი დაიწყო, რომელსაც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი  და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაეწრებიან.

ალიანსის დელეგაციას როუზ გოტმიოლერი ხელმძღვანელობს, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები.

ოფიციალური შეხვედრა დღის მეორე ნახევარში დაიწყება, კონფერენციის დაწყებამდე კი მოკლე შეფასებები გაკეთდა.

ნატოში საქართველოს წარმომადგენლის ალექსანდრე მაისურაძის შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში გაჩნია ორი მთავარი მიზანი. პირველი, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერის ძალიან მკაფიო გზავნილი, ხოლო მეორე – პრაქტიკულ თანამშრომლობაში მიღწეული შედეგები.

„ნატო ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და მთლიანობას. ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით გაგვაჩნია კონკრეტული გეგმები, საუბარია როგორც სანაპირო დაცვის პოლიციისა და ნატოს მუდმივმოქმედ საზღვაო შენაერთს შორის თანამშომლობაზე, ასევე ინფორმაციის გაცვლაზე, რომელიც დინამიურად და მიზანმიმართულად განხორციელდება“, – განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.

მისი თქმით, საუბარი შეეხება ნატოსა და საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში ერთობლივი წვრთნების კიდევ უფრო გაძლიერებას და ახალი კონკრეტული მიმართულებების ჩამოყალიბებას, „რომელიც კიდევ უფრო დააახლოვებს ჩვენს ქვეყანას მის მთავარ პოლიტიკურ მიზანთან –  ნატოში სრულფასოვან გაწევრიანებაზე“, – აცხადებს მაისურაძე.

მთავარი ფოტო: ალექსანდრე მაისურაძე

საშემოდგომო მიღება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტების რეგისტრაცია 2-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. კოლეჯის ადმინისტრაცია მსურველებს ევროპული ხარისხის პროფესიულ განათლებას სწავლების დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) მეთოდითა და დასაქმების გარანტიით სთავაზობს. კოლეჯში ჩარიცხულ სტუდენტებს, პროფესიონალი პედაგოგების მონაწილეობით, საშუალება ეძლევათ განათლება განახლებულ და თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო გარემოში მიიღონ.

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი სწავლის მსურველებს სთავაზობს შემდეგ დუალურ პროგრამებზე ჩარიცხვას:

  • რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა 
  • რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი 
  • რკინიგზის ელექტრო მომარაგების მეურნეობა   
  • სავაგონო მეურნეობა 
  • სარკინიგზო გადაზიდვები 
  • რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა 

დუალურ პროგრამებზე რეგისტრაციის მსურველები სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში პირადობის დამადასტურებელი მოწმობით უნდა მივიდნენ.

ასევე, კოლეჯი აპლიკანტთა მიღებას ახორციელებს შემდეგ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა
  • მეჩარხე

მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე   რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საიტზე: vet.emis.ge

კოლეჯის მისამართია:  ქ. თბილისი, თემქის მე-11 მიკრო რაიონი მე-3 კვარტალი (თბილისის ზღვის ასასვლელთან).

 

ჯგუფურად ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმში ორი პირი დააკავეს

ბათუმში, თამარის დასახლებაში, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირია დაკავებული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების ბ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, ბინაში უკანონოდ შეღწევისა და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე.

ინფორმაცია თამარის დასახლებაში ყაჩაღობის შესახებ აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. მაუწყებლის ცნობით, დაყაჩაღებისას ქალს პირი აუკრეს.

Exit mobile version