ლაშა ბაქრაძე: კიდევ უფრო მეტი რყევებია მოსალოდნელი


პარლამენტის შენობის პიკეტირებას ისევ აპირებენ. აქციის მონაწილეები პარლამენტარებს პარლამენტში მომავალი კვირის ორშაბათსაც არ შეუშვებენ. ჯერ უცნობია, რა გზას მიმართავს ამჯერად ხელისუფლება: ისევ სპეცრაზმის დახმარებით გახსნის ბოქლომებს, თუ საზოგადოების მოთხოვნას გაითვალისწინებს და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება.

„ხელისუფლება ახლაც ცდილობს დაითვალოს აქციის მონაწილეები… სინამდვილეში ქუჩაში გამოსული ადამიანების რაოდენობა არაა მთავარი,“ – გვითხრა ინტერვიუს დროს ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ. მას ვესაუბრეთ იმაზე, თუ რას აჩვენებს ხელისუფლების რეაქცია საპროტესტო აქციების დროს – როდის შეიძლება გახდეს საპროტესტო ტალღა ანგარიშგასაწევი, თან მაშინ, როცა აქციას ქარიზმატული ლიდერები არ ჰყავს.

  • ბატონო ლაშა, თქვენი აზრით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს პარლამენტის შენობის კიდევ ერთხელ პიკეტირებამ?

სამწუხაროა, რომ აქამდე მიდის საქმე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან დიალოგი და კონსენსუსის მიღწევა, იმის მიუხედავად, ვინ რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. ასე მოჭრით ხელისუფლებისგან იმის თქმა, რომ საარჩევნო სისტემის საკითხი აღარ განიხილება, ოპოზიციურ ჯგუფებს და აქტიურ მოქალაქეებს აღარ უტოვებს საშუალებას, ცივილური მეთოდებით იბრძოლონ იდეების რეალიზებისთვის და იმისთვის, რასაც ხელისუფლება საჯაროდ დაგვპირდა. ხელისუფლება ამბობს, რომ მას სურდა პროპორციულ საარჩევნო მოდელზე გადასვლის კანონპროექტი გასულიყო, მაგრამ მაშინ ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს და თითქოს აუჯანყდნენ ივანიშვილს, უნდა გაეშვათ მმართველი პარტიიდან. ეს ასე არ მოხდა და აჩვენებს იმას, რომ თვითონ მმართველმა პარტიამ გამოიყენა ეს მაჟორიტარები იმისთვის, რომ დაპირება არ შეესრულებინა.

თუნდაც სოციოლოგიური გამოკითხვები იძლევა სურათს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ემხრობა პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას.

მე ვთვლი, რომ არც პროპორციული არჩევნებია გამოსავალი, მაგრამ რეალურად ეს მოდელი იძლევა შესაძლებლობას, დასრულდეს გაჯიქება პარტიებს შორის და მრავალფეროვანი იდეების წარმოდგენა მოხდეს პარლამენტში.

პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს 50 პროცენტზე მეტს, ანუ მას არ ექნება უმრავლესობა პარლამენტში და იძულებული იქნება, რომელიმე სხვა პარტიასთან ითანამშრომლოს. გავა თუნდაც ათი წელი და ჩვენ ისევ ვისაუბრებთ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, რადგან არცერთი საარჩევნო სისტემა არაა იდეალური. „ნულოვანი ბარიერის“ შემთხვევაში, პარლამენტში კონსენსუსის მიღწევა იქნება ძალიან ძნელი. ეს მრავალფეროვნება იქნება ძალიან კარგი, მაგრამ თანხმობის მიღწევა გართულდება, რაც აისახება მთავრობის დაკომპლექტებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, რომ მრავალფეროვანი შეხედულებებით დაკომპლექტებული პარლამენტი, სადაც არ არის არცერთი დომინანტი ჯგუფი, აისახება თითოეულ ჩვენგანზე, აი, მაგალითად, „აჭარის ტელევიზიაზე“, სადაც ახლა ხელისუფლება ცდილობს საკუთარი კანდიდატის გაყვანას, სასამართლოზე, რომელსაც ნულოვანი ნდობა აქვს…

აღარ იქნება ის მოცემულობა, როცა მმართველი პოლიტიკური ძალა აკომპლექტებს ყველაფერს, მხოლოდ თავისი ინტერესების შესაბამისად. მრავალფეროვანი პარლამენტის შემთხვევაში, პარტიები ისწავლიან ერთმანეთთან თანამშრომლობას და დათმობას.

  • თქვენი დაკვირვებით, რამდენად არსებობს საზოგადოებაში მგრძნობელობა პროპორციული საარჩევნო მოდელის მიმართ?

მგრძნობელობა, რასაკვირველია, საზოგადოებაში დიდი არ იქნება, რადგან სცოდავს მედიაც. კარგად უნდა ავხსნათ, რატომ არის მნიშვნელოვანი ესა თუ ის საარჩევნო სისტემა, ამ მოდელებს უნდა ვასწავლიდეთ მოსწავლეებსაც სკოლაში… საერთო ჯამში, ამაზე დისკუსია შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენს მედიაში ძირითადად კარგად მოლაპარაკე პოლიტიკოსები ამაზე კი არ საუბრობენ, არამედ ჩხუბობენ.

  • რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს რეჟიმი, როცა პარლამენტის პიკეტირებას ახდენენ და ხელისუფლებას სპეცრაზმით შეჰყავს პარლამენტარი პარლამენტში?

ეს რეჟიმი შესაძლოა დიდ ხანს გაგრძელდეს, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის დიდი საფრთხეა. ამ რყევებზე პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას, რომელიც ამ დრომდე სარგებლობს ფუფუნებით და მუსკულებს გვაჩვენებს. ხელისუფლებამ თუ არ ისწავლა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მუდმივ რყევებში ვიქნებით.

სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ ესმის, რომ საზოგადოებისგან მოწყვეტილი, თუნდაც გარკვეული ნაწილისგან მოწყვეტილი, ხელისუფლება ვერ წაიყვანს ქვეყანას წინ. ეს რყევები მალე აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე იმ მოკავშირეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ორიენტაციის თვალსაზრისით ჩვენ ვართ დასავლეთისკენ მიმართული. ეს კითხვა ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილშიც არსებობს: ხელისუფლებას რეალურად სურს თუ არა დასავლური პოლიტიკა, როცა აქამდე მივედით, ანუ რამდენად შეესაბამება დეკლარირებული პოლიტიკა რეალურს?

  • რა შემთხვევაში გახდება საპროტესტო ტალღა ანგარიშგასაწევი ხელისუფლებისთვის? ეს დამოკიდებულია აქციაზე გამოსული ხალხის რაოდენობაზე, თუ კონკრეტული პარტიების, ან ლიდერების მიმართ ნდობის გაძლიერებაზე?

ასეთი დაპირისპირება საშუალებას აძლევს სხვადასხვა პარტიას, რომ ჩამოაყალიბონ პროგრამები, ხედვები და ეს დაანახონ საზოგადოებას. მე ვისურვებდი, რომ პროფილი უფრო მკაფიოდ შექმნან და გააძლიერონ პარტიებმა. პარტიებმა უნდა იმუშაონ არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორი არჩევნები გვინდა, არამედ რას ვაკეთებთ პარლამენტში, თუკი იქ საზოგადოება ამირჩევს. პირველ რიგში, ეს უნდა იყოს ეკონომიკური პროგრამები, რომ ეს ქვეყანა უფრო სოციალური გახდეს, მდიდარი და ამდენი ადამიანი არ იყოს შიმშილის ზღვარზე. ჩვენ გვაქვს დიდი იდეების სიმწირე და ეს ეხება, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე აქტიურ მოქალაქეებს.

რასაკვირველია, აქციაზე გამოსული ადამიანების რაოდენობასაც აქვს აზრი. ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც უკმაყოფილოა არსებული ვითარებით, მაგრამ ვერ ხედავს შანსს, რომ ექნება ფუნქცია – მისი აზრი გაზიარებული იქნება. ამავდროულად, ადამიანებს აქვთ ყოველდღიური პრობლემები და მათ უჭირთ აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ჩვენ თუ ეს ტოტალური სიღარიბე არ დავძლიეთ, ეს ქვეყანა ყოველთვის იქნება არასტაბილურობის ზღვარზე.

ხელისუფლება, ისევ როგორც წინა ხელისუფლებები, ცდილობს დაითვალოს, რამდენი ადამიანია აქციაზე და ამ რაოდენობით მანიპულირება ხდება. რასაკვირველია, მნიშვნელოვანი იქნება, რომ გააქტიურდეს საზოგადოება. ჩვენ უნდა ვიგრძნოთ, რომ ეს არაა მხოლოდ პარტიული კინკლაობის თემა, ან ის, ვის რამდენი სკამი უნდა პარლამენტში. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის ბრძოლა, რომ ეს ქვეყანა გახდეს უფრო კარგი. ეს ყველას გვეხება.

  • არსებობს მოსაზრება, რომ ქარიზმატული ლიდერების გარეშე შეუძლებელია კონკრეტულ შედეგზე გასვლა. გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა ჩაიხშოს საპროტესტო ტალღა ამ მიზეზით?

ჩვენ გვინახავს საქართველოში არაერთი ქარიზმატული ლიდერი. რა თქმა უნდა, პარტიული ცხოვრებისთვის ამ ლიდერებს აქვთ თავიანთი ფუნქცია, მაგრამ იმისთვის, რომ საზოგადოება კარგად ფუნქციონირებდეს, ეს ლიდერები არ არის აუცილებელი. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობის ფაქტორი პოლიტიკოსის და პარტიის მიმართ და აქ ქარიზმატულობა კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ ნათლად ხედავდეს მოქალაქე, რომ ამ პოლიტიკოსს აქვს იდეები. მე ვისურვებდი ადამიანებს, რომელთაც აქვთ იდეები და პროგრამები. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩვენ გადავალთ იდეების და პროგრამების ბრძოლაში და არა ლიდერებს შორის შეჯიბრში, მაშინ იქნება ჩვენი ქვეყანა ბევრად უფრო კარგი და საინტერესო.

  • რას აჩვენებს ხელისუფლების რეაქცია და რამდენად შეიძლება იყოს გამოსავალი ხელისუფლებისთვის ვადამდელი არჩევნები არსებული მოდელით?

ხელისუფლება ცდილობს იმის ჩვენებას, რომ თითქოს ყველაფერი წესრიგშია და ნორმალურია ის, რაც პარლამენტში მოხდა, მაგრამ ეს არაა წესრიგი და არც ნორმალურად გვაქვს საქმე. ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მოუწევს რეალური პასუხების გაცემა, ხოლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არსებული მოდელით, ვფიქრობ, ვერ განმუხტავს სიტუაციას. ეს, უბრალოდ, დააჩქარებს გარკვეულ პროცესებს. დღეს გვაქვს მოცემულობა, როცა წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია. არ მინდა, მკითხაობაში გადავიდე.

რყევების დროს გაუარესდება ეკონომიკური მდგომარეობა, მოსახლეობის პოლიტიზების ხარისხი გაიზრდება… ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ ზამთარი მოდის, სიცივეა და ხალხი აღარ გამოვა ქუჩაში, მაგრამ მხოლოდ ხალხის ქუჩაში გამოსვლა არ წყვეტს მდგომარეობას ქვეყანაში. საბოლოო ჯამში, ჩვენ დავინახავთ განწყობას არჩევნებზე, ეს იქნება ვადამადელი არჩევნები, თუ ვადით გათვალისწინებული.

თუკი ხელისუფლება არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და ასეთი მეთოდებით გააგრძელებს მუშაობას, კიდევ უფრო მეტი რყევებია მოსალოდნელი და მეტი დესტაბილიზაცია ქვეყანაში. დიალოგია საჭირო, რომ დესტაბილიზაციას და რყევებს თავი ავარიდოთ, რადგან არავინ იცის, საბოლოო ჯამში, რამდენად კარგი იქნება ეს თავად სახელისუფლებო გუნდისთვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი