მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია მუნიციპალურ ინსპექციას აფუძნებს – გაიზრდება საშტატო ნუსხა და ხარჯები

23.10.2019 • 4203
ბათუმის მერია მუნიციპალურ ინსპექციას აფუძნებს – გაიზრდება საშტატო ნუსხა და ხარჯები

ბათუმის მერია ყველა საზედამხედველო ფუნქციის ერთ მუნიციპალურ ორგანიზაციაში გაერთიანებას გეგმავს, ეს ორგანიზაცია კი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ახალი აიპი -„ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ იქნება.

აიპის შესაქმნელად მერია თანხმობას საკრებულოსგან ითხოვს და განმარტავს, რომ საზედამხედველო ფუნქციების ერთ ორგანიზაციაში გაერთიანება ეფექტური მუშაობისთვის სჭირდება.

პროექტის განმარტებითი ბარათით ირკვევა, რომ  ახალი აიპის შექმნასთან ერთად საზედამხედველო მიმართულებით საშტატო ნუსხა გაიზრდება. გარდა ამისა, ორგანიზაციის შესაბამისი ტექნიკის აღჭურვასთან დაკავშირებით, რაზეც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, მერიას 2020 წლის ბიუჯეტში სოლიდური თანხის გათვალისწინება დასჭირდება.

ამ დრომდე მერიის საზედამხედველო სამსახურების მიმართ უკმაყოფილებას ბათუმში ხშირად გამოთქვამენ, სამსახურებში კი მუდმივად ამტკიცებენ, რომ კარგად მუშაობენ და პრობლემა მხოლოდ აღსრულებაა.

სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის მიმართულებით თუ განვიხილავთ, როგორც თავად ამ სამსახურის სპეციალისტები განმარტავენ, სამჯერ დაჯარიმების შემდეგ საქმე აღსრულებაში იგზავნება, აღმასრულებელი კი თავის საქმეს ვერ ართმევს თავს. შედეგად, დაწყებული უნებართვო მშენებლობა სრულდება, მოგვიანებით კი შეიძლება ის მერიამ შეითანხმოს და დააკანონოს კიდეც, ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილების მიზეზი კანონია: „ კანონი ითვალისწინებს“.

რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ახალი აიპის შექმნას, საშტატო ნუსხის გაზრდას და დამატებითი ხარჯების გაღებას,  თუ აღსრულების პრობლემა ისევ დღის წესრიგში დარჩება?  – ამ კითხვაზე პასუხი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში არ არის.  ჯერ უცნობია, შეცვლის თუ არა ამ მიმართულებით რაიმეს ახალი სამშენებლო კოდექსი, რომელიც სრულად 2019 წლის დეკემბერში უნდა ამოქმედდეს.

მერიაში მიიჩნევენ, რომ  სხვადასხვა სამსახურში გადანაწილებული საზედამხედველო ფუნქციების გაერთიანებითა და „ერთიანი მძლავრი სამსახურის“ შექმნით ეფექტური შედეგის მიღწევას შეძლებენ.

განკარგულების პროექტის მიხედვით, ახალ აიპში ჯამში  160-180 სპეციალისტი მოიყრის თავს. მერიაში ასევე მიიჩნევენ, რომ  მერიას სჭირდება ადამიანური რესურსით გაძლიერება როგორც სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით, ასევე სწრაფი რეაგირების, გამოტანილი დადგენილებების აღსრულებისა და მონიტორინგის კუთხით.

ახალი აიპის შექმნის პროექტი ითვალისწინებს ასევე რეორგანიზაციას მერიის რამდენიმე სამსახურში, საიდანაც სპეციალისტები მერიის ახალ აიპიში გადავლენ სამუშაოდ.  ცვლილებები შეეხება არქიტექტურის, ქონების მართვის, ჯანდაცვის, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს, ბათუმის ავტოტრანსპორტის , ბათუმის სანდასუფთავების, გამწვანების სამსახურებს, გაუქმდება ზედამხევე­ლობისა და კონტ­როლის მიმართულებით არსებული  საშტატო ერთეულები და ახალ ორგანიზაციაში გადავა.

განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ ეფექტური სამსახურის შექმნისათვის აუცილებელი იქნება თანამშრომელთა მატერიალურ-ტექნიკური კუთხით აღჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით, ხელსაწყოებითა და სხვა სახის საშუალებებით [მაგ. პლანშეტები, პროგრამური უზრუნველყოფა, სამხრე ვიდეოკამერები, სპეციალური აპარა­ტურა, რომლითაც აზომავენ სხვადასხვა შენობა-ნაგებობას, შეამოწმებენ ხარისხს და ა.შ.].

გარდა ამისა, მერიაში მიიჩნევენ, რომ   აუცილებელია თანამშრომელთა ჩაცმულობის ბრენდირება – სპეციალური ფორმებითა  და ბრენდირებული  ავტომანქანებით, რომელიც იქნება აღჭურვილი შესაბამისი ხმოვანი და ნათების მქონე აპარატებით. მერიის განმარტებით ეს ყველაფერი უნდა იყოს „მსგავსად თბილისის ზედამხედველობის სამსახურისა.“

მერიის განმარტებით, ორგანიზაციის დაფინანსებისთვის თანხას 2020 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ, თუმცა ჯერ უცნობია, დაახლოებით რა ოდენობის თანხას მოიაზრებს მერია: „დაფინანსების ოდენობა, ხარჯები დაზუსტდება ბიუჯეტის შედგენის დროს.“

განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მერიამ უკვე მოძებნა შენობა ახალი აიპის ოფისისთვის, თუმცა მისამართი მითითებული არ არის. ასევე, უცნობია, შეარჩია თუ არა უკვე ბათუმის მერიამ აიპისთვის ხელმძღვანელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: