ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მეზღვაურების 2 წელი ლიბიის ციხეში – სასჯელის ვადა გავიდა, მაგრამ მათ არ ათავისუფლებენ

21.11.2019 • 2974
მეზღვაურების 2 წელი ლიბიის ციხეში – სასჯელის ვადა გავიდა, მაგრამ მათ არ ათავისუფლებენ

ორი წლის წინ ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები ისევ ტყვეობაში რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ მეზღვაურებმა შეფარდებული სასჯელი მოიხადეს, მათი გათავისუფლება ამ დრომდე [21.11.2019] ვერ ხერხდება.

ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი REX ლიბიაში 2017 წლის 30 აგვისტოს  დააკავეს. ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს სამი მოქალაქე იყო,  თურქეთის – ხუთი და ორიც – ინდოეთის. ტანკერს ქართველი კაპიტანი, გენადი კომახიძე მეთაურობდა.

დაკავებულებს ბრალად დიდი ოდენობით ნავთობის უკანონო გადაზიდვა ედებოდათ. დაკავებული სამი მეზღვაურიდან  ერთი, ნუკრი ხოხბა 2018 წლის მარტში გაათავისუფლეს.

ლიბიის სასამართლომ ქართველ  კაპიტანს, გენადი კომახიძესა და მის თანაშემწეს რომან კაკალაძეს 2019 წლის აპრილში 6-თვიანი პატიმრობა და 1 810 017 მილიონი ლიბიური დინარის [1 289 114 USD]  გადახდა დააკისრა.

„მილიონ სამასი ათასი დოლარი გამოვიდა ის თანხა, რაც დააკისრა სასამართლომ რომას და გენადს. ამასთან ერთად, მიუსაჯეს ექვსი თვით პატიმრობა. მაგრამ ეს  დრო გაიქვითა, რადგან ორ წელზე მეტია დაკავებულები არიან.

ჩემი ძმა, რომა მეუბნება წესით უკვე თავისუფლები ვართო. ლიბიის კანონმდებლობით, თუ პატიმარი, რომელსაც სასამართლომ თანხის გადახდა დააკისრა, სამიდან ექვს თვემდე ვადაში ვერ იხდის ამ თანხას, თავისუფლდება ციხიდან. უბრალოდ, ვალი ექნება ლიბიისო.

საგარეო საქმეთა სამინისტროდანაც დამირეკეს და მითხრეს: მეზღვაურები უკვე თავისუფლები არიან, მაგრამ ლიბიელი პროკურორი გათავისუფლების საბუთს ხელს ვერ აწერს, რადგან თანხა ძალიან დიდიაო.

5 ოქტომბრისთვის მამზადებდა საგარეო. ბილეთი აღებული გვაქვსო, რომას პირადი ნივთებიც გამამზადებინეს, თურქეთში უნდა დავხვედროდით, მაგრამ გავიდა ამდენი დრო ოქტომბრის მერე და არ ვიცი რა ხდება. რომა მეუბნება დაველოდოთო და მეც ველოდები,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ რომა კაკალაძის და სალომე კაკალაძე.

ლიბიაში დატყვევებული კაპიტანის, გენადი კომახიძის დისშვილი, მირიან მიქელაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ ბიძამისი ოფიციალურად თავისუფალია, თუმცა ამ დრომდე მაინც ციხეში რჩება.

„20 დღის წინ ველაპარაკე გენადის. სასჯელი მოიხადეს, რეალურად უკვე გარეთ უნდა იყვნენ. თავისუფლები არიან, მაგრამ არიან ციხეში – მთავარი  მოსამართლე თუ პროკურორი არ აწერს ხელს საბუთს და არ ურტყამს ბეჭედს. რომ შევეკითხე იქნებ რამე უნდათ-მეთქი, ან ფული ან არ ვიცი, განუკითხაობაა იქ კი იცით, მიპასუხა – მოვიკითხე, ადვოკატსაც შევეკითხე, მაგრამ არაფერს არ ითხოვს, კონტაქტზე არ გამოდის ჩვენთან საერთოდო.

აქედან გამომდინარე ეჭვი მაქვს, სახელმწიფოსთან, რომელიღაც ორგანოსთან გამოდიან კონტაქტზე, სთხოვენ რაღაცას გათავისუფლების სანაცვლოდ, რასაც არ ამბობენ და დიდი ალბათობით არც არასდროს იტყვიან,“ – ამბობს მირიან მიქელაძე.

მეზღვაურების დაკავების დღიდან მათ გათავისუფლებაზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობს.

„მუდმივი კავშირი გვაქვს პატიმრობაში მყოფი მეზღვაურების – რომან კაკალაძისა და გენადი კომახიძის ოჯახებთან. ყველანაირად ვცდილობთ, როგორც მეზღვაურების, ისე მათი ოჯახის წევრების დახმარებას. საქართველოს მოქალაქეების ინტერესს სასამართლოზე იცავს ჩვენი სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ადვოკატი. მისი ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მეზღვაურების გათავისუფლების საკითხზე,“ –  უთხრეს „ბათუმელებს“  საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური არხების მეშვეობით აგრძელებს ლიბიაში მყოფი მეზღვაურების დახმარებას. საჭიროების შემთხვევაში ეგზავნებათ თანხა, პირადი მოხმარების საგნები და მედიკამენტები, ასევე ზუსტდება გათავისუფლების თარიღი და პროცედურები.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი მეზღვაურების საკითხი განიხილებოდა უმაღლესი დონის შეხვედრაზეც, კერძოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ლიბიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრისას, ასევე განხორციელდა არაერთი სხვა ხასიათის მაღალი დონის კონტაქტი, იქნება ეს სატელეფონო საუბარი ლიბიის მთავრობის წარმომადგენლებთან თუ სხვა.

სააგენტოში ამბობენ, რომ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით ვითარებას ართულებს ლიბიაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და უსაფრთხოების რთული გარემო.

მთავარი ფოტო: რომან კაკალაძე ლიბიის ციხეში

ამავე თემაზე:

რას ჰყვება ბათუმელი მეზღვაური ლიბიაში ტყვეობაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: