მთავარი,სიახლეები

პრეპარატი, რომლის სუნის გამოც პარლამენტის სხდომა შეწყდა, ცხოველებისთვის გამოიყენება

12.12.2019 • 2266
პრეპარატი, რომლის სუნის გამოც პარლამენტის სხდომა შეწყდა, ცხოველებისთვის გამოიყენება

დღეს, 12 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში დაღვარეს სითხე, რომელმაც ისეთი ცუდი სუნი დააყენა, რომ სხდომა შეწყდა და რამდენიმე დუპუტატი შეუძლოდ გახდა. პარლამენტში სასწრაფო დახმარების ჯგუფიც გამოიძახეს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „სავარაუდოდ, ესაა ქიმიური შეტევა პარლამენტზე“.

მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ აცხადებს, რომ სითხე, რომელმაც პარლამენტში მძაფრი სუნი დააყენა, პრეპარატი -АСД-2Ф -ია.

აღნიშნული პრეპარატი რუსული და უკრაინული წარმოებისაა და სოფლის მეურნეობაში გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვისა და ფრინველების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, როგორ შინაგანი, ისე გარეგანი გამოყენებისთვის.

ანოტაციის თანახმად, პრეპარატის ჩვენებაა: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი და საშარდე გზების სისტემის დაავადებები, სხვადასხვა ეტიოლოგიის ნივთიერებათა ცვლის მოშლა; ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის მუშაობის სტიმულირება; ინფექციური დაავადებების გადატანის შემდეგ იმუნიტეტის ამაღლება ცხოველებში; გოჭებისა და წიწილების ზრდის სტიმულირება და ქათმებში კვერცხის წარმოების გაზრდა.

ანოტაციაში აღნიშნულია, რომ პრეპარატს არ გააჩნია უკუჩვენება, თუმცა მისი მოხმარებისას საჭიროა უსაფრთხოების ისეთი ზომების დაცვა, როგორც სხვა პრეპარატების გამოყენებისას: ესაა კანზე ან თვალში მოხვედრის შემთხვევაში წყლის დიდი რაოდენობით ჩამობანა და ა.შ.

„ამ პრეპარატს აქვს საკმაოდ მძაფრი სუნი. ოთახში რომ დაღვარო და არ გაუშვა ადამიანები გარეთ, შესაძლოა თავი ასტკივდეთ. მის ტოქსიურობას არ ჩავძიებივარ, მაგრამ ვიცი, რომ იმ ხალხში, რომელიც პრეპარატს უსმევდა ან ალევინებდა ცხოველს, გამოუწვევია თავის ტკივილი“, – ამბობს მარიამ ჩხიკვიშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტის კლინიკის მთავარი ვეტერინარი. მისი თქმით, იგი ამ პრეპარატს არ იყენებს და ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მძაფრი სუნია.

აღნიშნულ პრეპარატს ადამიანებიც იყენებენ, რუსულ ფორუმებსა და „იუთუბზე“ არაერთ მასალას ნახავთ, სადაც ამ პრეპარატის გამოყენებაზე წერენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის მქონე ნივთიერების გაშვების შემდეგ შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: