მთავარი,სიახლეები

თუკი ბიუჯეტის ფულს ხარჯავ, ინფორმაციაც უნდა გასცე – უზენაესის ახალი გადაწყვეტილება

12.12.2019 • 2039
თუკი ბიუჯეტის ფულს ხარჯავ, ინფორმაციაც უნდა გასცე – უზენაესის ახალი გადაწყვეტილება

„კერძო სამართლის იურიდიულმა პირი საჯარო დაწესებულებად შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო, ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახრებიდან დაფინანსების ფარგლებში იქნეს მიჩნეული,“ – ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი „ბათუმის წყლის“ წინააღმდეგ უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბოლო ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა, უნდა ჩაითვალოს თუ არა საჯარო უწყებად და, შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება აქვს თუ არა ორგანიზაციას, რომელიც კერძო სამართლის იურიდიული პირია, მაგრამ მერიამ დააფუძნა და იქ 100 პროცენტ წილსაც მერია ფლობს.

საია-მ „ბათუმის წყლისგან“ საჯარო ინფორმაცია 2017 წელს გამოითხოვა. ორგანიზაცია ითხოვდა მონაცემებს თანამშრომლების რაოდენობის, ასევე სხვა ხარჯების შესახებ. მერიის მიერ დაფუძნებულმა „ბათუმის წყალმა“ საჯარო ინფორმაციაზე გაცემა უარი თქვა იმ მოტივით, რომ ის საჯარო უწყება არ არის.

„ბათუმის  წყლის“ წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვეს ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა. უზენაესმა სასამართლომ კი მიიჩნია, რომ მხოლოდ ის ინფორმაცია უნდა გასცეს „ბათუმის წყალმა“, რომელიც უკავშირდება ბათუმის მერიისგან დაფინანსების მიღებას.

„სასამართლოს განმარტებით, მაგალითად, თანამშრომლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ მხოლოდ მერიისგან მიღებულ დაფინანსებულ ნაწილში, ანუ კონკრეტული პროექტის ფარგლებში რამდენი ადამიანი დაასაქმეს. ჩვენ ვითხოვდით ინფორმაციას მილიონ 638 ათასი ლარის ხარჯვაზეც, რომელიც მერიამ მისცა „ბათუმის წყალს“ სანიაღვრე არხების მოსაწყობად…“ – ამბობს მირზა მამულაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, „ბათუმის წყალს“ ისევ არ ექნება ვალდებულება გასცეს საჯარო ინფორმაცია, რამდენია მისი შემოსავალი, ან ხარჯები წლის განმავლობაში. საია ასაბუთებდა, რომ „ბათუმის წყალი“ ერთგვარი შუამავალია, როცა ჩვენ გადასახადებს ვუხდით ამ ორგანიზაციას, ხოლო „ბათუმის წყალი“ საბოლოოდ ამ ფულს ბათუმის მერიას აბარებს. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ თუკი კონკრეტულად საბიუჯეტო თანხას საბიუჯეტო ორგანიზაცია არ ხარჯავს, ამ შემთხვევაში მასზე კანონი „მეწარმეთა შესახებ“ ვრცელდება.

„აღნიშნული დაფინანსების ფარგლებს მიღმა კერძო დაწესებულება ინარჩუნებს საკუთარ სტატუსს და მასზე არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებებისთვის საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული დანაწესები,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

„უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დადებითია წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილებებთან შედარებით, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის თავისუფლების ფარგლების გაფართოვებას იმ კუთხით, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ხელი მიუწვდებოდეს საჯარო ინფორმაციაზე. ვფქრობ, უზენაესი სასამართლო უნდა გასცდენოდა კანონის ფორმალურ ჩანაწერს და უნდა ეთქვა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების არსებობას,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: