კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის ელექტრონული აუქციონი წინასწარ გამოცხადებული მყიდველით

12.12.2019
აჭარის მთავრობის ელექტრონული აუქციონი წინასწარ გამოცხადებული მყიდველით

აჭარის მთავრობა, აუქციონის წესით, რომელიც 10 დეკემბერს გამოაცხადა, ბარათაშვილის #30-ში მდებარე შენობას ყიდის. ამ მისამართზე საოჯახო მედიცინის ცენტრი ფუნქციონირებს. ზუსტად ამ მისამართზე 14 ნოემბერს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს ახალი სამშენებელო პროექტის პირველი ეტაპი შეათანხმა კომპანიამ – „სახლი ბარათაშვილზე“. შესაბამისად, საფუძვლიანია ვარაუდი, რომ საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობის აუქციონზე გატანა მთავრობას სწორედ ამ კომპანიამ სთხოვა [ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია, ამიტომაც ითანხმებს პროექტს სააგენტოს ზონალური საბჭო].

    საოჯახო მედიცინის ცენტრის ნაცვლად 8-სართულიანი კომპლექსი – პროექტი ბარათაშვილზე

ზონალური საბჭოს  სხდომაზე წარდგენილი ინფორმაციით, კომპანია საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობაზე ორი სართულის დაშენებას გეგმავს, მის გვერდით კი გორგასლის ქუჩის მხრიდან რვასართულიან ახალ შენობას ააშენებს. პროექტი ამ შენობის ახალ სამშენებლო კომპლექსში მოქცევას ითვალისწინებს [შენობა აჭარის მთავრობას ეკუთვნის, ხოლო საოჯახო მედიცინის ცენტრი მოიჯარეა].

პროექტის ეს რენდერი აჩვენებს, დაახლოებით რა მასშტაბის მშენებლობას გეგმავს კომპანია [ახალი სამშენებლო კომპლექსი ბათუმში, პირველი საჯარო სკოლის უკანა მხარესაა დაგეგმილი].

აუქციონი, რომლითაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შენობა გასაყიდად გამოიტანა, პირობიანია. მთავრობა სამედიცინო დაწესებულების შენობის რეკონსტრუქციას ითხოვს. მოთხოვნებშია ასევე მისი ცალკე საკადასტრო ერთეულად დარეგისტრირება და სამედიცინო პროფილის არანაკლებ ათი წლის ვადით შენარჩუნება.

მთავრობა ითხოვს ასევე საოჯახო მედიცინის ცენტრში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სამსახურის შენარჩუნებას.

მოთხოვნების ჩამონათვალშია ისიც, რომ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების, მათ შორის, რეკონსტრუქცია-რემონტის პერიოდში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. რამდენად შესაძლებელია ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაშინ, როცა კომპანია შენობაზე ორი სართულის დაშენებას გეგმავს, ამ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს.

გასაყიდად გამოტანილი შენობა 801,90 კვადრატული მეტრია, მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი კი – 1972 კვადრატული მეტრი. ამ ქონების საწყისი ფასი 2 მილიონ 395 500 ლარია, ხოლო ბიჯი – 60 000 ლარი.

ინვესტორი აპირებს ასევე საოჯახო მედიცინის ცენტრის მიმდებარედ კერძო მესაკუთრეებისგან შენობებისა და მიწის ნაკვეთების გამოსყიდვას. ზონალური საბჭოსთვის წარდგენილი ინფორმაციით, ინვესტორი გორგასლის #45-დან ბარათაშვილის #30-ის ჩათვლით ტერიტორიის ათვისებას გეგმავს.

წითლად მონიშნულია ტერიტორია, რომლის ათვისებასაც ინვესტორი გეგმავს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: