მთავარი,სიახლეები

21 ნოემბრიდან იკრძალება დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება და რეალიზაცია

07.11.2019
21 ნოემბრიდან იკრძალება დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება და რეალიზაცია

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 2019 წლის 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება.

აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში.  აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული.

თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და თითოეულ შეფუთვაზე, განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

ასევე, 21 ნოემბრიდან, აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია.

დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება (მათ შორის ნაშთად არსებულის) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე – 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას – 4000 ლარის ოდენობით.

აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, შენახვა, რეალიზაცია იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას [საქონლის ჩამორთმევა, შინაპატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა].

აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება, რომლითაც გაფართოვდა აქციზის გადამხდელ პირთა წრე.

კერძოდ, დაემატა ის პირი, რომელიც ახორციელებს მის მიერ იმპორტირებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401 (თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები), 2403 11 000 00 (ყალიონით მოსაწევი თამბაქო) 2403 19 000 00 (დანარჩენი) და 2403 91 000 00 (ჰომოგენიზებული ან აღდგენილი თამბაქო) კოდებში მითითებული საქონლის  მიწოდებას.

თამბაქოს ნაწარმს დაემატა თამბაქოს ნედლეული/თამბაქოს ნარჩენები და „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქო, რომლის მიწოდებაც როგორც იმპორტიორის, ასევე, ადგილობრივი მწარმოებლის მიერ წარმოადგენს აქციზით დასაბეგრ ოპერაციას.

უფრო დაწვრილებით ნახეთ ბმულზე.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/182735/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: