მთავარი,სიახლეები

ვინც ზრუნავს ქვეყანა დარჩეს რუსულ ორბიტაზე, ქართულ საინფორმაციო წყაროებს იყენებს – ინტერვიუ

11.12.2019 • 1899
ვინც ზრუნავს ქვეყანა დარჩეს რუსულ ორბიტაზე, ქართულ საინფორმაციო წყაროებს იყენებს – ინტერვიუ

ხელისუფლება თავად არის დღეს ტროლი – გვითხრა ინტერვიუს დროს თინა ხიდაშელმა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით საქართველოს ხელისუფლების აქტივობაზე ვესაუბრეთ. რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სამუშაოდ სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახური წლების წინ რამდენიმე უწყებაში შექმნეს, თუმცა საზოგადოებისთვის ჯერ არავის განუმარტავს: რას აკეთებენ ეს სამსახურები, რა შედეგი დადეს, ან სად აღმოვჩნდით უძლური, თუკი რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას რეალურად ვებრძვით.

როგორია და როგორი უნდა იმუშავოს საქართველოს ხელისუფლებამ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ? – ინტერვიუ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, თინაათინ ხიდაშელთან ჩავწერეთ.

  • ქალბატონო თინათინ, მართალია, ქვეყანაში შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურები, თუმცა საზოგადოებამ არ იცის, რა გააკეთეს ამ სამსახურებმა. თქვენი შეფასებით, რამდენად აქტიურად მუშაობს ხელისუფლება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, თქვენ თუ გაქვთ ეს ინფორმაცია?

მე მაქვს ის ინფორმაცია, რაც აქვს ზოგადად საზოგადოებას. შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი შეცვლილა ამ სამსახურების შექმნით, გარდა იმისა, რომ ეს სამსახურები შეიქმნა და ისინი, ძირითადად, ითავსებენ PR სამსახურების ფუნქციას. არც დეზინფორმაციასთან ბრძოლა არ არის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურების საქმე. საუბარია გრძელვადიან გეგმაზე, როგორ წარმოუდგენია ქვეყანას კონკრეტულ საფრთხესთან გამკლავება. პირველ რიგში, ასეთი გეგმაც კი არ ჩანს. ჩვენ არ ვიცით, რა ამოცანას ემსახურება ეს ნარატივი. რასაც ვიგებთ გარედან, არის ის, რომ დგას დეზინფორმაციის საკითხი, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანია. სტრატეგიული კომუნიკაცია არის ის, რასაც ჩვენ უნდა ვხედავდეთ და ვაცნობიერებდეთ.

  • რატომ ვერ მუშაობენ ეს სამსახურები: ხელისუფლებას არ აქვს ნება თუ რესურსი არ ჰყოფნის?

ვფიქრობ, ხელისუფლებას არ აქვს მთავარი რამ – არ იცის, რა არის ამ წუთას დღის წესრიგი. ხელისუფლებას არ იცის, მაგალითად, რა უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს ნარატივი 2020-25 წლებში. ჩვენ ვცხოვრობთ ვითარებაში, როდესაც მმართველი ელიტა ცხოვრობს მხოლოდ დღევანდელი დღით, უფრო სწორი იქნება, გვეთქვა, გუშინდელი დღით ცხოვრობენო, მაგრამ მოდით, ცოტათი ვაპატიოთ. და როცა ხვალინდელი დღეს ვერ ხედავ და მუდმივად გარე მოვლენებზე ხარ დამოკიდებული, მაშინ, რა თქმა უნდა, სხვა გისაზღვრავს დღის წესრიგს. სხვა თუ გისაზღვრავს დღის წესრიგს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სტრატეგიული ნარატივი არ გაქვს და კომუნიკაცია ვერ გექნება. ამ დროს მთლიანად ხარ მხოლოდ რეაგირების რეჟიმში და დამოკიდებული ხარ სხვების ნარატივზე. ეს არის მთავარი პრობლემა და არა ის, რომ ყველას კოლექტიურად, ან ვინმეს ცალკე აღებულს არა აქვს ცოდნა, ან ტექნიკურად არ შეუძლია დავალების შესრულება.

  • რა შეიძლება იყოს ეს კონკრეტული ნაბიჯები? მაგალითად, ტალინში გაქირავებული ფართობების მესაკუთრეებმა უარი უთხრეს რუსული პროპაგანდისტული მედიას – „სპუტნიკს“ ფართობის დათმობაზე. „სპუტნიკი“ მუშაობს საქართველოშიც…

„სპუტნიკს“ არავითარი გავლენა კრიტიკულ მასაზე არ აქვს საქართველოში, ეს არის მეორე მხარეს შექმნილი მითი. არ არსებობს არცერთი მონაცემი, რომელიც ჩემს სიტყვას გააბათილებს. ეს რომც გააკეთოს ხელისუფლებამ, იქნება რეაქცია რაღაცაზე, არ იქნება მისი ამოცანების ერთობლიობა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, ეს არის მოსახლეობასთან კომუნიკაცია და არა ვინმე სხვასთან, კომუნიკაცია იმაზე, რომ რას აშენებს, საით მივდივართ… ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ და არ გვაქვს იმის ბედნიერება და თავისუფლება, რომ დანარჩენი სამყარო ვამყოფოთ მუდმივად გაოგნებულ მდგომაროებაში, რომ ვაიმე, ქართველებს რა უნდათ?

  • ცოტა ხნის წინ ლატვიამ აკრძალა 9 რუსული ტელევიზიის მაუწყებლობა. ეს რამდენად მართებული იყო, თქვენი აზრით? 

საქართველოშიც იყო ასე, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია რუსული პროპაგანდისთვის. საქართველოს აქვს რამდენიმე განმასხვავებელი ლატვიის და იგივე ესტონეთისგან: ჩვენ არ გვყავს რუსი მოსახლეობა, ლატვიის და ესტონეთისგან განსხვავებით… ბუნებრივი ბმა რუსულენოვან პროპაგანდისტულ მედიაზე საქართველოში მოსახლეობას ინსტინქტის დონეზე არ აქვს.

  • ფიქრობთ, რომ არც რუსულ პროპაგანდისტულ ფილმებს, ან მუსიკას არ აქვს გავლენა, როცა ამას უყურებენ საქართველოში?

ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობაზე, მაგალითად, ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ტელეკომპანია „იმედი“ და არა რომელიმე რუსული ტელევიზია. გაცილებით უფრო დიდი საფრთხე და ხიფათი მომდინარეობს ტელეკომპანია „იმედიდან“, ვიდრე, მაგალითად, „სპუტნიკიდან“, ან „Russia Today“-დან… თანაც, ჩვენ პრინციპულად განსხვავებული ვითარება გვაქვს, ვიდრე ლატვიაში, ან ესტონეთში და ამას აქვს ობიექტური მიზეზები: როდესაც ოკუპაცია ცოცხალია, ჩვენ ხომ რაღაც ისტორიაზე არ ვსაუბრობთ? ახლაც დგას რუსული ტანკი საქართველოში და პირდაპირი რუსული პროპაგანდა ასეთ ქვეყანაში, როგორც წესი, არ მუშაობს.

იმ ადამიანებმა, რომლებიც ზრუნავენ საქართველო დარჩეს რუსულ ორბიტაზე, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც შეარჩიეს კომუნიკაციის გზა და ხერხები. ისინი აქცენტს აკეთებენ არა პირდაპირ რუსულ ტრადიციულ დეზინფორმაციულ წყაროებზე, რამედ არაპირდაპირ წყაროებზე და ქართულ საინფორმაციო სივრცეს იყენებენ, იმ სივრცეს, რომელსაც მოსახლეობა მიჩვეულია. ჯერ კიდევ გუშინ „იმედი“ ამ ქვეყანაში ყველაზე საიმედო და საყვარელი ტელევიზია იყო. ადამიანებს ჩვევაში ჰქონდათ, მაგალითად, „კურიერი“ 9 საათზე უნდა ჩაგერთო შევარდნაძის დროს, ასე იყო შემდეგ „ქრონიკა“ 8 საათზე. ეს არის ის გზა, რომელიც შეირჩა მოწინააღმდეგის მხრიდან ქართველ მოსახლეობაზე გავლენისთვის და ეს მშვენივრად მუშაობს. მათი მთელი პლუსი მდგომარეობს იმაში, რომ არასწორხაზოვანი მიდგომები აქვთ ქვეყნის რეალობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე. იციან, რა უნდათ, შესწავლილია სამიზნე ჯგუფი და მესამე – ყველაზე მთავარი ამ ტაქტიკაში: დროის ზუსტად შერჩევა, მაგალითად, როცა 20 ივნისს გამოვარდა ქუჩაში ლამის მთელი საქართველო, მაშინ არ იმოქმედებს, გადაივლის პიკი, მერე ისევ მუშაობს.

  • რა გამოჩნდა „20 ივნისის მოვლენებში“ რუსული პროპაგანდის გავრცელების კუთხით? ხელისუფლების მაღალჩინოსნები საუბრობდნენ იმაზე, რომ რუსი ტურისტების გარეშე სეზონი ჩავარდებოდა და ეს იქნებოდა დარტყმა ქართული ეკონომიკისთვის…  

გამოჩნდა ის, რომ პუტინის განცხადების შემდეგ ხელისუფლებამ ფანტასტიკურად შეასრულა მთავარი რუსული რბილი ძალის როლი ამ ქვეყანაში და არავითარი „სპუტნიკი“ არ სჭირდებოდათ. ტრაგიზმი, რომელიც შექმნეს მაღალჩინოსნებმა, მიკროფონებთან როცა დადგნენ და მტირალა სახით გვითხრეს, როგორ ჩამოიქცეოდა საქართველოს ეკონომიკა, მოსახლეობას შემოსავლები აღარ ექნებოდა…  შენ შესაძლოა ვიღაც გიყვარდეს, ან გძულდეს, მაგრამ მთავარი ეს არ არის, გიყვარს, თუ გძულს, მთავარია, რომ აღიარებდე  მას, როგორც უპირატესი ძალის მქონეს. ჩვენმა ხელისუფლებამ სწორედ ეს აჩვენა – რუსეთის უპირატესობა და ის, რომ მათზე ვართ დამოკიდებული.

  • მიზანმიმართულად შეასრულა ხელისუფლებამ რუსული პროპაგანდისტული მანქანის ფუნქცია ამ შემთხვევაში, თუ ეს მოხდა გაუცნობიერებლად?

მე, მაგალითად, არ მჯერა არცერთი სიტყვის, როდესაც სალომე ზურაბიშვილზე ამბობენ, არ იცის, გამოცდილება არ აქვს. სინამდვილეში ძალიან კარგად იცის ყველაფერი, ზღაპარია ეგ. აბსოლუტურად იგივე შემიძლია გითხრათ ბატონ გახარიაზე – არცერთი წამით არ ვაკეთებ იმის დაშვებას, რომ არ ესმის მავნებლობა, რაც ამ პოლიტიკაში იყო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. მაგალითად, ენძელა მაჭავარიანს შესაძლოა არ ესმის და აჰყვა სავარაუდოდ იმ განცხადებებს, რომელსაც აკეთებდნენ მისი პარტიის ლიდერები.

მე არასდროს მითქვამს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის პრორუსული და არც არასდროს ვიტყვი, რადგან არ მჯერა იმის, რომ მაგალითად, დავით ზალკალიანი არის პრორუსი, მაგრამ ამ პროცესში გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავიდან ბოლომდე მუშაობს რუსული ნარატივით. ეს იმიტომ კი არ ხდება ასე, რომ უთხრა ვიღაცამ, რომ ეს უნდა თქვან, ან ფულს უხდიან, ტელეფონზე ურეკავენ და ავალებენ – არა, ხელისუფლებას, უბრალოდ, საკუთარი ნარატივი არ აქვს. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ მთავარი კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს უსვამენ ნორმალური, სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლებაში მყოფი პირები, არის ეს: ჩემი ქვეყნისთვის იქნება მომგებიანი, თუ დამაზიანებელი? საქართველოს ხელისუფლებაში კი, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარ თავს უსვამენ ასეთ შეკითხვას: ეს რუსეთს გააბრაზებს, თუ არა? ამ კითხვის პასუხის შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილებები.

  • რატომ ხდება ასე? 

ასე ხდება იმიტომ, რომ მათ არ იციან მართვა, არ იციან, რა სჭირდება ამ ქვეყანას, არ აქვთ გამბედაობა და პოლიტიკური გამოცდილება. ჩვენი ხელისუფლების პრობლემა არის ის, რომ ისინი არიან ტურისტებად მოსული. არცერთი ადამიანი არ არის ხელისუფლებაში, რომელსაც საკუთარი თავი ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქვს დანახული. და როცა ქვეყანაში ტურისტად ხარ მოსული, შესაბამისად, სტრატეგიული ხედვები და გრძელვადიანი ამოცანები არ გაქვს. ამ დროს ერთადერთი ამოცანა გაქვს – გადარჩე. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა ერთ-ერთმა მინისტრმა, შევალთ ისტორიაში იმით, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ომი არ ყოფილაო. აი, ეს არის ამოცანა, რომელიც მათ აქვთ, ოღონდ ნუ იქნება ომი და ამის იქით თუნდაც დანგრეულა ქვეყანა.

მეც ვადასტურებ, რომ ომი, რა თქმა უნდა, კატასტროფაა, მაგრამ თუ ეს არის მთავარი ამოცანა, ანუ ნეგატიური ამოცანა, რომ რაღაც არ მოხდეს და არა პოზიტიური, რომ რაღაც მოხდეს, შესაბამისად, არა იმის მიხედვით იწყებ  ფიქრს, რომ ეს კარგი ამბავი მოხდეს, რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგა, არამედ იმაზე ფიქრობ, რომ რაღაც არ მოხდეს და, შესაბამისად, რა არ უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ვიღაც არ გააღიზიანო, რის გამოც მერე ეს უბედურება შეიძლება დაგემართოს.

  • „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევების მიხედვით, არსებობს შემთხვევები, როცა  რუსული პროპაგანდის სასარგებლოდ მომუშავე ე.წ. ტროლები კრიტიკულ სიტუაციებში აქვეყნებენ პოსტებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ეს რას აჩვენებს თქვენთვის?

დღეს [10 დეკემბერი] პრეზიდენტი იყო ასეთი მთავარი ტროლი და რაღად გინდათ სხვა, როცა თქვა, არ გვყავს ჯარი და არც იარაღიო… ის ხელისუფლება, რომელიც რუსული პროპაგანდის ამ ნარატივს ხელს არ უშლის და რაც ვნახეთ ამ ზაფხულში, პირიქით, ეხმარება, ის ხელისუფლება ყველაზე უფრო სასარგებლოა მათთვის. ამიტომაც ბუნებრივია, რომ  ისინი დასახმარებლად ყოველთვის მივლენ, როცა კრიზისი დაუდგება ხელისუფლებას.

„ოცნებას“ რომ თავი დავანებოთ, ჩვენ მეორე პარტიაც გვყავს პარლამენტში. შავრაზმული პოლიტიკა და რეტროგრადული ძალები მობილიზებული არიან და ლამის სამხედრო წესრიგი აქვთ, ისე მოქმედებენ, განსხვავებით მეორე ძალისგან – ლიბერალ-დემოკრატებისგან, რომლებიც ძირითადად ერთმანეთისთვის ნიშნით მოგების ენით ლაპარაკობენ.

  • თქვენი აზრით, რამდენად სწორი იქნება, თუკი ხელისუფლება მიმართავს, მაგალითად, „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას კონკრეტული გვერდების აკრძალვის მოთხოვნით, თუკი ეს გვერდები რუსული პროპაგანდის გავრცელებას ახდენენ სიძულვილის ენის გამოყენებით?

სწორი კი არა, ეს აუცილებელია, მაგრამ როდესაც თავად ხელისუფლებაა ტროლი და დღეს პრეზიდენტმა ეს ღია ეთერში გვაჩვენა, იმ ტიპის ზეწოლა, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები ახორციელებენ ახლა, რომ რუსული დეზინფორმაციის საშუალებებს ებრძოლონ, მე ამის მოლოდინი არა მაქვს.

სხვათა შორის, ამ გვერდებს ვინც მართავს, აქვთ ტაქტიკა: რაღაც კრიტიკული ნიშნულს მიაღწევენ და შემდეგ ახალი გვერდებით იწყებენ ოპერირებას. ახლადშექმნილი გვერდი შესაძლოა იმავე პოპულარობით მოგვევლინოს უცებ, რაც ჰქონდა იმ გვერდს, გუშინწინ რომ არსებობდა. სახელმწიფო ზუსტად აქ უნდა ჩაერიოს და იმუშაოს. მე, ერთ მოქალაქეს მაქვს „ფეისბუქთან“ ურთიერთობის 99 პროცენტიანი დადებითი შედეგი და, რა თქმა უნდა, ეს მუშაობს, შესაძლებელია ამის გაკეთება.

  • ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების დღეებში კარასინმა თქვა, რომ საქართველოში გაიხსნება რუსული ენის და კულტურის ცენტრი. თქვენი აზრით, რაზე იყო ეს გათვლილი? 

არ მჯერა, რომ კარასინის ეს განცხადება აბსოლუტურად არაფრისგან იყო მოტანილი, იმის მიუხედავად, რაც თქვა ზურაბ აბაშიძემ. ვფიქრობ, შესაძლოა ზურაბ აბაშიძესთან არ იყო განხილული ეს საკითხი, მაგრამ ის, რომ ეს საკითხი არ იყო განხილული საქართველოს ხელისუფლებასთან, ამის არ მჯერა. ჩვენთან ხომ გავრილოვის თემისა არ იყოს, გადაწყვეტილებებს იმის მერე იღებენ, ქუჩაში რომ ხალხი გამოვარდება, თორემ მანამდე არ ფიქრობენ. ვიღაცამ შესაძლოა ეს იდეა თქვა და განათლების, კულტურის სამინისტროში თქვეს: უი, რა პრობლემაა, ჩვენ ხომ გვიყვარს რუსული კულტურა, „ორი რუსეთი“ და ის, რომ „პოლიტიკა და კულტურა სხვადასხვა რამეა“… შემდეგ უკვე, როდესაც რეაქცია ნახეს, თქვეს, რომ არა, კარასინმა მოიგონა.

  • გერმანიაში საქართველოს მოქალაქის – ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანიამ რუსი დიპლომატები გააძევა. დღემდე საქართველოს ხელისუფლება ამ მკვლელობაზე ჩუმად ყოფნას ირჩევს. ეს არის გზავნილი, რომ რუსეთი, სადაც არ უნდა იყოს, როდესაც უნდა, მაშინ მოკლავს ჩვენს მოქალაქეს და ჩვენი სახელმწიფო ამას არც შეიმჩნევს?

დუმილი ამ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია, როდესაც არ იციან, რა თქვან, რა ჯობია, რუსეთს გააღიზიანებს თუ არა, ამ დროს არჩევენ, რომ არაფერი თქვან. არის მეორე პასუხიც – საქართველოს ხელისუფლებამ გვაჩვენა მაჩალიკაშვილის საქმიდან გამომდინარე, რომ  თუკი ის თვლის, რომ ვიღაც ტერორისტია, ცუდი კაცია პირობითად, ის ადამიანად არ მიაჩნია და მისი სიკვდილი არაფრად ფასობს. ბევრნაირი პასუხია ამ კითხვაზე იმის მიხედვით, თუ სადამდე მიდის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების ამორალობასა და უზნეობასთან დაკავშირებით.

  • რომელ ქვეყნებში მიაღწია შედეგს რუსული პროპაგანდის მუშაობამ, რამდენად დიდია ეს გავლენა და რა შედეგს აღწევს ევროპა ამ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში?

გააჩნია რას მივიჩნევთ შედეგად. თუ ვიტყვით იმას, რომ რუსეთის ამოცანა არის საბჭოთა კავშირის აღდგენა, ჯერჯერობით შედეგი არ დამდგარა და სოჭშიც შეხვედრა ხელმოწერის გარეშე დამთავრდა, ბელორუსთანაც არ შედგა შეთანხმება. ამ თვალსაზრისით, თუ ყველაზე ზედა ზღვარს ავიღებთ, ანუ რაც პუტინმა მიუნხენის კონფერენციაზე მთელ ქვეყანას გვითხრა – საბჭოთა კავშირის დაშლა იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც უნდა გამოასწოროს, ეს მიზანი არ არის მიღწეული. თუ ამ მიზნიდან ცოტა ქვევით წამოვალთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან შეძლო, მაგალითად,  ევროკავშირის გაფართოების შეჩერება, ვნახეთ, რაც მოხდა მაკედონიასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჯერ საერთოდ აქამდე საქმე არ მისულიყო და პუტჩი მოაწყო მაკედონიაში პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ეს პროცესი გაეჩერებინა.

ევროკავშირში რუსეთმა მოახერხა ის, რომ საკუთარი პარტნიორების საშუალებით ერთგვარი არეულობა შეიტანა და ამის კარგი მაგალითია უნგრეთი. მაგალით-მაგალითებით შეგვიძლია ამას გავყვეთ და ვნახავთ, რომ რუსული ინტერესი აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის ხელისუფლებებში უკვე წარმოდგენილია, მათ შორის, ჩეხეთის პრეზიდენტი, რომელსაც დიდი უფლებამოსილება არ აქვს, პოლიტიკაზე დიდ გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით მასაც შეუძლია თავისი როლი შეასრულოს.

იმედი მაქვს, რომ უკრაინის შემდეგ გამოღვიძებული მსოფლიო და განსაკუთრებით ევროკავშირი შეძლებს, ქმედითად დაუპირისპირდეს მომავალი საარჩევნო ციკლის წინ რუსულ პროპაგანდას. თუ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კრიტიკული ღონისძიებები არ განახორციელა ევროკავშირმა ამ თვალსაზრისით, 2024 წლის არჩევნები შესაძლოა სწორედ ის მიჯნა იყოს, როცა ევროკავშირის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: