ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, აფიშებისთვის განკუთვნილ კედელზე, კაფე „ვინილთან“ ან კიდევ „თავისუფალ სივრცესთან“ ალბათ შეგინიშნავთ ე.წ. „არტ ბოქსები“, რომელშიც თანამედროვე არტისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი. ეს ერთგვარი ქუჩის გალერეაა. მსგავსი „არტ ბოქსები“ ბათუმსა და თბილისში რამდენიმე ადგილზეა წარმოდგენილი. პროექტს, რომლის მიზანიც თანამედროვე ხელოვნების წარმოჩენაა, Art Up | Street Gallery ეწოდება.
პროექტი უკვე საქართველოს მასშტაბს გასცდა და ნოემბრიდან ესტონეთში, ტალინშიც არის წარმოდგენილი.
Art Up | Street Gallery-ის „არტ ბოქსები“ განთავსდა ტელისკივის შემოქმედებით ქალაქში, სადაც, როგორც ქართველ, ისე უცხოელ არტისტებს ექნებათ ციფრული ნამუშევრების გამოფენის შესაძლებლობა.
პირველი გამოფენა ტალინში, თამუნა წახნაკიას ნამუშევრებით – „ჩემი ქართული რეალობა“ – გაიხსნა.
„ტელისკივის შემოქმედებით ქალაქი“ დიდი შემოქმედებითი ცენტრია ესტონეთში, რომელიც მოიცავს სტუდიებს, რესტორნებს, დიზაინერების მაღაზიებს, კრეატიული ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს. კომპლექსი რკინიგზის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს და ყოველწლიურად მასპინძლობს გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.
პროექტი Art Up | Street Gallery 2016 წელს დაიწყო ბათუმში და მისი ავტორი ლევან გელიაშვილია [ერედელი].
Art Up | Street Gallery-ის მთავარი მიზანია შექმნას ალტერნატიული, არატრადიციული საგამოფენო სივრცეები ყველასათვის ხელმისაწვდომ ღია სივრცეებში და ქუჩებში, სრულიად უფასოდ. ხელოვანებს საკუთარი ნამუშევრების „ბოქსებში“ განთავსება და გამოფენის ორგანიზება შეუძლიათ სპეციალური ფორმის შევსებით, Artup.ge -ს ვებ-გვერდზე. ART UP სრულად ფარავს ნამუშევრების ბეჭდვის და განთავსების საფასურს.
_________________
მთავარ ფოტოზე: „არტ ბოქსები“ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე. თიკა ჯაბანაშვილის გამოფენა „ავტოპორტრეტი“