მთავარი,სიახლეები

მერია ბათუმის ცენტრში 12 ადგილს ოფშორულ კომპანიას 12 880 ლარად გამოუყოფს

10.12.2019 • 1122
მერია ბათუმის ცენტრში 12 ადგილს ოფშორულ კომპანიას 12 880 ლარად გამოუყოფს

ბათუმის მერია აპირებს 12 მცირე ზომის ტერიტორია გადასცეს კომპანიას ბათუმის ცენტრში, ტურისტულ ზონაში, პირდაპირი განკარგვის წესით და აუქციონის გარეშე. კომპანია ამ ადგილებში პატარა სავაჭრო ობიექტების – ჯიხურების განთავსებას გეგმავს, სადაც ტკბილეულს და წვენებს გაყიდიან.

განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც მერიამ უკვე მოამზადა შპს „Georgian industrial  Manajment group“-ს ორწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გაუფორმებენ, წლიური გადასახადით – წელიწადში 12 880 ლარი. მოთხოვნილი ტერიტორია, საერთო ჯამში, 224 კვადრატული მეტრია, თითოეული ჯიხურისთვის კომპანიას 16 კვ/მეტრს ითხოვს.

კომპანია რამდენიმე ადგილს ითხოვს ბათუმის ზღვისპირა პარკის, ასევე პლაჟის ტერიტორიაზე, ბულვარში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე და კაჩინსკების ქუჩაზე.

განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ ამ საკითხზე თანხმობისთვის მერიას წერილობით „ბათუმის ბულვარმა“ მიმართა. გარდა ამისა, კომპანიის მხარდაჭერა წერილობით სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც დაადასტურა იმ მიზეზით, რომ კომპანია  რეგიონში წარმოებული პროდუქტის რეალიზაციას გეგმავს ჯიხურებში.

შპს „Georgian industrial  Manajment group“ – საქართველოში 2011 წელს ოფშორში დაფუძნებულმა კომპანიამ დააფუძნა. კომპანიის დირექტორი რევაზ გოგიტიძე კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს ყოფილი თანამშრომელია. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროშიც დაგვიდასტურეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: