16 წლის ნიკიტა ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებს. სარჩელი უკვე დარეგისტრირდა საკონსტიტუციო სასამართლოში. ნიკიტა „შეკრების და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის იმ ჩანაწერს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც საპროტესტო აქციას ვერ ჩაატარებს პირი, ვისაც 18 წელი ჯერ არ შესრულებია. ნიკიტა ადამია სამოქალაქო აქტივისტის – ნატა ფერაძის შვილია.
ნატა ფერაძის თქმით, მის შვილს არ ჰქონია კონკრეტული შემთხვევა, როცა მან კონკრეტული აქციის გამართვის უფლება ასაკის გამო ვერ მიიღო, თუმცა ამ საკანონმდებლო ჩანაწერის გაპროტესტების სურვილი გაუჩნდა.
ნიკიტას ინტერესებს საია დაიცავს.
სარჩელში, რომლითაც ნიკიტა ადამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, მოყვანილია რამდენიმე ქვეყნის შემთხვევა, სადაც არასრულწლოვნებს შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლება აქვთ. მაგალითად, სომხეთსა და მოლდოვაში 14 წლის ასაკიდან შეიძლება გამართო საპროტესტო აქცია, ფინეთში – 15 წლიდან.
„არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნაც, სადაც აღნიშნულია, რომ 14 წლის ასაკიდან უნდა იყოს შესაძლებელი ამ უფლებით სარგებლობა, ოღონდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში,“ – აღნიშნავს გიორგი გოცირიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. იგი სასამართლოში ნიკიტა ადამიას ინტერესებს იცავს.
სარჩელში მოყვანილია დიდი ბრიტანეთის შემთხვევაც, როცა გამოკითხვებით 18 წლამდე ახალგაზრდების უმრავლესობა ევროკავშირში დარჩენას ირჩევდა, თუმცა ქვეყნის ბედი ზრდასრულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომლებსაც რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ.
„18 წლამდე პირებიც საზოგადოების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ, რომლებსაც განსაკუთრებული ინტერესები აქვთ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ამას უნდა დაემატოს ისიც, რომ მათი იდეები შესაძლოა არაპოპულარული იყოს ზრდასრული ადამიანებისგან შემდგარი ფენებისთვის, თუმცა ეს არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ მათ საკუთარი იდეების ფართო მასებისთვის გაცნობის შესაძლებლობა წავართვათ, იმგვარი შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზების უფლების ჩამორთმევით, რომელიც მათ იდეებსა და ინტერესებს გამოხატავდა,“ – აღნიშნულია სარჩელში.
მოსარჩელის აზრით, კანონის ეს ჩანაწერი ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციით“ დაცულ შეკრების უფლებას.
„ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება,“ – წერია „საქართველოს კონსტიტუციაში“.
შეკრებისა და მანიფესტაციის წესების დარღვევა ადმინისტრაციული წესით 5 ათასამდე ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ამ კანონის დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც – შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე ვადით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.