ბათუმი,მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭო 2020 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს – ოპოზიცია სხდომას არ ესწრება

12.12.2019
უმაღლესი საბჭო 2020 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს – ოპოზიცია სხდომას არ ესწრება

დღეს, 12 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე აჭარის 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. სხდომაზე დასწრებას არ აპირებს ოპოზიცია. ენმ-ს წევრებმა უმაღლეს საბჭოში ამის თაობაზე ოფიციალურად განაცხადეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უმაღლესი საბჭოს წევრის, გია დიასამიძის თქმით, ბოიკოტის მიზეზი უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრების მხრიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის განხილვაზე უარის თქმა იყო და არა ბიუჯეტი.

„საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა სულ რამდენიმე დღის უკან აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონპროექტი ჩავარდებოდა.

ამ განცხადებით მან დააკნინა უმაღლესი საბჭო და განაცხადა, რომ უმაღლესი საბჭო, როგორც ინსტიტუცია კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ თვითონ ერთი ადამიანი, რომელსაც ამის კომპეტენცია არ გააჩნია,“ – განაცხადა გია დიასამიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დღეს.

გია დიასამიძე ამბობს, რომ სხდომას არც სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან. „პეტრე ზამბახიძეც გვიერთდება ამ ბოიკოტში და როგორც ვიცი, გიორგი ცინცქილაძეც აპირებს განცხადების გაკეებას,“ – განაცხადა გია დიასამიძემ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, არიან თუ არა ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ დღეს 2020 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს უმაღლესი საბჭო და როგორია ოპოზიციის ხედვა ბიუჯეტის პროექტზე, გია დიასამიძე გვეუბნება, რომ ბიუჯეტი დღეს ვერ დამტკიცდება: „დღეს არის 2019 წლის შეჯამება და კიდევ რაღაც საკითხი, 2020 წლის ბიუჯეტი დღეს არ მტკიცდება. თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს და ამ საკითხს ნამდვილად არ დავტოვებთ. ჯერ კომიტეტებში უნდა შემოვიდეს განსახილველად მეორედ და მერე უნდა გავიდეს სხდომაზე.“

თუმცა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი დღის წესრიგში შეტანილია: „კი, დღეს მტკიცდება აჭარის 2020 წლის ბიუჯეტი“.

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 350 მილიონ 94 ათას 300 ლარითაა განსაზღვრული, საიდანაც 39 მილიონ 269 ათას 700 ლარი საჯარო მოხელეების ხელფასებისთვის დაიხარჯება.

ბიუჯეტის პროექტის საბოოლოო ვარიანტის მიხედვით:

[checklist]

  • საერთაშორისო ორგანიზაციებში საწევროების სახით აჭარის მთავრობა 2020 წელს 15 ათას ლარს გადაიხდის
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდი 3 მილიონი ლარი იქნება, რომელსაც განკარგავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე
  • აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 13 მილიონ 708 ათასი ლარით განისაზღვრა
  • აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სესხების მომსახურებისა და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნებისთვის ბიუჯეტში 3 მილიონ 606 ათას 500 ლარია გათვალისწინებული
  • უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისთვის კი – 310 ათას 900 ლარი
  • 2020 წელს აჭარის მუნიციპალიტეტები რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიიღებენ ფინანსურ დახმარებას, ჯამში, 63 მილიონ 600 ათას ლარს.

[/checklist]

ამ თემაზე:

„შეამცირეთ ბიუროკრატიის ხარჯები და დააფინანსეთ სიღარიბის დაძლევა“ – ენმ აჭარის მთავრობას

უმაღლესი საბჭოს შენიშვნები აჭარის მთავრობას – 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი

„ოცნების ქალაქში“ ბინების მშენებლობაზე ოპოზიციას კითხვები აქვს

უმაღლესი საბჭოს ხარჯები 2020 წლისთვის 170 ათასი ლარით გაიზრდება – პროექტი

 

მთავარი ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: