მთავარი,სიახლეები

შეიქმნა კომისია, რომელიც აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს

11.12.2019
შეიქმნა კომისია, რომელიც აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს

აჭარის უმაღლეს საბჭოში შეიქმნა კომისია, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს კანდიდატები უნდა შეარჩიოს და წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს.

შესარჩევ კომისიაში არიან: გიორგი მგელაძე [ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი], ნათია კუპრაშვილი [ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი], თამარ მამეიშვილი [EECMD-ეს რეგიონალური კოორდინატორი], მანანა შარაშიძე [ხელოვნების, კულტურის, სპორტისა და მასმედიის პროფესიული კავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე], ლევან გობაძე [ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარე].  

კომისიამ უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს მინიმუმ 3 კანდიდატი, რომელთაგან ერთს აჭარის უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრად.

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის სურვილი 9 პირმა გამოთქვა. ესენი არიან: ბეჟან გობაძე, არჩილ ხახუტაიშვილი, ლაშა ზარგინავა, თეიმურაზ დიასამიძე, ციალა ქათამიძე, ჯემალ მეგრელიძე, ნათია აფხაზავა, ირმა ზოიძე და გია ქარცივაძე.

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში ახლა 4 წევრია. მეხუთე წევრის საბჭოში შეყვანა საკუთარი კვოტით შეეძლო ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ოპოზიციამ უარი თქვა კანდიდატის პოლიტიკური ნიშნით შერჩევაზე და განაცხადა, რომ კვოტას დაუთმობს ადამიანს, რომელიც აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში შევა მაუწყებლის სარედაქციო უფლებების დასაცავად.

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა ახალმა საბჭომ უკვე აირჩია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე. მისი არჩევის შემდეგ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა აქცია გამართეს და მოუწოდეს ახალ დირექტორს, შეწყვიტოს თანამშრომლების შანტაჟი და თვალთვალი. 

ამავე თემაზე: 

წარწერები ფურცლებზე – ჟურნალისტების გზავნილები აჭარის მაუწყებლის დირექტორს [ფოტო]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: