ეს არ იქნება იოლი, მაგრამ ვაპირებთ ბრძოლას – ჟურნალისტები დირექტორის არჩევის წინ

„ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის“, – ასეთია „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტების განწყობა ერთი დღით ადრე, ვიდრე მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა ტელევიზიის ახალ დირექტორს აირჩევს. ჟურნალისტების ერთ ნაწილს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს გიორგი კოხრეიძე იქნება და სარედაქციო დამოუკიდებლობას შეუქმნის საფრთხეს. რას აპირებენ ჟურნალისტები, თუკი ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდება, ან ვინმე სხვა, რომელიც პოლიტიკური ინტერესის გატარებას ეცდება? რა ფორმით წარმოუდგენიათ ჟურნალისტებს თავისუფალი რედაქციის დაცვა? – ეს კითხვა ჩვენ „აჭარის ტელევიზიის“ რამდენიმე ჟურნალისტს და რედაქტორს დავუსვით.

„ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ტელევიზიის დირექტორი – ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს…“, – გვიყვება „აჭარის ტელევიზიის“ საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი, თეონა ხარაბაძე. იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე „ღიად და საჯაროდ“ არ მალავენ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის სურვილს. ჟურნალისტს ეს ეჭვი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებამაც გაუმყარა, როცა ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ერთ-ერთ კანდიდატის – გიორგი კოხრეიძის მოთხოვნის საფუძველზე შეჩერდა.

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი – გიორგი კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრია და „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის წინა კონკურსებშიც მონაწილეობდა. მას შემდეგ, რაც საბჭოს ორმა წევრმა მხარი დაუჭირა, ჩათვალა, რომ არჩეული დირექტორია, სასამართლოს მიმართა და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა კიდეც – კონკურსი შეჩერდა.

„სასამართლო ხელისუფლებამ ინსტრუმენტად გამოიყენა, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ძალიან თვალსაჩინო გახადა პროცესი,“ – ამბობს მაია მერკვილაძე, „აჭარის ტელევიზიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე. ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სასამართლოში ბევრი სხვა სარჩელიც შედის, მაგრამ ასეთი დაჩქარებული ტემპით მას სასამართლო არ განიხილავს და მეორე – „კონკურსის შეჩერების საფუძველი რომ არ არსებობდა, ეს დაადასტურა სააპელაციო სასამართლომ. მეორე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა ის, რომ გიორგი კოხრეიძემ იცრუა,“ – დასძენს მაია მერკვილაძე.

მაია მერკვილაძე და „აჭარის ტელევიზიის“ კიდევ 6 თანამშრომელი ასევე აპირებს დირექტორობას. მათ მოულოდნელად მიიღეს ეს გადაწყვეტილება საერთო არგუმენტით – შექმნან არჩევანის შესაძლებლობა და ვეღარ თქვას ბორდის რომელიმე წევრმა ის, რომ არ იყო კანდიდატი, ვის მიუკერძოებლობაზეც კითხვები არ გაჩნდებოდა.

„ჩვენ ამით დავეხმარეთ ბორდის ახალ შემადგენლობას. ისინი ვეღარ იტყვიან, რომ არჩევანი არ ჰქონდათ,“ – აღნიშნავს ლაშა ზარგინავა, საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი და დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი. იგი არ გამორიცხავს იმას, რომ ბორდის ახალმა შემადგენლობამ იზრუნოს „რეპუტაციის შექმნაზე“ და უარი თქვას გიორგი კოხრეიძის  გაყვანაზე, რომელიც „დიდი ხანია განიხილება, როგორც სახელისუფლებო კანდიდატი“.

ლაშა ზარგინავა საუბრობს იმ მომენტზეც, რამაც შესაძლოა ახალ დირექტორს, ვინც არ უნდა იყოს იგი, ვერ იმოქმედებს თავისუფლად, თუკი რომელიმე ჟურნალისტის თავიდან მოშორებას გადაწყვეტს.

„საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებს და ოპერატორებს გვაქვს უვადო ხელშეკრულებები… მაშინ გამოვა, რომ ყველა გადაცემა უნდა დაგვიხურონ, გვითხრან, რომ სახლში წავიდეთ და სურთ გადაცემები და რეპორტაჟები პეპლებზე,“ – აღნიშნავს ლაშა ზარგინავა.

როგორ წარმოუდგენიათ ჟურნალისტებს სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვა?

თეონა ხარაბაძე, ჟურნალისტი: „ჩვენი მთავარი იარაღია ჩვენი რეპორტაჟები და გადაცემები. არ ვაპირებთ, დავნებდეთ, დავტოვოთ სამსახური და წამოვიდეთ… გიორგი კოხრეიძე იქნება, თუ სხვა ვინმე, მოუწევს ყოველ დღე თვალებში ჩახედოს და მოუსმინოს იმ არხის თანამშრომლებს, რომლის დირექტორიც თვითონ იქნება.“

ჯენი კვანტალიანი, ჟურნალისტი: „ამ დროისთვის არის ერთსულოვნება… თუკი იქნება დავალებები და დავინახავთ, რომ მიკერძოებული მასალა უნდათ, ან სიუჟეტი, მაგალითად, სადაც ბალანსი არ უნდა იყოს დაცული, ამას, რა თქმა უნდა, გავაპროტესტებთ და ვიტყვით საჯაროდ. მე არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი კოხრეიძე არ აირჩიონ, რადგან მას შემდეგ, რაც ხმამაღლა დაიწყეს საუბარი ამ ადამიანის შესახებ, მთავრობამ შესაძლოა სხვა გათვლა გააკეთოს. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩაერიოს სარედაქციო დამოუკიდებლობაში. ვიტოვებ იმედს, რომ მრჩეველთა საბჭო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებას არ დაუკარგავს საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

ირინა ყურუა, ანალიტიკური გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი: „გუნდმა ასე გადავწყვიტეთ, რომ არსად მივდივართ… დავაკვირდებით, რას გააკეთებს ახალი დირექტორი. მოლოდინი არ მაქვს, რომ მეტყვიან, დაიხურა შენი გადაცემა, დაიხურე ქუდი და წადი, მაგრამ იქნება სხვა ტიპის ჩარევები სტუმრების მოყვანაზე, თემის შერჩევაზე და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ საჯაროობა იქნება გამოსავალი. ჩვენ არ მივჩქმალავთ არაფერს“.

საჯაროობის და გამჭვირვალობის გზით საზოგადოებისგან უფრო მეტი მხარდაჭერის იმედი აქვს მაია მერკვილაძესაც, რომელიც ტელევიზიის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი და საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეა. იგი ფიქრობს, რომ, პირველ რიგში, ტელევიზიის შიგნით არ უნდა დაინახოს ხელისუფლებამ „სუსტი რგოლი“, ხოლო შემდეგ საზოგადოებას დაანახოს და გააგებინოს – რის გადარჩენას ცდილობენ ჟურნალისტები.

„ლუსტრაციის გარეშე არ წამოვალთ… ვიცი, ეს ბრძოლა არ იქნება იოლი, მაგრამ ვაპირებთ ბრძოლას. თუ ჩვენი ბრძოლა გასაგები იქნება საზოგადოებისთვის, შესაძლებელი იქნება შედეგის მიღწევა. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი სიმტკიცეზე და ჩვენს წესიერებაზეა დამოკიდებული. თუ მტკიცე ადამიანები აქ გავერთიანდებით, დაინახავს დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფიც, რომ საშიშია ასეთ გუნდთან დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი გამოცდილებები მაქვს ამ კუთხით და ყოველთვის გამარჯვებული არ ვყოფილვარ, ვიცი, რომ ამ სიმტკიცის ეშინიათ. თუკი ჩვენ ვიქნებით „სუსტი წერტილი“, მაშინ ყველაფერი მარტივად შესაძლებელია რომ მოხდეს,“ – მიიჩნევს მაია მერკვილაძე.

მედიის მიმართ დღეს არსებული ინტერესის გათვალისწინებით და წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით, არცთუ ოპტიმისტური განწყობა აქვს ჟურნალისტ თეონა ხარაბაძეს, თუმცა მას აქვს განცდა, რომ ჟურნალისტები, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში თავისუფლებას მიეჩვივნენ, იოლად აღარაფერს დათმობენ.

„როდესაც მაღალი ხარისხის თავისუფლებას მიეჩვევი, შემდეგ ამის დათმობა რთულია… მე მგონია, რომ ამ ეტაპზე არის ერთიანი განწყობა. შესაძლოა, როცა სიტუაცია გართულდება, ჩვენც დაგვთვალონ, როგორც ახლა აქციებზე ითვლიან ხალხს, ამიტომაც გვინდა, რომ ძალა ვაჩვენოთ. ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ პრეცედენტი…“ – ამბობს თეონა ხარაბაძე.

რა ქმნის საფრთხის განცდას დღეს? რა აჩვენებს, რომ გიორგი კოხრეიძე ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული?

მაია მერკვილაძე: „სასამართლოს გადაწყვეტილება აჩვენებს ამას… გარდა ამისა, გვაინტერესებს, რა უნდა თქვას ბორდმა, თუკი გიორგი კოხრეიძეს დაუჭერს მხარს? ჩვენ გვექნება კითხვა: იყო თუ არა სხვა კანდიდატი, რომელიც სარგებლობს ნდობით, პროფესიონალია და სიკეთის მოტანა შეუძლია მაუწყებლისთვის?“

რა ადასტურებს იმას, რომ კოხრეიძეს არ შეუძლია არხისთვის „სიკეთის მოტანა?“ – ვკითხეთ ისევ მაია მერკვილაძეს

„გიორგი კოხრეიძე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი აჭარის კვოტით და ეს სიკეთე ვერ დავინახეთ. ვერც მრჩეველთა საბჭო იტყვის იმას, რომ რაიმე სიკეთე მოიტანა მისმა მონაწილეობამ მრჩეველთა საბჭოში,“ – გვიპასუხა მან.

გადაცემა „სათქმელის“ წამყვანიც თითქმის დარწმუნებულია, რომ ახალი დირექტორი გიორგი კოხრეიძე იქნება. ის არ გამორიცხავს, რომ არჩევანი სხვაზე გაკეთდეს, თუმცა ისიც ხელისუფლების ინტერესის გატარებას შეეცდება.

„თავდასხმა არ ხდება მხოლოდ „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტებზე. ხელისუფლება დღეს ღია ომს უცხადებს ყველა მედიას, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი… ეს რომ იყოს ერთი რომელიმე პოლიტიკოსის საჯარო განცხადება, ვიფიქრებდით, რომ რომელიმე პოლიტიკოსი თავნებობს, საერთო ტენდენცია უკვე ჩანს,“ – უთხრა ირინა ყურუამ „ბათუმელებს“.

„გიორგი კოხრეიძე გაატარებს თუ არა ხელისუფლების ინტერესებს, ამის თქმა ერთმნიშვნელოვნად არ შემიძლია,“ – ეს განწყობა აქვს შორენა ღლონტს, „აჭარის ტელევიზიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს, თუმცა მიაჩნია, რომ „რისკები არსებობს“.

„პროცესი, რომელიც წინა კონკურსების დროს მიმდინარეობდა და ბოლო კენჭისყრის შედეგებით გამოიკვეთა, ამ რისკებს არ გამორიცხავს. ამ ეჭვებს, კიდევ უფრო აძლიერებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება,  რომელიც ახალი ამბების გუნდს და მათ შორის მეც მაქვს.

პირდაპირ იმის თქმა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა ხვალ ჩანიშნულ კენჭისყრაზე, რთულია. მაგრამ მიჭირს, იმის გამორიცხვაც, რომ საბჭოს რჩეული არ გახდება ბატონი გიორგი. საზოგადოებას ახსოვს, რომ წინა კენჭისყრაზე გიორგი კოხრეიძემ მიიღო ორი მრჩევლის მხარდაჭერა და სწორედ  მაშინ გამოითქვა ვარაუდები, რომ ესენი იყვნენ  სწორედ ის მრჩევლები, ვინც ნათია კაპანაძის იმპიჩენტის ინიციატივა დააყენეს. ახლა ამ ორიდან ერთ-ერთი მრჩეველი საბჭოშია, უკვე თავმჯდომარეა. ამიტომ მაქვს განცდა, რომ  თუ გიორგი კოხრეიძე საჭირო ხმების რაოდენობას ვერა,  კონკრეტული მრჩევლის ხმას მაინც მიიღებს.

ახალი ამბების გუნდი არის ერთიანი მოსალოდნელი  საფრთხეების მიმართ. სწორედ ეს ერთიანობა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გუნდს აქვს წლების განმავლობაში მოპოვებული მიუკერძოებლობისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების ძალა და სურვილი,“ – გვითხრა შორენა ღლონტმა.

„პოლიტიკური ცირკი გრძელდება“, – ასე უყურებს პროცესს, რომელიც ტელევიზიაში ამ დრომდე გრძელდება, ირაკლი ყურუა. იგი გადაცემა „ჰეშთეგის“ ხელმძღვანელია. ირაკლი ყურუაც ფიქრობს, რომ გიორგი კოხრეიძის გადირექტორება ხელისუფლების პირდაპირ ინტერესს აჩვენებს.

„ეს ცირკი დაიწყო ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით და ამან შეიძლება ახლა ბევრად რადიკალური ფორმები მიიღოს. ხელისუფლება არ ერიდება ღია ომის გამოცხადებას. ვგულისხმობ საჯარო განცხადებებს, მათ შორის, დაოკებისკენ მოწოდებაზე, ან იმაზე, რომ თურმე „ნაციონალურ მოძრაობის“ იდეოლოგიას ვატარებთ. მეორეს მხრივ, სადღაც შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ წარმოვადგენთ ანგარიშგასაწევ ძალას და ჩვენ შევუქმენით ეს დისკომფორტი ხელისუფლებას.

ხელისუფლება არც ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილის გამოყენებას მოერიდა. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი მსხვერპლი იყო, ან ამას გამიზნულად აკეთებდა, მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი ამ პროცესში არის ის, რომ მათ მანკიერი გეგმის განხორციელება შეძლეს ტელევიზიის შიგნით კონკრეტულ ადამიანებზე დაყრდნობით,“ – ამბობს ირაკლი ყურუა.

ახლა რა როლს შეასრულებენ ტელევიზიის თანამშრომლები ტელევიზიის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად? – ირაკლი ყურუას პოზიტიური მოლოდინი აქვს, რადგან მიიჩნევს, რომ „აჭარის ტელევიზია“ უკვე „საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და ეს მათ არ მისცემს რადიკალური ზომების გამოყენების საშუალებას“.

„ლუსტრაციაში მოგვყევითო „ფეისბუკში“ დაწერა ნათია ზოიძემ. ასე რომ, პარასკევი ბორდის და პროცესის ბოლომდე ლუსტრაციის დღეა,“ – ამბობს თეონა ბაკურიძე, „აჭარის ტელევიზიის“ მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანი. რამდენიმე დღის წინ მას პირდაპირ ეთერში უთხრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ, რომ „ნაცმოძრაობას“ უნდა გაემიჯნოს. ტელევიზიის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობაც თეონა ბაკურიძის ეთერში შედგა – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ასე მიმართა წამყვანს: „დაოკდი“.

მანამდე კი იყო ბიძინა ივანიშვილის თავდასხმა.

„მე ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დღეს ვთქვი, რომ ამ მაუწყებელში დავრჩები მანამ, ვიდრე ჩემი სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება უზრუნველყოფილი. ამას ვაპირებ ახლაც. თუ გიორგი კოხრეიძე გახდება დირექტორი, ეს თვალში ნაცრის შეყრა გამოვა, თუმცა ნაცარშეყრილი თვალებითაც დავინახავთ და მანამდეც დავინახეთ, რა სცენარიც დაიდგა. არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, მაგრამ ვნახოთ რას იზამს მრჩეველთა საბჭო. თუ გიორგი კოხრეიძე გახდება დირექტორი, მას არ ექნება კომფორტი იმისთვის, რომ აკეთოს ის, რისი ეჭვიც გვაქვს,“ – გვითხრა თეონა ბაკურიძემ.

ლუსტრაციის მოლოდინი უფრო აქვს, ვიდრე გადირექტორების ნათია ზოიძეს, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას ასრულებს და დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატია. მან 19 ნოემბერს ფეისბუქპოსტში ასე აღნიშნა:

„…ხელისუფლებამ დადო სცენარი, ჩვენ გავშიფრეთ ამ სცენარით რომ წავიდოდნენ, ელჩებს გავუზიარეთ ჩვენი ვარაუდები, წერილიც გამოვაქვეყნეთ, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული წრეების წარმომადგენლებსაც შევხვდით… ხელისუფლების წარმომადგენლები გვიკიჟინებდნენ: შეთქმულებების თეორიებში ღრმად მიდიხართო… გამოგვყევით ბოლომდე, ლუსტრაციის დროა!“

ამ თემაზე:

აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია – ქარტიის საბჭოს განცხადება

 

 

 

უმაღლესი საბჭო სასესიო დარბაზის მოსაწყობად 195 ათას ლარს დახარჯავს

აჭარის უმაღლესი საბჭო [აუს], ახალ ადმინისტრაციულ შენობაში [ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა №37] სასესიო დარბაზის რემონტისთვის ბიუჯეტიდან 195 415 ლარს დახარჯავს. „თანამდებობის პირებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნისა და საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე“, აუს გეგმავს დარბაზი მაქსიმალურად მჭიდრო ვადაში გაარემონტოს. ამ თანხას ტენდერის გარეშე დახარჯავს.

თანხმობისთვის უმაღლესმა საბჭომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

„შესყიდვის განუხორციელებლობა ზიანს აყენებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, კერძოდ აჭარის უმაღლესი საბჭო ვერ განახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, ვერ ჩაატარებს პლენარულ და რიგგარეშე სხდომებს, რადგან არსებულ სივრცეში არ არის აღნიშნული შესაძლებლობა. აღნიშნული შესყიდვის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო, ვინაიდან უმაღლეს საბჭოს დაბა ჩაქვიდან ქალაქ ბათუმში გადასვლა გადაწყდა და შენობა უმაღლეს საბჭოს გადაეცა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, რის შემდეგაც გარკვეული დრო დასჭირდა აუცილებლად შესასრულებელი სამუშაოების განსაზღვრას, დაგეგმვასა და განხორციელებას… გაცნობებთ, რომ დასრულდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები, რომელიც, პირველ რიგში, მოიცავდა სასესიო დარბაზის კონცეფციის და დიზაინის შექმნას. რასაც წინ უძღოდა შენობის მცირე სარემონტო სამუშაოების დაწყება, მათ შორის, მოიცავდა დაზიანებული სანიაღვრე არხების წმენდას და დაზიანებული ადგილებში ჰიდროიზოლაციას, რამაც უზრუნველყო სასესიო დარბაზისათვის განკუთვნილი სივრცის გარედან შემოსული ნალექების აღმოფხვრა“ – აღნიშნულია აუს-ს განაცხადში.
უმაღლესი საბჭოს განცხადებით, სხდომათა დარბაზის მოწყობის სამუშაოების ხარჯების 75% გათვალისწინებულია, მხოლოდ 2019 წლის აუს-ს ბიუჯეტში. დარბაზის რემონტი საბჭოს გათვლებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში უნდა დასრულდეს.

„ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვა დაკავშირებულია ხანგრძლივ პროცედურებთან, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე დამატებით მინიმუმ 1-თვიან ვადასთან. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შეუფერხებელი განხორცილებისათვის, ასევე სესიების გამართვის აქტუალურობით, სპეციფიკურობით და მისი მაღალი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სახელწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებლობად მიგვაჩნია ზემოსხენებული შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის გზით“, – აცხადებს უმაღლესი საბჭო.

შესყიდვების სააგენტოში აუს-ს განცხადების განხილვის საბოლოო თარიღად 2019 წლის 26 ნოემბერია ჩანიშნული.

ოთახი, სადაც უმაღლესი საბჭოს სასესიო დარბაზი მოეწყობა. მარჯვნივ – დაზიანებული კედელი ამავე დარბაზში / 11.09.2019

აჭარის უმაღლესი საბჭო ხელოვნების უნივერსიტეტის ყოფილ შენობაში გადასასვლელად ემზადება. ეს შენობა [ყოფილი პირველი საავადმყოფო], რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თავის დროზე გაარემონტეს და იქ სასწავლო უნივერსიტეტი განთავსდა. შენობის რემონტში, ექვსი წლის წინ, 6,4 მილიონი ლარი დაიხარჯა. 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში კი, შენობა სავალალო მდგომარეობაში იყო.

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს

 

 

თიბისი ბანკი მომხმარებელს თანხის QR კოდით განაღდების ინოვაციურ სერვისს სთავაზობს

პირველად საქართველოში, თიბისის ბანკომატებიდან თანხის განაღდება უკვე ბარათის გარეშე, QR კოდით არის შესაძლებელი. სიახლე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ანდროიდის მომხმარებლებისთვის.

თანხის QR კოდით განაღდება არსებულ პროცესთან შედარებით გაცილებით სწრაფი და მარტივია, (20 წამზე ნაკლები) რაც კიდევ უფრო დაზოგავს მომხმარებლის დროს.

მომსახურებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა თიბისის  მობაილბანკში, ზედა მარჯვენა კუთხეში QR კოდის სიმბოლოს უნდა დააჭიროს და სასურველი რაოდენობის თანხა აპლიკაციაშივე მიუთითოს.

QR კოდით თანხის განაღდება სრულიად უსაფრთხო და დაცულია. მომხმარებლის იდენთიფიკაცია ბიომეტრიულად – თითის/სახის ანაბეჭდით ან მობაილბანკში შესვლის სხვა მეთოდებით ხორციელდება. განაღდების ერთჯერადი ლიმიტი 1 000 ლარს შეადგენს, დღის ლიმიტი კი – 3000 ლარს.

„თიბისი მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს ისეთი პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს, რაც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. მოხარული ვართ, რომ დღეიდან თანხის ბანკომატიდან განაღდება კიდევ უფრო სწრაფად, ბარათის გამოყენების გარეშე იქნება შესაძლებელი“, – ვაჟა ბერიაშვილი, თიბისის გადახდების განვითარების ლიგის უფროსი.

ინოვაციური სერვისით სარგებლობას უახლოეს მომავალში ანდროიდის მომხმარებლებთან ერთად, IOS-ის მომხმარებლებიც შეძლებენ.

QR კოდით განაღდების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/en/web/guest/qr-campaign .

ინტერვიუ იაპონიის ელჩთან – „მომავალი არჩევნები მნიშვნელოვანი გამოცდაა დემოკრატიისთვის“

გთავაზობთ ინტერვიუს იაპონიის ელჩთან საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარასთან, რომელსაც „ბათუმელები“ იმპორტ-ექსპორტზე, ვიზების გამარტივებაზე, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

  • ბატონო ტადაჰარუ, საქართველოში ბევრი ადამიანი ოცნებობს იაპონიაში მოგზაურობაზე, თუმცა ეს ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. მუშაობთ თუ არა მიმოსვლის გამარტივებაზე, ვიზებისა და პირდაპირი ფრენების მიმართულებით?

რა თქმა უნდა, ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე იაპონიისთვის და მე მსურს მოვიწვიო უფრო და უფრო მეტი იაპონელი ტურისტი საქართველოში. საქართველო ტურისტებს ბევრ რამეს სთავაზობს, იქნება ეს მშვენიერი ბუნება, მასპინძლობა, უგემრიელესი ღვინო თუ სამზარეულო. იაპონელ ადამიანებს უყვართ მსგავსი გამოცდილების მიღება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ორმხრივი უნდა იყოს, მნიშვნელოვანია, ქართველებიც ეწვიონ იაპონიას. იაპონიას სურს მიიღოს უფრო მეტი ტურისტი, მათ შორის ქართველები.ასე რომ, პირდაპირი ფრენები ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, პირველ რიგში უნდა გავზარდოთ ჩვენს ქვეყნებს შორის მიმოსვლა, ტურისტების რაოდენობა ორივე მხარეს, და შემდეგ უკვე შეიძლება პირდაპირი რეისების შემოღება.

  • ახლახან მმართველმა პარტიამ არ შეასრულა დაპირება პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების შესახებ, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. რა საფრთხეს შეიცავს დაპირების შეუსრულებლობა?

პროპორციული საარჩევნო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. არა მხოლოდ იაპონია, არამედ დიდი ბრიტანეთი, ევროპა და შეერთებული შტატები ძლიერად უჭერდა მხარს მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას საქართველოში. ძალიან სევდიანი და დასანანი იყო იმის ყურება, რომ პარლამენტმა ჩააგდო ეს საკონსტიტუციო ცვლილება. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ორივე მხარე – როგორც დემონსტრაციის მონაწილეები, ისე ხელისუფლება, ჩაებან კონსტრუქციულ დიალოგში და შეინარჩუნონ მშვიდობა, რათა არ დაზიანდეს დემოკრატიული პროცესი საქართველოში. მომავალი წლის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა დემოკრატიისთვის და იმედი გვაქვს, სიტუაცია დასტაბილურდება და ქვეყანა აჩვენებს დემოკრატიის საუკეთესო ხარისხს დანარჩენ მსოფლიოს.

  • 2019 წლის იანვარ-სექტემბერში იაპონიიდან იმპორტმა 150,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტმა 9 მილიონი აშშ დოლარი. იმპორტი იზრდება, მაგრამ არსებობს თუ არა რესურსი  საქართველოდან იაპონიაში ექსპორტის გასაზრდელად? იგივე ღვინის ექსპორტის გაზრდაზე რას ფიქრობთ?

საელჩოს როლია, რომ წაახალისოს ექსპორტი იაპონიიდან საქართველოში. ამავე დროს, მე ძალიან ვგულშემატკივრობ ქართულ სახელმწიფოს და ეკონომიკას, რათა გაიზარდოს ექსპორტი საქართველოდან იაპონიაში. კარგი იქნება თუ გავიაზრებთ, რომ იაპონიის ბაზარი ძალიან დიდი და განვითარებულია და გაჯერებულია სხვადასხვა ტიპის პროდუქტით. ასე რომ, არ არის მარტივი, ქართულმა ღვინომ დაიმკვიდროს ადგილი ამ ბაზარზე. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანია პუნქტუალურობა ტრანსპორტირებისას, რადგან იაპონელ ხალხს, მომხმარებლებს, სურთ, მიიღონ ქართული ღვინო ზუსტად იმ დროს, როცა გათვლილია. 

ასე რომ, მიწოდების დაგვიანებას სერიოზულად შეუძლია ბიზნესის დაზიანება. პუნქტუალურობა კონკურენტუნარიანობის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც საქართველომ უნდა განავითაროს. სხვანაირად, ვერ შეხვალთ ამ ძლიერ განვითარებულ ბაზარზე. კიდევ ერთხელ, ქართული ღვინო და გემო ფანტასტიკურია, და ყველა იაპონელი ადამიანი ბედნიერი იქნება მისი დაგემოვნებით, ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ქართველი ექსპორტიორები გაიაზრებენ, რომ ტრანსპორტირებისას პუნქტუალურობა ძალიან მნიშვნელოვანია.

  • იაპონიის მთავრობა და ხალხი საქართველოში სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. რატომ აკეთებს იაპონია ამას საქართველოსთვის და რა  ანიჭებთ უპირატესობას?

ჩვენ ბევრ მხარდამჭერ პროგრამას ვახორციელებთ საქართველოში. საელჩომ დააფინანსა 170-ზე მეტი პროექტი ბოლო 20 წელიწადში, მაგალითად, პროექტები ადამიანების უსაფრთხოებაზე, რაც ფუნდამენტური მნიშვნელობისაა… ამჟამად ვმუშაობთ პროექტებზე განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ეს ხდება თვითგანვითარებისთვის, რადგანაც იაპონია, იაპონიის საელჩო და სხვა ორგანიზაციები მარადიულად ვერ დაეხმარება საქართველოს. ამ პროექტებმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს თვითგანვითარებას.

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე აქციის დაშლაზე: მოსამართლეები უკანონობის სახედ იქცნენ

„ეს ყველაფერი ნდობას უკარგავს სასამართლოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც არის ხელისუფლების ამოცანა,“ – გვითხრა ინტერვიუს ბოლოს ნონა წოწორიამ. იგი 2008 წლიდან 10 წლის განმავლობაში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე იყო, ამჟამად კი, ისევ სტრასბურგში დამოუკიდებელ ექსპერტად მუშაობს. ნონა წოწორიას ევროსასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ქართული სასამართლოების მიერ ბოლო დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ვესაუბრეთ, როცა საპროტესტო აქციის მონაწილეები გაასამართლეს. მათ დიდ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილს ჯარიმა – 1500-1500 ლარი.

  • ქალბატონო ნონა, სასამართლოებმა საპროტესტო აქციებზე დაკავებულების წინააღმდეგ ძირითადად გამოიყენეს ადმინისტრაციული პატიმრობა, ასევე ჯარიმა. თქვენი შეფასებით, რამდენად კანონიერი და სამართლიანი იყო ეს გადაწყვეტილებები?

რამდენიმე ძირითად პოსტულატზე მინდა გავამახვილო ყურადღება: არსებობს ევროკონვენცია, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია საქართველოსთვის და არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას დემოკრატია. მეორე: გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, განსაკუთრებით პოლიტიკურ საკითხებზე, არის დემოკრატიის ფუნდამენტი და ეს არის დაცული კონვენციის მე-10, მე-11 მუხლებით. მესამე: პოლიტიკური პარტიები არიან დემოკრატიაში მთავარი როლის შემსრულებლები, ამიტომაც გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, პირველ რიგში, მათზე ვრცელდება და მეოთხე: სახელმწიფო ვალდებულია გონივრულ ინტერვალებში ჩაატაროს არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას ხალხის ნების გამოხატვას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

ევროსასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ნებისმიერი ჩარევა, რომელიც სიტყვის და გამოხატვის უფლებების შეზღუდვისკენ არის მიმართული, უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული, განსაკუთრებით კი როცა საკითხი პოლიტიკურ სიტყვას ეხება. სახელმწიფოს, როგორც წესი, აქციის დაშლის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, როცა არის მოწოდება ძალადობისკენ ან დემონსტრანტების მიზანი დემოკრატიის პრინციპების უარყოფაა. ჩვენს შემთხვევაში, თბილისში ან ბათუმში, ამ ტიპის მოვლენებს ადგილი არ ჰქონია. ამიტომ სახელმწიფოს მოქმედების ფარგლები არის გაცილებით ვიწრო.

  • საქართველოში სასამართლოები ამოვიდნენ იქედან, რომ აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს.

ევროსასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მაშინაც კი, როდესაც ფორმალური თვალსაზრისით კანონი არ არის შესრულებული, სახელმწიფოს არ აქვს უფლება გამოიყენოს არაპროპორციული ძალა მიტინგების დასაშლელად. ამ შემთხვევაშიც ვალდებულია ხელისუფლება, გამოიჩინოს მოთმინება, როცა დემონსტრაცია არ შეიცავს მოწოდებას ძალადობისკენ და ეს დემოკრატიას არ უქმნის საფრთხეს.

საფრთხე, რაც ახლავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მდგომარეობს იმაში, რომ მას შეიძლება ჰქონდეს „მსუსხავი ეფექტი“. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც გამოიყენება ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის წესით გათვალისწინებული სასჯელები, შესაძლოა, ეს მიზნად ისახავდეს სხვა ადამიანების დაშინებას, რომ მათ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა აღარ მიიღონ.

ეს არის ევროსასამარათლოს მიერ ძალიან მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკა. ამ კონტექსტიდან თუ შევხედავთ, 1500 ლარი ჯარიმაც კი სერიოზული პრობლემაა, არათუ პატიმრობა. პატიმრობა არის მძიმე შემთხვევა. ჯარიმის შემთხვევაში 1500 კი არა, გაცილებით ნაკლებ ოდენობაზეც კი, ევროსასამართლომ შესაძლოა თქვას, რომ ამ ოდენობას აქვს „მსუსხავი ეფექტი“. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ჯარიმის მიზანი დემოკრატიის დაცვა კი არაა, რომლითაც სახელმწიფომ შესაძლოა გაამართლოს თავისი ქმედება, არამედ პირიქით, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ვინაიდან ხალხს აშინებს და წინაღობას უქმნის, რომ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს, რასაც პრინციპში უკვე ვხედავთ.

ფუნდამენტური შეცდომა იქნება, თუკი ვინმე იტყვის, რომ ხუთი, ან ათი დღით პატიმრობას არაფერი უშავს, ეს არაა ბევრი. მე კატეგორიულად ვემიჯნები მსგავს მოსაზრებას, რადგან კონვენცია არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანის თავისუფლება. ერთი წუთით შეზღუდვაც კი საფრთხეს ქმნის, როცა ადამიანს დაუსაბუთებლად აღუკვეთ თავისუფლებას.

  • თქვენი აზრით, ბათუმის და თბილისის საქალაქო სასამართლოებმა დაარღვიეს კონვენციის მოთხოვნები?

მე ვფიქრობ, რომ კი. აქ იკვეთება სერიოზული პრობლემაც და ეს არის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. ეს არის 166 [წვრილმანი ხულიგნობა] და 173 [პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] მუხლები. ეს კოდექსი არის საშუალება და იარაღი ხელისუფლების ხელში, რომ იგი ბოროტად გამოიყენოს. ნებისმიერი შემთხვევა შეიძლება დაკვალიფიცირდეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევით და ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ნორმა თვითნებურად იყოს გამოყენებული. ვისურვებდი, რომ ეს ნორმები გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ბევრი ვერ აღიქვამს ადეკვატურად ამ ნორმის საფრთხეს. ითვლება, რომ მაინც რამდენიმე დღით იყენებს პატიმრობას სასამართლო და „არა უშავს“. ევროსასამართლოს აქვს ძალიან დიდი პრაქტიკა ამ თემაზე. მისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების პრაქტიკა  არის იარაღი დემოკრატიის სახელით, რომ დემოკრატიაზე იერიში მიიტანონ. მაგალითად, სომხეთში როდესაც იყო პოლიტიკური კრიზისები სხვადასხვა დროს, ზუსტად ადმინისტრაციული წესით და პოლიციელის დაუმორჩილებლობის მოტივით ისჯებოდნენ აქტივისტები.

  • ანუ მხოლოდ სისხლის სამართლის წესით უნდა რეგულირდებოდეს ეს საკითხი?

ბუნებრივია, სისხლის სამართალში უფრო მეტი პროცედურული გარანტიებია დაცვისთვის. იქ სახელმწიფო ვალდებულია, დაადასტუროს პირის ბრალეულობა. თუ ადმინისტრაციულში იქნება მსგავსი ჩანაწერი, აქაც უნდა არსებობდეს მსგავსი გარანტიები და შესაბამისი კონკრეტიკა. ადმინისტრაციულზე რატომღაც ფიქრობენ, რომ აქ გარანტიები არ არის საჭირო. ადმინისტრაციულ საქმეებში ძირითადად მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან და ეს უკანონოა აბსოლუტურად.

  • საინტერესოა ევროსასამართლოს მიდგომა ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებაზე.

თითოეული საქმე განსხვავდება ერთმანეთისგან და მნიშვნელოვანია ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ცალკეულ საქმეებზე დგინდება.

მახსენდება, მაგალითად, ერთ-ერთი საქმე საფრანგეთის წინააღმდეგ, როცა კონკრეტული ეკლესია ორი თვე იყო პიკეტირებული, ორ თვეზეა საუბარი და მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს დემონსტრანტების შეზღუდვის გადაწყვეტილება, როცა იქ სანიტარული მდგომარეობა დამძიმდა. კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები ყველა ტიპის გამოხატვის თავისუფლებაზე ვრცელდება: მსვლელობა, პიკეტი, გამოფენა თუ ასე შემდეგ, ყველაფერზე, რაც კი ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს თავისი პოზიციის გამოსახატად. ჩვენ, საქართველო, ამ შემთხვევაში ვართ არაორდინალურ სიტუაციაში, რადგან კონვენცია ეფუძნება იდეას – „დემოკრატია უნდა იყოს მებრძოლი.“ ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას შეუძლია შეზღუდოს კონკრეტული ჯგუფი, როცა იგი დემოკრატიას უქმნის საფრთხეს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში თავად ხელისუფლებამ გადაუხვია დემოკრატიას. ვხედავთ, რომ მან უარი თქვა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩვენს შემთხვევაში თავად ხელისუფლებამ წაახალისა ის, რაც ახლა ქუჩაშია გადატანილი.

  • როგორ უნდა ემოქმედა სასამართლოს, თუკი ფაქტის დონეზე დგინდება, რომ პიკეტირება იყო და პარლამენტარები არ შეუშვეს პარლამენტში?  

როდესაც ლაპარაკია პოლიტიკური სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე, ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს უფლება რეაგირება მოახდინოს, მაგრამ გასათვალისწინებელია ყველა ფაქტობრივი გარემოება.

თუკი ამ საქმეებს განიხილავს ევროსასამართლო, აუცილებლად მიექცევა ყურადღება ისეთ საკითხს, როგორიცაა: რამდენად იყო აუცილებელი იმ დღეს პარლამენტარები პარლამენტში შესულიყვნენ? იყო გარდაუვალი აუცილებლობა, რომ სხდომა ჩატარებულიყო? ევროსასამართლო შეაფასებს, რამდენად ტოლერანტული იყო ხელისულება ამ დემონსტრანტების მიმართ, რადგან ნებისმიერი დემონსტრაციით ლოგიკურად რაღაც იზღუდება, შეუძლებელია, რომ ამით ვიღაცას დისკომფორტი არ შეექმნას. ეს უნდა გაიზომოს: რამდენად დიდია ეს დისკომფორტი და რამდენად იყო პროპორციული ძალა – 100 მომიტინგის წინააღმდეგ 1000 პოლიციელის გამოყვანა, ასევე წყლის ჭავლი. ევროსასამართლო იკითხავს: რამდენად იყო საშიში პროტესტის ეს ფორმა და რას ემსახურებოდა დემონსტრაციის მიზანი?

როდესაც საუბარია ამ ტიპის საქმეებზე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რას ეხებოდა თემა, რამდენად იყო იგი საჯარო ინტერესის საგანი? თბილისის და ბათუმის აქციების შემთხვევაში უდავო და ცალსახაა, რომ დიდია საჯარო ინტერესი და ეს ეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, პოლიტიკური პროცესის ფორმირებას. ძალიან ძნელია, ეს ვინმემ უგულებელყოს. სასამართლო როდესაც ამ ტიპის საქმეს განიხილავს, ათვლა აქედან უნდა დაიწყოს. ეს არის საკვანძო საწყისი წერტილი ევროსასამართლოსთვის.

  • ბათუმის შემთხვევაში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აჭარის მთავრობის სახლში შესვლა შეუძლებელი იყო.

პარლამენტისგან განსხვავებით, ეს კიდევ სხვა შემთხვევაა. აქ ჩანს, რომ საერთოდ არ იყო საჭიროება პიკეტირების მოხსნის, რადგან შენობას აქვს სხვა შესასვლელები. ეს უფრო ჰგავდა ძალის დემონსტრირებას მოქალაქეების წინააღმდეგ და ნამდვილად არ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ გამოავლინა ის მოთმინება, რაც მას ევალება, როცა დემოკრატიულ პროცესებთან გვაქვს საქმე.

ყველაზე მთავარი, რასაც ვხედავთ, როგორც ბათუმის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოების შემთხვევებში, ჩანს ის, რომ როდესაც მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს ამ შემთხვევებზე, მან მხედველობაში უნდა მიიღოს კონსტიტუცია და კონვენციის მე-10, მე-11 მუხლები, ანუ დააბალანსოს სხვადასხვა ინტერესი. მე არ მინახავს ამ გადაწყვეტილებების ორიგინალი ვერსია, მაგრამ რასაც გავეცანი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსამართლეებმა ეს კონკრეტული ფაქტები განიხილეს მხოლოდ სამართალდარღვევის კონტექსტში და საერთოდ არ უმსჯელიათ იმაზე, რომ ეს ეხებოდა პოლიტიკური სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას. თუ ევროსასამართლომდე მივა ეს საქმეები, პირველი, რასაც სასამართლო შენიშნავს, არის ის, რომ ინტერესების დაბალანსების პროცესში საერთოდ უგულებელყოფილია გამოხატვის თავისუფლება და ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა.

  • ყოფილა მსგავსი საქმეები ევროსასამართლოში საქართველოს წინაღმდეგ?

კი, იყო. ერთ-ერთი გადაწყვეტილება არის 2012 წელს მიღებული და ეხებოდა 2006 წელს აქციის დაშლას. იმ შემთხვევაშიც საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული პატიმრობა. ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ მსგავსი შემთხვევები საჭიროებს კონსტიტუციური და კონვენციური გარანტიების გამოყენებას. ასევე თქვა, რომ სახელმწიფომ უგულებელყო მომიტინგეების საჯარო ინტერესი. ამ შემთხვევაში დემონსტრანტები სასამართლოს ეზოში მართავდნენ აქციებს. ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ ეს იყო საჯარო ინტერესის საგანი და ის არ უნდა შეეზღუდათ.

  • თუკი მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები მიმართავენ ევროსასამართლოს, რამდენად სწრაფად არის შესაძლებელი გადაწყვეტილების მიღება?

იმედი მაქვს, რომ ეს საქმეები წავა ევროსასართლოში, მაგრამ გადაწყვეტილებები ვერ იქნება მალე მიღებული. ვფიქრობ, რომ სწორედ ამაზეა გათვლილი ხელისუფლების მოლოდინი. მისთვის მნიშვნელოვანია პროცესი ახლა და არა ის, თუ რას იტყვის ევროსასამართლო ორი, ან სამი წლის შემდეგ. ხელისუფლებას დღეს არ აწყობს კონვენციის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში გიორგი რურუას წინააღმდეგ ასე უხეშად  არ იმოქმედებდნ და უკანონო პატიმრობას არ გამოიყენებდნენ… ხელისუფლებაში ახლაც არის მინიმუმ ორი-სამი ადამიანი, ვინც ძალიან კარგად იცის ევროკონვენცია და ისიც, რომ ეს კონვენცია ირღვევა.

ვფიქრობ, საჭიროა ყველაფრის გასაჩივრება. სამწუხაროდ, მოსამართლეები, რომლებიც ნდობას უნდა იწვევდნენ, უკანონობის სახედ იქცნენ საქართველოში, ეს ძალიან რთული მოსათმენია. ეს ბოლომდე არ ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს. ასე რომ, უნდა ვცადოთ, იგივე ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის გასაჩივრება. დანარჩენი პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ.

კმდს: საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობაზე დაშენებას ითხოვენ და არა დემონტაჟს

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, შპს „ სახლი ბარათაშვილზე“  ბათუმში ბარათაშვილის #30 -ში მდებარე ისტორიული შენობის დემონტაჟს არ გეგმავს და მხოლოდ დაშენების უფლებას ითხოვს. რვასართულიანი შენობის აგებას პროექტი გორგასლის ქუჩის მხრიდან ითვალისწინებს, აქ არსებულ სახლსა და სხვა დამხმარე შენობებს კი ნებართვის მიღების შემთხვევაში დაანგრევენ.

რეესტრის მონაცემებით, საპროექტო ტერიტორია სულ რვა შენობა-ნაგებობას აერთიანებს, თუმცა მათ შორის, როგორც ხელოვნებათმცოდნის დასკვნაშიცაა მითითებული, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მშენებლობის მსურველმა კომპანიამ წარუდგინა, მთავარი შენობა აქ ბარათაშვილის #30-ში მდებარე საოჯახო მედიცინის ცენტრია, სხვა შენობები კი, ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილის შეფასებით,  მარტივი, რიგითი შენობებია და მხატვრულ-არქიტექტურულად არ გამოირჩევა რაიმე ღირებულებით.

„საოჯახო მედიცინის ცენტრი“ სახელმწიფოს საკუთრებაშია და ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია, მოელაპარაკა თუ არა მშენებლობის მსურველი კომპანია ქონების მეპატრონეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს. შენობა „საოჯახო მედიცინის ცენტრს“ იჯარით აქვს აღებული.

ხელოვნებათმცოდნის დასკვნაში მითითებული ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩაზე გამომავალი ორსართულიანი ნაგებობა, სადაც ახლა „საოჯახო მედიცინის ცენტრია“, 1937 წელს აუშენებიათ:

„იგი წარმოადგენდა იმ ხანებში დამკვიდრებული „სტალინური“ არქიტექტურის საფასადო სახის შენობას, რომელშიც გახსნილი იყო საბავშვო პოლიკლინიკა. ამ ნაგებობაში ასახულია XX საუკუნის პირველი ნახევრის ბათუმის ზოგადი მხატვრული ესთეტიკა. ამასთან, ნაგებობის სტრუქტურისა და ფასადის ამგვარი გადაწყვეტა მისადაგებულია უბნის ზოგად არქიტექტურულ გარემოსთან. შენობას ამ ეტაპზე არ აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, თუმცა, ნაგებობა ფონური ღირებულებისაა და წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ობიექტს. XXს-ის განმავლობაში ამ ნაგებობაში მოხდა გარკვეული სტრუქტურულ-გეგმარებითი ცვლილება. რამდენჯერმე ჩანს ჩატარებული ინტერიერის და ფასადების რემონტი“ – წერს გია ჭანიშვილი.

რაც შეეხება დაშენებას, ხელოვნებათმცოდნე დაშენებას დასაშვებად მიიჩნევს „ზღვრული დოზით“ და წერს, რომ  დაშენებული მოცულობა არ უნდა იყოს არსებულზე მოზრდილი და არ უნდა დათრგუნოს შენობის არქიტექტურული სახე. შესაძლებელია დაშენება დასრულდეს მანსარდული მოცულობით, „ოღონდ მანსარდის სტრუქტურა და მხატვრული სახე მსგავსი უნდა იყოს ბათუმური მანსარდების ესთეტიკისა და მას არ უნდა ჰქონდეს ზედმეტად ბუტაფორიული, კიჩური სახე.“

დასკვნა საკმაოდ მოცულობითია და მასში საუბარია იმაზეც, რომ  აუცილებელია შენობის კონსტრუქციული გამაგრება, დაზიანებული ნაწილების შეკეთება და გამაგრება დაშენებამდე.

გაითვალისწინებს თუ არა ამ მოთხოვნებს მშენებელი ნებართვის მიღების შემთხვევაში, ამის შესახებ წინასწარ საუბარი შეუძლებელია. უცნობია ისიც, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ზონალურმა საბჭომ, რომელმაც პროექტი სხდომაზე ერთხელ უკვე განიხილა. ეს საბჭო უფლებამოსილია რეკომენდაცია მისცეს ნებართვის გამცემ ორგანოს, ბათუმის მერიას, გასცეს ან არ გასცეს ნებართვა მშენებლობაზე ძეგლის დაცვის ზონაში.

ბარათაშვილის #30

 

მეზღვაურების 2 წელი ლიბიის ციხეში – სასჯელის ვადა გავიდა, მაგრამ მათ არ ათავისუფლებენ

ორი წლის წინ ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები ისევ ტყვეობაში რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ მეზღვაურებმა შეფარდებული სასჯელი მოიხადეს, მათი გათავისუფლება ამ დრომდე [21.11.2019] ვერ ხერხდება.

ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი REX ლიბიაში 2017 წლის 30 აგვისტოს  დააკავეს. ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს სამი მოქალაქე იყო,  თურქეთის – ხუთი და ორიც – ინდოეთის. ტანკერს ქართველი კაპიტანი, გენადი კომახიძე მეთაურობდა.

დაკავებულებს ბრალად დიდი ოდენობით ნავთობის უკანონო გადაზიდვა ედებოდათ. დაკავებული სამი მეზღვაურიდან  ერთი, ნუკრი ხოხბა 2018 წლის მარტში გაათავისუფლეს.

ლიბიის სასამართლომ ქართველ  კაპიტანს, გენადი კომახიძესა და მის თანაშემწეს რომან კაკალაძეს 2019 წლის აპრილში 6-თვიანი პატიმრობა და 1 810 017 მილიონი ლიბიური დინარის [1 289 114 USD]  გადახდა დააკისრა.

„მილიონ სამასი ათასი დოლარი გამოვიდა ის თანხა, რაც დააკისრა სასამართლომ რომას და გენადს. ამასთან ერთად, მიუსაჯეს ექვსი თვით პატიმრობა. მაგრამ ეს  დრო გაიქვითა, რადგან ორ წელზე მეტია დაკავებულები არიან.

ჩემი ძმა, რომა მეუბნება წესით უკვე თავისუფლები ვართო. ლიბიის კანონმდებლობით, თუ პატიმარი, რომელსაც სასამართლომ თანხის გადახდა დააკისრა, სამიდან ექვს თვემდე ვადაში ვერ იხდის ამ თანხას, თავისუფლდება ციხიდან. უბრალოდ, ვალი ექნება ლიბიისო.

საგარეო საქმეთა სამინისტროდანაც დამირეკეს და მითხრეს: მეზღვაურები უკვე თავისუფლები არიან, მაგრამ ლიბიელი პროკურორი გათავისუფლების საბუთს ხელს ვერ აწერს, რადგან თანხა ძალიან დიდიაო.

5 ოქტომბრისთვის მამზადებდა საგარეო. ბილეთი აღებული გვაქვსო, რომას პირადი ნივთებიც გამამზადებინეს, თურქეთში უნდა დავხვედროდით, მაგრამ გავიდა ამდენი დრო ოქტომბრის მერე და არ ვიცი რა ხდება. რომა მეუბნება დაველოდოთო და მეც ველოდები,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ რომა კაკალაძის და სალომე კაკალაძე.

ლიბიაში დატყვევებული კაპიტანის, გენადი კომახიძის დისშვილი, მირიან მიქელაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ ბიძამისი ოფიციალურად თავისუფალია, თუმცა ამ დრომდე მაინც ციხეში რჩება.

„20 დღის წინ ველაპარაკე გენადის. სასჯელი მოიხადეს, რეალურად უკვე გარეთ უნდა იყვნენ. თავისუფლები არიან, მაგრამ არიან ციხეში – მთავარი  მოსამართლე თუ პროკურორი არ აწერს ხელს საბუთს და არ ურტყამს ბეჭედს. რომ შევეკითხე იქნებ რამე უნდათ-მეთქი, ან ფული ან არ ვიცი, განუკითხაობაა იქ კი იცით, მიპასუხა – მოვიკითხე, ადვოკატსაც შევეკითხე, მაგრამ არაფერს არ ითხოვს, კონტაქტზე არ გამოდის ჩვენთან საერთოდო.

აქედან გამომდინარე ეჭვი მაქვს, სახელმწიფოსთან, რომელიღაც ორგანოსთან გამოდიან კონტაქტზე, სთხოვენ რაღაცას გათავისუფლების სანაცვლოდ, რასაც არ ამბობენ და დიდი ალბათობით არც არასდროს იტყვიან,“ – ამბობს მირიან მიქელაძე.

მეზღვაურების დაკავების დღიდან მათ გათავისუფლებაზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობს.

„მუდმივი კავშირი გვაქვს პატიმრობაში მყოფი მეზღვაურების – რომან კაკალაძისა და გენადი კომახიძის ოჯახებთან. ყველანაირად ვცდილობთ, როგორც მეზღვაურების, ისე მათი ოჯახის წევრების დახმარებას. საქართველოს მოქალაქეების ინტერესს სასამართლოზე იცავს ჩვენი სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ადვოკატი. მისი ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მეზღვაურების გათავისუფლების საკითხზე,“ –  უთხრეს „ბათუმელებს“  საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური არხების მეშვეობით აგრძელებს ლიბიაში მყოფი მეზღვაურების დახმარებას. საჭიროების შემთხვევაში ეგზავნებათ თანხა, პირადი მოხმარების საგნები და მედიკამენტები, ასევე ზუსტდება გათავისუფლების თარიღი და პროცედურები.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი მეზღვაურების საკითხი განიხილებოდა უმაღლესი დონის შეხვედრაზეც, კერძოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ლიბიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრისას, ასევე განხორციელდა არაერთი სხვა ხასიათის მაღალი დონის კონტაქტი, იქნება ეს სატელეფონო საუბარი ლიბიის მთავრობის წარმომადგენლებთან თუ სხვა.

სააგენტოში ამბობენ, რომ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით ვითარებას ართულებს ლიბიაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და უსაფრთხოების რთული გარემო.

მთავარი ფოტო: რომან კაკალაძე ლიბიის ციხეში

ამავე თემაზე:

რას ჰყვება ბათუმელი მეზღვაური ლიბიაში ტყვეობაზე

ბათუმის პორტში საფრანგეთის საზღვაო ძალების ხომალდი შემოვა

ხვალ, 22 ნოემბერს, ბათუმის ნავსადგურში ფრანგული ხომალდი „კომანდან ბირო“ შემოვა.

გემი ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ეწვევა.

„კომანდან ბირო“ საფრანგეთის საზღვაო ძალების სამხედრო საპატრულო ხომალდია. გემის სახელწოდება უკავშირდება ფრანგული გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრს, საზღვაო ოფიცირს, როჟერ ბიროს, რომელიც 1942 წელს დაიღუპა.

გლეხს თამბაქოს დაფასოება აღარ დასჭირდება – ახალ წესს სამინისტრო ამუშავებს

დღეიდან, 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი და მარკირების გარეშე თამბაქოს რეალიზაცია აკრძალულია. იმ ფერმერებისთვის კი, რომლებსაც თამბაქო სახლში მოჰყავთ, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მუშავდება ახალი, განსხვავებული წესი. ეს წესი განსაზღვრავს, თუ რა ფორმით მოახდენს ფერმერი მის მიერ მოყვანილი თამბაქოს რეალიზაციას.

როგორც „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურში განუმარტეს, ფერმერს ექნება უფლება, მის მიერ მოყვანილი თამბაქო [ნედლეული] მიაწოდოს მწარმოებელს ყოველგვარი დაფასოებისა და მარკირების გარეშე, ისე, რომ ფერმერი არ გადაიხდის აქციზის გადასახადს. თუმცა, მწარმოებლების ნუსხა, ვისაც ფერმერმა თამბაქო უნდა მიაწოდოს, ჯერ განსაზღვრული არ არის.

ჩვეულებრივი მოვაჭრე, რომელიც დღეს გლეხისგან ყიდულობს თამბაქოს და შემდეგ ყიდის, მეწარმედ არ ჩაითვლება. შესაბამისად, მეთამბაქოე თავის მოყვანილ თამბაქოს ასეთ მოვაჭრეს ვერ ჩააბარებს [ვერ მიჰყიდის] და ის იმ მეწარმეების ნუსხას უნდა დაელოდოს, რომელსაც ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს.

„თამბაქოს [როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციის] მოყვანა და მხოლოდ დაფასოება არ ითვლება თამბაქოს წარმოებად. წარმოება სხვა პროცედურებს ითვალისწინებს… განისაზღვრება მწარმოებელთა სია, რომელსაც გამოაქვეყნებს შემოსავლების სამსახური. ეს საჯარო იქნება და ყველას, მათ შორის ფერმერს, ეცოდინება, რომ მან საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი თამბაქო ვის უნდა მიაწოდოს. ანუ, უნდა მიაწოდოს იმ პირს, რომელიც მწარმოებლად იწოდება და ამ ფერმერზე არ გავრცელდება დაფასოების, მარკირების ვალდებულება; ის არ გადაიხდის აქციზის გადასახადს. მხოლოდ მწარმოებელმა უნდა მიიღოს ადგილობრივი თამბაქო ფერმერისგან [გლეხისგან], ეს მწარმოებელი კი უზრუნველყოფს შემდგომში დამუშავებას, დაფასოებას, მარკირებას. აქციზის გადასახადსაც მწარმოებელი [რეალიზატორი] გადაიხდის და არა ფერმერი“, – გვითხრეს შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრს აქვს უფლება განსაზღვროს განსაკუთრებული შემთხვევები: „ასეთი შემთხვევა კი იქნება ის, რომ თამბაქო, დამზადების მიზნით, ფერმერისგან მიეწოდება მეწარმეს და ეს მიწოდება მოხდება დაუფასოებელი სახით, აქციზისა და მარკირების ვალდებულების გარეშე. მინისტრის ბრძანებით, პროექტი განხილვის ეტაპზეა და უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. სწორედ ამ ბრძანებით დამტკიცდება რეალიზაციის განსხვავებული წესი იმათთვის, ვისაც საკუთარ მეურნეობაში მოჰყავს თამბაქო.“

რატომ არ განსაზღვრეს მწარმოებელთა, ასევე ფერმერის მიერ მოყვანილი თამბაქოს რეალიზაციის წესი ამ დრომდე? – ამ კითხვაზე პასუხი „ბათუმელებმა“ ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურისგან ვერ მიიღო.

უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ ფერმერების გათავისუფლება აქციზის გადასახადისგან თუ დაფასოება-მარკირების ვალდებულებისგან, თამბაქოს ფასზე მაინც ნეგატიურად აისახება – თამბაქო გაძვირდება.

ამასთან, ახალი წესით, რომელიც მინისტრმა უნდა დაამტკიცოს, ჩვეულებრივი მეთამბაქოე ან მოვაჭრე, თამბაქოს ბაზარში ვეღარ გაყიდის. ფაქტობრივად, ასეთი აკრძალვა დღეიდან, 21 ნოემბრიდან, უკვე ძალაშია და დაუფასოებელი და მარკირების გარეშე თამბაქოს გაყიდვა დაჯარიმებას გამოიწვევს.

– – –

2019 წლის 21 ნოემბრიდან, აიკრძალა დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება.

აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში. აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო კი უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული.

თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და თითოეულ შეფუთვაზე, განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

[yellow_box]ამ თემაზე: 21 ნოემბრიდან იკრძალება დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება და რეალიზაცია[/yellow_box]

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით კი 1 კილოგრამ თამბაქოზე აქციზის გადასახადი 60 ლარია.

წყარო: საგადასახადო კოდექსი

თამბაქოს დაუფასოებელი სახით გაყიდვის აკრძალვას და აქციზის გადასახადის შემოღებას შუახევის, ხულოსა და ქედის მეთამბაქოეების საპროტესტო აქციები მოყვა. გლეხების თქმით, თუკი ეს რეგულაცია არ შეიცვლება თამბაქოს აღარავინ მოიყვანს, ეს კი მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

ამ თემაზე:

„მშიერს გვტოვებენ, სოფელს მივატოვებთ და მიიღებენ ახალ „ოცნების ქალაქებს“ – მეთამბაქოეები

 

 

 

განათლების მინისტრმა 3 ახალი მოადგილე დანიშნა, ჩხენკელს სულ 7 მოადგილე ჰყავს

საქართველოს განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილის თანამდებობას ეკატერინე დგებუაძე დაიკავებს, რომელიც სამინისტროში ინკლუზიური განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

მინისტრის მოადგილე იქნება თამარ ქიტიაშვილიც, რომელიც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) მრჩეველი იყო პროფესიული განათლების საკითხებში და ნუნუ მიცკევიჩი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველი მოადგილე კვლავ ირინა აბულაძე იქნება. მინისტრის მოადგილეებად დარჩებიან ბადრი მაისურაძე, ლევან ხარატიშვილი და შალვა გოგოლაძეც.

მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად 13 ნოემბერს მეორედ დანიშნეს. ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კი თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

მიხეილ ჩხენკელი ამ თანამდებობაზე პირველად მხოლოდ რვა თვის განმავლობაში მუშაობდა.

სად გაითიშება ხვალ დენი ბათუმში, ქობულეთში, შუახევსა და ხულოში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 22 ნოემბერს, ბათუმში, ქობულეთში, შუახევსა და ხულოში მონაცვლეობით გაითიშება ელექტროენერგია ქსელზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო.

ბათუმში, 11-დან 18 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, ელექტროენერგია გაეთიშება შემდეგ ქუჩებს:

[crosslist]

  • ჟღენტის
  • რუსთაველის
  • ბაგრატიონის
  • ვაჟა-ფშაველას
  • მელიქიშვილის
  • ლუკა ასათიანის
  • ს.ხიმშიაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს [კვეთებში]

[/crosslist]

ქობულეთში, 11-დან 18 საათამდე, მონაცვლეობით, ელექტროენერგია გაეთიშება შემდეგ სოფლებს: კვირიკეს, მუხაესტატეს, წყავროკას, ხუცუბანსა და მიმდებარე სოფლებს.
შუახევში, 10-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება დაბა შუახევის ნაწილს;
ხულოში, 11:30-დან 20 საათამდე დენი გაეთიშება შემდეგ სოფლებს: ვერნებს, რაქვთას, ქედლებსა და მიმდებარე სოფლებს.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ  ელექტროენერგია გაითიშება მითითებული დროის მონაკვეთში, 1 ან 2 საათით და არა მეტი დროით.

ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცის მიწოდებისთვის პირს 3,6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის ოქტომბერში, შპს „ელენიკო“-ს დირექტორმა ნ.მ-მ ყალბი ვეტერინარული მოწმობებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით, სამტრედიის N4, N5 და სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საბავშვო ბაგა-ბაღებს, ძროხის ხორცთან ერთად მოტყუებით მიაწოდა ცხენის ხორციც.

სამართალდამცველებმა ნ.მ. 2019 წლის 27 თებერვალს დააკავეს. მას  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება), 219-ე მუხლის პირველი ნაწილით (მომხმარებლის მოტყუება), 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ორი ეპიზოდი) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნ.მ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბათუმის საჯარო საბავშვო ბაღებში 25 სპეცმასწავლებელი იმუშავებს 

ბათუმის ბაღების გაერთიანება სპეცმასწავლებლებს აიყვანს. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, სპეცმასწავლებლები ბათუმის 25 საბავშვო ბაღში იმუშავებენ.   მისივე ინფორმაციით, ბათუმის საბავშვო ბაღებში 115 სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელია.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ სწორედ სპეცმასწავლებლების დამატებისთვისაა გათვალისწინებული ის თანხა, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტის პროეტში ნამატის სახით აისახა და „უკვე დასაქმებული აღმზრდელებისა და მასწავლებლების ხელფასების გაზრდა აღარ იგეგმება“.

ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბათუმის ბაღების გაერთანების ბიუჯეტი 15 მილიონ 525 ათასი ლარი იქნება, რაც გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 817 900 ლარით მეტია. ნამატი თანხა შრომის ანაზღაურების გრაფაშია ასახული.

 

ცვლილებები ისტორიასა და მათემატიკაში – ეროვნული გამოცდები 2020

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება შევა. მაგალითად ისტორიაში, გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება.

საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება: „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ და „ისტორიული მოვლენის შეფასება“.

„ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ – აბიტურიენტმა ორი სხვადასხვა ტიპის (წერილობითი და ვიზუალური) წყარო უნდა შეაჯეროს და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გაანალიზების საფუძველზე გასცეს კითხვებს პასუხი.

„ისტორიული მოვლენის შეფასება“ – აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი – შეაფასოს ესა თუ ის ისტორიული პროცესი, მოვლენა ან პიროვნება. უცვლელი რჩება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

მათემატიკაში კი აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.

ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში – მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს უცხოური ენების ტესტის ერთ-ერთი დავალების აპრობაცია და „შედეგების დამუშავების შემდეგ გადაწყდება, შევა თუ არა 2020 წლის ტესტში რაიმე ცვლილება“.

„როგორც წინა წლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახლაც აქვთ უფლება კონკრეტულ პროგრამებზე აწიონ ბარიერი, ანუ გაზარდონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი“.

ტერაბანკი გზავნილების აქცია-გათამაშებას იწყებს

დღეიდან მომხმარებლები, რომლებიც ტერაბანკის გზავნილების მომსახურებით ისარგებლებენ, ახალ აქცია – გათამაშებაში ავტომატურად ჩაერთვებიან და სხვადასხვა ბენეფიტებით ისარგებლებენ.

აქციის პარალელურად მიმდინარეობს გათამაშებაც. წესების მიხედვით, 1 გზავნილით მომხმარებელი 1 ქულას იღებს, ყოველი გაგზავნილი ან მიღებული 500 ერთეული კი დამატებით 1 ქულაა. გამარჯვებულები ისინი გახდებიან, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ. პირველი ადგილის მფლობელს 2020 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილს – 100 ლარი, მომდევნოს კი – 500 ლარი. სამივე მათგანი 31 დეკემბერს გამოვლინდება.

ამას გარდა, აქცია – გათამაშების ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც გზავნილებით ისარგებლებენ, ანგარიშს უფასოდ გახსნიან, ვიზა კლასიკის ან მასტერქარდ სტანდარტის ბარათებით დასაჩუქრდებიან, თანხის განაღდებას ლარსა თუ აშშ დოლარში ბანკომატიდან უფასოდ შეძლებენ და დამატებით სხვა უპირატესობებით ისარგებლებენ.

ტერაბანკის გზავნილებით მომხმარებლებს თანხის მიღება და გაგზავნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუძლიათ. ბანკი მათ 9 ტიპის გზავნილით სარგებლობას სთავაზობს. ფუნქციონირებს 24-საათიანი სერვისცენტრებიც, სადაც მომსახურება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ამას გარდა, მსურველებს თანხის მიღება დისტანციურად, ქოლცენტრის მეშვეობითაც შეუძლიათ.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

როგორ უმკლავდებიან ნარჩენებს სოფლად?

იმის გამო, რომ სოფლებში ნარჩენების მართვის სისტემა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გამართული, აქაური მოსახლეობა, ქალაქისგან განსხვავებით, მაქსიმალურად ცდილობს ნარჩენები მეორადად გამოიყენონ მეურნეობაში. ნარჩენების მართვის უახლესი ტენდენციებიც, სწორედ ნარჩენების მინიმუმამდე შემცირებისა და მათი ხელმეორედ გამოყენებისკენაა მიმართული.

პირუტყვის საკვებისთვის მეორადად გამოყენებული ბიდონები

როგორც აღმოჩნდა, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ოჯახები, დღის განმავლობაში მოგროვებული ნარჩენებიდან თითქმის 90%-ს მეორადად გამოიყენებენ. ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებენ ის მოქალაქეები, რომლებსაც ამ საკითხზე „ბათუმელები“ ესაუბრა.

ხულოში, სოფელ დიდაჭარაში ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებაზე თემურ გობაძე გვესაუბრა. მისი თქმით, კარგმა მეურნემ ნარჩენები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. “მეურნე კაცმა ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს, ეკონომიაც გამოვა რესურსის, პირუტყვის საკვებზე ნაკლები დამეხარჯება თუ სხვადასხვა ნათალს და ნარჩენს არ გადავყრი… პლასტმასის ბიდონებს პირუტყვის თხევადი საკვებისთვის ვიყენებთ. თუნუქის ჭურჭელსაც ვიყენებთ, მაგრამ საქონელია მაინც… მალე ჭიჭყავს, მალე აფუჭებს, ამიტომ ამათ ვიყენებთ, უფრო უკეთესი დარჩა”, – გვითხრა მან.

ნახერხი

თემურ გობაძე ამბობს, რომ ასეთ ჭურჭელს მზეზე არ აჩერებენ, რადგანაც იციან, რომ პლასტმასის გახურებისას მავნე ნივთიერებები გამოიყოფა.

შუახევში სოფელ ტაკიძეებში მცხოვრები შუშანა ტარიელაძე ამბობს, რომ ყოველდღიურად მოგროვებული ნარჩენების ძალიან მცირე რაოდენობა რჩებათ ისეთი, რაც არაფერში გამოდგება. “დაახლოებით 8- 10%, შეიძლება ისიც არა… ასეთი ნარჩენებია თიხის ან შუშის ნამსხვრევები. კარტოფილის და სხვადასხვა ბოსტნეულის ნათალს პირუტყვს ვაჭმევთ, თუ რამეს დავწვავთ, ნაცარს ბოსტანში ვყრით, სასუქია ერთგვარი… რაც არ დაიწვება სოფლის მოსასვლელში არის ნაგავსაყრელი და, ძირითადად, მაქ იყრება, ვიცით, ეს ძალიან ცუდია”, – ამბობს ის.

ლეილა საფარიძე, ქედის სოფელ ცხმორისიდან ყვება, რომ თხილის, კაკლის, წაბლის ნაჭუჭს საწვავად იყენებენ. ეზოში მოგროვებულ ფოთლებს და სხვა მსგავსი ტიპის ნარჩენებს ნეშომპალად უყრიან მცენარეებს. “ძველ ტანსაცმელს დავკერავთ და დავაგებთ ლოგინზე, ლეიბის ქვემოთ, რომ ლეიბზე არ გადავიდეს ჟანგი ლოგინიდან. პლასტმასის ჭურჭელს – არაჟნის იქნება თუ სხვა რამის, ქოთნებად ვიყენებთ, ან სამარილედ, საშაქრედ, მაწვნისთვის ვიყენებთ… თითქმის არასოდეს ვყრით ასეთ ჭურჭელს”, – ამბობს ის.

ქოთნებად გამოყენებული პლასტმასის ჭურჭელი

გამოუსადეგარ ნარჩენებს მოსახლეობა ნაგვის ურნებში ყრის, რომელთა რაოდენობაც გასულ წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია სამივე მუნიციპალიტეტში. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ნაგვის ხევში გადაყრის ფაქტები ისევ აქტუალური და პრობლემურია.

ხულოს, შუახევისა და ქედის გზაზე მანქანით გადაადგილებისას საკმაოდ ახლო-ახლო მონაკვეთებშია განლაგებული დიდი ზომის ნაგვის ურნები, თუმცა გზადაგზა ასევე უხვად ყრია სხვადასხვა სახის ნარჩენი. ლეილა საფარიძე ამბობს, რომ ხევში ნაგავს ძირითადად მანქანით მიმავალი ადამიანები ყრიან.

გზიდან გადაყრილი ნაგავი / ქედა

თემურ გობაძე ამბობს, რომ მოსახლეობა უკვე კარგადაა ინფორმირებული ნარჩენების ბუნებაში გადაყრის მავნე შედეგებზე, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ ნარჩენები მეორადად გამოიყენონ, ან პირდაპირ ურნებში მოათავსონ, თუმცა ნარჩენები ბუნებაში მაინც რჩება.

მოსახლეობის ზრდის, ეკონომიკის განვითარებისა და მოხმარების ზრდასთან ერთად, იზრდება ნარჩენების რაოდენობა. ნარჩენების მართვა დღეს გლობალური გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემაა მსოფლიოში. თუ ადრე ნარჩენების მართვის ძირითად მეთოდად მათი ნაგავსაყარზე განთავსება ითვლებოდა, დღეს ნარჩენები სულ უფრო მეტად განიხილება ღირებულ რესურსად. განვითარებულ ქვეყნებში მუშაობს ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპი, სადაც პრიორიტეტი ენიჭება ნარჩენების თავიდან აცილებას და მეორად გადამუშავებას – რეციკლირებას.

ევროპაში უახლესი ტენდენციები მიმართულია „ცირკულარული ეკონომიკის“ შექმნისკენ, სადაც მეორადი გამოყენება, შეკეთება და რეციკლირება ნორმას წარმოადგენს და „ნარჩენი“ მოძველებული ცნებაა. ნარჩენების მართვის იერარქია: შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება, აღდგენა, განთავსება.

______

 

სტატია/ვიდეო მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“ პარტნიორობით, პროექტის ფარგლებში – “ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში”. პროექტი მიმდინარეობს USAID WMTR II პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN -ი USAID -ის მხარდაჭერით. არ არის აუცილებელი სტატიაში/ვიდეოში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

უმაღლესი საბჭოს შენიშვნები აჭარის მთავრობას – 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში თვლიან, რომ აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში, „პროგრამებისა და პროექტების შეფასების ინდიკატორები ხშირ შემთხვევაში არის ზოგადი, რაც მათი დაფინანსების რაციონალურობის და შესაძლო ეფექტიანობის შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა“.

კომიტეტი ასევე სთხოვს რეგიონის მთავრობას, მაქსიმალურად მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ სხვადასხვა კომუნიკაციის [სტენდები, ბუკლეტები, მასმედია, სოციალური ქსელები და სხვა] გამოყენებით.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი მთავრობას შენიშვნებით გუშინ, 20 ნოემბერს, დაუბრუნა. საბჭოს 6 კომიტეტიდან ორს – ადამიანის უფლებათა დაცვისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტს – შენიშვნები საერთოდ არ ჰქონია.

შენიშვნები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით არ აქვს არც იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. რაც შეეხება საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რამდენიმე ტექნიკური შენიშვნით შემოიფარგლა.

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს შენიშვნები, კომიტეტების მიხედვით

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი:

[checklist]

  • ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას წარმოადგენს ჯილდოებისა და საპატიო წოდებების დადგენა-მინიჭება. მიზანშეწონილია, ამ უფლების განსახორციელებლად ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული იქნას თანხები.
  • სასურველია, ჯანდაცვის სამინისტოს პროგრამის „2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომართა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების დახმარების“ ფარგლებში პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარებმა დამატებით მიიღონ ერთჯერადად ფინანსური დახმარება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (ათასი ლარის ოდენობით). რისთვისაც რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების ზრდა.
  • ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებს სწავლებას კინო ხელოვნების მიმართულებით. სასურველია, განათლების სამინისტროს მიერ ხელი შეეწყოს დამწყები და სტუდენტი კინორეჟისორების თვითრეალიზებას პროგრამა „კინოწარმოების ხელშეწყობა აჭარაში“ ფარგლებში.
  • სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციისა და განვითარებისათვის, აჭარის სათხილამურო კურორტებზე შიდა ტურიზმის გაზრდის მიზნით, აუცილებელია ქალაქ ბათუმში სათხილამურო სკოლის შექმნა, სადაც უნდა მოეწყოს სათხილამურო სიმულატორები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
  • სასურველია შეიქმნას პროგრამა, რომელიც იმ ოჯახებს, რომლებიც წლების მანძილზე ცხოვრობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწებზე, აშენებული აქვთ საცხოვრებელი სახლები, მოჰყავთ სასოფლო სამეურნეო კულტურები, დაეხმაროს ამ მიწების კერძო საკუთრებაში რეგისტრაციაში.
  • სასურველია შეიქნას პროგრამა, რომელიც იმ ოჯახებს, რომელთაც აქვთ სურვილი და მატერიალური საშუალება სოფლად აიშენონ სახლი და აწარმოონ სოფლის მეურნეობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწა და საცხოვრებელი სახლის ტიპიური პროექტები გადაეცეს სიმბოლურ ფასად შესაბამისი ვალდებულებების შესრულების პირობით. ამით თავიდან ავიცილებთ უკონტროლო თვითნებურ ჩასახლებებს, უპროექტო მშენებლობებს და მივიღებთ ურბანულად სწორად განვითარებულ დასახლებებს, ამისათვის საჭიროა შეირჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული კონკრეტული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტების მიხედვით.
  • სასურველია მცირე საწარმოების მხარდაჭერის პროგრამის დასახვა.
  • სასურველია, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება; ასევე, წარჩინებული და კურსდამთავრებული სტუდენტების უცხოეთში სტაჟირების დაფინანსება.
  • სოფლის მეურნეობის კუთხით: სასურველია ისეთი პროგრამის შექმნა, რომლის ფარგლებშიც ფერმერები მიიღებენ გრძელვადიან აგროსესხებს საშეღავათო პერიოდით (ბაღების გაშენების, ხილის მოსავლიანობის, ნერგების განაშენიანების მიზნით), ხოლო სესხის დაფარვა დაიწყოს მოწეული მოსავლის რეალიზაციის შემდგომ პერიოდში.
  • სასურველია, საჯარო სამსახურებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციებში მოხდეს სახსრების გამოყოფა.
  • ბიუჯეტის პროექტში, პროგრამებისა და პროექტების შეფასების ინდიკატორები ხშირ შემთხვევაში არის ზოგადი, რაც პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების რაციონალურობის და შესაძლო ეფექტიანობის შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა. საჭიროებს პროგრამების და ქვეპროგრამების შეფასების მაჩვენებლების ეფექტიანობის დახვეწა და სრულყოფა.
  • მიზანშეწონილია, 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას კურორტ გოდერძიზე და კურორტ გომარდულში ახალი საბაგირო გზების, სათხილამურო პარკის და ასევე, ტოპოგანის პროექტირება და მოწყობა.
  • კურორტ ბეშუმსა და ალპურ ბოტანიკურ ბაღს შორის არსებული ზონისთვის მომზადებულია ტყეპარკის განაშენიანების პროექტი, მიზანშეწონილია მისი დროული განხორციელება.
    19. 0409 პროგრამის განხორციელება გათვალისწინებულია მხოლოდ 2020 წელს, საჭიროა აღნიშნული პროგრამა გაგრძელდეს მომდევნო წლებში, პროგრამა ვიწრო დანიშნულებისაა.
    მიზანშეწონილად მიგვაჩნია, აღნიშნული პროგრამა ნარჩენების მართვის გადამუშავების და უტილიზაციის მიმართულებებს სრულად მოიცავდეს, რადგანაც მხოლოდ ნარჩენების გადამუშავების წახალისება ამ მიმართულების სწორი განვითარებისთვის ეფექტური არ იქნება.
  • თეთროსანი ზედახუცუბნის 1,5 კმ .გზის მოასფალტება (ცხოვრობს 40 ოჯახი); ხუცუბანი, ნაკაიძეები, თეთროსანი 1,8 კმ. გზის მოასფალტება (ცხოვრობს 80 ოჯახი); ქაქუთი, ჩაის ფაბრიკის დასახლება ლეღვას შემაერთებელი გზა 1,8კმ. მოასფალტება (ცხოვრობს 80 ოჯახი); ქაქუთი, ყოფილი ქათმის ფერმის ერთკილომეტრიანი გზის მოასფალტება; სასურველია მოხდეს სოფელ ჭალაწყალოთას წყალმომარაგების უზრუნველყოფა.
  • ეთხოვოს მთავრობას და შესაბამის დარგობრივ უწყებებს მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობის ცნობადობის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე და განსახორციელებელი სოციალური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვითი (სახელმწიფო, რეგიონალური პროგრამებით განსაზღვრული მედიკამენტების, გეგმიური სამედიცინო მომსახურების) სოფლის მეურნეობის პროგრამების და ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე, სხვადასხვა კომუნიკაციების (სტენდები, ბუკლეტები, მასმედია, სოციალური ქსელების და სხვა) გამოყენების საშუალებით.

[/checklist]

აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტი:

[checklist]

  • აგრარული ექსტენციის მიწოდება – ექსტენცია გათვალისწინებულია წლის განმავლობაში მხოლოდ 9 თვეზე, რაც არ არის საკმარისი, რადგანაც ექსტენციის სრული ციკლის მიწოდება ფერმერების და აგრომეწარმეებისთვის საველე პირობებში აგრო ფაზების შესაბამისად ვერ მოხერხდება და სპეციალისტები მხოლოდ მაშინ გავლენ საველე სწავლებებზე, როდესაც ზამთრის მოსამზადებელი და ადრე  საგაზაფხულო აგრო ღონისძიებები სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ხშირ შემთხვევაში დაწყებული ან ზოგჯერ დასრულებული იქნება. ექსტენციის ეფექტურობის კიდევ უფრო გაზრდისათვის და ფერმერებისათვის სრულფასოვანი მომსახურეობის შეთავაზების მიზნით აუცილებელია ექსტენციის მთლიან წელზე (12 თვეზე) გათვალისწინება;
  • 2019 წლისგან განსხვავებით 2020 წლის შესაბამისი ქვეპროგრამის პროექტში არ არის გათვალისწინებული წვეთოვანი მორწყვის სისტემა ისეთ კულტურებზე როგორიცაა მოცვი, ჟოლო, კაკალი და სხვა. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული კულტურების ბაღების გაშენებისას აუცილებელია წვეთოვანი მორწყვის სისტემა და შესაბამისად აუცილებელია აღნიშნული ღონისძიების თანადაფინანსება გათვალისწინებული იქნას ქვეპროგრამაში;
  • მიმდინარეობს მსჯელობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შეიქმნას ახალი სააგენტო, რომელიც განახორციელებს 1,2 მილიონი ლარის ბიუჯეტიან პროგრამებს [სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა] და დამატებით მოითხოვს ადმინისტრაციულ ხარჯებს. გაუგებარი რჩება ახალი სსიპ-ის შექმნის აუცილებლობა, მაშინ როდესაც სამინისტროს უკვე გააჩნია სტრუქტურული ქვედანაყოფი „პროგრამების მართვის დეპარტამენტის სახით“, რომელსაც შეუძლია ზემოთ აღნიშნული ქვეპროგრამის განხორციელება.
  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა გარემოს დაცვის სფეროში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში ფასიანი სტაჟირების დანერგვა, მინიმუმ 2 სტაჟიორის ოდენობით.
  • გამომდინარე იქედან, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი გადასახდელების ნაწილში შედგენილია 2017 და 2018 წლის საბაზრო ფასების მიხედვით, ხოლო ამ პერიოდში ფიქსირდება საწვავზე ფასის ზრდა, ამასთან 2018 და 2019 წლების ბიუჯეტში ფიქსირდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯების დაზუსტება და დაახლოებით 10 000-10 000 ლარით გაზრდა, ასევე ავტოპარკი საჭიროებს დამატებითი რემონტის ჩატარებას, უნდა განხორციელდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯების გაზრდა  (15 000 ლარით).
  • გამომდინარე იქედან, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გააქტიურებული მეწყერული პროცესების პირობებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურს უწევს წელიწადში საშუალოდ 3000-მდე განცხადების ადგილზე გასვლით შესწავლა. გამომდინარე იქიდან, რომ გეოლოგიური სამსახურის ავტოტრანსპორტი ამორტიზირებულია აუცილებელია გეოლოგიის სამსახურისათვის 1 მაღალი გამავლობის ავტომანქანის შეძენა (65 000 ლარი).
  • სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს ბალანსზე რიცხული სპეციალური ტექნიკა (ბულდოზერები), რომელთა მეშვეობით ხორციელდება სატყეო-სამეურნეო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, შეძენილია 2013-2014 წლებში. შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება მათი რემონტის ხარჯი. ამასთან, 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები სპეციალური ტექნიკის საწვავ/საპოხი მასალის შესაძენად და დამატებით რემონტის ხარჯის გაწევის მიზნით დაზუსტდა და გაიზარდა 23 500 ლარით. შესაბამისად, 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ქვეპროგრამაში – სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართვა (07120502) დამატებით გასათვალისწინებელია საწვავ/საპოხი მასალისა და სპეციალური ტექნიკის რემონტის ხარჯი (30 000 ლარი).
  • 2016 წელს მომზადებული ტყეთმოწყობის მასალებისა და ტყის მართვის გეგმის მიხედვით, არსებული ტყის მცველების რაოდენობა არასაკმარისია. ტყის მდგრადი მართვისათვის საჭიროა 12 ერთეული ტყის მცველის შტატის დამატება, რომელთა ხელფასის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში.

[/checklist]

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი:

[checklist]

  • ფსიქიატრიული პროფილის სტაციონარებში განთავსებული ბენეფიციარების ნაწილი ხანგრძლივი მოვლის და საცხოვრისის ტიპის სერვისების მიწოდებას საჭიროებს და მათი გადაყვანა გრძელვადიანი მოვლისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს. აქედან გამომდინარე, სასურველია 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნეს საცხოვრისის ტიპის და მცირე ზომის საოჯახო ტიპის (თითოეული 24 ბენეფიციარზე) დაწესებულებებისათვის თანხის გამოყოფა.
  • ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით გათვალისწინებული ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსების პრინციპი შეიცვალოს და მოხდეს მკურნალობისათვის საჭირო ხარჯების სრული დაფარვა ან დაფინანსების გაზრდა შესაძლებლობის ფარგლებში.
  • პროფესიონალებთან შეთანხმებით შემუშავდეს და შეიქმნას პროგრამა 18 წლამდე ასაკის დიაბეტის მქონე ბავშვთა, შაქრის განსაზღვრის მაჩვენებლის სენსორული აპარატებით უზრუნველყოფის თაობაზე.
  • განხილული იქნას მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიწოდების საკითხი.

[/checklist]

აჭარის მთავრობას უმაღლესი საბჭოსგან გადაეგზავნა ასევე ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებიც:

[red_box]

„შეამცირეთ ბიუროკრატიის ხარჯები და დააფინანსეთ სიღარიბის დაძლევა“ – ენმ აჭარის მთავრობას

„ოცნების ქალაქში“ ბინების მშენებლობაზე ოპოზიციას კითხვები აქვს

[/red_box]

მთავარი ფოტო: უმაღლესი საბჭო, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმის ცნობილი აივნები ფილმებიდან და ისტორიიდან

აივნებიან სახლებს ყველა ქალაქში შეხვდებით, მაგრამ ზღვისპირა ქალაქისთვის ასეთ აივნებს ბევრად მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვაგან. აივანი ზაფხულსა და თბილ – შემოდგომა-გაზაფხულზე იდეალური ადგილია დროის ჰაერზე გასატარებლად – შინიდან გასვლის გარეშე.

ხანდახან აივანზე ვიღებთ სტუმრებსაც, ყვავილების, მცენარეების გარემოცვაში. არაფერი სჯობს დილის სასიამოვნო სიგრილეში აივანზე მირთმეული ყავით დღის დაწყებას, მით უფრო თუ აივანი ზღვასთან ახლოსაა.

განსაკუთრებით ლამაზ აივნებს ბათუმში მემედ აბაშიძის, რუსთაველისა და ახმედ მელაშვილის (ყოფილი კამოს) ქუჩებზე შეხვდებით.

ჩვენ ისტორიული სახლების აივნებთან შევჩერდით. ეს სახლები დღემდე დგას და მათი უმრავლესობა XIX-XX საუკუნეშია აგებული. გაქრნენ აქ მცხოვრები ადამიანები, მაგრამ არსად ქრება ამბები, რაც ძველი სახლების კედლებს ახსოვთ.

რუსთაველის 39 / 26 მაისის 5 

რით არის გამორჩეული ეს ულამაზესი აივანი? იმით, რომ ბათუმში მცხოვრებთა ალბათ ნახევარი მაინც აქაა დაბადებული. ბევრი ბათუმელი გეტყვით, რომ ეს მათთვის უსაყვარლესი და ძალიან ახლობელი შენობაა. ან თავად დაბადებულან აქ ან ახალშობილების სანახავად ერთხელ მაინც მისულან ამ შენობაში.

თუმცა სამშობიარო სახლი მხოლოდ 1952 წლიდან ფუნქციონირებს, სახლის ისტორია ნავთობმაგნატის, როტშილდის სახელს უკავშირდება და სწორედ მის საკუთრებაში იყო თავდაპირველად. XIX-XX საუკუნით დათარიღებულ სახლში როტშილდის ,,კასპია-შავი ზღვის სააქციო საწარმოს ნავთობსამრეწველო და სავაჭრო საზოგადოება“ იყო განთავსებული.

1921 წელს შენობაში 17 მარტს შექმნილი ბათუმის რევოლუციური კომიტეტი დაბინავდა და აქვე გამოცხადდა აჭარის საბჭოთა ხელისუფლებაც.

ნინოშვილის 27 – თავად ნაკაშიძის სახლი 

XX საუკუნის დასაწყისში  შეულესავი აგურით ნაშენი ეს სახლი ნინოშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაშია. გარდა საინტერესო არქიტექტურისა, სახლი და მისი პატარა, თითქმის სხვენში განთავსებული აივანი ურბანული ლეგენდითაცაა გამორჩეული. როგორც კინორეჟისორი შოთა გუჯაბიძე გვიყვება, ჭაბუა ამირეჯიბი მას უამბობდა, თუ როგორ ხატავდა ზღვის სცენებს ამ აივნიდან მარინისტი ივანე აივაზოვსკი, რომელიც პერიოდულად მართლაც სტუმრობდა ბათუმს.

სახლი თავდაპირველად ბათუმის სათათბიროს ხმოსანს (1898 – 1902წწ.), თავად მიხეილ ნაკაშიძეს ეკუთვნოდა.

მიხეილი ჭაბუა ამირეჯიბის ბაბუა იყო და ამ უკანასკნელის გადმოცემით, სახლს ხშირად სტუმრობდა ბათუმში ჩამოსვლისას ილია, აკაკი და მაშინდელი ინტელიგენციის ბევრი სხვა წარმომადგენელი. სახლის მეპატრონე, მიხეილ ნაკაშიძე 1912 წლიდან უშვებდა ჩაის, სამარკო სახელით: „Чай Князя М. М. Накашидзе”. სახლში ახლა რესტორანი ,,ფანფანია“ განთავსებული. სასტუმრო ,,შერატონთან“ ახლოს, ბულვარში სეირნობისას ნამდვილად ღირს შეჩერდეთ ამ სახლის აივანთან.

კომახიძის 4 – აივანი ფილმიდან ,,არაჩვეულებრივი გამოფენა” 

„რა დღეა დღეს ბიჭო?

– ორშაბათი.

– ესე იგი დღეს სპექტაკლი არა მაქვს, სამაგიეროდ მაქვს იდეა!“

ვისაც ,,არაჩვეულებრივი გამოფენა“ უნახავს, არასდროს დაავიწყდება სცენა ფილმიდან – უზარმაზარი დოდო აბაშიძე მოუხერხებლად დგას პატარა აივანზე – ჰანტელებით ხელში. ეს პატარა აივანი ბათუმშია. მართალია, რესტავრაციის შემდეგ ზუსტად იგივე დეკორი არ აქვს, როგორც ფილმის გადაღებისას ჰქონდა, მაგრამ შენობა ,,არაჩვეულებრივ გამოფენას“ ნამდვილად გაგახსენებთ.

ბათუმში ამ შენობას „სახლ-გემს“ უწოდებენ – სართულები მართლაც გემბანივითაა განლაგებული. სამსართულიანი შენობა 1907 წელს ააგეს და მისი მეპატრონე გვარად სარიანი იყო. შენობის პირველ სართულზე სახელოსნოები იყო განთავსებული, მეორეზე სახლის მეპატრონე ცხოვრობდა. საბჭოთა პერიოდში შენობის ნაციონალიზაცია მოხდა და ოთახები ხალხს გადსცეს. კომახიძის ქუჩა, სადაც ეს ისტორიული აივანი და „სახლი-გემი“ შეგიძლიათ ნახოთ ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისთან და მაღაზია ,,ვაიკიკისთანაა“ ახლოს. „არაჩვეულებრივი გამოფენა“ ერთადერთი ფილმი არაა, რომელიც ამ სახლში გადაიღეს.

კომახიძის 4 – ვარლამ არავიძის ტრიბუნა ,,მონანიებიდან”

,,სახლ-გემის“ აივანზეა გადაღებული ასევე სცენა თენგიზ აბულაძის ფილმიდან ,,მონანიება“ – ვარლამ არავიძის ტრიბუნა სწორედ ამავე სახლის მეორე სართულის აივანზეა გადაღებული.

ბათუმშია ასევე გადაღებული ,,მონანიების“ არაერთი სცენა, კერძოდ: აბელ არავიძის სახლის სცენა – ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის შენობაში, სანდრო ბარათელის სახლი – ფარნავაზ მეფის #51-ში და პერსონაჟის სიზმარი – კათოლიკურ ეკლესიაში.

. აბაშიძის, მარიინსკის 13 –  ,,ჯაშუშ” ბრომბერგის სახლი

მ. აბაშიძის, იგივე მარიინსკის ქუჩის #13-ში მდებარე სახლის აივნები ლითონის აჟურული მოაჯირებითა და თაღებითაა გამორჩეული, მიუხედავად ლითონის ფაქტურისა, აივანი სიმსუბუქის და სისადავის ნიმუშია. აბაშიძისა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში, კუთხის ამ სახლს იდუმალი და დახლართული ისტორია აქვს.

XX საუკუნის დასაწყისში აგებული ორსართულიანი სახლი თურმე ეკუთვნოდა ბრომბერგს და სახლის 22 ოთახი იტალიის საკონსულოს ეთმობოდა.

საინტერესოა, რომ საქართველოს სტალინურ სიებში იძებნება 1890 წელს „საქჩაის“ დასასვენებელი სახლის ყოფილი დირექტორი იუსუპ (იოსები) მიხეილის ძე ბრომბერგი. ბრომბერგი ბათუმში დაბადებულა 1890 წელს. 1937 წლის აპრილში დაუპატიმრებიათ და სტალინის ხელმოწერის საფუძველზე დაუხვრეტიათ ამავე წლის 13 სექტემბერს. „თავი დამნაშავედ ცნო და აღიარა, რომ აგროვებდა ინფორმაციას ინგლისისთვის, იტალიისთვის, პოლონეთისა და ამერიკისთვის“ – წერია საქართველოს სტალინურ სიაში. აქვე ვკითხულობთ, რომ ბრომბერგი რეაბილიტირებულია 1952 წელს, საქმეში დანაშაულის ნიშნების არქონის გამო.

მ.აბაშიძის  #9 – მემედ აბაშიძის სახლი

ეს სახლიც ულამაზესი, აჟურული, თეთრი აივნით იქცევს გამვლელის ყურადღებას. ზღვასთან ახლოს მდებარე იოსებიდის სახლი თავიდან სასტუმრო „რივიერა“ ყოფილა და XX საუკუნის დასაწყისში ბათუმში ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობდა. სახლს 17 ოთახი აქვს და სხვადასხვა დროს შენობაას სხვადასხვა ფუნქცია ჰქონია: პირველ სართულზე სავაჭრო ობიექტები ყოფილა, 1918 – 1921 წლებში აქ ცხოვრობდა მემედ აბაშიძე, 1936 წლიდან სახლი მხატვართა კავშირს ეთმობოდა, 1992 წელს კი მემედ აბაშიძის სახლმუზეუმად გადაკეთდა.


ბათუმში კიდევ უამრავი აივანია, რომელთა ისტორიებიც თავადაც შეგიძლიათ დაძებნოთ, ჩვენ მისამართებს გეტყვით. ეს ძიება დროში მოგზაურობას ჰგავს. თუ სახლების ამბებს ჩავეძიებით, ძველი სახლები ცოცხლდება და კედლებიც შენთვის აღარაა ყრუ და მდუმარე, ქალაქი კი ადამიანივით იწყებს ლაპარაკს.

26 მაისის #7

ვაჟა-ფშაველას 21

ლუკა ასათიანის ქუჩა, ბათუმის მერია

ნ. დუმბაძის 5 

მ. აბაშიძის 18

მ. აბაშიძის 7 

 

ქუჩის გალერეა ბათუმისა და თბილისის შემდეგ ტალინში – ბათუმში დაწყებული პროექტის წარმატება

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, აფიშებისთვის განკუთვნილ კედელზე, კაფე „ვინილთან“ ან კიდევ „თავისუფალ სივრცესთან“ ალბათ შეგინიშნავთ ე.წ. „არტ ბოქსები“, რომელშიც თანამედროვე არტისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი. ეს ერთგვარი ქუჩის გალერეაა. მსგავსი „არტ ბოქსები“ ბათუმსა და თბილისში რამდენიმე ადგილზეა წარმოდგენილი. პროექტს, რომლის მიზანიც თანამედროვე ხელოვნების წარმოჩენაა, Art Up | Street Gallery ეწოდება.

პროექტი უკვე საქართველოს მასშტაბს გასცდა და ნოემბრიდან ესტონეთში, ტალინშიც არის წარმოდგენილი.

Art Up | Street Gallery-ის „არტ ბოქსები“ განთავსდა ტელისკივის შემოქმედებით ქალაქში, სადაც, როგორც ქართველ, ისე უცხოელ არტისტებს ექნებათ ციფრული ნამუშევრების გამოფენის შესაძლებლობა.

პირველი გამოფენა ტალინში, თამუნა წახნაკიას ნამუშევრებით – „ჩემი ქართული რეალობა“ – გაიხსნა.

„ტელისკივის შემოქმედებით ქალაქი“ დიდი შემოქმედებითი ცენტრია ესტონეთში, რომელიც მოიცავს სტუდიებს, რესტორნებს, დიზაინერების მაღაზიებს, კრეატიული ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს. კომპლექსი რკინიგზის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს და ყოველწლიურად მასპინძლობს გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.

პროექტი Art Up | Street Gallery 2016 წელს დაიწყო ბათუმში და მისი ავტორი ლევან გელიაშვილია [ერედელი].

Art Up | Street Gallery-ის მთავარი მიზანია შექმნას ალტერნატიული, არატრადიციული საგამოფენო სივრცეები ყველასათვის ხელმისაწვდომ ღია სივრცეებში და ქუჩებში, სრულიად უფასოდ. ხელოვანებს საკუთარი ნამუშევრების „ბოქსებში“ განთავსება და გამოფენის ორგანიზება შეუძლიათ სპეციალური ფორმის შევსებით, Artup.ge -ს ვებ-გვერდზე. ART UP სრულად ფარავს ნამუშევრების ბეჭდვის და განთავსების საფასურს.

„არტ ბოქსი“ ბათუმში. ფოტო: Art Up – Street Gallery
„არტ ბოქსი“ თბილისში, „ფაბრიკაში“. ფოტო: Art Up – Street Gallery

_________________

მთავარ ფოტოზე: „არტ ბოქსები“ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე. თიკა ჯაბანაშვილის გამოფენა „ავტოპორტრეტი“

„ტავ ჯორჯია“ ბათუმის აეროპორტს აფართოებს – ეკონომიკის სამინისტრო თანახმაა

ბათუმის აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით კომპანია „ტავ ჯორჯია“ აეროპორტის გაფართოებას გეგმავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის მიერ პროექტის განხორციელებას აფერხებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რასაც სამინისტრო ოფიციალურად უარყოფს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტის გაფართოების სრული პროექტი მხოლოდ 2019 წლის 18 ნოემბერს წარუდგინა. შესაბამისად, მოგვეცა საშუალება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის განხილვა, რაზეც პასუხი კომპანიას უახლოეს ხანებში ეცნობება“.

„ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია კომპანიის მხრიდან გამოთქმული პრეტენზია, რომ პროექტთან დაკავშირებით ჯერ პასუხი არ მიუღია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისგან“… პრინციპული თანხმობა გაფართოების პროექტთან დაკავშირებით გაცემულია და კომპანიას მიღებული აქვს ოფიციალური თანხმობა 2018 წლის ნოემბრის დასაწყისში პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისგან. თუმცა, ამ დრომდე „ტავ ჯორჯიას“ არ ჰქონდა პროექტი სრული სახით წარმოდგენილი, რამაც ხელი შეუშალა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას“, – აცხადებს სამინისტრო.

„ტურისტების ღირსეულად დახვედრის მიზნით ჩვენთვის პრიორიტეტულია ბათუმის აეროპორტის შეუფერხებლად ფუნქციონირება და გაფართოება. შესაბამისად, ჩვენ აქამდეც ვუჭერდით მხარს და მომავალშიც მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ბათუმის აეროპორტის გაფართოების პროექტს“, – აცხადებენ სამინისტროში.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტი „ტავ ჯორჯიას“ მართვაშია 2027 წლამდე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანია ძირითადად აეროპორტის [ტერმინალის] გაფართოებას გეგმავს და პროექტი სწორედ 2027 წლამდე პერიოდზეა გათვლილი.

„ბათუმელები“ „ტავ ჯორჯიას“ ვერ დაუკავშირდა.

პარალელურად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის 10-წლიან განვითარებასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ატარებს. „კვლევის მიხედვით, მოხდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის დეტალურად შესწავლა, რათა განხორციელდეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების გეგმების შემუშავება“, – აღნიშნული იყო აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ საკონსულტაციო მომსახურებას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „TH Airport Consulting“-ი უწევს.

სწორედ ამ კვლევაზე იქნება დამოკიდებული სამომავლოდ,  ბათუმის აეროპორტის ბედი – ის დარჩება ადგილზე თუ გადაიტანენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ვინაიდან ბათუმის აეროპორტს გაფართოების შანსი არ აქვს, ამასთან, ერთგვარად ხელს უშლის ქალაქის განვითარებას [სიმაღლეში გაზრდას – სიმაღლის შემზღუდავი სივრცეების გამო], საქართველოს მთავრობა განიხილავდა აეროპორტის ბათუმიდან გადატანის საკითხი.

ბათუმის მომავალი აეროპორტის სავარაუდო ადგილად კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მერია [აქ ადრე აეროდრომი იყო] ან ქობულეთის აეროდრომის ტერიტორია განიხილებოდა.

ამ თემაზე:

უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

ბათუმის ბიუჯეტის საჯარო განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში

დღეს, 21 ნოემბერს, ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს.

სხდომას მხოლოდ საკრებულოს აპარატისა და მერიის რამდენიმე თანამშრომელი ესწრება. ბიუჯეტის განხილვაზე არ იმყოფება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი და არცერთი დაინტერესებული მოქალაქე. საკრებულოს პრესსამსახურის განმატებით, არასამთავრობო ორგანიზაციები განხილვაზე გუშინ მოიწვიეს.

ბიუჯეტის განხილვა 24 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა. ფოტო: „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე
ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა. ფოტო: „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე
საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის განმარტებით, ბიუჯეტის პროექტის განხილვა ერთხელ უკვე შედგა ბათუმის ჩართულობის ცენტრში , სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა: „ალბათ ამიტომ არ მოვიდნენ. რაც შეეხება  მოქალქეებს ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, მათ შორის სტუდენტები და ვთხოვეთ ლალი ანთიძესაც, მაგრამ მე არ მინდა აქ ხვეწნით ვინმეს მოყვანა“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
მუნიციპალური ორგნიზაციის „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელმა მარიკა გვიანიძემ კი მადლობა გადაუხადა საკრებულოს თავმჯდომარეს იმისთვის, რომ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიეცათ საშუალება ბიუჯეტის პროექტს გასცნობოდნენ: „მადლობა რომ წარმოგვიდგინეთ პრეზენტაცია, ჩვენც გვეკუთვნის ეს პატივიცემა“ – განაცხადა მან.

ღამით მოსალოდნელია წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 21  ნოემბრის 21 საათიდან 22  ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან დროგამოშვებით წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13-18 გრადუსი
  • ღამით: 4-9 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10-15 გრადუსი 
  • ღამით: -4 –+1 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს,23-24 ნოემბერს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

___________________________

ფოტო: pexels

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს 12 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი, ისევე როგორც აქციაზე სხვა დაკავებულები მოსამართლემ სამართალდამრღვევად სცნო.

ელგუჯა ბაგრატიონს მოსამართლე ვალერიან  ფილიშვილმა 12 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

ელგუჯა ბაგრატიონი საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე 18 ნოემბერს დააკავეს.

აქციაზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებდნენ.  აქცია სპეცრაზზმა დაშალა. აქციის რამდენიმე მონაწილე კი დააკავეს.

ლაშა ბაქრაძე: კიდევ უფრო მეტი რყევებია მოსალოდნელი

პარლამენტის შენობის პიკეტირებას ისევ აპირებენ. აქციის მონაწილეები პარლამენტარებს პარლამენტში მომავალი კვირის ორშაბათსაც არ შეუშვებენ. ჯერ უცნობია, რა გზას მიმართავს ამჯერად ხელისუფლება: ისევ სპეცრაზმის დახმარებით გახსნის ბოქლომებს, თუ საზოგადოების მოთხოვნას გაითვალისწინებს და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება.

„ხელისუფლება ახლაც ცდილობს დაითვალოს აქციის მონაწილეები… სინამდვილეში ქუჩაში გამოსული ადამიანების რაოდენობა არაა მთავარი,“ – გვითხრა ინტერვიუს დროს ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ. მას ვესაუბრეთ იმაზე, თუ რას აჩვენებს ხელისუფლების რეაქცია საპროტესტო აქციების დროს – როდის შეიძლება გახდეს საპროტესტო ტალღა ანგარიშგასაწევი, თან მაშინ, როცა აქციას ქარიზმატული ლიდერები არ ჰყავს.

  • ბატონო ლაშა, თქვენი აზრით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს პარლამენტის შენობის კიდევ ერთხელ პიკეტირებამ?

სამწუხაროა, რომ აქამდე მიდის საქმე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან დიალოგი და კონსენსუსის მიღწევა, იმის მიუხედავად, ვინ რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. ასე მოჭრით ხელისუფლებისგან იმის თქმა, რომ საარჩევნო სისტემის საკითხი აღარ განიხილება, ოპოზიციურ ჯგუფებს და აქტიურ მოქალაქეებს აღარ უტოვებს საშუალებას, ცივილური მეთოდებით იბრძოლონ იდეების რეალიზებისთვის და იმისთვის, რასაც ხელისუფლება საჯაროდ დაგვპირდა. ხელისუფლება ამბობს, რომ მას სურდა პროპორციულ საარჩევნო მოდელზე გადასვლის კანონპროექტი გასულიყო, მაგრამ მაშინ ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს და თითქოს აუჯანყდნენ ივანიშვილს, უნდა გაეშვათ მმართველი პარტიიდან. ეს ასე არ მოხდა და აჩვენებს იმას, რომ თვითონ მმართველმა პარტიამ გამოიყენა ეს მაჟორიტარები იმისთვის, რომ დაპირება არ შეესრულებინა.

თუნდაც სოციოლოგიური გამოკითხვები იძლევა სურათს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ემხრობა პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას.

მე ვთვლი, რომ არც პროპორციული არჩევნებია გამოსავალი, მაგრამ რეალურად ეს მოდელი იძლევა შესაძლებლობას, დასრულდეს გაჯიქება პარტიებს შორის და მრავალფეროვანი იდეების წარმოდგენა მოხდეს პარლამენტში.

პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს 50 პროცენტზე მეტს, ანუ მას არ ექნება უმრავლესობა პარლამენტში და იძულებული იქნება, რომელიმე სხვა პარტიასთან ითანამშრომლოს. გავა თუნდაც ათი წელი და ჩვენ ისევ ვისაუბრებთ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, რადგან არცერთი საარჩევნო სისტემა არაა იდეალური. „ნულოვანი ბარიერის“ შემთხვევაში, პარლამენტში კონსენსუსის მიღწევა იქნება ძალიან ძნელი. ეს მრავალფეროვნება იქნება ძალიან კარგი, მაგრამ თანხმობის მიღწევა გართულდება, რაც აისახება მთავრობის დაკომპლექტებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, რომ მრავალფეროვანი შეხედულებებით დაკომპლექტებული პარლამენტი, სადაც არ არის არცერთი დომინანტი ჯგუფი, აისახება თითოეულ ჩვენგანზე, აი, მაგალითად, „აჭარის ტელევიზიაზე“, სადაც ახლა ხელისუფლება ცდილობს საკუთარი კანდიდატის გაყვანას, სასამართლოზე, რომელსაც ნულოვანი ნდობა აქვს…

აღარ იქნება ის მოცემულობა, როცა მმართველი პოლიტიკური ძალა აკომპლექტებს ყველაფერს, მხოლოდ თავისი ინტერესების შესაბამისად. მრავალფეროვანი პარლამენტის შემთხვევაში, პარტიები ისწავლიან ერთმანეთთან თანამშრომლობას და დათმობას.

  • თქვენი დაკვირვებით, რამდენად არსებობს საზოგადოებაში მგრძნობელობა პროპორციული საარჩევნო მოდელის მიმართ?

მგრძნობელობა, რასაკვირველია, საზოგადოებაში დიდი არ იქნება, რადგან სცოდავს მედიაც. კარგად უნდა ავხსნათ, რატომ არის მნიშვნელოვანი ესა თუ ის საარჩევნო სისტემა, ამ მოდელებს უნდა ვასწავლიდეთ მოსწავლეებსაც სკოლაში… საერთო ჯამში, ამაზე დისკუსია შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენს მედიაში ძირითადად კარგად მოლაპარაკე პოლიტიკოსები ამაზე კი არ საუბრობენ, არამედ ჩხუბობენ.

  • რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს რეჟიმი, როცა პარლამენტის პიკეტირებას ახდენენ და ხელისუფლებას სპეცრაზმით შეჰყავს პარლამენტარი პარლამენტში?

ეს რეჟიმი შესაძლოა დიდ ხანს გაგრძელდეს, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის დიდი საფრთხეა. ამ რყევებზე პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას, რომელიც ამ დრომდე სარგებლობს ფუფუნებით და მუსკულებს გვაჩვენებს. ხელისუფლებამ თუ არ ისწავლა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მუდმივ რყევებში ვიქნებით.

სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ ესმის, რომ საზოგადოებისგან მოწყვეტილი, თუნდაც გარკვეული ნაწილისგან მოწყვეტილი, ხელისუფლება ვერ წაიყვანს ქვეყანას წინ. ეს რყევები მალე აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე იმ მოკავშირეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ორიენტაციის თვალსაზრისით ჩვენ ვართ დასავლეთისკენ მიმართული. ეს კითხვა ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილშიც არსებობს: ხელისუფლებას რეალურად სურს თუ არა დასავლური პოლიტიკა, როცა აქამდე მივედით, ანუ რამდენად შეესაბამება დეკლარირებული პოლიტიკა რეალურს?

  • რა შემთხვევაში გახდება საპროტესტო ტალღა ანგარიშგასაწევი ხელისუფლებისთვის? ეს დამოკიდებულია აქციაზე გამოსული ხალხის რაოდენობაზე, თუ კონკრეტული პარტიების, ან ლიდერების მიმართ ნდობის გაძლიერებაზე?

ასეთი დაპირისპირება საშუალებას აძლევს სხვადასხვა პარტიას, რომ ჩამოაყალიბონ პროგრამები, ხედვები და ეს დაანახონ საზოგადოებას. მე ვისურვებდი, რომ პროფილი უფრო მკაფიოდ შექმნან და გააძლიერონ პარტიებმა. პარტიებმა უნდა იმუშაონ არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორი არჩევნები გვინდა, არამედ რას ვაკეთებთ პარლამენტში, თუკი იქ საზოგადოება ამირჩევს. პირველ რიგში, ეს უნდა იყოს ეკონომიკური პროგრამები, რომ ეს ქვეყანა უფრო სოციალური გახდეს, მდიდარი და ამდენი ადამიანი არ იყოს შიმშილის ზღვარზე. ჩვენ გვაქვს დიდი იდეების სიმწირე და ეს ეხება, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე აქტიურ მოქალაქეებს.

რასაკვირველია, აქციაზე გამოსული ადამიანების რაოდენობასაც აქვს აზრი. ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც უკმაყოფილოა არსებული ვითარებით, მაგრამ ვერ ხედავს შანსს, რომ ექნება ფუნქცია – მისი აზრი გაზიარებული იქნება. ამავდროულად, ადამიანებს აქვთ ყოველდღიური პრობლემები და მათ უჭირთ აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ჩვენ თუ ეს ტოტალური სიღარიბე არ დავძლიეთ, ეს ქვეყანა ყოველთვის იქნება არასტაბილურობის ზღვარზე.

ხელისუფლება, ისევ როგორც წინა ხელისუფლებები, ცდილობს დაითვალოს, რამდენი ადამიანია აქციაზე და ამ რაოდენობით მანიპულირება ხდება. რასაკვირველია, მნიშვნელოვანი იქნება, რომ გააქტიურდეს საზოგადოება. ჩვენ უნდა ვიგრძნოთ, რომ ეს არაა მხოლოდ პარტიული კინკლაობის თემა, ან ის, ვის რამდენი სკამი უნდა პარლამენტში. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის ბრძოლა, რომ ეს ქვეყანა გახდეს უფრო კარგი. ეს ყველას გვეხება.

  • არსებობს მოსაზრება, რომ ქარიზმატული ლიდერების გარეშე შეუძლებელია კონკრეტულ შედეგზე გასვლა. გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა ჩაიხშოს საპროტესტო ტალღა ამ მიზეზით?

ჩვენ გვინახავს საქართველოში არაერთი ქარიზმატული ლიდერი. რა თქმა უნდა, პარტიული ცხოვრებისთვის ამ ლიდერებს აქვთ თავიანთი ფუნქცია, მაგრამ იმისთვის, რომ საზოგადოება კარგად ფუნქციონირებდეს, ეს ლიდერები არ არის აუცილებელი. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობის ფაქტორი პოლიტიკოსის და პარტიის მიმართ და აქ ქარიზმატულობა კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ ნათლად ხედავდეს მოქალაქე, რომ ამ პოლიტიკოსს აქვს იდეები. მე ვისურვებდი ადამიანებს, რომელთაც აქვთ იდეები და პროგრამები. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩვენ გადავალთ იდეების და პროგრამების ბრძოლაში და არა ლიდერებს შორის შეჯიბრში, მაშინ იქნება ჩვენი ქვეყანა ბევრად უფრო კარგი და საინტერესო.

  • რას აჩვენებს ხელისუფლების რეაქცია და რამდენად შეიძლება იყოს გამოსავალი ხელისუფლებისთვის ვადამდელი არჩევნები არსებული მოდელით?

ხელისუფლება ცდილობს იმის ჩვენებას, რომ თითქოს ყველაფერი წესრიგშია და ნორმალურია ის, რაც პარლამენტში მოხდა, მაგრამ ეს არაა წესრიგი და არც ნორმალურად გვაქვს საქმე. ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მოუწევს რეალური პასუხების გაცემა, ხოლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არსებული მოდელით, ვფიქრობ, ვერ განმუხტავს სიტუაციას. ეს, უბრალოდ, დააჩქარებს გარკვეულ პროცესებს. დღეს გვაქვს მოცემულობა, როცა წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია. არ მინდა, მკითხაობაში გადავიდე.

რყევების დროს გაუარესდება ეკონომიკური მდგომარეობა, მოსახლეობის პოლიტიზების ხარისხი გაიზრდება… ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ ზამთარი მოდის, სიცივეა და ხალხი აღარ გამოვა ქუჩაში, მაგრამ მხოლოდ ხალხის ქუჩაში გამოსვლა არ წყვეტს მდგომარეობას ქვეყანაში. საბოლოო ჯამში, ჩვენ დავინახავთ განწყობას არჩევნებზე, ეს იქნება ვადამადელი არჩევნები, თუ ვადით გათვალისწინებული.

თუკი ხელისუფლება არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და ასეთი მეთოდებით გააგრძელებს მუშაობას, კიდევ უფრო მეტი რყევებია მოსალოდნელი და მეტი დესტაბილიზაცია ქვეყანაში. დიალოგია საჭირო, რომ დესტაბილიზაციას და რყევებს თავი ავარიდოთ, რადგან არავინ იცის, საბოლოო ჯამში, რამდენად კარგი იქნება ეს თავად სახელისუფლებო გუნდისთვის.

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის 10 მსურველიდან 7 მაუწყებლის თანამშრომელია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობა ათ კანდიდატს სურს. ნათია ზოიძე, გიორგი კოხრეიძე, ფირუზ ბოლქვაძე, დავით ჩხარტიშვილი, შოთა გუჯაბიძე, ლაშა ზარგინავა, შოთა გურაბანიძე, მაია მერკვილაძე, ნათია შავაძე და შოთა ზოიძე – ასე გამოიყურება კანდიდატთა სია, რომელიც აჭარის ტელევიზიამ გამოაქვეყნა.

დირექტორობის მსურველთა განაცხადების მიღება დღეს, 20 ნოემბერს დასრულდა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი 18 ნოემბერს, მას შემდეგ გაგრძელდა, რაც  ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორის შესარჩევი კონკურსი გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე იყო შეჩერებული. გოგა კოხრეიძე მიიჩნევს, რომ „აჭარის ტელევიზიის“ არჩეული დირექტორი თვითონაა.

მიუხედავად სარჩელისა, გოგა კოხრეიძე ახალ კონკურსში მაინც მონაწილეობს. „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია ზოიძემ 19 ნოემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „არ არის გამორიცხული, ტელევიზიის დირექტორის პოსტი კოხრეიძეს ჩააბარონ“.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის ხელფასი 3300 ლარია. დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური – მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

მას შემდეგ არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ, მოგვიანებით კი თავად აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე ემუქრება.

საოჯახო მედიცინის ცენტრის ნაცვლად 8-სართულიანი კომპლექსი – პროექტი ბარათაშვილზე

ბათუმში, ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩების გადაკვეთაზე, პირველი საჯარო სკოლის უკანა მხარეს არსებული შენობები, ასევე ბარათაშვილის ქუჩაზე არსებული ორსართულიანი ისტორიული სახლი, სადაც ახლა საოჯახო მედიცინის ცენტრია, შესაძლოა ახალ სამშენებლო პროექტს შეეწიროს.

ინვესტორი მთლიანობაში 1 972 კვადრატული მეტრი ტერიტორიის ათვისებას გეგმავს გორგასლის #45-დან ბარათაშვილის #30-ის ჩათვლით.

წითლად მონიშნულია ტერიტორია, რომლის ათვისებასაც ინვესტორი გეგმავს

ამ ადგილზე ახალი სახლის მშენებლობის უფლებას შპს „სახლი ბარათაშვილზე“ ითხოვს. ტერიტორია, სადაც ინვესტორი არსებულის ნგრევის ხარჯზე ახლის მშენებლობის უფლებას ითხოვს,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია, ამიტომაც საკითხის შესასწავლად კომპანიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს მიმართა.

პროექტის ეს რენდერი აჩვენებს, რა მასშტაბის მშენებლობას გეგმავს კომპანია

წინასწარი ინფორმაციით, კომპანია რვასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ჯერჯერობით არ ვიცით, რა გადაწყვეტილება მიიღეს ზონალური საბჭოს წევრებმა ამ პროექტთან დაკავშირებით.

დაგეგმილი პროექტის რენდერი, რაც ზონალური საბჭოს სხდომაზე იყო წარმოდგენილი

„ოცნების ქალაქში“ ბინების მშენებლობაზე ოპოზიციას კითხვები აქვს

უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათ მიერ არაერთხელ იქნა წარდგენილი წინადადება „ოცნების დასახლების“ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დღემდე პასუხი არ მიუღიათ. აჭარის მთავრობის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი პროგრამა კი, როგორც ოპოზიცია აცხადებს, კითხვით ნიშნებს აჩენს.

საუბარია სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამაზე, რომლისთვისაც 2019 წელს გათვალისწინებული იყო 3,7 მილიონი ლარი, ხოლო 2020 წელს გათვალისწინებულია 16 მილიონი ლარი. ამ პროგრამით უნდა განხორციელდეს ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელის სახლების მშენებლობა. პროგრამა ამჯერად 2020-23 წლებზეა გათვლილი, დაფინანსება კი ჯამში 73 მილიონი ლარია.

„წარმოდგენილ პროგრამაში არ არის გაწერილი კრიტერიუმები, თუ ვის უნდა გადაეცეს ბინა, ასევე დაუზუსტებელია, რა ოდენობის ფართობი გადაეცემა თითოეულ ოჯახს და როგორ მდგომარეობაში, არ არის წარმოდგენილი ოცნების ქალაქში მცხოვრები ოჯახების დასაქმების გეგმა, დღემდე დაუზუსტებელია პროგრამაში ასახული ციფრები, რაც აჩენს უფრო მეტ კითხვებს“, – აცხადებენ ოპოზიციურ ფრაქციაში.

პროგრამასთან დაკავშირებით ფრაქციის შენიშვნები:

[crosslist]

  • „აჭარის მთავრობამ განაცხადა, რომ ოცნების ქალაქში ცხოვრობს 1700 ოჯახზე მეტი, პროგრამა გაწერილია 1550 ოჯახზე, მაშინ როცა ჯერ კიდევ არც კრიტერიუმებია დადგენილი და არც მიღებულა გადაწყვეტილება, რომელიმე ოჯახის ამორიცხვასთან დაკავშირებით;
  • 2019-2022 წლების პროგრამით [სადაც განსხვავებული ციფრები იყო] გამოდიოდა, რომ ხელისუფლება გეგმავდა თითოეულ ოჯახზე, საშუალოდ, 26 კვ.მ ფართობის გადაცემას, ხოლო 2020-2023 წლების პროგრამით [გაზრდილი დაფინანსებით] გამოდის, რომ იგეგმება ერთ ოჯახზე საშუალოდ 39 კვ.მ ფართობის ბინის გადაცემა, მაშინ როცა იქ მცხოვრები ოჯახების დიდი ნაწილი შედგება 5-6-სულიანი ოჯახებისაგან და შეუძლებელია მათი განთავსება მსგავს მცირეფართიან ბინაში;
  • არ არის განმარტებული ბინა გადაეცემათ თუ არა იმ ოჯახებს, ვინც მიიღო 25 000-ლარიანი დახმარების პროგრამის დაფინანსება;
  • უცნობია, რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს ხელისუფლება „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების დასაქმების მიზნით;
  • პროგრამაში არ არის გაწერილი 1500 ოჯახზე მეტი დასახლებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება, მაგალითად სკოლის, საბავშვო ბაღის და სხვა დაწესებულებების მშენებლობის ხარჯები, რაიმე წინადადებაც არ არის წარმოდგენილი აღნიშნულთან დაკავშირებით;
  • მსგავსი ტიპის დასახლების შექმნის შემდგომ მოსახლეობის სოციალიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი წინადადებები და სხვა.“

[/crosslist]

„სწორედ ზემოაღნიშნული პასუხგაუცემელი კითხვები აჩენს ეჭვებს, ხომ არ გეგმავს ხელისუფლება 2020 წლის არჩევნებისთვის აღნიშნული პროგრამის გამოყენებას და შემდგომ მოსახლეობის მოტყუებას – აცხადებს ოპოზიციური ფრაქცია. – კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ფართო დისკუსიის საფუძველზე მოხდეს ზემოაღნიშნული საკითხის განხილვა, სადაც ჩართული იქნებიან ოცნების ქალაქის დასახლების წარმომადგენლები, კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები და უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი დეპუტაცია, მათ შორის ოპოზიცია“.

ოპოზიცია იწუნებს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამასაც, რომლის მიხედვითაც 2020 წელს დაგეგმილია 109 ოჯახზე კომპენსაციის – 25 000 ლარის გაცემა. ენმ თვლის, რომ „პროგრამა არაეფექტურია, რადგან დღეს შეუძლებელია 25 000 ლარად შეიძინო საცხოვრებელი ბინა“.

„პროგრამა ვერ მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. შედეგი იქნება ის, რომ ეკომიგრანტი ვერ შეიძენს ბინას, იძულებული იქნება დაიქირავოს საცხოვრებელი ან აიღოს საბანკო სესხი, რომ შეიძინოს ბინა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ ვეღარ გადაიხდიან ქირას და დარჩებიან საცხოვრებლის გარეშე, ან შესაძლოა ვეღარ გადაიხადოს სესხი და ისევ გარეთ დარჩენის რისკები გაიზარდოს. სწორედ აღნიშნული არასწორი მიდგომის შედეგად ჩვენ მივიღებთ ახალ „ოცნების დასახლებებს“. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია განხორციელდეს სოციალური სახლების მშენებლობა და როგორც ეკომიგრანტებს, ე.წ „ოცნების დასახლება“-ში, ბარაკებსა და ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას გადაეცეს საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ“, – აცხადებს ენმ.

ოპოზიციის შენიშვნები აჭარის მთავრობამ ბიუჯეტის პროექტთან ერთად მიიღო. დოკუმენტი, საერთო შენიშვნებით, უმაღლესმა საბჭომ მთავრობას უკვე გადაუგზავნა.

რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში გადამუშავებული პროექტის წარდგენისას კი მთავრობამ, როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის მიერ გამოთქმული შენიშვნები ან უნდა გაითვალისწინოს, ან დააფიქსიროს საკუთარი არგუმენტები.

– – –

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქალაქ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 9327 კვ.მ] მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 41 468 000 ლარია.

მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2019 წლის 8 დეკემბერს დაიწყება და 13 დეკემბერს დასრულდება.

ამ თემაზე:

ოცნების ქალაქის მცხოვრებლები აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ

მთავარი ფოტო: „ოცნების ქალაქში“ ასაშენებელი საცხოვრებელი კომპლექსი / რენდერი სატენდერო დოკუმენტებიდან

 

ბათუმის მერიამ სასწრაფო დახმარების 4 მანქანა იყიდა

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრმა „ტოიოტას“ ფირმის 4 მაღალი გამავლობის მანქანა შეიძინა. ტრანსპორტის საერთო ღირებულება 574 ათასი ლარია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი ავტომობილების შეძენა გამოძახებების რიცხვის გაზრდას უკავშირდება.

„განსაკუთრებული პრობლემები ამ მხრივ ბათუმზე შემოერთებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გვქონდა, სადაც ზოგიერთ დასახლებებში ჩვეულებრივი მანქანებით მისვლა განსაკუთრებით ზამთრის უამინდობის დროს ჭირდა”, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმის მოსახლეობას თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი 13 ბრიგადა ემსახურება.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადებს წელიწადში 2-ჯერ – ზამთრისა და ზაფხულის სეზონზე ამატებენ, გამოძახებების რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით.

ახალი სასწავლო პროგრამა აქტიური მოქალაქეებისთვის

პოლიტიკური კულტურის და ამომრჩევლის გაძლიერებისთვის აქტიურ მოქალაქეებს ბათუმში უფასო ტრეინინგკურსის გავლა შეუძლიათ. პროგრამას „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ახორციელებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან EPRC თანამშრომლობით.

„მთავარი მიზანია იმ მოქალაქეების გაძლიერება, რომელსაც აინტერესებს საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობა და სამოქალაქო აქტივობა. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს 18 წლიდან, განაცხადების მიღება უკვე დავიწყეთ,“ – ამბობს თაკო მამეიშვილი, ორგანიზაციის „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ კოორდინატორი ბათუმში. მან დღეს, 20 ნოემბერს, ახალი პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო ბათუმის „დემოკრატიის სკოლაში“.

პროგრამა ერთწლიანია და მასში მონაწილეობის მისაღებად 20 მსმენელი შეირჩევა. 15 დეკემბრიდან მომავალი წლის თებერვლის ჩათვლით, კვირაში ორჯერ მოწვეული ექსპერტები სხვადასხვა თემაზე ჩაატარებენ ლექციას და მონაწილეები პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ, მათ შორის, ქალაქგეგმარების და ურბანული განვითარების, ეკონომიკის, გარემოსდაცვითი, დეცენტრალიზაციის, ადვოკატირების, პოლიტიკური დიალოგის საკითხებზე.

ამ ეტაპის გავლის შემდეგ კი, მონაწილეებს შეეძლებათ მცირე გრანტების მიღება [2000  – 2500 აშშ დოლარი საშუალოდ] კონკრეტული მიმართულებით, ასევე სამოქალაქო კონგრესში მონაწილეობა. კონგრესში სხვა თვითმმართველი ქალაქების მოქალაქეები მიიღებენ მონაწილეობას, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

„პროგრამის აქტიურ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. შეიქმნება ერთგვარი პლატფორმა პოლიტიკური დიალოგისთვის… მონაწილეები ჩაერთვებიან რეგიონული განვითარების საჭიროებების კვლევასა და პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაში, ისინი მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატის შეხვედრებში,“ – აღნიშნავს თაკო მამეიშვილი.

პროექტში მონაწილეობისთვის აპლიკაციების მიღება გამოცხადდა სხვა ქალაქებშიც: თელავში, გორში, ქუთაისსა და თბილისში.

მეტი ინფორმაციისთვის ამ პროგრამის შესახებ ეწვიეთ ვებ-გვერდს: eecmd.org

სად გაიყიდება მანდარინი წელს? – მინისტრის კომენტარი

„მანდარინის საშუალო ფასი 60 თეთრია, თუმცა ეს დამოკიდებულია ხარისხზე,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე. მისი თქმით, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში უკვე მოქმედებს ციტრუსის გადამამუშავებელი 25 საწარმო.

„დაახლოებით 1000 ტონამდე უკვე გატანილია ექსპორტზე… ძირითადად, გაიტანეს რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში და ასევე ლატვიაში. მიმდინარეობს მოლაპარაკება ბელორუსთან და შუა აზიის ქვეყნებთან. ისინი ითხოვენ გარკვეულ სტანდარტს. როცა ეს დეტალები დაზუსტდება, ჩვენ მაშინვე გავავრცელებთ ინფორმაციას ექსპორტიორებში“, – ამბობს ტიტე აროშიძე.

მას ასევე ვკითხეთ, გავა თუ არა მანდარინი წელს ევროკავშირის ქვეყნებში. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ხელშეკრულებები ექსპორტიორებსა და რომელიმე ევროპულ კომპანიას შორის გაფორმებული არ არის, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გასული წლის მსგავსად, მინისტრი წელსაც იმეორებს, რომ „ევროპის ბაზარზე დიდი კონკურენციაა“.

„კონკურენცია არის საკმაოდ მაღალი. იქ არის ესპანეთის და იტალიის ბაზრები, იქედან უფრო მარტივია გასვლა ევროპის ბაზრებზე, ასევე ლიდერობს ჩინეთი, მას შეუძლია მოამარაგოს ყველა ქვეყანა. ჩვენ გვინდა შევიდეთ კონკურენციაში, მაგრამ, ძირითადად, ტრადიციულ ბაზრებზე ვართ ორიენტირებული,“ – გვითხრა ტიტე აროშიძემ.

მეციტრუსეები წინა წლების მსგავსად წელსაც მიიღებენ სახელმწიფოსგან სუბსიდიას – 10 თეთრს თითო კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინში.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს რეგიონში დაახლოებით 55 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალი გვაქვს [გასულ წელს იყო 65 ათასი ტონა]. მანდარინის კრეფის სეზონი უკვე მიმდინარეობს.

„შეამცირეთ ბიუროკრატიის ხარჯები და დააფინანსეთ სიღარიბის დაძლევა“ – ენმ აჭარის მთავრობას

„2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტში არცერთი სიტყვა არ არის ნახსენები სიღარიბის დაძლევაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. აღნიშნული დოკუმენტები არის კოპირებული და არაფერი იცვლება“, – ასეთია უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზოგადი დასკვნა აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.

„2013 წლიდან დღემდე, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, აჭარის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან დაიხარჯა 1,5 მილიარდ ლარზე მეტი, თუმცა რეგიონში ხელშესახები ცვლილებები, რომელიც ხელს შეუწყობდა ინვესტიციების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნესის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნას, სიღარიბის დაძლევას, რეგიონის განვითარებას, არ შეიმჩნევა“, – აცხადებს ოპოზიცია.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება, ჯამში, 2018 წელს იყო 344,3 მილიონი ლარი, 2019 წელს – 342,2 მილიონი, ხოლო 2020 წლის პროგნოზით არის 343 მილიონი ლარი.

ოპოზიციური ფრაქციის განცხადებით, „გამოდის, რომ 2020 წელსაც ვერ დავეწევით 2018 წლის მონაცემებს. შესაბამისად, ჩნდება კითხვები – დაბალი ეკონომიკური ზრდისა და საბიუჯეტო ასიგნებების ფონზე, ასევე იგივე პროგრამებით და პრიორიტეტებით, რაც იყო 2019 წელს, როგორ გეგმავს ხელისუფლება ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც აისახება თითოეულ ოჯახზე, რათა ის საგრძნობი გახდეს თითოეული მოქალაქისთვის“.

ოპოზიციას, ვინაიდან, მათივე შეფასებით, „აჭარის მთავრობის პრიორიტეტების დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმაში არ არის კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბებული სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით“, მიზანშეწონილად მიაჩნია სიღარიბის დასაძლევად ამუშავდეს შემდეგი პროგრამები:

[checklist]

  • სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის კომუნალური ვაუჩერებით უზრუნველყოფის პროგრამა;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის წამლისა და ბავშვთა კვების ვაუჩერით უზრუნველყოფის პროგრამა;
  • განვითარდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და პროფესიული სასწავლებლების მატერიალურ ტექნიკური ბაზა, დამსაქმებლებთან ერთად შემუშავდეს დასაქმების პოლიტიკის დოკუმენტი, რეგულარულად ჩატარდეს დასაქმების ბაზრის კვლევა და მხარდაჭერილი იქნას ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობის პროფესიული უნარების განვითარებას და დასაქმებას მოთხოვნილებად პროფესიებზე და სხვა;
  • განხორციელდეს დასაქმების სააგენტოს რეფორმირება.

[/checklist]

„ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის, და მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე“ ფრაქცია არამიზნობრივად მიიჩნევს „ბიუროკრატიაზე 2012 წელთან შედარებით უპრეცენდენტოდ გაზრდილ ხარჯებს“.

ფრაქციის შენიშვნებში აღნიშნულია, რომ 2020 წელს შრომის ანაზღაურება გაზრდილია 39,2 მილიონ ლარამდე, ამას ემატება შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება 6,5 მილიონ ლარამდე, სულ შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია 45,7 მილიონი ლარი [2012 წელს კი, ხელფასებისთვის 29,7 მილიონი ლარით ნაკლები – 16 მილიონი ლარი დაიხარჯა]“.

„2019 წელს აჭარის მთავრობასთან არსებული ორგანიზაციები გადავიდა სამინისტროების დაქვემდებარებაში, აჭარის მთავრობის აპარატის შემადგენლობა და ბიუროკრატიის ხარჯები კი იგივე დარჩა [3,2 მილიონი ლარი], მათ შორის შრომის ანაზღაურება 1 828 200 ლარი. მოვითხოვთ ბიუროკრატიის ხარჯების შემცირებას“, – აცხადებს ფრაქცია.

ოპოზიციის განცხადებით დაგეგმილია ავტომანქანების შესაძენად კაპიტალური ხარჯების გაწევაც, ამიტომ, „მოვითხოვთ შემცირდეს ბიუროკრატიის ხარჯები და დაზოგილი თანხები მოხმარდეს რეგიონის განვითარებასა და სიღარიბის დაძლევას. მიგვაჩნია, რომ ბიუროკრატიის ხარჯების შემცირებაში მაღალი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, უნდა გამოიჩინოს უმაღლესმა საბჭომ და აჩვენოს მაგალითი მთავრობას“.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაემატა არაერთი საშტატო ერთეული იმ მოტივით, რომ მთავრობა და სამინისტრო გეგმავდა გრანტების მოზიდვას, თუმცა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ვკითხულობთ, რომ 2018, 2019 და 2020 წლებში რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტების ოდენობა შეადგენს 0-ს. დონორ ორგანიზაციებთან სუსტი მუშაობის გარდა, ფიქსირდება არამიზნობრივი საბიუჯეტო ხარჯების გაწევაც“, – თვლიან ფრაქციაში.

ფრაქციას არაერთი შენიშვნა აქვს განათლების, ჯანდაცვის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში აჭარის მთავრობის მიერ დასაფინანსებელ პროექტებთან დაკავშირებით. შენიშვნებთან ერთად ოპოზიცია აჭარის მთავრობას რეგიონის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხასაც უგზავნის.

ამასთან, ფრაქცია მოითხოვს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობის შესწავლას უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით:

„რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისთვის გათვალისწინებულია 485 ათასი ლარი, რაც არამიზნობრივი ხარჯია, რადგან არაეფექტურია სამინისტროს მიერ გატარებული საინვესტიციო პოლიტიკა, რაც აისახა ინვესტიციების რაოდენობაზე. კერძოდ, 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა შეადგენდა 190 მილიონ აშშ დოლარზე მეტს, ხოლო 2018 წელს შემცირდა 35 მილიონ აშშ დოლარამდე, კლების ტენდენცია გრძელდება 2019 წელსაც. მოვითხოვთ უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შეისწავლოს სამინისტროს საქმიანობა და პროგრამის მიზნობრიობა, რომელშიც იხარჯება ყოველწლიურად ასიათასობით ლარი, ხოლო ინვესტიციები მცირდება“.

ოპოზიცია კვლავ ითხოვს გაგრძელდეს ახალი ბულვარის მშენებლობა, რომელიც შეჩერდა 2013 წელს, ასევე მდინარე ჭოროხზე ხიდის მშენებლობას: „მოვითხოვთ განმარტებებს პროგრამით გათვალისწინებულია თუ არა ბულვარისა და ხიდის მშენებლობის ხარჯები, ასევე რამდენიმე წელია მოვითხოვთ გონიოს პლაჟზე არსებული სასეირნო ბილიკის კეთილმოწყობას, მათ შორის ველოგზისა და ველოსიპედების ტერმინალის მოწყობას, დასასვენებელი, სარეკრეაციო ზონების მოწყობას, რაც დღემდე არ განხორციელდა. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ აღნიშნული სამუშაოების ჩატარებას“.

რაც შეეხება ბათუმში ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობას, ოპოზიციური ფრაქცია თვლის, რომ შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს.

„ყინულის სასახლისა და აუზის მშენებლობისთვის გაფორმდა ხელშეკრულება კომპანიასთან, თუმცა დღემდე არაფერი გაკეთებულა, პროექტზე დაიხარჯება 19 მილიონი. მოვითხოვთ აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვა, რადგან როგორც ხელშეკრულების გაფორმება, ასევე სამუშაოების შეფერხება აჩენს კითხვებს“, – აცხადებს უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი აჭარის უმაღლეს საბჭოშია გადაგზავნილი და ის შენიშვნებთან ერთად მთავრობას, როგორც საბჭოში გვითხრეს, დღეს, 20 ნოემბერს, დაუბრუნდება.

________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

მოსწავლეები სოფლებში 44 ქულით ჩამორჩებიან თანატოლებს ქალაქებში

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) 2019 წლის მიმოხილვას აქვეყნებს განათლებაში შეფასებისა და ატესტაციის სისტემების შესახებ.

მიმოხილვაში საუბარია, სოფლად და ქალაქად მცხოვრები მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებს შორის საგრძნობ განსხვავებაზე.

„სოფლად მცხოვრები მოსწავლეები 44 ქულით ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს ქალაქებში, რაც დაახლოებით, სკოლაში სწავლის 1,5 წელს უთანაბრდება“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

ეს განსხვავება რეგიონულ დონეზე იკვეთება – თბილისში მოსწავლეთა თითქმის 2/3 საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (PISA-ს შკალაზე) საბაზისო მაჩვენებელს სცდება, ხოლო რეგიონებში, ამ დონეზე მოსწავლეთა მხოლოდ 1/3-ია.

აკადემიური მიღწევების მხრივ, კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა არაქართულენოვანი მოსწავლეების შემთხვევაში. „ის მოსწავლეები, რომლებიც შინ ქართულად ლაპარაკობენ, უსწრებენ თავიანთ თანატოლებს, რომელთა მშობლიური ენა ქართული არ არის. სამწუხაროდ, სწავლის ხარისხში ეს უთანასწორობა 2009-2015 წლებში კიდევ უფრო გაიზარდა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

ამავე მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ ქართულენოვანმა მოსწავლეებმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 419 ქულა მიიღეს, ხოლო იმ მოსწავლეებმა, რომლებიც შინ ქართულად არ ლაპარაკობენ – 359 ქულა.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსწავლეთა თითქმის ნახევარი საბაზისო ნიშნულს ვერ გასცდა, ეს ზღვარი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეთა თითქმის 90%-მა ვერ გადალახა. 3-ე დონეს კი ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ვერც ერთმა მოსწავლემ ვერ მიაღწია“.

 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს უკეთესი პოლიტიკის შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს კეთილდღეობას, თანასწორობას და შესაძლებლობას ყველასთვის.

 

ამავე თემაზე:

ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს ბავშვები

მიღწევებით ღარიბი მოსწავლეები მდიდრებს 78 ქულით ჩამორჩებიან

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) 2019 წლის მიმოხილვას აქვეყნებს, განათლებაში შეფასებისა და ატესტაციის სისტემების შესახებ.

შეფასებაში ნათქვამია, რომ საქართველოში, 15 წლის ასაკის მოსწავლეებში, 2009 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში სწავლის შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებეში. თუმცა, „საქართველოში მიღწეული პროგრესი მოსახლეობის ყველა ჯგუფს თანაბრად არ შეეხო“.

სწავლის შედეგების მიხედვით, 2015 წელს დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეებმა 78 ქულით ნაკლები აიღეს, ვიდრე მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეებმა, „რაც უხეშად, სკოლაში სწავლის 2,5 წელს უდრის“.

OECD-ს 2016 წლის კვლევის მიხედვით, ეს სხვაობა უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთსა (58 ქულიანი განსხვავება) და თურქეთში (59 ქულიანი განსხვავება).

ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, განათლებაში თანასწორობა გაიზარდოს.

ამისთვის კი, როგორც კვლევაში წერია, არსებითია, რომ „საქართველომ შეიმუშაოს შეფასებისა და ატესტაციის ისეთი სისტემები, რომლებიც შეძლებენ დაბალი და უთანასწორო შედეგების იდენტიფიცირებას და ამ გამოწვევის გადაჭრას მანამ, ვიდრე ეს უთანასწორობა ფესვებს გაიდგამს“.

მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობა საბუნებისმეტყველო
მეცნიერებებში მიღწევის სხვადასხვა ჯგუფებში, PISA 2015

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს უკეთესი პოლიტიკის შემუშავებაზე, რაც ხელს შეუწყობს კეთილდღეობას, თანასწორობას და შესაძლებლობას ყველასთვის.

_____

ამავე თემაზე:

ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს ბავშვები

ასობით კოალა დაიღუპა ხანძრის შედეგად – ავსტრალიაში ფაქტს ტრაგედია უწოდეს

ასობით კოალა დაიღუპა ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ავსტრალიაში, ოქტომბრის ბოლოს.

ცეცხლი 2 000 ჰექტარ ბუჩქნარზე გავრცელდა, ახალ სამხრეთ უელსში, სიდნეიდან 250 მილის დაშორებით. ბოლო თვეების განმავლობაში ახალ სამხრეთ უელსში ასობით ტყის ხანძრის კერაა დაფიქსირებული.

ხანძრის შედეგად სავარაუდოდ დაიღუპა 350 კოალა, რომლებიც ამ არეალში ცხოვრობდნენ. ცხოველების მაშველებმა ხანძრისას კოალების ნაწილის გადარჩენა შეძლეს. გადარჩენილი ცხოველები სპეციალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, სადაც მათ მკურნალობენ.

ამ ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობს ქალი კოალა ხანძრისგან გადაარჩინოს.

მაშველების თქმით, კოალების დაღუპვა განსაკუთრებით ტრაგიკული ფაქტია, რადგან იმ ტერიტორიაზე, სადაც ხანძარია, სხვადასხვა სახეობის კოალა ბინადრობს.  უკანასკნელ ათწლეულში კი ადგილობრივი სახეობის კოალების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

მონიტორინგის ჯგუფები ამბობენ, რომ ავსტრალიაში კოალების რაოდენობა მცირდება და ველურ ბუნებაში სულ 43 000 ეგზემპლარი დარჩა. კოალების რაოდენობის შემცირება იხსნება მათი საცხოვრებელი არეალის შემცირებით, კლიმატის ცვლილებებით, ავადმყოფობითა და ძაღლების თავდასხმით.

სამხრეთ უელსის ბუნების დაცვის მრჩეველთა საბჭოს წევრის, ჯეიმს ტრიმენის თქმით, ჩვეულებრივზე თბილი ამინდი, რაც კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული, კოალების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალს ემუქრება, არა მხოლოდ ხანძრებით, არამედ ფოთლოვან მცენარეებზე გავლენით, რითაც კოალები იკვებებიან.

„თუ კოალების შემცირება ამ ტემპით გაგრძელდება 20-30 წლის განმავლობაში, კოალა შესაძლოა შუა ასწლეულში საერთოდ გაქრეს ველური ბუნებიდან“ – განაცხადა მან.

_____________________

წყარო: bbc, euronews

ფოტო: smh.com.au

 

აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია – ქარტიის საბჭოს განცხადება

„ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გაგვიმძაფრა ეჭვი, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო, რომლის უმრავლესობაც სრულად “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხარდაჭერითაა დამტკიცებული, აირჩევს ისეთ ახალ დირექტორს, რომელიც ხელისუფლების ინტერესს გაატარებს და მმართველი ძალისთვის ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას განახორციელებს,“ – აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

ქარტია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის განახლებას ეხმაურება, რომელიც დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე სასამართლოს ჰქონდა შეჩერებული. ტელევიზიის ახალ დირექტორს ამჯერად მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგებლობა აირჩევს, გიორგი კოხრეიძე კი ისევ დირექტორობის კანდიდატია.

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია ზოიძემ გუშინ, 19 ნოემბერს სოციალურ ქსელში დაწერა: არ არის გამორიცხული, ტელევიზიის დირექტორის პოსტი კოხრეიძეს ჩააბარონ. ნათია ზოიძე საუბრობს სცენარზე, რაზეც ჟურნალისტების ნაწილი საუბრობდნენ მაშინ, როცა დირექტორის შესარჩევი კონკურსი შეჩერდა. მაშინ ხელისუფლება ამას „შეთქმულების თეორიას“ უწოდებდა. ამ „სცენარის“ მიხედვით, კონკურსი სასამართლომ შეაჩერა, რადგან ხელისუფლებას სურდა დირექტორი მრჩეველთა საბჭოს ახალ შემადგენლობას აერჩია. ვიდრე სასამართლო კონკურსის შეჩერების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გააუქმებდა, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 4 წევრს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ მიიჩნევენ, რომ მოვლენების ასეთი განვითარება აჩენს ეჭვს და საფრთხის წინაშე დგას სარედაქციო დამოუკიდებლობა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პროცესში ხელისუფლების მონაწილეობის ეჭვს აჩენდა. ამის შესახებ ღიად საუბრობს ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილიც და ხედავს სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის საფრთხეს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეინარჩუნოს დღეს არსებული კრიტიკული, ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.

ახალმა დირექტორმა არ განახორციელოს იქ მომუშავე პროფესიონალი, გავლენებისგან თავისუფალი ჟურნალისტების დევნა ან შეზღუდვა. უფრო მეტიც, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა გახდეს უფრო სიღრმისეული, კრიტიკულად მოდარაჯე ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ. სწორედ ასეთი მედიის არსებობაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს ყველას, ვისაც მცირედი წვლილის შეტანა შეუძლია ტელევიზიის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა არ მოხდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დამოუკიდებლად მუშაობის შანსს მოუსპობს იქ დასაქმებულ ჟურნალისტებს და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ ტელევიზიის აუდიტორიას, რომლისთვისაც აუცილებელია მიიღოს გადამოწმებული, კრიტიკული, სიღრმისეული ინფორმაცია ნებისმიერ მნიშვნელოვან თემაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი წარიმართოს მაღალი კონკურენციის პირობებში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პირები, რომლებსაც საზოგადოებაში აქვთ ნდობა“, – წერია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

————————————————

18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორის შესარჩევი კონკურსი გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე ამ დრომდე შეჩერებული იყო მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებით. გოგა კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ „აჭარის ტელევიზიის“ არჩეული დირექტორი თვითონაა და ამიტომ იჩივლა სასამართლოში.

გიორგი კოხრეიძემ „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის პირველ ორ კონკურსში ვერც ერთი ხმა მიიღო, მესამედ გამოცხადებულ კონკურსში კი – 2 ხმა. საბჭომ მესამედ გამოცხადებული კონკურსიც ჩაშლილად გამოაცხადა მრჩეველთა საბჭოს რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც დირექტორის ასარჩევად 2+1 ხმის საჭიროებას ადგენს. გიორგი კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ საბჭოს ერთი წევრი – ბეჟან გობაძე სხდომას ესწრებოდა, როგორც გარედან გარედან მაყურებელი, სხდომაში მონაწილე სამი წევრიდან ორმა კი, მას მხარი დაუჭირა.

სასამართლოს 18 ნოემბრის განჩინების მიხედვით, გიორგი კოხრეიძის სარჩელის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება, სადაც უნდა დადგინდეს, არის თუ არა იგი არჩეული დირექტორი, მანამდე კი, მრჩეველთა საბჭოს უკვე ახალი შემადგენლობას ტელევიზიის ახალი დირექტორი უნდა შეერჩია, თუმცა, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია ზოიძის ფეისბუქზე განცხადების თანახმად, გოგა კოხრეიძემ ისევ შეიტანა საბუთები დირექტორის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

პირს, რომელიც კადრების გავრცელების მუქარით ქალს სექსს სთხოვდა, 4 წელი მიუსაჯეს 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წელს ლ.ც.-მ უკანონოდ მოიპოვა ი.ყ.-ს პირადი ცხოვრების  ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა და დაზარალებულის მეგობრებს გადაუგზავნა. ლ.ც. ასევე დაზარალებულს აღნიშნული მასალის სოციალურ ქსელში გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით,  მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.

სამართალდამცველებმა ლ.ც. 2019 წლის 7 მარტს დააკავეს.  პროკურატურამ  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის იძულება) და 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება)  წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ც-ს სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

Exit mobile version