მთავარი,სიახლეები

რას ჰყვება ბაბუა, რომელიც ტრანსგენდერ შვილიშვილს უვლიდა

20.07.2018 • 22081
რას ჰყვება ბაბუა, რომელიც ტრანსგენდერ შვილიშვილს უვლიდა

ტრანსგენდერ ქალს, 24 წლის ლიკას, რომელიც საზოგადოებას მხარდაჭერას მედიის საშუალებით სთხოვდა, სიკვდილის წინ ბაბუა უვლიდა. ლიკამ, რომელიც მძიმედ იყო ავად, სწორედ ბაბუასთან დაკავშირება და დახმარების თხოვნა არჩია. ლიკა ბაბუას პირველი შვილიშვილი იყო.

ლიკას ბაბუა, ავთო, 68 წლისაა. მან არ იცის, სად და როდის დაკრძალავენ ლიკას. ლიკას მშობლები გაშორებული არიან და ლიკას დაკრძალვის საკითხს ახლა ლიკას დედა და ბებია აგვარებენ.

„თავიდან ჩვენთან იზრდებოდა, ბათუმში. მისი დაბადებაც მახსოვს. მერე წავიდა, დაიკარგა და ხუთი წელი არ გამოჩნდა საერთოდ. 20 წლის იყო მაშინ. დედამისი და მამამისი რომ გაშორდნენ, მერე წავიდა. განიცდიდა მშობლების დაშორებას, მაგრამ არ გამოხატავდა, თავის გულში ინახავდა ყველაფერს, ასეთი იყოო“, – ამბობს.

შვილიშვილი რომ ტრანსგენდერი იყო, ამის შესახებ ორი-სამი წლის წინ გაიგო. არაფერი შეცვლილა ამითო – ამბობს, არც მითქვამს არაფერი და არც მიკითხავსო.

დათუნია, რომელიც ლიკას პალატაში ბაბუამ მიუტანა

თბილისში წასვლიდან ორი წლის მერე ლიკა გამოჩნდა, ბაბუასთან მივიდა მოსანახულებლად და დახმარებას დაჰპირდა: „ინსულტი მქონდა გადატანილი, წამლები ჩამომიტანა თბილისიდან, ძვირიანი წამლები იყო, პენსიონერი ვარ, არ მქონდა ყიდვის საშუალება. დიდხანს მეყო ის წამლები. კიდევ ჩამოგიტან წამლებსო, მითხრა. ვიცოდი, რომ თბილისში მუშაობდა, იქ უნდოდა ყოფნა, აქ ვერ ვნახავ ვერაფერსო“.

დაახლოებით ორი თვის წინ ავთოს შეატყობინეს, რომ ლიკას მისი დახმარება სჭირდებოდა.

„დედისთვის არც დამირეკავს, არ მინდა ამ მდგომარეობაში მნახოს. მამას არ უნდა ჩემი ნახვა, არ აინტერესებს, ბაბუას დავურეკე, როცა ძალიან გამიჭირდაო“, – ამბობდა ლიკა „ბათუმელებთან“, გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე.

ლიკა ბაბუამ თბილისიდან ბათუმში ჩამოიყვანა სამკურნალოდ. „საწოლში რომ იწვა, მარტო თვალები იყო დარჩენილი, ისე იყო გამხდარიო“, – ცრემლებს ვერ იკავებს ავთო. „ – ვიცოდი, რომ ძალიან მძიმედ იყო, ექიმებმა მითხრეს, ვერ გადარჩებაო. მან არ იცოდა ასე მძიმედ თუ იყო.“

ბაბუამ ლიკას მამასაც დაურეკა: „მამამისი სოფელში ცხოვრობს. რომ დავურეკე, ასე მითხრა, როგორ გაბედე ჩემთან დარეკვა ამ ამბავზეო. არ ვიცი რატომ არ უნდოდა, შეიძლება მაგიტომ [ტრანსგენდერი ქალი რომ იყო], ჩაიყვანა ერთხელ სოფელში, ოთახს გაგიკეთებ და იცხოვრეო, მაგრამ ამას [ლიკას] თბილისში უნდოდა წასვლა.

ბათუმში, პალატაში კიდევ უფრო გახდა, ვუვლიდი, ვაჭმევდი, რასაც მეუბნებოდა, ვაკეთებდი. მარი [მარი ქაჯაია, „იდენტობის“ ბათუმის სათემო ცენტრის მენეჯერი] დადიოდა ძალიან ხშირადო“, – ამბობს ავთო.

ლიკას ბაბუა ახლა პენსიას ვერ იღებს. „თანხა დასჭირდა ავად რომ იყო, 100 ლარი გამოიტანა სწრაფი კრედიტიდან და ახლა 1100 ლარია გადასახდელიო“ – ამბობს ავთო. პენსია მისი ძირითადი შემოსავალია.

გარდაცვალების წინა დღეებში ლიკას უკვე დედა და ბებიაც უვლიდნენ.

ლიკა ჰყვებოდა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე 6 წლის ასაკში იძალადეს მეზობლად მცხოვრებმა ბიჭებმა. ამ დანაშაულისთვის, ლიკას თქმით, არავინ დასჯილა, რადგან დააშინეს და ძალადობის შესახებ მაშინ არაფერი უთქვამს.

24 წლის ტრანსგენდერი ქალი გუშინ, 19 ივლისს გარდაიცვალა ბათუმის შიდსისა და ტუბერკულოზის ცენტრში. მისი ცხედარი ბათუმის სამხარაულის ბიუროშია ექსპერტიზაზე. ოჯახის წევრის განცხადებით, ლიკას პირდაპირ ექსპერტიზის ბიუროდან გადაასვენებენ სასაფლაოზე, სახლში მისვენების და სამძიმრის გარეშე.

ტრანსგენდერი ქალის შესახებ „ბათუმელებმა“ სტატია ორი კვირის წინ მოამზადა.

მთავარი ფოტო: ლიკას ბაბუა. კადრი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოდან 

_________________

თუ გსურთ დაეხმაროთ ლიკას ბაბუას და ასე გამოხატოთ თანადგომა, თანხის გადარიცხვა შემდეგ ანგარიშზე შეგიძლიათ: 

ანგარიშის ნომერი: GE22TB7028445061100037

თანხის მიმღები: მარიამ ქაჯაია, „იდენტობის“ ბათუმის სათემო ცენტრის მენეჯერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: