მთავარი,სიახლეები

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე აქციის დაშლაზე: მოსამართლეები უკანონობის სახედ იქცნენ

21.11.2019 • 2466
ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე აქციის დაშლაზე: მოსამართლეები უკანონობის სახედ იქცნენ

„ეს ყველაფერი ნდობას უკარგავს სასამართლოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც არის ხელისუფლების ამოცანა,“ – გვითხრა ინტერვიუს ბოლოს ნონა წოწორიამ. იგი 2008 წლიდან 10 წლის განმავლობაში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე იყო, ამჟამად კი, ისევ სტრასბურგში დამოუკიდებელ ექსპერტად მუშაობს. ნონა წოწორიას ევროსასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ქართული სასამართლოების მიერ ბოლო დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ვესაუბრეთ, როცა საპროტესტო აქციის მონაწილეები გაასამართლეს. მათ დიდ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილს ჯარიმა – 1500-1500 ლარი.

  • ქალბატონო ნონა, სასამართლოებმა საპროტესტო აქციებზე დაკავებულების წინააღმდეგ ძირითადად გამოიყენეს ადმინისტრაციული პატიმრობა, ასევე ჯარიმა. თქვენი შეფასებით, რამდენად კანონიერი და სამართლიანი იყო ეს გადაწყვეტილებები?

რამდენიმე ძირითად პოსტულატზე მინდა გავამახვილო ყურადღება: არსებობს ევროკონვენცია, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია საქართველოსთვის და არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას დემოკრატია. მეორე: გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, განსაკუთრებით პოლიტიკურ საკითხებზე, არის დემოკრატიის ფუნდამენტი და ეს არის დაცული კონვენციის მე-10, მე-11 მუხლებით. მესამე: პოლიტიკური პარტიები არიან დემოკრატიაში მთავარი როლის შემსრულებლები, ამიტომაც გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, პირველ რიგში, მათზე ვრცელდება და მეოთხე: სახელმწიფო ვალდებულია გონივრულ ინტერვალებში ჩაატაროს არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას ხალხის ნების გამოხატვას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

ევროსასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ნებისმიერი ჩარევა, რომელიც სიტყვის და გამოხატვის უფლებების შეზღუდვისკენ არის მიმართული, უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული, განსაკუთრებით კი როცა საკითხი პოლიტიკურ სიტყვას ეხება. სახელმწიფოს, როგორც წესი, აქციის დაშლის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, როცა არის მოწოდება ძალადობისკენ ან დემონსტრანტების მიზანი დემოკრატიის პრინციპების უარყოფაა. ჩვენს შემთხვევაში, თბილისში ან ბათუმში, ამ ტიპის მოვლენებს ადგილი არ ჰქონია. ამიტომ სახელმწიფოს მოქმედების ფარგლები არის გაცილებით ვიწრო.

  • საქართველოში სასამართლოები ამოვიდნენ იქედან, რომ აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს.

ევროსასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მაშინაც კი, როდესაც ფორმალური თვალსაზრისით კანონი არ არის შესრულებული, სახელმწიფოს არ აქვს უფლება გამოიყენოს არაპროპორციული ძალა მიტინგების დასაშლელად. ამ შემთხვევაშიც ვალდებულია ხელისუფლება, გამოიჩინოს მოთმინება, როცა დემონსტრაცია არ შეიცავს მოწოდებას ძალადობისკენ და ეს დემოკრატიას არ უქმნის საფრთხეს.

საფრთხე, რაც ახლავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მდგომარეობს იმაში, რომ მას შეიძლება ჰქონდეს „მსუსხავი ეფექტი“. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც გამოიყენება ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის წესით გათვალისწინებული სასჯელები, შესაძლოა, ეს მიზნად ისახავდეს სხვა ადამიანების დაშინებას, რომ მათ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა აღარ მიიღონ.

ეს არის ევროსასამარათლოს მიერ ძალიან მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკა. ამ კონტექსტიდან თუ შევხედავთ, 1500 ლარი ჯარიმაც კი სერიოზული პრობლემაა, არათუ პატიმრობა. პატიმრობა არის მძიმე შემთხვევა. ჯარიმის შემთხვევაში 1500 კი არა, გაცილებით ნაკლებ ოდენობაზეც კი, ევროსასამართლომ შესაძლოა თქვას, რომ ამ ოდენობას აქვს „მსუსხავი ეფექტი“. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ჯარიმის მიზანი დემოკრატიის დაცვა კი არაა, რომლითაც სახელმწიფომ შესაძლოა გაამართლოს თავისი ქმედება, არამედ პირიქით, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ვინაიდან ხალხს აშინებს და წინაღობას უქმნის, რომ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს, რასაც პრინციპში უკვე ვხედავთ.

ფუნდამენტური შეცდომა იქნება, თუკი ვინმე იტყვის, რომ ხუთი, ან ათი დღით პატიმრობას არაფერი უშავს, ეს არაა ბევრი. მე კატეგორიულად ვემიჯნები მსგავს მოსაზრებას, რადგან კონვენცია არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანის თავისუფლება. ერთი წუთით შეზღუდვაც კი საფრთხეს ქმნის, როცა ადამიანს დაუსაბუთებლად აღუკვეთ თავისუფლებას.

  • თქვენი აზრით, ბათუმის და თბილისის საქალაქო სასამართლოებმა დაარღვიეს კონვენციის მოთხოვნები?

მე ვფიქრობ, რომ კი. აქ იკვეთება სერიოზული პრობლემაც და ეს არის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. ეს არის 166 [წვრილმანი ხულიგნობა] და 173 [პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] მუხლები. ეს კოდექსი არის საშუალება და იარაღი ხელისუფლების ხელში, რომ იგი ბოროტად გამოიყენოს. ნებისმიერი შემთხვევა შეიძლება დაკვალიფიცირდეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევით და ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ნორმა თვითნებურად იყოს გამოყენებული. ვისურვებდი, რომ ეს ნორმები გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ბევრი ვერ აღიქვამს ადეკვატურად ამ ნორმის საფრთხეს. ითვლება, რომ მაინც რამდენიმე დღით იყენებს პატიმრობას სასამართლო და „არა უშავს“. ევროსასამართლოს აქვს ძალიან დიდი პრაქტიკა ამ თემაზე. მისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების პრაქტიკა  არის იარაღი დემოკრატიის სახელით, რომ დემოკრატიაზე იერიში მიიტანონ. მაგალითად, სომხეთში როდესაც იყო პოლიტიკური კრიზისები სხვადასხვა დროს, ზუსტად ადმინისტრაციული წესით და პოლიციელის დაუმორჩილებლობის მოტივით ისჯებოდნენ აქტივისტები.

  • ანუ მხოლოდ სისხლის სამართლის წესით უნდა რეგულირდებოდეს ეს საკითხი?

ბუნებრივია, სისხლის სამართალში უფრო მეტი პროცედურული გარანტიებია დაცვისთვის. იქ სახელმწიფო ვალდებულია, დაადასტუროს პირის ბრალეულობა. თუ ადმინისტრაციულში იქნება მსგავსი ჩანაწერი, აქაც უნდა არსებობდეს მსგავსი გარანტიები და შესაბამისი კონკრეტიკა. ადმინისტრაციულზე რატომღაც ფიქრობენ, რომ აქ გარანტიები არ არის საჭირო. ადმინისტრაციულ საქმეებში ძირითადად მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან და ეს უკანონოა აბსოლუტურად.

  • საინტერესოა ევროსასამართლოს მიდგომა ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებაზე.

თითოეული საქმე განსხვავდება ერთმანეთისგან და მნიშვნელოვანია ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ცალკეულ საქმეებზე დგინდება.

მახსენდება, მაგალითად, ერთ-ერთი საქმე საფრანგეთის წინააღმდეგ, როცა კონკრეტული ეკლესია ორი თვე იყო პიკეტირებული, ორ თვეზეა საუბარი და მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს დემონსტრანტების შეზღუდვის გადაწყვეტილება, როცა იქ სანიტარული მდგომარეობა დამძიმდა. კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები ყველა ტიპის გამოხატვის თავისუფლებაზე ვრცელდება: მსვლელობა, პიკეტი, გამოფენა თუ ასე შემდეგ, ყველაფერზე, რაც კი ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს თავისი პოზიციის გამოსახატად. ჩვენ, საქართველო, ამ შემთხვევაში ვართ არაორდინალურ სიტუაციაში, რადგან კონვენცია ეფუძნება იდეას – „დემოკრატია უნდა იყოს მებრძოლი.“ ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას შეუძლია შეზღუდოს კონკრეტული ჯგუფი, როცა იგი დემოკრატიას უქმნის საფრთხეს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში თავად ხელისუფლებამ გადაუხვია დემოკრატიას. ვხედავთ, რომ მან უარი თქვა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩვენს შემთხვევაში თავად ხელისუფლებამ წაახალისა ის, რაც ახლა ქუჩაშია გადატანილი.

  • როგორ უნდა ემოქმედა სასამართლოს, თუკი ფაქტის დონეზე დგინდება, რომ პიკეტირება იყო და პარლამენტარები არ შეუშვეს პარლამენტში?  

როდესაც ლაპარაკია პოლიტიკური სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე, ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს უფლება რეაგირება მოახდინოს, მაგრამ გასათვალისწინებელია ყველა ფაქტობრივი გარემოება.

თუკი ამ საქმეებს განიხილავს ევროსასამართლო, აუცილებლად მიექცევა ყურადღება ისეთ საკითხს, როგორიცაა: რამდენად იყო აუცილებელი იმ დღეს პარლამენტარები პარლამენტში შესულიყვნენ? იყო გარდაუვალი აუცილებლობა, რომ სხდომა ჩატარებულიყო? ევროსასამართლო შეაფასებს, რამდენად ტოლერანტული იყო ხელისულება ამ დემონსტრანტების მიმართ, რადგან ნებისმიერი დემონსტრაციით ლოგიკურად რაღაც იზღუდება, შეუძლებელია, რომ ამით ვიღაცას დისკომფორტი არ შეექმნას. ეს უნდა გაიზომოს: რამდენად დიდია ეს დისკომფორტი და რამდენად იყო პროპორციული ძალა – 100 მომიტინგის წინააღმდეგ 1000 პოლიციელის გამოყვანა, ასევე წყლის ჭავლი. ევროსასამართლო იკითხავს: რამდენად იყო საშიში პროტესტის ეს ფორმა და რას ემსახურებოდა დემონსტრაციის მიზანი?

როდესაც საუბარია ამ ტიპის საქმეებზე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რას ეხებოდა თემა, რამდენად იყო იგი საჯარო ინტერესის საგანი? თბილისის და ბათუმის აქციების შემთხვევაში უდავო და ცალსახაა, რომ დიდია საჯარო ინტერესი და ეს ეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, პოლიტიკური პროცესის ფორმირებას. ძალიან ძნელია, ეს ვინმემ უგულებელყოს. სასამართლო როდესაც ამ ტიპის საქმეს განიხილავს, ათვლა აქედან უნდა დაიწყოს. ეს არის საკვანძო საწყისი წერტილი ევროსასამართლოსთვის.

  • ბათუმის შემთხვევაში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აჭარის მთავრობის სახლში შესვლა შეუძლებელი იყო.

პარლამენტისგან განსხვავებით, ეს კიდევ სხვა შემთხვევაა. აქ ჩანს, რომ საერთოდ არ იყო საჭიროება პიკეტირების მოხსნის, რადგან შენობას აქვს სხვა შესასვლელები. ეს უფრო ჰგავდა ძალის დემონსტრირებას მოქალაქეების წინააღმდეგ და ნამდვილად არ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ გამოავლინა ის მოთმინება, რაც მას ევალება, როცა დემოკრატიულ პროცესებთან გვაქვს საქმე.

ყველაზე მთავარი, რასაც ვხედავთ, როგორც ბათუმის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოების შემთხვევებში, ჩანს ის, რომ როდესაც მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს ამ შემთხვევებზე, მან მხედველობაში უნდა მიიღოს კონსტიტუცია და კონვენციის მე-10, მე-11 მუხლები, ანუ დააბალანსოს სხვადასხვა ინტერესი. მე არ მინახავს ამ გადაწყვეტილებების ორიგინალი ვერსია, მაგრამ რასაც გავეცანი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსამართლეებმა ეს კონკრეტული ფაქტები განიხილეს მხოლოდ სამართალდარღვევის კონტექსტში და საერთოდ არ უმსჯელიათ იმაზე, რომ ეს ეხებოდა პოლიტიკური სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას. თუ ევროსასამართლომდე მივა ეს საქმეები, პირველი, რასაც სასამართლო შენიშნავს, არის ის, რომ ინტერესების დაბალანსების პროცესში საერთოდ უგულებელყოფილია გამოხატვის თავისუფლება და ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა.

  • ყოფილა მსგავსი საქმეები ევროსასამართლოში საქართველოს წინაღმდეგ?

კი, იყო. ერთ-ერთი გადაწყვეტილება არის 2012 წელს მიღებული და ეხებოდა 2006 წელს აქციის დაშლას. იმ შემთხვევაშიც საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული პატიმრობა. ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ მსგავსი შემთხვევები საჭიროებს კონსტიტუციური და კონვენციური გარანტიების გამოყენებას. ასევე თქვა, რომ სახელმწიფომ უგულებელყო მომიტინგეების საჯარო ინტერესი. ამ შემთხვევაში დემონსტრანტები სასამართლოს ეზოში მართავდნენ აქციებს. ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ ეს იყო საჯარო ინტერესის საგანი და ის არ უნდა შეეზღუდათ.

  • თუკი მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები მიმართავენ ევროსასამართლოს, რამდენად სწრაფად არის შესაძლებელი გადაწყვეტილების მიღება?

იმედი მაქვს, რომ ეს საქმეები წავა ევროსასართლოში, მაგრამ გადაწყვეტილებები ვერ იქნება მალე მიღებული. ვფიქრობ, რომ სწორედ ამაზეა გათვლილი ხელისუფლების მოლოდინი. მისთვის მნიშვნელოვანია პროცესი ახლა და არა ის, თუ რას იტყვის ევროსასამართლო ორი, ან სამი წლის შემდეგ. ხელისუფლებას დღეს არ აწყობს კონვენციის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში გიორგი რურუას წინააღმდეგ ასე უხეშად  არ იმოქმედებდნ და უკანონო პატიმრობას არ გამოიყენებდნენ… ხელისუფლებაში ახლაც არის მინიმუმ ორი-სამი ადამიანი, ვინც ძალიან კარგად იცის ევროკონვენცია და ისიც, რომ ეს კონვენცია ირღვევა.

ვფიქრობ, საჭიროა ყველაფრის გასაჩივრება. სამწუხაროდ, მოსამართლეები, რომლებიც ნდობას უნდა იწვევდნენ, უკანონობის სახედ იქცნენ საქართველოში, ეს ძალიან რთული მოსათმენია. ეს ბოლომდე არ ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს. ასე რომ, უნდა ვცადოთ, იგივე ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის გასაჩივრება. დანარჩენი პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: