მთავარი,სიახლეები

გრიპის ვაქცინა არ არის, მაგრამ სახელმწიფო მაინც მოგიწოდებს აიცრა 

10.12.2019 • 5335
გრიპის ვაქცინა არ არის, მაგრამ სახელმწიფო მაინც მოგიწოდებს აიცრა 

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყნის სააფთიაქო ქსელებში ისევ დეფიციტია. მაგალითად, PSP-ეს სააფთიაქო ქსელის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ მოცემულ მომენტში ბათუმში არც ჰოლანდიური, სამშტამიანი ვაქცინა აქვთ და არც ფრანგული – ოთხშტამიანი.

ამავე ქსელის ცხელი ხაზის ოპერატორის ცნობით, 9 დეკემბრის მონაცემებით, შუადღისას გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი იყო თბილისში – კალოუბანში, ვარკეთილში, კოლმეურნეობაზე, დიღომში მდებარე პე ეს პეს ფილიალებში და ასევე მეტრო ნაძალადევთან. თუმცა ოპერატორმა დაგვიზუსტა, რომ ეს მონაცემები წუთებში იცვლება და, მაღალი მოთხოვნის გამო, ადგილზე მისულ მომხმარებელს შესაძლოა ვაქცინა აღარც დახვდეს.

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ცხელ ხაზზე ,,ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ვაქცინა არც თბილისში მოიპოვება და არც ბათუმში.

„ავერსის“ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ კლინიკაში შემოსული კომერციული მარაგი ამოწურულია.

„სახელმწიფო ეპიდემიოლოგთანაც გადავამოწმეთ ახლახანს და სახელწიფო პროგრამით რაც გვქონდა რისკჯგუფებისთვის, ეს მარაგიც ამოწურულია. გვქონდა ჰოლანდიური სამკომპონენტიანი და ფრანგული ოთხკომპონენტიანი ვაქცინა. ფრანგული ვაქცინა ძალიან მცირე რაოდენობით იყო მოწოდებული „სანოფი პასტერის“ – მომწოდებლის მიერ.

არ ვიცით, რატომ შემოიტანა „სანოფის“ ფირმამ შეზღუდული რაოდენობით ვაქცინა. დიდი მომართვიანობის გამო ჩვენთან მარაგი მალე ამოიწურა“, – გვითხრეს კლინიკა „ავერსის“ ცხელ ხაზზე.

თათა ჭანტურიამ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაკვეთად თადარიგი ნოემბრიდან დაიჭირა და თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელსა და კლინიკას მიმართა ვაქცინის შეკვეთის თხოვნით, თუმცა შეკვეთა არსად მიიღეს.

„ყველა კლინიკა მეუბნებოდა, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია როდის იქნებოდა ვაქცინა, ან იქნებოდა თუ არა საერთოდ. ოთხშტამიანი, ფრანგული ვაქცინა მინდოდა, რადგან ყოველწლიურად გრიპის ვირუსი მუტაციას განიცდის და პრევენციისთვის ის მინდოდა, რასაც მეტი შტამი აქვს. ოთხშტამიანი ფრანგული ვაქცინა აღარსად იყო ხელმისაწვდომი. სამშტამიანი ჰოლანდიურიც მალევე გათავდა აფთიაქებში. ვრეკავდი ჯანდაცვის სამინისტროში, დაავადებათა კონტროლის ცენტრში და ყველა მეუბნებოდა, რომ მხოლოდ რისკჯგუფებისთვის არის გრიპზე უფასო აცრა ხელმისაწვდომი, ფასიან ვაქცინაზე ინფორმაციას არავინ გაწვდის. როცა სახელმწიფო მეუბნება აიცერიო და რისკ-ჯგუფს არ ვეკუთვნი, საიდან ავიცრა?

მომხმარებელთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს არავის. ბოლოს ჯი პი სი-ში გადამიმოწმეს, რომ გორში იყო ერთო დოზა ფრანგული ვაქცინა. თბილისიდან წავედი და ავიცერი 45 ლარად.

ამასობაში გავარკვიე, რომ არის ვიღაც თბილისში, ვინც აკეთებს ამ ვაქცინას, კონტაქტზეც გავედი, მაგრამ არ იქნებოდა ქალაქში დიდი ხანი და შემეშინდა გრიპი მანამდე არ დამმართნოდა. ვფიქრობ, რაღაც იატაკქვეშა წყაროებიც არის გრიპის ვაქცინის. სახელმწიფო მოგიწოდებს, რომ გრიპზე აიცრა და არსად ეს ვაქცინა არ არის“, – ამბობს თათა ჭანტურია.

თათა სკოლის მასწავლებელია და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ მიიჩნევიან სკოლის მასწავლებლები რისკჯგუფებად მაშინ, როცა ზამთრობით მოსწავლეებს ხშირად ემართებათ გრიპი.

საქართველოსთვის გრიპის ფრანგული ვაქცინის მომწოდებელი ფრანგული კომპანია „სანოფი პასტერია“. საქართველოში სანოფი პასტერის წარმომადგენლობაში ,,ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ვაქცინით მომარაგების პრობლემა ნამდვილად იყო, თუმცა ზუსტად რა მიზეზით ვერ გვეუბნებიან.

„პირი, რომელიც გრიპის ფრანგული ვაქცინის საქართველოში შემოტანას უზრუნველყოფდა, საქართველოში არ იმყოფება და რამდენიმე დღეში დაბრუნდება. როდის იქნება ვაქცინა ხელმისაწვდომი და რატომ შეიქმნა დეფიციტი – ამ კითხვებით რამდენიმე დღეში დაგვიკავშირდით“, – გვითხრეს კომპანია  „სანოფის“ ქართულ წარმომადგენლობაში.

საქართველოში გრიპის ვაქცინის დაგვიანებით შემოტანასა და დეფიციტურობაზე „ბათუმელებმა“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს, ხათუნა ზახაშვილსაც ჰკითხა. მისი თქმით, გრიპის ვაქცინის მიწოდება ტექნიკური მიზეზით მთელ მსოფლიოში დაგვიანდა.

„წესით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველი წლის მარტში აცხადებს ვაქცინის შტამის შემადგენლობას, რომლის მიხედვითაც მწარმოებლები ვალდებულები არიან აწარმოონ გრიპის ვაქცინა. ვაქცინის ერთ-ერთი კომპონენტი და ჯამური შემადგენლობა წელს მარტში ვერ დასახელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს შემადგენლობა ერთი თვით გვიან დაასახელა. შესაბამისად, ერთი თვით გადავადდა ვაქცინის წარმოება. მის დამზადებას კი დრო სჭირდება“, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

მისივე თქმით, კომერციულმა სექტორმა შარშან 15 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა გაყიდა.

„ბოლო ორიათასი დოზა კი, მე როგორც ვიცი, „ჩაუწვა“ კომერციულ სექტორს, ვერ გაყიდა. წელსაც შიშით მოეკიდნენ, რომ ჭარბი რაოდენობა არ შემოეტანათ. მგონი ეს არის დეფიციტის მიზეზი. ცხადია, არავის სურს ისეთი საქონლის შემოტანა, რასაც ვერ გაყიდის. თუმცა ჩვენი მოსახლეობა უფრო გათვითცნობიერებული გახდა და გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა გაიზარდა. როცა მოთხოვნა აღემატება მიწოდებას, დეფიციტი იქმნება ყველაფერში საკვებით დაწყებული სამეურნეო საქონლით დამთავრებული და არც ვაქცინაა გამონაკლისი – მეტმა მოითხოვა, ვიდრე შეკვეთილი იყო.

რაც შეგვეხება ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სახელმწიფო ორგანოა და ვაკეთებთ მხოლოდ სახელმწიფოს გამიზნულ შესყიდვებს. ჩვენ არ ვიცით, როგორ ითვლიან სააფთიაქო ქსელები პოპულაციაში ვაქცინის საჭიროების მქონეთა რაოდენობას და როგორ უკვეთავენ მწარმოებელს“, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ წელს შემოიტანა 100 ათასი ერთეული ვაქცინა რისკჯგუფებისთვის. აქედან 15 ათასზე მეტი ვაქცინაა შემოსული აჭარაში. რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, რეგიონში 70% უკვე აითვისეს და აქტიურად ტარდება ვაქცინაცია.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გასულ წელს აჭარაში,  რისკჯგუფის კატეგორიაში აიცრა 4063 პირი. შესაბამისად, მოთხოვნა წელს ოთხჯერ მეტად არის გაზრდილი.

რუსუდან შავიშვილი აქვე დასძენს, რომ არიან ადამიანები რისკჯგუფებშიც, რომლებიც ვაქცინის გაკეთებაზე უარს აცხადებენ.

ამავე თემაზე:

რატომ არ იყიდება სეზონური გრიპის ვაქცინა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: