ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ბინებს 2021 და 2023 წლებში მიიღებენ – პროგრამა

02.11.2019 •
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ბინებს 2021 და 2023 წლებში მიიღებენ – პროგრამა

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „ოცნების ქალაქში“ ასაშენებელ კორპუსებში ბინებს 582 ოჯახი 2021 წელს მიიღებს, ხოლო 968 ოჯახი – 2023 წელს. სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 73 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. პროგრამაში ადრე 48 750 000 ლარი იყო გაწერილი და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი.

ამ პროგრამით, რომელიც ბიუჯეტთან ერთად აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ბინების მშენებლობისთვის 2020 წელს 16 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, 2021 წელს – 23 მილიონი, 2022 წელს – 17 მილიონი და 2023 წელს – 17 მილიონი ლარი.

აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში „ოცნების ქალაქში“ ბინების მშენებლობისთვის 3 750 000 ლარია გათვალისწინებული. მთავრობის გეგმით მშენებლობაც მიმდინარე წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ დრომდე კორპუსების მშენებლობაზე ტენდერი არ გამოუცხადებია.

პირველ ეტაპზე „ოცნების ქალაქში“ სამი კორპუსი უნდა აშენდეს [დაახლოებით 582 ბინა].

ამ პროგრამის შესრულებაზე პასუხისმგებელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტია.

„ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები დღეს, 2 ნოემბერს, აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ, რადგან, მათი განცხადებით, მთავრობა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას აგვიანებს. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, რომ მშენებლობის დაწყებამდე მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ აუცილებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები მოაგვაროს.

მოქალაქეები მთავრობისგან ითხოვენ ასევე ხელშეუხებლობის გარანტიას, რადგან, მათივე თქმით, როცა პირველი სამი კორპუსი აშენდება, „შესაძლოა მშენებლობა გააჩერონ“.

ამ თემაზე:

ოცნების ქალაქის მცხოვრებლები აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: