ეს არ იქნება იოლი, მაგრამ ვაპირებთ ბრძოლას – ჟურნალისტები დირექტორის არჩევის წინ


„ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის“, – ასეთია „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტების განწყობა ერთი დღით ადრე, ვიდრე მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა ტელევიზიის ახალ დირექტორს აირჩევს. ჟურნალისტების ერთ ნაწილს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს გიორგი კოხრეიძე იქნება და სარედაქციო დამოუკიდებლობას შეუქმნის საფრთხეს. რას აპირებენ ჟურნალისტები, თუკი ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდება, ან ვინმე სხვა, რომელიც პოლიტიკური ინტერესის გატარებას ეცდება? რა ფორმით წარმოუდგენიათ ჟურნალისტებს თავისუფალი რედაქციის დაცვა? – ეს კითხვა ჩვენ „აჭარის ტელევიზიის“ რამდენიმე ჟურნალისტს და რედაქტორს დავუსვით.

„ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ტელევიზიის დირექტორი – ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს…“, – გვიყვება „აჭარის ტელევიზიის“ საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი, თეონა ხარაბაძე. იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე „ღიად და საჯაროდ“ არ მალავენ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის სურვილს. ჟურნალისტს ეს ეჭვი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებამაც გაუმყარა, როცა ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ერთ-ერთ კანდიდატის – გიორგი კოხრეიძის მოთხოვნის საფუძველზე შეჩერდა.

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი – გიორგი კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრია და „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის წინა კონკურსებშიც მონაწილეობდა. მას შემდეგ, რაც საბჭოს ორმა წევრმა მხარი დაუჭირა, ჩათვალა, რომ არჩეული დირექტორია, სასამართლოს მიმართა და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა კიდეც – კონკურსი შეჩერდა.

„სასამართლო ხელისუფლებამ ინსტრუმენტად გამოიყენა, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ძალიან თვალსაჩინო გახადა პროცესი,“ – ამბობს მაია მერკვილაძე, „აჭარის ტელევიზიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე. ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სასამართლოში ბევრი სხვა სარჩელიც შედის, მაგრამ ასეთი დაჩქარებული ტემპით მას სასამართლო არ განიხილავს და მეორე – „კონკურსის შეჩერების საფუძველი რომ არ არსებობდა, ეს დაადასტურა სააპელაციო სასამართლომ. მეორე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა ის, რომ გიორგი კოხრეიძემ იცრუა,“ – დასძენს მაია მერკვილაძე.

მაია მერკვილაძე და „აჭარის ტელევიზიის“ კიდევ 6 თანამშრომელი ასევე აპირებს დირექტორობას. მათ მოულოდნელად მიიღეს ეს გადაწყვეტილება საერთო არგუმენტით – შექმნან არჩევანის შესაძლებლობა და ვეღარ თქვას ბორდის რომელიმე წევრმა ის, რომ არ იყო კანდიდატი, ვის მიუკერძოებლობაზეც კითხვები არ გაჩნდებოდა.

„ჩვენ ამით დავეხმარეთ ბორდის ახალ შემადგენლობას. ისინი ვეღარ იტყვიან, რომ არჩევანი არ ჰქონდათ,“ – აღნიშნავს ლაშა ზარგინავა, საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი და დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი. იგი არ გამორიცხავს იმას, რომ ბორდის ახალმა შემადგენლობამ იზრუნოს „რეპუტაციის შექმნაზე“ და უარი თქვას გიორგი კოხრეიძის  გაყვანაზე, რომელიც „დიდი ხანია განიხილება, როგორც სახელისუფლებო კანდიდატი“.

ლაშა ზარგინავა საუბრობს იმ მომენტზეც, რამაც შესაძლოა ახალ დირექტორს, ვინც არ უნდა იყოს იგი, ვერ იმოქმედებს თავისუფლად, თუკი რომელიმე ჟურნალისტის თავიდან მოშორებას გადაწყვეტს.

„საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებს და ოპერატორებს გვაქვს უვადო ხელშეკრულებები… მაშინ გამოვა, რომ ყველა გადაცემა უნდა დაგვიხურონ, გვითხრან, რომ სახლში წავიდეთ და სურთ გადაცემები და რეპორტაჟები პეპლებზე,“ – აღნიშნავს ლაშა ზარგინავა.

როგორ წარმოუდგენიათ ჟურნალისტებს სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვა?

თეონა ხარაბაძე, ჟურნალისტი: „ჩვენი მთავარი იარაღია ჩვენი რეპორტაჟები და გადაცემები. არ ვაპირებთ, დავნებდეთ, დავტოვოთ სამსახური და წამოვიდეთ… გიორგი კოხრეიძე იქნება, თუ სხვა ვინმე, მოუწევს ყოველ დღე თვალებში ჩახედოს და მოუსმინოს იმ არხის თანამშრომლებს, რომლის დირექტორიც თვითონ იქნება.“

ჯენი კვანტალიანი, ჟურნალისტი: „ამ დროისთვის არის ერთსულოვნება… თუკი იქნება დავალებები და დავინახავთ, რომ მიკერძოებული მასალა უნდათ, ან სიუჟეტი, მაგალითად, სადაც ბალანსი არ უნდა იყოს დაცული, ამას, რა თქმა უნდა, გავაპროტესტებთ და ვიტყვით საჯაროდ. მე არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი კოხრეიძე არ აირჩიონ, რადგან მას შემდეგ, რაც ხმამაღლა დაიწყეს საუბარი ამ ადამიანის შესახებ, მთავრობამ შესაძლოა სხვა გათვლა გააკეთოს. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩაერიოს სარედაქციო დამოუკიდებლობაში. ვიტოვებ იმედს, რომ მრჩეველთა საბჭო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებას არ დაუკარგავს საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

ირინა ყურუა, ანალიტიკური გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი: „გუნდმა ასე გადავწყვიტეთ, რომ არსად მივდივართ… დავაკვირდებით, რას გააკეთებს ახალი დირექტორი. მოლოდინი არ მაქვს, რომ მეტყვიან, დაიხურა შენი გადაცემა, დაიხურე ქუდი და წადი, მაგრამ იქნება სხვა ტიპის ჩარევები სტუმრების მოყვანაზე, თემის შერჩევაზე და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ საჯაროობა იქნება გამოსავალი. ჩვენ არ მივჩქმალავთ არაფერს“.

საჯაროობის და გამჭვირვალობის გზით საზოგადოებისგან უფრო მეტი მხარდაჭერის იმედი აქვს მაია მერკვილაძესაც, რომელიც ტელევიზიის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი და საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეა. იგი ფიქრობს, რომ, პირველ რიგში, ტელევიზიის შიგნით არ უნდა დაინახოს ხელისუფლებამ „სუსტი რგოლი“, ხოლო შემდეგ საზოგადოებას დაანახოს და გააგებინოს – რის გადარჩენას ცდილობენ ჟურნალისტები.

„ლუსტრაციის გარეშე არ წამოვალთ… ვიცი, ეს ბრძოლა არ იქნება იოლი, მაგრამ ვაპირებთ ბრძოლას. თუ ჩვენი ბრძოლა გასაგები იქნება საზოგადოებისთვის, შესაძლებელი იქნება შედეგის მიღწევა. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი სიმტკიცეზე და ჩვენს წესიერებაზეა დამოკიდებული. თუ მტკიცე ადამიანები აქ გავერთიანდებით, დაინახავს დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფიც, რომ საშიშია ასეთ გუნდთან დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი გამოცდილებები მაქვს ამ კუთხით და ყოველთვის გამარჯვებული არ ვყოფილვარ, ვიცი, რომ ამ სიმტკიცის ეშინიათ. თუკი ჩვენ ვიქნებით „სუსტი წერტილი“, მაშინ ყველაფერი მარტივად შესაძლებელია რომ მოხდეს,“ – მიიჩნევს მაია მერკვილაძე.

მედიის მიმართ დღეს არსებული ინტერესის გათვალისწინებით და წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით, არცთუ ოპტიმისტური განწყობა აქვს ჟურნალისტ თეონა ხარაბაძეს, თუმცა მას აქვს განცდა, რომ ჟურნალისტები, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში თავისუფლებას მიეჩვივნენ, იოლად აღარაფერს დათმობენ.

„როდესაც მაღალი ხარისხის თავისუფლებას მიეჩვევი, შემდეგ ამის დათმობა რთულია… მე მგონია, რომ ამ ეტაპზე არის ერთიანი განწყობა. შესაძლოა, როცა სიტუაცია გართულდება, ჩვენც დაგვთვალონ, როგორც ახლა აქციებზე ითვლიან ხალხს, ამიტომაც გვინდა, რომ ძალა ვაჩვენოთ. ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ პრეცედენტი…“ – ამბობს თეონა ხარაბაძე.

რა ქმნის საფრთხის განცდას დღეს? რა აჩვენებს, რომ გიორგი კოხრეიძე ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული?

მაია მერკვილაძე: „სასამართლოს გადაწყვეტილება აჩვენებს ამას… გარდა ამისა, გვაინტერესებს, რა უნდა თქვას ბორდმა, თუკი გიორგი კოხრეიძეს დაუჭერს მხარს? ჩვენ გვექნება კითხვა: იყო თუ არა სხვა კანდიდატი, რომელიც სარგებლობს ნდობით, პროფესიონალია და სიკეთის მოტანა შეუძლია მაუწყებლისთვის?“

რა ადასტურებს იმას, რომ კოხრეიძეს არ შეუძლია არხისთვის „სიკეთის მოტანა?“ – ვკითხეთ ისევ მაია მერკვილაძეს

„გიორგი კოხრეიძე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი აჭარის კვოტით და ეს სიკეთე ვერ დავინახეთ. ვერც მრჩეველთა საბჭო იტყვის იმას, რომ რაიმე სიკეთე მოიტანა მისმა მონაწილეობამ მრჩეველთა საბჭოში,“ – გვიპასუხა მან.

გადაცემა „სათქმელის“ წამყვანიც თითქმის დარწმუნებულია, რომ ახალი დირექტორი გიორგი კოხრეიძე იქნება. ის არ გამორიცხავს, რომ არჩევანი სხვაზე გაკეთდეს, თუმცა ისიც ხელისუფლების ინტერესის გატარებას შეეცდება.

„თავდასხმა არ ხდება მხოლოდ „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტებზე. ხელისუფლება დღეს ღია ომს უცხადებს ყველა მედიას, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი… ეს რომ იყოს ერთი რომელიმე პოლიტიკოსის საჯარო განცხადება, ვიფიქრებდით, რომ რომელიმე პოლიტიკოსი თავნებობს, საერთო ტენდენცია უკვე ჩანს,“ – უთხრა ირინა ყურუამ „ბათუმელებს“.

„გიორგი კოხრეიძე გაატარებს თუ არა ხელისუფლების ინტერესებს, ამის თქმა ერთმნიშვნელოვნად არ შემიძლია,“ – ეს განწყობა აქვს შორენა ღლონტს, „აჭარის ტელევიზიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს, თუმცა მიაჩნია, რომ „რისკები არსებობს“.

„პროცესი, რომელიც წინა კონკურსების დროს მიმდინარეობდა და ბოლო კენჭისყრის შედეგებით გამოიკვეთა, ამ რისკებს არ გამორიცხავს. ამ ეჭვებს, კიდევ უფრო აძლიერებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება,  რომელიც ახალი ამბების გუნდს და მათ შორის მეც მაქვს.

პირდაპირ იმის თქმა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა ხვალ ჩანიშნულ კენჭისყრაზე, რთულია. მაგრამ მიჭირს, იმის გამორიცხვაც, რომ საბჭოს რჩეული არ გახდება ბატონი გიორგი. საზოგადოებას ახსოვს, რომ წინა კენჭისყრაზე გიორგი კოხრეიძემ მიიღო ორი მრჩევლის მხარდაჭერა და სწორედ  მაშინ გამოითქვა ვარაუდები, რომ ესენი იყვნენ  სწორედ ის მრჩევლები, ვინც ნათია კაპანაძის იმპიჩენტის ინიციატივა დააყენეს. ახლა ამ ორიდან ერთ-ერთი მრჩეველი საბჭოშია, უკვე თავმჯდომარეა. ამიტომ მაქვს განცდა, რომ  თუ გიორგი კოხრეიძე საჭირო ხმების რაოდენობას ვერა,  კონკრეტული მრჩევლის ხმას მაინც მიიღებს.

ახალი ამბების გუნდი არის ერთიანი მოსალოდნელი  საფრთხეების მიმართ. სწორედ ეს ერთიანობა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გუნდს აქვს წლების განმავლობაში მოპოვებული მიუკერძოებლობისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების ძალა და სურვილი,“ – გვითხრა შორენა ღლონტმა.

„პოლიტიკური ცირკი გრძელდება“, – ასე უყურებს პროცესს, რომელიც ტელევიზიაში ამ დრომდე გრძელდება, ირაკლი ყურუა. იგი გადაცემა „ჰეშთეგის“ ხელმძღვანელია. ირაკლი ყურუაც ფიქრობს, რომ გიორგი კოხრეიძის გადირექტორება ხელისუფლების პირდაპირ ინტერესს აჩვენებს.

„ეს ცირკი დაიწყო ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით და ამან შეიძლება ახლა ბევრად რადიკალური ფორმები მიიღოს. ხელისუფლება არ ერიდება ღია ომის გამოცხადებას. ვგულისხმობ საჯარო განცხადებებს, მათ შორის, დაოკებისკენ მოწოდებაზე, ან იმაზე, რომ თურმე „ნაციონალურ მოძრაობის“ იდეოლოგიას ვატარებთ. მეორეს მხრივ, სადღაც შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ წარმოვადგენთ ანგარიშგასაწევ ძალას და ჩვენ შევუქმენით ეს დისკომფორტი ხელისუფლებას.

ხელისუფლება არც ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილის გამოყენებას მოერიდა. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი მსხვერპლი იყო, ან ამას გამიზნულად აკეთებდა, მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი ამ პროცესში არის ის, რომ მათ მანკიერი გეგმის განხორციელება შეძლეს ტელევიზიის შიგნით კონკრეტულ ადამიანებზე დაყრდნობით,“ – ამბობს ირაკლი ყურუა.

ახლა რა როლს შეასრულებენ ტელევიზიის თანამშრომლები ტელევიზიის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად? – ირაკლი ყურუას პოზიტიური მოლოდინი აქვს, რადგან მიიჩნევს, რომ „აჭარის ტელევიზია“ უკვე „საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და ეს მათ არ მისცემს რადიკალური ზომების გამოყენების საშუალებას“.

„ლუსტრაციაში მოგვყევითო „ფეისბუკში“ დაწერა ნათია ზოიძემ. ასე რომ, პარასკევი ბორდის და პროცესის ბოლომდე ლუსტრაციის დღეა,“ – ამბობს თეონა ბაკურიძე, „აჭარის ტელევიზიის“ მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანი. რამდენიმე დღის წინ მას პირდაპირ ეთერში უთხრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ, რომ „ნაცმოძრაობას“ უნდა გაემიჯნოს. ტელევიზიის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობაც თეონა ბაკურიძის ეთერში შედგა – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ასე მიმართა წამყვანს: „დაოკდი“.

მანამდე კი იყო ბიძინა ივანიშვილის თავდასხმა.

„მე ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დღეს ვთქვი, რომ ამ მაუწყებელში დავრჩები მანამ, ვიდრე ჩემი სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება უზრუნველყოფილი. ამას ვაპირებ ახლაც. თუ გიორგი კოხრეიძე გახდება დირექტორი, ეს თვალში ნაცრის შეყრა გამოვა, თუმცა ნაცარშეყრილი თვალებითაც დავინახავთ და მანამდეც დავინახეთ, რა სცენარიც დაიდგა. არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, მაგრამ ვნახოთ რას იზამს მრჩეველთა საბჭო. თუ გიორგი კოხრეიძე გახდება დირექტორი, მას არ ექნება კომფორტი იმისთვის, რომ აკეთოს ის, რისი ეჭვიც გვაქვს,“ – გვითხრა თეონა ბაკურიძემ.

ლუსტრაციის მოლოდინი უფრო აქვს, ვიდრე გადირექტორების ნათია ზოიძეს, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას ასრულებს და დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატია. მან 19 ნოემბერს ფეისბუქპოსტში ასე აღნიშნა:

„…ხელისუფლებამ დადო სცენარი, ჩვენ გავშიფრეთ ამ სცენარით რომ წავიდოდნენ, ელჩებს გავუზიარეთ ჩვენი ვარაუდები, წერილიც გამოვაქვეყნეთ, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული წრეების წარმომადგენლებსაც შევხვდით… ხელისუფლების წარმომადგენლები გვიკიჟინებდნენ: შეთქმულებების თეორიებში ღრმად მიდიხართო… გამოგვყევით ბოლომდე, ლუსტრაციის დროა!“

ამ თემაზე:

აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია – ქარტიის საბჭოს განცხადება

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი