მთავარი,სიახლეები

მოქალაქემ მშენებარე ავტობანის გვირაბი გადაკეტა

08.10.2019 • 2463
მოქალაქემ მშენებარე ავტობანის გვირაბი გადაკეტა

„მეორედ გადავკეტე გვირაბი, ყურადღებას არავინ გვაქცევს. თუ ისევ არავინ მოგვხედავს, თავს დავიწვავ“, – ამბობს ბათუმში, მახვილაურში მცხოვრები გიორგი დუმბაძე. მან დღეს ბათუმის შემოვლითი მშენებარე გზის გვირაბი გადაკეტა და მშენებელებს გადაადგილება შეუზღუდა. გიორგი დუმბაძის თქმით, მის საცხოვრებელ სახლს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ავტობანისთვის გვირაბის გაყვანა დაიწყეს.

„სახლი პირდაპირ გვირაბის თავზე დგას… ბოლო დროს შემოდის წყალი, სარდაფი სავსეა წყლით, სახლზე ასევე გაჩენილია ბზარები. კომპანიაში მეუბნებიან, რომ კოსმეტიკურ რემონტს ჩაუტარებენ სახლს, რაც არ მაწყობს,“ – გვითხრა გიორგი დუმბაძემ.

მოქალაქემ გვაჩვენა გეოლოგიის სამსახურის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც „მორფოლოგიურად ტერიტორია წარმოადგენს ძველმეწყრულ ფერდს, სადაც მეწყრული პროცესებისთვის დამახასიათებელი ფორმები ამჟამად სტაბილიზაციას განიცდის.“ ამავე დასკვნის მიხედვით, სახლს „უმნიშვნელო ბზარები“ აქვს და საჭიროა გრუნტის, ასევე, სახურავიდან ჩამომავალი წყლების „უსაფრთხო მიმართულებით გადაყვანა“.

გეოლოგიის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, უკავშირდება თუ არა სახლში გაჩენილი პრობლემები ახალი გზის მშენებლობას და გვირაბის გაყვანას.

„ჩვენ მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც, მაგრამ დასკვნა ჯერ კიდევ არ არის, მაისში მივმართეთ,“ – ამბობს გიორგი დუმბაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანია SMEC-ს, რომელიც ავტობანის გაყვანაზე მუშაობს. კომპანიაში გვითხრეს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ისინი ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ და გზების დეპარტამენტს უნდა მივმართოთ.

„დაზიანება არ არის აშკარა. აფეთქებები იყო დასაშვები ნორმის ფარგლებში, მისი განსახლების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საქართველოს გზების დეპარტამენტის გარემოს და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, მიხეილ უჯმაჯურიძემ. მისი თქმით, მონიტორინგი ამ სახლზე მანამდე დაიწყო, ვიდრე აქტიური მშენებლობა დაიწყებოდა. დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ სახლზე ნიშნულები განათავსეს და ბზარები არ გაფართოებულა.

რატომ არ ტარდება ექსპერტიზა იმისთვის, რომ გამოირიცხოს ავტობანის მშენებლობის კავშირი სახლის დაზიანებასთან?

„ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ… კომპანია მზადაა, კოსმეტიკური რემონტის ხარჯი დააფინანსოს, თუკი ამის მოთხოვნა იქნება,“ – დასძინა მიხეილ უჯმაჯურიძემ.

გადაბეჭდვის წესი