მთავარი,სიახლეები

ბათუმის წყალი: ჩვენთან თანამშრომლებმაც კი არ იციან ერთმანეთის ხელფასები

30.08.2017 • 3942
ბათუმის წყალი: ჩვენთან თანამშრომლებმაც კი არ იციან ერთმანეთის ხელფასები

„ბატონო მოსამართლევ, ეს ინფორმაცია რომ გაგვეცა, მერე „ენერგო-პრო ჯორიჯიას“ და „სოკარ ჯორჯიასაც“ იგივეს მოსთხოვენ… იძულებული ვიყავი, ასეთი პასუხი გამეცა“, – ასე მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს შპს „ბათუმის წყლის“ იურისტმა, შალვა ფხალაძემ მიმართა. სასამართლო დავის საგანი ინფორმაციის თავისუფლებას ეხება, კონკრეტულად კი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობას. „ბათუმის წყალმა“ ინფორმაცია საშტატო ნუსხის, ასევე თანამდებობრივი სარგოების და აუდიტის დასკვნების შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ არ მიაწოდა.

„სახიფათო პრეცედენტი შექმნა „ბათუმის წყალმა“, როცა ინფორმაცია არ მოგვაწოდა, – დაიწყო მირზა მამულაძემ, საიას იურისტმა. – „ბათუმის წყლის“ დამფუძნებელი არის ბათუმის მერია, ამ შპს-ში 100-პროცენტიან წილს ფლობს მერია და მოგება, დივიდენდებიც შედის ქალაქის ბიუჯეტში. ამიტომ, ჩვენი აზრით, მასზე უნდა ვრცელდებოდეს ადმინისტრაციული კოდექსი. მიგვაჩნია, რომ „ბათუმის წყალი“ საჯარო უფლებამოსილებას ახორციელებს და ამიტომ უნდა გაეცა მას საჯარო ინფორმაცია. ძალიან საინტერესოა ამ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება“.

„ჩვენ არც ერთ თეთრს არ ვიღებთ პირდაპირი წესით მერიისგან და ვართ კერძო სამართლის იურიდიული პირი. ჩვენზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,“ – სასამართლო სხდომის განმავლობაში რამდენჯერმე გაიმეორა ეს შალვა ფხალაძემ, „ბათუმის წყლის“ იურისტმა.

„ბათუმის წყალს“ 2017 წელს ბათუმის მერიამ 10 მილიონ 500 ათასი ლარი გამოუყო, თუმცა შალვა ფხალაძე განმარტავს, რომ ეს პირდაპირი წესით არ ხდება, ხელშეკრულება ფორმდება და „მაშინ სხვა კომპანიებს, ვინც ტენდერის გზით მერიისგან ფულს იღებს, იმასაც უნდა მოეთხოვოს საჯარო ინფორმაციის გაცემა“.

„ბათუმის წყლის“ იურისტი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს-ებს არ ეხებათ ადმინისტრაციული კოდექსი და ამ უწყების წერილობითი უარიც ვერ ჩაითვლება ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტად. სასამართლოსგან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოითხოვს „ბათუმის წყლის“ მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობას და საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულებას.

„ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. ჩვენ მიერ გაცემული პასუხი არის მხოლოდ კორესპონდენცია და კორესპონდენციის ბათილად ცნობას ვერ მოითხოვს სასამართლო,“ – უთხრა მოსამართლეს შალვა ფხალაძემ.

მოსამართლე: „გამოდის, რომ ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით რომ არ მოეთხოვა და ისე მოემართა, მისცემდით იმავე ინფორმაციას?“

„ჩვენს თანამშრომლებთან გაფორმებულია ხელშეკრულება შრომის კოდექსის მიხედვით. ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ, კონფიდენციალურია. ჩვენთან თანამშრომლებმაც კი არ იციან ერთმანეთის ხელფასები… მიემართა საიას მერიისთვის და მიიღებდა ინფორმაციას, მაგრამ საია-ს სურს პრეცედენტი შექმნას და მერე უკვე ყველა კერძო ორგანიზაციას დაევალოს საჯარო ინფორმაციის მიღება,“ – განმარტა შალვა ფხალაძემ.

„თუ ჩათვალეთ, რომ თქვენს ნაცვლად მერიას უნდა ეპასუხა, რატომ არ გადაგვამისამართეთ მერიაში?“ – იკითხა საია-ს იურისტმა, მირზა მამულაძემ.

„თქვენ ისევ აპელირებთ ადმინისტრაციულ კოდექსზე. მე კი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე ეს კოდექსი არ ვრცელდება. ჩვენ არ ვართ ვალდებული, გავცეთ საჯარო ინფორმაცია,“ – უპასუხა მოსარჩელეს „ბათუმის წყლის“ იურისტმა. მისივე თქმით, ინფორმაცია, რასაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ითხოვდა, ხელმისაწვდომია სხვადასხვა ინტერნეტსაიტზე, გარდა ხელფასებისა.

საქმის განხილვა დასრულდა, მაგრამ მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გადაწყვეტილების გამოცხადება რამდენიმე დღით გადადო.

„როგორ გასცემდა მერია ინფორმაციას შრომის ანაზღაურებაზე, თუკი იგი კონფიდენციალურია?“ – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ დაუსვა შალვა ფხალაძეს. მან გვითხრა, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია ხელფასებზე მერიის საკუთრებაა და „თავად მერია გადაწყვეტდა, გაეცა თუ არა ეს ინფორმაცია“.

„ბათუმის წყლის“ იურისტს კიდევ ერთი შეკითხვა დავუსვით: რატომ არ უნდა გასცეს საჯარო ინფორმაცია უწყებამ, რომელიც დაფუძნებულია მერიის მიერ და ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას?

შალვა ფხალაძე: კი, ბატონო, მაგრამ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას რაც უკავშირდება, მაშინ ის ინფორმაცია გამოითხოვეთ, მაგალითად, რამდენი აბონენტია რეგისტრირებული.


ამავე თემაზე:

კანონშეუსაბამო ანაზღაურება „ბათუმის წყალში“ – მასალები პროკურატურაშია

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: