მთავარი,სიახლეები

რას აკეთებენ ციხის „მაყურებლები“, რომლებსაც თეა წულუკიანი მალავს?

12.12.2019 • 4024
რას აკეთებენ ციხის „მაყურებლები“, რომლებსაც თეა წულუკიანი მალავს?

„მაყურებელი როგორ არ არსებობს. ერთი-ორი არის ყველა ციხეში, ზოგან სამიცაა… თუ ბევრია, მერე კონკურენციაა მაგათ შორისაც და იწყება ჩხუბი… „მაყურებლის“ ხელშია გავლენები ყველანაირი, მისთვის ადმინისტრაცია სულ ღიაა, მიდის, მოდის,“ – ამას ყოფილი პატიმარი გიორგი გვიყვება. ის ე.წ. მაყურებლების შესახებ საუბარს ვინაობის დაფარვის პირობით დაგვთანხმდა. გიორგი ციხიდან დაახლოებით 4 თვის წინ გამოვიდა. მისი თქმით, „მაყურებელი“, რომლის გაძლიერებაზეც სახალხო დამცველი საუბრობს და კატეგორიულად უარყოფს იუსტიციის მინისტრი, ყოველთვის იყო და ახლაც არის ციხეში.

„მე 2013 წელს გამოვედი ციხიდან, მერე, 2015 წელს, ისევ შემაბრუნეს,“ – გვიყვება ყოფილი პატიმარი. – „მე ვფიქრობ, აუცილებელია მაყურებელი, ისე არ გამოვა, წესრიგია საჭირო ყველგან. უკეთესი იქნება, თუკი სახელმწიფო იქნება თავის სიმაღლეზე, მაგრამ არაა ასე,“ – ამბობს ის.

გიორგის ინფორმაციით, „მაყურებელი“ იმ დავებში მონაწილეობს, რომლის გადაჭრასაც ადმინისტრაცია ვერ ახერხებს. ასევე ეხმარება პატიმრებს, თუმცა ყოფილი პატიმარი არ გვიმხელს, რა ფინანსური რესურსით ეხმარება „მაყურებელი“ ვინმეს.

„მაყურებელი ყველაფერს აკეთებს… ცემით რომ გითხრათ, ვინმეს ცემდნენ-მეთქი, არ ვიცი, არ შევსწრებივარ. ისე, ჩხუბები ხდება პატიმრებს შორის… ყველაფერს ვერ გეტყვით ახლა, ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა, უშიშროებაა მაგაში ჩართული, ასეა. ყოფილა შემთხვევები უფრო ფსიქოლოგიური ძალადობის, ამიტომაც არის სხვა დამოკიდებულებაც ამ მაყურებლების მიმართ.

მაყურებელი პატიმრების მხარდაჭერის გარეშე კი ვერ გახდება ვინმე. რომ შეხედავ, ანგელოზია, ჩამოყალიბებული, ზრდილობიანი, დაგიდგება გვერდით, ეტყვი, რა გინდა: ტელეფონით სარგებლობა, ავად ხარ, ან რამე, ან განცხადების დაწერა გინდა… პატიმარი ხედავს ხშირად, რომ რაღაც ეკუთვნის და ადმინისტრაცია ვერ უგვარებს, ამ დროს იძულებულია მიმართოს სხვას. როცა ასეთი კაცი გამოჩნდება, იმისთვის მერე ადმინისტრაციის კარიც ღიაა, სამეურვეო საბჭოს წევრიც ხდება, სამსახურივითაა რა“ – გვითხრა ყოფილმა პატიმარმა.

გიორგიმ უარი თქვა კონკრეტული შემთხვევების გახსენებაზე, სადაც გამოჩნდებოდა, რა როლს ასრულებს „მაყურებელი“ პატიმრებს შორის არსებულ კონფლიქტებში. ის მოგვიყვა, რომელი კატეგორიის პატიმრები ხდებიან „მაყურებლებისგან“, ან მათი გავლენებით სხვებისგან ფსიქოლოგიური, ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

„თუ, მაგალითად, გაუპატიურების გამო მოხვდი ციხეში, ან არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო, ან კარგი ადამიანის ფული თუ შეჭამე, ან ვინმე მოკალი და არასწორად გყავს მოკლული, მაშინ მოგხვდება ცხვირშიც,“ – დასძინა ყოფილმა პატიმარმა „ბათუმელებთან“.

„მაყურებლების“ შესახებ რასაც ჰყვება ყოფილი პატიმარი, ადასტურებს ცირა ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული დირექტორი. „ეს ამბავი არ არის დაფარული და მინიმუმ გასაკვირია, როცა ამას ასე უარყოფს თეა წულუკიანი,“ – ამბობს ცირა ჭანტურია და ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის 2018 წელს მომზადებულ დასკვნას გვაჩვენებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მათ ნახეს „პატიმართა არაფორმალური იერარქიის გავლენა“.

სევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო N15 დაწესებულებაში პატიმართა არაფორმალური იერარქიის გავლენა. ამ გავლენის ერთ-ერთი გამოვლინება იყო ის ფაქტი, რომ ბევრ პატიმარს აშკარად არ ჰქონდა სურვილი და ეშინოდა კიდეც დელეგაციასთან გასაუბრების (თუმცა რამდენიმე მათგანმა საბოლოოდ აღიარა, მეტ-ნაკლებად გამოხატულად, რომ დაწესებულებაში იყვნენ ეგრეთ წოდებული ,,მაყურებლები“, სავარაუდოდ, თითო სართულზე – თითო). გარდა ამისა, სხვადასხვა საკანში შეინიშნებოდა მატერიალურ პირობებს შორის აშკარა განსხვავება (ზოგიერთი საკანი თითქმის ფუფუნებით იყო მოწყობილი) და დელეგაციას თან დაჰყვებოდა რამდენიმე თვითმარქვია „ციხის ლიდერი“, რომლებიც თავიანთ სტატუსს გამოხატავდნენ თავიანთი ქცევით და დამოკიდებულებით. აღსანიშნავია, რომ N15 დაწესებულებაში პატიმართა მიერ მიღებული დაზიანებები, რომლებიც სამედიცინო პერსონალმა აღრიცხა, დიდი ალბათობით გამოწვეული იყო პატიმართა შორის ძალადობით. აღირიცხა რამდენიმე პატიმარი, რომლებიც ითხოვდნენ N8 დაწესებულებაში გადაყვანას მათივე უსაფრთხოებისათვის,“ – აღნიშნულია ევროსაბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის CPT-ის დასკვნაში.

ცირა ჭანტურია ამავე ორგანიზაციისთვის თეა წულუკიანის უწყების მიერ გაგზავნილ პასუხზეც ამახვილებს ყურადღებას.

„საპასუხო ანგარიშში წერია, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს აქვს შექმნილი სპეციალური ჯგუფი, სადაც განიხილავენ პატიმართა შორის ძალადობის აღმოფხვრის კომპლექსურ ღონისძიებებს, ირიბად იგულისხმება ის, რომ არ უნდა იყვნენ პრივილეგირებული პატიმრები, რომლებიც სხვებზე ძალადობენ, რომლებიც აიძულებენ სხვებს, რომ ამ იერარქიას დაექვემდებარონ,“ – აღნიშნავს ცირა ჭანტურია.

ყოფილი პატიმრის მსგავსად, ცირა ჭანტურიაც ამბობს, რომ „მაყურებელს“ ციხე არასდროს დაუტოვებია და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინფრასტრუქტურული მოწყობაა – წესრიგის დაცვა რთულია ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც ზოგჯერ პატიმართა რაოდენობა 2 ათასს აჭარბებს. ცირა ჭანტურია შენიშნავს, რომ ევროპული სტანდარტით, არც ერთი სახის დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობა 500-ს არ უნდა აღემატებოდეს და უნდა არსებობდეს პროპორცია პატიმართა რაოდენობასა და თანამშრომლებს შორის.

„ახლა უფრო გამოჩნდა ეს პრობლემა, რადგან მას სხვა, უფრო მწვავე პრობლემები ფარავდა… ეს იმდენად ფესვგადგმული სისტემაა, მხოლოდ პენიტენციური სამსახური ვერ შეცვლის მას. ყველამ ვიცით, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის საქართველო ლიდერობდა კრიმინალური ავტორიტეტების რაოდენობით…. შესაბამისად, ამ საკითხს სჭირდება სიღრმისეული მსჯელობა იურისტების, კრიმინოლოგების, სოციოლოგების ჩართულობით. ჩვენ რამდენჯერმე მოვიწვიეთ დისკუსიაზე იუსტიციის სამინისტრო, მაგრამ გვითხრეს, რომ აი, არ სცალიათ. ეს თემა სამინისტროს დახურული აქვს. მთავარი პრობლემა ესაა – პოლიტიკური ნების არქონა,“ – გვითხრა ცირა ჭანტურიამ, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონულმა დირექტორმა.

„ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენლები თითქმის ერთი წელია ციხეებში სიტუაციის შესასწავლად  ვეღარ შედიან. ცირა ჭანტურია განმარტავს, რომ კანონით ამის ვალდებულება იუსტიციის სამინისტროს არ ჰქონდა და თეა წულუკიანმა ამ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ციხეებში შესვლისთვის „კეთილი ნების“ გამოხატვა საჭიროდ არ ჩათვალა.

„ეს ალბათ კარგად გამოხატავს დამოკიდებულებას საზოგადოებრივ კონტროლზე… ციხეებში შედიან არასამთავრობო ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომლებიც სახალხო დამცველის წამების პრევენციის მექანიზმში არიან ჩართულები. ისინი ვალდებული არიან, ერთობლივი ანგარიში მოამზადონ სახალხო დამცველთან ერთად და ცალკე, ორგანიზაციის სახელით ინფორმაციას ვერ გაავრცელებენ“, – გვითხრა ცირა ჭანტურიამ.

ციხეებში შედიან სახალხო დამცველის წარმომადგენლები, თუმცა სახალხო დამცველი დღეს ამბობს, რომ პატიმრები აღარ ლაპარაკობენ საკუთარ პრობლემებზე „მაყურებლის“ ნებართვის გარეშე.

„ასე ვემსგავსებით მეზობლებს… სომხეთში ასეა დიდი ხანია. იქ პატიმრებს უბრალოდ ჩივილის უფლება არ აქვთ,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ცირა ჭანტურიამ.

ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ 10 დეკემბერს განაცხადა, რომ ციხეებში არსებობს სისტემური არაფორმალური მმართველობა.

___

ამავე თემაზე: ნახეთ რა წერია სახალხო დამცველის განცხადებაში ციხის მაყურებლებთან დაკავშირებით.

ომბუდსმენი ციხეებში ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტის სისტემურობაზე მიუთითებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: