მთავარი,სიახლეები

ფინეთის 34 წლის პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი, რომელშიც უმრავლესობა ქალია

12.12.2019 • 5109
ფინეთის 34 წლის პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი, რომელშიც უმრავლესობა ქალია

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ფინეთის პარლამენტმა [ედესკუნტა] 99 ხმით ამ პოსტზე 34 წლის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, სანა მარინი დაამტკიცა.

ფინეთის მმართველ კოალიციურ მთავრობაში 5 პარტიაა გაერთიანებული და ხუთივეს ქალი ხელმძღვანელობს, ყველაზე უფროსი მათგან 55 წლისაა, დანარჩენი კი – 35 წელზე ნაკლების.

ცენტრისტულ პარტიას 32 წლის კატრი კულმუნი ხელმძღვანელობს, რომელიც ახლა უკვე ფინეთის ფინანსთა მინისტრია; მწვანეთა პარტიის ლიდერი 34 წლის მარია ოჰისალო შინაგან საქმეთა მინისტრია, მემარცხენეთა ალიანსის ლიდერი, 32 წლის ლი ანდერსონი რჩება განათლების მინისტრის პოსტზე, სახალხო პარტიის ლიდერი, 55 წლის ანა მარია ჰენრიქსონი, ასევე, ინარჩუნებს იუსტიციის მინისტრის სავარძელს. თავად პრემიერ-მინისტრი სანა მარინი სოციალ-დემოკრატიულ პარტიის ლიდერია.

ახალ მინისტრთა კაბინეტში 12 ქალი და 7 კაცია.

ფინეთის პრემიერ-მინისტრი

ფინეთის ახალი პრემიერ-მინისტრი სანა მარინი 22 თვის შვილის დედაა.

„ოთხ წელიწადში ფინეთი შეიძლება გახდეს უკეთესი, ამისთვის ვმუშაობთ ჩვენ. მინდა ავაშენო საზოგადოება, რომელშიც ყველა ბავშვს შეეძლება გახდეს ვინც მას სურს და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება იცხოვროს და დაბერდეს ადამიანურად,“ – დაწერა სანა მარინმა ფეისბუქზე 10 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრად არჩევის დღეს.

ფინეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლესბოსელი წყვილის ოჯახში გაიზარდა. 2015 წელს ფინურ მედიასთან მან განაცხადა, რომ ბავშვობაში სტიგმის მსხვერპლი იყო და თავს უჩინარად გრძნობდა, რადგან ღიად ვერ ჰყვებოდა მისი ოჯახის შესახებ. 15 წლის ასაკში ყიდდა ჟურნალებს ჯიბის ფულის გამოსამუშავებლად. იგი თავის ოჯახში პირველია, ვინც საშუალო სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩააბარა. 2015 წელს სანა მარინი ფინეთის პარლამენტის წევრად აირჩიეს, 2019 წლის ივნისში კი პრემიერ-მინისტრის კაბინეტში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრად დაამტკიცეს.

აქამდე ფინეთს უკვე ორჯერ ჰყავდა ქალი პრემიერ-მინისტრი.

__________

მთავარ ფოტოზე:  მარცხნიდან – ფინეთის განათლების მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი. ფოტო: helsinkitimes.fi

გადაბეჭდვის წესი


ასევე: