ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ შეჩერდა ახალი ყინულის არენის მშენებლობა ბათუმში

05.11.2019
რატომ შეჩერდა ახალი ყინულის არენის მშენებლობა ბათუმში

ბათუმში ახალი ყინულის არენის მშენებლობა 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, ხოლო არსებული სასახლე უნდა დაეშალათ. პროექტის ღირებულება, რომელიც საცურაო აუზის მშენებლობასაც მოიცავს, 19 990 002 აშშ დოლარია. მშენებლობის პროცესი დროში გაიწელა. ყინულის სასახლეში დღეს ინფორმაცია არ აქვთ, თუ როდის დაიშლება არსებული მოედანი, ხოლო ახლის მშენებლობასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ სამინისტროში ფაქტობრივად იგივე განუცხადეს, რაც წლის დასაწყისში, თებერვალში.

„მშენებელ კომპანიას წარმოსადგენი აქვს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით. კომპანიასთან კომუნიკაციით ვიცით, რომ ელოდებიან საექსპერტო დასკვნას და ხარჯთაღრიცხვას უახლოეს პერიოდში წარმოგვიდგენენ. შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება თუ როდის მოხდება ძველი სასახლის დემონტაჟი და როდის დაიწყება ახლის მშენებლობა“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

რატომ დაგვიანდა ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა? – ამ კითხვაზე პასუხად სამინისტროში გვითხრეს, რომ „კომპანია ელოდება ექსპერტიზის დასკვნას“.

არსებული ყინულის სასახლის დემონტაჟის გარდა უნდა დაიშალოს იქვე მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურიც და აშენდეს ახალი. ახალი ქვესადგურის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ინლაით-გ“-სთან ხელშეკრულება 8 475 ლარზე გააფორმა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, კომპანიისთვის 8 136 ლარია გადახდილი.

ამ კომპანიაში მიმდინარე წლის თებერვალში გვითხრეს, რომ „სტადიონს“ მზა დოკუმენტები 2019 წლის იანვრის ბოლოს წარუდგინეს. „ინლაით-გ“-ს დირექტორმა, რუსუდან გოგიაშვილმა კი „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ ახალი სატრანსფორმატორო ქვესადგურის მშენებლობას, მათ მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვით 243 845 ლარი დასჭირდება. „სტადიონს“ ახალი ქვესადგურის ასაშენებლად ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

„ხარჯთაღრიცხვა შესყიდულია, თუმცა, სატრანსფორმატორო ქვესადგური მიბმულია ამ პროექტზე. აქედან გამომდინარე, როცა გვექნება ახალი არენის საბოლოო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, გადაწყდება ქვესადგურის საკითხიც“, – გვითხრეს ამჯერად სამინისტროში.

ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, N27-ში, ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში გადაწყდა. სამუშაოების ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია. ხელშეკრულება შპს „სტადიონმა“ კანადურ კომპანია Westincor Limited-თან ტენდერის გარეშე გააფორმა.

რა თანხა დაიხარჯება საბოლოოდ ახალი კომპლექსის მშენებლობისთვის, როგორც სამინისტროში გვითხრეს, ეს მას შემდეგ დაზუსტდება, როცა კომპანია საბოლოო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებს წარმოადგენს.

კანადურმა კომპანიამ ქვეკონტრაქტორად შპს „ანაგი“ დაიქირავა, რომელმაც ააშენა დარბაზი, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. მშენებლობას კვლავ „ანაგი“ გააგრძელებს, რომელიც ბათუმში საფეხბურთო სტადიონსაც აშენებს.

ამ თემაზე:

 

როდის დაშლიან ყინულის სასახლეს და როდის ააშენებენ საცურაო აუზს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: