მთავარი,სიახლეები

359 000 ლარის მითვისებაზე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წარუდგინეს

12.12.2019 • 1908
359 000 ლარის მითვისებაზე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას [რომელიც ფოთის ყოფილი მერია], ფოთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს ზ.ყ.-ს და შ.პ.ს „კუნძულის“ დირექტორს ე.ღ.-ს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ვერსიით, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე მუშაობის დროს კაკულიამ და ამავე მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსმა ზ.ყ.-მ ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და შპს „კუნძულის“ დირექტორს ე.ღ.-ს უპირატესობა მიანიჭეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

კერძოდ, ფოთის თეატრის მშენებლობის სამუშაოების შესრულების დროს, საჯარო მოხელეებმა – ი.კ.-მ და ზ.ყ.-მ, ყალბად დამზადებული მიღება-ჩაბარების აქტებით, თითქოსდა სამუშაოებმა 9 102 139.71 ლარი შეადგინა, სამუშაოები ჩათვალეს შესრულებულად და ჩაიბარეს, მაშინ როდესაც რეალურად შესრულებული იყო 359 222.81 ლარით ნაკლები სამუშაო.

აღნიშნული ქმედებით ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე და ფოთის მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორს ე.ღ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 359 222.81 ლარის უკანონოდ დაუფლებაში დაეხმარნენ, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ი.კ. და ზ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 25.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით, 25. 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ე.ღ.-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით წარედგინათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

_______

ფოტოზე: ირაკლი კაკულია

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/404102/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: