სარფის საბაჟოზე 49 ტონა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული საქონელი საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში.

კვლევის შედეგად, პროდუქტში საკარანტინო ობიექტის, კარტოფილის რგოლური სიდამპლის არსებობა დადასტურდა და ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

________

ფოტო: unsplash

თანასწორობის ჯილდო გადაეცა ბაბუას, რომელიც ტრანსგენდერ შვილიშვილს უვლიდა

„თანასწორობის ჯილდო“ დღეს, 12 დეკემბერს, ბათუმელ ავთანდილ კონცელიძეს გადასცეს. ის ტრანსგენდერ შვილიშვილს – ლიკა კონცელიძეს, რომელიც მძიმედ იყო ავად, სიცოცხლის ბოლო დღეებში უვლიდა.

ტრანსგენდერი ქალი – ლიკა კონცელიძე 24 წლის იყო, როცა მოკვდა. ოჯახმა ლიკას სახლიდან გასვენებაზე უარი თქვა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს და საფლავის ქვაზეც ბიჭის სახელი დააწერეს „ავთუკა“. მეგობრებმა ტრანსგენდერი გოგოს საფლავზე სხვა ქვაც მიიტანეს წარწერით – „ლიკა“.

სამოქალაქო ორგანიზაციამ „თანასწორობის ჯილდო“ დღეს კიდევ 8 ადამიანს გადასცა – მათ, ვისაც წვლილი აქვთ შეტანილი ლგბტქ-ს უფლებების დაცვაში და ამ თემის წევრების გაძლიერებაში.

ამ თემაზე:

ტრანსგენდერი, რომელიც სიცოცხლეში ბაბუამ არ მიატოვა

სხვა დაჯილდოებულებზე, წაიკითხეთ აქ:

https://netgazeti.ge/news/413839/

აჭარის მთავრობის ელექტრონული აუქციონი წინასწარ გამოცხადებული მყიდველით

აჭარის მთავრობა, აუქციონის წესით, რომელიც 10 დეკემბერს გამოაცხადა, ბარათაშვილის #30-ში მდებარე შენობას ყიდის. ამ მისამართზე საოჯახო მედიცინის ცენტრი ფუნქციონირებს. ზუსტად ამ მისამართზე 14 ნოემბერს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს ახალი სამშენებელო პროექტის პირველი ეტაპი შეათანხმა კომპანიამ – „სახლი ბარათაშვილზე“. შესაბამისად, საფუძვლიანია ვარაუდი, რომ საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობის აუქციონზე გატანა მთავრობას სწორედ ამ კომპანიამ სთხოვა [ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია, ამიტომაც ითანხმებს პროექტს სააგენტოს ზონალური საბჭო].

    საოჯახო მედიცინის ცენტრის ნაცვლად 8-სართულიანი კომპლექსი – პროექტი ბარათაშვილზე

ზონალური საბჭოს  სხდომაზე წარდგენილი ინფორმაციით, კომპანია საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობაზე ორი სართულის დაშენებას გეგმავს, მის გვერდით კი გორგასლის ქუჩის მხრიდან რვასართულიან ახალ შენობას ააშენებს. პროექტი ამ შენობის ახალ სამშენებლო კომპლექსში მოქცევას ითვალისწინებს [შენობა აჭარის მთავრობას ეკუთვნის, ხოლო საოჯახო მედიცინის ცენტრი მოიჯარეა].

პროექტის ეს რენდერი აჩვენებს, დაახლოებით რა მასშტაბის მშენებლობას გეგმავს კომპანია [ახალი სამშენებლო კომპლექსი ბათუმში, პირველი საჯარო სკოლის უკანა მხარესაა დაგეგმილი].
აუქციონი, რომლითაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შენობა გასაყიდად გამოიტანა, პირობიანია. მთავრობა სამედიცინო დაწესებულების შენობის რეკონსტრუქციას ითხოვს. მოთხოვნებშია ასევე მისი ცალკე საკადასტრო ერთეულად დარეგისტრირება და სამედიცინო პროფილის არანაკლებ ათი წლის ვადით შენარჩუნება.

მთავრობა ითხოვს ასევე საოჯახო მედიცინის ცენტრში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სამსახურის შენარჩუნებას.

მოთხოვნების ჩამონათვალშია ისიც, რომ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების, მათ შორის, რეკონსტრუქცია-რემონტის პერიოდში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. რამდენად შესაძლებელია ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაშინ, როცა კომპანია შენობაზე ორი სართულის დაშენებას გეგმავს, ამ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს.

გასაყიდად გამოტანილი შენობა 801,90 კვადრატული მეტრია, მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი კი – 1972 კვადრატული მეტრი. ამ ქონების საწყისი ფასი 2 მილიონ 395 500 ლარია, ხოლო ბიჯი – 60 000 ლარი.

ინვესტორი აპირებს ასევე საოჯახო მედიცინის ცენტრის მიმდებარედ კერძო მესაკუთრეებისგან შენობებისა და მიწის ნაკვეთების გამოსყიდვას. ზონალური საბჭოსთვის წარდგენილი ინფორმაციით, ინვესტორი გორგასლის #45-დან ბარათაშვილის #30-ის ჩათვლით ტერიტორიის ათვისებას გეგმავს.

წითლად მონიშნულია ტერიტორია, რომლის ათვისებასაც ინვესტორი გეგმავს

თუკი ბიუჯეტის ფულს ხარჯავ, ინფორმაციაც უნდა გასცე – უზენაესის ახალი გადაწყვეტილება

„კერძო სამართლის იურიდიულმა პირი საჯარო დაწესებულებად შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო, ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახრებიდან დაფინანსების ფარგლებში იქნეს მიჩნეული,“ – ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი „ბათუმის წყლის“ წინააღმდეგ უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბოლო ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა, უნდა ჩაითვალოს თუ არა საჯარო უწყებად და, შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება აქვს თუ არა ორგანიზაციას, რომელიც კერძო სამართლის იურიდიული პირია, მაგრამ მერიამ დააფუძნა და იქ 100 პროცენტ წილსაც მერია ფლობს.

საია-მ „ბათუმის წყლისგან“ საჯარო ინფორმაცია 2017 წელს გამოითხოვა. ორგანიზაცია ითხოვდა მონაცემებს თანამშრომლების რაოდენობის, ასევე სხვა ხარჯების შესახებ. მერიის მიერ დაფუძნებულმა „ბათუმის წყალმა“ საჯარო ინფორმაციაზე გაცემა უარი თქვა იმ მოტივით, რომ ის საჯარო უწყება არ არის.

„ბათუმის  წყლის“ წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვეს ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა. უზენაესმა სასამართლომ კი მიიჩნია, რომ მხოლოდ ის ინფორმაცია უნდა გასცეს „ბათუმის წყალმა“, რომელიც უკავშირდება ბათუმის მერიისგან დაფინანსების მიღებას.

„სასამართლოს განმარტებით, მაგალითად, თანამშრომლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ მხოლოდ მერიისგან მიღებულ დაფინანსებულ ნაწილში, ანუ კონკრეტული პროექტის ფარგლებში რამდენი ადამიანი დაასაქმეს. ჩვენ ვითხოვდით ინფორმაციას მილიონ 638 ათასი ლარის ხარჯვაზეც, რომელიც მერიამ მისცა „ბათუმის წყალს“ სანიაღვრე არხების მოსაწყობად…“ – ამბობს მირზა მამულაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, „ბათუმის წყალს“ ისევ არ ექნება ვალდებულება გასცეს საჯარო ინფორმაცია, რამდენია მისი შემოსავალი, ან ხარჯები წლის განმავლობაში. საია ასაბუთებდა, რომ „ბათუმის წყალი“ ერთგვარი შუამავალია, როცა ჩვენ გადასახადებს ვუხდით ამ ორგანიზაციას, ხოლო „ბათუმის წყალი“ საბოლოოდ ამ ფულს ბათუმის მერიას აბარებს. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ თუკი კონკრეტულად საბიუჯეტო თანხას საბიუჯეტო ორგანიზაცია არ ხარჯავს, ამ შემთხვევაში მასზე კანონი „მეწარმეთა შესახებ“ ვრცელდება.

„აღნიშნული დაფინანსების ფარგლებს მიღმა კერძო დაწესებულება ინარჩუნებს საკუთარ სტატუსს და მასზე არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებებისთვის საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული დანაწესები,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

„უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დადებითია წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილებებთან შედარებით, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის თავისუფლების ფარგლების გაფართოვებას იმ კუთხით, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ხელი მიუწვდებოდეს საჯარო ინფორმაციაზე. ვფქრობ, უზენაესი სასამართლო უნდა გასცდენოდა კანონის ფორმალურ ჩანაწერს და უნდა ეთქვა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების არსებობას,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე.

რას აკეთებენ ციხის „მაყურებლები“, რომლებსაც თეა წულუკიანი მალავს?

„მაყურებელი როგორ არ არსებობს. ერთი-ორი არის ყველა ციხეში, ზოგან სამიცაა… თუ ბევრია, მერე კონკურენციაა მაგათ შორისაც და იწყება ჩხუბი… „მაყურებლის“ ხელშია გავლენები ყველანაირი, მისთვის ადმინისტრაცია სულ ღიაა, მიდის, მოდის,“ – ამას ყოფილი პატიმარი გიორგი გვიყვება. ის ე.წ. მაყურებლების შესახებ საუბარს ვინაობის დაფარვის პირობით დაგვთანხმდა. გიორგი ციხიდან დაახლოებით 4 თვის წინ გამოვიდა. მისი თქმით, „მაყურებელი“, რომლის გაძლიერებაზეც სახალხო დამცველი საუბრობს და კატეგორიულად უარყოფს იუსტიციის მინისტრი, ყოველთვის იყო და ახლაც არის ციხეში.

„მე 2013 წელს გამოვედი ციხიდან, მერე, 2015 წელს, ისევ შემაბრუნეს,“ – გვიყვება ყოფილი პატიმარი. – „მე ვფიქრობ, აუცილებელია მაყურებელი, ისე არ გამოვა, წესრიგია საჭირო ყველგან. უკეთესი იქნება, თუკი სახელმწიფო იქნება თავის სიმაღლეზე, მაგრამ არაა ასე,“ – ამბობს ის.

გიორგის ინფორმაციით, „მაყურებელი“ იმ დავებში მონაწილეობს, რომლის გადაჭრასაც ადმინისტრაცია ვერ ახერხებს. ასევე ეხმარება პატიმრებს, თუმცა ყოფილი პატიმარი არ გვიმხელს, რა ფინანსური რესურსით ეხმარება „მაყურებელი“ ვინმეს.

„მაყურებელი ყველაფერს აკეთებს… ცემით რომ გითხრათ, ვინმეს ცემდნენ-მეთქი, არ ვიცი, არ შევსწრებივარ. ისე, ჩხუბები ხდება პატიმრებს შორის… ყველაფერს ვერ გეტყვით ახლა, ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა, უშიშროებაა მაგაში ჩართული, ასეა. ყოფილა შემთხვევები უფრო ფსიქოლოგიური ძალადობის, ამიტომაც არის სხვა დამოკიდებულებაც ამ მაყურებლების მიმართ.

მაყურებელი პატიმრების მხარდაჭერის გარეშე კი ვერ გახდება ვინმე. რომ შეხედავ, ანგელოზია, ჩამოყალიბებული, ზრდილობიანი, დაგიდგება გვერდით, ეტყვი, რა გინდა: ტელეფონით სარგებლობა, ავად ხარ, ან რამე, ან განცხადების დაწერა გინდა… პატიმარი ხედავს ხშირად, რომ რაღაც ეკუთვნის და ადმინისტრაცია ვერ უგვარებს, ამ დროს იძულებულია მიმართოს სხვას. როცა ასეთი კაცი გამოჩნდება, იმისთვის მერე ადმინისტრაციის კარიც ღიაა, სამეურვეო საბჭოს წევრიც ხდება, სამსახურივითაა რა“ – გვითხრა ყოფილმა პატიმარმა.

გიორგიმ უარი თქვა კონკრეტული შემთხვევების გახსენებაზე, სადაც გამოჩნდებოდა, რა როლს ასრულებს „მაყურებელი“ პატიმრებს შორის არსებულ კონფლიქტებში. ის მოგვიყვა, რომელი კატეგორიის პატიმრები ხდებიან „მაყურებლებისგან“, ან მათი გავლენებით სხვებისგან ფსიქოლოგიური, ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

„თუ, მაგალითად, გაუპატიურების გამო მოხვდი ციხეში, ან არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო, ან კარგი ადამიანის ფული თუ შეჭამე, ან ვინმე მოკალი და არასწორად გყავს მოკლული, მაშინ მოგხვდება ცხვირშიც,“ – დასძინა ყოფილმა პატიმარმა „ბათუმელებთან“.

„მაყურებლების“ შესახებ რასაც ჰყვება ყოფილი პატიმარი, ადასტურებს ცირა ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული დირექტორი. „ეს ამბავი არ არის დაფარული და მინიმუმ გასაკვირია, როცა ამას ასე უარყოფს თეა წულუკიანი,“ – ამბობს ცირა ჭანტურია და ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის 2018 წელს მომზადებულ დასკვნას გვაჩვენებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მათ ნახეს „პატიმართა არაფორმალური იერარქიის გავლენა“.

სევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო N15 დაწესებულებაში პატიმართა არაფორმალური იერარქიის გავლენა. ამ გავლენის ერთ-ერთი გამოვლინება იყო ის ფაქტი, რომ ბევრ პატიმარს აშკარად არ ჰქონდა სურვილი და ეშინოდა კიდეც დელეგაციასთან გასაუბრების (თუმცა რამდენიმე მათგანმა საბოლოოდ აღიარა, მეტ-ნაკლებად გამოხატულად, რომ დაწესებულებაში იყვნენ ეგრეთ წოდებული ,,მაყურებლები“, სავარაუდოდ, თითო სართულზე – თითო). გარდა ამისა, სხვადასხვა საკანში შეინიშნებოდა მატერიალურ პირობებს შორის აშკარა განსხვავება (ზოგიერთი საკანი თითქმის ფუფუნებით იყო მოწყობილი) და დელეგაციას თან დაჰყვებოდა რამდენიმე თვითმარქვია „ციხის ლიდერი“, რომლებიც თავიანთ სტატუსს გამოხატავდნენ თავიანთი ქცევით და დამოკიდებულებით. აღსანიშნავია, რომ N15 დაწესებულებაში პატიმართა მიერ მიღებული დაზიანებები, რომლებიც სამედიცინო პერსონალმა აღრიცხა, დიდი ალბათობით გამოწვეული იყო პატიმართა შორის ძალადობით. აღირიცხა რამდენიმე პატიმარი, რომლებიც ითხოვდნენ N8 დაწესებულებაში გადაყვანას მათივე უსაფრთხოებისათვის,“ – აღნიშნულია ევროსაბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის CPT-ის დასკვნაში.

ცირა ჭანტურია ამავე ორგანიზაციისთვის თეა წულუკიანის უწყების მიერ გაგზავნილ პასუხზეც ამახვილებს ყურადღებას.

„საპასუხო ანგარიშში წერია, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს აქვს შექმნილი სპეციალური ჯგუფი, სადაც განიხილავენ პატიმართა შორის ძალადობის აღმოფხვრის კომპლექსურ ღონისძიებებს, ირიბად იგულისხმება ის, რომ არ უნდა იყვნენ პრივილეგირებული პატიმრები, რომლებიც სხვებზე ძალადობენ, რომლებიც აიძულებენ სხვებს, რომ ამ იერარქიას დაექვემდებარონ,“ – აღნიშნავს ცირა ჭანტურია.

ყოფილი პატიმრის მსგავსად, ცირა ჭანტურიაც ამბობს, რომ „მაყურებელს“ ციხე არასდროს დაუტოვებია და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინფრასტრუქტურული მოწყობაა – წესრიგის დაცვა რთულია ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც ზოგჯერ პატიმართა რაოდენობა 2 ათასს აჭარბებს. ცირა ჭანტურია შენიშნავს, რომ ევროპული სტანდარტით, არც ერთი სახის დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობა 500-ს არ უნდა აღემატებოდეს და უნდა არსებობდეს პროპორცია პატიმართა რაოდენობასა და თანამშრომლებს შორის.

„ახლა უფრო გამოჩნდა ეს პრობლემა, რადგან მას სხვა, უფრო მწვავე პრობლემები ფარავდა… ეს იმდენად ფესვგადგმული სისტემაა, მხოლოდ პენიტენციური სამსახური ვერ შეცვლის მას. ყველამ ვიცით, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის საქართველო ლიდერობდა კრიმინალური ავტორიტეტების რაოდენობით…. შესაბამისად, ამ საკითხს სჭირდება სიღრმისეული მსჯელობა იურისტების, კრიმინოლოგების, სოციოლოგების ჩართულობით. ჩვენ რამდენჯერმე მოვიწვიეთ დისკუსიაზე იუსტიციის სამინისტრო, მაგრამ გვითხრეს, რომ აი, არ სცალიათ. ეს თემა სამინისტროს დახურული აქვს. მთავარი პრობლემა ესაა – პოლიტიკური ნების არქონა,“ – გვითხრა ცირა ჭანტურიამ, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონულმა დირექტორმა.

„ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენლები თითქმის ერთი წელია ციხეებში სიტუაციის შესასწავლად  ვეღარ შედიან. ცირა ჭანტურია განმარტავს, რომ კანონით ამის ვალდებულება იუსტიციის სამინისტროს არ ჰქონდა და თეა წულუკიანმა ამ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ციხეებში შესვლისთვის „კეთილი ნების“ გამოხატვა საჭიროდ არ ჩათვალა.

„ეს ალბათ კარგად გამოხატავს დამოკიდებულებას საზოგადოებრივ კონტროლზე… ციხეებში შედიან არასამთავრობო ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომლებიც სახალხო დამცველის წამების პრევენციის მექანიზმში არიან ჩართულები. ისინი ვალდებული არიან, ერთობლივი ანგარიში მოამზადონ სახალხო დამცველთან ერთად და ცალკე, ორგანიზაციის სახელით ინფორმაციას ვერ გაავრცელებენ“, – გვითხრა ცირა ჭანტურიამ.

ციხეებში შედიან სახალხო დამცველის წარმომადგენლები, თუმცა სახალხო დამცველი დღეს ამბობს, რომ პატიმრები აღარ ლაპარაკობენ საკუთარ პრობლემებზე „მაყურებლის“ ნებართვის გარეშე.

„ასე ვემსგავსებით მეზობლებს… სომხეთში ასეა დიდი ხანია. იქ პატიმრებს უბრალოდ ჩივილის უფლება არ აქვთ,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ცირა ჭანტურიამ.

ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ 10 დეკემბერს განაცხადა, რომ ციხეებში არსებობს სისტემური არაფორმალური მმართველობა.

___

ამავე თემაზე: ნახეთ რა წერია სახალხო დამცველის განცხადებაში ციხის მაყურებლებთან დაკავშირებით.

https://netgazeti.ge/news/412728/

პრეპარატი, რომლის სუნის გამოც პარლამენტის სხდომა შეწყდა, ცხოველებისთვის გამოიყენება

დღეს, 12 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში დაღვარეს სითხე, რომელმაც ისეთი ცუდი სუნი დააყენა, რომ სხდომა შეწყდა და რამდენიმე დუპუტატი შეუძლოდ გახდა. პარლამენტში სასწრაფო დახმარების ჯგუფიც გამოიძახეს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „სავარაუდოდ, ესაა ქიმიური შეტევა პარლამენტზე“.

მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ აცხადებს, რომ სითხე, რომელმაც პარლამენტში მძაფრი სუნი დააყენა, პრეპარატი -АСД-2Ф -ია.

აღნიშნული პრეპარატი რუსული და უკრაინული წარმოებისაა და სოფლის მეურნეობაში გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვისა და ფრინველების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, როგორ შინაგანი, ისე გარეგანი გამოყენებისთვის.

ანოტაციის თანახმად, პრეპარატის ჩვენებაა: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი და საშარდე გზების სისტემის დაავადებები, სხვადასხვა ეტიოლოგიის ნივთიერებათა ცვლის მოშლა; ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის მუშაობის სტიმულირება; ინფექციური დაავადებების გადატანის შემდეგ იმუნიტეტის ამაღლება ცხოველებში; გოჭებისა და წიწილების ზრდის სტიმულირება და ქათმებში კვერცხის წარმოების გაზრდა.

ანოტაციაში აღნიშნულია, რომ პრეპარატს არ გააჩნია უკუჩვენება, თუმცა მისი მოხმარებისას საჭიროა უსაფრთხოების ისეთი ზომების დაცვა, როგორც სხვა პრეპარატების გამოყენებისას: ესაა კანზე ან თვალში მოხვედრის შემთხვევაში წყლის დიდი რაოდენობით ჩამობანა და ა.შ.

„ამ პრეპარატს აქვს საკმაოდ მძაფრი სუნი. ოთახში რომ დაღვარო და არ გაუშვა ადამიანები გარეთ, შესაძლოა თავი ასტკივდეთ. მის ტოქსიურობას არ ჩავძიებივარ, მაგრამ ვიცი, რომ იმ ხალხში, რომელიც პრეპარატს უსმევდა ან ალევინებდა ცხოველს, გამოუწვევია თავის ტკივილი“, – ამბობს მარიამ ჩხიკვიშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტის კლინიკის მთავარი ვეტერინარი. მისი თქმით, იგი ამ პრეპარატს არ იყენებს და ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მძაფრი სუნია.

აღნიშნულ პრეპარატს ადამიანებიც იყენებენ, რუსულ ფორუმებსა და „იუთუბზე“ არაერთ მასალას ნახავთ, სადაც ამ პრეპარატის გამოყენებაზე წერენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის მქონე ნივთიერების გაშვების შემდეგ შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

როგორ (არ)იზრდება პენსია

ასაკით პენსიონერების პენსია ახალი წლიდან 20 ლარით იზრდება. მთავრობა ასევე აცხადებს, რომ 2020 წლის პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს დამატებით 30 ლარით გაეზრდებათ პენსია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის პენსიონერების პენსია მომავალი წლიდან 50 ლარით გაიზრდება.

არსებული პრაქტიკით, გაზრდილი პენსია ლარში სულაც არ ნიშნავს პენსიონერების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან უკვე წლებია ლარი დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა. შესაბამისად, გაიზარდა ფასები, როგორც სურსათზე, ისე მედიკამენტებზე.

ბოლო ცხრა წლის მონაცემების მიხედვით, რომელიც განხილულია დოლართან მიმართებაში [2012 წლიდან დღემდე], ლარებში თითქოს გაზრდილი პენსია, რეალურად შემცირებულია – დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

ასაკით პენსიონერების პენსია წლების მიხედვით და დოლარის კურსის შესაბამისად. ინფოგრაფიკა/ია ფრანგიშვილი
ეროვნული ბანკის მონაცემები: ლარის კურსი 2012 წლიდან 2019 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით. ინფოგრაფიკა/მანანა ქველიაშვილი

მას შემდეგ, რაც 2019 წლის 26 ნოემბერს, ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა, 30 ნოემბრიდან ლარმა მცირედით, მაგრამ გამყარება დაიწყო. გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 3 დეკემბერს 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

[toggle title=”3 დეკემბერი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი“]2019 წლის 3 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 110 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.000 პროცენტით, მაქსიმალური 9.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.165 პროცენტით განისაზღვრა.

წყარო[/toggle]

ფინანსთა სამინისტრომ 10 დეკემბერს, ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები ისევ გაიყიდა.

[toggle title=”10 დეკემბერი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი“]2019 წლის 10 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 120 020 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.250 პროცენტით, მაქსიმალური 9.530 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.372 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 6.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

წყარო[/toggle]

სწორედ ამ ჩარევის შედეგად დაიწყო ლარმა დოლართან მიმართებაში გამყარება. თუმცა, ხელისუფლებას არაფერი უთქვამს, რამდენ ხანს მოხერხდება ამ კურსის შენარჩუნება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ანუ 2012 წლიდან დღემდე პენსია სულ რამდენჯერმე გაიზარდა. პირველად ეს მოხდა 2013 წლის პირველი სექტემბრიდან, როდესაც ასაკით პენსიონერების პენსია 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა. პენსიას მაშინ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე მოამატეს. იმ ეტაპზე ლარს გაუფასურება უკვე დაწყებული ჰქონდა და 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 8 თეთრით იყო გაუფასურებული.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ასაკით პენსიონერთა პენსია მეორედ 2015 წლის სექტემბერში გაიზარდა და 160 ლარს მიაღწია. 2012 წელთან შედარებით ლარი დოლართან მიმართებაში უკვე 66 თეთრით იყო გაუფასურებული.

პენსია 20 ლარით გაიზარდა 2016 წელსაც და 180 ლარი გახდა – ეს ციფრი შენარჩუნდა 2019 წლამდე.

ასაკით პენსიონერებისთვის პენსია კიდევ ერთხელ და ასევე 20 ლარით წელს გაიზარდა და 200 ლარი გახდა. თუმცა, ლარის გაუფასურებამ წელს თავისი არსებობის განმვლობაში ყველა ანტირეკორდი მოხსნა – ერთი დოლარის ფასმა სამ ლარსაც კი მიაღწია.

2020 წლიდან პენსიების მატება ახალმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დააანონსა.

 ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩიდან ზღვა აღარ გამოჩნდება – სანაპიროს ჩაბეტონების პროექტები

აჭარის მთავრობა ქობულეთში პირობიანი აუქციონის წესით ყიდის მიწის ნაკვეთს, რომელიც პირდაპირ ზღვას უყურებს და ნაწილობრივ გამწვანებულია. აუქციონის მთავარი პირობა ამ ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაა. აუქციონის პირობების ჩამონათვალშია ისიც, რომ კომპლექსი სასტუმროს არანაკლებ ას ნომერს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რესტორანს და არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს უნდა მოიცავდეს.

ამ ყველაფერში კი ინვესტორმა არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გასაყიდი ტერიტორიის ფართობი 11 235 კვადრატული მეტრია და მთავრობა ნაკვეთზე სკვერის მოწყობასაც ითხოვს, თუმცა სკვერის სასურველი მასშტაბები წინასწარ განსაზღვრული არ არის.

გასაყიდი ქონების საწყისი ფასი 4 მილიონ 585 000, ვაჭრობის ბიჯი კი 100 000 ლარია. აუქციონი 2019 წლის 30 დეკემბერს უნდა დასრულდეს. მყიდველმა საპრივატიზებო ფასი წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით, სამ ეტაპად უნდა გადაიხადოს.

მშენებლობის პირობით გაასხვისა მთავრობამ ამ ნაკვეთის მომიჯნავე რამდენიმე ნაკვეთიც. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში ქობულეთი დაკარგავს სანაპირო ზოლს, როგორც თავისუფალ სივრცეს: აქ მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ, ზღვის ხედი სანაპირო ქუჩიდან – აღმაშენებლიდან აღარ გამოჩნდება, თუ არ ჩავთვლით მაღალსართულიანი სახლების ბოლო სართულებს.

რეესტრის მონაცემებს თუ გადავხედავთ, მთავრობა თავისუფალი სივრცეების ჩაბეტონების პოლიტიკასთან დაკავშირებით ურბანისტების კრიტიკას საერთოდ არ იზიარებს და სანაპირო ზოლში ერთმანეთის მიყოლებით ასხვისებს მიწის ნაკვეთებს მშენებლობის პირობით.

_____

ამავე თემაზე:  116,80 მეტრი სიმაღლის შენობა ქობულეთის ფიჭვნარში – აზერბაიჯანული ინვესტიცია

  საპარტნიორო ფონდი ფიჭვნარში სასტუმროს აშენების პირობით ინვესტორს ეძებს

ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით

 

როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყარის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. ახალ ნაგავსაყარზე განთავსდება როგორც ქალაქ ბათუმში, ასევე აჭარის დანარჩენ ხუთ მუნიციპალიტეტში შეგროვებული ნარჩენები. მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილი სამუშაოების 30% უკვე შესრულებულია. პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე 7 მილიონი ევროთია დაფინანსებული, ნარჩენების გადამუშავებას არ ითვალისწინებს.

როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი

აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში, ახალი ნაგავსაყარისთვის სოფელ ცეცხლაურში 33 ჰექტარი ტერიტორიაა გამოყოფილი, საიდანაც 6 ჰექტარზე ნიადაგის ნაყოფიერი ფენა მოხსნილია და იქვეა დასაწყობებული. ტერიტორია მთლიანად შემოიღობება. გაკეთდება მისასვლელი გზა. ტერიტორიის შიგნითა ნაწილი და გარეთ – 50 მეტრი სიგანის ბუფერული ზოლი გამწვანდება.

ტერიტორიაზე მოეწყობა 4 ღია უჯრედი [ორმო], რომლის ფსკერი და კედლები რამდენიმე სპეციალური შრისგან შედგება. ეს უჯრედები, ნარჩენების განთავსების შემდეგ დაიფარება მიწით. ნაგავსაყარის ტერიტორიაზე გამოყოფილია კარიერი, საიდანაც ამ მიწას აიღებენ. შემდეგ კი, უჯრედები, რეკულტივაციის მიზნით, დასაწყობებული ნიადაგით დაიფარება და ამით უჯრედი საბოლოოდ დაიხურება.

ცეცხლაურის მშენებარე ნაგავსაყარი / ასეთი 12 უჯრედი უნდა მოეწყოს, რომლებშიც ნარჩენები განთავსდება / 3.12.2019

ახალ პოლიგონზე აჭარაში შეგროვებული მუნიციპალური ნარჩენები დახარისხდება სპეციალურ უბანზე. პროექტის ფარგლებში მოეწყობა დამხარისხებელი უბანი – შენობა, სადაც ნახევრად ავტომატურად დამხარისხებელი ხაზი უნდა დამონტაჟდეს და ნარჩენებს ხელით გადაარჩევენ.

აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ ასეთი ხაზის შეძენა მომავალი წლისთვის აჭარის ბიუჯეტიდან იგეგმება, ან შესაძლოა მოძიებული იქნას დონორი ორგანიზაცია. დამხარისხებელი უბნისთვის პოლიგონზე 15 000 კვ/მ-ია გათვალისწინებული.

„იმ ნარჩენებს, რაც არ გადამუშავდება [ძირითადად ორგანული ნარჩენები] ღიაძარიანი ავტომობილებით გადავიტანთ უჯრედებში. აქ ყოველდღიურად მოხდება ბულდოზერით გასწორება/დატკეპნვა და მიწის საიზოლაციო ფენით დაფარვა. ამ პროცესზე იქნება ასევე ყოველდღიური მონიტორინგი და ნარჩენების გაბნევას, გაფანტვას ადგილი არ ექნება. რაც შეეხება გადარჩეულ ნარჩენებს, პირველ ეტაპზე დასაწყობდება ადგილზე, შეიფუთება და შემდგომ მივაწვდით გადამამუშავებელ საწარმოებს. ასეთი საწარმოები არის აჭარის რეგიონშიც [7-8 ობიექტია, რომლებიც ამუშავებენ პლასტმასს, პოლიეთილენს, ქაღალდს, მინის ტარას]“, – ამბობს ნოდარ კონცელიძე, აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის გარემოს დაცვის ექსპერტი.

რაც შეეხება სახიფათო ნარჩენებს, ნოდარ კონცელიძის თქმით, თუ იქნება ასეთი ნარჩენები, მას გადაარჩევენ, ცალკე კონტეინერში განათავსებენ და შემდეგ სახიფათო ნარჩენების გადამუშავების ნებართვის მქონე კომპანიებს მიაწვდიან: „ასე, რომ მისი აქ ხანგრძლივად შენახვა, განთავსება, დამარხვა არ მოხდება. შესაძლებელია 2-3 დღე, ერთი კვირა განთავსდეს, რისთვისაც ეწყობა უბანი მკაცრი დაცვის ქვეშ.“

პოლიგონის ტერიტორიიდან წვიმის წყალი სანიაღვრე არხებით გაედინება, ხოლო სამეურნეო დანიშნულებით მოხმარებული წყლები შეგროვდება გამწმენდ ნაგებობაში.

პოლიგონზე სუნის გასანეიტრალებლად პროექტი ითვალისწინებს თვით უჯრედებში, სადაც ნარჩენები უნდა განთავსდეს, გაზის შემკრები სისტემის დამონტაჟებას. ამ სისტემით მოხდება მეთანის შეგროვება და მისი მიწოდება გენერატორისთვის. ამ გზით, შემდგომში, ნაგავსაყარზე დაახლოებით 2 მეგავატი ელექტროენერგიის მიღებას ვარაუდობენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მშენებლობაზე 100 ადამიანი მუშაობს, ნაგავსაყარის ექსპლუატაციის პროცესში კი, მინიმუმ 50 ადამიანი დასაქმდება.

ახალ ნაგავსაყარს ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში თურქული კომპანია აშენებს / 3.12.2019

შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ არის ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, რისთვისაც 7 მილიონი ევრო სესხი და გრანტია გამოყოფილი. აქედან 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია Goksin Insaat-ი აშენებს, რომელმაც საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. თუმცა, ეს კომპანია აშენებს ნარჩენების განსათავსებელ მხოლოდ 4 უჯრედს, პროექტი კი სულ 12 ასეთი უჯრედის მოწყობას ითვალისწინებს. შემდგომში 8 უჯრედს უკვე ნარჩენების მართვის კომპანია ააშენებს, რომელიც პოლიგონს ოპერირებას გაუწევს. რა თანხით ააშენებს დამატებითი უჯრედებს სახელმწიფო კომპანია, ამ ეტაპზე უცნობია.

ნოდარ კონცელიძე

„როგორც კი პირველი ორი უჯრედი შეივსება, მოხდება მათი დახურვა,  შემდგომ გამოვიყენებთ მესამე-მეოთხე უჯრედს, რა დროსაც მოეწყობა მეხუთე-მეექვსე უჯრედი და პროცესი გაგრძელდება… 12-ივე უჯრედის შემთხვევაში ნაგავსაყარს 16-დან 22 წლის ფარგლებში აქვს ექსპლუატაციის ვადა. მაგრამ, თუ იქნება დამხარისხებელი ხაზი, ასევე, თუ ნარჩენებს თავად მოსახლეობა დაახარისხებს, შესაძლოა ამ ნაგავსაყარმა 35 წლის განმავლობაში იმუშაოს“, – ამბობს ნოდარ კონცელიძე.

ნაგავსაყარზე ნარჩენების განთავსება მუნიციპალიტეტებისთვის ფასიანი იქნება თუ უფასო? – ამ კითხვასთან დაკავშირებით ნარჩენების მართვის კომპანიაში გვითხრეს, რომ „საკითხზე მუშაობს ბრიტანული კომპანია და დეტალები შემდეგ გახდება ცნობილი. ამ დროისთვის ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს“.

რა ელის ბათუმის ნაგავსაყარს

აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი ითვალისწინებს ქობულეთის მიტოვებული და ბათუმის მოქმედი ნაგავსაყარების დახურვას. ნოდარ კონცელიძის ინფორმაციით, EBRD-ი ამ ეტაპისთვის დამატებით ინვესტირებას ახდენს, რათა შეირჩეს საერთაშორისო კომპანია, რომელიც მოამზადებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. მხოლოდ ამის შემდგომ დაიგეგმება, თუ როგორ დაიხურება ეს ნაგავსაყარები: „თუმცა, წინასწარი შეთანხმებით, ეს ევროსტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს“.

„თუ კვლევებმა აჩვენა, რომ ბათუმის ნაგავსაყარზე იქნება იმ რაოდენობის მეთანი, რომ გადავამუშავოთ, მოეწყობა ანალოგიური სისტემა, რაც ახალ ნაგავსაყარზე. შესაბამისად, ამ გაზს გამოვიყენებთ და მივიღებთ ელექტროენერგიას. თუ არ აღმოჩნდება საკმარისი მეთანი, მას მემბრანული სისტემით შევაგროვებთ, რომ არ მოხდეს მავნე ნივთიერებების ატმოსფეროში გაბნევა. ვიდრე ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა მიმდინარეობს, ეს პროცესიც პარალელურად დაიწყება“, – ამბობს ნოდარ კონცელიძე.

მისივე თქმით, „პირველი 20 წელი, როგორც საერთაშორისო პრაქტიკიდანაა ცნობილი, ნაგავსაყარზე მიმდინარეობს მეთანის გაზის წარმოქმნა, შესაბამისად, ამ ტერიტორიის სხვა დანიშნულებით გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. თუ ეს სისტემა მოეწყობა, პოლიგონი დაიფარება მიწით და დაწესდება ჩვენი კომპანიის მიერ მონიტორინგი. რეკრეაციული თუ მშენებლობის კუთხით გამოყენება მინიმუმ 20 წელი ვერ ექნება მაგ ადგილს. გარკვეული დროის შემდეგ კი, ტყეპარკის გაშენება თუ სხვა სამუშაოები, შესაძლებელია“.

ბათუმის ნაგავსაყარი დღეს

ქალაქ ბათუმში, ასევე აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შეგროვებული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება დღეს ადლიაში, ზღვასთან ახლოს მდებარე ნაგავსაყრელ პოლიგონზე ხდება, რომელსაც ოპერირებას უწევს ერთ-ერთი კერძო კომპანია. ამ ნაგავსაყარზე ნარჩენების განთავსება 1965 წლიდან დაიწყო. ტერიტორია 19.2 ჰექტარია.

ბათუმის ნაგავსაყარი / 3.12.2019

„ნაგავსაყარი განლაგებულია მდინარე ჭოროხის მარჯვენა მხარეს უშუალოდ მდინარის წყალდაცვით ზოლში, საიდანაც აქტიურად ხდება მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაბინძურება. ნაგავსაყარის ტერიტორია არ არის შეღობილი, შესაბამისად გარეშე პირები (მათი რაოდენობა 20 კაცამდეა) დაუბრკოლებლად შედიან ნაგავსაყარზე და აგროვებენ ჯართს და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს. ასევე, ნაგავსაყარზე დაუბრკოლებლად შედის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელიც იკვებება ნარჩენებით“, – აღნიშნულია ბათუმის მერიის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაში [2018-2022 წწ].

ასეთი ვითარება ბათუმის ნაგავსაყარზე გაგრძელდება მანამ, ვიდრე ახალი პოლიგონი არ დაიწყებს ნარჩენების მიღებას [გეგმით, მინიმუმ ერთი წელი] და არ დაიწყება მოქმედი პოლიგონის დახურვა. ახალი პოლიგონი ზღვიდან 7 კილომეტრით, ბათუმიდან კი 30-32 კილომეტრითაა დაშორებული.

ბათუმის მერიის მონაცემებით, საკურორტო სეზონის პერიოდში ქალაქ ბათუმში 300-მდე ტონა მუნიციპალური ნარჩენი გროვდება დღეში. სხვა პერიოდებში – 200-დან 250-მდე ტონა დღეში. 2016 წელს დაგროვილმა მუნიციპალური ნარჩენების საერთო რაოდენობამ 74 800 ტონა შეადგინა. 2020 წლისთვის კი პოლიგონზე 83 000 ტონა ნარჩენის განთავსება იგეგმება.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად, ბათუმის ტერიტორიაზე, მერიის შპს „სანდასუფთავების“ ინფორმაციით, 3 500 კონტეინერია განთავსებული. ნარჩენები ბათუმის ნაგავსაყარზე „სანდასუფთავებას“ გააქვს, რასაც 20-მდე სპეციალური ავტომანქანა ემსახურება. მიუხედავად ამისა, ბათუმის ტერიტორიაზე, მარტო 2019 წელს, 80-მდე ადგილზე დაფიქსირდა ნარჩენების უკანონოდ განთავსების ფაქტი.

მერიის მონაცემებით, ბათუმში ნარჩენების დახარისხებული შეგროვება არ ხდება (სახიფათო – სამედიცინო ნარჩენების გარდა). ძირითადად, ნარჩენების შეგროვება ხდება შერეული ტიპის კონტეინერებში, საიდანაც ნარჩენები ერთიანად, როგორც დასახლებული პუნქტებიდან, ისე სხვადასხვა ობიექტიდან გააქვთ ბათუმის ნაგავსაყარზე.

„გამონაკლისს წარმოადგენს სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენები, რომელთა დასაწყობება ხდება თვით საწარმოებში და შემდგომში გადაეცემა სათანადო გადამუშავებაზე ნებართვის მქონე ორგანიზაციებს… ბათუმში არ არსებობს სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყარი. 2009 წლიდან ბათუმის ნაგავსაყარის შესასვლელთან აშენებული და ექსპლოატაციაში გაშვებულია თერმული დამუშავების ინსინერატორი, სადაც დღის განმავლობაში დაახლოებით 400 კგ-მდე სამედიცინო ნარჩენების ინსინერაცია ხდება. შესაბამისად, ბათუმში წლის განმავლობაში გროვდება დაახლოებით 100-მდე ტონა სამედიცინო ნარჩენი. რაც შეეხება სპეციფიკურ ნარჩენებს, მათი რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგანაც მუნიციპალურ ნარჩენებთან ერთად ხდება სპეციფიკური ნარჩენების შერევა. ასეთი სახის ნარჩენები ხშირ შემთხვევაში ხვდება არსებულ ნაგავსაყარზე, ვინაიდან იქ ყოველგვარი კონტროლოს გარეშე ხდება ნარჩენების მიღება და დასაწყობება“, – აღნიშნულია მერიის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაში.

ნარჩენების დახარისხება არ ხდება არც აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც ნარჩენების შეგროვება-გატანა პრობლემაა.

ბათუმის პოლიგონზე შეტანილი ნარჩენების მორფოლოგიური შემადგენლობის სეზონური კვლევის შედეგი [მერიის გეგმიდან]:

წყარო: ბათუმის მერიის გეგმა / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

2020 წლის განმავლობაში ბათუმის ნაგავსაყარის ოპერატორ კომპანიას, მერიის მიერ განსაზღვრული პირობების მიხედვით, ევალება:

[checklist]

  • შეტანილი ნარჩენების ყოველდღიურად მოსწორება და დატკეპნა მექანიკური საშუალებით (ბულდოზერით); პოლიგონის მოწყობა ქვაღორღოვანი ნარევის (ბალასტის) მინიმუმ 30 სმ სისქის ფენით; ნაგავსაყარის მისასვლელი გზისა და პოლიგონზე ასასვლელის შენარჩუნება ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში (გზაზე არ უნდა იყოს გუბურები და ორმოები); ობიექტზე ყოველთვიურად შეტანილი უნდა იქნეს მინიმუმ 200 კუბური მეტრი ბალასტი (ქვაღორღი).

[/checklist]

ამ მომსახურებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 159 642 ლარია გამოყოფილი. მომსახურებას მერია ტენდერით შეისყიდის.

ნარჩენების შერგოვების სველი და მშრალი სისტემა, ქლქი ფოთი / ფოტო: „ბათუმელები“

„მნიშვნელოვანია ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ნარჩენების შერგოვების სველი და მშრალი სისტემის დანერგვა, რაც გულისხმობს ორი ტიპის კონტეინერის დადგმას ნარჩენების შეგროვების ადგილებზე. ერთ კონტეინერში განთავსდება გადამუშავებადი მასალები (მაგ. პლასტიკი, ქაღალდი, ა.შ.), ხოლო მეორე კონტეინერში – ის მასალა, რომელიც არ ექვემდებარება გადამუშავებას (ორგანული ნარჩენები) და რომლის განთავსება მოხდება ნაგავსაყარზე. ასევე, რეკომენდებულია მერიის ტერიტორიაზე დამატებით მოეწყოს ნარჩენების სეპარირებული შეგროვების პუნქტები (პილოტური პროექტების სახით). ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვის დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს ქაღალდი/კარდონსა და პლასტიკზე“, – აღნიშნულია მერიის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაში.

აღიარებულია, რომ საუკეთესო ვარიანტი ყოველთვის ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებაა, რასაც მოსდევს რაოდენობისა და საფრთხის მინიმიზაცია; ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება; გადამუშავება და ნარჩენებისგან ენერგიის აღდგენა. ნარჩენების ნაგავსაყარზე განთავსება კი უკანასკნელი გამოსავალია:

იერარქია ნარჩენების მართვაში / ია ფრანგიშვილის ონფოგრაფიკა

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი ჩართულია USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტში – „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“, რომელსაც ახორციელებს ICMA CENN-თან მჭიდრო თანამშრომლობით. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ითვალისწინებს ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სისტემის დანერგვას ქალაქ ბათუმში ბათუმთან დამეგობრებული აშშ-ის ქალაქ გოლდენის გამოცდილების გაზიარების გზით, ქალაქში ნარჩენების სეპარაციის სისტემის დანერგვის ხელშეწყობასა და ბათუმისთვის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებაში დახმარებას“, – აღნიშნულია ბათუმის მერიის გეგმაში. მერიაში გვითხრეს, რომ ეს პროექტი გრძელდება.

„აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას“ ძველი ნაგავსაყარის დახურვასა და ახალი სანიტარული ნაგავსაყარის მშენებლობასთან დაკავშირებით საინფორმაციო ვიდეორგოლის დამზადებაზე კონკურსი აქვს გამოცხადებული. კომპანიის განცხადებით, ვიდეორგოლის დამზადების მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლებაა.

აჭარის მთავრობამ 2020 წლისთვის შეიმუშავა ნახევარმილიონიანი პროგრამა – „ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის“, რომლის მიზანი, „ნარჩენების გადამამუშავებელი მოქმედი საწარმოების განვითარების ხელშეწყობა, წარმოებული პროდუქციის დივერსიფიკაცია, გამოშვებული პროდუქციის მოცულობისა და ასორტიმენტის ზრდაა“.

პროგრამის ფარგლებში „ბენეფიციარებს საკუთრებაში გადაეცემათ მათი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ძირითადი საშუალებები. თითოეული ბენეფიციარის თანადაფინანსება იქნება არაუმეტეს 100 000 ლარისა, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა იქნება არანაკლებ 50%-ისა“.

აჭარის მთავრობა მიიჩნევს, რომ ამ პროგრამით მოხდება „რეგიონის ტერიტორიაზე შეგროვებული ნარჩენების გადამუშავებისა და ფუნქციურად გამოყენების უზრუნველყოფა; ასევე, ნარჩენების გადამამუშავებელი ადგილობრივი საწარმოების განვითარება“. პროგრამას სახელმწიფო ა(ა)იპ ბათუმის ბიზნესინკუბატორი განახორციელებს.

„განხორციელების ვადა 1 წელია, რადგან ის წარმოადგენს საგრანტო პროგრამას. მიღებული შედეგების ანალიზის და სამომავლოდ არსებული მოთხოვნის შესწავლის საფუძველზე შესაძლებელი იქნება პროგრამის გაგრძელება. ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების მხარდაჭერა ზოგადად უკავშირდება ახალი მყარი ნარჩენების სანიტარული პოლიგონის მშენებლობას და ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო სიმძლავრეების გაზრდის გზით რეგიონში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას“, – აცხადებს მთავრობა.

ბათუმის ნაგავსაყარზე წელიწადში 30 000 კუბ/მ-მდე სამშენებლო ნარჩენები იყრება / 3.12.2019

ამ დროისთვის ღიად რჩება სამშენებლო ნარჩენებისა და ცხოველთან დაკავშირებული ნარჩენების განთავსების საკითხი. ასეთი ნარჩენების განთავსება ახალ პოლიგონზე პროექტით გათვალისწინებული არ არის.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, „ცხოველთან დაკავშირებული ნარჩენები [ცხოველის სხეული, ცხოველის სხეულის ნაწილი, ნაკელი, ხორცის წარმოების ნარჩენები, ცხოველზე ცდის ჩატარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები და სხვა] გაიტანება ნაგავსაყარზე არსებულ „ბეიკერის“ ორმოში ინდივიდუალურად, საჭიროებიდან გამომდინარე“.

რაც შეეხება სამშენებლო ნაგავს, „ბათუმის არსებულ ნაგავსაყარზე ნარჩენების შეტანა ხდება ყოველგვარი კონტროლის გარეშე [მათ შორის, არ ხდება ნარჩენების ტოქსიკურობის დადგენა]. საშუალოდ წელიწადში ნაგავსაყარზე შედის 30 000 კუბ/მ-მდე ინერტული ნარჩენი. ძირითადად, ქუჩებისა და გზების რეაბილიტაციისას და ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე დაგროვილი სამშენებლო ნარჩენები“.

აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ არის საუბარი ცხოველთან დაკავშირებული ნარჩენების განთავსებისთვის მოეწყოს სპეციალური ადგილი ახალი ნაგავსაყარის ტერიტორიაზე, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. თუმცა ამ დროისთვის საკითხი არ არის გადაწყვეტილი. სამშენებლო ნარჩენების განთავსება კი, ახალ პოლიგონზე მიზანშეწონილი არ არის, ამიტომ ძველი ნაგავსაყარის გაუქმებამდე ეს საკითხიც გადასაწყვეტია.

ქობულეთისა და ქობულეთის შემოვლითი გზის ხედი ცეცხლაურის ნაგავსაყარიდან / 3.12.2019
მთავარი ფოტო: ბათუმის მოქმედი და ცეცხლაურის მშენებარე ნაგავსაყარი

https://www.facebook.com/share/v/1AZeCCRK6x/

______

სტატია/ვიდეო მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“ პარტნიორობით, პროექტის ფარგლებში – “ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში”. პროექტი მიმდინარეობს USAID WMTR II პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN -ი USAID -ის მხარდაჭერით. არ არის აუცილებელი სტატიაში/ვიდეოში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ფინეთის 34 წლის პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი, რომელშიც უმრავლესობა ქალია

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ფინეთის პარლამენტმა [ედესკუნტა] 99 ხმით ამ პოსტზე 34 წლის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, სანა მარინი დაამტკიცა.

ფინეთის მმართველ კოალიციურ მთავრობაში 5 პარტიაა გაერთიანებული და ხუთივეს ქალი ხელმძღვანელობს, ყველაზე უფროსი მათგან 55 წლისაა, დანარჩენი კი – 35 წელზე ნაკლების.

ცენტრისტულ პარტიას 32 წლის კატრი კულმუნი ხელმძღვანელობს, რომელიც ახლა უკვე ფინეთის ფინანსთა მინისტრია; მწვანეთა პარტიის ლიდერი 34 წლის მარია ოჰისალო შინაგან საქმეთა მინისტრია, მემარცხენეთა ალიანსის ლიდერი, 32 წლის ლი ანდერსონი რჩება განათლების მინისტრის პოსტზე, სახალხო პარტიის ლიდერი, 55 წლის ანა მარია ჰენრიქსონი, ასევე, ინარჩუნებს იუსტიციის მინისტრის სავარძელს. თავად პრემიერ-მინისტრი სანა მარინი სოციალ-დემოკრატიულ პარტიის ლიდერია.

ახალ მინისტრთა კაბინეტში 12 ქალი და 7 კაცია.

ფინეთის პრემიერ-მინისტრი

ფინეთის ახალი პრემიერ-მინისტრი სანა მარინი 22 თვის შვილის დედაა.

„ოთხ წელიწადში ფინეთი შეიძლება გახდეს უკეთესი, ამისთვის ვმუშაობთ ჩვენ. მინდა ავაშენო საზოგადოება, რომელშიც ყველა ბავშვს შეეძლება გახდეს ვინც მას სურს და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება იცხოვროს და დაბერდეს ადამიანურად,“ – დაწერა სანა მარინმა ფეისბუქზე 10 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრად არჩევის დღეს.

ფინეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლესბოსელი წყვილის ოჯახში გაიზარდა. 2015 წელს ფინურ მედიასთან მან განაცხადა, რომ ბავშვობაში სტიგმის მსხვერპლი იყო და თავს უჩინარად გრძნობდა, რადგან ღიად ვერ ჰყვებოდა მისი ოჯახის შესახებ. 15 წლის ასაკში ყიდდა ჟურნალებს ჯიბის ფულის გამოსამუშავებლად. იგი თავის ოჯახში პირველია, ვინც საშუალო სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩააბარა. 2015 წელს სანა მარინი ფინეთის პარლამენტის წევრად აირჩიეს, 2019 წლის ივნისში კი პრემიერ-მინისტრის კაბინეტში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრად დაამტკიცეს.

აქამდე ფინეთს უკვე ორჯერ ჰყავდა ქალი პრემიერ-მინისტრი.

__________

მთავარ ფოტოზე:  მარცხნიდან – ფინეთის განათლების მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი. ფოტო: helsinkitimes.fi

სილქნეტის სატელევიზიო პაკეტები იცვლება

2020 წლის 15 იანვრიდან სილქნეტი  განახლებულ სატელევიზიო პაკეტებს გვთავაზობს. 

აბონენტები მიიღებენ კიდევ უფრო მეტ ფასდაკლებას, სპორტ და კინო ექსკლუზიურ არხებს ნებისმიერ პაკეტში და სხვა შეღავათს, როგორიცაა Silk Go, YouTube და Amediateka დამატებითი გადასახადის გარეშე.

ამჟამად არსებული 4 პაკეტის ნაცვლად განახლებულ შეთავაზებაში იქნება 3 ძირითადი სატელევიზიო პაკეტი:

[checklist]

  • პაკეტი „ეკონომი“-ს ფასი და არხების რაოდენობა რჩება უცვლელი – 63 არხი 12 ლარი;
  • პაკეტ „კომფორტ“-ს ემატება სპორტისა და კინოს 22 ექსკლუზიური არხი. განახლებულ პაკეტში 194 არხი  26 ლარად იქნება, ნაცვლად 24 ლარიანი 172 არხისა;
  • ფასი შემცირდება პაკეტზე „პრემიუმ +“, რომელშიც SilkTV-ის ყველა არხია შესული.  45 ლარის ნაცვლად 38 ლარი ეღირება.

[/checklist]

პაკეტი „კომფორტი“-დან ავტომატურად გადავლენ მომხმარებლები „ახალ კომფორტზე“, ხოლო „პრემიუმის“ აბონენტებს – „პრემიუმ +“ გაუაქტიურდებათ.

გარდა ამისა, „ორმაგი შეთავაზებისა“ და „სილქ+“ შეთავაზების მომხმარებლებს სილქნეტი  შემდეგ შეღავათს სთავაზობს:

[checklist]

  • ფასდაკლება გავრცელდება 3 სატელევიზიო პაკეტისა და 4 ინტერნეტ პაკეტის ნებისმიერ კომბინაციაზე (სულ 12 კომბინაცია).  ამჟამად შესაძლებელია ორმაგი შეთავაზების მხოლოდ 4 პაკეტის კომბინირება;
  • ორმაგი შეთავაზების ნებისმიერ კომბინაციაში და ასევე „სილქ+“-ის ყველა პაკეტისთვის,  ხელმისაწვდომი ხდება Silk GO აპლიკაცია (პაკეტი „პრემიუმ ჯორჯია“ 52 სატელევიზიო არხით)  დამატებითი გადასახადის გარეშე. SilkTV აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია სმარტფონზე, პლანშეტზე და ასევე SilkTV არხების თვალის მიდევნება  ვებ გვერდზე silktv.ge;
  • აბონენტებს, რომლებიც სარგებლობენ 50 ლარის ან მეტი ღირებულების ორმაგი კომბინაციით, დამატებითი გადასახადის გარეშე გადაეცემათ 4K რეზოლუციის სატელევიზიო დეკოდერი, რომელიც საშუალებას მისცემს ისარგებლონ ვიდეო ჰოსტინგით – YouTube და მიიღონ  არხები Ultra HD ხარისხით;
  • მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ 75 ლარის ან მეტი ღირებულების ორმაგი შეთავაზებით, დამატებითი გადასახადის გარეშე გაუაქტიურდებათ ფილმების კატალოგი AMEDIATEKA .

[/checklist]

არსებული აბონენტების საყურადღებოდ!

მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ ძველი პაკეტებით „ლაითი“, „ლუქსი“ ან „დელუქსი“  (მათ შორის სამმაგი კომბინაციებით) და ასევე, აბონენტებს, რომლებსაც გააქტიურებული აქვთ სატელევიზიო პაკეტი „კომფორტი“ ან „პრემიუმი“- ერთი ან რამდენიმე თემატური პაკეტით – სპორტ ექსკლუზივი/კონო ექსკლუზივი/მიქსი 1/მიქსი 2, შეუნარჩუნდებათ არსებული პირობები. თუმცა, არსებული პაკეტის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, მათთვის შეთავაზებული იქნება ის განახლებული პირობები, რომლებიც 15 იანვრიდან შედის ძალაში.

359 000 ლარის მითვისებაზე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას [რომელიც ფოთის ყოფილი მერია], ფოთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს ზ.ყ.-ს და შ.პ.ს „კუნძულის“ დირექტორს ე.ღ.-ს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ვერსიით, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე მუშაობის დროს კაკულიამ და ამავე მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსმა ზ.ყ.-მ ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და შპს „კუნძულის“ დირექტორს ე.ღ.-ს უპირატესობა მიანიჭეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

კერძოდ, ფოთის თეატრის მშენებლობის სამუშაოების შესრულების დროს, საჯარო მოხელეებმა – ი.კ.-მ და ზ.ყ.-მ, ყალბად დამზადებული მიღება-ჩაბარების აქტებით, თითქოსდა სამუშაოებმა 9 102 139.71 ლარი შეადგინა, სამუშაოები ჩათვალეს შესრულებულად და ჩაიბარეს, მაშინ როდესაც რეალურად შესრულებული იყო 359 222.81 ლარით ნაკლები სამუშაო.

აღნიშნული ქმედებით ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე და ფოთის მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორს ე.ღ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 359 222.81 ლარის უკანონოდ დაუფლებაში დაეხმარნენ, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ი.კ. და ზ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 25.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით, 25. 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ე.ღ.-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით წარედგინათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

_______

ფოტოზე: ირაკლი კაკულია

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/404102/

შსს: გამოძალვის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი, რომლებიც თავს პოლიციელებად ასაღებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი: 1966 წელს დაბადებული გ.ს. და 1974 წელს დაბადებული ლ.ნ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქეს, როგორც პოლიციის თანამშრომლები, ისე გაეცნენ. მოატყუეს, თითქოს ერთ-ერთი მათგანი ინტერპოლის მიერ ძებნილ პირთა სიაში იმყოფებოდა და მუქარით ცდილობდნენ მათთვის 20 000 აშშ დოლარის გამოძალვას.

შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმის საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ვირუსული მენინგიტის ნიშნებით თბილისში გადაიყვანეს 

ბათუმის #14 საბავშვო ბაღში სავარაუდოდ ვირუსული მენინგოენცეფალიტის შემთხვევა დაფიქსირდა, 3 წლის ბავშვი მშობლებმა თბილისში გადაიყვანეს.

საბავშვო ბაღში უკვე იმყოფებოდნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები. ცენტრის უფროსის მოადგილე, ნონა ეფაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, 3 წლის ბავშვის მდგომარეობა დღეს გაუმჯობესდა.

„სავარაუდოდ დასმულია ვირუსული მენინგოენცეფალიტის დიაგნოზი, ანუ საუბარია ვირუსულ მენინგიტზე. დიაგნოზის დაზუსტება მიდის, რა დიაგნოზიც ბათუმში დაისვა, იმავეს ადასტურებს თბილისში ინფექციური კლინიკა. ახლა მიმდინარეობს დამატებითი კვლევები, რაც უკვე საბოლოო დიაგნოზამდე მიგვიყვანს. კარგია ის, რომ დინამიკა დადებითია, ბავშვი ამ დილით უკეთესად გრძნობს თავს, ძირითადი სიმპტომები მოხსნილია და მიმდინარეობა და გამოსავალი კეთილსაიმედოა. ბავშვი რეანიმაციულ მეთვალყურეობას არ საჭიროებს – ეს არის თბილისიდან მიღებული ინფორმაცია,“ – ამბობს ნონა ეფაძე.

ამ დროისათვის საბავშვო ბაღი მუშაობას აგრძელებს, თუმცა ბევრმა მშობელმა დღეს თავი შეიკავა ბაღში ბავშვის მიყვანისაგან. ნონა ეფაძე ამბობს, რომ რეკომენდაციები საჯარო ბაღმა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისგან უკვე მიიღო:

„რაც შეეხება ღონისძიებას ბაღში და ოჯახში – ჩვეულებრივად, როგორც ყოველდღიური რეჟიმი მოითხოვს ორგანიზებული დაწესებულებისათვის, ეს არის განიავება, სველი წესით დალაგება და დეზინფექცია, ზედაპირების დამუშავება. ბაღის ადმინისტრაციამ დღეს დილიდანვე დამატებით გააკეთა დამატებითი დეზინფექცია.

დამატებითი რეკომენდაციაა, ვინც იყო ბავშვთან კონტაქტში, უფროსები და ბავშვები, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ყურადღებით უნდა იყვნენ და რაიმე სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში მიმართონ ექიმს. ძირითადი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ღებინება და თავის ტკივილი. 

ეს არის ღონისძიებები, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში გატარდეს. ბაღი აგრძელებს მუშაობას, უბრალოდ, ბევრმა მშობელმა, რომელთაც გაიგეს ეს ინფორმაცია, არ მოიყვანა დღეს ბავშვი ბაღში, რაც გასაგებია, ეს მშობლების შიშის ფაქტორია. ყველასთან არის კავშირი, ბაღის ადმინისტრაცია რეკომენდაციებს აცნობს სხვა ჯგუფის წევრებსაც და გაგრძელდება მეთვალყურეობა,“ – ამბობს ნონა ეფაძე.

უმაღლესი საბჭო 2020 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს – ოპოზიცია სხდომას არ ესწრება

დღეს, 12 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე აჭარის 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. სხდომაზე დასწრებას არ აპირებს ოპოზიცია. ენმ-ს წევრებმა უმაღლეს საბჭოში ამის თაობაზე ოფიციალურად განაცხადეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უმაღლესი საბჭოს წევრის, გია დიასამიძის თქმით, ბოიკოტის მიზეზი უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრების მხრიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის განხილვაზე უარის თქმა იყო და არა ბიუჯეტი.

„საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა სულ რამდენიმე დღის უკან აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონპროექტი ჩავარდებოდა.

ამ განცხადებით მან დააკნინა უმაღლესი საბჭო და განაცხადა, რომ უმაღლესი საბჭო, როგორც ინსტიტუცია კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ თვითონ ერთი ადამიანი, რომელსაც ამის კომპეტენცია არ გააჩნია,“ – განაცხადა გია დიასამიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დღეს.

გია დიასამიძე ამბობს, რომ სხდომას არც სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან. „პეტრე ზამბახიძეც გვიერთდება ამ ბოიკოტში და როგორც ვიცი, გიორგი ცინცქილაძეც აპირებს განცხადების გაკეებას,“ – განაცხადა გია დიასამიძემ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, არიან თუ არა ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ დღეს 2020 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს უმაღლესი საბჭო და როგორია ოპოზიციის ხედვა ბიუჯეტის პროექტზე, გია დიასამიძე გვეუბნება, რომ ბიუჯეტი დღეს ვერ დამტკიცდება: „დღეს არის 2019 წლის შეჯამება და კიდევ რაღაც საკითხი, 2020 წლის ბიუჯეტი დღეს არ მტკიცდება. თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს და ამ საკითხს ნამდვილად არ დავტოვებთ. ჯერ კომიტეტებში უნდა შემოვიდეს განსახილველად მეორედ და მერე უნდა გავიდეს სხდომაზე.“

თუმცა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი დღის წესრიგში შეტანილია: „კი, დღეს მტკიცდება აჭარის 2020 წლის ბიუჯეტი“.

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 350 მილიონ 94 ათას 300 ლარითაა განსაზღვრული, საიდანაც 39 მილიონ 269 ათას 700 ლარი საჯარო მოხელეების ხელფასებისთვის დაიხარჯება.

ბიუჯეტის პროექტის საბოოლოო ვარიანტის მიხედვით:

[checklist]

  • საერთაშორისო ორგანიზაციებში საწევროების სახით აჭარის მთავრობა 2020 წელს 15 ათას ლარს გადაიხდის
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდი 3 მილიონი ლარი იქნება, რომელსაც განკარგავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე
  • აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 13 მილიონ 708 ათასი ლარით განისაზღვრა
  • აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სესხების მომსახურებისა და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნებისთვის ბიუჯეტში 3 მილიონ 606 ათას 500 ლარია გათვალისწინებული
  • უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისთვის კი – 310 ათას 900 ლარი
  • 2020 წელს აჭარის მუნიციპალიტეტები რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიიღებენ ფინანსურ დახმარებას, ჯამში, 63 მილიონ 600 ათას ლარს.

[/checklist]

ამ თემაზე:

„შეამცირეთ ბიუროკრატიის ხარჯები და დააფინანსეთ სიღარიბის დაძლევა“ – ენმ აჭარის მთავრობას

უმაღლესი საბჭოს შენიშვნები აჭარის მთავრობას – 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი

„ოცნების ქალაქში“ ბინების მშენებლობაზე ოპოზიციას კითხვები აქვს

უმაღლესი საბჭოს ხარჯები 2020 წლისთვის 170 ათასი ლარით გაიზრდება – პროექტი

 

მთავარი ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ეკრანთან გატარებული დრო ბავშვის განვითარებას აფერხებს – კვლევები და რეკომენდაცია

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ეკრანთან, ტვინის იმ უბნებში, რომლებიც დაკაშირებული არიან ენობრივ და კოგნიტურ უნარებთან, თეთრი ნივთიერების მთლიანობა ნერვული იმპულსის სისწრაფეზე დაბალი აქვთ. კვლევა, რომლის ავტორებიც ცინცინატის [აშშ] საბავშვო ჰოსპიტალის მკვლევრები არიან, 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა ჟურნალში JAMA Pediatrics.

გამოკვლეული იქნა 3-დან 5 წლამდე 47 ჯანმრთელი ბავშვი, რომელთაც ჩაუტარდათ MRI-სკანირება და ტესტირება ენასა და ზოგად განათლებაში. თავის ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც დაკავშირებულია ენის ცოდნასა და უნარებთან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს განსხვავება იმ ბავშვებს შორის, რომლებიც უფრო მეტ და ნაკლებ დროს ატარებდნენ ეკრანთან.

ექიმი ჯონ ჰატონი, რომელიც კვლევის წამყვანი ავტორია, ამბობს, რომ „ეს არის პირველი კვლევა, რომელშიც დოკუმენტირებულია კავშირი ეკრანის ხშირ გამოყენებასა და ტვინის სტრუქტურის დაბალ მაჩვენებლებს შორის სკოლამდელი ასაკის ბავშვებში“. ჰატონი აცხადებს, რომ საჭიროა დამატებითი კვლევები, მაგრამ აუცილებელია სიფრთხილე, როცა ბავშვები განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ასაკში ეკრანებს იყენებენ.

ბავშვების მიერ ციფრული ეკრანების დიდი დოზით გამოყენების საფრთხეებზე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია.

2019 წლის თებერვალში Insider-მა გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ მკვლევრებმა, რომლებიც 2441 ბავშვს აკვირდებოდნენ ხუთი წლის განმავლობაში, დაასკვნეს, რომ ბავშვებს, რომლებიც 2-3 წლის ასაკში თანატოლებთან შედარებით უფრო მეტ დროს ატარებდნენ ეკრანთან, აღენიშნებათ განვითარების შესამჩნევი შეფერხება 3-დან 5 წლამდე. 

ამ კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 2-3 და შემდეგ 5 წლის ასაკის ბავშვებში ჩაატარეს გამოკითხვა იმის დასადგენად, თუ რა დროს ატარებდნენ ბავშვები ეკრანთან, შემდგომ კი გამოკითხვის შედეგები გააანალიზეს ბავშვის განვითარების ისეთ მონაცემებთან ერთად, როგორიცაა სიტყვათა მარაგი, კომუნიკაციისა და პრობლემის გადაჭრის უნარი.

ხუთწლიანი კვლევის დასასრულს მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბავშვები კვირაში საშუალოდ 10-დან 17 საათამდე ატარებდნენ ეკრანთან.

რამდენი ხანი შეიძლება გაატაროს ბავშვმა სმარტფონის, ტელევიზორის ან სხვა ციფრული მოწყობილობის ეკრანთან? – ეს კვლევა ამ კითხვას არ პასუხობს, თუმცა არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, ბავშვი რომ ჯანმრთელი გაიზარდოს, ნაკლებხანს უნდა იჯდეს და ბევრს თამაშობდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად:

  • ორ წლამდე ბავშვს არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი ეკრანთან 
  • ორიდან ოთხ წლამდე ბავშვმა შეიძლება გაატაროს დღეში 1 საათი ეკრანთან და რაც უფრო მცირეა დრო, მით უკეთესია ბავშვის განვითარებისთვის

და რაც მთავარია, სპეციალისტების განმარტებით, მცირეწლოვანი ბავშვი ეკრანთან [სმარტფონთან, ტელევიზორთან და ა.შ.] მარტო არ უნდა დარჩეს, უფროსი ასაკის ადამიანი მას უნდა დაეხმაროს და აუხსნას, რა ხდება ეკრანზე, რათა ბავშვმა ნანახი რეალობას დაუკავშიროს.

_____________

ამავე თემაზე: 

რატომ არის საშიში ტელეფონი ბავშვებისთვის – სპეციალისტის განმარტება

თიბისი ბანკმა ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისთვის EBRD-ის ჯილდო მიიღო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა – EBRD საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის თიბისი ბანკი დააჯილდოვა. ღონისძიებაზე საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების ავტორი 6 კომპანია გამოვლინდა, მათ შორის შპს „ლიდერფუდი“ და „შილდა ჰიდროელექტროსადგური“, რომლებსაც თიბისი ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ.

კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამა – CEEP, EBRD-ის, ევროკავშირისა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში, 2012 წლიდან 31-მა კომპანიამ და 29 000-ზე მეტმა ოჯახმა 42 მილიონ ევროზე მეტი ენერგოკრედიტი მიიღო ექვსი ადგილობრივი ბანკისგან.

ღონისძიებაზე EBRD-ის მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ახალი პროგრამის – GEFF-ის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამის – CEEP-ის გაგრძელებაა. პროექტის ფარგლებში EBRD ენერგოეფექტურ პროექტებს დააფინანსებს.

GEFF-ის ფარგელბში საქართველოსთვის გამოყოფილი იქნება 54 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი. EBRD-თან ერთად პროგრამის თანადამფინანსებლები არიან: მწვანე კლიმატის ფონდი – GCF და ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო. მწვანე კლიმატის ფონდი მსოფლიოს უმსხვილესი ფონდია, რომელიც ხელს უწყობს განვითარებადი ქვეყნების მიერ კლიმატის ცვლილებებზე რეაგირებას.

ახალი პროექტი კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივი ბანკებისგან მიიღონ სესხი მწვანე ეკონიმიკის განვითარებაში საკუთარი წვლილის შესატანად.

სესხის მიღება შესაძლებელია ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებისთვის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის და აღჭურვილობისათვის. მწვანე ტექნოლოგიების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე – https://ts.ebrdgeff.com/georgia-ge/

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი – EBRD საქართველოში ინვესტირების წამყვანი ინსტიტუტია. საქართველოში ოპერირების დაწყებიდან, ბანკმა მოახდინა 3.5 მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირება 237 ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგოსექტორში. ბანკის ინვესტიციების 89% კერძო სექტორზე მოდის.

ვინც ზრუნავს ქვეყანა დარჩეს რუსულ ორბიტაზე, ქართულ საინფორმაციო წყაროებს იყენებს – ინტერვიუ

ხელისუფლება თავად არის დღეს ტროლი – გვითხრა ინტერვიუს დროს თინა ხიდაშელმა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით საქართველოს ხელისუფლების აქტივობაზე ვესაუბრეთ. რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სამუშაოდ სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახური წლების წინ რამდენიმე უწყებაში შექმნეს, თუმცა საზოგადოებისთვის ჯერ არავის განუმარტავს: რას აკეთებენ ეს სამსახურები, რა შედეგი დადეს, ან სად აღმოვჩნდით უძლური, თუკი რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას რეალურად ვებრძვით.

როგორია და როგორი უნდა იმუშავოს საქართველოს ხელისუფლებამ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ? – ინტერვიუ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, თინაათინ ხიდაშელთან ჩავწერეთ.

  • ქალბატონო თინათინ, მართალია, ქვეყანაში შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურები, თუმცა საზოგადოებამ არ იცის, რა გააკეთეს ამ სამსახურებმა. თქვენი შეფასებით, რამდენად აქტიურად მუშაობს ხელისუფლება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, თქვენ თუ გაქვთ ეს ინფორმაცია?

მე მაქვს ის ინფორმაცია, რაც აქვს ზოგადად საზოგადოებას. შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი შეცვლილა ამ სამსახურების შექმნით, გარდა იმისა, რომ ეს სამსახურები შეიქმნა და ისინი, ძირითადად, ითავსებენ PR სამსახურების ფუნქციას. არც დეზინფორმაციასთან ბრძოლა არ არის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურების საქმე. საუბარია გრძელვადიან გეგმაზე, როგორ წარმოუდგენია ქვეყანას კონკრეტულ საფრთხესთან გამკლავება. პირველ რიგში, ასეთი გეგმაც კი არ ჩანს. ჩვენ არ ვიცით, რა ამოცანას ემსახურება ეს ნარატივი. რასაც ვიგებთ გარედან, არის ის, რომ დგას დეზინფორმაციის საკითხი, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანია. სტრატეგიული კომუნიკაცია არის ის, რასაც ჩვენ უნდა ვხედავდეთ და ვაცნობიერებდეთ.

  • რატომ ვერ მუშაობენ ეს სამსახურები: ხელისუფლებას არ აქვს ნება თუ რესურსი არ ჰყოფნის?

ვფიქრობ, ხელისუფლებას არ აქვს მთავარი რამ – არ იცის, რა არის ამ წუთას დღის წესრიგი. ხელისუფლებას არ იცის, მაგალითად, რა უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს ნარატივი 2020-25 წლებში. ჩვენ ვცხოვრობთ ვითარებაში, როდესაც მმართველი ელიტა ცხოვრობს მხოლოდ დღევანდელი დღით, უფრო სწორი იქნება, გვეთქვა, გუშინდელი დღით ცხოვრობენო, მაგრამ მოდით, ცოტათი ვაპატიოთ. და როცა ხვალინდელი დღეს ვერ ხედავ და მუდმივად გარე მოვლენებზე ხარ დამოკიდებული, მაშინ, რა თქმა უნდა, სხვა გისაზღვრავს დღის წესრიგს. სხვა თუ გისაზღვრავს დღის წესრიგს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სტრატეგიული ნარატივი არ გაქვს და კომუნიკაცია ვერ გექნება. ამ დროს მთლიანად ხარ მხოლოდ რეაგირების რეჟიმში და დამოკიდებული ხარ სხვების ნარატივზე. ეს არის მთავარი პრობლემა და არა ის, რომ ყველას კოლექტიურად, ან ვინმეს ცალკე აღებულს არა აქვს ცოდნა, ან ტექნიკურად არ შეუძლია დავალების შესრულება.

  • რა შეიძლება იყოს ეს კონკრეტული ნაბიჯები? მაგალითად, ტალინში გაქირავებული ფართობების მესაკუთრეებმა უარი უთხრეს რუსული პროპაგანდისტული მედიას – „სპუტნიკს“ ფართობის დათმობაზე. „სპუტნიკი“ მუშაობს საქართველოშიც…

„სპუტნიკს“ არავითარი გავლენა კრიტიკულ მასაზე არ აქვს საქართველოში, ეს არის მეორე მხარეს შექმნილი მითი. არ არსებობს არცერთი მონაცემი, რომელიც ჩემს სიტყვას გააბათილებს. ეს რომც გააკეთოს ხელისუფლებამ, იქნება რეაქცია რაღაცაზე, არ იქნება მისი ამოცანების ერთობლიობა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, ეს არის მოსახლეობასთან კომუნიკაცია და არა ვინმე სხვასთან, კომუნიკაცია იმაზე, რომ რას აშენებს, საით მივდივართ… ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ და არ გვაქვს იმის ბედნიერება და თავისუფლება, რომ დანარჩენი სამყარო ვამყოფოთ მუდმივად გაოგნებულ მდგომაროებაში, რომ ვაიმე, ქართველებს რა უნდათ?

  • ცოტა ხნის წინ ლატვიამ აკრძალა 9 რუსული ტელევიზიის მაუწყებლობა. ეს რამდენად მართებული იყო, თქვენი აზრით? 

საქართველოშიც იყო ასე, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია რუსული პროპაგანდისთვის. საქართველოს აქვს რამდენიმე განმასხვავებელი ლატვიის და იგივე ესტონეთისგან: ჩვენ არ გვყავს რუსი მოსახლეობა, ლატვიის და ესტონეთისგან განსხვავებით… ბუნებრივი ბმა რუსულენოვან პროპაგანდისტულ მედიაზე საქართველოში მოსახლეობას ინსტინქტის დონეზე არ აქვს.

  • ფიქრობთ, რომ არც რუსულ პროპაგანდისტულ ფილმებს, ან მუსიკას არ აქვს გავლენა, როცა ამას უყურებენ საქართველოში?

ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობაზე, მაგალითად, ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ტელეკომპანია „იმედი“ და არა რომელიმე რუსული ტელევიზია. გაცილებით უფრო დიდი საფრთხე და ხიფათი მომდინარეობს ტელეკომპანია „იმედიდან“, ვიდრე, მაგალითად, „სპუტნიკიდან“, ან „Russia Today“-დან… თანაც, ჩვენ პრინციპულად განსხვავებული ვითარება გვაქვს, ვიდრე ლატვიაში, ან ესტონეთში და ამას აქვს ობიექტური მიზეზები: როდესაც ოკუპაცია ცოცხალია, ჩვენ ხომ რაღაც ისტორიაზე არ ვსაუბრობთ? ახლაც დგას რუსული ტანკი საქართველოში და პირდაპირი რუსული პროპაგანდა ასეთ ქვეყანაში, როგორც წესი, არ მუშაობს.

იმ ადამიანებმა, რომლებიც ზრუნავენ საქართველო დარჩეს რუსულ ორბიტაზე, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც შეარჩიეს კომუნიკაციის გზა და ხერხები. ისინი აქცენტს აკეთებენ არა პირდაპირ რუსულ ტრადიციულ დეზინფორმაციულ წყაროებზე, რამედ არაპირდაპირ წყაროებზე და ქართულ საინფორმაციო სივრცეს იყენებენ, იმ სივრცეს, რომელსაც მოსახლეობა მიჩვეულია. ჯერ კიდევ გუშინ „იმედი“ ამ ქვეყანაში ყველაზე საიმედო და საყვარელი ტელევიზია იყო. ადამიანებს ჩვევაში ჰქონდათ, მაგალითად, „კურიერი“ 9 საათზე უნდა ჩაგერთო შევარდნაძის დროს, ასე იყო შემდეგ „ქრონიკა“ 8 საათზე. ეს არის ის გზა, რომელიც შეირჩა მოწინააღმდეგის მხრიდან ქართველ მოსახლეობაზე გავლენისთვის და ეს მშვენივრად მუშაობს. მათი მთელი პლუსი მდგომარეობს იმაში, რომ არასწორხაზოვანი მიდგომები აქვთ ქვეყნის რეალობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე. იციან, რა უნდათ, შესწავლილია სამიზნე ჯგუფი და მესამე – ყველაზე მთავარი ამ ტაქტიკაში: დროის ზუსტად შერჩევა, მაგალითად, როცა 20 ივნისს გამოვარდა ქუჩაში ლამის მთელი საქართველო, მაშინ არ იმოქმედებს, გადაივლის პიკი, მერე ისევ მუშაობს.

  • რა გამოჩნდა „20 ივნისის მოვლენებში“ რუსული პროპაგანდის გავრცელების კუთხით? ხელისუფლების მაღალჩინოსნები საუბრობდნენ იმაზე, რომ რუსი ტურისტების გარეშე სეზონი ჩავარდებოდა და ეს იქნებოდა დარტყმა ქართული ეკონომიკისთვის…  

გამოჩნდა ის, რომ პუტინის განცხადების შემდეგ ხელისუფლებამ ფანტასტიკურად შეასრულა მთავარი რუსული რბილი ძალის როლი ამ ქვეყანაში და არავითარი „სპუტნიკი“ არ სჭირდებოდათ. ტრაგიზმი, რომელიც შექმნეს მაღალჩინოსნებმა, მიკროფონებთან როცა დადგნენ და მტირალა სახით გვითხრეს, როგორ ჩამოიქცეოდა საქართველოს ეკონომიკა, მოსახლეობას შემოსავლები აღარ ექნებოდა…  შენ შესაძლოა ვიღაც გიყვარდეს, ან გძულდეს, მაგრამ მთავარი ეს არ არის, გიყვარს, თუ გძულს, მთავარია, რომ აღიარებდე  მას, როგორც უპირატესი ძალის მქონეს. ჩვენმა ხელისუფლებამ სწორედ ეს აჩვენა – რუსეთის უპირატესობა და ის, რომ მათზე ვართ დამოკიდებული.

  • მიზანმიმართულად შეასრულა ხელისუფლებამ რუსული პროპაგანდისტული მანქანის ფუნქცია ამ შემთხვევაში, თუ ეს მოხდა გაუცნობიერებლად?

მე, მაგალითად, არ მჯერა არცერთი სიტყვის, როდესაც სალომე ზურაბიშვილზე ამბობენ, არ იცის, გამოცდილება არ აქვს. სინამდვილეში ძალიან კარგად იცის ყველაფერი, ზღაპარია ეგ. აბსოლუტურად იგივე შემიძლია გითხრათ ბატონ გახარიაზე – არცერთი წამით არ ვაკეთებ იმის დაშვებას, რომ არ ესმის მავნებლობა, რაც ამ პოლიტიკაში იყო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. მაგალითად, ენძელა მაჭავარიანს შესაძლოა არ ესმის და აჰყვა სავარაუდოდ იმ განცხადებებს, რომელსაც აკეთებდნენ მისი პარტიის ლიდერები.

მე არასდროს მითქვამს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის პრორუსული და არც არასდროს ვიტყვი, რადგან არ მჯერა იმის, რომ მაგალითად, დავით ზალკალიანი არის პრორუსი, მაგრამ ამ პროცესში გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავიდან ბოლომდე მუშაობს რუსული ნარატივით. ეს იმიტომ კი არ ხდება ასე, რომ უთხრა ვიღაცამ, რომ ეს უნდა თქვან, ან ფულს უხდიან, ტელეფონზე ურეკავენ და ავალებენ – არა, ხელისუფლებას, უბრალოდ, საკუთარი ნარატივი არ აქვს. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ მთავარი კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს უსვამენ ნორმალური, სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლებაში მყოფი პირები, არის ეს: ჩემი ქვეყნისთვის იქნება მომგებიანი, თუ დამაზიანებელი? საქართველოს ხელისუფლებაში კი, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარ თავს უსვამენ ასეთ შეკითხვას: ეს რუსეთს გააბრაზებს, თუ არა? ამ კითხვის პასუხის შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილებები.

  • რატომ ხდება ასე? 

ასე ხდება იმიტომ, რომ მათ არ იციან მართვა, არ იციან, რა სჭირდება ამ ქვეყანას, არ აქვთ გამბედაობა და პოლიტიკური გამოცდილება. ჩვენი ხელისუფლების პრობლემა არის ის, რომ ისინი არიან ტურისტებად მოსული. არცერთი ადამიანი არ არის ხელისუფლებაში, რომელსაც საკუთარი თავი ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქვს დანახული. და როცა ქვეყანაში ტურისტად ხარ მოსული, შესაბამისად, სტრატეგიული ხედვები და გრძელვადიანი ამოცანები არ გაქვს. ამ დროს ერთადერთი ამოცანა გაქვს – გადარჩე. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა ერთ-ერთმა მინისტრმა, შევალთ ისტორიაში იმით, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ომი არ ყოფილაო. აი, ეს არის ამოცანა, რომელიც მათ აქვთ, ოღონდ ნუ იქნება ომი და ამის იქით თუნდაც დანგრეულა ქვეყანა.

მეც ვადასტურებ, რომ ომი, რა თქმა უნდა, კატასტროფაა, მაგრამ თუ ეს არის მთავარი ამოცანა, ანუ ნეგატიური ამოცანა, რომ რაღაც არ მოხდეს და არა პოზიტიური, რომ რაღაც მოხდეს, შესაბამისად, არა იმის მიხედვით იწყებ  ფიქრს, რომ ეს კარგი ამბავი მოხდეს, რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგა, არამედ იმაზე ფიქრობ, რომ რაღაც არ მოხდეს და, შესაბამისად, რა არ უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ვიღაც არ გააღიზიანო, რის გამოც მერე ეს უბედურება შეიძლება დაგემართოს.

  • „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევების მიხედვით, არსებობს შემთხვევები, როცა  რუსული პროპაგანდის სასარგებლოდ მომუშავე ე.წ. ტროლები კრიტიკულ სიტუაციებში აქვეყნებენ პოსტებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ეს რას აჩვენებს თქვენთვის?

დღეს [10 დეკემბერი] პრეზიდენტი იყო ასეთი მთავარი ტროლი და რაღად გინდათ სხვა, როცა თქვა, არ გვყავს ჯარი და არც იარაღიო… ის ხელისუფლება, რომელიც რუსული პროპაგანდის ამ ნარატივს ხელს არ უშლის და რაც ვნახეთ ამ ზაფხულში, პირიქით, ეხმარება, ის ხელისუფლება ყველაზე უფრო სასარგებლოა მათთვის. ამიტომაც ბუნებრივია, რომ  ისინი დასახმარებლად ყოველთვის მივლენ, როცა კრიზისი დაუდგება ხელისუფლებას.

„ოცნებას“ რომ თავი დავანებოთ, ჩვენ მეორე პარტიაც გვყავს პარლამენტში. შავრაზმული პოლიტიკა და რეტროგრადული ძალები მობილიზებული არიან და ლამის სამხედრო წესრიგი აქვთ, ისე მოქმედებენ, განსხვავებით მეორე ძალისგან – ლიბერალ-დემოკრატებისგან, რომლებიც ძირითადად ერთმანეთისთვის ნიშნით მოგების ენით ლაპარაკობენ.

  • თქვენი აზრით, რამდენად სწორი იქნება, თუკი ხელისუფლება მიმართავს, მაგალითად, „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას კონკრეტული გვერდების აკრძალვის მოთხოვნით, თუკი ეს გვერდები რუსული პროპაგანდის გავრცელებას ახდენენ სიძულვილის ენის გამოყენებით?

სწორი კი არა, ეს აუცილებელია, მაგრამ როდესაც თავად ხელისუფლებაა ტროლი და დღეს პრეზიდენტმა ეს ღია ეთერში გვაჩვენა, იმ ტიპის ზეწოლა, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები ახორციელებენ ახლა, რომ რუსული დეზინფორმაციის საშუალებებს ებრძოლონ, მე ამის მოლოდინი არა მაქვს.

სხვათა შორის, ამ გვერდებს ვინც მართავს, აქვთ ტაქტიკა: რაღაც კრიტიკული ნიშნულს მიაღწევენ და შემდეგ ახალი გვერდებით იწყებენ ოპერირებას. ახლადშექმნილი გვერდი შესაძლოა იმავე პოპულარობით მოგვევლინოს უცებ, რაც ჰქონდა იმ გვერდს, გუშინწინ რომ არსებობდა. სახელმწიფო ზუსტად აქ უნდა ჩაერიოს და იმუშაოს. მე, ერთ მოქალაქეს მაქვს „ფეისბუქთან“ ურთიერთობის 99 პროცენტიანი დადებითი შედეგი და, რა თქმა უნდა, ეს მუშაობს, შესაძლებელია ამის გაკეთება.

  • ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების დღეებში კარასინმა თქვა, რომ საქართველოში გაიხსნება რუსული ენის და კულტურის ცენტრი. თქვენი აზრით, რაზე იყო ეს გათვლილი? 

არ მჯერა, რომ კარასინის ეს განცხადება აბსოლუტურად არაფრისგან იყო მოტანილი, იმის მიუხედავად, რაც თქვა ზურაბ აბაშიძემ. ვფიქრობ, შესაძლოა ზურაბ აბაშიძესთან არ იყო განხილული ეს საკითხი, მაგრამ ის, რომ ეს საკითხი არ იყო განხილული საქართველოს ხელისუფლებასთან, ამის არ მჯერა. ჩვენთან ხომ გავრილოვის თემისა არ იყოს, გადაწყვეტილებებს იმის მერე იღებენ, ქუჩაში რომ ხალხი გამოვარდება, თორემ მანამდე არ ფიქრობენ. ვიღაცამ შესაძლოა ეს იდეა თქვა და განათლების, კულტურის სამინისტროში თქვეს: უი, რა პრობლემაა, ჩვენ ხომ გვიყვარს რუსული კულტურა, „ორი რუსეთი“ და ის, რომ „პოლიტიკა და კულტურა სხვადასხვა რამეა“… შემდეგ უკვე, როდესაც რეაქცია ნახეს, თქვეს, რომ არა, კარასინმა მოიგონა.

  • გერმანიაში საქართველოს მოქალაქის – ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანიამ რუსი დიპლომატები გააძევა. დღემდე საქართველოს ხელისუფლება ამ მკვლელობაზე ჩუმად ყოფნას ირჩევს. ეს არის გზავნილი, რომ რუსეთი, სადაც არ უნდა იყოს, როდესაც უნდა, მაშინ მოკლავს ჩვენს მოქალაქეს და ჩვენი სახელმწიფო ამას არც შეიმჩნევს?

დუმილი ამ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია, როდესაც არ იციან, რა თქვან, რა ჯობია, რუსეთს გააღიზიანებს თუ არა, ამ დროს არჩევენ, რომ არაფერი თქვან. არის მეორე პასუხიც – საქართველოს ხელისუფლებამ გვაჩვენა მაჩალიკაშვილის საქმიდან გამომდინარე, რომ  თუკი ის თვლის, რომ ვიღაც ტერორისტია, ცუდი კაცია პირობითად, ის ადამიანად არ მიაჩნია და მისი სიკვდილი არაფრად ფასობს. ბევრნაირი პასუხია ამ კითხვაზე იმის მიხედვით, თუ სადამდე მიდის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების ამორალობასა და უზნეობასთან დაკავშირებით.

  • რომელ ქვეყნებში მიაღწია შედეგს რუსული პროპაგანდის მუშაობამ, რამდენად დიდია ეს გავლენა და რა შედეგს აღწევს ევროპა ამ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში?

გააჩნია რას მივიჩნევთ შედეგად. თუ ვიტყვით იმას, რომ რუსეთის ამოცანა არის საბჭოთა კავშირის აღდგენა, ჯერჯერობით შედეგი არ დამდგარა და სოჭშიც შეხვედრა ხელმოწერის გარეშე დამთავრდა, ბელორუსთანაც არ შედგა შეთანხმება. ამ თვალსაზრისით, თუ ყველაზე ზედა ზღვარს ავიღებთ, ანუ რაც პუტინმა მიუნხენის კონფერენციაზე მთელ ქვეყანას გვითხრა – საბჭოთა კავშირის დაშლა იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც უნდა გამოასწოროს, ეს მიზანი არ არის მიღწეული. თუ ამ მიზნიდან ცოტა ქვევით წამოვალთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან შეძლო, მაგალითად,  ევროკავშირის გაფართოების შეჩერება, ვნახეთ, რაც მოხდა მაკედონიასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჯერ საერთოდ აქამდე საქმე არ მისულიყო და პუტჩი მოაწყო მაკედონიაში პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ეს პროცესი გაეჩერებინა.

ევროკავშირში რუსეთმა მოახერხა ის, რომ საკუთარი პარტნიორების საშუალებით ერთგვარი არეულობა შეიტანა და ამის კარგი მაგალითია უნგრეთი. მაგალით-მაგალითებით შეგვიძლია ამას გავყვეთ და ვნახავთ, რომ რუსული ინტერესი აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის ხელისუფლებებში უკვე წარმოდგენილია, მათ შორის, ჩეხეთის პრეზიდენტი, რომელსაც დიდი უფლებამოსილება არ აქვს, პოლიტიკაზე დიდ გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით მასაც შეუძლია თავისი როლი შეასრულოს.

იმედი მაქვს, რომ უკრაინის შემდეგ გამოღვიძებული მსოფლიო და განსაკუთრებით ევროკავშირი შეძლებს, ქმედითად დაუპირისპირდეს მომავალი საარჩევნო ციკლის წინ რუსულ პროპაგანდას. თუ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კრიტიკული ღონისძიებები არ განახორციელა ევროკავშირმა ამ თვალსაზრისით, 2024 წლის არჩევნები შესაძლოა სწორედ ის მიჯნა იყოს, როცა ევროკავშირის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება.

დეას ცხოვრება – მეუბნებოდნენ, რომ ჯანმრთელი შვილი არ მეყოლებოდა, რადგან შშმ ვარ

დეა ერემაშვილს მობილობის შეზღუდვა აქვს, თუმცა ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილდება. ცდილობს საოჯახო საქმეებიც დამოუკიდებლად გააკეთოს. ამბობს, რომ  მეუღლეც ეხმარება და პატარა დემეტრეც.

დეას რვა წლის შვილი ჰყავს. „ჯანმრთელი და შესანიშნავი“, – როგორც თვითონ გვეუბნება. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ შვილი არ გაეჩინა, რადგან შეზღუდული უნარები ექნებოდა. „რომ დამეჯერებინა, ახლა დემეტრე არ მეყოლებოდა. მე დავამსხვრიე სტერეოტიპი, ჯანმრთელი შვილი მყავს“, – ამბობს დეა.

როგორ იწყება დილა დეას ოჯახში

11:00 საათისთვის უნდა ვიყო სამსახურში, სადაც გვიანობამდე ვმუშაობ. შემდეგ მოვდივარ სახლში, დემეტრეს ვამეცადინებ, საჭმელს ვამზადებ…

რაც მთავარია, დილით ჩემი მეუღლე მიმზადებს ყავას, რადგან იცის, რომ ყავის გარეშე ვერ გამოვფხიზლდები.

ვახერხებ ოთახის გამოხვეტას, დალაგებას, თუმცა დათოც მეხმარება და, რა თქმა უნდა, დემეტრეც… შვილისთვის დროს ყოველთვის ვპოულობ. ვსაუბრობთ, ვცდილობ ავუხსნა, რომ იყოს კარგი ადამიანი. ისიც ავუხსენი, რომ არსებობენ განსხვავებული ადამიანები. ვიცი, როცა გაიზრდება, ადამიანს ისეთ მიიღებს, როგორიც იქნება.

დემეტრე: რა მიყვარს და რა – არა

მე მიყვარს სწავლა და ტელეფონზე თამაშიც. მიყვარს ჩემი ოჯახი, მეგობრები და გართობა“, – ასე გაგვეცნო დემეტრე, დეას შვილი.

დემეტრეს მუსიკა უყვარს ძალიან და გაკვეთილებზე კვირაში ორჯერ დადის. ამბობს, რომ სკოლაშიც ყველაფერი კარგად აქვს, თუმცა იმასაც გვიმხელს რა არ მოსწონს.

„კარგად ვსწავლობ და მეგობრებიც მყავს, მაგრამ ვბრაზდები, როცა კლასელები ხმამაღლა ლაპარაკობენ გაკვეთილზე, დერეფანშიც კი ხმამაღლა ყვირიან. მაბრაზებს, როცა დავალება კარგად არ მაქვს გაკეთებული და კარგ ნიშანს არ მიწერენ. კიდევ ცუდი ტუალეტები მაბრაზებს“, – გვეუბნება დემეტრე.

დემეტრეს უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით, ლომი. თუმცა ურჩევნია სახლში კატა ჰყავდეს. „თბილისის სახლში მყავს კატა, სენაკში კი ძაღლი. აქ არ მყავს“, – გვეუბნება ის.

საუბარში დეას მეუღლე, ადვოკატი დავით მიქაბერიძე ერთვება და ამბობს, რომ ის და დემეტრე ხშირად დადიან სასეირნოდ. „სკოლაში ერთად დავდივართ. პრაქტიკულად, სამსახურშიც ერთად დავდივართ, სკოლას რომ ვაცდენთ მაშინ“, – ამბობს დავითი.

დეას თქმით, მათი ოჯახი დემოკრატიულია – ფუნქციები მას და დათოს გადანაწილებული აქვთ.

დეა ერემაშვილი რვა წლის დემეტრესთან ერთად
ცხოვრება არაადაპტირებულ გარემოში

არაადაპტირებული გარემოს ბევრი გამოწვევა აქვს. ამ ფონზე დეა ცდილობს განვითარდეს, როგორც პიროვნულად, ასევე, აქტიური იყო საზოგადოებრივად და დაიცვას იმ ადამიანების უფლებები, ვინც შეზღუდული შესაძლებლობების გამო ვერ ახერხებს რეალიზებას ან საკუთარი უფლებების დაცვას.

დეა რამდენიმე წელია, რაც თბილისიდან ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად, აქ შექმნა ოჯახი და ცდილობს ახალ გარემოს აუღოს ალღო.

დეა არასამთავრობო ორგანიზაციაში, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ უფროს კონსულტანტად მუშაობს და აქტიურად მონაწილეობს იმ საკითხების დაგეგმვაში, რაც შშმ პირების მდგომარეობას გააუმჯობესებს ქვეყენაში.

„ჩემთვის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემით ჩავაბარე უნივერსიტეტში, დახმარების გარეშე, 18 წლიდან ვმუშაობ და ყოველთვის ჩემით ვპოულობდი სამუშაოს. ახლაც ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას – სოციოლოგია მინდა შევისწავლო, რომ მკვლევარი გავხდე და რეალურად შევცვალო იმ ადამიანების ცხოვრება, ვისაც ეს სჭირდება და ანგარიშგასაწევი ძალა ვიყოთ“.

რა არის ადაპტირებული გარემო?

როგორც დეა ამბობს, გარემოს ადაპტირება არ ნიშნავს მხოლოდ პანდუსების მოწყობას გარკვეულ ადგილებში. ადაპტირებული გარემო ნიშნავს, რომ უსინათლო იქნება ადამიანი თუ სხვა შეზღუდვის მქონე, უნდა შეეძლოს მისთვის მორგებულ გარემოში ცხოვრება. „მე, მაგალითად, მობილობის შეზღუდვა მაქვს და პანდუსი არ მჭირდება, უფრო მოაჯირი მესაჭიროება.

შენობებში საჭიროა ადაპტირებული საპირფარეშოები, ასასვლელები, როცა რესტორანს აკეთებ და არ უკეთებ შშმ პირისთვის ადაპტირებულ შესასვლელს, ესე იგი ამ ადამიანებს არც განიხილავ შენს მომხმარებლად და ასეთ ადგილზე, სადაც ეტლით მოსარგებლე ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნას ვერ შევძლებ, პრინციპულად არ მივალ“, – ამბობს დეა.

დემეტრე, მამასთან დავით მიქაბერიძესთან ერთად
რა გვაკლია სახელმწიფოს მხრიდან?

„გვაკლია ის, რომ ჩვენი ჩართულობა არ არის პროექტების დაგეგმარების დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განა იმიტომ, რომ ნაკლებ ფულს ხარჯავენ, უბრალოდ, არასწორად ხარჯავენ და შემდეგ ყველაფერი გადასაკეთებელია. მაგალითად ბულვარში, როცა გადასასვლელებს აკეთებდნენ, თავიდან 45 ათასი ლარი დახარჯეს და არ ვარგოდა. ახალი ადმინისტრაცია შეგვეკითხა და რაც წელს გააკეთეს, მაგალითად, ტივტივა ან სხვა ინფრასტრუქტურა, გამოიყენეს შშმ პირებმა“.

დეას თქმით, სამედიცინო მომსახურების მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა საქართველოში, რადგან ქალებისთვის არ არსებობს გინეკოლოგიური ადაპტირებული სავარძლები, ადაპტირებული სტომატოლოგიური კაბინეტი. შშმ პირებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ფული სახელმწიფოს გადახდილი აქვს, არ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ-პროგრამით.

„გამოდის, რომ სახელმწიფოს ჩემი მკურნალობა გაცილებით ძვირი დაუჯდება, რაიმე რომ აღმომაჩნდეს, ვიდრე ახლა, რადგან ვერ ვსარგებლობ სკრინინგ-პროგრამით. როცა ადამიანი ვერ იღებს ექიმისგან სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას, რომელ თანაბარ პირობებზე და პატივისცემაზე ვსაუბრობთ? განა იმიტომ რომ სახელმწიფოს ვთხოვ ექიმთან წასვლის ფულს, ვითხოვ გარემოს, რომ ექიმამდე მივიდე“, – ამბობს დეა.

დეას თქმით, თუკი სახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა იყიდოს ადაპტირებული სავარძლები, შეუძლია კერძო პროვაიდერებს განუსაზღვროს პირობებში, სანამ მათ ოპერირების უფლებას მისცემს.

„სჯობს, ცოტა დაიხარჯოს ფული, მაგრამ რაციონალურად, რომ მომავალს წელს იგივე პრობლემას უკან არ მოვუბრუნდეთ, ვიდრე დაიხარჯოს ბევრი და რეალურად ერთ ადგილს ვტკეპნიდეთ.“

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს ავალდებულებს  შეიმუშაოს დასკვნა შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურული გარემოსა და ტექნოლოგიების ადაპტირების შეფასებაზე, რათა შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში, თანხვედრაში იყოს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციასთან, რომელიც ემყარება პრინციპებს:
დაცული უნდა იყოს შშმ პირების ღირსების, ინდივიდუალური ავტონომიის, თავისუფალი არჩევანის და პიროვნების დამოუკიდებლობის პატივისცემა, დისკრიმინაციის აკრძალვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრული და ქმედითი მონაწილეობა, თანასწორი შესაძლებლობები
დეა ერემაშვილი: გარემოს ადაპტირება არ ნიშნავს მხოლოდ პანდუსების მოწყობას გარკვეულ ადგილებში.
შშმ პირების განათლება

„რთული მდგომარეობაა ამ მხრივაც. განსაკუთრებით მენტალური პრობლემის მქონე ბავშვების მშობლებს უწევთ დაუღალავი ბრძოლა იმისთვის, რომ მათმა შვილებმა რაღაცას მიაღწიონ. სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნებაა საჭირო, მაგრამ არა სიტყვიერი, საქმით უნდა იყოს ნაჩვენები. თუნდაც იმაში, რომ ვთქვათ მეძახი ბიუჯეტის განხილვის დროს და გაინტერესებს ჩემი ინიციატივები“.

დეა ამბობს, რომ ჩართულობის კომპონენტი ჯანდაცვის საკითხებში მეტ-ნაკლებად შეცვლილია და შშმ პირებს აქვთ გარკვეული დადებითი გამოცდილება ამ მხრივ სახელმწიფოსთან.

„მაგალითად, 2020 წლიდან პაციენტის სამედიცინო ამწეების პროგრამა ჩაეშვება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. მობილობის მკვეთრი შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის, ვისაც ოთხივე კიდური პარალიზებული აქვს, იქნება ეს ამწეები, რომ ადვილად მოხდეს მათი ვთქვათ სააბაზანოში, ეტლში გადაყვანა და ა.შ. ჯერჯერობით 5 ამწე იქნება, შემდეგ ალბათ გაიზრდება მოთხოვნის მიხედვით.

ასევე საუბარია მაღალი მორგების ეტლებზე, რადგან ის, რითაც დღეს სარგებლობენ ბავშვები, იწვევს ბავშვის სხეულის დეფორმაციას. ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო, მაგალითად, მუნიციპალიტეტებშიც, როცა დავდიოდი და ვლობირებდი ჰიგიენური საშუალებების პროგრამა დაეფინანსებინათ შშმ პირებისთვის. 4 მუნიციპალიტეტში 2020 წლიდან  ეს პროგრამაც ჩაეშვება.

საზოგადოება და მენტალური სტერეოტიპები

„ზოგს ჰგონია, რომ რადგან რაღაც შეზღუდვა გაქვს, აუცილებლად მენტალური შეზღუდვაც გაქვს. ზოგი ფიქრობს, რომ რაღაც გადაედება. ადაპტირებული საქანელების დადგმაზე როცა იყო საუბარი, ზოგ მშობელს ისეთი სტატუსები ეწერა საჯაროდ, მაგის გამეორებაც არ მინდა.

თუნდაც სკოლებში – არ მოსწონთ მშობლებს, როცა მათი შვილების კლასში შშმ ბავშვები სწავლობენ. მშობლებსაც რცხვენიათ, რომ შშმ შვილები ჰყავთ. ერთი შემთხვევა იყო, ბაღში მოიყვანა დედამ ბავშვი და ისეთ ამბებს ყვებოდა, ძლივს შევიკავე თავი. „ღმერთმა რატომ დამსაჯა, ასეთი შვილი რატომ მყავს, ასეთი რატომ ვარ“. რა ფსიქიკა ექნება ბავშვს, როცა ამას ასმენინებს … რეალურად მშობლებშიც არის პრობლემა.

რადგან ვერ დავდივარ კარგად, ზოგს უკვირს მაგალითად, „ასეთი კარგი ქმარი როგორ მყავს“, ან დედობა როგორ შევძელი. ვფიქრობ, სხვაზე ნაკლები არ ვარ, რადგან საკმაოდ წარმატებული ადამიანი ვარ, მაქვს ისეთი ცხოვრება, როგორიც მინდა რომ მქონდეს. გარკვეული წინააღმდეგობები და გამოწვევები ყველას აქვს და ამის გარეშე ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ გადაულახავი პრობლემები არ მაქვს.

ჩემი პრინციპია, ყოველთვის ყველაფერს ჩემით მივაღწიო, რომ არავის არ ჰქონდეს წამოსაძახებელი რომ რაღაცაში დამეხმარა“.

 

_______

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ბათუმის მერიის ასუცნობიანი პასუხი შტატების გაზრდაზე ახალი წლიდან

ბათუმის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი უკვე მოამზადა და საკრებულოს გადაუგზავნა  განხილვისა და დამტკიცებისთვის. ბიუჯეტის ერთხელ დაკორექტირებულ ვარიანტში, მიუხედავად იმისა, სრულად გაითვალისწინა თუ არა მერიამ საკრებულოს შენიშვნები, უკვე არაფერი შეიცვლება [პრეცედენტი ამ დრომდე არ ყოფილა].

ბიუჯეტის ახალი  პროექტის თანახმად, იანვრიდან თავისი დაფინანსება ექნება მერიის ახალ ა(ა) იპს – „ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასაც“. თანხა 3 მილიონ 444 000 ლარია და აქედან 2 მილიონ 040 980 ლარი ხელფასებზე დაიხარჯება: 1 მილიონ 460 000 შტატში დასაქმებულთა ხელფასებზე, 580 980 ლარი კი – ხელშეკრულებით აყვანილი პირების ხელფასებზე. დარჩენილი  1 მილიონ 403 020 ლარი კი საქონლით მომსახურებასა და სხვა ხარჯებს უნდა მოხმარდეს.

ამონარიდი ბიუჯეტიდან

ამავე პროექტის მიხედვით, მერიის „მუნიციპალურ ინსპექციაში“ 110 პირი შტატით, ხოლო 71 თანამშრომელი ხელშეკრულებით დასაქმდება. შესაბამისად, ახალ ა(ა)იპს სულ 181 ადამიანი უნდა დაასაქმონ, მაგრამ მერიაში არ გვპასუხობენ მთავარ კითხვაზე, რაც ახალი შტატების შექმნას უკავშირდება: 181 პირიდან რამდენია მერიაში უკვე დასაქმებული და რამდენი ახალი შტატი ექნება ახალ მუნიციპალურ ა(ა)იპს? – მერიაში ამბობენ, რომ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვთ.

საქმე იმაშია, რომ ა(ა)იპის შექმნა როცა დააანონსა მერმა ლაშა კომახიძემ, თქვა, რომ ამ ახალი ა(ა)იპში გაერთიანდება მერიაში მოქმედი ყველა საზედამხედველო სამსახური თუ განყოფილება  უკლებლივ თავისი ყველა თანამშრომლით. რამდენია ასეთი სამსახური და განყოფილება, სულ რამდენ პირს აერთიანებენ ისინი? – ამ კითხვას მერიაში დღეს რატომღაც ვერ პასუხობენ.

მერიაში ასევე ვერ პასუხობენ კითხვას, განსაზღვრულ 110 საშტატო ერთეულში მოიაზრებენ მერიაში მოქმედ თანამშრომლებს, თუ შტატები  ისევ გაიზრდება. ვერც იმაზე მივიღეთ პასუხი, როგორ გამოთვალა მერიამ ხელშეკრულებით დასასაქმებელთა ოდენობა.

მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ ციფრების დასაზუსტებლად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია, წესით, მერს მაგიდაზე უნდა ედოს, რადგან საკითხი დაამუშავა, პროექტის სახე მისცა და საკრებულოს გადაუგზავნა დასამტკიცებლად.

ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ედნარ ნატარიძემ, რომელიც ბიუჯეტის შედგენაზეა პასუხისმგებელი, პროექტში დაფიქსირებულ საშტატო ნუსხასთან დაკავშირებით გვითხრა, რომ შტატების ეს რაოდენობა შესაბამისმა სამსახურებმა განსაზღვრეს. შესაბამისად, მისთვის უცნობია, ეს 110 შტატი მერიის საზედამხედველო სამსახურების მოქმედი თანამშრომლებით შეივსება, თუ ახალი თანამშრომლებისთვის არის განკუთვნილი.

„ზუსტდება, რომელი სამსახურები შევლენ და რომლები არა. შეიძლება დაემატოს ფუნქციები. ამის განსაზღვრა ჩემი კომპეტენცია არ არის“, – გვითხრა ედნარ ნატარიძემ.

საკრებულოში წარდგენილი მასალებით თავიდანვე ჩანდა, რომ მერია საშტატო ნუსხის გაზრდას გეგმავდა. ამბობდნენ, რომ ახალი ა(ა)იპს შექმნა და სპეციალისტების დამატება ეფექტური მუშაობისთვის სჭირდებოდათ, თუმცა საკრებულოს სხდომაზე არც მაშინ დაუზუსტებიათ, რამდენი ახალი თანამშრომელი სჭირდებოდა მერიას კარგი მუშაობისთვის.

ბათუმის მერიაში საზედამხედველო მოვალეობას ასრულებენ შემდეგი სტრუქტურები: არქიტექტურა [ერთ-ერთი განყოფილება], ქონების მართვა, ჯანდაცვა, მუნიციპალური სერვისების სააგენტო, ბათუმის ავტოტრანსპორტი, ბათუმის სანდასუფთავება, გამწვანების სამსახური.

ბათუმის მერია მუნიციპალურ ინსპექციას აფუძნებს – გაიზრდება საშტატო ნუსხა და ხარჯები

შეიქმნა კომისია, რომელიც აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს

აჭარის უმაღლეს საბჭოში შეიქმნა კომისია, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს კანდიდატები უნდა შეარჩიოს და წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს.

შესარჩევ კომისიაში არიან: გიორგი მგელაძე [ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი], ნათია კუპრაშვილი [ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი], თამარ მამეიშვილი [EECMD-ეს რეგიონალური კოორდინატორი], მანანა შარაშიძე [ხელოვნების, კულტურის, სპორტისა და მასმედიის პროფესიული კავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე], ლევან გობაძე [ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარე].  

კომისიამ უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს მინიმუმ 3 კანდიდატი, რომელთაგან ერთს აჭარის უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრად.

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის სურვილი 9 პირმა გამოთქვა. ესენი არიან: ბეჟან გობაძე, არჩილ ხახუტაიშვილი, ლაშა ზარგინავა, თეიმურაზ დიასამიძე, ციალა ქათამიძე, ჯემალ მეგრელიძე, ნათია აფხაზავა, ირმა ზოიძე და გია ქარცივაძე.

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში ახლა 4 წევრია. მეხუთე წევრის საბჭოში შეყვანა საკუთარი კვოტით შეეძლო ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ოპოზიციამ უარი თქვა კანდიდატის პოლიტიკური ნიშნით შერჩევაზე და განაცხადა, რომ კვოტას დაუთმობს ადამიანს, რომელიც აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში შევა მაუწყებლის სარედაქციო უფლებების დასაცავად.

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა ახალმა საბჭომ უკვე აირჩია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე. მისი არჩევის შემდეგ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა აქცია გამართეს და მოუწოდეს ახალ დირექტორს, შეწყვიტოს თანამშრომლების შანტაჟი და თვალთვალი. 

ამავე თემაზე: 

წარწერები ფურცლებზე – ჟურნალისტების გზავნილები აჭარის მაუწყებლის დირექტორს [ფოტო]

„ევროპაბეთმა“ „პასუხისმგებლიანი თამაშის“ პროექტი დაიწყო – ახალი კამპანია სათამაშო ბიზნესში

სპორტსმენები, აქტივისტები და სხვა ცნობილი ადამიანები ბოლო ორი დღეა, აქტიურად ეხმაურებიან „ევროპაბეთის“ ახალ სოციალურ კამპანიას „პასუხისმგებლიანი თამაში“ და დადებითად აფასებენ კომპანიის ამ ინიციატივას.

„ევროპაბეთის“ მიერ პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის დაანონსებას და CSR პროექტების გაძლიერებას დადებითად აფასებს „საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ პრეზიდენტი ავთო ახვლედიანი. მან დღეს, 11 დეკემბერს მიმართვა გაავრცელა, სადაც „ევროპაბეთის“ მიმართ სპორტსმენების მხარდაჭერა გამოხატა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის ამხელა მასშტაბით გააზრება“, – აღნიშნა ახვლედიანმა. „მით უმეტეს, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კომპანია რეკლამის ბიუჯეტიდან დაზოგილ თანხას სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების განვითარებას მოახმარს. აქედან, ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, რასაც „ევროპაბეთი“ ადრეც დიდ ყურადღებას უთმობდა“, – დასძინა მან.

ავთანდილ ახვლედიანი

ამ ინიციატივას ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი გიორგი გიორგაძეც ეხმაურება და კომპანიის მიერ პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის დაანონსებას დადებითად აფასებს. ის სათამაშო ბიზნესის ბაზრის სხვა მონაწილეებსაც მოუწოდებს, გაიაზრონ სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესში.

„ჩვენი ქვეყანა ჯერ არ არის იმდენად განვითარებული, რომ ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის ვალდებულება ჰქონდეს, ამიტომაც კომპანიის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი მისასალმებელია“, – აღნიშნავს გიორგაძე. „ძალიან მომწონს, ასევე, ახალი კამპანიის სლოგანიც: სრულწლოვან ადამიანს უნდა ჰქონდეს განტვირთვისა და თამაშის უფლება, თუმცა პასუხისმგებლიანი თამაშისკენ მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის მხრიდან“, – ამბობს ის.

გიორგი გიორგაძე
გიორგი გიორგაძე

კამპანია „დაიცავი შენი შვილის“ ლიდერი ანა დოლიძე, რომელიც სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ, თანამოაზრეებთან ერთად, აქტიურად იბრძვის, ფეისბუკზე „ევროპაბეთის“ ინიციატივას პასუხისმგებლიანი თამაშის შესახებ გამოეხმაურა და კომპანიისგან აღნიშნული ნაბიჯი მოძრაობის მიერ მიღწეულ გამარჯვებად შეაფასა.

„ამას ჩვენ ვითხოვდით, იმიტომ რომ ძალიან გვჭირდება არასრულწლოვნების დაცვა ონლაინ და სახმელეთო კაზინოებისგან. პირველი, რაც უნდა ვთქვა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია კომპანიის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება და ეს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის მობილიზების, მოთხოვნისა და ბრძოლის შედეგია – არაფერი მოიპოვება მარტივად. მეორე, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, იმიტომ რომ დუმს უამრავი სხვა მსხვილი კომპანია და, რაც მთავარია, დუმს სახელმწიფო. როგორ შეიძლება, პარლამენტს, ხალხის მიერ არჩეულ ადამიანებს, რომელიღაც კომპანია ასწრებდეს. და მესამე, ჩვენ მოვახდენთ ამ დაპირებების შესრულების მონიტორინგს, იმიტომ რომ არ შეიძლება, ბიზნესმა უბრალოდ გააკეთოს რაღაც განცხადება და ჩვენ ამით დავკმაყოფილდეთ და გავჩერდეთ“, – აცხადებს ანა დოლიძე ფეისბუკმიმართვაში.

ანა დოლიძე

აზარტული თამაშების წინააღმდეგ მოძრაობაში ჩართული მომღერალი ელენე კალანდაძეც დადებითად აფასებს ევროპაბეთისახალ წამოწყებას და სხვა კომპანიებს მოუწოდებს, მას მიბაძონ.

„აბსოლუტურად ვემხრობი იმას, რომ გარე ბილბორდები უნდა მოიხსნას და, საერთოდ, ჯობია, ყველამ მიბაძოს და აიკრძალოს საერთოდ ყველანაირი რეკლამა. ყველა სახის რეკლამას ვეწინააღმდეგები, ეს იქნება სატელევიზიო, რადიო თუ ინტერნეტ სივრცეში განთავსებული. არ ვიცი, ეს კამპანია რამდენად გაამართლებს, მაგრამ  ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ეს პრობლემა აქვს ჩემ გარშემო, ვისურვებდი, რომ აღარავის ჰქონოდეს, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ადამიანს ღუპავს“, – განაცხადა ელენე კალანდაძემ.

ელენე კალანდაძე

პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის სამი მიმართულება

კონცეფცია, რომელიც „ევროპაბეთმა“ დააანონსა, სამ ძირითად მიმართულებას ეყრდნობა. ესენია: პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ.

თამაში სიამოვნებისთვის

„ევროპაბეთის“ 2019 წლის სარეკლამო კამპანიის ძირითადი მესიჯი, რომელსაც კომპანიის ბრენდ ამბასადორი, ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო აჟღერებდა, სწორედ „ითამაშე სიამოვნებისთვის“ იყო.

პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის ეტაპობრივი დანერგვით, კომპანია უზრუნველყოფს არა მხოლოდ ცნობადობის ამაღლებასა და მომხმარებლის განათლებას ამ სფეროში, არამედ ისეთი ონლაინ ხელსაწყოების ამოქმედებას, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ევროპის წამყვანი გასართობი თამაშების კომპანიების პრაქტიკაში წარმატებით ფუნქციონირებს, რაშიც იგულისხმება ვიდეოვერიფიკაცია, თვითშეფასების ტესტი და სხვა ტიპის ხელსაწყოები.

აღსანიშნავია, რომ კომპანია სრულად ამბობს უარს გარე რეკლამაზე. მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე ჩამოიხსნა „ევროპაბეთის“ ბილბორდები და მის ნაცვლად ერთი კონკრეტული მესიჯი დაიწერა: www.responsible.ge. ვებგვერდი მომხმარებელს მისცემს ინფორმაციას იმის შესახებ, რა შემთხვევაში ვლინდება პრობლემური თამაშისკენ მიდრეკილება.

გარდა ამისა, 2020 წლიდან საათობრივად შეიზღუდება რეკლამა ტელევიზიასა და რადიოში, ხოლო ინტერნეტრეკლამა მაქსიმალურად ასაკობრივი შეზღუდვით გაკეთდება.

„ევროპაბეთის“ პრესკონფერენცია

„ევროპაბეთმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკომუნიკაციო არხებზე თვითრეგულაციით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოახმაროს. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. კერძოდ:

პასუხისმგებლიანი თამაშის შესახებ ცნობადობის გაზრდა – საინფორმაციო ვებგვერდები; პრობლემურ მოთამაშეებთან მუშაობა – ქოლცენტრი და თერაპია; თემატური სტატიები და სიუჟეტები

  • სპორტის განვითარება – სპორტსმენებისა და პარასპორტსმენების, სპორტში მოღვაწე ადამიანების ხელშეწყობა; სპორტის მასობრიობის ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურული პროექტები
  • ონლაინ მედიის განვითარება – ონლაინ მედიის გაყიდვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში ხელშეწყობა
  • სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები
  • ლოკალური კულტურის მხარდაჭერა და განვითარება.

 „ევროპაბეთისა“ და BETSSON-ის შესახებ

„ევროპაბეთი“ 4 წლის წინათ მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში. პასუხისმგებლიანი თამაშის ქართულ ბაზარზე დანერგვა BETSSON-ის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა. პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფცია გამყარებული უნდა იყოს ბიზნესპროცესებით და ამას საკმაოდ დიდი დროითი და ადამიანური რესურსები მოხმარდება. საქართველოში სათამაშო ბიზნესი განვითარებადია და თანმიმდევრული ცვლილებების, დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში უკვე დანერგილი პრაქტიკების გაზიარებას საჭიროებს.

„ევროპაბეთი“ სათამაშო ბიზნესის ქართული ბაზრისთვის უნიკალურ კამპანიას დეკემბერში იწყებს და ის ეტაპობრივად გაგრძელდება. ყოველი კვარტალის ბოლოს „ევროპაბეთი“ წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც სრულად გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას მიეცემა შესაძლებლობა, ვებგვერდზე responsible.ge ნახოს, რა შედეგი ჰქონდა ამა თუ იმ კამპანიას.

 

Innotech – თანამედროვე ტექნოლოგიები უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე გარემოსთვის

ხშირად ხდება ისეთი შემთხვევები, როგორიცაა: ბუნებრივი გაზის გაჟონვა, ხანძარი, ქურდობა და.ა.შ.

საბედნიეროდ, თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ასეთი შემთხვევები ავირიდოთ თავიდან.

სწორედ ასეთი ტექნოლოგიები წარადგინა კომპანიამ „ინოტექი“ სამშენებლო და ტექნოლოების საერთაშორისო გამოფენაზე – „Batumi Build 2019“.

„ინოტექში“ შეგიძლიათ მიიღოთ პროფესიონალური კონსულტაცია უსაფრთხოების სისტემებზე სახლის, ოფისის და კომერციული ობიექტებისთვის; შეიძინოთ მაღალი ხარისხის უსაფრთხოების სისტემები, მიიღოთ მათი მონტაჟის სერვისი და გარანტია.

ინოტექის ძირითადი პროდუქტებია:

[checklist]

  • სამისამართო სახანძრო სიგნალიზაციის სისტემები და ცეცხლმაქრები
  • ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები
  • დაცვითი სიგნალიზაციები
  • პერსონის დაშვების სისტემები
  • რაციები
  • თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვის სისტემები

[/checklist]

კომპანია „ინოტექი“ გთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიებს უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე გარემოსთვის!

დაგვიკავშირდით:

www.innotech.ge

თბილისი, ცოტნე დადიანი N7, ქარვასლა, მობ.: 557 938 865

ბათუმი, გორგილაძის N88, ბათუმი მოლი, მობ.: 598 509 112

„18 ლარად გვართმევენ მიწას,“ – მარადიდელებმა აჭარის მთავრობასთან აქცია გამართეს

„რადგან თორნიკე რიჟვაძე არ მოვიდა ჩვენთან და არ უკითხავს რა გჭირთ, რატომ ვერ თანხმდებითო, ამიტომ ჩვენ მოვედით მასთან,“ – ეს მარადიდში მცხოვრებმა ალი დიდმანიძემ გვითხრა. მან თანასოფლელებთან ერთად დღეს, 11 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მოაწყო.

მარადიდელები ექსპროპრიაციის პირობებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მათ სახლის ან მიწის ნაკვეთის დათმობა ჰესის მშენებლობის გამო უწევთ. ექსპროპრიაციის შესახებ ბრძანებას ეკონომიკის მინისტრმა 3 დეკემბერს უკვე მოაწერა ხელი. ამ ბრძანების მიხედვით, 34 პირს ჩამოართმევენ საკუთრებას. ექსპროპრიაციის მიზეზი „კირნათი ჰესია“, რომელსაც კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ აშენებს.

„ზოგი მიწის ნაკვეთია, ზოგს – სახლის დათმობა უწევს, პირობები სხვადასხვაა, მაგრამ ჩალის ფასად უნდა ჩვენი ქონება… 18 ლარი დაადგინა სამხარაულის ექსპერტიზამ კვადრატული მიწა, მაგრამ ამ ფასად რა უნდა ვიყიდოთ? ვერაფერს მიეკარები. საბაზრო ფასი დაახლოებით 30 დოლარია,“ – გვითხრა გურამ სხალაძემ.

„სამხარაულმა ასე კი შეაფასა ჩვენი მიწები, მაგრამ სამხარაული გვიყიდის მიწებს? ჩვენთან არავინ მოსულა და არ დაგვლაპარაკებია. ინვესტორზე მეტად მოქალაქეებს უნდა სცეს პატივი მთავრობამ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ჯემალ დიდმანიძე.

საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ ისინიც, რომლებსაც ექსპროპრიაცია არ შეხებიათ, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ჰესის მშენებლობა მათაც დააზარალებთ.

„მე, მაგალითად, თევზის მეურნეობა დამეტბორა ჰესის მშენებლობის გამო,“ – გვიყვება ახმედ დიასამიძე. – „უნიკალური ჯიშის თევზი გამომყავდა… ხელვაჩაურის კომისიამ დაადგინა, რომ დატბორვა ჰესის მშენებლობის გამო მოხდა, დასკვნა კომპანიაში გადაიგზავნა, მაგრამ არაფერი,“ – ამბობს ის.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა თქვეს, რომ ეს გამაფრთხილებელი აქცია იყო და მთელი ხეობა ჩამოვა აჭარის მთავრობასთან მარადიდელების მხარდასაჭერად, თუკი მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ.

 

 

 

 

ამ თემაზე:

რა კავშირშია თურქეთში მდებარე კაშხალი მარადიდში მოსახლეობის ნაკვეთების დატბორვასთან

ეს არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგი – პოსტი ზურაბიშვილის FB-გვერდზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა“.

„პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, – წერია განცხადებაში.

გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ქართული კულტურის დაცვის საჭიროებაზე საუბრისას თქვა, რომ „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცბათ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი”:

„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან ძლიერი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება კულტურად და ძალიან მდიდარი რეგიონი თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი მომავლით,“ – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას დღეს, 11 დეკემბერს, გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები, ასევე გამოეხმაურა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის განცხადება იხილეთ აქ:

„პრეზერვატივები ამოიღეს“ – რისთვის შევიდნენ პოლიციელები მასაჟის სალონებში

რისთვის შევიდნენ პოლიციელები მასობრივად მასაჟის სალონებში და რა გაირკვა ჩხრეკის და გამოკითხვის შედეგად? – შეკითხვას ამ დრომდე არ პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების პრესცენტრში დღესაც იგივე გვითხრეს, რაც ორი დღის წინ, როცა პოლიციელები ძველ ბათუმში რამდენიმე სილამაზის სალონში ერთდროულად შევიდნენ –  „მიმდინარეობს გამოძიება“.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით დაიწყო, რაც „პროსტიტუციის ხელშეწყობას“ გულისხმობს.

„ბათუმელებს“ გუშინ საღამოს [10 დეკემბერი] მხოლოდ ერთი სალონი დახვდა დაკეტილი, სადაც პოლიციამ ასევე ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება. მასაჟის სხვა სალონებში მუშაობა გრძელდება. აქ ჟურნალისტებს არ პასუხობენ და მხოლოდ ის გვითხრეს, რომ პოლიციაში გამოკითხეს და გვიან ღამით გამოუშვეს.

ერთ-ერთი მასაჟის სალონის მენეჯერი დაგველაპარაკა, თუმცა ვინაობის გამხელის გარეშე:

„მოგვივა ჯარიმები, როგორც ადრე, ფული უნდათ და ესაა. ყველა სალონში არ შესულან, არ ვიცი, რატომ ხდება ასე. ჩემთან ჩხრეკა ჩაატარეს დ პრეზერვატივები ამოიღეს. ვუთხარი, რომ ის ჩვენი არ იყო… განყოფილებაში რამდენიმე საათი ვიყავი, მაგრამ თარჯიმანი არ ჰყავდათ, მერე გამომიშვეს,“ – გვითხრა მან.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა პოლიცია მასაჟის სალონებში შედის და იქ მომუშავე ადამიანებს აჯარიმებს – 2018 წლის აგვისტოში პოლიცია ისევ ძველ ბათუმში 12 სალონში ერთდროულად შევიდა და 12 პირი დააკავა. მაშინ სასამართლომ დაკავებულები 1000-1000 ლარი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პოლიცია მასაჟის სალონთან „ბანგკოკი“
ეს მასაჟის სალონი დაკეტილია

 

პოლიციელები მასაჟის სალონებში შევიდნენ, ზვიად გამსახურდიას ქუჩა, 9 დეკემბერი

 

რასიზმისა და ქსენოფობიის შემთხვევები 2019 წელს საქართველოში – TDI

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ [TDI] ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით 2019 წელს საქართველოში გამოვლენილ რასიზმის, ქსენოფობიისა და უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებულ ტენდენციებზე საუბრობს.

ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო წლებში შეინიშნებოდა უცხოელების, განსაკუთრებით კი, აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების მიერ დაუსაბუთებელი უარების საგანგაშო მაჩვენებელი.

„აღნიშნულს დაემატა ამ კუთხით არსებული საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებაც უცხოელების მიმართ. მაგალითად, 2019 წლის 30 მაისს ამოქმედდა ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში. 2019 წლის 2 ივლისს ამოქმედდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა რიგი შეზღუდვებისა უცხოელისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების კუთხით.

სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა-გასხვისების მარეგლამენტირებელი ნორმები და მათი შინაარსი, 2011 წლიდან მოყოლებული, რამდენჯერმე შეიცვალა. საგულისხმოა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენჯერმე ცნო არაკონსტიტუციურად საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მხრივ მიღებული რეგულაციები,“ – წერს TDI.

ორგანიზაციის განცხადებით, 2019 წლის დასაწყისი განსაკუთრებულად გამოირჩეოდა პოლიტიკოსების ქსენოფობიური და პოპულისტური განცხადებებით.

„გამოვლინდა სავარაუდო რასობრივი შეუწყნარებლობით მოტივირებული ძალადობის რამდენიმე შემთხვევა.  ამასთან, ახალგაზრდა უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე 2019 წლის 27 ივნისს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. თუმცა სასამართლომ ბრალდებიდან გამორიცხა დანაშაულის ჩადენა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო,რაც უფლებადამცველებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს“.

TDI-ის ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის პირველ ნახევარში რასობრივი დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მიღებული ინფორმაციით, 2019 წლის პირველ ნახევარში რასობრივი, ეთნიკური, ეროვნული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მიხედვით, სასამართლოში შევიდა ერთი საქმე, საქართველოს სააპელაციო სასამართლოებში შევიდა 2 სააპელაციო საჩივარი, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში აღნიშნულ პერიოდში მითითებული დანაშაულების მიხედვით, არც ერთი საქმე არ შესულა.

„აღსანიშნავია სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით უცხოელების მიმართ არსებული პრობლემებიც. სახელმწიფო, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოში შემოსვლაზე დაუსაბუთებლად ეუბნება უარს.

მაგალითად, 2019 წლის დასაწყისის სტატისტიკურ მონაცემებს რომ გადავავლოთ თვალი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარში საქართველოში შემოსვლაზე ყველაზე მეტი უარი ეთქვათ:

  • ირანის (576)
  • ინდოეთის (366)
  • აზერბაიჯანის (124) მოქალაქეებს.

2019 წლის თებერვალში:

  •  ირანის (564),
  • ინდოეთის (428),
  • აზერბაიჯანის (141) მოქალაქეს.

2019 წლის მარტში:

  • ირანის (1815),
  • ინდოეთის (404),
  • აზერბაიჯანის (228) მოქალაქეს.

_________

ფოტო: EPA/ABIR SULTAN

ამავე თემაზე:

საქართველოს მოქალაქის ერაყელ მეუღლეს ბინადრობას არ აძლევენ [ვიდეო]

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ „ანრიში“ საჯარო ლექცია გაიმართა

10 დეკემბერს ბუსსს „ანრიში“ გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, მიღწევები და გამოწვევები“.

ლექციას უძღვებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალური წარმომადგენელი აჭარაში – ირმა გაბინაშვილი, რომელმაც წარადგინა პრეზენტაცია და განიხილა ორგანიზაციის დაარსებისა და მოღვაწეობის მოკლე ისტორია.

საჯარო ლექცია ბუსსს „ანრიში“

საჯარო ლექციაზე განხილულ იქნა ნატოსა და ევროკავშირის როლი მსოფლიოსა და განვითარებადი ქვენყებისათვის. აგრეთვე, ის თუ რა ძალისხმევას იღებს ნატო ამა თუ იმ ქვეყნის წინსვლისათვის, თუ როგორ ეხმარება კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრაში.

ასევე, საუბარი შეეხებოდა ნატოს საზღვაო ძალების ჩართულობას ქართულ საზღვაო სფეროში და ქვეყნის ჯარების განვითარებაში.  შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინეგრაციის პროცესი – თუ რა მიღწევები გააჩნია ჩვენს ქვეყანას ამ მიისის სწორად შესრულებაში.

ირმა გაბინაშვილი

საჯარო ლექციის მსვლელობისას განხილულ იქნა ასევე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ არსებული მითები და რეალობა, ის თუ რა პასუხისმგებლობას იღებს ორგანიზაცია და რა საქმიანობას ეწევა ქვეყნების დასახმარებლად.

საჯარო ლექციის დასასრული წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც დამსწრე საზოგადოებამ ამომწურავი პასუხი მიიღო საინტერესო თემებთან დაკავშირებით.

ლექციის ბოლოს სტუდენტებს აქტიური ჩართულობისათვის  გადასცეს ბრენდირებული ნივთები.

„სქრინი არა, ცოცხალი ადამიანი მოიყვანეთ“ – რიჟვაძე თბილისში საჯარო მოხელეების იძულებით წაყვანაზე

„ერთი მოწმე გყავთ, რომელიც ამას ამბობს?… ხომ არ შეიძლება, ყოველთვის ვსაუბრობდეთ ჩვენ მოარულ ხმებზე,“ – გვითხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საჯარო მოხელეების იძულებაზე, დაესწრონ თბილისში 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციას, სადაც „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გახდომას აღნიშნავს.

თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც დღეს უმაღლესი საბჭოს ახალ შენობასთან დროშების აღმართვის ცერემონიალს დაესწრო, ვუთხარით, რომ „ბათუმელებს“ წერენ საჯარო მოხელეები. მათი თქმით, სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან, თუკი „ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე არ წავლენ. თორნიკე რიჟვაძეს შევთავაზეთ, ენახა საჯარო მოხელეებთან მიმოწერის ამსახველი „სქრინებიც“.

„სქრინები არ ვიცი, ერთი ცოცხალი ადამიანი შეგიძლიათ მოიყვანოთ, ვინც ამას ამბობს, რომ აიძულებენ წავიდნენ სადმე?… მომიყვანეთ და პირადად შევხვდები,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არც ის მიაჩნია სარწმუნოდ, რომ საჯარო მოხელეები სამსახურის დაკარგვის შიშით ამ ეტაპზე ვინაობის გამხელისგან თავს იკავებენ.

სქრინი, რომელშიც 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაზე იძულებით წაყვანაზეა საუბარი

„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და ყველა ადამიანი მოქმედებს ისე, როგორც ამას თვლის საჭიროდ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ, ხელისუფლებას განსაკუთრებით იმ მოვლენას, როდესაც ყველანი ვაპირებთ შეკრებას, აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში, აქვს ამას აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა და ნუ გაგიკვირდებათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება თბილისში შაბათს,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ.

რა დაუჯდება საჯარო სამსახურებს საჯარო მოხელეების თბილისში დაგეგმილ აქციაზე ჩაყვანა? – ესეც ვკითხეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს.

„სახელმწიფო რესურსის ხარჯზე არ ხდება ამ შეხვედრის ორგანიზება… ეს არის პარტიის ახალგაზრდული ფრთის ინიციატივა და შესაბამისი რესურსიც იქნება გამოყოფილი,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში კვირის ბოლომდე მზიანი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 11 დეკემბრის 21 საათიდან 12 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10-15 გრადუსი
  • ღამით: 1-6 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით:5-10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0-3 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 13-14 დეკემბერს, ბათუმში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

__________

ფოტო: „ბათუმელები“

მთავრობა ბათუმში ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას აღნიშნავს [ვიდეო]

საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნად, დღეს, 11 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ინიციატივით ბათუმში მსვლელობა მოეწყო. რამდენიმე ათეული ადამიანი, საზღვაო აკადემიის სასულე ორკესტრის თანხლებით, ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შენობისკენ გაემართა.

მსვლელობის მონაწილეებმა ჰიმნის ფონზე  საქართველოს და ევროკავშირის დროშები აღმართეს უმაღესი საბჭოს ახალ შენობასთან მდებარე სკვერში.

გრიპის ვაქცინა არ არის, მაგრამ სახელმწიფო მაინც მოგიწოდებს აიცრა 

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყნის სააფთიაქო ქსელებში ისევ დეფიციტია. მაგალითად, PSP-ეს სააფთიაქო ქსელის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ მოცემულ მომენტში ბათუმში არც ჰოლანდიური, სამშტამიანი ვაქცინა აქვთ და არც ფრანგული – ოთხშტამიანი.

ამავე ქსელის ცხელი ხაზის ოპერატორის ცნობით, 9 დეკემბრის მონაცემებით, შუადღისას გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი იყო თბილისში – კალოუბანში, ვარკეთილში, კოლმეურნეობაზე, დიღომში მდებარე პე ეს პეს ფილიალებში და ასევე მეტრო ნაძალადევთან. თუმცა ოპერატორმა დაგვიზუსტა, რომ ეს მონაცემები წუთებში იცვლება და, მაღალი მოთხოვნის გამო, ადგილზე მისულ მომხმარებელს შესაძლოა ვაქცინა აღარც დახვდეს.

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ცხელ ხაზზე ,,ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ვაქცინა არც თბილისში მოიპოვება და არც ბათუმში.

„ავერსის“ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ კლინიკაში შემოსული კომერციული მარაგი ამოწურულია.

„სახელმწიფო ეპიდემიოლოგთანაც გადავამოწმეთ ახლახანს და სახელწიფო პროგრამით რაც გვქონდა რისკჯგუფებისთვის, ეს მარაგიც ამოწურულია. გვქონდა ჰოლანდიური სამკომპონენტიანი და ფრანგული ოთხკომპონენტიანი ვაქცინა. ფრანგული ვაქცინა ძალიან მცირე რაოდენობით იყო მოწოდებული „სანოფი პასტერის“ – მომწოდებლის მიერ.

არ ვიცით, რატომ შემოიტანა „სანოფის“ ფირმამ შეზღუდული რაოდენობით ვაქცინა. დიდი მომართვიანობის გამო ჩვენთან მარაგი მალე ამოიწურა“, – გვითხრეს კლინიკა „ავერსის“ ცხელ ხაზზე.

თათა ჭანტურიამ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაკვეთად თადარიგი ნოემბრიდან დაიჭირა და თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელსა და კლინიკას მიმართა ვაქცინის შეკვეთის თხოვნით, თუმცა შეკვეთა არსად მიიღეს.

„ყველა კლინიკა მეუბნებოდა, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია როდის იქნებოდა ვაქცინა, ან იქნებოდა თუ არა საერთოდ. ოთხშტამიანი, ფრანგული ვაქცინა მინდოდა, რადგან ყოველწლიურად გრიპის ვირუსი მუტაციას განიცდის და პრევენციისთვის ის მინდოდა, რასაც მეტი შტამი აქვს. ოთხშტამიანი ფრანგული ვაქცინა აღარსად იყო ხელმისაწვდომი. სამშტამიანი ჰოლანდიურიც მალევე გათავდა აფთიაქებში. ვრეკავდი ჯანდაცვის სამინისტროში, დაავადებათა კონტროლის ცენტრში და ყველა მეუბნებოდა, რომ მხოლოდ რისკჯგუფებისთვის არის გრიპზე უფასო აცრა ხელმისაწვდომი, ფასიან ვაქცინაზე ინფორმაციას არავინ გაწვდის. როცა სახელმწიფო მეუბნება აიცერიო და რისკ-ჯგუფს არ ვეკუთვნი, საიდან ავიცრა?

მომხმარებელთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს არავის. ბოლოს ჯი პი სი-ში გადამიმოწმეს, რომ გორში იყო ერთო დოზა ფრანგული ვაქცინა. თბილისიდან წავედი და ავიცერი 45 ლარად.

ამასობაში გავარკვიე, რომ არის ვიღაც თბილისში, ვინც აკეთებს ამ ვაქცინას, კონტაქტზეც გავედი, მაგრამ არ იქნებოდა ქალაქში დიდი ხანი და შემეშინდა გრიპი მანამდე არ დამმართნოდა. ვფიქრობ, რაღაც იატაკქვეშა წყაროებიც არის გრიპის ვაქცინის. სახელმწიფო მოგიწოდებს, რომ გრიპზე აიცრა და არსად ეს ვაქცინა არ არის“, – ამბობს თათა ჭანტურია.

თათა სკოლის მასწავლებელია და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ მიიჩნევიან სკოლის მასწავლებლები რისკჯგუფებად მაშინ, როცა ზამთრობით მოსწავლეებს ხშირად ემართებათ გრიპი.

საქართველოსთვის გრიპის ფრანგული ვაქცინის მომწოდებელი ფრანგული კომპანია „სანოფი პასტერია“. საქართველოში სანოფი პასტერის წარმომადგენლობაში ,,ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ვაქცინით მომარაგების პრობლემა ნამდვილად იყო, თუმცა ზუსტად რა მიზეზით ვერ გვეუბნებიან.

„პირი, რომელიც გრიპის ფრანგული ვაქცინის საქართველოში შემოტანას უზრუნველყოფდა, საქართველოში არ იმყოფება და რამდენიმე დღეში დაბრუნდება. როდის იქნება ვაქცინა ხელმისაწვდომი და რატომ შეიქმნა დეფიციტი – ამ კითხვებით რამდენიმე დღეში დაგვიკავშირდით“, – გვითხრეს კომპანია  „სანოფის“ ქართულ წარმომადგენლობაში.

საქართველოში გრიპის ვაქცინის დაგვიანებით შემოტანასა და დეფიციტურობაზე „ბათუმელებმა“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს, ხათუნა ზახაშვილსაც ჰკითხა. მისი თქმით, გრიპის ვაქცინის მიწოდება ტექნიკური მიზეზით მთელ მსოფლიოში დაგვიანდა.

„წესით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველი წლის მარტში აცხადებს ვაქცინის შტამის შემადგენლობას, რომლის მიხედვითაც მწარმოებლები ვალდებულები არიან აწარმოონ გრიპის ვაქცინა. ვაქცინის ერთ-ერთი კომპონენტი და ჯამური შემადგენლობა წელს მარტში ვერ დასახელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს შემადგენლობა ერთი თვით გვიან დაასახელა. შესაბამისად, ერთი თვით გადავადდა ვაქცინის წარმოება. მის დამზადებას კი დრო სჭირდება“, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

მისივე თქმით, კომერციულმა სექტორმა შარშან 15 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა გაყიდა.

„ბოლო ორიათასი დოზა კი, მე როგორც ვიცი, „ჩაუწვა“ კომერციულ სექტორს, ვერ გაყიდა. წელსაც შიშით მოეკიდნენ, რომ ჭარბი რაოდენობა არ შემოეტანათ. მგონი ეს არის დეფიციტის მიზეზი. ცხადია, არავის სურს ისეთი საქონლის შემოტანა, რასაც ვერ გაყიდის. თუმცა ჩვენი მოსახლეობა უფრო გათვითცნობიერებული გახდა და გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა გაიზარდა. როცა მოთხოვნა აღემატება მიწოდებას, დეფიციტი იქმნება ყველაფერში საკვებით დაწყებული სამეურნეო საქონლით დამთავრებული და არც ვაქცინაა გამონაკლისი – მეტმა მოითხოვა, ვიდრე შეკვეთილი იყო.

რაც შეგვეხება ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სახელმწიფო ორგანოა და ვაკეთებთ მხოლოდ სახელმწიფოს გამიზნულ შესყიდვებს. ჩვენ არ ვიცით, როგორ ითვლიან სააფთიაქო ქსელები პოპულაციაში ვაქცინის საჭიროების მქონეთა რაოდენობას და როგორ უკვეთავენ მწარმოებელს“, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ წელს შემოიტანა 100 ათასი ერთეული ვაქცინა რისკჯგუფებისთვის. აქედან 15 ათასზე მეტი ვაქცინაა შემოსული აჭარაში. რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, რეგიონში 70% უკვე აითვისეს და აქტიურად ტარდება ვაქცინაცია.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გასულ წელს აჭარაში,  რისკჯგუფის კატეგორიაში აიცრა 4063 პირი. შესაბამისად, მოთხოვნა წელს ოთხჯერ მეტად არის გაზრდილი.

რუსუდან შავიშვილი აქვე დასძენს, რომ არიან ადამიანები რისკჯგუფებშიც, რომლებიც ვაქცინის გაკეთებაზე უარს აცხადებენ.

ამავე თემაზე:

რატომ არ იყიდება სეზონური გრიპის ვაქცინა

 

მერია ბათუმის ცენტრში 12 ადგილს ოფშორულ კომპანიას 12 880 ლარად გამოუყოფს

ბათუმის მერია აპირებს 12 მცირე ზომის ტერიტორია გადასცეს კომპანიას ბათუმის ცენტრში, ტურისტულ ზონაში, პირდაპირი განკარგვის წესით და აუქციონის გარეშე. კომპანია ამ ადგილებში პატარა სავაჭრო ობიექტების – ჯიხურების განთავსებას გეგმავს, სადაც ტკბილეულს და წვენებს გაყიდიან.

განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც მერიამ უკვე მოამზადა შპს „Georgian industrial  Manajment group“-ს ორწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გაუფორმებენ, წლიური გადასახადით – წელიწადში 12 880 ლარი. მოთხოვნილი ტერიტორია, საერთო ჯამში, 224 კვადრატული მეტრია, თითოეული ჯიხურისთვის კომპანიას 16 კვ/მეტრს ითხოვს.

კომპანია რამდენიმე ადგილს ითხოვს ბათუმის ზღვისპირა პარკის, ასევე პლაჟის ტერიტორიაზე, ბულვარში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე და კაჩინსკების ქუჩაზე.

განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ ამ საკითხზე თანხმობისთვის მერიას წერილობით „ბათუმის ბულვარმა“ მიმართა. გარდა ამისა, კომპანიის მხარდაჭერა წერილობით სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც დაადასტურა იმ მიზეზით, რომ კომპანია  რეგიონში წარმოებული პროდუქტის რეალიზაციას გეგმავს ჯიხურებში.

შპს „Georgian industrial  Manajment group“ – საქართველოში 2011 წელს ოფშორში დაფუძნებულმა კომპანიამ დააფუძნა. კომპანიის დირექტორი რევაზ გოგიტიძე კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს ყოფილი თანამშრომელია. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროშიც დაგვიდასტურეს.

გიორგი ბახტურიძე: „ევროპაბეთი“ ცდილობს დადებითი იმიჯი შეიქმნას

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებული თვითრეგულაცია შედეგს არ მოიტანს, თუკი სახელმწიფო არ დააწესებს რეგულაციებს.

„ასეთი ფრაგმენტული მიდგომები შედეგს ვერ გამოიღებს. ჩვენთვის მთავარია, რომ სახელმწიფომ რაც შეიძლება მალე შეასრულოს კონკრეტული მოთხოვნები, რადგან ბოლო 3 თვის განმავლობაში 23 ახალგაზრდა დავკარგეთ“, აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

„გარდა ამისა, აზარტული თამაშების ბიზნესის რეგულირება სახელმწიფოს საქმეა და არა კომპანიების. სახელმწიფოს ვალდებულებაა შექმნას ქვეყანაში ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემო და სათამაშო ბიზნესის რეგულირება ამ პროცესის ნაწილია“,- განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

ცნობისთვის, კომპანია „ევროპაბეთი“ ახალ სოციალურ კამპანიას იწყებს. ეს არის – „პასუხისმგებლიანი თამაში“, რომლის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე. უკვე ჩამოხსნეს კომპანიის სარეკლამო ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.

მთავარი ფოტო: რადიო თავისუფლების

ყალბი facebook-ით პირმა ბათუმში 22 ადამიანს ფული გამოსტყუა

სხვისი სახელით შექმნილი ფეისბუქპროფილით გ.ი.-მ არაერთი ადამიანი მოატყუა და 13 643 ლარის მიღება შეძლო, მან ყალბი ფეისბუქგვერდებით 22 ადამიანი მოატყუა. ეს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო.

საქმის მასალების მიხედვით, ოცდაორივე შემთხვევა თითქმის იდენტურია – გ.ი. ქმნიდა ფეისბუქსში სხვის პროფილებს და მეტი დამაჯერებლობისთვის იმ ადამიანების ფოტოებს ტვირთავდა, ვის სახელზეც აკეთებდა ახალ გვერდს და უკავშირდებოდა ამ პირების ახლო მეგობრებს.

„ფეისბუქმესენჯერის“ გამოყენებით იგი დაუკავშირდა ხ.-ს მეგობარს, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ თ.-ს და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოატყუა, რომ თითქოს იყო ხ., სჭირდებოდა ფულადი თანხა და რამდენიმე დღით ესესხებინა მისთვის 1000 (ათასი) ლარი. ვინაიდან, თ. დარწმუნებული იყო, რომ ესაუბრებოდა ხ.-ს, ინტერნეტ ბანკის გამოყენებით 1000 (ათასი) ლარი ჩარიცხა გ.ი.-ს მიერ „მესენჯერში“ მიწერილ ონლაინ ტოტალიზატორ “კრისტალბეთის” N564186 ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ გ.ი.-მ გააუქმა ხ.-ს სახელით შექმნილი „ფეისბუქ პროფილი“, – ვკითხულობთ განაჩენში.

ამ ისტორიების მიხედვით, გ.ი. მოტყუებით მიღებული თანხით ძირითადად ტოტალიზატორში თამაშობდა, თანხის ნაწილი კი, პლასტიკური ბარათით გამოჰქონდა.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გ.ი. ჯამში 60 ათასი ლარით დააჯარიმა. მან ასევე ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა გ.ი.-ს, რომელსაც ეს სასჯელი პირობით ჩაუთვალა.

სასკოლო არდადეგების 2019-2020 წლის სრული გრაფიკი

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. საგაზაფხულო არდადეგები კი დაიწყება 8 მარტიდან და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

რაც შეეხება ზაფხულის არდადეგებს – პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი დასრულდება 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდეს 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

რაც შეეხება 2-11 კლასების მოსწავლეებს, მათთვის სასწავლო წელი სრულდება 15 ივნისს.

შეცდომის გასწორება: ინფორმაციის თავდაპირველ ვერსიაში არდადაგების თარიღებთან დაკავშირებით დაშვებული იყო გარკვეული უზუსტობა. 

Exit mobile version