მთავარი,სიახლეები

ბათუმის საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ვირუსული მენინგიტის ნიშნებით თბილისში გადაიყვანეს 

12.12.2019 • 1939
ბათუმის საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ვირუსული მენინგიტის ნიშნებით თბილისში გადაიყვანეს 

ბათუმის #14 საბავშვო ბაღში სავარაუდოდ ვირუსული მენინგოენცეფალიტის შემთხვევა დაფიქსირდა, 3 წლის ბავშვი მშობლებმა თბილისში გადაიყვანეს.

საბავშვო ბაღში უკვე იმყოფებოდნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები. ცენტრის უფროსის მოადგილე, ნონა ეფაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, 3 წლის ბავშვის მდგომარეობა დღეს გაუმჯობესდა.

„სავარაუდოდ დასმულია ვირუსული მენინგოენცეფალიტის დიაგნოზი, ანუ საუბარია ვირუსულ მენინგიტზე. დიაგნოზის დაზუსტება მიდის, რა დიაგნოზიც ბათუმში დაისვა, იმავეს ადასტურებს თბილისში ინფექციური კლინიკა. ახლა მიმდინარეობს დამატებითი კვლევები, რაც უკვე საბოლოო დიაგნოზამდე მიგვიყვანს. კარგია ის, რომ დინამიკა დადებითია, ბავშვი ამ დილით უკეთესად გრძნობს თავს, ძირითადი სიმპტომები მოხსნილია და მიმდინარეობა და გამოსავალი კეთილსაიმედოა. ბავშვი რეანიმაციულ მეთვალყურეობას არ საჭიროებს – ეს არის თბილისიდან მიღებული ინფორმაცია,“ – ამბობს ნონა ეფაძე.

ამ დროისათვის საბავშვო ბაღი მუშაობას აგრძელებს, თუმცა ბევრმა მშობელმა დღეს თავი შეიკავა ბაღში ბავშვის მიყვანისაგან. ნონა ეფაძე ამბობს, რომ რეკომენდაციები საჯარო ბაღმა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისგან უკვე მიიღო:

„რაც შეეხება ღონისძიებას ბაღში და ოჯახში – ჩვეულებრივად, როგორც ყოველდღიური რეჟიმი მოითხოვს ორგანიზებული დაწესებულებისათვის, ეს არის განიავება, სველი წესით დალაგება და დეზინფექცია, ზედაპირების დამუშავება. ბაღის ადმინისტრაციამ დღეს დილიდანვე დამატებით გააკეთა დამატებითი დეზინფექცია.

დამატებითი რეკომენდაციაა, ვინც იყო ბავშვთან კონტაქტში, უფროსები და ბავშვები, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ყურადღებით უნდა იყვნენ და რაიმე სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში მიმართონ ექიმს. ძირითადი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ღებინება და თავის ტკივილი. 

ეს არის ღონისძიებები, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში გატარდეს. ბაღი აგრძელებს მუშაობას, უბრალოდ, ბევრმა მშობელმა, რომელთაც გაიგეს ეს ინფორმაცია, არ მოიყვანა დღეს ბავშვი ბაღში, რაც გასაგებია, ეს მშობლების შიშის ფაქტორია. ყველასთან არის კავშირი, ბაღის ადმინისტრაცია რეკომენდაციებს აცნობს სხვა ჯგუფის წევრებსაც და გაგრძელდება მეთვალყურეობა,“ – ამბობს ნონა ეფაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: