მთავარი,სიახლეები

ნათია ზოიძე: არ არის გამორიცხული ტელევიზიის დირექტორის პოსტი ჩააბარონ კოხრეიძეს

19.11.2019 • 2534
ნათია ზოიძე: არ არის გამორიცხული ტელევიზიის დირექტორის პოსტი ჩააბარონ კოხრეიძეს

ნათია ზოიძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: 

„გოგა კოხრეიძემ საბუთები შემოიტანა, მიუხედავდ იმისა, რომ მან სასამართლოს მიმართა და ამტკიცებდა, რომ აჭარის ტელევიზიის არჩეული დირექტორია. ახლა ისევ ცდის ბედს, რადგან ეს მოკლე გზაა გახდეს დირექტორი.

სად ხართ ის ხალხი, იმედი რომ გქონდათ ორი წელი გაგრძელდებაო სასამართლო დავა?

ხელისუფლებამ დადო სცენარი, ჩვენ გავშიფრეთ ამ სცენარით რომ წავიდოდნენ, ელჩებს გავუზიარეთ ჩვენი ვარაუდები, წერილიც გამოვაქვეყნეთ, არსამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული წრეების წარმომადგენლებსაც შვხვდით.

ხელისუფლების წარმომადგენლები გვიკიჟინებდნენ: შეთქმულებების თეორიებში ღრმად მიდიხართო.

მრჩეველთა საბჭომ სასწრაფოდ ჩანიშნა სხდომა პარასკევს, მოკლედ  არ არის გამორიცხული 21 ნოემბერს ტელევიზიის დირექტორის პოსტი ჩააბარონ ბატონ კოხრეიძეს.

ბატონმა კოხრეიძემ იცრუა: თქვა, რომ ბეჟან გობაძე (საბჭოს ყოფილი წევრი) იქ დასეირნებდა და პროცესში არ მონაწილეობდაო, ნაცარი მოგვაყარა თვალებში, ჩვენც, სასამართლოსაც, საზოგადოებასაც.

ბატონებო და ქალბატონებო! მიზანი არ ამართლებს საშუალებას, არ ღირს სავარძელი იმად, რომ შეიძლება თქვა ტყუილი, მორალის ამბავია ეს და უნდა გესმოდეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის თანმდებობა უნდა დაიკავო. აქ კი ნდობა და რეპუტაცია გადამწყვეტი ფაქტორია.

მოგიწოდებთ ყველას, ვისი გამოცდილებაც იძლევა საშუალებას, მიიღეთ ტელევიზიის დირექტორის კონკურსში მონაწილეობა. ერთი დღე დარჩა, რაც ბევრი მით უკეთესი, გამოგვყევით ბოლომდე, ლუსტრაციის დროა!“

___________

წყარო: ფეისბუქი

რა ხდება

18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორის შესარჩევი კონკურსი გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე ამ დრომდე შეჩერებული იყო მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებით. გოგა კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ „აჭარის ტელევიზიის“ არჩეული დირექტორი თვითონაა და ამიტომ იჩივლა სასამართლოში.

გიორგი კოხრეიძემ „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის პირველ ორ კონკურსში ვერც ერთი ხმა მიიღო, მესამედ გამოცხადებულ კონკურსში კი – 2 ხმა. საბჭომ მესამედ გამოცხადებული კონკურსიც ჩაშლილად გამოაცხადა მრჩეველთა საბჭოს რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც დირექტორის ასარჩევად 2+1 ხმის საჭიროებას ადგენს. გიორგი კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ საბჭოს ერთი წევრი – ბეჟან გობაძე სხდომას ესწრებოდა, როგორც გარედან გარედან მაყურებელი, სხდომაში მონაწილე სამი წევრიდან ორმა კი, მას მხარი დაუჭირა.

სასამართლოს 18 ნოემბრის განჩინების მიხედვით, გიორგი კოხრეიძის სარჩელის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება, სადაც უნდა დადგინდეს, არის თუ არა იგი არჩეული დირექტორი, მანამდე კი, მრჩეველთა საბჭოს უკვე ახალი შემადგენლობას ტელევიზიის ახალი დირექტორი უნდა შეერჩია, თუმცა, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია ზოიძის ფეისბუქზე განცხადების თანახმად, გოგა კოხრეიძემ ისევ შეიტანა საბუთები დირექტორის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: