ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„შეამცირეთ ბიუროკრატიის ხარჯები და დააფინანსეთ სიღარიბის დაძლევა“ – ენმ აჭარის მთავრობას

20.11.2019 • 1375
„შეამცირეთ ბიუროკრატიის ხარჯები და დააფინანსეთ სიღარიბის დაძლევა“ – ენმ აჭარის მთავრობას

„2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტში არცერთი სიტყვა არ არის ნახსენები სიღარიბის დაძლევაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. აღნიშნული დოკუმენტები არის კოპირებული და არაფერი იცვლება“, – ასეთია უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზოგადი დასკვნა აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.

„2013 წლიდან დღემდე, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, აჭარის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან დაიხარჯა 1,5 მილიარდ ლარზე მეტი, თუმცა რეგიონში ხელშესახები ცვლილებები, რომელიც ხელს შეუწყობდა ინვესტიციების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნესის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნას, სიღარიბის დაძლევას, რეგიონის განვითარებას, არ შეიმჩნევა“, – აცხადებს ოპოზიცია.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება, ჯამში, 2018 წელს იყო 344,3 მილიონი ლარი, 2019 წელს – 342,2 მილიონი, ხოლო 2020 წლის პროგნოზით არის 343 მილიონი ლარი.

ოპოზიციური ფრაქციის განცხადებით, „გამოდის, რომ 2020 წელსაც ვერ დავეწევით 2018 წლის მონაცემებს. შესაბამისად, ჩნდება კითხვები – დაბალი ეკონომიკური ზრდისა და საბიუჯეტო ასიგნებების ფონზე, ასევე იგივე პროგრამებით და პრიორიტეტებით, რაც იყო 2019 წელს, როგორ გეგმავს ხელისუფლება ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც აისახება თითოეულ ოჯახზე, რათა ის საგრძნობი გახდეს თითოეული მოქალაქისთვის“.

ოპოზიციას, ვინაიდან, მათივე შეფასებით, „აჭარის მთავრობის პრიორიტეტების დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმაში არ არის კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბებული სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით“, მიზანშეწონილად მიაჩნია სიღარიბის დასაძლევად ამუშავდეს შემდეგი პროგრამები:

[checklist]

  • სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის კომუნალური ვაუჩერებით უზრუნველყოფის პროგრამა;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის წამლისა და ბავშვთა კვების ვაუჩერით უზრუნველყოფის პროგრამა;
  • განვითარდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და პროფესიული სასწავლებლების მატერიალურ ტექნიკური ბაზა, დამსაქმებლებთან ერთად შემუშავდეს დასაქმების პოლიტიკის დოკუმენტი, რეგულარულად ჩატარდეს დასაქმების ბაზრის კვლევა და მხარდაჭერილი იქნას ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობის პროფესიული უნარების განვითარებას და დასაქმებას მოთხოვნილებად პროფესიებზე და სხვა;
  • განხორციელდეს დასაქმების სააგენტოს რეფორმირება.

[/checklist]

„ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის, და მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე“ ფრაქცია არამიზნობრივად მიიჩნევს „ბიუროკრატიაზე 2012 წელთან შედარებით უპრეცენდენტოდ გაზრდილ ხარჯებს“.

ფრაქციის შენიშვნებში აღნიშნულია, რომ 2020 წელს შრომის ანაზღაურება გაზრდილია 39,2 მილიონ ლარამდე, ამას ემატება შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება 6,5 მილიონ ლარამდე, სულ შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია 45,7 მილიონი ლარი [2012 წელს კი, ხელფასებისთვის 29,7 მილიონი ლარით ნაკლები – 16 მილიონი ლარი დაიხარჯა]“.

„2019 წელს აჭარის მთავრობასთან არსებული ორგანიზაციები გადავიდა სამინისტროების დაქვემდებარებაში, აჭარის მთავრობის აპარატის შემადგენლობა და ბიუროკრატიის ხარჯები კი იგივე დარჩა [3,2 მილიონი ლარი], მათ შორის შრომის ანაზღაურება 1 828 200 ლარი. მოვითხოვთ ბიუროკრატიის ხარჯების შემცირებას“, – აცხადებს ფრაქცია.

ოპოზიციის განცხადებით დაგეგმილია ავტომანქანების შესაძენად კაპიტალური ხარჯების გაწევაც, ამიტომ, „მოვითხოვთ შემცირდეს ბიუროკრატიის ხარჯები და დაზოგილი თანხები მოხმარდეს რეგიონის განვითარებასა და სიღარიბის დაძლევას. მიგვაჩნია, რომ ბიუროკრატიის ხარჯების შემცირებაში მაღალი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, უნდა გამოიჩინოს უმაღლესმა საბჭომ და აჩვენოს მაგალითი მთავრობას“.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაემატა არაერთი საშტატო ერთეული იმ მოტივით, რომ მთავრობა და სამინისტრო გეგმავდა გრანტების მოზიდვას, თუმცა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ვკითხულობთ, რომ 2018, 2019 და 2020 წლებში რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტების ოდენობა შეადგენს 0-ს. დონორ ორგანიზაციებთან სუსტი მუშაობის გარდა, ფიქსირდება არამიზნობრივი საბიუჯეტო ხარჯების გაწევაც“, – თვლიან ფრაქციაში.

ფრაქციას არაერთი შენიშვნა აქვს განათლების, ჯანდაცვის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში აჭარის მთავრობის მიერ დასაფინანსებელ პროექტებთან დაკავშირებით. შენიშვნებთან ერთად ოპოზიცია აჭარის მთავრობას რეგიონის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხასაც უგზავნის.

ამასთან, ფრაქცია მოითხოვს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობის შესწავლას უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით:

„რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისთვის გათვალისწინებულია 485 ათასი ლარი, რაც არამიზნობრივი ხარჯია, რადგან არაეფექტურია სამინისტროს მიერ გატარებული საინვესტიციო პოლიტიკა, რაც აისახა ინვესტიციების რაოდენობაზე. კერძოდ, 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა შეადგენდა 190 მილიონ აშშ დოლარზე მეტს, ხოლო 2018 წელს შემცირდა 35 მილიონ აშშ დოლარამდე, კლების ტენდენცია გრძელდება 2019 წელსაც. მოვითხოვთ უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შეისწავლოს სამინისტროს საქმიანობა და პროგრამის მიზნობრიობა, რომელშიც იხარჯება ყოველწლიურად ასიათასობით ლარი, ხოლო ინვესტიციები მცირდება“.

ოპოზიცია კვლავ ითხოვს გაგრძელდეს ახალი ბულვარის მშენებლობა, რომელიც შეჩერდა 2013 წელს, ასევე მდინარე ჭოროხზე ხიდის მშენებლობას: „მოვითხოვთ განმარტებებს პროგრამით გათვალისწინებულია თუ არა ბულვარისა და ხიდის მშენებლობის ხარჯები, ასევე რამდენიმე წელია მოვითხოვთ გონიოს პლაჟზე არსებული სასეირნო ბილიკის კეთილმოწყობას, მათ შორის ველოგზისა და ველოსიპედების ტერმინალის მოწყობას, დასასვენებელი, სარეკრეაციო ზონების მოწყობას, რაც დღემდე არ განხორციელდა. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ აღნიშნული სამუშაოების ჩატარებას“.

რაც შეეხება ბათუმში ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობას, ოპოზიციური ფრაქცია თვლის, რომ შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს.

„ყინულის სასახლისა და აუზის მშენებლობისთვის გაფორმდა ხელშეკრულება კომპანიასთან, თუმცა დღემდე არაფერი გაკეთებულა, პროექტზე დაიხარჯება 19 მილიონი. მოვითხოვთ აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვა, რადგან როგორც ხელშეკრულების გაფორმება, ასევე სამუშაოების შეფერხება აჩენს კითხვებს“, – აცხადებს უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი აჭარის უმაღლეს საბჭოშია გადაგზავნილი და ის შენიშვნებთან ერთად მთავრობას, როგორც საბჭოში გვითხრეს, დღეს, 20 ნოემბერს, დაუბრუნდება.

________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: