ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ხელფასებში აჭარის ბიუჯეტიდან 39,2 მილიონი ლარი დაიხარჯება – 2020 წელი

04.11.2019 • 1500
ხელფასებში აჭარის ბიუჯეტიდან 39,2 მილიონი ლარი დაიხარჯება – 2020 წელი

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, საჯარო მოხელეების ხელფასებისთვის 39 269 700 ლარი დაიხარჯება, რაც 2 213 300 ლარით მეტია მიმდინარე წელთან შედარებით. თუმცა აქედან 1 498 800 ლარი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელფასებს მოხმარდება.

2020 წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებია, რომლის ჩატარებისთვის მთლიანობაში აჭარის ბიუჯეტის პროექტში 2,4 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

თუ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელფასებს გამოვაკლებთ, აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ უწყებებში 2020 წელს 714 ათას 500 ლარით მეტი დაიხარჯება ხელფასებში, ვიდრე 2019 წელს. წელს ხელფასებისთვის ბიუჯეტში 37 056 400 ლარია გაწერილი.

აღნიშნული თანხები ბიუჯეტში გაწერილია მუხლით – „შრომის ანაზღაურება“, თუმცა ხელფასებისთვის გაცილებით მეტი იხარჯება, შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების გამო.

მაგალითად, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული ხარჯები გასულ, 2018 წელს, იყო 36 042 935 ლარი, ხოლო „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების“ მუხლით გაწეული ხარჯები – 7 117 329 ლარი.

„მოპოვებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ხარჯების ზრდა დასაქმებულთა რიცხოვნობისა და თანამდებობრივი სარგოს ზრდის შედეგია… ამასთან, რიგ შემთხვევებში ანაზღაურება გაცემული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეგულაციის დაუცველად, ასე გაცემული თანხა კი, ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება“, – აცხადებს აუდიტი.

ამ თემაზე ვრცლად:

44 მილიონი ლარი საჯარო მოხელეთა ხელფასებსა და მივლინებებში აჭრის ბიუჯეტიდან – 2018 წელი

2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი აჭარის მთავრობის მიერ განსახილველად აჭარის უმაღლეს საბჭოშია გადაგზავნილი. 2019 წლის ბიუჯეტი მთლიანობაში 342 203 400 ლარითაა განსაზღვრული, 2020 წლის ბიუჯეტი კი, პროექტით – 343 039 000 ლარი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: