Batumelebi | რატომ არ იყიდება სეზონური გრიპის ვაქცინა რატომ არ იყიდება სეზონური გრიპის ვაქცინა – Batumelebi
RU | GE  

რატომ არ იყიდება სეზონური გრიპის ვაქცინა

თუ გადაწყვიტეთ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება და ბათუმში ცხოვრობთ, ამას ჯერჯერობით ვერ მოახერხებთ. სააფთიაქო ქსელებში აცხადებენ, რომ ვაქცინა მინიმუმ 15 ნოემბრის შემდეგ შემოვა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა სააფთიაქო ქსელების სათავო ოფისებს იმის გასაგებად, როდის შემოვა სეზონური გრიპის ვაქცინა, მაგალითად, ბათუმის სააფთიაქო ქსელებში, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.

სააფთიაქო ქსელ „ავერსში“ გვითხრეს, რომ მხოლოდ წერილობით უპასუხებენ შეკითხვას – როდის შემოვა ბათუმის ქსელში გრიპის ვაქცინა.

რაც შეეხება „ჯი პი სი“-ის აფთიაქების ქსელს – კომპანიაში გვითხრეს, რომ ვაქცინას ვერც მათ ქსელში შევიძენთ, რადგან „დიდი მოთხოვნა იყო და მარაგი ამოიწურა“. ზუსტი თარიღი, თუ როდის იქნება ვაქცინა ქსელებში, ვერც ამ კომპანიაში გვითხრეს.

ვაქცინის გაკეთება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგალითად, მედალფას ქსელში, იაშვილის კლინიკაში, ევექსის ქსელში და ა.შ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ ეტაპზე, როცა აჭარაში საგრძნობლად აცივდა, ვერც ეს კლინიკები სთავაზობენ მოქალაქეებს მსგავს მომსახურებას.

„ამ ეტაპზე ამოწურულია მარაგი, ნოემბრიდან განახლდება, ალბათ უფრო პირველი ნახევრიდან“, – გვითხრეს „ევექსში“.

გასული წლის პრაქტიკის გათვალისწინებით, როცა გრიპი მასობრივად გავრცელდა და H1N1-ს რამდენიმე ადამიანიც ემსხვერპლა, ხომ არ ჰქონია სახელმწიფოს კერძო სექტორთან ვაქცინის დროულად შემოტანის თაობაზე კომუნიკაცია? ხათუნა ზახაშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ამ კითხვის პასუხად გვიხსნის:

„თუ ვაქცინა არ არის ფიზიკურად, როგორ შემოიტანს კერძო სექტორი… კარგია, ახლა რომ დაიწყოს ვაქცინაცია, მაგრამ ახლა ყველა ქვეყანა ყიდულობს, შესაბამისად, მწარმოებელს აწყობს ერთიანად გაუშვას დიდ ქვეყნებზე დაკვეთები. ვიცით, რომ მოგვიანებით შემოიტანს კერძო სექტორი. ვიცით, რომ 15 ნოემბრის მერე შემოიტანს, მაგრამ ეს არ არის დაზუსტებული, ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული“.

ხომ არ იქნება დაგვიანებული ნოემბრის მეორე ნახევრიდან ამ ვაქცინის გაკეთება? – ხათუნა ზახაშვილის თქმით, „საქართველოში ჯერ გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, გინდაც ცირკულირებდეს, არანაირ ეტაპზე არ არის უკუჩვენება, რომ ჩატარდეს ვაქცინაცია.

მაქსიმუმ ორი კვირა სჭირდება ორგანიზმს ვაქცინის გაკეთებიდან იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად.  უფრო ადრე ვაქცინა ხელმისაწვდომი ფიზიკურად არ იყო, არ არსებობდა, რომ შემოგვეტანა. მომწოდებელთან ხელშეკრულება გაფორმებულია ივნისში. გრაფიკით ასე დადგინდა – მწარმოებელმა განაცხადა, რომ ამაზე ადრე ვაქცინა არ ექნება, როგორც არის ისე უნდა შემოიტანო. ახლაც ძალიან ეფექტურია ვაქცინაციის ჩატარება“.

რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რისკჯგუფებისთვის ვაქცინის უფასოდ გაცემას – ხათუნა ზახაშვილის თქმით, სეზონური გრიპის ვაქცინა, მაგალითად, აჭარაში დღეს, 31 ოქტომბერს შემოვა და ბენეფიციარებს მისი მიღება, სავარაუდოდ, ხვალიდან შეეძლებათ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ვაქცინაცია სრულად უსაფრთხოა და რეკომენდებულია ნებისმიერი ადამიანისთვის, თუმცა არსებობენ რისკჯგუფები, ვისთვისაც ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სახელმწიფო სწორედ მათ გადასცემს ვაქცინას უფასოდ. ესენია:

  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ნებისმიერი ადამიანი
  • დიალიზზე მყოფი პაციენტები
  • C ჰეპატიტითა და აივ ინფიცირებული პირები
  • სამედიცინო პერსონალი
  • საბავშვო ბაღების პერსონალი
  • სხვა სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული ჯგუფები
  • ორსულები ნებისმიერ ტრიმესტრში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა მიჩნეული. გრიპის შტამი ყოველ წელს იცვლება და, შესაბამისად, ყოველ წელს ახალი ვაქცინა იქმნება, რომელიც ამ კონკრეტულ შტამზეა მორგებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან