მთავარი,სიახლეები

„მშიერს გვტოვებენ, სოფელს მივატოვებთ და მიიღებენ ახალ „ოცნების ქალაქებს“ – მეთამბაქოეები

18.11.2019 • 2405
„მშიერს გვტოვებენ, სოფელს მივატოვებთ და მიიღებენ ახალ „ოცნების ქალაქებს“ – მეთამბაქოეები

დღეს, 18 ნოემბერს, აჭარის მთავრობის შენობასთან შუახევის, ხულოს და ქედის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა თამბაქოზე აქციზის გადასახადს აპროტესტებს. მათი განცხადებით, აქციზის გადასახადი 1კგ თამბაქოზე საბაზრო ღირებულებაზე მაღალია.

გლეხების თქმით, თუკი ეს რეგულაცია არ შეიცვლება და ისინი არ გათავისუფლდებიან აქციზის გადასახადისგან, თამბაქოს აღარავის მოიყვანს, ეს კი მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

„გამოდი!“ -ამ შეძახილებით მოითხოვდნენ აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას, თუმცა ის აქციაზე არ გამოჩენილა.

„თუ თამბაქოზე აქციზის გადასახადი არ გაუქმდება, ოჯახებით მოვალთ და აქ დავდგებით“-აცხადებენ აქციის მონაწილეები. 
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

მოგვიანებით აქციის მონაწილეებს მთავრობის აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი შეხვდა, რომელმაც თქვა, რომ აჭარის მთავრობა უშუამდგომლებს მოქალაქეებს შემოსავლების სამსახურთან და საბოლოო პასუხს მოსახლეობას ორ კვირაში შეატყობინებს.

„ვმუშაობთ იმაზე, რომ ის ნაშთები, რაც მოსახლეობაშია დარჩენილი, უმტკივნეულოდ იყოს ამოყიდული“, – განაცხადა შეხვედრაზე არჩილ ჩიქოვანმა, რაზეც მას აქციის მონაწილემ ჰკითხა: „შემოსავლების სამსახურმა გაგვაფრთხილა, რომ თუ 21 ნოემბრის შემდეგ გავყიდით თამბაქოს, 2 ათასი ლარით დაგვაჯარიმებს, რომ დამაჯარიმონ, თქვენ გადაიხდით ამ ჯარიმას?“

აქციის მონაწილე ამბობს, რომ მას ამ გადასახადის დაწესებით, ხელისუფლება წამლის ყიდვის საშუალებას ართმევს
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ამ კითხვის პასუხად არჩილ ჩიქოვანმა ისევ გაიმეორა, რომ ჯერ სამართლებრივი ანალიზი უნდა გაკეთდეს: „გლეხი რომ არ დაიჩაგროს, ამისთვის აჭარის მთავრობა აკეთებს ყველაფერს, მაგრამ ამას სჭირდება სამართლებრივი რეგულირება, შესაბამისი ანალიზის გაკეთება და შესაბამისი დათქმის ჩაწერა“.

„ბათუმელების“ კითხვა, რატომ არ უშუამდგომლა გლეხებს საკანონმდებლო ცვლილების დაკანონებამდე აჭარის მთავრობამ და ჰქონდათ თუ არა გაანალიზებული, რა ზიანს მოუტანდა ეს ცვლილება გლეხებს? – ჩიქოვანმა პასუხის გარეშე დატოვა.

„21 ნოემბერს 900 ლარი მაქვს ბანკში შესატანი, სად ვიშოვო?“, „აი ეს წამალი, რომელიც ძალიან ძვირია და რომლის ყოველდღე მიღება აუცილებელია, როგორ ვიყიდო?“, „შემოსავლის გარეშე ვრჩებით, სახლები ბანკში გვაქვს ჩადებული, რითი გადავიხადოთ გადასახადები?“ – ეს კითხვები ისმოდა აქციაზე, რაზეც მთავრობის წარმომადგენელი მხოლოდ სტანდარტულად პასუხობდა – „ვმუშაობთ და პასუხს შეგატყობინებთ“.

„ღამეებს ვათენებთ, ვშრომობთ და ლუკმა-პურს გვართმევენ, ამისთვის ვაძლევთ ხმას ხელისუფლებას?“, „როცა აქ კარვები დაიდგმება, მოხუცები, ბავშვები რომ ჩამოვლენ, მერე ნახეთ აქ რაც მოხდება. ერთადერთ შემოსავალს გვართმევენ, სინდისი არ აქვთ“, „არც რიჟვაძე გვხვდება და არც ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, რომელიც იმალება, ერთხელ არ გამოჩენილა, ტელეფონზე ვურეკავთ და არც იქ გვპასუხობს“, – აცხადებენ აქციაზე მოსული გლეხები.

ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირება ამ საკითხზე „ბათუმელებმაც“ სცადა. მან არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა.

მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი, აქციის მონაწილეებთან

შუახევის მცხოვრები დავით ქამადაძე ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება გლეხს ამ ერთადერთ შემოსავალსაც წაართმევს, გლეხი იძულებული იქნება სოფელი მიატოვოს: „შემოსავალი როცა აღარ იქნება, ჩამოვალთ და ექნებათ ახალი „ოცნების ქალაქები“. მშიერს გვტოვებენ და მერე მოგვხედოს მთავრობამ“.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირწმუნება, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, სოციალური შემწეობა მოუხსნეს. „დარწმუნებული ვარ, ამის გამო მომიხსნეს შემწეობა. მაინც და მაინც ახლა მოვიდა მაღალი ქულები“, – გვეუბნება შუახევის მცხოვრები შოთა მახარაძე.

გლეხები აცხადებენ, რომ მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობა თამბაქოს რეალიზაციაზეა დამოკიდებული, ახალი რეგულაცია კი გამოიწვევს მათ კიდევ უფრო გაღარიბებას.

პოლიცია, აქციის მონაწილეებს მთავრობის შენობასთან მიახლოების უფლებას არ აძლევდა
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.

აქციის მონაწილეებს თავდაპირველად პოლიციამ გზა გადაუკეტა და გარკვეული დროის განმავლობაში, მათ მთავრობის შენობის წინ განლაგების საშუალება არ მისცა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კოტე ანანიაშვილი, მათ 10 ადამიანის გამოყოფას სთხოვდა, რომლებიც შევიდოდნენ შენობაში, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს. მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს მოქალაქეებს მთავრობის შენობასთან გადაადგილების უფლება.

საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა ორგანიზაცია ჩვენი უფლებებისთვის ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე. „ხალხით ხართ მაგ სკამებზე, ხალხით იღებთ ხელფასებს, ხალხით გემსახურებათ მანქანები და უნდა იცოდეთ, რომ ხალხს უნდა ემსახუროთ“, – განაცხადა მან აქციაზე.

 

ამავე თემაზე:

მწეველები ფილტრიანი სიგარეტიდან გასახვევ თუთუნზე გადადიან – რატომ არის თუთუნი იაფი 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: